E ISSN 2587-5396

ივან ილინი – კრემლის პოლიტიკის სულისჩამდგმელი?

13/12/2022 By yatage

ივან ილინი – კრემლის პოლიტიკის სულისჩამდგმელი?

შესავალი

2022 წლის შემოდგომაზე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი, ე. წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები)  ჩატარებული ფსევდო-რეფერენდუმების შედეგად, კრემლმა ამ მიწების ანექსია მოახდინა. საზეიმო ცერემონია კრემლში გაიმართა, სადაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გრძელი სიტყვით გამოვიდა. ალბათ ყველაზე ყურადღებამისაქცევი ფაქტი მისი გამოსვლიდან ის იყო, რომ მან ცნობილი რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი ახსენა[1], რომლის ბიოგრაფია და შეხედულებები საკმაოდ არაერთგვაროვანი და სადავოა. თუმცა, დღეს, უკვე სრულიად ნათელია, რომ ამ პიროვნებამ საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსეთის პრეზიდენტზე, ისე სხვა თანამედროვე პოლიტიკოსებზე, საზოგადო და სასულიერო მოღვაწეებზე.

ანალიტიკური სტატია მიზნად ისახავს შეისწავლოს და გააანალიზოს ივან ილინის პოლიტიკური შეხედულებები, მისი კავშირი რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასა და მის საგარეო პოლიტიკასთან. მიზნებიდან გამომდინარე, საკვლევი კითხვები შემდეგია: რატომ არის ილინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე რუსეთში? რა გავლენა აქვს მის შეხედულებებს ქვეყნის ხელისუფლებაზე და რაში გამოიხატება ეს? რატომ უქმნის ეს საფრთხეს მეზობელ ქვეყნებს და მთელ ევროპას?

აღნიშნული ანალიტიკური სტატია ეფუძნება თვისობრივი კვლევის მეთოდს. კერძოდ, შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ივან ილინის წიგნები, ესეები და სხვა ნაშრომები, რომელშიც აისახება ფილოსოფოსის მსოფლმხედველობა, სხვა ავტორების ნაშრომები, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიდნენ (ტიმოთი სნაიდერი, მარლენ ლარუელი, ანტონ ბარბაშინი), ანალიტიკური სტატიები და ინტერნეტ წყაროები.

 

მოკლე ბიოგრაფია

ივან ილინი (1883-1954) – რუსი რელიგიური ფილოსოფოსი, ეროვნული მოაზროვნე და პუბლიცისტი. დაიბადა თავადაზნაურების ოჯახში. იმპერატორი ალექსანდრე მეორე მამამისის ნათლია იყო. ილინმა  მოსკოვის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა, 1901 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.  დაინტერესებული იყო ანარქიზმით, დაწერა დისერტაცია ჰეგელზე. 1918 წელს ილინმა პროფესორის ხარისხი მოიპოვა. ნეგატიურად აღიქვა თებერვლის რევოლუცია, ოქტომბრის რევოლუციას კი კატასტროფა უწოდა. 1922-1938 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბერლინში, მუშაობდა რუსულ სამეცნიერო ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ილინი აგრძელებდა თეთრი მოძრაობის მხარდაჭერას. ისევე, როგორც სხვა „თეთრი რუსი“ მხარს უჭერდა „ევრაზიულ“ იდეებს. 1938 წელს ნაცისტებმა მის ნაშრომებზე ცენზურა დააწესეს, ფილოსოფოსი იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასულიყო. იქ მან გააგრძელა პუბლიცისტური საქმიანობა, კითხულობდა ლექციებს. ივან ილინი 1954 წელს ციურიხში გარდაიცვალა[2].

2005 წელს ფილოსოფოსი ილინი და თეთრი მოძრაობის ლიდერი დენიკინი სამშობლოში დააბრუნეს. ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის კორტეჟით ამ ორი ისტორიული ფიგურის ჩამოსვენება მოხდა დონის მონასტერში.

ვლადიმერ პუტინი დენიკინისა და ილინის საფლავებთან. 2009 წელი. (წყარო: Сергей Прокофьев. Путин и противоречивый философ Ильин. 2020. URL: https://dzen.ru/media/id/5d6000a4ba281e00ad6e6c3b/putin-i-protivorechivyi-filosof-ilin-5e2f608cc31e4900b03bf0a9 [ნანახია: 12.12.2022]

გავლენა

ივან ილინი არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის მანამ, სანამ ცნობილმა რუსმა რეჟისორმა და კონსერვატორმა აქტივისტმა ნიკიტა მიხალკოვმა არ გამოაჩინა იგი ისტორიის სიღრმეებიდან 2000-იანი წლების დასაწყისში. ფილოსოფოსის ნაშრომები კვლავ გახდა პოპულარული, საგამოცდო პროგრამებშიც კი შევიდა[4].

ივან ილინი ვლადიმერ პუტინის უსაყვარლეს ფილოსოფოსად მიიჩნევა. ამაზე არაერთი გავლენიანი გამოცემა წერდა, ამის შესახებ საუბრობენ ტიმოთი სნაიდერი, მიხაილ ზიგარი და სხვები3. ქართველი ავტორებისგან აღსანიშნავია მკვლევარი გიორგი ბადრიძე, რომელიც ილინს რუსეთის იმპერიულ და ექსპანსიურ იდეოლოგად მიიჩნევს[5]. რუსეთის პრეზიდენტი თავად აღიარებს, რომ დღესაც ხშირად კითხულობს ფილოსოფოსის ნაშრომებს და ურჩევს მას სხვებსაც4. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მან ილინის ციტირება მოახდინა 30 სექტემბრის გამოსვლაზეც.

პუტინი არ არის ერთადერთი პიროვნება რუსეთის ხელისუფლებაში, რომელზეც ივან ილინის აზრებმა დიდი გავლენა მოახდინეს. საყურადღებოა, რომ კრემლის ორი „რუხი კარდინალი“ ვლადისლავ სურკოვი და ვიაჩესლავ ვოლოდინი, ასევე კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი იზიარებენ ფილოსოფოსის შეხედულებებს. რუსეთის უმაღლესი ჩინოვნიკები, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ექს-პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, პარლამენტის ყოფილი გენერალური პროკურორი ვლადიმერ უსტინოვი, არაერთხელ ახსენებდნენ და ციტირებდნენ ივან ილინს. იმავეს აკეთებდა პატრიარქი კირილე მეორე[6] 4. ივან ილინმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთ თავისუფლებისმოყვარე და დემოკრატ მოაზროვნეზე, როგორიც ალექსანდრ სოლჟენიცინი იყო[7].

სამეცნიერო წრეებში დღემდე გრძელდება დავა იმაზე, თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია ივან ილინის პუბლიკაციებმა პუტინსა და რუსეთის მმართველ ელიტაზე. ტიმოთი სნაიდერის, ანტონ ბარბაშინისა და ჰანა თობურნის პოზიცია საკმაოდ პირდაპირი და ხისტია. სნაიდერი თვლის, რომ ილინი პუტინის აგრესიული იმპერიალისტური პოლიტიკის სულისჩამდგმელია. ტიმოთი სნაიდერი აფასებს ილინს, როგორ „რუსული ფაშიზმის წინასწარმეტყველს“, მან პუტინისტურ „ფაშიზმისკენ შემობრუნებას“ ლეგიტიმაცია მისცა[8]. მიხაილ ზიგარი წიგნში „კრემლის ლაშქარი“ წერდა, რომ ილინის ზემოქმედებით რუსეთის პრეზიდენტმა ძირითადი „ტრადიციული ღირებულებების“ ფორმულირება მოახდინა[9]. მარლენ ლარუელი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ფილოსოფოსი რუსეთის პრეზიდენტის იდეოლოგიური გურუა. მისი თქმით, პუტინი არც თუ ისე ხშირად ციტირებდა ფილოსოფოსს. „შეცდომა იქნებოდა პუტინის იდეოლოგიური მითითებების პლურალიზმის იგნორირება და მას „ფაშისტური მოაზროვნით“ აღტაცება მივაწეროთ – ეს არ დაგვეხმარება არც კრემლის აზროვნების და არც „პუტინის მსოფლმხედველობის“ გაგებაში“, – წერს ლარუელი6.

ის, ვინც დღეს „რუსული სამყაროს“ პრაქტიკაში რეალიზაციას ახორციელებს, მეტად თუ ნაკლებად ივან ილინის აზრების გავლენას განიცდის. ამიტომაც საჭიროა ამ ფილოსოფოსის შეხედულებების შესწავლა და გაანალიზება. შეხედულებების, რომლებმაც ასევე განსაზღვრეს კრემლის იმპერიალი საგარეო პოლიტიკა, რომლის კულმინაციას ჩვენ უკრაინაში ვხედავთ.

 

ივან ილინის ფილოსოფიური მოძღვრება, პოლიტიკური შეხედულებები და დღევანდელობა

ინდივიდუალიზმი, დემოკრატია და ანტიდასავლურობა

ივან ილინი აკრიტიკებდა ინდივიდუალიზმსა და ლიბერალიზმს, დასავლური მოდელის დემოკრატიას. ზოგი მკვლევარი ხაზს უსვამს მის სიმპათიას ავტოკრატიასა3 და ტოტალიტარიზმის  მიმართაც  კი8.

თავის ნაშრომებში ივან ილინი ხაზს უსვამდა დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებს, მიიჩნევდაა, რომ ევროპელებს რუსეთის გახლეჩა სურთ. ნაშრომში „რას ჰპირდება მსოფლიოს რუსეთის დანაწილება“ შემდეგი რამ წერია: „ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთის ხალხები ვერ იგებენ და ვერ იტანენ რუსულ თავისებურებას. ისინი აღიქვამენ რუსულ სახელმწიფოს, როგორც კაშხალს მათი სავაჭრო, ენობრივი და დაპყრობითი გავრცელებისთვის…“; „ევროპელი პოლიტიკოსები ერთდროულად ალაპარაკდნენ საერთოევროპულ გაერთიანებასა და საერთორუსულ დანაწევრებაზე!“[10] თავად ევროპაში მცხოვრები ილინი გამუდმებით მიანიშნებდა დასავლეთის ბოროტ განზრახვებზე. მაგალითად მას მოჰყავდა 1918 წლის ვერსალის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილებები. მან აგრეთვე ნეგატიურად აღიქვა რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაჩენა და არასერიოზულად აღიქვამდა მათ. უპირველეს ყოვლისა, ეს უკრაინას ეხებოდა.

ესეში ილინმა იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა და დაწერა 12-პუნქტიანი ინსტრუქცია იმისა, თუ როგორ უნდა გადარჩეს რუსეთი, ისევ აღნიშნავს ქვეყნის დაშლაში  დასავლეთის აქტიურ ჩარევას: „გერმანია შეიჭრება უკრაინასა და ბალტიისპირეთში, ინგლისი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, იაპონია შორეული აღმოსავლეთის მიწებზე“10.  როგორც ბარბაშინი და თობურნი აღნიშნავენ, ეს პუნქტები შეიცავენ ყველა პროპაგანდისტულ კლიშეს, რომელსაც იყენებს დღეს კრემლი4.

ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ კრემლი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დისტანცირდება დასავლური ლიბერალ-დემოკრატიისგან და ცდილობს ახალი იდეოლოგიის მორგებას. რუსი პოლიტიკოსები ხშირად მიანიშნებენ იმაზე, რომ ევროპელებს და ანგლო-საქსებს მათი სახელმწიფოს დანგრევა სურთ.

იმპერიალიზმი და ევრაზიონიზმი

ივან ილინი რუსეთის მომავალს როგორც იმპერიას ხედავდა, არ უარყოფდა, რომ სხვანაირად მას არსებობა არც შეეძლო: „რუსეთში ბევრი წყალი და მრავალგვარი მდინარე მიედინება. ის არასდროს არ იყო ერთფეროვანი, უბრალო ხალხის მასივი და არც იქნება ასეთი. ის იყო და იქნება იმპერია… ის იქნება აშენებული არა შიშზე, არამედ სიყვარულზე, არა კლასობრივ თვითნებობაზე, არამედ კანონსა და სამართლიანობაზე, არა ტოტალიტარიზმზე, არამედ სიყვარულზე“[11]. ტიმოთი სნაიდერი ხაზს უსვამს იმას, რომ ილინი ხშირად საკუთარ სათქმელს ეწინააღმდეგება და ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრებებს გამოთქამს8. იმპერია და თავისუფლება შეუთავსებელი ცნებებია. ისტორიას არ ახსოვს იმპერია, რომელიც  თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე იქნებოდა აგებული. შესაბამისად, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებს ასეთ სახელმწიფოში ადგილი არ ექნება.

მაგრამ მოაზროვნე თვლიდა, რომ რუსეთის იმპერია ყოველთვის კარგად ეპყრობოდა ეთნიკურ უმცირესობებს და არასდროს ატარებდა დენაციონალიზაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკას10. ეს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს, საკმარისია გავიხსენოთ პეტრე პირველისა და ეკატერინეს დროს მიღებული განკარგულებები უკრაინული ენის აკრძალვის შესახებ. რუსეთის იმპერია ებრძოდა ერების თვითმყოფადობასა და იდენტობას[12].

2022 წლის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნდა ვლადისლავ სურკოვის მოკლე სტატია „სად წავიდა ქაოსი?“ (Сурков, 2021), რომელშიც ავტორი შემდეგ აზრს გამოთქვამდა: „რუსული სახელმწიფო, თავისი მკაცრი პოლიტიკური ინტერიერით, მხოლოდ საკუთარი საზღვრების გაფართოვების წყალობით შეძლო შენარჩუნება. მას დიდი ხანია დაავიწყდა, და სავარაუდოდ, არც იცოდა, სხვა გზით გადარჩენა. რუსეთისთვის მუდმივი ექსპანსია არ არის მხოლოდ ერთ-ერთი იდეა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არსებობის ნამდვილი ეგზისტენციალია“. სურკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ რუსეთს შეუძლია არსებობა მხოლოდ როგორც იმპერია, სხვა სახელმწიფოებრივი წყობა ქვეყნის დანგრევას გამოიწვევს. ზუსტად ამ აზრს ავითარებდა ილინი არაერთ თავის ნაშრომში.

 

ფაშიზმი

ბოლშევიკურმა ტერორმა და სამშობლოს დატოვებამ დიდი კვალი დააჩინა ილინის ცხოვრებაზე. მისი შეხედულებები უფრო მარჯვნივ გადაიხარა. იგი ჯერ იტალიაში გაემგზავრა, სადაც იტალიური ფაშიზმის აღზევებას შეესწრო. მოგვიანებით, 1933 წელს, ნაცისტურ გერმანიაში იმავე მოვლენის თვითმხილველი გახდა. ილინი არ მალავდა ამ იდეოლოგიის მიმართ თავის სიმპათიას. 1928 წელს მან დაწერა სტატია „რუსული ფაშიზმის შესახებ“[13], რომელიც შევიდა კრებულში „ჩვენი მიზნები“ (ამ წიგნიდან იღებდა ციტატებს რუსეთის პრეზიდენტი!). იგი იტალიურ ფაშიზმსა და რუსულ თეთრ მოძრაობას შორის პარალელებს ავლებს. ამტკიცებს, რომ ფაშიზმი თეთრი მოძრაობის სეკულარულ ვარიანტს წარმოადგენს. ილინი განიხილავდა ამ იდეოლოგიას, როგორც ბოლშევიზმთან ბრძოლის მრავალ მეთოდს. ილინის აზრით, ფაშიზმი, ნაციზმი და რუსული თეთრი მოძრაობა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. აღნიშნული იდეოლოგიები იზიარებდნენ „საერთო მტერს, პატრიოტიზმს, პატივისცემის  გრძნობას, დიქტატორული დისციპლინის მიმართ სიმპათიას, სულიერ განახლებას და თავისი ქვეყნის ხელახალ დაბადებას, ასევე, ახალი სოციალური სამართლიანობის ძიებას“4.

მუსოლინის მსგავსად, ილინი ვერ ხედავდა ომის ტრაგედიასა და საშინელებებს. ორივე აღფრთოვანებული იყო ომით და მას ადამიანის სულის უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევდნენ[14]. ომისა და გამარჯვების რომანტიზაციას დღევანდელ რუსეთშიც ვხედავთ. საკმარისია გავიხსენოთ თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება 9 მაისსა და სამხედრო აღლუმებს.

ივან ილინი ამართლებდა ნაცისტურ იდეოლოგიას. ჰიტლერის სათავეში მოსვლასთან, მან დაწერა ესე „ნაციონალ-სოციალიზმი. ახალი სული“[15]. ნაშრომში ილინი ურჩევს ხალხს არ დაუჯეროს პროპაგანდას ნაცისტების სისასტიკის შესახებ. ასევე აღნიშნავდა, რომ ამ იდეოლოგიის ლანძღვა არაბუნებრივია არაბოლშევიკური ქვეყნების მხრიდან. „რა გააკეთ ჰიტლერმა? მან შეაჩერა ბოლშევიზაციის პროცესი გერმანიაში და ამით უდიდესი სამსახური გაუწია მთელ ევროპას“. იმავე ესეში იგი ებრაელებს უტევს, მათი კომუნიზმის მიმართ სიმპათიის გამო.

1948 წელს დაწერილ სტატიაში „ფაშიზმის შესახებ“ (დაიწერა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ!), ივან ილინი უკვე აღიარებს, რომ ნაცისტებმა შეცდომებიც დაუშვეს, თუმცა მაინც ამართლებს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას. ხაზს უსვამს, რომ იგი წარმოიშვა როგორც ჯანმრთელი, ბუნებრივი და გარდაუვალი რეაქცია მემარცხენე ტოტალიტარიზმზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ფრანსისკო ფრანკო ესპანეთში და ანტონიუ სალაზარი პორტუგალიაში, ასევე რუსი პატრიოტები გაიზრებდნენ ფაშიზმის შეცდომებს. საბოლოოდ ასკვნის: „ფაშიზმი მართალი იყო, რადგან ის წარმოიშვა ჯანსაღი ეროვნულ-პატრიოტული გრძნობიდან, რომლის გარეშეც ვერც ერთი ხალხი ვერ იარსებებს და ვერ შექმნის საკუთარ კულტურას“[16].

ზემოთ მოყვანილი ციტატები და პუბლიცისტების შეფასებები ნათლად გვიჩვენებს, რომ რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ფაშიზმის მომხრე იყო. მან არ შეცვალა თავისი შეხედულებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, როცა მილიონობით მისი თანამემამულე დაიხოცა, ხოლო ქალაქები მიწასთან გასწორდა. ეს კიდევ უფრო მეტად ადასტურებს მის რადიკალიზმს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – როგორ შეიძლება სახელმწიფოში, რომელიც სამამულო ომში გამარჯვებით ყველაზე მეტად ამაყობს, ფაშიზმის მომხრე მოაზროვნე იყოს პრეზიდენტის უსაყვარლესი ფილოსოფოსი? აღნიშნული სტატია არ ისახავს მიზნად ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, თუმცა კვლავ შეგვიძლია მოვიხმოთ ტიმითი სნაიდერი. ისტორიკოსმა შემოიღო ტერმინი შიზოფაშიზმი. იგი აღნიშნავს „ფაშისტ ადამიანებს, რომლებიც მაგას ვერ იაზრებენ და სხვებს უწოდებენ ფაშისტებს“[17]. შეიძლება ტერმინი არამეცნიერულია, თუმცა ნაწილობრივ ასახავს რეალობას.

 

უდანაშაულობა და თავდაცვა

ილინი მიიჩნევდა, რომ რუსეთი თავდაუსხმელად ფართოვდებოდა, ამავე დროს, თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი ყოველი მხრიდან[18]. ეს მოსაზრება საინტერესოდ აისახა სერგეი ლავროვის 10 მარტს წარმოთქმულ პარადოქსულ სიტყვებში: „უკრაინას ჩვენ თავს არ დავესხით. და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვაპირებთ…“[19].

„გამონაკლისის გარეშე, ყველა ომი, რომელსაც რუსები აწარმოებდნენ, თავდაცვითი იყო. რუსეთი ყოველთვის იყო ევროპის “კონტინენტური ბლოკადის” მსხვერპლი. რუსეთი არაფერს უშავებს სხვას…“, – წერდა ივან ილინი[20]. კრემლის რიტორიკა ბოლო წლებში აგებულია იმაზე, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი აღმოსავლეთით გაფართოვება უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე რუსეთზე თავდასხმას გამოიწვევს. 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენ არაერთხელ გავიგეთ, რომ ეს „სამხედრო სპეცოპერაცია“ თავდაცვითია.

 

დიქტატურა

კრებულში „ჩვენი მიზნები“ ილინმა იდეალური ეროვნული დიქტატორის პორტრეტი დაგვიხატა: „ის სადღაც ისტორიის მიღმიდან უნდა გამოჩნდეს, ის საკმარისად ვაჟკაცური უნდა იყოს, როგორც მუსოლინი, ის იქნება აღმასრულებელი, მთავარი კანონმდებელი, იუსტიციის უფროსი და სამხედროების მეთაური, მისი ძალაუფლება შეუზღუდავი იქნება“11. ილინის აზრით, შეუძლებელი იყო რუსეთის ეთნიკური, კულტურული და გეოგრაფიული მრავალფეროვნების გაერთიანება ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების გარეშე14.

აღნიშნული აღწერილობა ზუსტად შეესაბამება რუსეთის პრეზიდენტს. ის მოვიდა პოლიტიკაში სუკ-იდან, ცოტა ხანში დაიმორჩილა ხელისუფლების ყველა შტო, გაახანგრძლივა პრეზიდენტობა და შეუზღუდავი გახადა თავისი ძალაუფლება. ყოველწლიურად ქვეყანაში  დემოკრატიის ინდექსი უარესდება. აქვე გავიხსენოთ დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობილი სიტყვები: „იქნება პუტინი – იქნება რუსეთი. არ იქნება პუტინი – არ იქნება რუსეთი“[21]. მსგავსი ფრაზა მან გაიმეორა 2020 წელს წელს, როცა პარლამენტი კონსტიტუციურ ცვლილებებს განიხილავდა, რომელიც პუტინს კიდევ ორჯერ პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობას მისცემდა („განულება“): „დღეს,მსოფლიოში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, ნავთობი და გაზი არ არის ჩვენი უპირატესობა. ჩვენი უპირატესობა არის პუტინი და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი”[22]. შესაბამისად ქვეყანა და მისი მმართველი გაიგივებული ცნებებია, რაც პრეზიდენტს შეუზღუდავ ძალაუფლებას აძლევს. იგი ქარიზმატულ ლეგიტიმაციას ემყარება და ყველა ინსტიტუტი და ხელისუფლების შტო მის ხელშია.

 

უკრაინის საკითხი

2014 წელს დაწყებული რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ და 2022 წელს ფართომასშტაბიანი შეჭრის საფუძვლებს ისევ ილინის ნაშრომებში უნდა ვეძიოთ. 1938 წელს იგი წერდა: „უკრაინა რუსეთის ყველაზე საფრთხისშემცელ ნაწილად მიიჩნევა. უკრაინული სეპარატიზმი ხელოვნური, რეალურ საფუძვლებს მოკლებული მოვლენაა… მალოროსიასა და ველიკოროსიას აკავშირებს რწმენა, ისტორიული ბედისწერა, გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურა, პოლიტიკა…“. იგი აღნიშნავდა, რომ გამოყოფის შემთხვევაში, უკრაინაში უცხოელები გაბატონდებიან[23]. საინტერესოა ასევე მისი შემდეგი ცინიკური ციტატა: „იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ რუსეთი ხანრძლივი სიგიჟეს მდგომარეობაში, საკმარისია წარმოვიდგინოთ „დამოუკიდებელი უკრაინის“ ბედი“10. უკრაინაზე საუბრის დროს, ფილოსოფოსი სიტყვა სახელმწიფოს ბრჭყალებში წერდა.

ივან ილინისთვის მიუღებლად მიაჩნდა ერის თვითგამორკვევის პრინციპი. ნებისმიერი საუბარი უკრაინის სუვერენიტეტზე ადამიანს რუსეთის მტრად აქცევდა. ილინი არ მალავდა თავის უკრაინოფობიას. ფილოსოფოსს უკრაინული ნაციის არსებობის არ სჯეროდა, მიაჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ სახელმწიფოებრიობის არანაირი უფლება. რუსეთისთვის უკრაინის დაკარგვა ფატალური იქნებოდა და სახელმწიფოსა და ერის მომავალ დანაწევრებას გამოიწვევდა10.

ამ მოსაზრებებმა აშკარად დიდი გავლენა იქონიეს რუსეთის პრეზიდენტზე. უკრაინის რუსეთის ორგანულ ნაწილად განხილვა აისახა პუტინის გახმაურებულ ესეში „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“[24], ავტორი მითოლოგიაში ჩაღრმავდა და ორი ერის ისტორიული პერსპექტივა წარმოგვიდგინა, რომელიც ძალიან ჰგავს ილინის მოსაზრებას „უჯრედისა და სხეულის“ შესახებ. პუტინი ასკვნის, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია.

 

დასკვნა

ივან ილინი სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა ფაშიზმის მომხრედ. მისი რადიკალური მსოფლმხედველობა შეიძლება ისტორიული მიზეზებით აიხსნას (ბოლშევიკური რევოლუცია და „წითელი ტერორი“), თუმცა, ფაქტია, რომ ფილოსოფოსი თვალს ხუჭავდა ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის სისასტიკეზე. რაც ყველაზე გასაკვირია, ილინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც ამართლებდა ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას და რუსეთის მომავალს ფაშისტურ სახელმწიფოდ ხედავდა.

ივან ილინზე კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, და კიდევ ბევრი შეგვიძლია ვიდავოთ თუ ვინ არის რუსეთის იმპერიალიზმის მთავარი სულისჩამდგმელი. პასუსხი მარტივია. ილინი ნამდვილად არაა მთავარი ფიგურა, რომელმაც განსაზღვრა დღევანდელი რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა. იგი არის ერთ-ერთი და ძალიან გავლენიანი, რომლის აზრები მართლაც აისახა კრემლის ელიტის რიტორიკასა და პოლიტიკაში. შეუძლებელია ვერ დავინახოთ პარალელები ფილოსოფოსის მიერ ათწლეულების წინ გამოთქმულ აზრებსა და პუტინის, ლავროვის, სურკოვის, ვოლოდინის, დუგინის შეხედულებებს შორის. ილინის ნაშრომებში კარგად აისახა ის, რაც დღეს ქვეყანაში საყრდენად ითვლება: ძლიერი და შეუძვლელი მმართველი, სახელმწიფოს უზენაესობა, ანტიდასავლურობა, ანტიდემოკრატიულობა, ნაციონალ-პატრიოტიზმი, მესიანიზმი, ექსპანსიონიზმი, მილიტარიზმი. ილინი ერთგვარ წინასწარმეტყველად მოევლინა რუსეთს. მისმა ნაშრომებმა ლეგიტიმაცია მისცა პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს, გაამართლა თავისუფლების შეზღუდვა და დაუპირისპირდა დასავლურ ღირებულებებს. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ილინის მიმართ ინტერესი საზოგადოებასა და კრემლის ელიტაში პიკს მიაღწია. უკრაინაში ომის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

ვლადიმერ პუტინი და რუსეთის მმართველი ელიტა იყენებენ ილინის გეოპოლიტიკურ იდეებს თავის საგრეო პოლიტიკაში, რაც დიდი საფრთხეა მეზობლებისთვის (პირველ რიგში, უკრაინისთვის), ისე მთელი ევროპისთვის. არც ილინი და არც სხვა თანამედროვე რუსეთის იდეოლოდები არ მალავენ, რომ მათი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა იმპერიის შენარჩუნება და გაფართოვებაა. ხოლო ეს უკანასკნელი აუცილებლად მოიაზრებს ომს, „თავდაცვით“ ომს, რომლის მსხვერპლი გახდნენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

 

ავტორი:თენგიზ ჯანანაშვილი 

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

გამოყენებული ლიტერატურა

Barbashin , A., & Thoburn, H. (2015). Putin’s Philosopher: Ivan Ilyin and the Ideology of Moscow’s Rule. Foreign Affairs.

Barbashin, A. (2018, April 20). Ivan Ilyin: A Fashionable Fascist. Retrieved from https://ridl.io: https://ridl.io/wp-content//uploads/pdf/1368/ivan-ilyin-a-fashionable-fascist.pdf [ნანახია: 28.11.2022]

CONNELLY, J. (2018, 12 7). PUBLIC THINKER: TIMOTHY SNYDER ON RUSSIA AND “DARK GLOBALIZATION”. Retrieved from https://www.publicbooks.org: https://www.publicbooks.org/public-thinker-timothy-snyder-on-russia-and-dark-globalization/ [ნანახია: 28.11.2022]

Current Time TV. (2022, September 30). Gender, Russophobia, Dugin, Ilyin, Goebbels and the Sermon on the Mount. 10 points Putin made in his speech about the annexation of four countries of Ukraine. Retrieved from currenttime-tv: https://www-currenttime-tv.translate.goog/a/gender-rusofobiya-dugin-ilin-gebbels-i-nagornaya-propoved-chto-skazal-putin-v-rechi-ob-anneksii-chetyreh-oblastey-ukrainy/32059545.html?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ru&_x_tr_hl=ru&_x_tr_pto=sc [ნანახია: 22.11.2022]

Headway Media. (2022, March 18). Ivan Ilyin, Putin’s Philosopher of Russian Fascism. Retrieved from https://makeheadway.com: https://makeheadway.com/blog/ivan-ilyin-putins-philosopher-of-russian-fascism/ [ნანახია: 28.11.2022]

Laruelle, M. (2018, April 19). In search of Putin’s philosopher. Retrieved from https://ridl.io: https://ridl.io/wp-content//uploads/pdf/997/in-search-of-putins-philosopher.pdf [ნანახია: 28.11.2022]

Snyder, T. (2017). INDIVIDUALISM OR TOTALITARIANISM. In T. Snyder, The Road to Unfreedom: Russia, Europe, America (pp. 19-23). New York: Tim Duggan Books.

ГАЛОЧКА, Е. (2014, 10 23). Володин: “Есть Путин — есть Россия, нет Путина — нет России”. Retrieved from https://www.mk.ru: https://www.mk.ru/politics/2014/10/23/volodin-est-putin-est-rossiya-net-putina-net-rossii.html [ნანახია: 28.11.2022]

Дума, Г. (2020, 03 12). Вячеслав Володин: преимущество России – это не нефть и газ, а Владимир Путин. Retrieved from http://duma.gov.ru: http://duma.gov.ru/news/48036 [ნანახია: 28.11.2022]

Зыгарь, М. (2016). Вся кремлевская рать. Краткая история современной России. Москва: «Интеллектуальная литература».

Ильин, И. (1928). О русском фашизме. Russische Glocke.

Ильин, И. (1933, Май 17). Национал-социализм. Новый дух.I. Возрождение.

Ильин, И. (1938). Основы борьбы за национальную Россию.

Ильин, И. (1948). Что сулит миру расчленение России.

Ильин, И. (2021). Национальная Россия. Наши задачи. «Родина».

Ильин, И. (2022). О ФАШИЗМЕ [1948]. Retrieved from http://web.archive.org: http://web.archive.org/web/20070523042622/http://www.anticompromat.ru/naziki/ilyin02.html [ნანახია: 28.11.2022]

Коммерсант. (2022, 03 10). Лавров: мы на Украину не нападали, на другие страны тоже не собираемся. Retrieved from https://www.kommersant.ru: https://www.kommersant.ru/doc/5250977 [ნანახია: 1.12.2022]

Кордочкин, А. (2020, 05 22). Поющее сердце: станет ли Иван Ильин крестным отцом русского фашизма? Retrieved from https://bogoslov.ru: https://bogoslov.ru/article/6028156

Лисица, Ю. (2022). ИВАН АЛЕКСАНДРОВИЧ ИЛЬИН. БИОГРАФИЯ. Retrieved from http://marsiada.ru: http://marsiada.ru/359/407/644/668/ [ნანახია: 28.11.2022]

Путин, В. (2021, 07 12). Статья Владимира Путина «Об историческом единстве русских и украинцев». Retrieved from http://kremlin.ru: http://kremlin.ru/events/president/news/66181 [ნანახია: 28.11.2022]

Сурков, В. (2021, 11 20). Куда делся хаос? Распаковка стабильности. Retrieved from https://actualcomment.ru: https://actualcomment.ru/kuda-delsya-khaos-raspakovka-stabilnosti-2111201336.html [ნანახია: 28.11.2022]

Ташевский, С. (2022, 07 19). Иван Ильин. Любимый философ Путина и война. Retrieved from https://www.severreal.org: https://www.severreal.org/a/ivan-ilin-lyubimyy-filosof-putina/31943204.html [ნანახია: 28.11.2022]

УПЦ КП. (2012, 06 21). Хронология притеснений украинского языка с 1627 года. Retrieved from https://cerkva.kharkov.ua: https://cerkva.kharkov.ua/novini/arkhiv/267.html [ნანახია: 28.11.2022]

Цыганков, Д. (1993). Пути России: Иван Ильин и Александр Солженицын. Санкт-Петербург: Русская философия: новые решения старых проблем: тезисы докладов на 2-м Санкт-Петербургском симпозиуме историков русской философии (6—8 декабря 1993 года), Часть 2.

ბადრიძე, გ. (2019). რუსეთის იმპერიული იდეოლოგები – ავტორიტარიზმისა და ექსპანსიის საფუძველი? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 10-11.

 


[1] Current Time TV. (2022, September 30). Gender, Russophobia, Dugin, Ilyin, Goebbels and the Sermon on the Mount. 10 points Putin made in his speech about the annexation of four countries of Ukraine. Retrieved from currenttime-tv: https://www-currenttime-tv.translate.goog/a/gender-rusofobiya-dugin-ilin-gebbels-i-nagornaya-propoved-chto-skazal-putin-v-rechi-ob-anneksii-chetyreh-oblastey-ukrainy/32059545.html?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ru&_x_tr_hl=ru&_x_tr_pto=sc  [ნანახია: 28.11.2022]

[2] Лисица, Ю. (2022). ИВАН АЛЕКСАНДРОВИЧ ИЛЬИН. БИОГРАФИЯ. Retrieved from http://marsiada.ru: http://marsiada.ru/359/407/644/668/  [ნანახია: 28.11.2022]

[3] Barbashin, A. (2018, April 20). Ivan Ilyin: A Fashionable Fascist. Retrieved from https://ridl.io: https://ridl.io/wp-content//uploads/pdf/1368/ivan-ilyin-a-fashionable-fascist.pdf  [ნანახია: 28.11.2022]

[4] Barbashin , A., & Thoburn, H. (2015). Putin’s Philosopher: Ivan Ilyin and the Ideology of Moscow’s Rule. Foreign Affairs.

[5] ბადრიძე, გ. (2019). რუსეთის იმპერიული იდეოლოგები – ავტორიტარიზმისა და ექსპანსიის საფუძველი? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 10-11.

[6] Laruelle, M. (2018, April 19). In search of Putin’s philosopher. Retrieved from https://ridl.io: https://ridl.io/wp-content//uploads/pdf/997/in-search-of-putins-philosopher.pdf  [ნანახია: 28.11.2022]

[7] Цыганков, Д. (1993). Пути России: Иван Ильин и Александр Солженицын. Санкт-Петербург: Русская философия: новые решения старых проблем: тезисы докладов на 2-м Санкт-Петербургском симпозиуме историков русской философии (6—8 декабря 1993 года), Часть 2.

[8] Snyder, T. (2017). INDIVIDUALISM OR TOTALITARIANISM. In T. Snyder, The Road to Unfreedom: Russia, Europe, America (pp. 19-23). New York: Tim Duggan Books.

[9] Зыгарь, М. (2016). Вся кремлевская рать. Краткая история современной России. Москва: «Интеллектуальная литература».

[10] Ильин, И. (1948). Что сулит миру расчленение России.

[11] Ильин, И. (2021). Национальная Россия. Наши задачи. «Родина».

[12] УПЦ КП. (2012, 06 21). Хронология притеснений украинского языка с 1627 года. Retrieved from https://cerkva.kharkov.ua: https://cerkva.kharkov.ua/novini/arkhiv/267.html [ნანახია: 28.11.2022]

[13] Ильин, И. (1928). О русском фашизме. Russische Glocke.

[14] Кордочкин, А. (2020, 05 22). Поющее сердце: станет ли Иван Ильин крестным отцом русского фашизма? Retrieved from https://bogoslov.ru: https://bogoslov.ru/article/6028156 [ნანახია: 28.11.2022]

[15] Ильин, И. (1933, Май 17). Национал-социализм. Новый дух.I. Возрождение.

[16] Ильин, И. (2022). О ФАШИЗМЕ [1948]. Retrieved from http://web.archive.org: http://web.archive.org/web/20070523042622/http://www.anticompromat.ru/naziki/ilyin02.html  [ნანახია: 28.11.2022]

[17] CONNELLY, J. (2018, 12 7). PUBLIC THINKER: TIMOTHY SNYDER ON RUSSIA AND “DARK GLOBALIZATION”. Retrieved from https://www.publicbooks.org: https://www.publicbooks.org/public-thinker-timothy-snyder-on-russia-and-dark-globalization/  [ნანახია: 28.11.2022]

[18] Headway Media. (2022, March 18). Ivan Ilyin, Putin’s Philosopher of Russian Fascism. Retrieved from https://makeheadway.com: https://makeheadway.com/blog/ivan-ilyin-putins-philosopher-of-russian-fascism/  [ნანახია: 28.11.2022]

[19] Коммерсант. (2022, 03 10). Лавров: мы на Украину не нападали, на другие страны тоже не собираемся. Retrieved from https://www.kommersant.ru: https://www.kommersant.ru/doc/5250977  [ნანახია: 1.12.2022]

[20] Ташевский, С. (2022, 07 19). Иван Ильин. Любимый философ Путина и война. Retrieved from https://www.severreal.org: https://www.severreal.org/a/ivan-ilin-lyubimyy-filosof-putina/31943204.html  [ნანახია: 28.11.2022]

[21] ГАЛОЧКА, Е. (2014, 10 23). Володин: “Есть Путин — есть Россия, нет Путина — нет России”. Retrieved from https://www.mk.ru: https://www.mk.ru/politics/2014/10/23/volodin-est-putin-est-rossiya-net-putina-net-rossii.html  [ნანახია: 28.11.2022]

[22] Дума, Г. (2020, 03 12). Вячеслав Володин: преимущество России – это не нефть и газ, а Владимир Путин. Retrieved from http://duma.gov.ru: http://duma.gov.ru/news/48036  [ნანახია: 28.11.2022]

[23] Ильин, И. (1938). Основы борьбы за национальную Россию.

[24] Путин, В. (2021, 07 12). Статья Владимира Путина «Об историческом единстве русских и украинцев». Retrieved from http://kremlin.ru: http://kremlin.ru/events/president/news/66181  [ნანახია: 28.11.2022]