E ISSN 2587-5396

მოკავშირე, წევრი თუ პარტნიორი? ნატოს ხანგრძლივი დილემა უკრაინასთან დაკავშირებით

24/03/2022 By yatage

მოკავშირე, წევრი თუ პარტნიორი? ნატოს ხანგრძლივი დილემა უკრაინასთან დაკავშირებით

 

 შესავალი

დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ესაა ტესტი და გამოწვევა დასავლური სამყაროსთვის, გულისხმობენ იმას, თუ როგორ გაუმკვლავდებიან ისინი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და როგორ აღმოუჩენენ უკრაინას შესაბამის მხარდაჭერასა და დახმარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის, ნატოს ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობა და პარტნიორობა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლის. ვინ არის დღეს უკრაინა ნატოსთვის მოკავშირე, მომავალი წევრი თუ პარტნიორი? ერთი მხრივ პასუხი ცალსახაა, ეს აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარტნიორია, თუმცა საკითხავი სწორედ ისაა გახდება თუ არა მომავალში იგი ორგანიზაციის წევრი. დღეს შექმნილი დაძაბული ვითარება კიდევ უფრო ართულებს მკაფიო პასუხების დაფიქსირების საშუალებას. მიუხედავად ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებების გამოთქმა, რაშიც კრიტიკულ მნიშვნელობას ნატო-უკრაინის ხანგრძლივი ურთიერთოების ისტორია და მისი სიღრმისეულ ანალიზი ასრულებს.

 

პირველი ნაბიჯები

ამ შემთხვევაში მინდა ყურადღება გავამახვილო 2008 წლის ბუქარესტის სამიტამდე პერიოდზე, ვინაიდან ამ ყოველივეს შემდეგ ალიანსსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინაში დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღეს, ამ ქვეყანას დამოუკიდებლობის მცირე გამოცდილება ჰქონდა. თავისი წარსულის დიდი ნაწილის განმავლობაში უკრაინა იყო საზღვრისპირა, გაყოფილი და დაქვემდებარებული ისეთ ძლიერ მეზობლებს, როგორიცაა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა (რეჩ პოსპოლიტა), ჰაბსბურგთა იმპერია და რუსეთის იმპერია. მხოლოდ იმ არეულობის ფონზე, რომელიც მოჰყვა რუსეთის რევოლუციის დაწყებას 1917 წელს უკრაინას მიეცა შესაძლებლობა ევრო-ატლანტიკურ ასპარეზზე გამოჩენილიყო, როგორც სუვერენული აქტორი. თუმცა, ქვეყნის მცდელობები მოეპოვებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა  ხანმოკლე აღმოჩნდა. 1920 წელს დასავლეთ უკრაინა პოლონეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, აღმოსავლეთ უკრაინა კი საბჭოთა კავშირში შევიდა[1].

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინამ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით აქტიურად დაიწყო შესაბამის ინსტიტუტებთან მუშაობა. უკრაინული საკითხების ექსპერტის, ტარას კუზიოს თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობას თან ახლდა კვაზი-სახელმწიფოებრივი და კვაზი-ნაციის, როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილის კვალიფიკაცია. ამრიგად, უკრაინის პოლიტიკა 1991-1992 წლებიდან ეფუძნება „სახელმწიფოს და ერის მშენებლობის პროცესს, ქვეყნის გარდაქმნას კვაზი-სახელმწიფოდან უფრო განვითარებულ თანამედროვედ პოზიტიური სუვერენიტეტის მქონე სახელმწიფომდე“. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უკრაინის პოლიტიკის ცენტრალური მახასიათებელი იყო სახელმწიფოებრივი „უსაფრთხოება ძიება”. რუსეთი, როგორც ყოფილი სსრკ-ის მემკვიდრე სახელმწიფო, საიდანაც უკრაინამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, წარმოადგენს „სხვას“, რომლის წინააღმდეგაც უკრაინული ნაციონალური იდენტობა იქმნება 1991 წლიდან. ზოგიერთის აზრით, რუსეთი კვლავ განიხილებოდა იმპერიალისტურ გეგმების მქონე სახელმწიფოდ. ამ ყოველივემ გამოიწვია ის, რომ უკრაინას დასავლეთში უნდა ეძებნა უსაფრთხოება და „ევროპაში დაბრუნების“ სურვილიც გაუჩნდა[2].

ცივი ომის დასრულებას  საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლა მოჰყვა. ეს ოფიციალურად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგე ბანაკის აღსასრული იყო. ნატოს დღის წესრიგში იმ პერიოდი იდგა კითხვა თუ რა როლი უნდა შეესრულებინა ევროპის უსაფრთხოების სისტემაში მას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია 1991 წლის ნოემბერში ჩატარებული რომის სამიტი, სადაც ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ასახავდა „უსაფრთხოების მიმართ დიალოგის ფართო მიდგომას, თანამშრომლობისა და კოლექტიური თავდაცვის შენარჩუნებაზე დამყარებულ უნარებს“. კონცეფცია ითვალისწინებდა თანამშრომლობას ახალ პარტნიორებთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ალიანსის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილს. ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (NACC) შეიქმნა ამ ურთიერთიერთობის გაღრმავებისათვის და ამ ქვეყნებში რეფორმისკენ გადადგმული ნაბიჯების მხარდასაჭერად, რათა შეეთავაზებინა მათთვის პრაქტიკული დახმარება, ასევე ხელი შეეწყო მათთვის ამ რთულ გარდამავალ პერიოდში წარმატების მიაღწევაში. ამგვარად ეს ქვეყნები მიწვეულნი იყვნენ ალიანსის შესაბამის ფორუმებში. მათ ნატოს ფორუმებში მონაწილეობა თავის მხრივ დაეხმარებოდა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სამეცნიერო გამოცდილება გაეზიარებინათ და ამ კუთხით ეთანამშროლათ[3].

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინასა და ნატოს შორის ურთიერთობას, ის  ოფიციალურად დამყარდა 1991 წელს. უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, ნატომ მისი წარმომადგენელი მიიწვია ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს რიგგარეშე შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ  NACC-ს დაარსებისთანავე უკრაინა დადებითად გამოეხმაურა და შეუერთდა მას. ფორუმი აერთიანებდა ნატოს და ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებს. შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოაცხადა თავისი მტკიცე გადაწყვეტილება: „ერთად ვიმუშაოთ ევროპაში ახალი, ხანგრძლივი მშვიდობის წესრიგისთვის დიალოგის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის გზით”[4]

დროთა განმავლობაში ალიანსსა და უკრაინას შორის ურთიერთობები უფრო ღრმავდებოდა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1992 წლის სექტემბერში ბრიუსელში უკრაინის საელჩოს გახსნა, რომელიც უკრაინასა და ნატოს შორის კონტაქტების დამაკავშირებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 1994 წლის თებერვალში, უკრაინა იყო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც დადო ჩარჩო- შეთანხმება ნატოსთან პარტნიორობა მშვიდობისთვის ინიციატივის ფარგლებში, მხარი დაუჭირა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინიციატივას ნატოში გაწევრიანების შესახებ[5].

მიუხედავად ზემოთხსნებულისა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, ესაა რუსეთის ფაქტორი. უკრაინას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რასაკვირველია მაშინვე ცალსახად განვითარების დასავლური გზა არ დაუსახავს, აქ ისევე როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რამდენიმე განსხვავებული იდეოლოგია ცირკულირებდა. ქვეყნის მომავალს ორი განსხვავებული პრიზმით უყურებდნენ, ერთნი მიიჩნევდნენ, რომ პრორუსული განვითარება სახელმწიფოსთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე სხვა გზა. თუმცა ასევე არსებობდა მეორე ბანაკი, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენე რუსეთის სახით “უცხოს” ხატს ქნიდა და ცდილობდა უსაფრთხოების შენარჩუნების და განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნას[6]. ამ ყოველივეს მარტივად რომ შევხედოთ საერთშორისო ურთიერთობის თეორიებიდან კონსტრუქტივიზმის განხილვა ძალიან დაგვეხმარება. ამ შემთხვევაში უკრაინელები საკუთარი ქვეყნის განვითარებას ორი განსხვავებული კუთხით აღიქვამდნენ, მთავარი კითხვა იყო ის თუ რომელი მათგანი გახდებოდა დომინანტური მიმართულება და რას აირჩევდა საბოლოოდ უკრაინა. რუსეთშიც მსგავსი მდგომარეობა იყო, სახელმწიფოს კურსისა და მისი განვითარების სხვადასხვა გეგმა ისახებოდა, აღსანიშნავია, რომ მათ ლიბერალური მიმართულება დასავლეთთან უფრო მჭირდო ურთიერთიერთობის დამყარებას მოიაზრებდა, თუმცა რეალობა სხვაგვარად წარიმართა და დასავლური სამყაროს “მტრის”  ხატთან გაიგივება მოხდა[7]. სწორედ მათ არჩეული საგარეო კურსის გამო დღემდე უკრაინასა და რუსეთს შორის არსებობს დაპირისპირება. ვფიქრობ ეს ფაქტორი  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან გარკვეული სახის საფრთხედ აღიქმება, სწორედ ამიტომ პროცესები, რომლებიც თუნდაც ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შედარებით სწრაფად წარიმართა, უკრაინის შემთხვევაში კი უფრო მეტად ხანგრძლივი აღმოჩნდა.

1995 წლიდან უკრაინამ აქტიურად დაიწყო ინტერესის გამოხატვა ნატოსთან და ევროკავშირთან გაფართოებული თანამშრომლობის მიმართ. 1995 წელს უკრაინის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გენადი უდოვენკომ წარადგინა სამომავლო თანამშრომლობის ხელშეკრულების წინადადების პროექტი, რომელიც ეხებოდა “ერთობლივ თანამშრომლობას შეიარაღების კონტროლისა და თავდაცვის სფეროში”, ასევე  ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ტექნოლოგიურ განვითარებას[8]. გარდა ამისა, 1997 წლის მაისში გაიხსნა ნატოს საინფორმაციო ცენტრი კიევში, რომლის მიზანს უკრაინული საზოგადოებისთვის ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. მხარეებს შორის ურთიერთობამ კულმინაციას მიაღწია მაშინ, როდესაც მადრიდის სამიტზე 1997 წლის  ივლისში უკრაინამ ხელი მოაწერა ქარტიას ნატოსთან განსაკუთრებული პარტნიორობის შესახებ. ამავე წელს უკრაინამ ოფიციალურად დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან. ამის შემდეგ ნატოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, ეს ყოველივე გამოიხატებოდა ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სხვა მნიშვნელოვან რეგულარულ  ღონისძიებებში. პარტნიორებს შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო იყო, რომ კოსოვოს კრიზისმაც კი, რომელმაც თავად უკრაინულ საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა და კამათი გამოიწვია,  სერიოზულად ვერ შეაფერხა ნატო-უკრაინის კავშირები. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში უკრაინამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან შეინარჩუნა არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ურთიერთობა, არამედ ნატოს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა არ შეჩერებულა უკრაინაში[9].

ინსტიტუციურ განვითარებასთან ერთად, უკრაინელი ხემძღვანელობის მთელი რიტორიკა შეიცვალა დასავლეთთან მიმართებით. თვალსაჩინო გახდა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ნატოსთან კავშირების გაღრმავება. 1999 წლის ნოემბერში ლეონიდ კუჩმას მეორე ვადით ხელახალი არჩევის შემდეგ, უკრაინამ მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაცია გამოცხადდა. 2000 წლის მარტში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მორიგი შეხვედრა კიევში, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ ღონისძიების მიმართ დიდი უკმაყოფილებისა. მაშასადამე, აშკარა იყო, რომ გადამწყვეტი ცვლილებები მოხდა უკრაინის საგარეოპოლიტიკის საკითხებში. იგი გადავიდა თანამშრომლობის დამყარების ფრთხილი მცდელობიდან (დასავლეთსა და რუსეთს შორის  კარგი ურთიერთობას შენარჩუნების ბალანსიდან) უფრო მეტად პროაქტიულ ქცევაში, რომელიც მიზნად ისახავდა დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას[10].

უკვე 21-ე საუკუნის დამდეგიდან უკრაინასა და სამხედრო ალიანსს შორის პარტნიორობის გაღრმავება დაიწყო. 2002 წლის მაისში მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ გამოაცხადა ქვეყნის მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისკენ. იმავე თვეში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეიკიავიკში შეხვედრისას გადაწყვიტეს ახალი იმპულსი და შინაარსი მიეცემოდა უკრაინასთან მათ პარტნიორობას და მოუწოდა მას გაეტარებინა რეფორმები. მომდევნო წლებში ნატომ მიიღო უკრაინასთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას  სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვის უზრუნველყოფის შესახებ და შეიქმნა სატრანსპორტო ფონდები საბრძოლო მასალისა და იარაღის განკარგვის მიზნით. 2004-2005 წლების „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ ჩრდილოატლანტიურმა ალიანსმა და უკრაინამ დაიწყეს ინტენსიური დიალოგი თანამშრომლობის შესახებ. უკრაინა ასევე მონაწილეობდა კონტრტერორისტულ ოპერაციაში Active Endeavour და იბრძოდა ავღანეთის ტერიტორიაზე ნატოს ეგიდითა და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების მხარეს[11].

ბუქარესტის სამიტი

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უკრაინასთან ერთად საქართველოც იმედოვნებდა, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) მიიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, ნატოში მიესალმნენ ორი ქვეყნის სწრაფვას გაწევრიანებაზე და შეთანხმდნენ, რომ „ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები“. ალიანსის მხრიდან გამოიხატა სრული მზაობა ზემოთხსენებული ქვეყნები მასში გაეწევრიანებინათ, თუმცა MAP-ის მინიჭებამდე საჭირო იყო სახელმწიფოში გატარებულიყო მთელი რიგი რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისთვის. ასევე, უნდა შემცირებულიყო რუსული ზეგავლენა უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე[12]. ხაზგასასმელია უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკოს შეფასებაც, რომელმაც ნატოს ნაბიჯს ისტორიული უწოდა. ”ეს არის ჩვენი გამარჯვება”[13]. მიუხედავად ამისა, თავად უკრაინაში აზრთა სხვადასხვაობა იყო ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს შიდა საზოგადოებრივ განხეთქილებას იმის თაობაზე, კიევს აღმოსავლეთით უნდა აეღო გეზი თუ დასავლეთით[14].

რუსეთ-უკრაინის კრიზისები და ნატო

2014 წელს მაშინ როცა რუსეთმა დაიწყო თავისი უკანონო სამხედრო ქმედება უკრაინის წინააღმდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა შედეგების განსახილველად. გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გაეძლიერებინათ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დახმარებოდნენ უკრაინას სამხედრო ძალების შესაძლებლობების გაზრდაში. გარდა ამისა, დაიგმო რუსეთის უკანონო ქმედებები და მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. ნატომ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს, მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის არაბლოკური სტატუსის გაუქმების შესახებ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა და დასავლურ სამყაროსთან კიდევ უფრო დაახლოება[15].

ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინასა და ნატოს ერთობლივი წვრთნები უფრო აქტიურად იმართებოდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის თავდაცვის სისტემა. ამავდროულად მხარეები კიბერუსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოების, ეფექტური კომუნიკაციების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების განვითარების საკითხებშიც თანამშრომლობდნენ. 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ ალიანსი ასევე ცდილობდა ხელი შეეწყო ქვეყანაში ინსტიტუტების მედეგობის ჩამოყალიბებისთვის[16]. ვფიქრობ ეს ყოველივე ძალიან დაეხმარა უკრაინას დღეს რუსეთის მიერ მის მიმართ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამკვლავებაში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი არაა, მიმდინარე კონფლიქტში ნატოს ქვეყნები აქტიურად სამხედრო კუთხით ეხმარებიან, სოლიდარობას უცხადებენ მას და აგრესორ ძალას – რუსეთს უწესებენ საკმაოდ მძიმე სანქციებს[17].

და მაინც რატომ არ არის უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა? პასუხი საკმაოდ კომპლექსურია, პირველ რიგში, უკრაინა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ალიანსში გაწევრიანების წინაპირობადაა მიჩნეული, ხოლო ამის გარდა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაუწერელი მიზეზი, ეს არის რუსეთის ფაქტორი. ნატოს ზოგიერთ წევრს აქვს იმის მოლოდინი, რომ ამ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის ორგანიზაციაში მიღება კრიტიკულად იმოქმედებს მათსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე[18]. ამ საკითხის უკეთ გასაგებად, ალბათ, საკმარისია მიმდინარე მოვლენების ანალიზი. ალიანსის წევრი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ  მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით დაეხმარონ უკრაინას[19] რუსეთის მიერ წამოწყებული “გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომში”[20], თუმცა, ნათლად ჩანს მათი სიფრთხილე. მაგალითისთვის,განვიხილოთ პოლონეთის მიერ ავიაგამანადგურებლების, მიგ-29-ის აშშ-ისთვის გადაცემა, რათა შემდგომში ამ უკანასკნელს გადაეცა უკრაინისთვის ისინი. ამერიკის მხრიდან ეს შეფასებული იყო სიტუაციის სავარაუდო ესკალაციად, შესაბამისად თვითმფრინავები ოფიციალურ კიევს არ გადაეცა[21]. ვფიქრობ, ამით კარგად ჩანს ის ფრთხილი ნაბიჯები, რომლებსაც ნატო უკრაინასთან ურთიერთობისას იჩენდა ხოლმე.

მიმდინარე ომის შესახებ პროგნოზების გაკეთება არც თუ ისე მარტივია, თუმცა ჩემთვის ერთი რამ ცხადია, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და უკრაინას შორის მჭიდრო პარტინიორობამ გამოცდას მაინც გაუძლო და ყველა სირთულის მიუხედავად მათ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმავდება.

 

დასკვნა

უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსთან თანამშრომლობას რამდენიმე ათწლეულოვანი ისტორია აქვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხანგრძლივ გზაზე უკრაინა საკმაოდ განვითარდა, დაიხვეწა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, ქვეყნის თავდაცვა და გაძლიერდა ნატოში ინტეგრაციის სურვილი. დღეს უკრაინა არის ალიანსის მჭიდრო პარტნიორი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ფაქტორები, რაც აფერხებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს დაუმტკიცოს ორგანიზაციას თავისი ერთგულება, ასევე იგი მტკიცედ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, რომ ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე[22]. უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომი ამის კარგი დასტურია, როგორც ჩანს ეს კონფლიქტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მხარეებს შორის ურთიერთობაში, ეს ასევე ეხება მნიშვნელოვან ფაქტორს, რუსეთის ფედერაციასაც. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ერთი რამ აშკარაა რამდენიმე დღის წინ დაწყებული ომი არა მარტო რეგიონში, არამედ გლობალურ კონტექსტში ბევრ რამეს შეცვლის, რაც მეტად სავარაუდოა, რომ განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ნატო-უკრაინის ურთიერთობებზე.

 

ავტორი: მარი ბრეგვაძე

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Deugd, Nienke de, Ukraine and NATO:The Policy and Practice of Co-operating with the Euro-Atlantic Security Community (The Centre of European Security Studies (CESS), 2007)
  2. Nation, R. Craig, NATO’s Relations With Russia and Ukraine, (Carlisle:U.S. Army War College, 2000)
  3. North Atlantic Treaty Organization, (NATO-Ukraine relations: The background, 2015)
  4. The NATO Summit at Bucharest, 2008
  5. Hoff, Ted, Identity, legitimacy, and the use of military force: Russia’s Great Power identities and military intervention in Abkhazia, (Cambridge: Cambridge University Press, 2005)
  6. Khrychikov, Sergey, The Effect of NATO Partnership with Ukraine on Inter-Ethnic Relations within the Country, (NATO – EAPC Research Fellowship), 2000
  7. NATO promises Ukraine, Georgia entry one day https://www.reuters.com/article/us-nato-idUSL0179714620080403
  8. NATO, Relations with Ukraine, https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_37750.htm
  9. Why is Ukraine not in NATO and is it too late to join? https://www.miamiherald.com/news/nation-world/world/article258774458.html

[1]Deugd, Nienke de,  Ukraine and NATO:The Policy and Practice of Co-operating with the Euro-Atlantic Security Community (The Centre of European Security Studies (CESS), 2007), გვ.53

[2] Nation, R. Craig, NATO’s Relations With Russia and Ukraine, (Carlisle:U.S. Army War College, 2000) გვ.10

[3] იქვე, გვ.17

[4] North Atlantic Treaty Organization, (NATO-Ukraine relations: The background, 2015),  გვ.2

[5] NATO, Relations with Ukraine, https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_37750.htm

[6] Khrychikov, Sergey, The Effect of NATO Partnership with Ukraine on Inter-Ethnic Relations within the Country, (NATO – EAPC Research Fellowship), 2000, გვ.10

[7] Hoff, Ted, Identity, legitimacy, and the use of military force: Russia’s Great Power identities and military intervention in Abkhazia, (Cambridge: Cambridge University Press, 2005)

[8] North Atlantic Treaty Organization, (NATO-Ukraine relations: The background, 2015), გვ. 2

[9] Khrychikov, Sergey, The Effect of NATO Partnership with Ukraine on Inter-Ethnic Relations within the Country, (NATO – EAPC Research Fellowship), 2000, გვ.14

[10] იქვე, გვ.14

[11] North Atlantic Treaty Organization, (NATO-Ukraine relations: The background, 2015), გვ.2

[12] The NATO Summit at Bucharest, 2008, გვ.4

[13] NATO promises Ukraine, Georgia entry one day https://www.reuters.com/article/us-nato-idUSL0179714620080403

[14] იქვე

[15]  North Atlantic Treaty Organization, (NATO-Ukraine relations: The background, 2015), გვ.1

[16] NATO, Relations with Ukraine,  https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_37750.htm

[17] NATO, Relations with Ukraine,  https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_37750.htm

[18] Why is Ukraine not in NATO and is it too late to join? https://www.miamiherald.com/news/nation-world/world/article258774458.html

[19] იქნება ეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა, აგრესორი ქვეყნის მიმართ სანქციების დაწესება თუ ოფიციალური კიევის სამხედრო კუთხით უზრუნველყოფა.

[20] NATO, Relations with Ukraine,  https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_37750.htm

[21] US rejects Polish proposal to transfer MiG-29 planes to Ukraine, calls move ‘high-risk’  https://www.foxnews.com/politics/pentagon-opposes-polish-proposal-to-transfer-mig-29-planes-to-ukraine-calls-move-high-risk

[22]იგი აქტიურად ერთვება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რაც უკრაინელებს ეხმარება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის კომუნიკაციების, კიბერ უსაფრთხოების, სამხედრო წვრთნების და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხების განვითარებაში.