E ISSN 2587-5396

უნგრულ-რუსული ურთიერთობების ტრაექტორია ორბანის მმართველობის პერიოდში

07/03/2022 By yatage

უნგრულ-რუსული ურთიერთობების ტრაექტორია ორბანის მმართველობის პერიოდში

შესავალი

 

2022 წლის 24 თებერვალს რამდენიმე თვიანი სამხედრო დაძაბულობის შემდეგ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, რასაც მალე მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მძიმე სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ეკონომიკური ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი რუსული ბანკების SWIFT-დან (მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება) გათიშვა იყო[1]. მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა, მათ შორის უნგრეთმაც, თუმცა გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ ისიც შეუერთდა სხვა სახელმწიფოებს. ასევე უნგრეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სხვა ეკონომიკურ სანქციებსაც[2]. თუმცა პირველი მარტის განცხადებით, უნგრეთი საკუთარ ტერიტორიაზე არ გაატარებს იარაღს, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას აწვდის[3]. საერთაშორისო პოლიტიკა ნაკლებად სწორხაზოვანია და მოვლენები შესაძლებელია ყოველ წამს რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა უნგრეთის მიერ ბოლო პერიოდში გამოვლენილი ტენდენციები გვიბიძგებს შევისწავლოთ რუსულ-უნგრული ურთიერთობების ტრაექტორია უკანასკნელ დეკადაში.

2010 წელს უნგრეთის ხელისუფლების სათავეში მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია Fidesz მოვიდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება უნგრეთის დემოკრატიული უკუსვლა. Freedom House-ის მონაცემებით, უნგრეთი “თავისუფალი” ელექტორალური დემოკრატიდან  “ნახევრად-თავისუფალ” ჰიბრიდულ რეჟიმად იქცა[4]. ზოგი მკვლევარი უნგრეთს შეჯიბრებით ავტორიტარიზმად (competitive authoritarianism) მიიჩნევს, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი არჩევნების მეშვეობით არჩეული პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება[5]. უნგრეთში დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი უკვე წლებია სუსტდება, რის გამოც უნგრეთს ევროკავშირის ღირებულებების რღვევაშიც კი სდებენ ბრალს. გარდა არადემოკრატიული საშინაო პოლიტიკისა, საყურადღებოა Fidesz-ის მმართველობის პერიოდში რუსეთთან უნგრეთის დაახლოება, რასაც ხშირად “აღმოსავლეთის გახსნის” პოლიტიკითაც მოიხსენიებენ. ეს უკანასკნელი გულისხმობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას არადასავლურ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან და ჩინეთთან[6].

 

ეკონომიკური ფაქტორები

 

Fidesz-ის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ დაიგეგმა უნგრეთში არსებული პაქსის ატომური ელექტროსადგურის განახლება და გაძლიერება, რასაც მოჰყვებოდა დამატებით ორი რეაქტორის აგება, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის 40%-ის მომმარაგებელი გახდებოდა[7]. აღნიშნული პროექტი რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტით უნდა განხორციელებულიყო, რომლის ვადა 30 წელს აღწევდა, რაც რუსეთისთვის უნგრეთის ეკონომიკურად მანიპულაციის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდებოდა. მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა, აღნიშნული პროექტი 2014 წელს ძალაში შევიდა. დამატებით, 2021 წლის სექტემბერში უნგრეთსა და რუსულ კომპანია “გაზპრომს” შორის დაიდო 15 წლიანი შეთანხმება ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე[8]. აღნიშნული გადაწყვეტილება უნგრეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას კიდევ უფრო ინტენსიურს ხდის.

კრემლის ჰეგემონური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი ევროპის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაა, რომელსაც იგი ეკონომიკური მანიპულაციებით ცდილობს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ევროპული სახელმწიფოების რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაა. სწორედ ამის გამო პუტინის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეკონომიკური ბერკეტების გაძლიერებას ევროპულ სახელმწიფოებში. უნგრეთიც არ წარმოადგენს გამონაკლისს და მას მნიშვნელოვანი ენერგო კავშირები აქვს რუსეთთან. თუმცა უკრაინასთან წამოწყებული კონფლიქტის შემდეგ ევროპულ პოლიტიკაში გარდამტეხი მომენტი დადგა, რასაც თან ახლავს ევროპის სურვილი მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს რუსული გაზის მიწოდებისგან. ამის ერთ-ერთი დასტური გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერებაა[9]. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება საკმაოდ ხანგრძლივი გამოწვევა იქნება რეგიონისთვის, პოლიტიკური დისკურსის ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია.

უკრაინის ფაქტორი

 

უკრაინასთან ომის ესკალაციამდე ორბანი ვლადიმერ პუტინს ე.წ “სამშვიდობო მისიით” ესტუმრა და მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა და პუტინს მოუწოდა, რომ რუსეთმა მეტი ელექტრო ენერგია უნდა მიაწოდოს ევროპას[10]. გარდა ურთიერთობების შენარჩუნების მცდელობისა, ორბანის ვიზიტის მთავარი მიზანი იმის დამტკიცება იყო, რომ დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად რუსეთს კვლავ შემორჩა მოკავშირეები ევროკავშირის შიგნით.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, ორბანის უკრაინისადმი დამოკიდებულება რუსულ პოლიტიკას უწყობს ხელს.

უნგრეთის ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოხატავდა უკრაინაში, იმიერკარპატების ოლქში მცხოვრები უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების თაობაზე რომელთა რიცხვი დაახლოებით 170 ათასს შეადგენს. მათი აზრით, უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა, რომელმაც უკრაინული სახელმწიფო ენად აღიარა, დაარღვია ეთნიკური უმცირესობების უფლებები. აღნიშნული საკითხი გახდა მიზეზი იმისა, რომ უნგრეთი სამი წელია ბლოკავს უკრაინასა და ნატოს შორის მინისტერიალის დონეზე შეხვედრების გამართვის ინიციატივას[11]. ცალკე განხილვის საგანია უნგრეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება, თუმცა ის ფაქტი, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას, სასარგებლოა კრემლისთვის, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს შეაჩეროს NATO-ს აღმოსავლეთ გაფართოება და ხელს უშლის უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.

ამასთან 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა. იგი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული სანქციები თავად ევროკავშირს დააზარალებდა და წევრი სახელმწიფოები უფრო მეტ ზიანს მიიღებდნენ ვიდრე თავად რუსეთი[12]. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ზეწოლის შემდეგ უნგრეთიც ჩაერთო ანტირუსულ სანქციებში, რიტორიკა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არასწორია, კიდევ ერთხელ ადასტურებდა უნგრეთის “აღმოსავლეთის გახსნის” პოლიტიკის რუსეთზე კონცენტრირებას.

უნგრეთი და ევროკავშირი

 

გარდა ეკონომიკური კავშირებისა, რუსეთსა და უნგრეთს არალიბერალური ღირებულებებისადმი სწრაფვა აერთიანებთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Fidesz-ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნგრეთი დემოკრატიული რეგრესის გზას დაადგა. გარდა არადემოკრატიული პოლიტიკის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და კანონის უზენაესობის დაკნინებისა, უნგრეთში განსაკუთრებით იმატა არაპლურალისტურმა, კონსერვატიულმა და პოპულისტურმა რიტორიკამ. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა უმცირესობათა, განსაკუთრებით კი LGBTQ+ თემის უფლებები, აღსანიშნავია ანტიმიგრანტული პოლიტიკაც. უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი კი არც მალავს, რომ იგი ლიბერალიზმისადმი ანტიპათიით გამოირჩევა. 2018 წლის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ლიბერალური დემოკრატიის ეპოქა საბოლოოდ დასრულდა[13]. გარდა იმისა, რომ ავტორიტარი მმართველები ერთმანეთისადმი განსაკუთრებული სოლიდარობით გამოირჩევიან, “ევროპის დიქტატორად”[14] წოდებული ორბანი დიდი სიმპათიებით არის განმსჭვალული რუსეთის, როგორც არალიბერალური საზოგადოების მაგალითის მიმართ.

რუსეთთან დაახლოება ასევე არის შედეგი უნგრეთის ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობისა. არადემოკრატიული პოლიტიკის გამო უნგრეთი წლებია ორგანიზაციის მხრიდან კრიტიკის საგანი ხდება. 2018 წელს ევროკავშირის ისტორიაში პირველად დადგა მე-7 მუხლის ამოქმედების აუცილებლობა, რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოს კონკრეტული უფლებები ჩამოერთმევა (მაგ. ხმის მიცემის უფლება) ალიანსის ღირებულებების დარღვევის გამო[15]. მიუხედავად ევროკავშირსა და უნგრეთს შორის დაძაბული ურთიერთობებისა, ევროკავშირის გავლენა მაინც საკმაოდ დიდია ქვეყანაში, რისი დასტურიცაა სიკვდილის დასჯით აღდგენის ინიციატივა, რომელიც უკუგდებული იქნა ევროკავშირის ზეწოლით[16]. დამატებით, საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს ევროკავშირის წევრობას და უნგრეთის ბიუჯეტში ევროკავშირის ფინანსური დახმარება დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომ მეტად სავარაუდოა, რომ უნგრეთი მოერიდება ევროკავშირისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებასა და ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც საბოლოოდ დაარღვევს მის კავშირს ალიანსთან.

 

დასკვნა

 

უნგრეთისა და რუსეთის ურთიერთობათა ისტორია ნაკლებად სასიამოვნო მოგონებებით გამოირჩევა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული მოვლენათა შორის კი 1956 წლის უნგრეთის რევოლუცია განსაკუთრებით სისხლიანია.

თავად უნგრული მოსახლეობის დიდ ნაწილი არ მიესალმება რუსეთთან განვითარებულ ურთიერთობებს, რისი გამოხატულებაც დედაქალაქის ქუჩებში გამართული საპროტესტო აქციებია[17]. შეიძლება ითქვას, რომ პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოება მმართველი პოლიტიკური ელიტის დამსახურებაა, რაც ოპოზიციის მხრიდან მკაცრი კრიტიკის საგნად იქცა როგორც “დიქტატურასთან 12 წლიანი მეგობრობა”[18].

საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, თანამედროვე უნგრეთის მოსახლეობის მხოლოდ 32% მიაჩნია რუსეთი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, იმის ფონზე, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 78-80% დადებითად აფასებს. თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ მათ ურჩევნიათ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდგომი პოზიცია ჰქონდეთ[19].

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ Fidesz-ის მმართველობის ხანაში უნგრეთი ცდილობს ბალანსი შეინარჩუნოს ერთი მხრივ ევროკავშირსა და NATO-სთან, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რისი გამოხატულებაცაა “აღმოსავლეთის გახსნის” პოლიტიკა რუსეთისა და ჩინეთისადმი. სწორედ ბალანსის მცდელობის გამოხატულებაა ისიც, რომ არ არსებობს ცალსახა ზუსტი პასუხი იმაზე თუ რამდენად წარმოადგენს უნგრეთი რუსეთის “ტროას ცხენს”[20] ევროპაში. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთის პოლიტიკა არის ბალანსირებული და პატრიოტული, მათი მოტივი ეკონომიკური ზრდაა, ხოლო მათი პარტნიორების რიცხვი მხოლოდ NATO-თი და ევროკავშირით არ შემოიფარგლება[21].

როგორც თავად უნგრეთის პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია, რუსეთი არც მტერია და არც მეგობარი[22]. გადამწყვეტია მხოლოდ ეროვნული ინტერესები, რომლებიც კარნახობს გადაწყვეტილების მიმღებთ როდის გამოიჩინონ მტრობა და როდის მიმართონ თანამშრომლობას. სწორედ ამ მოვლენების დასტურია უკანასკნელ პერიოდში ორბანის მიერ ჯერ კრემლში სტუმრობა და რუსეთისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, ხოლო შემდეგ კი რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რუსეთის აგრესიული ქმედებების გაკრიტიკება და მისი SWIFT-დან გათიშვაზე საბოლოო თანხმობა. თუმცა მმართველი პარტიის მიერ პრაგმატულად შეფასებული პოლიტიკა სხვა ევროპულ სახელმწიფოებში დიდ აღშფოთებასა და ეჭვებს იწვევს. იმ პირობებში კი, როცა ევროკავშირის პოლიტიკაში გარდამტეხი მომენტი დადგა და რუსეთთან უწინდებური დიპლომატიური და ნაკლებად ხისტი რიტორიკა დასრულდა, მნიშვნელოვანია უნგრეთმაც მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. სწორედ ამიტომ საინტერესოა რამდენად შეძლებს უნგრეთი ჩვეული ბალანსის შენარჩუნებას.

 

ავტორი:ლეილა ჩხეტიანი

ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელწმიფო უნივერისტეტი

საერთაშორისო ურთუერთობების ფაკულტეტი

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 BBC News. “Hungary PM Orban Condemns EU Sanctions on Russia”. August 15, 2014. sec. Europe.ბმული.

Org.“Paks Nuclear Power Plant Deal: In Spite of Protests, Hungary Will Move Forward and Accept Russian Financing.” February 28, 2014. ბმული.

Deutsche Welle. “Germany Suspends Nord Stream 2 Pipeline”. February 23, 2022. ბმული.

Deutsche Welle, “Hungarians Protest Orban’s Ties to Russia”, January 2, 2015. ბმული.

Deutsche Welle. “Viktor Orban: Era of ‘liberal Democracy’ Is over”. May 10, 2018. ბმული

Freedom House. “Hungary: Country Profile.” n.d. Accessed March 1, 2022. ბმული.

Hungary Today. “Foreign Minister: Hungary Not Blocking Russia Sanctions”. February 26, 2022. ბმული.

Hungary Today. “Hungary Signs 15-Year Gas Contract with Gazprom.” September 28, 2021. ბმული

Hungary Today. “Szijjártó: Hungary Foreign Policy ‘Balanced and Patriotic’, Focuses on Economy”. August 26, 2020. ბმული.

Levitsky, Steven, and Way, Lucan. “Elections Without Democracy: The Rise of Competitive Authoritarianism”. Journal of Democracy 13, no. 2 (April 2002): 51-65.

Rácz, András. “Authoritarian Ties: The Case of Russia and Hungary”. Willson Center. October 22, 2021, ბმული.

Radio Free Europe. “Orban Requests Increase In Russian Gas Imports During Meeting With Putin”. February 1, 2022. ბმული.

Rankin, Jennifer. “MEPs Vote to Pursue Action against Hungary over Orbán Crackdown.” The Guardian,September 12, 2018, sec. World news. ბმული.

“Hungary Will Not Allow Lethal Weapons for Ukraine to Transit Its Territory – FM”. February 28, 2022. ბმული.

Russell Hotten,“Ukraine Conflict: What Is Swift and Why Is Banning Russia so Significant?”. BBC News. February 27, 2022. ბმული

Sengupta, Kim. “Ukraine’s Fears over Close Russia and Hungary Ties Stretch beyond Putin and Orban.” The Independent. February 3, 2022. ბმული.

Spike, Justin. “Hungary’s Orban faces pressure to cut close ties with Putin”. Washington Post. March 1, 2022. ბმული.

Traynor, Ian. “EU Chief Warns Hungary over Return of Death Penalty Comments.” The Guardian. April 30, 2015, sec. World news. ბმული.

Vaski, András. “Russia: Friend or Foe?”. Hungary Today. November 15, 2020. ბმული

Végh, Zsuzsanna . “Hungary’s ‘Eastern Opening’ Policy toward Russia: Ties That Bind?”. International Issues & Slovak Foreign Policy Affairs 24, no. 1–2 (2015): 47–65. ბმული.

Woodard, Colin. “Europe’s New Dictator”, n.d. POLITICO Magazine. Accessed March 1, 2022. ბმული.

 


 

[1] Russell Hotten,“Ukraine Conflict: What Is Swift and Why Is Banning Russia so Significant?,” BBC News. February 27, 2022. ბმული.

[2] Hungary Today, “Foreign Minister: Hungary Not Blocking Russia Sanctions”, February 26, 2022. ბმული.

[3] Reuters, “Hungary Will Not Allow Lethal Weapons for Ukraine to Transit Its Territory – FM”, February 28, 2022. ბმული.

[4] Freedom House, “Hungary: Country Profile”, n.d. Accessed March 1, 2022. ბმული.

[5] Steven Levitsky, and Lucan Way. “Elections Without Democracy: The Rise of Competitive Authoritarianism”. Journal of Democracy13, no. 2 (April 2002): 51-65.

[6] Zsuzsanna Végh. “Hungary’s ‘Eastern Opening’ Policy toward Russia: Ties That Bind?” International Issues & Slovak Foreign Policy Affairs 24, no. 1–2 (2015): 47–65. ბმული.

[7] Bellona.Org., “Paks Nuclear Power Plant Deal: In Spite of Protests, Hungary Will Move Forward and Accept Russian Financing.” February 28, 2014. ბმული.

[8] Hungary Today, “Hungary Signs 15-Year Gas Contract with Gazprom.” September 28, 2021. ბმული.

[9] Deutsche Welle, “Germany Suspends Nord Stream 2 Pipeline”, February 23, 2022. ბმული.

[10] Radio Free Europe, “Orban Requests Increase In Russian Gas Imports During Meeting With Putin”, February 1, 2022. ბმული.

[11] Kim Sengupta, “Ukraine’s Fears over Close Russia and Hungary Ties Stretch beyond Putin and Orban.” The Independent. February 3, 2022. ბმული.

[12] BBC News, “Hungary PM Orban Condemns EU Sanctions on Russia,” August 15, 2014, sec. Europe. ბმული.

[13] Deutsche Welle, “Viktor Orban: Era of ‘liberal Democracy’ Is over”, May 10, 2018. ბმული.

[14] Colin Woodard, “Europe’s New Dictator”, n.d. POLITICO Magazine. Accessed March 1, 2022. ბმული.

[15] Jennifer Rankin, “MEPs Vote to Pursue Action against Hungary over Orbán Crackdown.” The Guardian, September 12, 2018, sec. World news. ბმული.

[16] Ian Traynor, “EU Chief Warns Hungary over Return of Death Penalty Comments.” The Guardian, April 30, 2015, sec. World news. ბმული.

[17] Deutsche Welle, “Hungarians Protest Orban’s Ties to Russia”, January 2, 2015. ბმული.

[18] Justin Spike, “Hungary’s Orban faces pressure to cut close ties with Putin”, Washington Post, March 1, 2022. ბმული.

[19] András Rácz, “Authoritarian Ties: The Case of Russia and Hungary”, Willson Center,  October 22, 2021, ბმული.

[20] Zsuzsanna Végh. “Hungary’s ‘Eastern Opening’ Policy toward Russia: Ties That Bind?” International Issues & Slovak Foreign Policy Affairs 24, no. 1–2 (2015): 47–65. ბმული.

[21] Hungary Today, “Szijjártó: Hungary Foreign Policy ‘Balanced and Patriotic’, Focuses on Economy.” August 26, 2020. ბმული.

[22] András Vaski, “Russia: Friend or Foe?”. Hungary Today. November 15, 2020. ბმული.