27/02/2022 By yatage
რუსეთი ევრაზიულ კავშირში: სხვაობა დეკლარირებულ და რეალურ ინტერესებს შორის
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი ეხება რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ანალიზს ახალი რეგიონული ორგანიზაციის ჭრილში, რომელსაც რუსეთი განიხილავს, როგორც საკუთარი გავლენისა და პოზიციების გამყარების საშუალებას. ეს საკითხი თანამედროვე საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესებს შორის იმითაა გამორჩეული, რომ კარგად იკვეთება ფუნდამენტური განსხვავებები რუსეთის მიერ ოფიციალური განცხადებების/ დოკუმენტების გზით გაჟღერებულ ინტერესებსა და რეალურად არსებულ, ნაგულისხმევ ინტერესებს შორის. შესაბამისად, ეს თემა რუსეთის გეოპოლიტიკური თამაშის გეგმის ერთ-ერთი აქტუალური ნაწილია და მასში განხილული ინტერესების საპირისპირო ხასიათი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის სტრატეგიას მოცემულ რეგიონში. მიუხედავად საინტერესო საკითხისა, მასაც აქვს თავისი პრობლემური მხარე, კერძოდ, წარმოდგენილია წინააღმდეგობრივი მოსაზრებები ორგანიზაციის მუშაობის სტრუქტურასთან დაკავშირებით. ამრიგად, ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტებზე დაყრდნობით საჭიროა გავაანალიზოთ მოვლენების განვითარება ევრაზიულ კავშირში და რუსეთის შეხედულებები თავისი ინტერესების მიმართ.
ორგანიზაციის მახასიათებლები და მოკლე ისტორია
საყურადღებოა, რომ დღევანდელი ევრაზიული კავშირი წარმოადგენს რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციას, რომლის საფუძველია ხელშეკრულება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ (2014 წლის 29 მაისი). მართალია მან ფუნქციონირება დაიწყო 2015 წლის 1 იანვრიდან (რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის შეთანხმებით), მაგრამ მას ,,წინაპარი’’ ორგანიზაციაც ჰყავს- საუბარია ევრაზიულ ეკონომიკურ თანამეგობრობაზე (რუს. ,,ЕврАзЭС”), რომელიც 2001-2014 წლებში ახორციელებდა თავის დანიშნულებას[1]. ამჟამად ევრაზიული კავშირის წევრია 5 სახელმწიფო (რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი; სომხეთი (2015 წლის 2 იანვრიდან) და ყირგიზეთი (2015 წლის 12 აგვისტოდან) ) და 2 არაწევრი, დამკვირვებლის სტატუსით – კუბა და უზბეკეთი.
ოფიციალურ დოკუმენტებში დეკლარირებული ინტერესები
რაც შეეხება ევრაზიული კავშირის დანიშნულებას, ის ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის 2020 წლის სტრატეგიაში (ე.წ. ,,Новая модель роста”), სადაც ნახსენებია ორგანიზაციის გადამწყვეტი როლი საგარეო ვაჭრობის განვითარებაში და სხვა ეკონომიკურ ორგანიზაციებთან შემდგომ ინტერგაციაში[2]. ევრაზიული კავშირის როლზე საუბარია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაშიც (2016 წ), სადაც მეოთხე თავის (რეგიონალური პრიორიტეტების შესახებ) 51-ე პუნქტში დეკლარირებულია, რომ ,,ევრაზიული კავშირის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბება ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს შორის’’ [3]. გარდა ამისა, კავშირი ითვალისწინებს წევრი- ქვეყნების ეროვნული ეკონომიკების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და ფინანსურ სექტორებში; მოწოდებულია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისკენ; ორგანიზაციამ აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ,,4 თავისუფლების’’ (იგულისხმება საქონელი, მომსახურება, კაპიტალი და სამუშაო ძალა) დაცულობა ევრაზიული კავშირის ფარგლებში და მათი ეფექტური გადაადგილება[4] .
პოლიტიკური განცხადებები ევრაზიულ კავშირზე
რუსეთის დეკლარირებულ ინტერესებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (რუს. ,,ЕАЭС’’) ასევე ნათლად წარმოაჩენს რუსეთის პოლიტიკური სპექტრის განცხადებები. მათგან აღსანიშნავია 2011 წლის ოქტომბერში რფ-ის ექს-პრემიერ მინისტრის (და დღევანდელი შეუცვლელი პრეზიდენტის), ვლადიმირ პუტინის ვერბალური გზავნილები ევრაზიული კავშირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, როდესაც მან აქცენტი გააკეთა ორგანიზაციის ,,გამაერთიანებელ ფუნქციაზე ევროპის კონტინენტსა და აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონს შორის’’ და დაამატა, რომ ,,ის საფუძველს ჩაუყრის მსოფლიოს ახალი ძალის პოლუსს’’ [5].
პუტინის 2016 წლის ივნისის, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა კი ადასტურებს ინტეგრაციის იდეას, რაც მიზნად ისახავს ევრაზიული კავშირის, როგორც გაერთიანების თანამშრომლობას ასეანის წევრ-სახელმწიფოებთან, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და ცალკეულ ქვეყნებთან, მაგალითად, ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან და პაკისტანთან [6]. ამას ამყარებს ისიც, რომ ამავე ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა იხმარა ცნება ,,დიდი ევრაზია’’, რომლის მთავარი დანიშნულებაა ევრაზიული კავშირის არეალის იდენტიფიცირება, რათა უზუნველყოფილ იქნას ერთიანი ეკონომიკური სივრცის პრინციპი და აგრეთვე მომგებიანი სავაჭრო სივრცის შექმნა პარტნიორ ქვეყნებთან [7]. თუმცა, მიუხედავად ამ ტერმინის ასეთი ინტერპრეტაციისა, უნდა ვახსენოთ ისიც, თუ რასთან არის დაკავშირებული ,,დიდი ევრაზიული მოდელი’’. საქმე იმაშია, რომ პუტინი, განსაკუთრებით თავისი პრეზიდენტობის მესამე ვადის დაწყებიდან (2012 წლიდან გაურკვეველ პერიოდამდე), აქტიურად იყენებს ე.წ. ,,ძერჟავნიკულ’’ მეთოდებს საგარეო პოლიტიკაში. საუბარია პოსტსაბჭოთა სივრცის კონტროლზე (მათ შორის ეკონომიკური საშუალებების გამოყენებით), საგარეო საფრთხეების აქცენტსა და გეოპოლიტიკაზე, რაც ჯამში ქმნის ევრაზიონისტულ მიდგომებს.
რუსი ექსპერტების დამოკიდებულება
რუსი ექსპერტები ხშირად აკეთებენ ევრაზიული კავშირის მხარდამჭერ შეფასებებს. მათი უმრავლესობა რუსეთის ინტერესებს აიგივებს ევრაზიული კავშირის ინტეგრაციასთან, მის ტექნოლოგიურ განვითარებასთან, საინფორმაციო ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სისტემების კოორდინაციასთან და სხვა. ასევე ისინი მიიჩნევენ, რომ კავშირის ერთ-ერთი მიზანია აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ეკონომიკური შესვლა (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ასეანი) და ეკონომიკური კორიდორის ეფექტური ფუნქციონირება (მაგალითად, ჩინეთთან პარტნიორობა ,,აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის’’ ფარგლებში და ა.შ.) [8]
დასავლეთის შეფასება ევრაზიულ კავშირზე
პუტინისა და რუსი ექსპერტების ამგვარი რიტორიკა ნახევრად-სიმართლეს უფრო ემსგავსება, რასაც ადასტურებს დასავლური მედიისა და პოლიტიკოსების წარმომადგენლებიც. მაგალითად, Bloomberg-ის გამოცემაში, ევრაზიული კავშირის დაარსება შეფასებულია, როგორც წარუმატებელი ინიციატივა. ამის მიზეზი კი წევრი-სახელმწიფოების ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის შეუსაბამობაა. კონკრეტულად, მაშინ როდესაც ჩინეთი ითვლება ყირგიზეთის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად, ევროკავშირი ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს რუსეთისვის, სომხეთისა და ყაზახეთისთვის [9]. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არსი დაკავშირებულია იმგვარ რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციასთან, რომელიც რეკლამირებას უკეთებს მის სამუშაო ინსტიტუტებსა და ლიდერების სამიტებს, ხოლო რეალური წინსვლა მის საქმიანობაში არ შეინიშნება[10] . კიდევ ერთი შეფასება ეკუთვნის აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, როდესაც მან ეუთოს მე-19 მინისტრთა საბჭოს სხდომაზე (2012 წლის დეკემბერში) უკმაყოფილება გამოთქვა ეკონომიკური ინტეგრაციის ახალ პროექტზე (აშშ-ს რუსეთთან იმდროინდელი ,,გადატვირთვის პოლიტიკის’’ მიუხედავად) და განაცხადა, რომ ,,რფ-ის ეს ქმედებები მიმართულია საბჭოთა წყობილების გარკვეული აღდგენისკენ, რასაც აშშ ეწინააღმდეგება და არ დაუშვებს კავშირის ინსტიტუციურ განვითარებას რეგიონში’’[11].
რუსეთის რეალური ინტერესები
ზემოაღნიშნული ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად უწყობს ხელს ევრაზიული კავშირის პოპულარობას და ცდილობს მისი ინტეგრაციის გაღრმავებას. ცხადია, რომ რუსეთის ქმედებები მიმართულია მისი დეკლარირებული ინტერესების უკეთ წარმოჩენისკენ/დაცვისკენ და შთაბეჭდილების შექმნისკენ, რომ თითქოს ევრაზიული კავშირი წარმატებით ფუნქციონირებს. მაგრამ, ამავე დროს იბადება კითხვა: თუ რფ ასე დაჟინებით ცდილობს საკუთარი ,,სიმართლის’’ დამტკიცებას, მაშინ რატომ მეტყველებენ რეალური ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები ამის საპირისპიროზე ?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ევრაზიულ კავშირს იყენებს საგარეო-პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. კერძოდ, ლაპარაკია ენერგეტიკულ ბერკეტებზე (ნავთობსა და გაზზე), რომლებიც ემსახურებიან რეგიონში რუსული ლობიზმის გამყარებას და ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებული ნებისმიერი თემის პოლიტიზირებასთან [12]. ამას ადასტურებს ის არგუმენტი, რომ რუსეთის მიერ ინიცირებული ინტეგრაციული სტიმული გამოწვეულია წევრი-სახელმწიფოების სურვილით, მიიღონ დამატებითი ფინანსური კეთილდღეობა. ეს კონკრეტულად გამოიხატება ენერგეტიკული რესურსების (ნავთობის და გაზის ანუ რუსეთის ყველაზე ფართო სავაჭრო სექტორის) ექსპორტის შედეგად მიღებული სახსრების გამოყენებაში სახელმწიფოთა (განსაკუთრებით, სომხეთის, ყირგიზეთის და ბელარუსის) ეროვნული ეკონომიკების გასაძლიერებლად. ასეთ შემთხვევაში რუსეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას მისი ფინანსური რესურსების შემცირების გამო, რომლებიც ნაწილდება დანარჩენ წევრებზე. შედეგად, რუსეთის მშპ-ს მაჩვენებელი 2015-2019 წლებში ფაქტობრივად უმნიშვნელოდ იზრდებოდა (2016 წ = – 0,2%; 2017 წ = 1,3%; ხოლო 2018-2019 წლებში მშპ-ს მაჩვენებელი არ შეცვლილა და 1,4% შეადგინა), მაშინ, როდესაც დანარჩენ წევრებს მკვეთრი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ [13] . თუმცა, თუ ვითარებას განსხვავებულად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ასეთი სტრატეგიით რუსეთი საბოლოოდ ისრულებს მიზანს – რეგიონის ქვეყნების გეოპოლიტიკურ დაქვემდებარებას ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით [14] . ეს ფაქტი შეიძლება დამტკიცდეს გეოგრაფიული ფაქტორითაც, როდესაც ევრაზიულ კავშირში შემავალი სახელმწიფოები მდებარეობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონებში (ბელარუსი- აღმოსავლეთ ევროპაში; სომხეთი- სამხრეთ კავკასიაში; ხოლო ყაზახეთი და ყირგიზეთი- ცენტრალურ აზიაში). ამგვარად, დასავლეთის წარმომადგენლებისა და ექსპერტების არგუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობს საბჭოთა იმპერიული გავლენის აღდგენას, სიმართლეს შეესაბამება და გასათვალისწინებელია.
მეორე არგუმენტი დაკავშირებულია ევრაზიული კავშირის მოთამაშეების არაპროპორციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში კავშირის საერთო სავაჭრო ტვირთბრუნვა 55 მლრდ დოლარიდან გაიზარდა 65 მლრდ დოლარამდე (რასაც რუსეთი სიამაყით აღნიშნავს), მასში რუსეთის წილი საკმაოდ მაღალია (დაახლ.41 მლრდ $) დანარჩენ წევრებთან შედარებით (ბელარუსი- 15,8 მლრდ $; ყაზახეთი – 6,9 მლრდ $; სომხეთი- 800 მლნ $ და ყირგიზეთი-676 მლნ $) [15] . ეს კი გარდაუვლად იწვევს ეკონომიკურ და შედეგად, პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციაზე.
კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც რუსეთი არ აღიარებს, არის ჩინეთის ეკონომიკური შეკავების სურვილი ცენტრალური აზიის რეგიონში. მიუხედავად თანამშრომლობის გაღრმავების გაჟღერებული სურვილისა (რუსეთის ინიციატივები ჩინეთის ,,აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის’’ ან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მისამართით), რუსეთი ცდილობს არ დაუშვას ჩინეთის გაბატონება რეგიონში და ამის განსახორციელებლად იყენებს ევრაზიულ კავშირს. კერძოდ, ყაზახეთი და ყირგიზეთი რუსეთზე დამოკიდებულნი არიან იმპორტის თვალსაზრისით (მაგალითად, ყაზახური იმპორტის 35% რუსეთიდანაა, რაც აღემატება ევროკავშირისა და ჩინეთის ჯამურ მაჩვენებელსაც კი), ხოლო სომხეთი და ყირგიზეთი აქტიურად იყენებენ რუსეთის საექსპერტო ბაზარს.
პოლიტიკურ დღის წესრიგში მდგარი უკრაინის მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა რუსეთის იმპერიალისტური, ,,ძერჟავნიკული’’ ტენდენციებისა. ამ კუთხით უნდა ვახსენოთ ქალაქების-დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ,,დამოუკიდებლობის’’ აღიარება რუსეთის მხრიდან,რაც თავისთავად განაპირობებს მისი გავლენის სფეროების გაზრდას ამ რეგიონებში. სწორედ ამის გამო შეიძლება იმის ვარაუდი, რომ რუსეთი აქტიურად გამოიყენებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბერკეტებს (ფინანსურ რესურსებს) ამ რეგიონების კიდევ უფრო დაქვემდებარების მიზნით.
დასკვნა
შეჯამების სახით აუცილებლად უნდა ითქვას ის გარემოება, რომ რუსეთს ევრაზიულ კავშირში აქვს როგორც დეკლარირებული (გაჟღერებული), ისე რეალური (ფარული) ინტერესები. შესაბამისად, მეორე კატეგორიის ცოდნა და ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ რუსეთის ნამდვილი მოტივები, რაც შემდეგში მდგომარეობს- პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, ევრაზიული კავშირის წევრებთან ურთიერთობებში იმპერიალისტური ტენდენციების არსებობა და წარსული გავლენის აღდგენის სურვილი; ასევე საკუთარი ეკონომიკური ზრდის (დონის) განზრახ შეფერხება რეგიონზე გავლენის შენარჩუნების სანაცვლოდ და ჩინეთის ეკონომიკური შეკავება ცენტრალურ აზიაში.
ავტორი:თამაზ ჩხენკელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოყენებული ლიტერატურა
Matlack,Carol. Putin’s Eurasian Union looks like a bad deal,even for Russia. Bloomberg Businessweek; May 29, 2014.Retrieved from https://www.bloomberg.com/news/articles/2014-05-29/putin-s-eurasian-union-looks-like-a-bad-deal-even-for-russia; last seen February 6,2022
Mostafa,G. & Magmood,M. (2018). Eurasian Economic Union: Evolution,challenges and possible future directions. Journal of Eurasian Studies; retrieved from https://journals.sagepub.com/doi/pdf/10.1016/j.euras.2018.05.001
Russia and regional organizations. Russian analytical digest ,No.76, April 15, 2010; pp.2-3. Retrieved from https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvbWFpbnxydWZwMm1hfGd4OjQwZTk0MDgwMjRlMGU1Mzc ; last seen February 5,2022
Schenkkan,N. (2014).Eurasian disunion.Why the union might not survive. Foreign Affairs ; retrieved fromhttps://relooney.com/NS4053/00_NS4053_251.pdf
Абрамов В.Л., Абрамова О.Д. Экономические интересы России и ЕАЭС при формировании большого евразийского партнерства; Москва, 2017, стр.276-286. Научный журнал,,Вопросы Политологии”-выпуск 4(28)
[1] Russia and regional organizations. Russian analytical digest ,No.76, April 15, 2010; pp.2-3. Retrieved from https://docs.google.com/viewer?a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvbWFpbnxydWZwMm1hfGd4OjQwZTk0MDgwMjRlMGU1Mzc ; last seen February 5,2022
[2] Стратегия-2020:Новая модель роста-новая социальная политика.2013,Москва, Издательский дом ,,Дело”; стр.92-106. Retrieved from http://2020strategy.ru/data/2012/03/14/1214585998/1itog.pdf
[3] Концепция внешней политики РФ (2016 г.). Kremlin.ru http://static.kremlin.ru/media/events/files/41d447a0ce9f5a96bdc3.pdf
[4] Бабаев,Т.В. Экономические интересы Российской Федерации в ЕАЭС; Научный электронный журнал,,Академическая публицистика”, декабрь,2018. стр.93-95. Научно-издательский центр,,Аэтерна”, Retrieved from https://aeterna-ufa.ru/sbornik/AP-2018-12.pdf#page=94
[5] Карнеги Центр. Новое прочтение,,Евразийского проекта”. https://carnegieendowment.org/2011/11/01/ru-event-3456 ; published November 1,2011.
[6] Пленарное заседание Петербургского международного экономического форума; Июнь 17, 2016. Kremlin.ru http://kremlin.ru/events/president/news/52178
[7] Кузьмина,Е. «Большая Евразия»: интересы и возможности России при взаимодействии с Китаем; 2017. Стр.231-238; Национальный исследовательский институт мировой экономики и международных отношений им. Е. М. Примакова Российской Академии наук, Москва
[8] Абрамов В.Л., Абрамова О.Д. Экономические интересы России и ЕАЭС при формировании большого евразийского партнерства; Москва, 2017, стр.276-286. Научный журнал,,Вопросы Политологии”-выпуск 4(28)
[9] Matlack,Carol. Putin’s Eurasian Union looks like a bad deal,even for Russia. Bloomberg Businessweek; May 29, 2014. Retrieved from https://www.bloomberg.com/news/articles/2014-05-29/putin-s-eurasian-union-looks-like-a-bad-deal-even-for-russia; last seen February 6,2022
[10] Schenkkan,N. (2014).Eurasian disunion.Why the union might not survive. Foreign Affairs ; retrieved from https://relooney.com/NS4053/00_NS4053_251.pdf
[11] Клинтон: США не допустят возрождения СССР. РТ на русском. December 7, 2012. Retrieved from https://russian.rt.com/article/1787 ; last seen February 6,2022
[12] პატარაია,ლ. (ივლისი,2015). ევრაზიული კავშირი – შავი ჭირი, რომელზეც ჩვენ უარს ვამბობთ! Forbes Georgia ; retrieved from https://forbes.ge/blogs/e1-83-94-e1-83-95-e1-83-a0-e1-83-90-e1-83-96-e1-83-98-e1-83-a3-e1-83-9a-e1-83-98-e1-83-99-e1-83-90-e1-83-95-e1-83-a8-e1-83-98-e1-83-a0-e1-83-98-e1-83-a8-e1-83-90-e1-83-95-e1-83-98-e1-83-ad/ ბოლო ნახვა- 5/02/2022
[13] Mostafa,G. & Magmood,M. (2018). Eurasian Economic Union: Evolution,challenges and possible future directions. Journal of Eurasian Studies; retrieved from https://journals.sagepub.com/doi/pdf/10.1016/j.euras.2018.05.001
[14] პაპავა, ვლადიმერ. (2016) საქართველოს არჩევანი:ევროკავშირი თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ექსპერტის აზრი #50, გვ.3-8; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.
[15] Евразийская Экономическая Комиссия- Статистика внешней и взаимной торговли товарами. http://www.eurasiancommission.org/ru/act/integr_i_makroec/dep_stat/tradestat/Pages/default.aspx