E ISSN 2587-5396

ინტერმარიუმი: თეორია და პრაქტიკა

17/02/2022 By yatage

ინტერმარიუმი: თეორია და პრაქტიკა

 შესავალი

„ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ხელმძღვანელობს ჰართლენდს; ვინც მართავს ჰართლენდს, ხელმძღვანელობს მსოფლიო კუნძულს; ვინც მართავს მსოფლიო კუნძულს, ხელმძვანელობს მსოფლიოს“[1],- ასე აღნიშნა სერ ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. მსოფლიო ისტორია იცნობს უამრავ გეოპოლიტიკურ პროექტს. ზოგიერთი მათგანი წარსულს ჩაბარდა, ზოგი კი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ასეთია ინტერმარიუმის კონცეფციაც, რომელიც თითქმის საუკუნის წინ პოლონეთის მეორე რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა და ბოლო ათი წელია კვლავ გახდა ფართო განხილვის საგანი.  ინტერმარუმი (პოლონურად „მეჟდუმორიე“ („Międzymorze“), რაც სიტყვასიტყვით „ზღვისშუას“ ნიშნავს) არის გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს შავი, ბალტიისა და ეგეოსის ზღვების გაერთიანებას ერთ ძალაში, რომელიც ჰყოფს გერმანიასა და რუსეთს. ინტერმარიუმი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ერთობას ისახავდა მიზნად, [2]რომლის დამფუძნებელ მამად პოლონელი სახელმწიფო მოღვაწე იუზეფ პილსუდსკი ითვლება. 1920-იან წლებში მან ჩამოაყალიბა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნების კონფედერაციული გაერთიანების იდეა. იმავე საუკუნეში ინტერმარიუმის იდეა არაერთხელ გადაისინჯა სხვა პოლონელი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის მიერ. დღეს ინტერმარიუმის გამოვლინებად შეგვიძლია ჩავთვალოთ სხვადასხვა რეგიონალური ორგანიზაცია და გაერთიანება, რომელიც სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში შეიქმნა.

ინტერმარიუმის კონცეფციის საფუძვლები

ინტერმარიუმის კონცეფციის საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში იაგელონების იდეა, რომელიც ითვალისწინებდა პოლონური და ლიეტუვური სახელმწიფოების გაერთიანებას საერთო მტრის, ტევტონების წინააღმდეგ.[3] 1569 წელს პოლონურ-ლიეტვურმა კავშირმა მიგვიყვანა ლიუბლინის უნიამდე. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ახალი სახელმწიფო- რეჩ პოსპოლიტა. თავის ზეობის ხანაში ქვეყანა მოიცავდა თითქმის 1 მლნ. კვ. კმ. და ვრცელდებოდა დღევანდელი პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვასა და რუსეთის ტერიტორიებზე, ნაწილობრივ ან მთლიანად.  შესაბამისად იგი ევროპაში სიდიდით მეორე იყო საღვთო რომის იმპერიის შემდგომ. მაშასადამე, მის გეოგრაფიულ არეალში ხვდებოდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები, რომელიც ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვისა და ვაჭრობისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. რეჩ პოსპოლიტას სიძლიერე 1683 წლის ვენის ბრძოლაშიც ნათლად გამოიხატა, როდესაც მან ევროპა გადაარჩინა ოსმალების ექსპანსიისგან. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ქვეყანა დეცენტრალიზაციისა და ომების გამო საბოლოდ დაიშალა და მის მიწებზე გაბატონდნენ რუსები, ავსტრიელები და პრუსიელები. აღსანიშნავია, რომ დაშლის მიუხედავად რეჩ პოსპოლიტას შემადგენლობაში შემავალმა ერებმა თავიანთი იდენტობა, ენა და მეხსიერება შეინარჩუნეს.
პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენას ცდილობდა კნიაზ ადამ ჩარტორისკი. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1830 წლის პოლონეთის აჯანყებაში. ჯანყის ჩახშობის შემდეგ მას სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა მან მოასწრო საფრანგეთში გაქცევა[4]. ჩარტორისკი ემიგრაციაში აგრძელებდა ბრძოლას და ის ცდილობდა მსხვილი სახელმწიფოების ჩართვას პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის ბრძოლაში. ასევე მის გეგმებში შედიოდა რეჩ პოსპოლიტას აღდგენა და სხვა ცენტრალური ევროპის ერებთან კავშირის ან კონფედერაციის შექმნა. ამ კავშირში უნდა შესულიყვნენ ჩეხები, სლოვაკები, უნგრელები, სერბები, რუმინელები და სხვები, თუმცა ჩარტორისკის გეგმები ვერ განხორციელდა[5]

ინტერმარიუმის კონცეფციის ჩამოყალიბება და მისი გადასინჯვა: იუზეფ პილსუდსკისა და გედროიც-მეროშევსკის იდეები

პირველი მსოფლიო ომის შედეგად პოლონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა. ახალწარმოქმნილი სახელმწიფოს ლიდერი იუზეფ პილსუდსკი გახდა (1918-1935), რომელიც შეუდგა ყოფილი რეჩ პოსპოლიტას ისტორიული მიწების აღდგენას. პილსუდსკიმ ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკური კონცეფცია ინტერმარიუმი, რომელიც ითვალისწინებდა ისტორიული რეჩ პოსპოლიტას შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანებას. უპირველეს ყოვლისა ეს ეხებოდა პოლონეთს, უკრაინას, ბელარუსსა და ლიეტუვას. ინტერმარიუმის სახით უნდა გაჩენილიყო გარკვეული ბუფერული ზონა გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის.[6] 1919-1920 წლებში იუზეფ პილსუდსკი ახალი, უფრო ფართო ფედერაციული ინიციატივით გამოვიდა- „აღმოსავლეთევროპული ერთა ლიგა“-ის სახით. ამ პროექტის ფარგლებში პოლონეთსა და ლიეტუვას კვლავ უნდა შეექმნათ ფედერაციული სახელმწიფო, ხოლო ბელარუსს ფართო ავტონომია მინიჭებოდა. უკრაინა და რუმინეთი უნდა შესულიყვნენ სამხედრო პოლიტიკურ კონფედერაციაში პოლონეთთან. ჩრდილოეთით ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს უნდა შეექმნათ „ბალტიური ბლოკი“, ხოლო კავკასიაში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდებოდნენ „კავკასიის ფედერაციულ სახელმწიფოში.“[7]  დამოუკიდებლობის წლებში პოლონეთს მოუწია ომი თითქმის ყველა მეზობელთან, შედეგად მან დაიპყრო ვილნიუსი, ბრესტი, ლვოვი, ტეშინის ოლქი და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები.
ინტერმარიუმის იდეამ ვერ მოიპოვა პოპულარობა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. პირველი მსოფლიო ომის შედეგად იმპერიების ნანგრევებზე აღმოცენილი ახალი ქვეყნები ეროვნული სახელმწიფოების შენების გზაზე იდგნენ და არ იყვნენ დაინტერესებული არანაირი ფედერაციული ან კონფედერაციული კავშირებით. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნებს უამრავი სასაზღვრო პრეტენზია ჰქონდათ ერთმანეთთან. შესაბამისად, ამ ფაქტორებმა განაპირობა პილსუდსკის იდეის წარუმატებლობა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, პილსუდსკის იდეის გამგრძელებელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუზეფ ბეკემ (1932-1939) პოლონეთის დასავლეთი და აღმოსავლეთი მეზობლების მიმართ „ბალანსის პოლიტიკას“ მიმართა. ინტერმარიუმი უნდა ყოფლიყო მესამე ძალა სსრკ-სა და გერმანიას შორის. მოგვიანებით ეს იდეა „მესამე ევროპის“ კონცეფციად გადაიქცა, რომელიც მიზნად ისახავდა პოლონეთის პოლიტიკური გავლენის გამყარებას ევროპაში. ამ ფედერაციის ბირთვი უნდა ყოფილიყო პოლონეთი, რუმინეთი და უნგრეთი, თუმცა ბეკის გეგმამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.[8]
პოლონეთის „გაწითლების“ შემდეგ ემიგრირებული პოლონური ელიტა ცდილობდა გადაესინჯა ინტერმარიუმის კონცეფცია. საფრანგეთში ემიგრირებულმა ეჟი გედროიცმა დააფუძნა გამომცემლობა „ლიტერატურული ინსტიტუტი“ და ჟურნალი „კულტურა“, რომლის რედაქტორი იუზეფ პილსუდსკის იდეების გამგრძელებელი იყო. ის მტკიცედ მხარს უჭერდა პოლონელების, ლიეტუველების, ბელარუსებისა და უკრაინელების შერიგებასა და მათი სახელმწიფოებრიობის აღდგენას. „იაგელონის“ კონცეფციისგან განსხვავებით, „ლიტერატურის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა უარყვეს პოლონური რევანშიზმი. აქცენტი გაკეთდა საბჭოთა გავლენიდან ერთობლივი გამოსვლის საჭიროებაზე და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების დამყარებაზე.[9]ეჟი გედროიცს ერთხელ უთქვამს: „არ არსებობს დამოუკიდებელი პოლონეთი დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე.“[10] „კულტურას“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად ULB დოქტრინა ითვლება. ეს იდეა ითვალისწინებდა დამოუკიდებელი ლიეტუვას, ბელარუსისა და უკრაინის შექმნას. აღსანიშნავია, რომ იულიუშ მეროშევსკი ღიად ეწინააღმდეგებოდა „იაგელონების“ კონცეფციას და პოლონურ იმპერიალისტურ გამოვლინებებს.[11]
რეტროსპექტივაში დანახულმა ინტერმარიუმის კონცეფციამ გაიარა განვითარების ოთხი საფეხური: 1- იაგელონების იდეა და XVI საუკუნეში რეჩ პოსპოლიტას დაარსება, რომელმაც გააერთიანა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ერები; 2- XIX საუკუნის შუახანები, რომელიც უკავშირდება ადამ ჩარტორისკის ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების აღდგენას; 3- ომთაშორის პერიოდში უკავშირდება იუზეფ პილსუდსკის პოლიტიკას, რომელიც რეჩ პოსპოლიტას ისტორიული საზღვრების აღდგენას გულისხმობდა და შავი, ადრეატიკის და ბალტიის ზღვების სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობას; 4- მეოთე ეტაპი უკავშირდება ემიგრირებულ პოლონურ ინტელიგენციას, კერძოდ  გედროიცისა და მეროშევსკის იდეებს, და ინტერმარიუმის კონცეფციის გადასინჯვას, რომელიც გულისხმობდა უარის თქმას პოლონურ რევანშიზმზე და ტერიტორიულ პრეტენზიებზე. დღესდღეისობით სახეზეა ინტერმარიუმის მეხუთე ტალღის მიმდინარეობა, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციას.

ინტერმარიუმი პრაქტიკაში: ვიშეგრადის ოთხეული, „სამი ზღვის ინიციატივა“, ბუქარესტის ცხრიანი, ლიუბლინის სამკუთხედი

1990-იან წლების დასაწყისში სოციალისტური ბანაკის დაშლის შედეგად, პოლონეთი გამოვიდა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროდან და პროდასავლური კურსი აიღო. 1991 წელს პოლონეთი ევროპის საბჭოს წევრი გახდა, 1995 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა, 1999 წელს ნატოს, ხოლო 2004 წელს ევროკავშირს. ამავდროულად, პოლონეთის თაოსნობით ცენტრალურ და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში ახალი რეგიონალური გაერთიანებები იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი გაერთიენების საზღვრები ნაწილობრივ ინტერმარიუმის პროექტის საზღვრებს ემთხვევა. ათწლეულების შემდეგ პოლონეთს მიეცა შესაძლებლობა პრაქტიკაში განეხორციელებინა საუკუნოვანი გეოპოლიტიკური პროექტი, რომლის მთავარი განმახორციელებელი პოლონური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ გახდა.
ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა კვლავ გაზარდა ინტერესი ინტერმარიუმის კონცეფციის მიმართ, თუმცა 1920-იანი წლებისგან განსხვავებით, დღეს ამ პროექტს მხარს უჭერს არა მარტო პოლონეთი, არამედ უკრაინა, ლიეტუვა, რუმინეთი და ხორვატია. მიზეზი კი ისაა, რომ გასულ საუკუნეში ინტერმარიუმის კონცეფციამ ტრანსფორმაცია განიცადა. მართალია, პროექტი მარშალ პილსუდსკის გამოგონებაა, თუმცა გედროიცმა და მეროშევსკიმ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ კონცეფციის გადასინჯვაში. დღეს ინტერმარიუმი ფაქტობრივად ამ ორი ავტორის იდეებზე დგას. მათ უარყვეს პოლონური რევანშიზმი, იმპერიული ზრახვები და ტერიტორიული პრეტენზიები მეზობლების მიმართ.
    ვიშეგრადის ჯგუფი- პირველი ასეთი ინიციატივა 1991 წელს შექმნილი ვიშეგრადის სამიანი იყო, რომელიც 1993 წლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიის დაშლის შედეგად, ოთხეულად გადაიქცა (V4). ორგანიზაცია შეიქმნა ლეხ ვალენსას (პოლონეთი), ვაცლავ ჰაველის (ჩეხოსლოვაკია) და იოჟეფ ანტალას (უნგრეთი) ინიციატივით. დღეს მასში გაერთიანებულია ოთხი სახელმწიფო: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე წევრ სახელმწიფოებს შორის პოლონეთს ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური წონა გააჩნდა. ვიშეგრადის ოთხეულის თავდაპირველი მიზნები: სახელმწიფო დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სრული აღდგენა, სოციალურ, ეკონომიკურ და სასულიერო სფეროებში ტოტალიტარული სისტემის ყველა არსებული ასპექტის ლიკვიდაცია, საპარლამენტო დემოკრატიის, თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა; თანამედროვე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნა; მონაწილე ქვეყნების ინტეგრაცია ევროპის პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებში.[12] 2004 წელს ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მიუხედავად ყველა წარმატებისა, თავის ოცდაათწლიან ისტორიაში ვიშეგრადის ჯგუფი არც ერთხელ არ გაფართოვებულა. მართალია განიხილებოდა სლოვენიის, ავსტრიის, რუმინეთის, ხორვატიისა და უკრაინის წევრობა,[13] თუმცა ვეშეგრადის ქვეყნებმა ამ სახელმწიფოებთან უბრალო პარტიორული ურთიერთობა ამჯობინეს. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაცია გარკვეულ ჩაკეტილ რეგიონულ გაერთიანებად დარჩა.
    ბუქარესტის ცხრიანი- 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა კვლავ გაზარდა ინტერესი ინტერმარიუმის პროექტის მიმართ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის სასაზღვრო ქვეყნებში. 2015 წლის 4 ნოემბერს, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შეიქმნა ახალი ორგანიზაცია- „ბუქარესტის ცხრიანი“ (Bucharest Nine/ B9). გაერთიანების ინიციატორები რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გახდნენ. ორგანიზაციაში შევიდა აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ცხრა ქვეყანა: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი.[14] ყველა აღნიშნული სახელმწიფო 1999 და 2004 წლებში ნატოს წევრნი გახდნენ და დღეს ორგანიზაციის  აღმოსავლეთ ფლანგს წარმოადგენენ. „ბუქარესტის ცხრიანის“ მთავარი მიზნებია: სამხედრო თანამშრომლობის განვითარება წევრ ქვეყნებს შორის; ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება რუსეთის საწინააღმდეგოდ.[15] 2021 წლის 10 მაისს ბუქარესტში ჩატარებულ სამიტზე რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა აღნიშნა, რომ ნატოს აღმოსავლეთევროპულ წევრ სახელმწიფოებს სამხედრო კონტინგენტის გაზრდა სურთ. გარკვეულწილად B9 შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ნატოს რეგიონული ბლოკი, რომელიც შექმნილია აღმოსავლეთი ფლანგის რუსეთისგან დასაცავად.
    „სამი ზღვის ინიციატივა“- მეორე ფართო პროექტი, რომელიც განხორციელდა რეგიონში „სამი ზღვის ინიციატივა“ (Three Seas Initiative/ 3SI) იყო. ასევე ცნობილია „სამზღვის“ (ლათ. Trimarium) ან „ბალტიურ-ადრიატიკის-შავი ზღვის ინიციატივის“ (Baltic, Adriatic, Black Sea (BABS) Initiative) სახელით. პირველი სამიტი 2016 წლის 25-26 აგვისტოს, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ჩატარდა. შეხვედრის ინიციატორებია ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და, ისევ, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. „სამი ზღვის ინიციატივის“ წევრნი გახდნენ: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვენია და ხორვატი.[16] ავსტრიის გარდა, ყველა აღნიშნული ქვეყანა ყოფილ სოციალისტურ ბანაკში ან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე სამიტი ჩატარდა 2017 წლის 6 ივლისს ვარშავაში (პოლონეთი). სამიტს ესწრებოდა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა ორგანიზაციის პროექტები: სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა (TEN-T) და ევროკავშირის ენერგეტიკული პრინციპების შესრულება (three-seas.eu, 2017). ტრამპმა ხაზი გაუსვა პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამყარებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება ეკონომიკური თანამშომლობის მიმართ, რაზეც მეტყველებს ამონარიდი პრეზიდენტის სიტყვიდან: „ჩვენ ტაშს ვუკრავთ თქვენს ინიციატივას ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ ისტორიულ შესაძლებლობას გავარღმავოთ ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობა თქვენს რეგიონთან.“[17] მესამე სამიტი 2018 წლის 17-18 სექტემბერს ბუქარესტში ჩატარდა. დამტკიცდა „სამი ზღვის ინიციატივის“ მიზანი: ეკონომიკური განვითარებისთვის იმპულსის მიცემა, ევროკავშირის შერწყმის პოლიტიკის განვითარება და ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება (three-seas.eu, 2018).
    „ლიუბლინის სამკუთხედი“- 2020 წლის 28 ივლისს ლიეტუვას, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერს ერთობლივ  დეკლარაციას, სადაც განაცხადეს ახალი რეგიონალური ფორმატის თანამშრომლობის შესახებ- შეიქმნა ლიუბლინის სამკუთხედი. შეხვედრა დატვირთული იყო ისტორიულ-კულტურული მეტაფორებით, ვინაიდან შეხვედრის ადგილად შეირჩა პოლონეთის ქალაქი ლიუბლინი, რომელსაც სამი ქვეყნისთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ზუსტად აქ, 1569 წელს პოლონეთის სამეფომ და ლიეტუვას დიდმა სამეფომ ხელი მოაწერეს ლიუბლინის უნიას, რომლის შედეგად შეიქმნა რეჩ პოსპოლიტა. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პრეს-კონფერენცია ჩატარდა ლიუბლინის უნიის ძეგლის ფონზე. იმავე ქალაქში დისლოცირებულია ლიეტვურ-პოლონურ-უკრაინული ბრიგადა (LITPOLUKRBRIG), რომელიც შეიქმნა 2014 წელს საერთაშორისო სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად. აღნიშნული ბრიგადა კონსტანტინე ოსტროჯსკის სახელს ატარებს, რომელიც მეთაურობდა პოლონეთ-ლიეტუვას ჯარს 1514 წლის ომის დროს, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. დოკუმენტში ხაზგასმულია წევრი ქვეყნების მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირების შესახებ. აღინიშნა წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო და კულტურული კავშირების გამყარება და განვითარება. დეკლარაციაში ხაზგასმულია ევროკავშირის, ნატოს, აღმოსავლეთი პარტნიორების ქვეყნებისა და „სამი ზღვის ინიციატივის“ თანამშრომლობის აქტივიზაციის მნიშვნელობა. მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს პოლონეთ-უკრაინა-ლიეტუვას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაფართოვებისა და გაღრმავების შესახებ.  პოლონეთის, ლიეტუვასა და უკრაინის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის აგრესია უკრაინისადმი. საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში (mfa.gov.ua, 2020). ლიუბლინის სამკუთხედის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2021 წლის 20 დეკემბერს უკრაინის სოფელ გუტაში (ივანე-ფრანკოვსკის ოლქი). მას ესწრებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი. ქვეყნებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.[18]

დასკვნა

აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებიდან პოლონეთი გამორჩეული, ამბიციური და დიდი პოტენციალის მქონეა, რომლის მთავრობა კვლავ ცდილობს ააღორძინოს საუკუნოვანი გეოპოლიტიკური პროექტი „ინტერმარიუმი“ და აღსანიშნავია, რომ ამაში ქვეყანამ დიდ წარმატებებს მიაღწია. პოლონეთის თაოსნობით აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში შეიქმნა მთელი რიგი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანებები. ყველა მათგანში პოლონეთს ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წონა გააჩნია. ვიშეგრადის ჯგუფი, ბუქარესტის ცხრიანი, „სამი ზღვის ინიციატივა“, ლიუბლინის სამკუთხედი- ყველა ეს რეგიონალური გაერთიანება ინტერმარიუმის კონცეფციის პრაქტიკული გამოვლინებაა. მათგან ლიუბლინის სამკუთხედი ყველაზე მეტად ახლოს დგას პილსუდსკის კონცეფციასთან. დღეს ინტერმარიუმის კონცეფცია აქტუალურია ისე, როგორც არსდროს. ლიუბლინის სამკუთხედისა და ბუქარესტის ცხრიანის მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობენ რეგიონში სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ძალთა ბალანსს. მომავალში არ არის გამორიცხული ევროპაში ინტერმარიუმის ტიპის ახალი გაერთიანების გაჩენა ან არსებულების გაფართოვება. პერპექტივაში გეოპოლიტიკურ პროექტში შეიძლება ვიხილოთ ისეთი რეგიონები, როგორებიცაა სკანდინავია, ბალკანეთი, ამიერკავკასია და თურქეთი.

ავტორები: თენგიზ ჯანანაშვილი და გოჩა მიქაუტაძე

ივანე ჯავახიშვილის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • (2020, 03 07). W Wilnie odbędzie się spotkanie Bukaresztańskiej Dziewiątki. Retrieved from: http://l24.lt: http://l24.lt/pl/polityka/item/338180-w-wilnie-odbedzie-sie-spotkanie-bukaresztanskiej-dziewiatki [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • FARBER, M. (2017, July 6). Read Donald Trump’s Remarks at the Three Seas Initiative Summit in Poland. Retrieved from: https://time.com/4846780/read-donald-trump-speech-warsaw-poland-transcript/ [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Ilie, L., & Charlish, A. (2021, May 10). Romanian president says more NATO presence needed in Eastern Europe. Retrieved from: https://www.reuters.com/world/europe/biden-join-eastern-european-nato-states-summit-focus-seen-ukraine-2021-05-10/ [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Koprowski, M. (2008, 05 12). ULB czyli „Kultura” i Mieroszewsk. Retrieved from: https://kresy.pl/publicystyka/ulb-czyli-kultura-i-mieroszewski/ [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • gov.ua. (2020, July 28). Joint Declaration of Foreign Ministers of the Republic of Poland, the Republic of Lithuania and Ukraine on establishing Lublin Triangle. Retrieved from: https://mfa.gov.ua/en/news/joint-declaration-foreign-ministers-republic-poland-republic-lithuania-and-ukraine-establishing-lublin-triangle [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Pawłowski, K. (2020). Bukareszteńska Dziewiątka: współpraca państw wschodniej flanki NATO. Lubin: Instytut Europy Środkowej [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • Polskie Radio. (2022, 01 14). Adam Jerzy Czartoryski Krol ktorego nie bylo. Retrieved from: https://www.polskieradio.pl/39/156/Artykul/2435840,Adam-Jerzy-Czartoryski-Krol-ktorego-nie-bylo [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Roos, H. (2022, January 15). Poland. Retrieved from: https://www.britannica.com/place/Poland
  • three-seas.eu. (2017). THE SECOND SUMMIT OF THE 3 SEAS INITIATIVE Joint Declaration. Retrieved from:http://three-seas.eu/wp-content/uploads/2018/06/WARSAW.pdf
  • three-seas.eu. (2018). 2018 – BUCHAREST SUMMIT. Retrieved from: http://three-seas.eu/2018-summit/ [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • TKACZENKO, O. (2017, MAJA 25). Nie tylko Giedroyć. Rzecznicy polsko-ukraińskiego porozumienia. Retrieved from: https://pl.naszwybir.pl/5120-2/ [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • eu. (2022). Visegrad Declaration 1991. Retrieved from:https://www.visegradgroup.eu/documents/visegrad-declarations/visegrad-declaration-110412-2 [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Баранов, Н. А. (2019). Центрально-Восточная Европа в европейском политическом и историко-географическом контексте. Политическая экспертиза: ПОЛИТЭКС. 2019. Т. 15, № 2., 291-307 [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • Васильева, М. (2021, 12 20). Люблинский треугольник выступил за сдерживание Москвы. Retrieved from:https://ru.euronews.com/2021/12/20/lublin-tirangle-against-russian-agression [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Гольцов, А. Г. (2016). Региональный геополитический проект «Междуморье»: перспективы реализации. Сравнительная политика, 95-107 [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • Ларуэль, М., & Ривера, Э. (2019). Концепция Междуморья: от Пилсудского до Трампа. Москва: «Издательство «Кучково поле». Retrieved from: https://www.invissin.ru/reports/%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%86%D0%B5%D0%BF%D1%86%D0%B8%D1%8F%20%D0%9C%D0%B5%D0%B6%D0%B4%D1%83%D0%BC%D0%BE%D1%80%D1%8C%D1%8F%20-%20%D0%BE%D1%82%20%D0%9F%D0%B8%D0%BB%D1%81%D1%83%D0%B4%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE%20%D0%B4%D0%BE%20[ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Пясецкий, Д. (2020). Проекты межгосударственных образований ягеллонов в Центральной и Восточной Европе. Государства Центральной и Восточной Европы в исторической перспективе: сборник научных статей по материалам V Международной научной конференции (pp. 672-677). Пинск: Министерство образования Республики Беларусь [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • РУСАКОВА, М. (2020). ПОЛЬША И НОВЫЕ ТЕНДЕНЦИИ В ЦЕНТРАЛЬНОЕВРОПЕЙСКОМ РЕГИОНАЛЬНОМ СТРОИТЕЛЬСТВЕ. Современная Европа, 2021, № 1,, 52‒61 [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • Сафонова, Е. (2018). Вишеградская группа: этапы становления и развития. Вестник Томского государственного университета. История 2018. № 53, 69-72 [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • ТЕРЕЩЕНКО, Ю. (2021, Января 29). Царизм, Правобережье и «польский вопрос». Retrieved from:https://m.day.kyiv.ua/ru/article/istoriya-i-ya/carizm-pravoberezhe-i-polskiy-vopros [ბოლო ნახვა: 23.01.2022]
  • Чернова, А. (2013). «ВОСТОЧНАЯ ПОЛИТИКА» ПОЛЬШИ: ОТ КОНЦЕПЦИИ «УЛБ» ДО «ВОСТОЧНОГО ПАРТНЕРСТВА». Вестник МГИМО-Университета, 15-24 [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • Шишелина, Л. Н. (2018). Идея “Триморья”: от возникновения до сегодняшнего дня. Научно-аналитический вестник Института Европы РАН, 2018, №5, pp. 33-38 [ბოლო ნახვა: 23.01.2022].
  • გაჩეჩილაძე, რ. (2017). რუსეთის იმპერია საუკუნის დასაწყისში. In რ. გაჩეჩილაძე, საქართველო მსოფლიო კონტექსტში (pp. 41-47). თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა [ბოლო ნახვა: 23.01.2022].

[1] გაჩეჩილაძე, რ. (2017). რუსეთის იმპერია საუკუნის დასაწყისში. In რ. გაჩეჩილაძე, საქართველო მსოფლიო კონტექსტში (pp. 41-47). თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

[2] Ларуэль, М., & Ривера, Э. (2019). Концепция Междуморья: от Пилсудского до Трампа. Москва: «Издательство «Кучково поле». Retrieved from: https://www.invissin.ru/reports/%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%86%D0%B5%D0%BF%D1%86%D0%B8%D1%8F%20%D0%9C%D0%B5%D0%B6%D0%B4%D1%83%D0%BC%D0%BE%D1%80%D1%8C%D1%8F%20-%20%D0%BE%D1%82%20%D0%9F%D0%B8%D0%BB%D1%81%D1%83%D0%B4%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE%20%D0%B4%D0%BE%20

[3] Пясецкий, Д. (2020). Проекты межгосударственных образований ягеллонов в Центральной и Восточной Европе. Государства Центральной и Восточной Европы в исторической перспективе: сборник научных статей по материалам V Международной научной конференции (pp. 672-677). Пинск: Министерство образования Республики Беларусь

[4] Polskie Radio. (2022, 01 14). Adam Jerzy Czartoryski Krol ktorego nie bylo. Retrieved from: https://www.polskieradio.pl/39/156/Artykul/2435840,Adam-Jerzy-Czartoryski-Krol-ktorego-nie-bylo

[5] ТЕРЕЩЕНКО, Ю. (2021, Января 29). Царизм, Правобережье и «польский вопрос». Retrieved from: https://m.day.kyiv.ua/ru/article/istoriya-i-ya/carizm-pravoberezhe-i-polskiy-vopros

[6] Гольцов, А. Г. (2016). Региональный геополитический проект «Междуморье»: перспективы реализации. Сравнительная политика, 95-107.

[7] Ларуэль, М., & Ривера, Э. (2019). Концепция Междуморья: от Пилсудского до Трампа. Москва: «Издательство «Кучково поле». Retrievedfrom: https://www.invissin.ru/reports/%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%86%D0%B5%D0%BF%D1%86%D0%B8%D1%8F%20%D0%9C%D0%B5%D0%B6%D0%B4%D1%83%D0%BC%D0%BE%D1%80%D1%8C%D1%8F%20-%20%D0%BE%D1%82%20%D0%9F%D0%B8%D0%BB%D1%81%D1%83%D0%B4%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE%20%D0%B4%D0%BE%20

[8] Ibid.

[9] Чернова, А. (2013). «ВОСТОЧНАЯ ПОЛИТИКА» ПОЛЬШИ: ОТ КОНЦЕПЦИИ «УЛБ» ДО «ВОСТОЧНОГО ПАРТНЕРСТВА». Вестник МГИМО-Университета, 15-24

[10] TKACZENKO, O. (2017, MAJA 25). Nie tylko Giedroyć. Rzecznicy polsko-ukraińskiego porozumienia. Retrieved from:https://pl.naszwybir.pl/5120-2/

[11] Koprowski, M. (2008, 05 12). ULB czyli „Kultura” i Mieroszewsk. Retrieved from: https://kresy.pl/publicystyka/ulb-czyli-kultura-i-mieroszewski/

[12] visegradgroup.eu. (2022). Visegrad Declaration 1991. Retrieved from: https://www.visegradgroup.eu/documents/visegrad-declarations/visegrad-declaration-110412-2

[13] Сафонова, Е. (2018). Вишеградская группа: этапы становления и развития. Вестник Томского государственного университета. История 2018. № 53, 69-72

[14] ELTA. (2020, 03 07). W Wilnie odbędzie się spotkanie Bukaresztańskiej Dziewiątki. Retrieved from: http://l24.lt: http://l24.lt/pl/polityka/item/338180-w-wilnie-odbedzie-sie-spotkanie-bukaresztanskiej-dziewiatki

[15] Pawłowski, K. (2020). Bukareszteńska Dziewiątka: współpraca państw wschodniej flanki NATO. Lubin: Instytut Europy Środkowej

[16] Шишелина, Л. Н. (2018). Идея “Триморья”: от возникновения до сегодняшнего дня. Научно-аналитический вестник Института Европы РАН, 2018, №5, pp. 33-38

[17] FARBER, M. (2017, July 6). Read Donald Trump’s Remarks at the Three Seas Initiative Summit in Poland.

[18] Васильева, М. (2021, 12 20). Люблинский треугольник выступил за сдерживание Москвы.