E ISSN 2587-5396

ლუკაშენკო-ევროპის ბოლო დიქტატორი

29/12/2021 By yatage

ლუკაშენკო-ევროპის ბოლო დიქტატორი

 

 

შესავალი

ბოლო დროს, აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული მოვლენების გამო, მსოფლიოს ყურადღება მცირე ხნით ბელარუსზე შეჩერდა. საუბარი გვაქვს რუსეთ-ნატოს დაპირისპირებების კიდევ ერთ სერიაზე, რომელიც დიდი ალბათობით გადაიზრდება გარკვეული სახის ინტერესთა კონფლიქტში.საკითხის არსში გასარკვევად მნიშვნელოვანია ვახსენოთ უკრაინა, რომელიც დღეს ორი მხრიდან, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით, არის საფრთხეში ოდეკაბესაგან( ОДКБ)[1].

ზემოთ ნახსენები ყველა კონფლიქტის სათავე გახდა 2020-21 წლებში გამართული საპროტესტო აქცია და მისი საბოლოო შედეგი, რომ ლუკაშენკოს მთავრობამ მოახერხა და შეინარჩუნა ძალაუფლება ფართომასშტაბიანი აქციების მიუხედავად.  იმის გასარკვევად, თუ რატომ გვაქვს მსგავსი გეოპოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში, მანამდე უნდა გავიხსენოთ წარსული, თუ როგორ აღმოჩნდა ევროპა კონფლიქტის ზღვარზე.

ლუკაშენკოს მოსვლა

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსმა დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა ხელისუფლების სათავეში არ დაბრუნებულა ის მთავრობა, რომელსაც მოუწია 1918 წელს ქვეყნიდან წასვლა.მაშასადამე, ძალაუფლება კვლავაც კომუნისტებს დარჩათ. 1991 წელს დ.ს.თ.-ს ერთ-ერთი დამაარსებელი გახდა ბელარუსი, რამაც ის ავტომატურად აქცია რუსული გავლენის ქვეშ, რის შედეგსაც ქვეყნის მოსახლეობა დღემდე იმკის.[2] 1994 წელი ის თარიღია ბელარუსის ისტორიაში,რომლის შემდგომაც ბელარუსი დგამს ნაბიჯს დასავლეთისაკენ, კერძოდ, ბუდაპეშტში ხელი მოეწერა ბელარუსის ბირთვული განიარაღების შეთანხმებას, სადაც ქვეყანამ მიიღო გარანტიები მის უსაფრთხოებაზე, ბირთვული არსენალის დათმობის სანაცვლოდ.  ამ გადაწყვეტილებამ ბელარუსს 1995 და შემდგომ წლებში მისცა შესაძლებლობა, რომ დაახლოებოდა ევროკავშირს (რომელიც 2009 წლეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში გაწევრიანებით დასრულდება).

1994 წელი კიდევ ერთი მიზეზითაა მნიშვნელოვანი: ამ წელს ჩატარდა ბელარუსის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე კი ქვეყანას ვიაჩისლავ კებიჩი, პრემიერ მინისტრი, მართავდა. იგივე კებიჩი დაუპირისპირდა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, დიდი სხვაობით წააგო. ამ შედეგმა კი ხელი შეუშალა იმ პროცესებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ სახელმწიფოებში მოხდა. განსხვავებით დანარჩენი რესპუბლიკებისაგან, ბელარუსში დღესაც გეგმური ეკონომიკა არსებობს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საბაზრო ეკონომიკისაგან. ქვეყნის შიგნით ჩამოყალიბდა ავტოკრატიული მმართველობის ჰიბრიდული ფორმა, რომლის „ჰიბრიდულობაც“[3] გამოიხატება იმ საკითხში, რომ ლუკაშენკოს მთავრობა არის დიქტატორულ და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის.[4]

კრემლის პოლიტიკა

 

ბუნებრივია, რომ რუსეთი არ დაუშვებდა ბელარუსის ევროკავშირთან დაახლოებას, ამიტომაც, 1999 წელს ბელარუსსა და რუსეთს შორის გაფორმდა საკავშირო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მოხდეს ორი სახელმწიფოს ინტეგრირება ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკის საკითხებსა და კულტურულ დონეზე. ეს რუსეთის მორიგი მცდელობაა იმისა, რომ ბელარუსი სრულად გახდეს რუსეთზე დამოკიდებული.[5] 2019 წელს ვლადიმირ პუტინმა დაიწყო საუბარი ერთიან სახელმწიფოსთან დაკავშირებით, სადაც  ამბობდა, რომ ის და ალექსანდრე ლუკაშენკო შეთანხმდნენ რიგ საკითხებზე და რომ კიდევ ბევრია საჭირო ინტეგრაციისათვის. თუმცა, ამისგან განსხვავებულ კომენტარს აკეთებს ქვეყნის ორივე პირი 2021 წლის საუბარში, რომ რუსეთმა და ბელარუსმა თითქმის დაასრულეს საკავშირო სახელმწიფოს აშენება.[6] თავად ამ პროცესის დაჩქარება კი მეტწილად უკავშირდება იმ  საპროტესტო აქციებს, რომლებიც დღემდე იმართება ბელარუსში.

2000-იანი წლების პირველ ნახევარში მინსკის პოლიტიკური ელიტა რუსეთს არათუ საფრთხედ მიიჩნევდა, პირიქით უარს არ ამბობდა იმაზე, რომ ყოფილიყო რუსეთზე სრულად ენერგოდამოკიდებული. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაიწყო ე.წ. „რძის ომი“, რომელიც 2009 წლიდან დღემდე მოქმედებს გარკვეული სახის პროდუქტებზე. რუსეთმა ბელარუსიდასაჯა იმის გამო, რომ თავი შეიკავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისგან და ამიტომაც აკრძალა მის ქვეყანაში ბელარუსული ტიპის პროდუქტით ვაჭრობა. ამან კი თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაანახა ბელარუსს, რომ არ შეიძლება რუსეთის ნდობა, რისი შედეგიც არის პროტესტების ტალღა ბელარუსში.[7]

ლუკაშენკოს პერსონა

 

ჩვენთვის გასაკუთრებთ მნიშვნელოვანია ბელარუსის  საგარეო პოლიტიკა ბოლო თვეების განმავლობაში, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბელარუსი სულ უფრო და უფრო დაემსგავსა რუსულ „ Dominion-ს.“[8]განსხვავებით წინა წლებისაგან, როდესაც ლუკაშენკოს მთავრობა ცდილობდა გარკვეული ძალთა ბალანსი შეენარჩუნებინა დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაშინ ბელარუსსშეეძლო ჩართულიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. თუმცა, რეჟიმის რადიკალურმა ნაბიჯებმა სასწორის პინა, აშკარა უპირატესობით, რუსეთისაკენ გადახარა. ამ მოვლენებმა რუსეთის გავლენები მხოლოდ გაზარდა ბელარუსის შიგნით.

იმ ქმედებების შესწავლის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებდა ლუკაშენკო ბოლო 27 წელი მსოფლიო არენაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუკაშენკო თავისი პიროვნული თვისებების თუ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ცდილობდა მედიუმის როლის შენარჩუნებას, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა და ამავდროულად სხვათა ინტერესებისათვის ხელი არ შეეშალა. თუმცა 2020-21 წლების საპროტესტო ტალღამ  დაანახა მსოფლიოს, რომ ნელ-ნელა სრულდება ავტორიტარიზმის ეპოქა ევროპისა და აზიის მასშტაბით. ამის მაგალითები  კი გვაქვს ბელარუსისა და ყაზახეთის სახით.[9] იმის ფონზე, რომ იწყება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების „არაბული გაზაფხული“. მხედველობაში გვაქვს, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს თავის გავლენის ბერკეტებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ყოველივეს საპასუხოდ კი რუსეთი ცდილობს თავისი ბერკეტების შენარჩუნებას: უკრაინასთან რუსეთის მუქარა, ბელარუსის აქციების ტალღა, ბალტიის ზღვის კონტროლის სურვილი, ყაზახეთის რუსულ ვექტორზე დაბრუნება. ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ მთავარი აქტორი, როგორც ბელარუსის, ისე სხვათა შემთხვევაში, არის რუსეთის ფედერაცია და მისი ინტერესები.

 

2020-2021 წლების პროტესტი

 

2020-2021 წლის ბელარუსის საპროტესტო მოძრაობა იყო ყველაზე მასობრივი და ხანგრძლივი ტალღა ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ბელარუსის მთავრობისა და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ იყო მიმართული. პროტესტის ტალღა ჯერ კიდევ არჩევნების წინ დაიწყო, რაც წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებისას ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდაჭერების დაპატიმრებამ გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო 2020 წლის 9 აგვისტოს  ქვეყნის პრეზიდენტად გამოცხადდა.

ზემო ხსენებულმა აქციებმა და განხორციელებულმა რეპრესიებმა კი,  სრულიად დაარღვია ქვეყანაში შიდა სტაბილურობა, რომელიც დღესაც იმავე კრიტიკულ ფაზაში იმყოფება და ამ ყველაფერს აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეპრესიები ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყო. ბელგაზპრომბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ფილანტროპი ვიქტორ ბაბარიკო და ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, ლუკაშენკოს ყველაზე პოპულარული კონკურენტები, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით. ყოფილ დიპლომატსა და მაღალტექნოლოგიური პარკის ყოფილ დირექტორს ვალერი ცეპკალოს რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს  და მან სამართლებრივი დევნის შიშით ქვეყანა დატოვა.[10]

9 აგვისტოს საღამოსვე  მინსკში და ბევრ ქალაქში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები და აღსანიშნავია, რომ არც ერთი აქცია არ დასრულებულა მშვიდობიანად – მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს: ყუმბარები, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ხელკეტები და გაზი. აქციების დარბევა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა – 12 აგვისტოს მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 ათასს გადააჭარბა. მას შემდეგ, რაც ქუჩებში გამოვიდნენ ქალები, ექიმები, მასწავლებლები, ხელისუფლებამ დაკავებულების იზოლატორებიდან გათავისუფლება დაიწყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რეპრესიების შედეგად დამოუკიდებელი მედიის ლიკვიდაცია მოხდა.[11]

პროტესტის ტალღა

 

ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მედიაზე მიზანმიმართულ ძალადობას ჰქონდა როგორც ინდივიდუალური, ასევე ინსტიტუციური ხასიათი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალოვნებმა დააკავეს 477 ჟურნალისტი და 9 ჟურნალისტი გახდა კრიმინალური დევნის ობიექტი.[12] მედიაზე გავლენის მოპოვების სურვილი გამოიკვეთა მაშინაც, როცა არჩევნებიდან 3 დღის განმავლობაში მთავრობამ მთელს ქვეყანაში ინტერნეტი გათიშა და შეზღუდა ინფორმაციის გავრცელების გზები. ამის მიუხედავად, ბელარუსის მოქალაქეებმა მაინც მიაკვლიეს ეფექტურ გზებს, ლუკაშენკოს ავტორიტარულ რეჟიმთან ინფორმაციული ბრძოლის გასაგრძელებლად. ბელარუსი მიიჩნევა არათავისუფალ ქვეყნად. მედიის თავისუფლების ხარისხში კი, ბელარუსის ქულა არის 0/4 Freedom House-ის საზომის მიხედვით.[13]

23 მაისს ბელარუსის მთავრობამ რაიანეარის ათენი-ვილნიუსის ფრენა, რომელზეც პროტასევიჩი იმყოფებოდა, შეაფერხა და თვითმფრინავი ბელარუსში დასვა. ძალოვნებმა ბლოგერი მინსკის აეროპორტიდან აიყვანეს. [14]პროტასევიჩი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ 500 ჟურნალისტიდან, რომელთაც მოუწიათ ბელარუსის მთავრობის შეჩერება და ამ შედეგების გამოცდა თავიანთ თავზე. ხშირ შემთხვევაში, ძალოვანი სტრუქტურები ჟურნალისტების გასაჩუმებლად არ ერიდებიან მათ ფიზიკურ დაზიანებასაც. გარდა ინდივიდუალური ზეწოლისა, ლუკაშენკო უპირისპირდება მედია ჯგუფებსაც. ლუკაშენკო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველანაირ ბერკეტს მედიის მოსათოკად. მის მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა შეცვალა ქვეყნის კრიმინალური კოდექსი და არალეგალურად მიიჩნია არასანქცირებული აქციის გაშუქება. ამ ბრალდებით, ახლა უკვე შესაძლებელია ჟურნალისტის არა მარტო დაჯარიმება, არამედ დაკავებაც. ბელარუსში მოქმედებს მასმედიის კანონიც, რომელიც შესაძლებელს ხდის საინფორმაციო ვებ-გვერდების დაბლოკვას. საინფორმაციო რეპრესიების მსხვერპლი ხდება არა მარტო ინტერნეტ საინფორმაციო საშუალებები, არამედ ბეჭდური მედიაც. მსგავსი ტიპის საინფორმაციო ბლოკადა გვაფიქრებინებს, რომ ბელარუსის მთავრობა არ აპირებს რამეს დათმობას, არამედ მაქსიმალურად შეეცდება ინფორმაციულ ვაკუუმში მოაქციოს ქვეყანა, სადაც არ მოხდება ინფორმაციის გადინება და შემოდინება. [15]

დასკვნა

 

2 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და კანადამ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების მეხუთე ტალღა აამოქმედა. ალექსანდრე ლუკაშენკოს არა მხოლოდ ადამიანთა უფლებების დარღვევაში, არამედ მას პოლონეთის საზღვართან მიგრანტთა კრიზისის გამოწვევასა და ერთგვარი კრიზისის „ორკესტრირებაში“ ადანაშაულებენ.

შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიას 20 პიროვნება, 12 კომპანია და 3 საჰაერო სატრანსპორტო საშუალება დაემატა. მოცემული მოქმედება იმ ე.წ ზეწოლის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დასავლეთი ჯერ კიდევ წინა წლიდან ახორციელებს, ლუკაშენკოს წინააღმდეგ. სანქციებზე საუბრისას აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის გავლენა, რაც ბელარუსის შიდა პოლიტიკის სფეროს და ეკონომიკას შეეხო. სანქციების უკანასკნელი რაუნდი სექტორულ შეზღუდვებს ეხება ინდივიდუალური დანაშაულის გაუთვალისწინებლად. კერძოდ, ყველაზე შესამჩნევი ნეგატიური გავლენა შესაძლოა იქონიოს ნავთობპროდუქტებისა და პოტაშის ექსპორტის შეზღუდვამ, რაც საექსპორტო საქონლის უმეტეს ნაწილს შეადგენს და რომლებიც უკვე შევიდნენ შეზღუდულ სექტორთა სიაში. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთთან თანამშრომლობა და რუსული ბაზარი ახერხებს ზარალის დაბალანსებას. აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ინვესტიციებმა 7,6%-ით დაიკლო, რაც, ცხადია, არადამანგრეველი, თუმცა, მაინც არც თუ ისე სახარბიელო გავლენას იქონიებს შიდა ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოთა პოზიცია ბელარუსთან მიმართებით უცვლელია. ისინი მოუწოდებენ ლუკაშენკოს, გაათავისუფლოს 900-მდე პოლიტიკური პატიმარი, დაასრულოს პოლიტიკური რეპრესიები და გაითვალისწინოს ეუთოს ექსპერტთა მისიის რეკომენდაციები. დემოკრატიული სამყაროს მსგავსი გააქტიურება ლუკაშენკოს მთავრობასთან მიმართებით კი, გვაფიქრებინებს, რომ ლუკაშენკო მართლაც იქნება „ევროპის ბოლო დიქტატორი“.

ავტორები: დემური ლეკვეიშვილი და რევაზი დიდებაშვილი

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  • Andžāns, Māris. 2021. Post-2020 Belarus: Security and Defence Implications for the Baltic States, Poland, and NATO. Latvian Institute of International Affairs.
  • Arbatov, Alexei G. 1999. Russia and the West: the 21st-century security environment.
  • Balmaceda, Margarita. 2009. Energy Leverage in Conditions of External Shock: The Case of Russian Energy Relations with Ukraine and Belarus 2006-2009.
  • 2020. “freedomhouse.org/country/belarus/freedom-world/2020.” freedomhouse.org. Accessed january 3, 2022.
  • Lobanov, Ilya. 2021. “https://ipi.media/ipi-demands-release-of-all-journalists-detained-in-belarus/.” media.february 3. Accessed january 3, 2022.
  • Obydenkova, Anastassia. 2011. “Comparative Regionalism: Eurasian Cooperation and European integration. The case for neo-functionalism?” Journal of Eurasian Studies 87-102.
  • Preiherman, Yauheni. 2012. “Why Does the “Last Dictatorship in Europe” Hold Elections?” belarusdigest 1-2.
  • Rácz, András. 2020. Presidential Election in Belarus: Tensions Are Likely to Prevail. Berlin: 1-4.
  • 2021. “https://www.youtube.com/watch?v=CAdM7_5vGUs.” https://www.youtube.com. september 10. Accessed january 4, 2022.
  • Terzyan, Aram. 2019. State-Building in Belarus: The Politics of Repression Under Lukashenko’s Rule.
  • Vasil Navumau, Olga Matveieva. 2021. “The gender dimension of the 2020 Belarusian protest: Does female engagement contribute to the establishment of gender equality? .” SAGE Journals.
  • Žulys, Audrius. 2005. “Towards A Union State Of Russia And Belarus.” Foreign Policy Research Center 148-169.

                                                                                               

 

 

 


 

 

[1] Организация Договора о коллективной безопасности(კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაცია)სამხედრო პოლიტიკური ალიანსი

[2] (Obydenkova 2011, 87-102)

[3] ჰიბრიდული რეჟიმები- მმართველობის ისეთი ტიპი, რომელიც არის გარდამავალი რგოლი ავტორიტარულ და დემოკრატიულ სისტემებს შორის;

[4] (Žulys 2005, 148-169)

[5] (Arbatov 1999)

[6] (Ruptly 2021)

[7] (Balmaceda 2009)

[8] Dominion-ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ ბრიტანეთის კოლონიალურ სახელმწიფოებთან მიმართებაში.

[9] (Preiherman 2012, 1-2)

[10] (Rácz 2020, 1-4)

[11] (Vasil Navumau 2021)

[12] (Lobanov 2021)

[13] (Freedomhouse 2020)

[14] (Andžāns 2021, 33)

[15] (Terzyan 2019, 10)