31/12/2021 By yatage
თურქეთის ახალი გეოპოლიტიკური კოდი
შესავალი
მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე აყენებს დღევანდელი თურქეთის პოლიტიკა მსოფლიოს, უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ შეიქმნა თურქული სახელმწიფო ანატოლიის ნახევარკუნძულზე და რა იდეოლოგიურ ფასეულობებზე დგას იგი დღეს. იმის თქმა, თუ როდის შეიქმნა თურქული სახელმწიფო ძნელია, რადგან თურქულმა ეთნოსმა არაერთხელ დაიპყრო ანატოლიის ზეგანი. თუმცა, ისტორიული პროცესების გამო, მათ უჭირდათ ფეხის მოკიდება ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ერთი პერიოდის გამოყოფა მაინც შეიძლება თურქეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც რუმის სასულთნო იწყებს დაშლას პატარა სამთავროებად – „ბეილიკებად,“ ხოლო ერთ-ერთ ასეთ სამთავროს სათავეში ჩაუდგება ოღუზთა ტომის მთავარი ოსმანი, კაცი, რომლის სახელი ჯერ სამთავროს, ბოლოს კი იმპერიას დაერქმევა, ვგულისხმობთ ოსმალეთის იმპერიას, ხოლო მის ხალხს- ოსმალო.
1453 წელი თავისი როგორც ისტორიული, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ წელს დაეცა აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი და იგი გადავიდა ოსმალეთის ხელში. ამ ნაბიჯით მსოფლიომ შემდგომი საუკუნეების განმავლობაში მიიღო დაუძლეველი სახელმწიფო მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, რადგან ოსმალეთი თავისი დაპყრობილი ტერიტორიებითა და ხალხებით ისეთ „ჰიბრიდულ“[1] სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელიც თავის შემადგენლობაში აერთიანებდა სერბსა და არაბს. მსგავსი კულტურების შერწყმამ სტამბოლი მსოფლიოს ცენტრი, ხოლო ოსმალეთი უძლიერესი სახელმწიფო გახადა.
ძველი გეოპოლიტიკური კოდი
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ოსმალეთი მალევე გახდა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო, რაც, ჩვენი აზრით, განაპირობა მისმა გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ მსოფლიოში, კერძოდ, ანატოლიის ნახევარკუნძულის კონტროლმა. ანატოლია ოსმალეთს ხელს აძლევდა დაპყრობები განეხორციელებინა ნებისმიერი მიმართულებით, ხოლო სავაჭრო გზების ამ ტერიტორიებზე გასვლის გამო ეკონომიკურად ოსმალეთს არასოდეს უჭირდა.
გეოდეტერმინიზმს თუ მოვიშველიებთ, შეგვიძლია ვთქვათ, ოსმალეთის დაწინაურება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სახელმწიფო გარშემორტყმული იყო სხვადასხვა მთათა სისტემით, რომელიც მარტივად იცავდა ქვეყანას, რაც შემდგომში, როდესაც მსოფლიომ ტექნოლოგიურ პროგრესს მიაღწია, გარკვეულწილად დაკარგა თავისი აზრი. თუმცა, კულტურული და სხვა სახის ურთიერთობები ისევ დარჩა იმავე კარპატების ქვეყნებში, კავკასიასა და მაშრიყში. ამ ტერიტორიებზე უნდა აღინიშნოს, რომ მრავალეთნიკურმა ოსმალეთმა საკმაოდ დიდი კულტურული კვალი დატოვა.
ოსმალეთის დოქტრინა პირდაპირ იყო მიბმული რელიგიაზე, კერძოდ კი სუნიტურ ისლამზე, დაწყებული სამხედრო შენაერთებით, იანიჩარებით, დამთავრებული სახელმწიფო სტრუქტურებით, რისი კარგი გამოხატულებაც იყო ოსმალეთის სულთნის ერთ-ერთი ტიტული „ხალიფა,“ რომელიც აშკარად ხაზს უსვამდა ოსმალეთის სახელმწიფოს უპირატესობას სხვა მუსლიმურ ქვეყნებზე. [2]ზემოთ აღნიშნული ნიუანსებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოსმალეთის სახელმწიფოს თავის გეოპოლიტიკურ კოდად, გეოპოლიტიკურ დოქტრინად არჩეული ჰქონდა, ისლამის გაერთიანება ოსმალეთის ჰეგემონობით. მსგავსმა დოქტრინამ ერთგვარად ლეგიტიმურად შეფუთა ოსმალეთის ზრახვები, რათა გაევრცელებინა თავისი გავლენა: კავკასიაში, ერაყში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, მაღრეთსა და მაშრეყში. მოცემული გეოპოლიტიკური დოქტრინა გარკვეულწილად მსგავსია რუსეთის იმპერიის დოქტრინისა, რომ რელიგიური ნიშნით უნდა გაერთიანებულიყვნენ აღმოსავლეთევროპის მართლმადიდებელი ერები. ოსმალეთის შემთხვევაში, რელიგიურად განსხვავებული, თუმცა აზრობრივად იდენტური სურათი გვაქვს, რომ ისლამი უნდა გაერთიანდეს ოსმალეთის ქვეშ. გარკვეულწილად ამ დოქტრინამ განიცადა ცვლილება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ოსმალეთის სულთანს მოუწია ტრანსფორმაცია იმის გამო, რომ თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა ბალკანეთში მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანებზე.
მხედველობაში გვაქვს, რუსეთის იმპერიის განცხადების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომ ოსმალეთის სულთანი იქნებოდა დამცველი მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და მუსლიმების. მსგავსმა „ჰიბრიდულმა“ პოლიტიკამ უკვე ნათლად აჩვენა სუსტი მხარეები ამ იდეისა და უკვე დააყენა საკითხი, რომ ოსმალეთი დაშლილიყო, რაც დაგვირგვინდა კიდეც მსგავსი შედეგით.
ათათურქის დოქტრინა
ოსმალეთის იმპერიის გაქრობისა და მისი ადგილის თურქეთის დაკავების შემდეგ, ამ ახალშექმნილ სახელმწიფოს, მოუწია ახალი ტიპის დოქტრინის შემოღება. ათათურქის მმართველობის პერიოდში დაიწყო ფორსირებული ვესტერნიზაციის პროცესი თურქეთში, რომელიც თავის თავში მოიაზრებდა კულტურულ მოდერნიზებას თურქული საზოგადოებისა და ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გადასვლას. ათათურქის დოქტრინის მთავარ მიზანს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა თურქი ხალხის, როგორც ერის ჩამოყალიბება, რომ ოსმალეთიდან ცვლილება უნდა მომხდარიყო თურქულ ერამდე, რომელიც, როგორც გამოჩნდა, წარმატებით განხორციელდა.[3] ათათურქის სიკვდილის შემდეგ, 1938 წლიდან, გარკვეულწილად შეიცვალა ქვეყნის გეოპოლიტიკური კოდი. თუ ათათურქის მმართველობის დროს სახელმწიფო იყო იმაზე კონცენტრირებული, რომ შეენარჩუნებინა თურქებით დასახლებული ტერიტორიები, მისი სიკვდილის შემდეგ გატარდა ძალიან მყიფე ნეიტრალიტეტის პოლიტიკა. მოგეხსენებათ, 1939 წელს გერმანიის პოლონეთში შეჭრით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. თურქეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ომში. თურქეთმა ჯერ კიდევ 1936 წლეს მონტროს შეთანხმებით მიაღწია საწადელს და რემილიტარიზებული გახადა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. [4] აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხელშეკრულებით დიდად იხეირა საბჭოთა კავშირმა, რადგან იგი ლიმიტს აწესებს სამხედრო გემების შემოსვლაზე შავ ზღვაში, რაც ავტომატურად ზრდიდა გავლენას საბჭოთა კავშირზე. თურქეთის ომში ჩართვით ყველაზე დაინტერესებული იყო სამთა კავშირი, უფრო ზუსტად ნაცისტური გერმანია, რადგან მას შემდეგ რაც გერმანია 1941 წელს თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, სამხრეთის ფლანგიდან დარტყმა საბჭოეთზე გერმანიის სრულ გამარჯვებას ნიშნავდა, მით უფრო რომ ბაქოს ნავთობზე შეძლებდა გერმანია კონტროლის მოპოვებას, თუმცა. ნეიტრალიტეტის დოქტრინამ გადაჭრა ეს საკითხი და გერმანიის უკან დახევის შედეგად მოისპო ის აზრი, რომ თურქეთი ომში ჩაებმოდა.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა ცივი ომის დაწყების შემდეგ. საბჭოთა კავშირმა დაიწყო თავისი იდეების მიმართვა სამხრეთისაკენ. ამ მიზნით, ყურადღება იყო თურქეთის ტერიტორიაზე. მხედველობაში მაქვს, სომხეთისა და საქართველოს სსრ-ების მოთხოვნა 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით დაკარგულ ტერიტორიებზე. ამ საფრთხის გამო, თურქეთი 1952 წელს გახდა ნატოს წევრი, რითაც დასავლეთმა დაიწყო ე.წ. „შეკავების პოლიტიკა,“ რომ საბჭოთა კავშირი თავისი გავლენის სფეროებში უნდა მოქცეულიყო და მისი გაფართოება დასავლეთით აღარ უნდა დაეშვა.
ნატოში შესვლით თითქოს თურქეთმა განაგრძო ათათურქის მიდგომა, თუმცა, ჩვენი აზრით, თურქეთის ეს ნაბიჯი უფრო იმ მიზნისაკენ იყო მიმართული, რომ ფიზიკურად გადარჩენილიყო იგი. ვესტერნიზაციის დაჩქარებული პროცესის გაგრძელება თურქეთისათვის განპირობებული იყო უფრო საგარეო ფაქტორებით, ვიდრე საშინაოთი. დასავლეთის მხარეს ყოფნამ გარდაუვალი გახადა დასავლეთისათვის თურქეთის ეკონომიკური და სხვა სფეროების გაძლიერება. ახალი გეოპოლიტიკური კოდის ძიებაში საბჭოთა კავშირს დაშლის შემდეგ, დამთავრდა რბილი ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი და დაიწყო ახალი პერიოდი უნიპოლარული სამყაროსი, სადაც ამერიკა ითავსებდა ე.წ. „გლობალური პოლიციელის“ როლს. თუმცა ნატოს გარდაქმნა და ახალი სახელმწიფო იდენტობის მიღება აშშ-თვის ერთობ გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა. ტრანსფორმაციის პროცესმა უკვე აჩვენა, რომ ნატოს შიგნით არ არის ისეთი ინტერესთა თანხვედრა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის, მტრის ხატის, დროს იყო. სწორედ საფრთხის არსებობა აიძულებდა თურქეთს, რომ დასავლეთის მხარეს დამდგარიყო. დასავლეთისათვის თურქეთი ერთგვარი ბრძოლის ველზე წინ გაჭრილი რაზმი იყო, კონტროლის მექანიზმი საბჭოთა კავშირისათვის. ამ ობიექტის დაკარგვამ კი გარდაუვალი გახადა თურქეთის ჩამოშორება დასავლურ პოლიტიკურ დისკურსს. დასავლეთის უპირობო ჰეგემონობის დაკარგვამ მსოფლიო მასშტაბით, ხელი შეუწყო ახალი ძალის პოლუსების გაჩენას. საბოლოოდ კი ამის დაგვირგვინება იყო 2020 წლის ქაბულის დატოვება ნატოს ჯარების მიერ. ჩვენი აზრით, ეს იყო ბერკეტების დაკარგვა მსოფლიოს ამ ნაწილში, საჭირო ბერკეტების, რომელთა დაკარგვამაც ხელი შეუწყო ნატოს დანაწევრების პროცესს. თურქეთი 2020 წლამდე პასიურად ატარებდა თავის საგარეო პოლიტიკას, იმ ასპექტში, რომ ცდილობდა ემოქმედა დასავლეთის თამაშის წესების მიხედვით, თუმცა. მულტიპოლარული სამყაროს შექმნის დაწყებამ ბიძგი მისცა თურქეთს. 2020 წლის ნოემბერში თურქეთის მონაწილეობა ყარაბაღის კონფლიქტში მკაფიოდ თვალშისაცემი გახდა. თურქულმა იარაღმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედი და დააყენა ახალი რეგიონული წესრიგის საჭიროება. დღეს უკვე თურქეთი მკაფიოდ გამოხატავს დაპირისპირებას დასავლურ ინტერესებთან. მართალია მის მოქმედებებს არ აქვს აგრესიული ხასიათი, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები თურქეთში (ადამიანის უფლებების დარღვევა, ეკონომიკური ვარდნა) სახავს მომავლის კონტურებს, რომ თურქეთი დაიწყებს აქტიური „თურქული“ პოლიტიკის გატარებას „დასავლური“ პოლიტიკის ნაცვლად.[5]
„ნეო-ოსმალიზმი“ ახალი გეოპოლიტიკური კოდი
სამუელ ჰანტინგტონამა თავის წიგნში „ცივილიზაციათა შეჯახება“[6] აღწერა მსოფლიო, სადაც დაპირისპირებული მხარეები წარსულისაგან განსხვავებით აღარ იქნებოდნენ კაპიტალისტები და სოციალისტები, სამხრეთი და ჩრდილოეთი. არამედ დაპირისპირება ამჯერად მოხდებოდა ცივილიზაციებს კულტურებს შორის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცივი ომის დასრულებამ ხელი შეუწყო თურქეთისა და ნატოს ინტერესების დაშორებას. ამიტომაც სასიცოცხლოდაა საჭირო, რომ თურქეთმა უახლოეს მომავალში შეიმუშაოს ახალი გეოპოლიტიკური კოდი, რისი კონტურებიც დღესაც იკვეთება. თურქეთი დღეს იბრძვის სირიასა და ლიბანში. მისი ინტერესები სწვდება აგრეთვე ავღანეთს, მხედველობაში გვაქვს მოვლენა, როდესაც ნატოს სხვა წევრებისაგან განსხვავებით თურქეთმა მოინდომა თურქული ჯარის ავღანეთში დატოვება.[7] აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ თურქეთი თავის გამოსვლებში მხარს უჭერს პალესტინას. ცალკე ყურადღების საგანია თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, როდესაც ორივე ქვეყანაში არსებობს დომინანტური დისკურსი „ორი ქვეყანა, ერთი ხალხი“. [8] ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არც თუ დიდი ხნის წინათ, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე კავშირი ამ მოვლენებს შორის. პირველი კავშირი, თუ ავღანეთის მოვლენას არ ჩავთვლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ყოფილი ოსმალეთის იმპერიის საზღვრების აღდგენა. ამას ვასკვნით იქიდან, რომ ლიბიის მეორე სამოქალაქო ომში თურქეთი ჩაერთო 2020 წელს. თუ ლიბიისა და თურქეთის მდებარეობას დავაკვირდებით და მათ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, თურქეთმა ამ ინტერვენციის შედეგად მიიღო საზღვაო გარიგება ლიბიასთან, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ უფლება მოიპოვონ აღმოჩენილ რესურსებზე ამ წყლებში. [9] თუმცა არის რეალურად ზემოთ აღნიშნული მოქმედებები თურქეთის სახელმწიფო ინტერესები? ჩვენი აზრით, ეს არის ერდოღანის მთავრობის მისწრაფება, რომლეიც არაერთხელ გამომჟღავნდა, რომ რამე ფორმით შეიქმნას კავშირი, რომელიც ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიას გააერთიანებს.
ერთის მხრივ, გამოიკვეთა ახალი დოქტრინის „იმპერიალისტური“ სახე, სადაც თურქეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ცდილობს იმპერიის შექმნას, თუმცა გვაქვს მეორე კავშირიც ზემოთ აღნიშნულ მოვლენებში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ქვეყანა არის უმრავლესად ისლამის მიმდევარი. ამ ფაქტის გამო შეგვიძლია გავაგრძელოთ ის აზრი, რომ თურქეთი ცდილობს ნეოოსმალიზმის გეოპოლიტიკური კოდის მორგებას. მსგავსად ოსმალეთის იმპერიისა თურქეთიც ცდილობს, რომ მუსლიმური სამყაროს ლიდერი გახდეს, უფრო კონკრეტულად სუნიტური ისლამისა. ყველივე ეს გამოიხატება პალესტინის მხარდაჭერაში. თურქეთი ცდილობ გახდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წამყვანი პოლიტიკური სახელმწიფო, რომლის სახელმწიფო დოქტრინა გაჟღენთილი იქნება რელიგიური და ნეოოსმალური გრძნობებით . [10]
დასკვნა
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან ჩანს, რომ ათათურქის ჩანაფიქრი, გამხდარიყო თურქეთი თანამედროვე და დასავლური ყაიდის ქვეყანა, დასასრულს უახლოვდება. მის ადგილს ნელ-ნელა ანაცვლებს ერდოღანის მთავრობის ახალი ხედვა, რომელიც გამოხატულია ქვეყნის შიგნით ნაციონალიზმისა და რელიგიური გრძნობების სინთეზში. ეს ორი კი ერთად ნამდვილად არ მოდის თანხვედრაში დემოკრატიული დასავლეთის მიდგომასთან თუ როგორც უნდა იქმნებოდეს და ვითარდებოდეს სახელმწიფო. ამის ფონზე კი დაძაბულობა უფრო იზრდება, როდესაც დასავლეთისათვის თურქეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება. მსგავსი მიდგომები გვავარაუდებინებს, რომ თურქეთი აპირებს „რუბიკონის გადალახვას“ და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად მშენებლობას. ყოველივე ამას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს.
ავტორები:
დემური ლეკვეიშვილი და რევაზი დიდებაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
Ágoston, Gábor. 1999. Ottoman Warfare in Europe 1453–1826. Palgrave, London.
Ahmad, Talmiz. 2020. “Erdogan’s neo-Ottomanism a risky approach for Turkey.” arabnews.
Casin, Mesut Hakki. 2019. “ANALYSIS – Strategic, legal aspects of Turkey-Libya deal.” Anadolu Agency.
Cornell, Svante E. 1998. “Turkey and the conflict in Nagorno Karabakh: a delicate balance.” Middle Eastern Studies51-72.
Deringil, Selim. 2010. TURKISH FOREIGN POLICY SINCE ATATÜRK. Piscataway, NJ, USA: Gorgias Press.
Ellis-Petersen, Hannah. 2021. “Taliban declares ‘war is over in Afghanistan’ as foreign powers exit Kabul.” The Guardian 1-2.
Huntington, Samuel P. 1996. Clash of Civilizations. Simon & Schuster.
- Montreux Convention. Montreux, Switzerland, July 20.
Murinson, Alexander. 2006. “The strategic depth doctrine of Turkish foreign policy.” Middle Eastern Studies 945-964.
[1] ჰიბრიდული სახელმწიფო- იგულისხმება განსხვავებული ცივილიზაციების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ქვეყანა;
[2] (Ágoston 1999, 118-144)
[3] (Deringil 2010, 245-250)
[4] (Montreux Convention 1936)
[5] (Cornell 1998, 51-72 )
[6] (Huntington 1996)
[7] (Ellis-Petersen 2021, 1-2)
[8] (Murinson 2006, 945-964 )
[9] (Casin 2019)
[10] (Ahmad 2020)