E ISSN 2587-5396

„ნატო და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები: ურთიერთობების განვითარების დინამიკა იუგოსლავიის დაშლიდან დღემდე“

21/07/2021 By yatage

„ნატო და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები: ურთიერთობების განვითარების დინამიკა იუგოსლავიის დაშლიდან დღემდე“

შესავალი

მეოცე საუკუნის 90იანი წლები გამორჩეული იყო დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებით. საბჭოთა კავშირის დაშლა და ზოგადად სოციალისტური ბლოკის დაშლა არ აღმოჩნდა უმტკივნეულო არც ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის, არც ყოფილი იუგლოსლავიისთვის. მეტიც, იუგოსლავიის დაშლა საშინელ ომში გადაიზარდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ნატო-მ განახორციელა იუგოსლავიაში თავისი პირველი სამხედრო სამშვიდობო მისია. ნატო-ს დამსახურებით დროთა განმავლობაში სიტუაცია რეგიონში დასტაბილურდა. მეტიც, დღესდღეობით ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების უმრავლესობა ალიანსის წევრია, ზოგი კი ევროკავშირის წევრიცაა ან ემზადება  წევრობისთვის. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებმა არა ერთი კონფლიქტი გადაიტანეს. გარდა ამისა იყვნენ სოციალისტური ბლოკის წევრებიც, თუმცა საბოლოო ჯამში მათი უმრავლესობა დაუბრუნდა ევროპულ ოჯახს. საინტერესოა გამოვიკვლიოთ ბალკანეთისა და ნატო-ს ურთიერთობების განვითარების დინამიკა, როგორ მივიდნენ ისინი დღევანდელ დღემდე, რისი სწავლა შეუძლია საქართველოს მათგან ნატოში გაწევრიანების გზაზე. ბუნებრივია, კვლევის ფარგლებში ჩვენ ვერ შევეხებით ბალკანეთის თითოეულ ქვეყანას, მით უფრო რომ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს  ნატო-ს როლის განსაზღვრა რეგიონის განვითარებაში და ამ რეგიონის ურთიერთობების დინამიკა ალიანსთან. გარდა ამისა  კვლევის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ასევე საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებს და იმას, თუ რა პარალელების დანახვა და რა გამოცდილების მიღება შეუძლია საქართველოს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებისგან თავისი ნატოში გაწევრიანების გზაზე.

1. იუგოსლავია მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ზოგადი მიმოხილვა

იუგოსლავია მშვიდობიანად არ დაიშალა. მის დაშლას მოყვა კონფლიქტი, ეთნიკური წმენდა, დაპირისპირება. განსაკუთრებით სასტიკი ომი გაჩაღდა ბოსნიაში, სადაც ბოსნიელებს ადგილობრივი სერბები დაუპირისპირდნენ. ბოსნიელმა სერბებმა ჩაიდინეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე დანაშაული ევროპის ტერიტორიაზე. 8000-ზე [1] მეტი ბოსნიელი მუსლიმი კაცების და ბიჭების ამოხოცვა მხოლოდ რელიგიური და ეთნიკური ნიშნით იყო გაუგონარი და შემზარავი ამბავი. კონფლიქტმა კულმინაციას 1995 წლის ივლისში მიაღწია, როდესაც ქალაქ სრებრენიცაში დაიწყო ხალხის ხოცვა-ჟლეტვა ეთნიკური ნიშნით. ადგილი ჰქონდა გენოციდს. საბოლოოდ გენოციდზე პასუხისმგებლობა ორ პირს დაეკისრა: სერბეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ბოსნიელ სერბს რადოვან კარაძიჩს [2] და მის სამხედრო მეთაურს რატკო მლადიჩს [3].  ორივე დაპატიმრებულ იქნა და ჩადენილის გამო ისინი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალზე წარდგნენ, სადაც ორივე დამნაშავედ იქნა ცნობილი კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში. ორივეს ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. სრებრენიცას გენოციდი იყო კიდევ ერთი საშინელი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

სწორედ ამ განვითარებული უბედურების ფონზე ნატო პირველად იწყებს სამშვიდობო ოპერაციას იუგოსლავიაში. ძნელი წარმოსადგენია როგორ განვითარდებოდა იქ მოვლენები რომ არა ალიანსის აქტიური ჩართულობა. ნოემბერ-დეკემბერში 1995 წელს, ხანგრძლივი ომის შემდეგ, მეომარი მხარეები და საერთაშორისო საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ ამერიკულ ქალაქ დეიტონში, შტატ ოჰაიოში იმისთვის, რომ შეედგინათ შეთანხმება რომლითაც დასრულდებოდა საომარი მოქმედებები. შეთანხმება ცნობილია დეიტონის ხელშეკრულების სახელით, რომლის შედეგადაც ბოსნიაში განთავსდებოდა ნატო-ს მსხვილი სამშვიდობო კონტინგენტი.  [4] 1995 წლის 20 დეკემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში განთავსებულ იქნა ნატო-ს 60 000 იანი კონტინგენტი ( IFOR), რომლის მიზანიც იყო დეიტონის შეთანხმების სამხედრო ასპექტების რეალიზება. ერთი წლის შემდეგ IFOR-ის ძალები ჩანაცვლებულ იქნა SFOR-ის (ნატო-ს სტაბილიზაციური ძალებით) [5].  მომდევნო რვა წლის განმავლობაში ალიანსმა შექმნა საშტაბო ქვედანაყოფები და განათავსა სამხედრო კონტინგენტი სხვადასხვა რაოდენობით და სხვადასხვა დავალებებით ყოფილი იუგოსლავიის რამოდენიმე ქვეყანაში. ამ ქვედანაყოფების უმრავლესობა შექმნილი იყო იმისთვის, რომ გაეძლიერებინათ დეიტონის შეთანხმების სამხედრო ასპექტები ბოსნია და ჰერცეგოვინაში და შეესრულებინათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244 რომელიც კოსოვოს ეხებოდა. ასევე IFOR/SFOR-ის და კოსოვოში (KFOR)-ის მხარდასაჭერად [6].

გარდა იმისა, რომ ნატო-მ თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად განათავსა სამხედრო კონტინგენტი ყოფილ იუგოსლავიაში, დაიწყო ასევე „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ჩანერგვა ყოფილ საბჭოთა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში. „პროგრამა პარტნიორობა მშვიდობისთვის არის ორმხვრივი თანამშრომლობის პროგრამა ცალკეულ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატო-ს შორის. ის იძლევა იმის შესაძლებლობას რომ პარტნიორებმა აწარმოონ ინდივიდუალური ურთიერთობები ნატო-სთან და თვითონ აირჩიონ პრიორიტეტები თანამშრომლობისთვის. პროგრამა ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს და მის მიზანს წარმოადგენს სტაბილურობის გამყარება, საფრთხეების შემცირება და მყარი ურთიერთობების შემქნა ალიანსსა და პარტნიორებს შორის უსაფრთხოების სფეროში. ამ პროგრამის ზოგიერთმა მონაწილე ქვეყანამ გაგზავნა საკუთარი მშვიდობისმყოფელები ნატო-ს კონტინგენტთან ერთად.  პარალელურად დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა ჩაერთო ამ პროგრამაში. საბოლოო ჯამში 31 სახელმწიფომ (მათ შორის ისინიც, ვინც ტრადიციულად ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ) მონაწილეობა მიიღეს ამ პროგრამაში. გარდა ამისა აქედან 12 მონაწილე პარტნიორის სტატუსიდან გადავიდა ალიანსის სრულუფლებიანი წევრის სტატუსში. ამ პროგრამის გარდა ალიანსის წევრებმა დაიწყეს რიგი სამხედრო პროგრამების განხორციელება პარტნიორ ქვეყნებთან. მათგან აღსანიშნავია აშშ-ს ევროპული სარდლობის (EUCOM) „ერთობლივი კონტაქტური ჯგუფის პროგრამა (JCTP), რომელიც ითვლებოდა თანამშრომლობის წამყვან პროგრამად მშვიდობის დროს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა 17 ქვეყანა-პარტნიონი, აქედან 11 გახდა ალიანსის წევრი და მომავალში მადლობა გადაუხადეს JCTP-ს სამხედრო რეფორმების ჩატარებისთვის და სამხედრო პროფესიონალიზმის მიღწევისთვის [7].

ორმხვრივი და მრავალმხვრივი პროგრამები წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც რეგიონში დაისადგურა სტაბილურობამ და უსაფრთხოებამ. ნატო-ს ძალების ყოფნის აუცილებლობაც თანდათანობით შემცირდა. 2004 წლის დეკემბრისკენ ნატო-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეიტონის შეთანხმების სამხედრო ასპექტების რეალიზების კუთხით იგრძნობოდა დიდი პროგრესი და რომ დარჩენილი ამოცანების შესრულება შეიძლება დაევალოს ევროკავშირის ძალებს. იმ მომენტისთვის SFOR-ის ძალების რაოდენობა შემცირებული იყო IFOR-ის 60 000დან 7 000-მდე, იმიტომ რომ მათი დახმარებით შეიქმნა და უკვე მუშაობა დაიწყო სტაბილურობის და უსაფრთხოების მექანიზმებმა. გარდა ამისა ნატო-ს ჯარები იმ პერიოდში გაგზავნილ იქნა ერაყსა და ავღანეთში. საბოლოოდ SFOR-მა მუშაობა შეწყვიტა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში დაევალა ევროკავშირის ძალებს [8].

ნათელია,  რომ 90 იანი წლებიდან დღემდე ნატო-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ რეგიონის განვითარებაში და სტაბილურობის გამყარებაში. ყოფილი იუგოსლავიის 6 ქვეყნიდან 4 არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ( ხორვატია, სლოვენია, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია) [9].   ალიანსმა თავისი გაფართოების პოლიტიკით უდიდესი წვლილი შეიტანა რეგიონების განვითარებაში და ალიანსის წევრების უსაფრთხოების განმტკიცებაში. როგორც ვიხილეთ ალიანსი თავის წევრებს სთავაზობს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რითაც კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ განვითარება და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და განმტკიცება.

2. ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა ბალკანეთზე. ხორვატია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე

ნატო-ს დაარსებიდან დღემდე ალიანსი ატარებს ღია კარის პოლიტიკას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, ვისაც სურს ალიანსის წევრობა და ვინც შეესაბამება ალიანსის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა რომ მე-20 საუკუნის ბოლოს, 21-ე საუკუნის დამდეგს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში სიტუაცია მეტად დაძაბული იყო, როგორც წინა თავში ვნახეთ, ნატო-ს ძალისხმევით ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებში და ზოგადად ბალკანეთის რეგიონში მეტ-ნაკლებმა სიმშვიდემ დაისადგურა. მეტიც, დროთა განმავლობაში ბევრმა ალიანსის წევრობაც მოისურვა და დღეს ძალიან ცოტა სახელმწიფო დარჩა რეგიონში რომელიც არ არის ალიანსის და ევროკავშირის წვერი ქვეყანა. იმის საილუსტრაციოდ თუ როგორ ხდებოდა ალიანსის გააქტიურება რეგიონში და როგორ ხდებოდნენ ქვეყნები ალიანსის წევრები განვიხილოთ ხორვატია-ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება ალიანსში. ამ ქვეყნების არჩევა განპირობებულია იმით, რომ ხორვატია-ალბანეთის გაწეევრიანება მოხდა ერთდროულად. საინტერესოა იმის დადგენა თუ რა საერთო ჰქონდა ამ ორ ქვეყანას, რა გზის გავლა მოუწიათ წევრობამდე და რა საერთო აქვთ, ან არ აქვთ საქართველოსთან. ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითი საინტერესოა იმით, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ალიანსში გაწევრიანებას, რადგან მას ბლოკავდა საბერძნეთი ქვეყნის სახელწოდების გამო. როგორ მოახერხა ჩრდილოეთ მაკედონიამ ამ პრობლემის მოგვარება და რას ნიშნავს ამ ქვეყნის გაწევრიანება ალიანსში რეგიონის თვალსაზრისით, სწორედ ამის გარკვევას დაეთმობა ეს თავი.

ალბანეთი და ხორვატია ერთდროულად გახდნენ ნატო-ს წევრები 2009 წლის 1 აპრილს. ეს თარიღი საკმაოდ სიმბოლური და საიუბილეო იყო, რამდენიმე დღეში ალიანსი 60 წლის გახდებოდა. პრინციპული გადაწყვეტილება მათი გაწევრიანების შესახებ მიღებულ იქნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე [10]. ალბანეთი და ხორვატია განიხილებოდნენ საერთო ჯამში როგორც უკონფლიქტო კანდიდატები. თუმცა მათი გზა ალიანსამდე საკმაოდ ხანგრძლივი იყო.

ალბანეთი 17 წლის განმავლობაში მიდიოდა ალიანსამდე. იყო „ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი“, იყო „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ წევრი. 1994 წელს ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გაიხსნა ალბანეთის სამხედრო წარმომადგენლობა „ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს“ ფარგლებში. 1999 წელს ალბანეთმა უკვე მაპ-იც მიიღო, თუმცა სრულუფლებიანი წევრი ათი წლის შემდეგ გახდა. ალბანეთმა მაპ-ის ფარგლებში აიღო  ვალდებულება განეხორციელებინა როგორც შეიარაღებული ძალების რეფორმირება, ასევე პოლიტიკური, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირებაც. მთავრობამ აქტიურად დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკებთან და ა.შ. 2000 წელს ალბანეთის ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა ორი სწავლება „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში- “Adventure Express” და “Cooperative Dragon” [11].

როგორც კი ალბანეთმა გამოთქვა სურვილი გაწევრიანებულიყო ალიანსში, მან დაიწყო სამხედრო რეფორმების ჩატარება იმისთვის, რომ შეექმნა ნატო-თან თავსებადი შეიარაღებული ძალები. 1999 წლიდან ალბანეთის სამხედრო ხარჯები დაახლოებით 108 მილიონ დოლარს შეადგენდნენ. 2002 წელს ალბანეთმა დაიწყო რეფორმების 10 წლიანი პროგრამა, რომლის ფინანსირებას და კონტროლს ახდენდა პენტაგონი. პროგრამის მიზანი იყო კარგად ნასწავლი ჯარის შექმნა. ალბანეთმა მიიღო ახალი ტიპის შეიარაღება და აღჭურვილობა. კერძოდ, ნატო-ს დახმარებით შეიქმნა დაკვირვების რადიოლოკაციური სისტემა, რომლის დახმარებითაც გაუმჯობესდა  საზღვაო საზღვრის და შიდა ტერიტორიული წყლების დაცვა. 2008 წელს ალბანეთის სამხედრო ბიუჯეტი აღემატებოდა მშპ-ის 2%-ს [12].

არანაკლებ აქტიური ალბანეთი იყო სამშვიდობო მისიებშიც. 1996 წლიდან ქვეყანა მონაწილეობას იღებდა ალიანსის სხვადასხვა მისიებში- ბოსნიას და ჰერცეგოვინაში, ავღანეთში, ერაყში. გარდა ამისა 2008 წლიდან ალბანეთი ოფიციალურად მონაწილეობას იღებდა ნატო-ს ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“, რომლის ფარგლებშიც ნატო-ს სამხედრო ხომალდები პატრულირებდნენ ხმელტაშუა ზღვის წყლებს რათა აღმოეფხვრათ და შეეკავებინათ ტერორისტული საქმიანობა. ნატო-ს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა 3300-ზე მეტი ალბანელი სამხედრო. ამ ქვეყნის მიღება ალიანსში სტრატეგიულად იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყო, მაგრამ ალბანეთის წყალობითაც ალიანსს აქვს იმის შესაძლებლობა რომ გააკონტროლოს ადრიატიკა. აღსანიშვანია რომ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ალბანურ საზოგადოებაში იყო კონსენსუსი. მოსახლეობის 94-96%-მა მხარი დაუჭირა ალბანეთის გაწევრიანებას ალიანსში. დიდი ნაწილი ალიანს განიხილავდა როგორც საშუალებას გაეუმჯობესებინათ ეკონომიკური მდგომარეობა და ხედავდნენ ერთგვარ გარანტიას იმისა რომ სამომავლოდ ქვეყანა გაწევრიანდებოდა ევორკავშირშიც [13].

შემდეგი ქვეყანა რომელიც უნდა განვიხილოთ არის ხორვატია. ხორვატიამაც ალბანეთის მსგავსად დიდი გზა გაიარა სანამ ალიანსის წევრი გახდებოდა. თავისი დამოუკიდებლობა ხორვატიამ 1991 წელს მიიღო. დემოკრატიული არჩევნების შედეგად გაიმარჯვა პარტიამ „ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობა“ ფრანიო ტუჯმანის მეთაურობით [14].  მისმა შიდა პოლიტიკამ ჰომოგენური  ხორვატიის შემქნასთან დაკავშირებით გამოიწვია დაპირისპირება ადგილობრივ სერბებთან და სიტუაციის დეესკალაცია და დასტაბილურება მოხერხდა მარტო დეიტონის შეთანხმების შედეგად. თუმცა უკვე 1994 წელს ზაგრებმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, მაგრამ მარტო 6 წლის მერე, ანუ 2000 წელს შეძლო გამხდარიყო „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე. 2001 წელს ალიანსის შტაბ-ბინაში გაიხსნა ხორვატიის წარმომადგენლობა ნატო-ში. 2002 წელს კი ქვეყანამ მიიღო მაპ-ი.  2008 წელს ალბანეთის მსგავსად ხორვატიამ მიიღო ფორმალური მიპატიჟება ალიანსში და 2009 წლის 25 მარტს ხორვატიის პარლამენტმა მოახდინა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების რატიფიცირება [15].  აღსანიშნავია რომ ალბანეთის მსგავსად ხორვატიის მოსახლეობაშიც იყო კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოსახლეობის 60% უჭერდა მხარს გაწევრიანებას. ხორვატიასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ნატო-ს სამშვიდობო მისიებში. ეხმარებოდა  SFOR-ს  ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. კოსოვოში კრიზისის დროს თავისი საჰაერო სივრცე გაუხსნა ნატო-ს საჰაერო ძალებს. 2009 ში უკვე თავისი პირველი კონტინგენტიც გაგზავნა ნატო-ს სამშიდობო ოპერაციებში მისაღებად. 2003 წლიდან მონაწილეობდა ISAF-ის მისიაშიც ავღანეთში. 2010 წელს კი ხორვატიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა თავისი კონტინგენტი ავღანეთში. ხორვატიის შეიარაღებული ძალები, საერთო ჯამში, ბუნებრივია შეესაბამებიან ნატო-ს სტანდარტებს. 2008 წლიდან შეიარაღებული ძალების ფორმირება ხორვატიაში ხორციელდება კონტრაქტების საფუძველზე. ხორვატიის შეიარაღებულ ძალებში შედის სახმელეთო ჯარი, სამხედრო საჰაერო ძალები, სამხედრო საზღვაო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა [16].

და ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონია, რომელსაც წლების განმავლობაში ბლოკავდა საბერძნეთი, მაგრამ საბოლოო ჯამში სკოპიემაც მიიღო სანატრელი მოწვევა ბრიუსელისგან. საბერძნეთის უარის მიზეზი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის სახელი, რომელსაც შეცვლამდე უბრალოდ მაკედონია ერქვა. საბერძნეთი მაკედონიას სახელის შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ საბერძნეთის სახელმწიფოში არსებობს იგივე დასახელების პრივინცია-მაკედონია. თუმცა 2018 წელს ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღიწიეს, რომლის თანახმად მაკედონიას სახელი გადაერქვა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ დაერქვა. 2019 წლის დასაწყისში შეთანხმება ორივე ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა, რის შემდეგაც მაკედონიას ნატოსკენ გზა საბოლოოდ გაეხსნა. ამ ეტაპზე, ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შემდეგ ყოფილი იუგოსლავიიდან ნატო-ს არაწევრი მხოლოდ ორი სახელმწიფო რჩება: სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა (რომელსაც მაპ-ი აქვს). აღსანიშნავია ისიც, რომ სერბეთი ბოლო დროს უფრო მეტად თანამშრომლობს დასავლეთთან ვიდრე უწინ. არ არის გამორცხული რომ ოდესმე სერბეთმაც მოისურვოს ნატო-ს ან ევროკავშირის წევრობა. ამრიგად, ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შემდეგ ალიანსში დღეის მდგომარეობით არის 30 წევრი სახელმწიფო. აღსანიშნავია რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში დიდი ხანია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, მათ შორის მონაწილეობდა ავღანეთის და კოსოვოს მისიებშიც. ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ რა გამოწვევების წინაშეც არ უნდა იყოს ალიანსი, უფრო ძლიერები და დაცულები ალიანსის წევრები არიან მაშინ, როდესაც ისინი ერთად არიან [17].  და მართლაც, ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის თანახმად ხომ „ყველა ერთისთვისაა და ერთი ყველასთვისაა“.

 3. საქართველო და ბალკანეთი. რისი სწავლა შეუძლია საქართველოს

ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებმა გაიარეს საკმაოდ დიდი გზა ალიანსის წევრობამდე. როგორც ვიხილეთ ხორვატიის, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე, სამივე ქვეყანას მოუწია რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება, დემოკრტიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. სამივე აქტიურად იყო ჩართული ალიანსის სწავლებებში, სამშიდობო მისიებში, რითაც მათი ჯარები უფრო მეტად თავსებადნი ხდებოდნენ ალიანსის ჯარებთან. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ამ ქვეყნებში მხარს უჭერდა ალიანსში გაწევრიანებას, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ხალხის მზადყოფნა და სურვილი გახდეს ალიანსის წევრი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლური ღირებულებების პოპულარიზება, რათა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში არ შემცირდეს, მით უფრო იმის ფონზე როცა რუსული პროპაგანდისტული ძალები მუდმივად „სრულ მზადყოფნაში“ არიან მორიგი საინფორმაციო ომის საწარმოებლად საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს წინაშე დგას სავსებით კონკრეტული ამოცანები და კრიტერიუმები რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ალიანსში. საარჩევნო სისტემის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, ეკონომიკური ფონის გაუმჯობესება, ეს ის ამოცანებია რაც საქართველოს წინაშე ნებისმიერ შემთხვევაში დგას, და ეს არ არის მარტო „ალიანსის დავალება“. ეს არის ის ამოცანები, რაც საქართველომ პირველ რიგში საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდა შეასრულოს. ალბანეთი და ხორვატიაც წლების მანძილზე მიდიოდნენ ალიანსისკენ, თუმცა რესურების სწორმა განაწილებამ, ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობამ გამოიღო ის შედეგი, რომ ორივე საბოლოო ჯამში მაინც გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ორივეს, საქართველოს მსგავსად მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდათ შეტანილი ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში, რაც მათ ახასიათებდათ როგორც სანდო პარტნიორებს. ამდენად, ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შეტანა სამშვიდობო მისიებში, და რაც მთავარია, საკუთარი კონონმდებლობის არა მარტო ფურცელზე ჰარმონიზაცია, არამედ რეალური აღსრულება იმ კრიტერიუმებისა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო როგორც დემოკრატიული ქვეყანა. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, მასაც წლების მანძილზე ჰქონდა უთანხმოება ალიანსის სხვა სახელმწიფოსთან რომელიც მას ბლოკავდა. თუმცა როგორც კი მოხდა საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეთანხმების მიღწევა, საბერძნეთმა არ დააყოვნა დოკუმენტის რატიფიცირება მაკედონიის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამდენად, მნიშვნელოვანია საქართველომ ცალკე მოლაპარაკებები აწარმოოს ალიანსის იმ წევრებთან, რომლებიც მეტად სკეპტიკურად არიან განწყობილნი საქართველოს გაწევრიანებასთან მიმართებით.

დასკვნა

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალიანსმა უდიდესი წვლილი შეიტანა აღნიშნული რეგიონის განვითარებაში. რომ არა ალიანსის სამშვიდობო მისია, რთული  წარმოსადგენია როგორი სიტუაცია იქნებოდა დღეს ამ რეგიონში. ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა არის მეტად მნიშვნელოვანი გზავნილი ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ აწუხებთ იმპერიალისტური განწყობები. ყოფილ იუგოსლავიაში ასეთად გვევლინებოდა სერბეთი. მაგრამ დროთა განმავლობაში მას მოუწია ახალი წესებით თამაში. საქართველოსთვისაც მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩნდეს ალიანსის საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ვინაიდან მას არა მარტო ჰოპოთეტური საფრთე ემუქრება, არამედ რეალური ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. საჭიროა საქართველოს მხრიდან მეტი აქტიურობა ალიანსთან დაახლოების მიზნით, რადგან როგორც განხილული რეგიონის ისტორიამ გვიჩვენა,  ალიანსის სამშვიდობო მისიები უმეტესწილად ძალიან დადებით როლს ასრულებენ იმ ქვეყნის ბედში, სადაც ალიანსი შედის. მართალია, შეიძლება გაწევრიანების პროცესმა საქართველოსთვის  კიდევ გაიწელოს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე არ უნდა იზრუნოს. პირიქით, ის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს იმისთვის, რომ როგორც კი გაიხსნება „შესაძლებლობათა ფანჯარა“ საქართველოსთვის მან ეს შანსი გამოიყენოს და უპრობლემოდ გაწევრიანდეს ალიანსში ისე, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში იყო.

 

ავტორი: ალისა ოვესოვი


[1] “Editorials,” 25 წელი სრებრენიცას გენოციდიდან, 14 7 2020. [Online]. Available: https://editorials.voa.gov/a/srebrenica-massacre-25-anniversary/5542854.html.
[2] B. S. p. a. a. p. Radovan Karadžić, “Britanica, Encyclopedia Article,” [Online]. Available: https://www.britannica.com/biography/Radovan-Karadzic.
[3] B. S. m. l. Ratko Mladić, “Britanica, Encyclopedia Article,” [Online]. Available: https://www.britannica.com/biography/Ratko-Mladi.
[4] “Organization for Security and Co-operation In Europe,” [Online]. Available: https://www.osce.org/bih/126173.
[5] “History of the NATO-led Stabilisation Force (SFOR),” SFOR – Stabilization Force, [Online]. Available: https://www.nato.int/sfor/docu/d981116a.htm.
[6] “UNMIK – United Nations Peacekeeping,” UNITED NATIONS MISSION IN KOSOVO, [Online]. Available: https://unmik.unmissions.org/activities.
[7] უ. ლორდი, “ნატო დასავლეთ ბალკანეთზე,” George C. Marshall European Center for Security Studies, 2017.
[8] ლ. უოლტერი, “ნატო დასავლეთ ბალკანეთზე,” George C. Marshall European Center for Secuirty Studies.
[9] “North Atlantic Treaty Organization,” Member countries, [Online]. Available: https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_52044.htm.
[10] “Bucharest Summit Declaration,” 2008.
[11] “NATO’s relations with Albania,” North Atlantic Treaty Organization.
[12] “ალბანეთის და ნატო-ს თანამშრომლობა,” ნატო-საინფორმაციო- ანალიტიკური პორტალი.
[13] “NATO’s relations with Albania,” North Atlantic Treaty Organization.
[14] P. f. C. Franjo Tudjman, “Encyclopedia Article,” Britannica.
[15] “North Atlantic Treaty Organization,” NATO’s relations with Croatia, [Online]. Available: https://www.nato.int/summit2009/topics_en/08-croatia.html.
[16] “ხორვატიის და ნატო-ს თანამშრომლობა,” ნატო-საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი.
[17] “რადიო თავისუფლება,” ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა, 27 3 2020. [Online]. Available: https://www.radiotavisupleba.ge/a/30513585.html.