E ISSN 2587-5396

ტერორისტული ორგანიზაციის ტრანსფორმაცია ლოკალურ პოლიტიკურ ძალად

19/07/2021 By yatage

ტერორისტული ორგანიზაციის ტრანსფორმაცია ლოკალურ პოლიტიკურ ძალად

შესავალი

გლობალური ტერორიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ტერორისტული ორგანიზაციები და დაჯგუფებები მარტივად ითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს და სხვადასხვა მიზნის განსახორციელებლად იყენებენ ბრძოლის როგორც ტრადიციულ, ისე არატრადიციულ მეთოდებს. ჯიჰადი, ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებით, პოლიტიკის ნაწილად იქცა. მუდმივად მზარდი ტერორისტული საფრთხის პირობებში კი დასავლური სახელმწიფოები მოლაპარაკების მეორე მხარედ თანდათან უფრო ხშირად განიხილავენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია თითქმის ყველა იმ სახელმწიფოს ვინაობა, ვინც პირდაპირი მოქმედებებითა თუ უბრალოდ უმოქმედობით ხელს უწყობს ჯიჰადისტურ მოძრაობას, ტერორისტულ ორგანიზაციათა კონტროლი დღემდე შეუძლებლად რჩება. ფაქტობრივად, მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა პარალელურად აქტორებად გამოჩნდნენ ტერორისტული დაჯგუფებები, რომელთანაც კონსტრუქციული დიალოგი ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. ამ ფაქტს ემატება ისიც, რომ ეს ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში თვითონვე წარმოადგენენ ერთმანეთისთვის საფრთხეს და ფაქტობრივად, მსოფლიოში ქმნიან ახალ, პარალელურ რეალობას, სადაც სახელმწიფოებს არსებობა უწევთ მულტიპოლარული წესრიგისა და მუდმივი საფრთხის პირობებში.

ტერორისტული ორგანიზაციების გავლენების ზრდამ, საბოლოო ჯამში, იქამდე მიგვიყვანა, რომ ისინი დამოუკიდებელ აქტორებად და ლოკალურ პოლიტიკურ ძალებად გვევლინებიან. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი ალბათ ისევ ავღანეთია, მიწა, რომელმაც მშვიდობას ვერ მიაღწია, თუმცა ავღანეთის მიღმაც არსებობენ ტერიტორიები, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციები აკონტროლებენ და მაშინ, როცა პოლიტიკური პროცესები მოლაპარაკებებამდე მიდის, ისინი ჩვეულებრივ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან და ცენტრალური ხელისუფლების პარალელურად საკუთარი მოთხოვნებით, სურვილებითა და პირობებით ერთვებიან დიალოგში. ტერორისტული ორგანიზაციების მზარდი ამბიციები საკუთარი თავის და სხვათა მიმართ, ახალი ტიპის საფრთხეებს უქმნის მსოფლიოს, რაზე რეაგირებაც თანდათან უფრო რთულდება. აღნიშნული ნაშრომი სწორედ ერთ-ერთი ამ ტიპის საფრთხის ანალიზს ემსახურება, უფრო კონკრეტულად კი, ეს ტერორისტული ორგანიზაციების ლოკალურ პოლიტიკურ ძალად ფორმირების პრობლემაა, რაც თითქმის შეუქცევად პროცესად იქცა.

1.     ტერორისტული ორგანიზაციის რაობა

ტერორიზმის ერთი ზუსტი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული განმარტება არ არსებობს. ყველა სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში ის სხვადასხვა დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ძირითადად მაინც გულისხმობს ქმედებას, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში შიშის და ტერორის დანერგვას. ქმედებებში კი თავის მხრივ იგულისხმება ძალის გამოყენება, ძალის გამოყენების მუქარა, სამხედრო ან არასამხედრო, თუნდაც კიბერთავდასხმა და სხვ. დღევანდელი მდგომარეობით ტერორიზმში გამოიყოფა ორი: რელიგიური და არარელიგიური, იგივე სეკულარული ფრთები. თუმცა, მიუხედავად ამ თითქოს ფუნდამენტური განსხვავებისა, რამაც რეალურად ყველა სფეროში მისწრაფებათა და ინტერესთა სხვაობა უნდა გამოიწვიოს, პოლიტიკური მოტივები ორივე შემთხვევაში ნათელია. სხვა მხრიდან თუ შევხედავთ ისლამი თავისთავად არის პოლიტიზირებული რელიგია და მისი სრული გამიჯვნა სახელმწიფოებრიობისგან ვერასდროს მოხდება. ასეა თუ ისე, ტერორიზმი წარმოადგენს კონკრეტული მიზნის მისაღწევად ჰიბრიდული მეთოდების (იგივე სამიზნეების) გამოყენების გზას, რაც პარალელურად შიშსა და ტერორს თესავს საზოგადოებაში და ამით კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს უქმნის ტერორისტულ აქტივობას.

ტერორიზმი არსებობს ყველგან, სადაც არსებობს „ლეგიტიმური მიზანი“, თავდასხმისა და დისკრედიტაციის ობიექტი. ტერორისტული აქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არავითარი განსხვავება ტერიტორიის, სახელმწიფო მოწყობის, ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების დონის მიხედვით არ არსებობს. ჩვენ ვიცნობთ ამერიკულ ტერორიზმს კუ-კლუქს კლანის (KKK) სახით, ვიცნობთ ისლამურ ტერორიზმს ალ-კაიდას და სხვათა სახით, ვიცნობთ ქრისტიანულ და ებრაულ ტერორიზმს, ანარქისტულ ტერორიზმს, მემარჯვენე და მემარცხენე ფრთებს და ა.შ. თუმცა, ოდრი კურტ კრონინის აზრით[1], რელიგიური ტერორიზმი ყველა დანარჩენზე გაცილებით უფრო საშიშია. რელიგიურ ტერორიზმს საფუძვლად უდევს უფრო ძლიერი მრწამსი და იდეოლოგია. ის თვლის, რომ ამ სამყაროში მისი მისიაა კარგისა და ცუდის, ბოროტისა და კეთილის გარჩევა და ნებისმიერი „ურჯულო“ წარმოადგენს ლეგიტიმურ სამიზნეს. ის არა ცვლილების, არამედ ამჟამინდელი სოციალური წესრიგის დანგრევის/ჩამორღვევის მომხრეა და ამ მიზნით უგულვებელყოფს ყველა ტიპის სეკულარულ ღირებულებასა თუ კანონს. რელიგიური ტერორიზმი არა როგორც ერთი კონკრეტული ბიუროკრატიული ორგანიზაცია, არამედ როგორც ორგანიზაციათა ქსელი ყალიბდება და სატელიტ ჯგუფებს თუ ინსტიტუტებს ქმნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვადასხვა ლოკაციაზე. მაგალითად, ალ-კაიდას მოკავშირეები ყავს სირიის, ერაყის, ავღანეთის ტერიტორიაზე. ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი თავადაა მიჩნეული ალ-კაიდასთან აფილირებულ დაჯგუფებად. მხარდამჭერთა სიმრავლით გამოირჩევიან ISIS, ბოკო ჰარამი, ალ-შაბაბი. რელიგიური ტერორიზმი სხვადასხვა სურათით, მტრის ხატის წარმოჩენით, ისლამისთვის საერთო კონცეფციებისა და სენსიტიურობაზე დაფუძნებული ნარატივის აქცენტირებით მნიშვნელოვან წარმოსახვით კავშირებს[2] ქმნის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში და შემდეგ სწორედ ამ კავშირების გამოკვეთით აერთიანებს მხარდამჭერებს მისთვის სასურველი მიზნის გარშემო.

ტერორისტული ორგანიზაცია არ მიესადაგება არც ვებერის ბიუროკრატიულ მოდელს, არც კლასიკურ კლასიფიკაციებს ორგანიზაციათა პერსონალისა, ის არც იერარქიული და არც თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ერთობაა. ტერორისტული ორგანიზაციის წარმატებას განაპირობებს სრული ამორფულობა და ხელოვნურ უკონტროლობაზე დაფუძნებული კონტროლის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი. ისეთ ფართომასშტაბიან ორგანიზაციებში, როგორიცაა მაგალითად ალ-კაიდა, დაეში ან სხვა, კონკრეტული ამოცანის განხორციელებისას ერთმანეთს იცნობს მხოლოდ ერთ დავალებაზე პასუხისმგებელი რამდენიმე პირი. მათ ხელში ინფორმაციის მინიმალური ნაწილი ხვდება. საინტერესოა, რომ რელიგიური რადიკალიზმით შთაგონებული პირებისთვის არც კითხვების დასმაა დიდად მიღებული და საბოლოო ჯამში ვიღებთ სისტემას, რომელიც ეფუძნება გაუცხოება-დამცირება-შიშის პარადიგმას. პარადოქსია, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან გლობალურ მსოფლიოს, თუმცა ამავდროულად ყველაზე ინტენსიურად იყენებენ გლობალიზაციის მექანიზმებს, გლობალურ კომუნიკაციას, ტრანსნაციონალურ სავაჭრო გზებსა და საშუალებებს და სხვ. ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, როგორც რელიგიური, ისე სეკულარული თუ მემარცხენე ტერორიზმისთვის მიუღებელია სახელმწიფო მოწყობის არსებული ფორმა, ამიტომაც მათ მთავარ მიზანს სწორედ ამ წესრიგის შეცვლა წარმოადგენს. თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ტიპის სეპარატისტული ორგანიზაციის მიზნის მიღწევის საშუალება პირდაპირ გადის მის ტერიტორიულ დაკმაყოფილებაზე. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს გააჩნიათ აბსოლუტურად ყველა ბერკეტი სახელმწიფო ხელისუფლებასთან მიმართებით მათი უპირატესობის დასამტკიცებლად და საბოლოო ჯამში ნეგატიური მეთოდით, მაგრამ მაინც ახდენენ ტერიტორიებზე კონტროლის გაფართოებას, მომხრეთა რიცხვის ზრდას და ლოკალურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას, რომელიც უარს ამბობს ხელისუფლების სათავეში მოსვლის ისეთი ფორმების გამოყენებაზე, როგორიცაა მაგალითად არჩევნები და ცდილობს საკუთარი ძალადობრივი მეთოდებით გაუწიოს ოპონირება ადგილობრივ პოლიტიკურ ძალას თუ მხარეთა შორის მედიაციის ხელშეწყობის არგუმენტით რეგიონში შემოსულ გარეშე აქტორს.

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის პირობებში, იქ, სადაც ლიბერალური ღირებულებების პარალელურად თანდათან უფრო პოპულარული ხდება უკვე თითქოს კარგად დავიწყებული პოლიტიკური რეალიზმი და realpolitiks, ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის მოპოვება მოქმედ სუბიექტს მნიშვნელოვნად აწინაურებს და რეალურ საპირწონე ძალად ქმნის. ეს არის არამხოლოდ ბრძოლა ტერიტორიისთვის, არამედ ბრძოლა რესურსებისთვის, გავლენებისთვის, პრივილეგიებისთვის. მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ტერიტორია (ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას), საერთაშორისო სამართლისთვის მთავარია ის, თუ ვინ აკონტროლებს ამ ტერიტორიას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის გეოგრაფიული არეალები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, წარმოადგენს ცივილიზაციათა აკვანს, ანუ ისტორიულად ამ ტერიტორიებზე არსებობდნენ მილიტარისტული სახელმწიფოები, იმპერიები, რომელთა ხალხსაც, ბუნებრივია, დღემდე აქვს მისწრაფება და ამბიცია გაფართოებისადმი, მმართველობისადმი, დომინირებისადმი. ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში არსებული დესტაბილიზაცია, განათლების დაბალი დონე, ტრადიციული საზოგადოება და რელიგიური ნარატივი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის კერების ჩამოსაყალიბებლად. ჰეზბოლაც და თალიბანიც თანდათან უფრო მზარდი პროფილით ერთვებიან რეგიონის პოლიტიკაში და საერთაშორისო მედიაციისას დამოუკიდებელი მომლაპარაკებელი მხარის სტატუსით ცდილობენ მიზნების მიღწევას.[3]

2.   ავღანეთის თალიბანი და მისი ტრანსფორმაცია ლოკალურ პოლიტიკურ ძალად

თალიბანი, იგივე თალიბანის მოძრაობა ავღანეთში მოღვაწე ისლამურ ფუნდამენტალისტურ რელიგიურ-პოლიტიკურ დაჯგუფებას წარმოადგენს, რომელიც 1994 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა აქტიურობის ზენიტში 1996-2001 წლებში იყო, მაშინ, როდესაც ის ფაქტობრივად სრულად განაგებდა ავღანეთის მნიშვნელოვან ტერიტორიას. 2001 წლის 11-მა სექტემბერმა მსოფლიოს პოლიტიკური წესრიგი სრულად შეცვალა და შესაბამისად არც თალიბანი დარჩენილა ყურადღების მიღმა. 2001 წლის შემდეგ მოქმედებაში მოვიდა დეკლარაცია „ომი ტერორის წინააღმდეგ“ (war on terror) და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში აბსტრაქტულ მთლიანობასთან, რომელსაც პრეზიდენტი ბუში ტერორის სახელით მოიხსენიებდა.[4] მიშელ ჰოვარდის განცხადებით აბსტრაქტულობისადმი ანტაგონიზმი ამერიკისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა და სწორედ ამ მიზნით საჭირო იყო რეალური მტრის ხატი, რომელიც თავის არსებაში გააერთიანებდა აი ამ დაგროვილ ბოროტ სულისკვეთებას. ასეთი ხატი ერთის მხრივ ერაყისგან, ხოლო მეორეს მხრივ ავღანეთისგან შექმნეს და როგორც ჰიტლერი იქცა 1941 წელს სხვადასხვა ქვეყნისთვის აკუმულირებულ საფრთხედ, ისე ავღანეთსა და ერაყში დაისახა ტერორიზმის ციტადელი. ამერიკული „ჰუმანიტარული“ ინტერვენციის შემდეგ თალიბანი მნიშვნელოვნად დასუსტდა, თუმცა 2019-2020 წლებში ის ფენიქსად მოევლინა რეგიონს და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მყარად დაიბრუნა ლოკალური პოლიტიკური ძალის სტატუსი. მაგრამ, თუ უფრო ფართო პრიზმიდან შევაფასებთ 2001-2019 წლების პერიოდს, გამოვიტანთ დასკვნას, რომ ამერიკის მიერ დროის ამ მონაკვეთში ავღანეთის დემოკრატიზაციასა და მშვიდობის დამყარებაზე დახარჯული კოლოსალური რაოდენობის თანხების თუ გახშირებული სარაკეტო თავდასხმების პირობებში ჯერ კიდევ მიუღწეველი მშვიდობა და სტაბილურობა ავტომატურად მეტყველებს იმაზე, რომ თალიბანი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და კიდევ უფრო აფართოებს გავლენის სფეროებს. ეს უკანასკნელი მკაფიოდ დასტურდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის გასულ წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმებით, რომლის არცერთი პირობაც შეიძლება ითქვას რომ ჯერ არ შესრულებულა. თუმცა, პირობებს რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ ფაქტზე გავაკეთოთ აქცენტი, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ შეთანხმების მონაწილეა სამი მხარე: ავღანეთის აღიარებული მთავრობა, თალიბანი და ამერიკის შეერთებული შტატები. თვითონ ეს მოვლენა მეტყველებს იმაზე, რომ თალიბანი უკვე წარმოადგენს აღიარებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეთანხმების შემდეგ უნდა ემორჩილებოდეს თამაშის მიღებულ წესს და უარს უნდა ამბობდეს ყველა ტიპის სამხედრო ესკალაციაზე, თუმცა ეს ასე არ ხდება. მართალია, პანდემიის პირობებში რეგიონში რადიკალიზაცია მატულობს, თუმცა გავიხსენოთ ისიც, რომ ეს შეთანხმებაც პანდემიისას იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა ინიციატივით ინტრა-ავღანური შეთანხმება გვიან, თუმცა მაინც შეიქმნა, თალიბანი ჯერ კიდევ არღვევს მოლაპარაკების მთავარ პირობას და 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე სამხედრო შეტაკებებს უკვე 1500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ავღანეთის მთავრობის მონაცემებით, ტერაქტების რაოდენობა აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების დადების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თალიბანი მტრულად ეკიდება აშშ-ს როლს ავღანური მშვიდობის არქიტექტურაში და ნულოვანი ჯამით (zero-sum) განაგრძობს თამაშს. შეთანხმების შესრულებას ავღანეთის მთავრობაც უშლის ხელს, თუმცა პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ ეს უკანასკნელი თითქოს დამკვირვებლის როლში ევლინება რეგიონს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ავღანეთის მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტებმა სრული პოლიტიკური ცირკი მოაწყეს ორმაგი ინაუგურაციის სახით.

თალიბანი ყოველთვის მთავარ პოლიტიკურ ძალად აღიქმებოდა ავღანეთის ისტორიაში. რეალურად, სწორედ თალიბანის დამსახურებაა საბჭოთა კავშირის შეკავება ავღანეთში შესაძლო ინტერვენციისგან, თუმცა დროთა განმავლობაში პოლიტიკური ორგანიზაციის პროფილი ტერორისტულმა პროფილმა ჩაანაცვლა, რამაც საბოლოო ჯამში არც თუ ისე სახარბიელო მოცემულობამდე მიგვიყვანა.[5] თალიბანმა მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად შეაფერხა ავღანეთის განვითარება, „რეფორმებად“ ჩათვალა შარიათის კანონების სრული ამოქმედება და რადიკალური მსოფლმხედველობით გაჟღინთა ავღანური პოლიტიკა. თალიბანი მხარს უჭერდა ალ-კაიდას და ფინანსური დახმარებაც კი გაუწია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის განხორციელებისას. დღემდე არსებობს კონსპირაციული თეორიები, რომ მისი „საგარეო პოლიტიკა“ ტერორიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა ზუსტი მონაცემები ამაზე არ გვაქვს. ამერიკამაც სიიდან ამოიღო ავღანური ჯიჰადის შემოქმედი, მაგრამ ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციაა და მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს აღმოსავლეთში.

3.     ჰეზბოლა და მისი ტრანსფორმაცია ლოკალურ პოლიტიკურ ძალად

ჰეზბოლა ლიბანის ტერიტორიაზე 1985 წელს დაფუძნებული ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და აქტივობით არამხოლოდ ლიბანის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ამინდზე ახდენს ზეგავლენას.[6] ლიბანის სამოქალაქო ომის დროს რეგიონში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გააქტიურება პირდაპირპროპორციულად აისახა ჯიჰადისტურ ჯგუფთა კონსოლიდაციის ხარისხზე და საბოლოო ჯამში მივიღეთ პოლიტიკურ მოტივზე დაფუძნებული ტერიროსტული ორგანიზაცია, რომელიც დროთა განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდა და დიდი როლი შეასრულა პროცესების რეგულირებაში.[7] ამალსა და ჰეზბოლას შორის 80-იან წლებში განვითარებულმა დაპირისპირებამ ნათელი გახადა, რომ ჰეზბოლა მხოლოდ ტერორისტული აქტივობით ვერ მიაღწევდა პოლიტიკურ მიზანს („ჰეზბოლა აწარმოებს ჯიჰადს ისრაელის წინააღმდეგ“[8]) და საჭირო იყო მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. ინსტიტუციონალიზაცია ჰეზბოლას შემთხვევაში წარმატებული აღმოჩნდა და 1992 წლიდან ლიბანის პოლიტიკურ პრონტზე გამოჩნდა ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთა, რომელსაც დღეს ლიბანის პარლამენტში 14 მანდატიც კი უკავია. უშიშროების საბჭოს მუდმივი მოწოდებებისა თუ სხვა შეთანხმებების მიუხედავად სამხედრო განიარაღება ჰეზბოლას დღის წესრიგში არასდროს დამდგარა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ამ ორგანიზაციის სახით საქმე გვქონდა სრულიად ინოვაციურ შემთხვევასთან. დღემდე ჰეზბოლა, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, წარმოადგენს არა კვაზი პოლიტიკურ ერთეულს, არამედ რეალურ საფრთხეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჰეზბოლას ინტერესში აღარ შედის მხოლოდ ვიწრო პარტიზანული ომები, ის უფრო ძლიერი ბერკეტებით და ცივილური გზებით იბრძვის მიზნის მისაღწევად. იდეოლოგიური პროპაგანდის ისეთი იარაღებით, როგორიცაა მაგალითად ტელევიზია, რადიო და გაზეთი, ჰეზბოლა ინტენსიურად მუშაობს მის აღქმაზე საერთაშორისო არენაზე. ჰეზბოლას პარტია, იგივე წინააღმდეგობისა და განვითარების ბლოკი მუდმივ აქცენტირებას ახდენს სახელწოდებაზე და ამ გზით საკუთარი მიზნის ლეგიტიმაციას ახდენს. 2008 წელს ორგანიზაციამ მანდატების შესაბამისი რაოდენობის მოპოვების შედეგად ვეტოს უფლებაც კი დაიმსახურა, რამაც ერთი-ორად გაზარდა მისი გავლენა და შესაძლებლობები. ჰეზბოლას ახასიათებს აბსოლუტურად ყველა ის თვისება, რაც აუცილებელად უნდა ჰქონდეს ლოკალურ თუ გლობალურ პოლიტიკურ ძალას. მისი ლეგიტიმაცია იმდენად დიდია, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივად აყალიბებს საგარეო ურთიერთობებს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებთან და რაც ყველაზე საინტერესოა, პოლიტიკური კომუნიკაციის განსხვავებული მეთოდებით უდგება მათ. მაგალითად, ირანი და სირია მისი მთავარი მოკავშირეები არიან[9], რუსეთი ანგარიშგასაწევ ძალად აღიარებს დაჯგუფებას, არბაული სამყარო ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს ჰეზბოლას, ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები კი, ბუნებრივია, რომ პირდაპირ მტრებად აღიქმებიან.[10]

საკმაოდ პრობლემური და საკამათოა ჰეზბოლას იდენტიფიკაციის საკითხი. ორგანიზაციის კომპლექსური სტრუქტურიდან გამომდინარე ჰეზბოლა  ორ ფრთად იყოფა, ერთი – პარა მილიტარისტული ფრთა უეჭველად აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად, მეორეზე კი, ანუ პოლიტიკურ ფრთაზე განხილვა დღემდე მიმდინარეობს. რიგი ქვეყნები მას ასევე ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან და ეს ლოგიკურიცაა, რადგანაც თვითონ ჰეზბოლას ლიდერებიც კი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ორგანიზაციას ორი ლიდერი ყავს სხვადასხვა ფრთის სამართავად ან პოლიტიკური და მილიტარისტული მიზნები განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ფაქტი კიდევ უფრო ნათელს ხდის იმას, რომ ჰეზბოლა ყველაზე საინტერესო ფენომენია ტერორისტული ორგანიზაციის ლოკალურ პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმირების მხრივ.

ჰეზბოლა თავისი ეკონომიკური მანიპულაციების გზით მიღებული კოლოსალური შემოსავლით 2017 წელს Forbes-მა ყველაზე მდიდარ ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჰეზბოლას სამხედრო პოტენციალი ლიბანის სამხედრო პოტენციალს მნიშვნელოვნად აღემატება, საბოლოო ჯამში კი აშკარაა, რომ ჰეზბოლა წარმოადგენს არა მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციას პოლიტიკური ელემენტებით, არამედ „სახელმწიფოს სახელმწიფოში“, რომელიც მუდმივად მზარდი ტენდენციებით ხასიათდება და კომპექსური იდეოლოგიისა თუ საქმიანობის წყალობით კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ გავლენებს მოიპოვებს.[11]

4.   საერთო ტენდენციები და პრობლემის გააზრება

ტერორისტული ორგანიზაციების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს ის წარმოადგენს, რომ ისინი არაპროგნოზირებადნი და უკონტროლონი არიან. ჩვენთვის ძალიან რთულია განვსაზღვროთ ის, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სად შეიძლება იყოს პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით ჰეზბოლა, ჰამასი, თალიბანი, PLO და სხვ. თუმცა მაშინ, როდესაც საქმე კონკრეტულად ჩამოყალიბებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ მიზნებს ეხება, აშკარაა, რომ ეს ორგანიზაციები მუდმივად მზარდი რადიკალიზაციის პირობებში აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებენ დასახული მიზნის მისაღწევად. თანამედროვე მსოფლიომ ნათელი გახადა, რომ ნებისმიერი ამოცანის შესრულების გზა ისევ და ისევ პოლიტიკური გავლენების მოპოვებამდე მიდის, შიშისა და ტერორის დანერგვა მხოლოდ მოკლე ვადაშია ეფექტური, ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ჰიბრიდული ომის მეთოდები მნიშვნელოვნად ამართლებს. ტერორისტული კონგლომერატების ქოლგის ქვეშ გაერთიანებული იდეოლოგიური თუ პროპაგანდისტული იარაღი გაცილებით უფრო შედეგიანია, ვიდრე უბრალოდ suicide bombing და რომელიმე ევროპული გამოცემის ჰედლაინებში ერთკვირიანი რეიტინგი. ტერორისტული ორგანიზაციების სტრუქტურული ანალიზი ადასტურებს, რომ ისინი თანდათან უფრო მეტად მიისწრაფვიან სახელმწიფოთა მსგავსი ორგანიზაციული სისტემის ჩამოყალიბებისკენ. თალიბანსაც და ჰეზბოლასაც აქვთ სხვადასხვა კომიტეტები, საბჭოები. დაეში მაგალითად პოლიციური სახელმწიფოს სისტემის მატარებელია, PLO-მ დიდი ხნის წინ განიცადა პოლიტიკური რეორგანიზაცია, ყოველდღიურად იზრდება ტერორისტული ქსელების დაფარვის არეალი და როლი. ჩემი აზრით, ტერორისტულმა ორგანიზაციებმა თავიანთი მიზნები რეალურ მდგომარეობებს მოარგეს და საღვთო ომის უტოპიური თუ აბსტრაქტული განზომილება ვიწრო, ლოკალურ ამოცანებამდე დაიყვანეს. ბრძოლის ჰიბრუდული მეთოდები უფრო მეტ ინტეგრაციას, ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, ისტორიული ნარატივის გადააზრებას და ამ გზით მომხრეთა რაოდენობის ზრდას გულისხმობს. პოლიტიკური მიზნების მქონე ტერორისტული ორგანიზაციები მათ სასარგებლოდ იყენებენ ადგილობრივი მმართველობის ხარვეზებს და რეალპოლიტიკის მნიშვნელობის ზრდის პირობებში სახელმწიფოთა შორის კონკურენციის გამოყენებით ეძებენ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებს, რომლებიც ორმაგი სარგებლის პრინციპით ერთვებიან საქმეში. ეს ორი პირობა საერთო ტენდენციაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის და ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ტერორისტული დაჯგუფების ლოკალურ პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმაციისთვის. თუმცა, აუცილებელია ვახსენოთ, რომ ტრანსფორმაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. დასაწყისისთვის, დაჯგუფება უნდა გაიზარდოს როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური (ფინანსური) და სამხედრო კაპიტალის თვალსაზრისით, რათა იმ კრიტიკულ ეტაპზე, როცა ის პოლიტიკური გავლენების მოპოვებას შეეცდება, ანუ ჩაერთვება პოლიტიკურ კონკურენციაში, მასსა და ადგილობრივ ძალას შორის უნდა არსებობდეს მკვეთრი ასიმეტრია მინიმუმ სამხედრო თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს მხოლოდ იდეალური წარმატების სცენარია, თუმცა აშკარაა, რომ ნაშრომში განხილული ორივე ორგანიზაცია სწორედ ამ სცენარის რეალობაში ქცევისკენ მიისწრაფვის. გარდა ამისა, ქსელური განვითარება და საგარეო კავშირები მნიშვნელოვნად ეხმარება ტერორისტულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ რეგიონის თუ მსოფლიოს ქვეყნებისთვის და რეალური საფრთხე შეუქმნან საყოველთაო უსაფრთხოებას.

საბოლოო ჯამში, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად სხვადასხვა ისტორიული წარსულის თუ განვითარების გზისა, პოლიტიკური მოტივების მატარებელ ტერორისტულ ორგანიზაციებს მსგავსი სურვილები და ტენდენციები ახასიათებთ, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მნიშვნელოვან პრობლემად ექცევა საერთაშორისო საზოგადოებას.

დასკვნა

ტერორიზმის რეალურ საფრთედ გააზრებას და გამოცხადებას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. დაახლოებით სამი ათეული წლის წინ რომ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისთვის გეკითხათ, დასხდებოდნენ  თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ტერორისტებთან ერთად, ისინი ალბათ სიცილით გიპასუხებდნენ, თუმცა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა რადიკალურად შეცვალეს მსოფლიოს აღქმა ტერორიზმისადმი. მიუხედავად იმისა, რომ მათი თვითიდენტიფიკაცია რაიმე არალეგალურსა და არამართლზომიერს საერთოდ არ ეკვეთება, საერთაშორისო საზოგადოება მაინც მიიჩნევს, რომ ტერორიზმი მსოფლიოს ნომერ პირველი გამოწვევაა და მასთან ბრძოლა ყველამ პირველ პრიორიტეტად უნდა დაისახოს. ტერორისტულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს ის, რომ არათუ მათთან მოლაპარების დაშვება, არამედ თვითონ მოლაპარაკებაც რეალური გახადეს და უფრო მეტიც, ახლა თვითონ სახელმწიფოთა ლიდერები ეხვეწებიან დაჯგუფებათა ლიდერებს, დათანხმდნენ კომუნიკაციას და კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გააგრძლონ საუბარი. მართალია ეს ყველაფერი არასასურველი ფორმით, თუმცა მაინც მოხდა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ არამხოლოდ მილიტარისტულ, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზეც და დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი სრულუფლებიანი სუბიექტების სტატუსით მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს პოლიტიკური ამინდის ფორმირებაში.

ავტორი: თამარ ცინცაძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

[1]Audrey Kurth Cronin,  How Terrorism Ends: Understanding the Decline and Demise of Terrorist Campaigns

[2] ბენედიქტ ანდერსონი

[3] Wright-Neville David and Smith Debra, “Political rage: terrorism and the politics of emotion”, Global Change, Peace & Security 21:1, (Mar 2009).

[4]https://www.orfonline.org/expert-speak/taliban-political-strategy/?fbclid=IwAR0fhm1PibR0GKTsD9lnUY98sXGEvaGh75ZjXsPUr5MrFj5-KO0jf10zvP8

[5] Peters, Gretchen. Crime and Insurgency in the Tribal Areas of Afghanistan and Pakistan. West Point: Combating terrorism Center, October 2010

[6] ბექა ფარსადანიშვილი, „ჰეზბოლა“, აღწერითი კვლევა, (2020)

[7] Robinson, K. „What is Hezbollah?“ Council of Foreign Relations (CFR), (2020)

[8] ნაიმ ქასემი, ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი

[9] Cody, E. & Moore, M. WashingtonPost Online; The Best Guerrilla Force in the World’ Analysts Attribute Hezbollah’s Resilience to Zeal, Secrecy and Iranian Funding; (2006

[10] Alagha, J. (2006). The Shifts in Hizbullah’s Ideology: Religious Ideology, Political Ideology. Amsterdam: Amsterdam University Press.

[11] Middle East Policy Council; „What is Hezbollah’s Future in a New Lebanon?“