E ISSN 2587-5396

რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესები შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში

30/06/2021 By yatage

რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესები შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში

შესავალი

რუსეთი ცდილობს ეკონომიკურ-პოლიტიკური გავლენითა  და საინფორმაციო ომის გამოყენებით განახორციელოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნები, რაც ,,გავლენის სფეროების’’ აღდგენასა და მისი, როგორც ,,დომინანტის იმიჯის ‘’ შენარჩუნებაში გამოიხატება. აქვს მცდელობა, ნავთობის უზარმაზარი მარაგი  გამოიყენოს უკრაინის, საქართველოს და სირიის პროცესებში, რომელიც საერთაშორისო ნორმებიდან ამოვარდნილია. მაგალითად, 2006 წელს უკრაინას ჩაუკეტა ბუნებრივი გაზის წყაროები, ხოლო 2008 წელს საქართველოს  და სირიაში ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას, ვინაიდან ობამას დროინდელი სირიული რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერა ,,ასადი უნდა წავიდეს‘’ რუსეთმა გამოიყენა  საკუთარი იმპერიალისტური ზრახვებისთვის, ის სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო, დისკრედიტირებული რუსეთი საერთაშორისო არენაზე, რომელიც მის აგრესიულ პოლიტიკას  მოჰყვა უკრაინისა და საქართველოს მიმართ. იგი 2015 წლიდან ასადს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალებით, რის შედეგადაც შესუსტებული სირიის არმია თავდაცვითიდან თავდასხმით ნაწილზე გადავიდა  და წარმატება ალეპოს აღებით დააგვირგვინა. სირიის კონფლიქტში ჩართვით მან რამდენიმე პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია, რაც მის ანგარიშგასაწევ ძალად აღქმაში გამოიხატა, სასაუბრო ენა გამონახა ამავე დროს თურქეთთან და ირანთანაც.

უნდა აღინიშნოს, ნატო-ს შეკავების გარდა რუსეთის ქმედებები მიმართულია შავი ზღვის რეგიონში, განახორციელოს საზღვაო ზეწოლა ამ რეგიონის ქვეყნებზე, რომელთაც აქვთ მტკიცედ გამოკვეთილი დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი და არიან ნატო-ს წევრი ან ასპირანტი სახელმწიფოები, რისი ნათელი ილუსტრირებაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში საქართველოს საზღვაო ბლოკადა.  უკრაინელი მკვლევარი ჰანა შელესტი ყურადღებას ამახვილებს აზოვის ზღვის მუდმივ ჩაკეტვაზე, აზოვის ზღვის უკრაინული პორტებისკენ მიმართულ გემების ჩხრეკასა  და ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც რუსეთის პროვოკაციული ქმედების შედეგად გაიტაცეს უკრაინული გემი, რომელზეც 24 უკრაინელი მეზღვაური იმყოფებოდა, რაც ნათელი მაგალითია  რუსეთის სამხედრო-საზღვაო ქმედებებისა, რომელიც ორიენტირებულია ზემოქმედება მოახდინოს ,,იძულებითი პოლიტიკის’’ გამოყენებით  უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე.

მიმდინარე წლის 24-30 მაისს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება  რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე დაძაბული ურთიერთობისკენ იყო მიმართული. რაც განპირობებული იყო იმით, რომ  უკრაინის საზღვართან, ყირიმსა და შავ ზღვაში  მსხვილი სამხედრო ძალები განალაგა. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციის თანახმად. ქვეყნის საზღვრებთან  110 რუსი სამხედრო იყო განლაგებული, რასაც მოჰყვა კონფლიქტის დეესკალაციის ფაზა  საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ფონზე. მათ შორის თურქეთის როლი  რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში  წარმოჩნდა , როდესაც თურქეთმა საჰაერო მიმოსვლაც შეუჩერა  რუსეთს.

ნაშრომში განხილულია  რუსეთის  საგარეო -პოლიტიკური პრიორიტეტები, მოქმედებები  შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში, რომელიც მიმართულია შეაფერხოს რეგიონებში დასავლეთის გაძლიერება, ნატო-ს აქტიური კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან ამისთვის კი ზრდის  ზემოხსენებულ ინსტრუმენტებთან ერთად  სამხედრო, საინფორმაციო, საზღვაო და საჰაერო ძალებს. უკრაინასა და საქართველოს შემთხვევები და ბოლო პერიოდში ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის დინამიკა და შედეგები  კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის დივერსიულ ქმედებებს, რათა შეაფერხოს რეგიონის ქვეყნების ევროინტეგრაციული მისწრაფებები.

1.რუსეთისა და ნატო-ს  ინტერესთა დაპირისპირება  შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის ,,პოლიტიკური თამაშები ‘’ უკრაინასა და საქართველოში

შავი ზღვის აუზის რეგიონი წარმოადგენს ევროპის სამხრეთ ნაწილის მონაკვეთს, რომელშიც შედის 15 სახელმწიფო: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, მოლდოვა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შავი ზღვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან გეოგრაფიულად იგი ასრულებს დამაკავშირებელ როლს აზიასა და ევროპას შორის[1].

შავი ზღვის რეგიონში მოთამაშეთა ინტერესების ანალიზი ცხადყოფს  თავად რეგიონის მიმართ მეტად გამოკვეთილ მიდგომას. ვინაიდან, 2004 წელს, როდესაც რუმინეთი და ბულგარეთი  ოფიციალურად გაწევრიანდნენ  ნატოში, უფრო ადრე 1952 წელს თურქეთი არ ყოფილა ნატო-ს მიზანი  შავ ზღვაზე გააქტიურება  რეგიონის უსაფრთხოების დაცვის  მიმართულებით. ნატოსთვის შავი ზღვის მნიშვნელობა წარმოჩნდა 2008 წელს  ბუქარესტის სამიტის შემდგომ  რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში, როდესაც ნატოელი პარტნიორების მიერ გადმოცემული ყველა კატარღა  და გემი ჩაიძირა რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად. აგრეთვე,  გარდამტეხი აღმოჩნდა 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, 2014 წლის უელსის სამიტზე  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  მისი წევრი და ასპირანტი ქვეყნების გაძლიერებაზე, ასევე 2011 წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ,,შავი ზღვის სტრატეგიაში ‘’.[2] 2016 წლის ვარშავის სამიტზე დიდი ადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკას, რასაც ადასტურებს სამიტზე მიღებული დეკლარაციის 23-ე პუნქტში არსებული ჩანაწერი.[3] 2020 წლის აპრილში გამართულ საგარეო-საქმეთა მინისტრების  ვირტუალურ მინისტერიალზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა  უკრაინისა და საქართველოს  მხარდაჭერის ახალ პროგრამებზე  და შავ ზღვაში დაგეგმილ ნატოსა და წვერი-ქვეყნების ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებში ჩართვაზე. შესაბამისად, დღითიდღე იზრდება ნატო-ს ყურადღება და გაძლიერებული მხარდაჭერის პროგრამები შავი ზღვის  რეგიონის სახელმწიფოებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ  რუსეთის ფედერაციის ძირითად რესურსს შავ ზღვაზე წარმოადგენს შავი ზღვის ფლოტი. თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონი მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი წარმოადგენს ,,გეოგრაფიულ ბაზას ‘’ რუსეთის მოქმედებებისთვის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთ ევრაზიის წყლებში .[4]   აგრეთვე, მას არ სურს აშშ-ს და ნატო-ს წევრი ქვეყნების გაძლიერება. რუსეთის საგარეო პოლიტიკაში  უკრაინას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ყირიმის ნახევარკუნძული, რომელზეც მდებარეობს  სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზა, იქ  განლაგებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების უმეტესობა. ეს ყოველივე კი  დიდი ხნით ხდის შეუძლებელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაციას. რუსეთი სამხედროების გამოჩენა ყირიმში, შენიღბული სახეებით, ფარული მართვითა და კონტროლით უშუალოდ გულისხმობს სპეცდანიშნულების ძალების ფარულ გამოყენებას, რაც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. კიბერ-შეტევები უკრაინის მიმართ, კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვეთოს, რომ რუსეთი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე პოსტებზე.

2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომი და ყირიმის დაკარგვა დიდი დანაკარგი იყო უკრაინისთვის, რადგან მცურავი საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი რუსეთმა ჩაიგდო ხელში. ასევე, რუსეთი აძლიერებს სამხედრო ოლქს, რაც გამოიხატება შავი ზღვის ფლოტის განახლებასა და ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურების შექმნაში ყირიმში.[5]

აღსანიშნავია, რომ ქერჩის სრუტის მოვლენები ყირიმის ანექსიის მსგავსად რუსეთის პასუხისმგებლობაა. 2018 წლის ნოემბერში რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჯერ ცეცხლი გაუხსნა და შემდგომ დააკავა უკრაინის სამი სამხედრო გემი  და 24 მეზღვაური, უკრაინის კუთვნილი კატარღები საერთაშორისო სამართლის პრინციპების  დაცვით შავი ზღვიდან აზოვის ზღვისკენ გადაადგილდებოდნენ, სადაც რუსულთან ერთად უკრაინული პოსტებიც მდებარეობს, თუმცა რუსეთმა ქერჩის სრუტე უკანონოდ ჩაკეტა, სრუტის ჩაკეტვის შემდგომ უკრაინული კატარღები უკან გაბრუნდნენ, ხოლო რუსულმა ძალებმა უკან გაბრუნებისას შავ ზღვაში გაუხსნეს ცეცხლი. [6] უნდა ითქვას, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს ესკალაცია ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა. ყირიმის ანექსიამ და შემდგომ მისმა მილიტარიზაციამ  რუსეთის მიერ ნატოს საპასუხო ზომების მიღებისკენ უბიძგა, რაც ასახულია  2014 წლის ნატოს-უელსის  სამიტზე მიღებულ დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებულ ნატოს,,მზაობის სამოქმედო გეგმაში’’.[7] აღსანიშნავია, ნატოს წევრი სამი სახელმწიფო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა შავ ზღვის ალიანსის სამხედრო ინიციატივებისა და ერთობლივი წვრთნების ფორმატში ხორციელდება, ასევე ურთიერთობა პარტნიორ ქვეყნებთან უკრაინასა და საქართველოსთან. შავი ზღვა წარმოადგენს  რეგიონს, სადაც რუსეთი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს წევრი ქვეყნების დამცავ ორგანიზაცია ნატო-ს, ვინაიდან აშფოთებს მისი პარტნიორობა თავის ყოფილ ,,გავლენის სფეროებში’’, თუნდაც ბოლო პერიოდში  2019 წელს ამერიკული სამხედრო გემის გამოჩენა ბათუმის პორტში, რასაც მოჰყვა კარასინის მუქარა, რომ  ნატოში გაწევრიანების შესახებ გზავნილები ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა  და საქართველოს აფრთხილებდა უკრაინული სცენარის განმეორებაში, ასევე რუსეთისთვის მიუღებელია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რადგან ამ პორტს ამერიკული წყალქვეშა ნავების შემოსვლის ინფრასტრუქტურა ექნება, შავი ზღვა არის მთავარი ხიდი ენერგომატარებლების, გადაკვეთ რუსეთისა და ნატოს ინტერესების აშკარაა, ყირიმის ანექსიით კი რუსეთმა სცადა კონტროლის  შავ ზღვაზე, მან მოახდინა უპრეცედენტო მილიტარიზაცია და  შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზება სევასტოპოლში, გააძლიერა საჰაერო თავდაცვა, განავითარა სარაკეტო სისტემები, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს განახორციელოს თავდასხმა, გარდა ამისა, მან რეგიონში განალაგა 15 საბრძოლო გემი, რაც საფრთხეს უქმნის ნატოს ოპერაციას შუა აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე 2012 წლიდან რუსული გემები გადამზიდის ფუნქციას ასრულებენ სირიის შეიარაღების საქმეში. [8]

რუსეთს არ უნდა ანაკლიის პორტი, რადგან ანაკლიის პორტი ნოვოროსკიის პოსტს ტვირთებს წაართმევს, ასევე დასავლეთის ინვესტირება ეწინააღმდეგება მის მიზანს ჰქონდეს ეკონომიკური გავლენა თუ რუსული პორტები 6 თვე ჩერდება, ქართული 2 თვე, ანაკლიის პორტი იქნება კონსტანცას შემდგომ შავ ზღვაში ღრმაწყლოვანი პორტი უმოკლესი გზით, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიას. ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე მსჯელობისას უნდა გამოიყოს რომ  მისი სიღრმე (20,5 მეტრი ) შესაძლებელს გახდის  პანამაქსისა და პოსტპანამაქსის გემების მიღებას, პორტის აგება კი ითვალისწინებდა 32 ნავმისადგომის აგებასა და 60-70 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გადამუშავების შესაძლებლობას, ქვეყნის საზღვაო პოტენციალის გაზრდასა და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას.[9] რუსეთს არ აწყობს და არ უნდა ნატოს გაფართოება. გავიხსენოთ აგვისტოს ომის სცენარები, როდესაც ბუქარესტის სამიტის შემდგომ საქართველოსთვის მაპის მიღების საკითხი იდგა, მან განახორციელა უპრეცედენტო შეტევა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაში გამოიხატა და მასთან ერთად კიდევ სამმა ჯუჯა სახელმწიფომ აღიარა. იმ დღიდან მოყოლებული ის აგრძელებს პასპორტიზაციას, მცოცავ ოკუპაციასა და მოქალაქეების გატაცებას, ამით ქართულ მხარეს მუდმივად ახსენებს რომ არ მისცემს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლებას, დაკავებული ადამიანები კი მიჰყავთ სამხედრო ბაზებზე 2010 წლისთვის რუსეთმა აფხაზებს გამოუყო 210 მილიონი დოლარი, ასევე 2015 წელს დაიწყო აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული დაჯგუფებების ინტეგრაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან.

რუსეთის ინტერესებს შავი ზღვის რეგიონში ადასტურებს გამჟღავნებული უკმაყოფილება, რომელშიც ის ნატო-ს ადანაშაულებს ,,შავი ზღვის რეგიონის აქტიურ მილიტარიზაციაში’’, რასაც თან ერთვის სერგეი ლავროვის კრიტიკა ნატო-ს ბაზებსა და წვრთნებთან მიმართებით როგორც ბალტიის ზღვის ქვეყნებში, ასევე შავ ზღვაზე და ჰაერში.[10] რუმინეთთან მიმართებაში შეინიშნება მუქარა ,,სერიოზული შედეგებით’’ შავ ზღვაზე აშშ-ს და ნატო-ს სამხედრო ყოფნის მხარდაჭერის გამო. ლავროვი, ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირზე, იგი თვლის, რომ ევროკავშირს შავი ზღვა საკუთარ ,,სამფლობელოდ ‘’ მიაჩნია. ამ კუთხით ეხმიანება ,,სამი ზღვის ინიციატივას ‘’, რომელიც აერთიანებს ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის ქვეყნებს და ორიენტირებულია ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა  და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რაც თავის მხრივ მოიცავს რუსეთის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვას როგორიცაა, მაგალითისთვის LNG სისტემა, რომელიც მიმართულია ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგებისკენ წევრი სახელმწიფოებისთვის.[11]

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  შავი ზღვის  რეგიონს  რუსეთის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში, რომელიც წარმოადგენს ,,გეოგრაფიულ ტრამპლინს’’.  რუსეთის მიერ სირიისთვის საზღვაო მომარაგება სწორედ შავი ზღვიდან ხორციელდება. ორმხრივი კომუნიკაციის ხარისხზე მიუთითებს 2017 წელს  რუსეთსა და ასადის რეჟიმს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთს  ტარტუსის საზღვაო ბაზის კონტროლის საშუალება მიენიჭა. შავი ზღვის ფლოტის გემებთან ერთად ასადის რეჟიმი აქტიურად თანამშრომლობს საერთო წვრთნების მიმართულებით. მეორე მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო 2020 წელს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა გამართა ერთობლივი სწავლება  ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალებთან  და შავ ზღვაში ჩავიდნენ ეგვიპტის  სამხედრო გემები.

რუსეთის გეოსტრატეგიულ აქტივობებს შორის უნდა გამოიკვეთოს  24-30 მაისს, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებები  რაც იყო გზავნილი უკრაინისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და შავი ზღვა საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.  1936 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი ,,სრუტეების რეჟიმთან დაკავშირებული  მონტროს კონვენცია’’ [12] ადასტურებს  თურქეთის კონტროლს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე, გარდა ამისა,  მონტროს კონვენციით რეგულირდება სამხედო გემების ტრანზიტი  სრუტეებში, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია ამერიკული სამხედრო გემების ყოფნისთვის შავ ზღვაზე. [13] აღნიშნული კონვენციის პრობლემურობა გამოიხატება შემდეგში: არა შავიზღვისპირა ქვეყნების გემების ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ტონას, გამონაკლისი 45 000 ტონამდე, რომელთაც შავ ზღვაზე დარჩენა შეუძლიათ 21 დღის განმავლობაში. მის დაბრკოლებები აშკარა იყო 2008 წელს, როდესაც აშშ-ს სურდა 2 ჰოსპიტალური  გემის შემოყვანა შავ ზღვაზე, მაგრამ იმიტომ რომ მისი საერთო ტონაჟი 69 000 ტონას შეადგენდა ვერ მოხერხდა შემოსვლა საქართველოს დასახმარებლად. მეორე მნიშვნელოვანი  შემთხვევა იყო 2018 წელს ზემოხსენებული ქერჩის სრუტის პროცესებში. ამ მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობას, არ ემთხვევა მისი პოზიცია რუსეთის ქმედებებს ყირიმში და მას თვლის უკრაინის ტერიტორიად.

2.რუსეთის ,,გეოპოლიტიკური ამბიციები ‘’ სამხრეთ კავკასიის რეგიონში

 კავკასია გეოგრაფიულად, ეთნიკურად, ენობრივად, კონფესიურად  და კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონია, აქ დაახლოებით  50 სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს, ისტორიის მანძილზე ის წარმოადგენდა სასაზღვრო ზონას. სამხრეთ კავკასიას ევროპასთან მხოლოდ შავი ზღვა აშორებს და მათ შორის არსებობს მრავალმხრივი ეკონომიკური, პოლიტიკური და ისტორიული კავშირები. მნიშვნელოვანია, საგარეო პოლიტიკური კურსი, მმართველობის ფორმის, ,კომუნიკაციის ხარისხის, რუსული ფაქტორის, გავლენების, კონფლიქტების მიმდინარე დინამიკა  და სხვა ასპექტების გათვალისწინება, რომ მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთის ესმოდეთ და  ჰქონდეთ მნიშვნელოვანი ადგილი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში.

რუსეთის იმპერიული სახელმწიფოს  ჩამოყალიბების საწყის პერიოდში გამოიკვეთა კავკასიის რეგიონზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვების აუცილებლობა, რაც თავის მხრივ შავი და კასპიის ზღვების კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა.  უნდა აღინიშნოს, რომ კასპიის ზღვის რეგიონი (სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია) მოიცავს მსოფლიო ნავთობის 3-4 %-ს და გაზის მარაგების  4-6 %-ს.[14] რუსეთის  ფედერაციის კურსს მნიშვნელოვანწილად ენერგეტიკული პოლიტიკაც განსაზღვრავს, ვინაიდან  გააზრებული აქვთ რომ  მოსკოვის ბერკეტები მნიშვნელოვანწილად შესუსტდება დასავლეთზე  ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით.

რუსეთი სამხრეთ კავკასიას  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თვლიდა და დღემდე ცდილობს  აქციოს სამხედრო და  პოლიტიკურ არსენალად, რომელიც წარმოადგენდა გეოეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ  და სამხედრო პლაცდარმს, სსრკ-ს შექმნის შემდეგ  კავკასიის რეგიონმა  უწინდელი მნიშვნელობა შეიცვალა და სამხედრო-თავდაცვით და ექსპანსიურ ზონად ჩამოყალიბდა, ირანისა და თურქეთისგან თავდასაცავდ.სსრკ-ს დაშლის  შემდეგაც არ იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დამოუკიდებელი, საგულისხმოა სომხეთის პოზიცია და კავშირები რუსეთთან, რომელიც რუსეთის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზნების განმახორციელებელს წარმოადგენდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგაც ამ რეგიონს რუსეთი თავის ,,გავლენის სფეროდ’’ მიიჩნევდა და საშინაო საქმეებში ჩარევად აშშ-ს პოლიტიკას. მალე კავკასიამ გეოკონომიკური ინტერესები შეიძინა და ის მოექცა დასავლეთის ინტერესის სფეროში, რაც განპირობებული იყო  ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსებისადმი მოთხოვნის ზრდით, ხოლო კავკასიისთვის ცენტრალური აზიისა და ევროპის უმნიშვნელოვანესი რეგიონის სტატუსის მინიჭებით. დასავლეთის დაინტერესებამ რუსეთი გამოწვევის წინაშე დააყენა, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესანარჩუნებლად დამატებითი ქმედებების განხორციელება გახდა აუცილებელი. ტრადიციულ მილიტარისტულ გადაწყვეტილებებს არ ჰქონდა ზეგავლენის მოხდენის პერსპექტივა, ამიტომაც დღის წესრიგში დააყენეს არასამხედრო საშუალებების გამოყენების საჭიროება. ამ ყოველივეს თან დაერთო ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც 2009 წელს მოქმედების ახალ ეტაპზე გადავიდა  და 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახით მოგვევლინა. რბილ ძალას ეფექტურად იყენებდა სომხეთთან მიმართებით, საქართველოში კი დღემდე აგრძელებს, როგორც ძლიერ ინსტრუმენტს შეაღწიოს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო გავლენებით. რუსეთის რბილი ძალის გამოხატულებაა სომხეთის გადაწყვეტილება, რომელმაც არა ასოცირების შეთანხმებას, არამედ  2014 წელს ევრაზიულ საბაჟო კავშირს მოაწერა ხელი. ეკონომიკური გავლენები საქართველოში დიდია ის ბიზნეს-კაპიტალებს ფლობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობი  და შედარებით საშუალო ბიზნესი. ,,ინტერ რაო’’  საქართველოს ენერგეტიკის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმოქმნილი მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობები დაფუძნებულია  ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით, უნდა გამოიკვეთოს, სომხეთის მდებარეობა ენერგეტიკულ მაგისტრალზე. სამივე სახელმწიფომ უარი უნდა თქვას წარსულ დამოკიდებულებაზე path dependence».

საგულისხმოა, პროექტები, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს საკმაოდ მომგებიანი და ხელსაყრელია.  ,,აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი’’, რომელიც ხელს უწყობს კავკასიის, კერძოდ კი, აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც ,,კავკასიური ტანდემის’’ ჩართვას ,,აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფნის’’ უკვე განხორციელებული პროექტის განვითარებას წარმოადგენს  ბაქო-თბილისი-ყარსის  რკინიგზა, აღნიშნული რკინიგზით ერთმანეთს დაუკავშირდება აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კავკასიაზე გავლით და თავის მხრივ დასავლეთი და აღმოსავლეთი. ხსენებული რკინიგზა კი, როგორც ,,რკინის აბრეშუმის გზის’’ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჯდება ,,ერთი სარტყელი ერთი გზის’’ პროექტში.[15]

ჯერ კიდევ დასავლეთიდან, კერძოდ ევროკავშირიდან წამოვიდა ,,აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ‘’ ინიციატივა, ხოლო მეორე ,,ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის  ეკონომიკური დერეფნის’’ პროექტის ინიციატივა  აღმოსავლეთიდან, კერძოდ ჩინეთიდან. 2002 წელს გამოიკვეთა აღნიშნული სატრანსპორტო პროექტის  ეკონომიკურ პროექტად გარდაქმნის შესაძლებლობები. საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი ,,აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის’’ წარმატებით ფუნქციონირებისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი გვევლინება, რადგან ის განხილულია რუსეთზე გამავალი  ,,ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდის’’ კონკურენტად, მოსკოვს სურს გაზარდოს გავლენა ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე  და უშუალოდ ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ კავკასიაზე. მის ინტერესებში არაა, ალტერნატიული პროექტის განხორციელება, ნატო-ს თუ ევროკავშირის, აშშ-ს ჩართულობით  წარმოადგენს შემაშფოთებელ  პროცესებს, რადგან დღეს  ის ორიენტირებულია არ განხორციელდეს მისგან დამოუკიდებელი პროექტები. ,,ერთი სარტყელი-ერთი გზის’’ ინიციატივის  დასაბალანსებლად მოსკოვმა 2016 წელს წამოაყენა  ,,დიდი ევრაზიული თანამშრომლობის’’ ინიციატივა, რომელიც არის 2015 წლის  რუსულ-ყაზახური პროექტის ,,ევრაზიული ეკონომიკური  კავშირის’’ მეტად მსხვილმასშტაბიანი პროექტი, რომელიც მოიცავს გარდა რუსეთისა, ინდოეთს, ჩინეთს, ირანსა და თურქეთს  და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც შესწევს ძალა დაუპირისპირდეს აშშ-ს ჰეგემონიას და ზოგადად ატლანტიზმს. ,, დიდი ევრაზიულ თანამშრომლობის’’ პროექტი მხოლოდ შეუძლებელია განვიხილოთ ეკონომიკური სარგებლიანობის ჭრილში, რადგან  მას საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები გააჩნია, მის წევრ სახელმწიფოებზე ჰქონდეს  ზეგავლენა .

რუსეთი, მარტივი მიზეზით არის წინააღმდეგი ,,ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის ‘’ ეკონომიკური პროექტის განხორციელებით, რადგან ის ამით დაკარგავს გავლენას, მოგეხსენებათ თავის დროზე ის ასევე წინააღმდეგი იყო ,,აბრეშუმის გზის სატრანსპორტო  დერეფნის’’ შექმნით. აღნიშნული პროექტის, დასაბალანსებლად შემოიღო ,,ევრაზიული ეკონომიკური კავშირის’’ ინიციატივა  და ცდილობს მისი მასშტაბების გაზრდას, რომ შეასუსტოს აშშ და ზოგადად დასავლეთი. ,,აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ‘’ ინიციატივამ დღის წესრიგში დააყენა  ჩინეთის როლის გაზრდისა და ჩინური  ევრაზიიზმის პერპექტივები.

2009 წელს დაარსდა აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა  ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორს  შორის პოლიტიკურ დიალოგს ..პარტნიორ ქვეყნებში სომხეთსა და აზერბაიჯანში შეინიშნება მითუმეტეს ბოლო პერიოდში ევროპეიზაციის ნიშნები, მოგეხსენათ  ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით ფაშინიანი დასაჯა რუსეთმა სწორედ  დასავლეთთან კავშირების გამო, ხოლო არჩევანი აზერბაიჯანზე შეაჩერა. რაც ვფიქრობ, რუსულ პოლიტიკის გაგრძელებაა, ,,ძველი მეთოდებით’’.

კავკასიის ქვეყნებს, კერძოდ სომხეთი, აზერბაიჯანი  და საქართველოს შორის არსებობს განსხვავებები ღირებულებებში, სურვილებში, მისწრაფებებსა და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებში. საქართველოს აქვს მტკიცედ გამოკვეთილი დასავლური კურსი  გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, დაიმკვიდროს ევროკავშირის კონკურენტულ ბაზარზე თავი და გახდეს არა მხოლოდ მყიდველი, არამედ მწარმოებელი. აზერბაიჯანს არ ჰქონდა იმის სურვილიც გამხადიყო მსო-ს წევრი, თუმცა აზერბაიჯანი ევროკავშირის მთავარი ენერგოპარტნიორია და არსებითი როლი აკისრია  კასპიის ზღვის  ენერგორესურსების  ევროკავშირის ბაზრისთვის მიწოდების საქმეში, თუმცა ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის განვითარება საეჭვოა ბოლოდროინდელი პოლიტიკური ესკალაციის პირობებში.

სომხეთმა 2014 წელს უარი განაცხადა  2 წლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე, ამის საპირისპიროდ ის შეუერთდა  ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებას, მაგრამ 2015 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან  ახალ შეთანხმებაზე, ხოლო 2017 წელს ხელი მოაწერა თანამშრომლობისა და გაძლიერებული პარტნიორობის  ხელშეკრულებას, 2018 წლის ,,ღირსების რევოლუციამ’’ კი დასაბამი დაუდო ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირთან  პოლიტიკური და დარგობრივი თანამშრომლობის კუთხით. 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში რუსეთი ღიად ავლენდა გეოპოლიტიკურ დაპირსპირებას  ევროკავშირთან რაც სომხეთისა და უკრაინის ასოცირების შეთანხმების დაბლოკვაში გამოიხატებოდა, ხოლო 2015 წელს იძულებით გახადა სომხეთი ევრაზიული  ეკონომიკური გაერთიანების წევრი. რუსეთის  მხარდაჭერა, ჩარევა  და არალეგალური ყოფნა რეგიონში ართულებს ამ სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციას, ამ ყოველივეს თან ერთვის ჰიბრიდული  საშუალებები, რომელსაც ის მარჯვედ იყენებს, კიბერშეტევების გააქტიურებით, რათა მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ  და უშუალოდ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის.

რუსეთი აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, 2019 წლისთვის აზერბაიჯანთან მისმა  საქონელბრუნვამ  3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რუსული ინვესტიციების მოცულობა კი ამ ქვეყანაში 4,5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.[16] 2021 წელს ყარაბაღის ომის შემდგომ რუსეთის შუამდგომლობით პირველად მიეწოდება აზერბაიჯანის გავლით სომხეთს გაზი, 2020 წლისთვის სომხეთმა ,,გაზპრომისგან’’ 2,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო, მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე ძალიან დიდია  ალტერნატიული მარშრუტი სომხეთ-ირანის გაზსადენია თუმცა რუსულ გაზს კონკურენციას  ვერ უწევს. აგრეთვე, სომხეთის მეწომარის ატომური ელექტროსადგურის განახლება რუსეთის დაფინანსებითა და კრედიტის გამოყოფით ჯერ  კიდევ  2015 წელს  დაიწყო, რომელიც შეადგენდა  270 მლნ აშშ დოლარის კრედიტსა და 30 მლნ აშშ დოლარის გრანტს  რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის აქტიურ ჩართულობას სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში გავლენის შესანარჩუნებლად .[17] ამ ყოველივეს  თან ერთვის  ყარაბაღში რუსული ენის დაკანონება. საქართველოსთან მიმართებით რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში  მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების შექმნით გააძლიერა საკუთარი გავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეისთვის, რუსეთის სამხედრო ბაზები  და ინფრასტრუქტურა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საკმაოდ განვითარებულია და მზად არის მორიგი აგრესიის წამოსაწყებად.[18]

2020 წლის 10 დეკემბერს გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო  ერდოღანის, რაც განიხილება, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სირთულეების მანიშნებლად.[19] ვინაიდან აზერბაიჯანის დაშორება დასავლეთთან გამოიწვევს რუსული გავლენის ზრდას და აზერბაიჯანის ,,რადიკალიზაციას’’ ევროკავშირთან მიმართებით. ასევე, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ  მშვიდობის ერთიანი ცენტრის დეტალებზე, რომელიც მონიტორინგს გაუწევს  ყარაბაღის ზავის შესრულებას, ის უნდა განთავსდეს აზერბაიჯანის  აგდამის რაიონში, რომელიც საზავო შეთანხმებისამებრ სომხეთის ძალებმა გაათავისუფლეს, ლავროვმა უარყო ,,ისტერია’’ თურქეთისთვის  რეგიონის დათმობის შესახებ. უნდა გამოიკვეთოს  მეტიუ რაიზას, აშშ-ს ყოფილი ელჩის აზერბაიჯანში შეფასებები, რომლის თანახმადაც თურქეთის ყოფნა აზერბაიჯანში  ხელსაყრელია ნატოსთვის. თურქეთის პოზიცია ასევე განისაზღვრება, როგორც ზეწოლა დასავლეთზე უარი თქვას სანქციებზე. მართლაც ბრიუსელისა და ვაშინგტონის  განცხადებები ხაზს უსვამს  დილემას ,,როგორ შეაკავოს თურქეთის მისწრაფება’’ იქცეს რეგიონული ძალიდან მსოფლიო მოთამაშედ. სამხრეთ კავკასიაში  გარე აქტორები, რუსეთისა და თურქეთის სახით დიდ როლს ასრულებენ პროცესების მართვაში რაც აშკარად გამოჩნდა ყარაბაღის უახლოესი  დაძაბულობის  პერიოდში და მის შემდგომ.

უნდა ითქვას, რომ ყარაბაღის ომი  2020 წლის 9 ნოემბერს დასრულდა, ზავი კი ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გაფორმდა, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 7 რაიონი. მოსკოვის მონაწილეობით დადებული ზავის გარანტორებად კი ყარაბაღში   მე-15 მექანიზირებული  ბრიგადის 2000 -მდე რუსი ჯარისკაცი ჩავიდა. აღნიშნული ბრიგადა  რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის  მე-2 არმიის ნაწილია.[20] გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ძალას  1960 მოსამსახურით  5 წლით  დაევალა  ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხოლო სომხეთ-ირანის საზღვარზე  რუს მესაზღვრეებს  ევალებათ ნახჭევანისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი დერეფნის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა გადაუჭრელი დარჩა ყარაბაღის სტატუსი და დევნილთა დაბრუნების საკითხი, მაგრამ როგორც ნაშრომში აღინიშნა რუსეთის ბოლოდროინდელი აქტიურობა და მოქმედებები ადასტურებს მის ,,დაგეგმილ პოლიტიკურ ნაბიჯებს’’ რეგიონში არსებული დესტაბილიზაციის გამოყენებით  მოიპოვოს ,,დომინანტური’’ პოზიცია.

2021 წლის 3  ივნისს სატეკეფონო საუბარი შედგა აზერბაიჯანის პრეზიდენტ  ალევსა და ჩინეთის  სი ძინიპინს შორის, რომლის თანახმადაც ჩინეთი მხარს უჭერს სატრანსპორტო და  ლოჯისტიკური პროექტების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს აზიისა და ევროპის სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობასა და  რეგიონული კავშირის გასაუმჯობესებლად. ამავე დროს, სომხური ოპოზიციური ბლოკი ქოჩარიანის ხელმძღვანელობით  ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას აპირებს. [21] ჩინეთის გააქტიურება რეგიონში ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში.

დასკვნა

ცხადია, რუსეთი ხელს უშლის ამ სახელმწიფოებს  ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტურად წარმართვას, პირიქით ცდილობს ამ პროცესების შეფერხებასა და დესტაბილიზაციას, დაასუსტოს და შეცვალოს, მათი პოლიტიკური სისტემა, საგარეო-პოლიტიკური კურსი. რუსეთის ქმედებების  წინააღმდეგ, ბუნებრივია, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო პროექტების განხორციელება, თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, გამოცდილების  გაზიარება და ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სწორი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარება. სატრანზიტო, ენერგომატარებელი რესურსის ორმხრივი სარგებლიანობის პრინციპის წამოწევა. რუსული ფაქტორი ამ პროცესებში კვლავ რჩება გადამწყვეტად, გეოპოლიტიკურ მეტოქედ, რომელსაც რეგიონში თამაშის წესების კარნახი სურს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის სისუსტეები განპირობებულია მათივე ,,ავტოკრატიული რეჟიმებისა’’ თუ რუსეთთან დაუბალანსებელი ურთიერთობების გამო  ვაჭრობის თუ სამხედრო მხარდამჭერის მიმართულებით. ზემოთ აღნიშნული, ევრაზიის კავშირი კი დამატებითი ფაქტორია, რომელიც რეგიონის გახლეჩას უწყობს ხელს  ევროპასთან პოტენციური ინტეგრაციის მიმართულებით. რეგიონში თუ სურს ევროკავშირმა რაიმე თანამშრომლობით ურთიერთობებს მიაღწიოს  ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიზაციის პროცესს სხვადასხვა შეთანხმებებითა და ეკონომიკური პროექტებით, განავითაროს არსებული ინიციატივები  და რუსეთის  ჰიბრიდული მავნე ჩარევების პროცესში უფრო მეტად გააქტიუროს რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომელიც გამოიხატება საინფორმაციო ომის წარმოებაში, კიბერშეტევებსა  და სეპარატისტული კონფლიქტების კერების გაღვივებაში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ ფლობს გავლენებს და დასავლეთმა უნდა იმუშაოს სწორი და ზუსტად განსაზღვრული სამოქმედო გეგმით. სექტორული დიალოგი ევროკავშირს აქვს მხოლოდ საქართველოსთან ამ ქვეყნებიდან რაც საქართველოს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში .

რუსეთი საქართველოსა და უკრაინის  სვლას ევროინტეგრაციისკენ  მის ინტერესებთან შეუთავსებლად აღიქვამს. სწორედ ამიტომ რუსეთი ყოველწლიურად მილიონ დოლარს ხარჯავს  აფხაზეთისა და ცხინვალის სამხედრო ოკუპაციისა და ამ რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების შენარჩუნებისთვის, რუსეთის აგრესიამ საქართველოს მაღალი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა, ასევე რუსეთი იყენებს ნაშრომში აღნიშნულ ჰიბრიდულ ომს მოახდინოს დასავლეთის დემონიზება. საქართველო ბრძოლის წინა ხაზზეა რუსეთი ,,გეოპოლიტიკური ამბიციების’’ პირისპირ, ნატოს ბაზების და ნატო-ს წევრობასთან მიმართებით საინფორმაციო პროპაგანდა და ნეიტრალიტეტის საკითხის წინა პლანზე წამოწევა ამის აშკარა გამოხატულებაა. 2021 წლის 13 აპრილს დაწყებული რუსულ-უკრაინული კონფლიქტი ამის დადასტურებაა, რომ რუსეთი არ აპირებს დათმობას. ამის ფონზე , საინტერესოა, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის შეხვედრები, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად  შეეხო ზემოთაღნიშნულ მონტროს კონვენციას.

მნიშვნელოვანია, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, საქართველოს უფრო აქტიური თანამშრომლობა  შავი ზღვის რეგიონში, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ორ ასპირანტ სახელმწიფოს უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამჟამინდელ მიზნებთან. რუსეთის გაზრდილი სამხედრო, საჰაერო, საზღვაო  ძალების ფონზე საყურადღებოა, ნატო-ს პარტნიორი და წევრი სახელმწიფოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეები, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო. გასათვალისწინებელია, თურქეთის ფაქტორი, როგორც ,,გეოპოლიტიკური მოთამაშის’’, ნატო-ს წევრ სახელმწიფოსთან ორმხრივი ურთიერთობის მეტად გაღრმავება და კომუნიკაციის გაძლიერება.

 

ავტორი: ირინა მიქავა

 


გამოყენებული ლიტერატურა

Chindea, Stephen J. Flanagan and Irina A. 2019. Russia ,Nato and Black Sea Security Strategi . RAND Corporation, Santa Monica, Calif.

Ivaniadze, Medea. 2021. “China’s Activities in the South Caucasus Issue 15, 31.5.2021 – 13.6.2021.” თბილისი.

Rahimov, Rahim. December 8, 2020. “Perceptions of Russia in Azerbaijan: Challenge for Moscow’s Russian. Eurasia Daily Monitor.

ბატაშვილი, დავით. 2020. „რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში.“ თბილისი.

ბატაშვილი, დავით. 2021. რუსეთის სტრატეგია და შავი ზღვა. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

გაბელია, ირაკლი. 2019. ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. თბილისი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი .

დანელია, ირაკლი. 2016. „ანაკლიის პორტი და მისი პერსპექტივა.“

ესებუა, კახა. 2017. რუსეთის სამხედრო გაძლიერება შავ ზღვაზე ალტერნატიული კონტრსტრატეგია ნატოსთვის. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის.

თურმანიძე, თორნიკე. 2017. ოკუპაციის ხაზი – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

კომახია, მამუკა. 2021. „პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა.“ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა,გამოცემა 29 , 15-31 მარტი.

კურტანიძე, ნინო. 2018. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. თბილისი: YATA Georgia

სურმავა, გიორგი. 2021. შავი ზღვა-მოთამაშეთა ინტერესები და შესაძლებლობები . თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის.

ფიფია, გიორგი. 2019. სამი ზღვის ინიციატივა -თანამშრომლობის ახალი კოცეფცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თბილისი: საგარეო პოლიტიკის საბჭო .

ჩიტალაძე, ანა. 2018. შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება: თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები კონფრონტაციის ხაზზე. თბილისი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.

ჯანელიძე, ოთარ. 2020. „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო.“ (საქართველოს სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ) 17.

 


[1] გაბელია, ირაკლი. 2019. ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. თბილისი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

[2] ჩიტალაძე, ანა. 2018. შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება: თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები კონფრონტაციის ხაზზე. თბილისი: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.

[3]  Warsaw Summit Communiqué, 09.07.2016, https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_133169.htm

[4] გაბელია, ირაკლი. 2019. ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. თბილისი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

[5] სურმავა, გიორგი. 2021. შავი ზღვა-მოთამაშეთა ინტერესები და შესაძლებლობები . თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრი

[6] ბატაშვილი, დავით. 2021. რუსეთის სტრატეგია და შავი ზღვა. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[7] Chindea, Stephen J. Flanagan and Irina A. 2019. Russia ,Nato and Black Sea Security Strategi . RAND Corporation, Santa Monica, Calif

[8] კურტანიძე, ნინო. 2018. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. თბილისი: YATA Georgia.

[9] დანელია, ირაკლი. 2016. „ანაკლიის პორტი და მისი პერსპექტივა. https://forbes.ge/anakliis-porti-da-misi-pe/

[10] ბატაშვილი, დავით. 2021. რუსეთის სტრატეგია და შავი ზღვა. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[11] ფიფია, გიორგი. 2019. სამი ზღვის ინიციატივა -თანამშრომლობის ახალი კოცეფცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. თბილისი: საგარეო პოლიტიკის საბჭო .

[12] Montreux Convention Regarding the Regime of the Straits, https://en.wikipedia.org/wiki/Montreux_Convention_Regarding_the_Regime_of_the_Straits

[13] 2 Montreux Convention Regarding the Regime of the Straits, https://en.wikipedia.org/wiki/Montreux_Convention_Regarding_the_Regime_of_the_Straits

[14] ჯანელიძე, ოთარ. 2020. „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო.“ (საქართველოს სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი )

[15] პაპავა, ვლადიმერ. 2017. ,,ერთი სარტყელი -ერთი გზის ინიციატივა” და საქართველო. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[16] ჯანელიძე, ოთარ. 2020. „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო.“ (საქართველოს სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ) .

[17] კომახია, მამუკა. 2021. „პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა.“ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა,გამოცემა 29 , 15-31 მარტი.

[18] თურმანიძე, თორნიკე. 2017. ოკუპაციის ხაზი – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ. თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.

[19] Rahimov, Rahim. December 8, 2020. “Perceptions of Russia in Azerbaijan: Challenge for Moscow’s Russian. Eurasia Daily Monitor.

[20]ბატაშვილი, დავით. 2020. „რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში.“

[21] Ivaniadze, Medea. 2021. “China’s Activities in the South Caucasus Issue 15, 31.5.2021 – 13.6.2021.” თბილისი.