E ISSN 2587-5396

აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული-საინფორმაციო ომი  პოლიტიკურ კონტექსტში

30/06/2021 By yatage

აშშ-ჩინეთის ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული-საინფორმაციო ომი პოლიტიკურ კონტექსტში

შესავალი

სახელმწიფოები ქმნიან საერთაშორისო სისტემას, რომელშიც თითოეულ აქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამეთუ ისინი აქტიურად არიან ჩართულები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. თუმცა გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შესაძლოა შეიცვალოს საერთაშორისო წესრიგი,რაც ხდებოთა კიდეც საუკუნეების განმავლობაში.

საერთაშორისო სისტემა დღესაც იცვლება, რომლის საუკეთესო მაგალითად გამოდგება აშშ-ჩინეთის ურთიერთობები. საინტერესოა ვიცოდეთ, პოლიტიკური ამინდის შემქმნელი ზესახელმწიფოები როგორი გზებით ცდილობენ უპირატესობის მოპოვებასა და ჰეგემონობის განმტკიცებას. ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობა გვანახებს ჰეგემონი სახელმწიფოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ამბიციებს და ბრძოლას პირველობისთვის. სწორედ ამიტომ აშშ-ჩინეთის ურთიერთდამოკიდებულობა თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომელიც აქტიურად განიხილება საერთაშორისო დღის წესრიგში. ერთი მხრივ ამერიკის ბრძოლა შეინარჩუნოს ჰეგემონობა და მეორე მხრივ ჩინეთის სწრაფი აღმასვლა ქმნის ამ ორი სახელმწიფოს მნიშვნელობის და როლის გადახედვის შესაძლებლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში.

ჩინეთისა და ამერიკის საკითხი აქტუალურია, რადგან ურთიერთკონკურენციის გამო  არაერთი გამოწვევა აკავშირებთ ერთმანეთთან, რომლებიც ართულებს მათ ურთიერთობას და უამრავ პრობლემას აჩენს, როგორც მათთვის ასევე მათი მოკავშირე სახელმწიფოებისთვის. ამ სტატიაში ყურადღება იქნება გამახვილებული თუ რამ განაპირობა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების უარყოფით კონტექსტში განვითარება და რა შესაძლო პროცესები შეიძლება მოჰყვეს მათ ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ-საინფორმაციო ომს . შევეხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის აშშ-სა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა ეპოქაში, აშშ-ს პრეზიდენტების დამოკიდებულება ჩინეთისადმი, ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ-საინფორმაციო ომი, ასევე სინძიანის საკონცენტრაციო ბანაკის, ჰონ-კონგის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, ტიბეტის და ტაივანის საკითხებს. საუბარი იქნება თემაზე, რომელიც არაერთი მკვლევარის განხილვის საკითხია, რომელიც უამრავი ადამიანის ყურადღების ქვეშ მოექცა და შევეხები აშშ-ჩინეთის ურთიერთობის სათუო მომავალს, ჰეგემონობის საკითხს და გავლენების განაწილებას ამ ორ ზე სახელმწიფოს შორის და ვარაუდს, რომლითაც აშშ-ჩინეთს შორის ეკონომიკურ-სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტა ნეგატიურად აისახება როგორც ამ ორ სახელმწიფოზე, ასევე მსოფლიოზე.

1. აშშ-ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები: წინაპირობა, მიმდინარეობა და შედეგები

აშშ-ჩინეთის შესახებ საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ თუ საიდან დაიწყო ყველაფერი, როგორ იგრძნო ცივ ომში გამარჯვებულმა ამერიკამ ახალი კონკურენტის გამოჩენა და როგორ იქცა ახლად აღზევებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აშშ-ს მთავარ სამიზნედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბრძოლაში. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ყოველივე ამას უნდა ვიცოდეთ აშშ-სა და ჩინეთის ინტერესების არეალები და მათი დამოკიდებულებები ერთმანეთისადმი. ისტორია გვაჩვენებს, რომ აშშ თავიდანვე გრძნობდა ჩინეთისგან მომავალ საფრთხეს. იმ დროში მცხოვრებ ადამიანებს ალბათ ვერც წარმოედგინათ ამერიკა, როგორც სუპერსახელმწიფო, რატომ მიიჩნევდა ასე მწვავედ ჩინეთის საკითხს, რატომ უწოდებდა ,,წითელს“ მას და რატომ ცდილობდა თავიდანვე ჩაეხშო, ძირშივე მოეჭრა მისი წინსვლისკენ მიმავალი გზები.[1] ძნელი წარმოსადგენი იყო ნამდვილად, რადგან ხალხისთვის ამერიკა  მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების და შენარჩუნების გარანტი გახლდათ. მაშინ როდესაც ჩინეთი ხშირ შემთხვევაში მეზობელი სახელმწიფოებისთვის აგრესორად გვევლინებოდა, რამეთუ მას სურდა თავისი გავლენის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელება. აქევე აღსანიშნავია ჩინეთის მხოლოდ რეგიონური ინტერესები, ხოლო აშშ-ს კი გლობალური. დიდ ყურადღებას იმსახურებს ამერიკა-ჩინეთის საზღვაო-ურთიერთობებიც,რამეთუ ჩინეთი დღესდღეობით აქტიურად ცდილობს გაზარდოს ფლოტი და შექმნას ბაზები ინდოეთის ოკეანეში ,რათა კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებზე.

აშშ-ჩინეთის დაპირისპირება არ ყოფილა მხოლოდ ეკონომიკური სახის, მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ იდეოლოგიური ბრძოლა ერთის მხრივს დემოკრატიას და მეორეს მხრივს კომუნიზმს შორის.  კონფლიქტი გვევლინება სხვადასხვა ბრალდებების ფონზე, რითაც იკვეთება ჩინეთის და აშშ მთავარი პრობლემები ერთმანეთთან. კითხვა კი მდგომარეობს შემდეგში: რა პრეტენზია აქვს ჩინეთს ამერიკასთან მიმართებით, რაზე პასუხიც მარტივია მას მიაჩნია, რომ ამერიკა ერევა მის პოლიტიკაში და ეხმარება ჩინეთის წინააღმდეგ ამხედრებულ ,,მეამბოხეებს“ მასთან ,,ბრძოლაში“.[2]  ამ და სხვა პრობლემურ საკითხებზე პასუხს შევეცდები რიგი მაგალითების მიმოხილვით.

1.1 ტიბეტისა და ტაივანის საკითხი.

აშშ-ჩინეთის ბურუსით მოცულ ურთიერთობებში  საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტიბეტს. 1959 წლის  მარტში დაიწყო მასობრივი ტიბეტური აჯანყება. მეამბოხეები ითხოვდნენ დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც არ შედიოდა ჩინეთის ინტერესებში, მაგრამ აშშ მხარს უჭერდა მას. მოვლენების საწყისი გახლდათ ხელშეკრულება,რომელიც 1951 წელს დაიდო  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა დალაი ლამას (ტიბეტის პოლიტიკური  და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი) წარმომადგენლებს შორის. ხელშეკრულებით ფაქტობრივად ტიბეტზე ჩინეთის ძალაუფლება ვრცელდებოდა. მისმა დამოკიდებულებამ თითქოს გარკვეული ტერიტორიები მისი განაპირა პროვინციები იყო აღაშფოთა ტიბეტელები და სათავე დაუდო ხანგრძლივ კონფლიქტს, რომელიც აშკარა თუ არა შენიღბული სახით ახლაც მიმდინარეობს. აჯანყებულებსა და ჩინელებს შორის ბრძოლების შედეგად დაიღუპა 85000-87000 ტიბეტელი და ორიათასამდე ჩინელი სამხედრო[3] .

საინტერესოა, რა პასუხისმგებლობა აკისრია ოფიციალური ჩინეთის აზრით აშშ-ს ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით. ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს მეამბოხეების მხარდაჭერაში, იქნება ეს მორალური თუ სხვა სახის, რაც აშკარად გამოიხატება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების საჯარო განცხადებებში. თუ თანამედროვე მოვლენებს გავყვებით ვნახავთ, რომ აშკარაა რეპრესიები ჩინეთის მხრიდან.  ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი 21 წელზე მეტია, რაც ემიგრაციაში იმყოფება(ინდოეთში მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი). აღსანიშნავია, რომ თავისუფალი აზრის და მისი ხალხისთვის ბრძოლის გამო მას ჩინელები დაპატიმრებას უპირებდნენ.[4] ამასთან დამოუკიდებლობის, პროდასავლური ორიენტაციის მქონდე მქონე ადამიანები იდევნებიან. აქედან გამომდინარე ვგებულობთ, რომ ტიბეტი ჩინეთს ,,მის საკუთრებად“ მიაჩნია და ეწინააღმდეგება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც ამას არ აღიარებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩინეთს საერთაშორისო დონეზე არ ენდობოდნენ, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ტაივანია, სწორედ ტაივანი მიაჩნდა აშშ-ს ნამდვილ ჩინეთად და  გახლდათ  1972 წლამდე ოფიციალური წარმომადგენელი გაეროში. აშშ-ს ტაივანისადმი ლოიალური დამოკიდებულება გამოვლინდა 1954 წელს, როდესაც იქ განლაგდა სამხედრო ბაზები, რათა ტაივანი დაეცვა. რაც შეიცვალა ნიქსონის პერიოდში. მან ტაივანი ჩინეთის ნაწილად მოიხსენია და გააუქმა კიდეც დიპლომატიური ურთიერთობები მასთან. ნიქსონი და სახელმწიფო მდივანი კისინჯერი სულისჩამდგმელები არიან ურთიერთობების დათბობისა, რასაც შემდგომში დიპლომატიური პინკ-პონკი ეწოდა. ამას რამდენიმე ფაქტი უძღოდა წინ გაფუჭდა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები და ჩინეთმა გადაწყვიტა ახალი მოკავშირე გაეჩინა ,რაც ვინ იქნებოდა თუ არა აშშ, სსრკ-ს მთავარი მოწინააღმდეგე. სიტუაცია ხელს აძლევდა აშშ-საც. კისინჯერმა ჩინეთში 1971 წელს იმოგზაურა. ამერიკას, რა თქმა უნდა, სურდა ვიეტნამის ომის დასრულება, ჩინეთი კი თანახმა იყო ამაში დახმარებოდა თუ ტაივანიდან სამხედროებს გაიყვანდა. ამ ეტაპის კულმინაცია იყო მომდევნო წელი როცა თავად ნიქსონი ჩავიდა ჩინეთში. გამორჩეული იყო იმიტომ, რომ კომუნისტური პარტიიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პირველი შემთხვევა იყო, როცა ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთს ეწვია. ვიზიტისას ხელი მოეწერა შანხაის კომუნიკეს[5] ურთიერთობის ეს ეტაპი იმით დასრულდა, რომ აშშ-მ აღიარა ,,ერთი ჩინეთი“  და გაიყვანა ჯარები ტაივანიდან. თუმცა კი 1979 წელს კვლავ აღდგა ყველა სახის ურთიერთობები ტაივანთან. 1979 წელსვე კარტერმა მეორე კომუნიკეს მოაწერა ხელი, რომლითაც დადასტურდა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დათბობა და ნორმალიზაცია, რასაც არ ეპუებოდა ჩინეთის  ლობი, თუმცა კიამ პერიოდში უკვე დასუსტებული იყო. აშშ-ჩინეთის ურთიერთობის დეგრადირებაზე დიდი გავლენა იქონია ,,ჩინეთის ლობმა“ (1949-54წ). ფაქტობრივად 20 წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობები  შეწყვეტილი იყო ორ ქვეყანას შორის. ამას ემატება მათი რადიკალური მოთხოვნები გაეროში არ გაწევრიანების შესახებ.[6]
1982 წელს მესამე კომუნიკეც დაიდო სადაც მთავარი საკითხი გახლდათ იარაღის არ მიყიდვა ტაივანზე, რაც დღესაც ვერ სრულდება. ვითარება კვლავ დაიძაბა პრეზიდენტ ბუშის პერიოდში რომელმაც განაცხადა რომ ტაივანი არ იყო ჩინეთის ნაწილი. ჰილარი კლიტონის (2009წ-დან) პერიოდიდან კი ურთიერთობის თითქოსდა დათბობა დაიწყო. ბარაკ ობამას, რაც შეეხება ის უფრო შეკავების პოლიტიკას ეწეოდა. რასაც ვერ ვიტყვით ტრამპზე, რომელიც აშკარად ღიად უპირისპირდებოდა ჩინეთს, მითუმეტესს პანდემიის გავრცელების შემდეგ. აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმაც ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო ჩინეთის მიმართ.

1.2 ჰონგ კონგი აშშ-ჩინეთს შორის

აშშ-ჩინეთს შორის დაპირისპირებაში ჰონგ კონგი იმ კუნძულის როლს ასრულებს, რომელიც არ არსებულიდან ჩნდება და მწვერვალებს იპყრობს. ჩინეთის ბრძოლა პირველობისთვის აშშ-ს წინააღმდეგ სწორედ ჰონგ კონკზე გადის. კომუნისტური სისტემა ყოველნაირად ცდილობს დემოკრატიას დაარტყას, დაივიწყოს ადამიანის უფლებები, თავისუფალი სასამართლო და საბაზრო სისტემა, თუმცა ეს არ გამოდის იმდენად მწვავედ სწორედ ჰონგ კონგის დამსახურებით. ის არის ,,ფანჯარა სამყაროში, სადაც ორივე მხარეს ,,ფულის ქარი“ უბერავს, რომელიც ჩინეთისა და მსოფლიოს ეკონომიკას თანაბრად აჯანსაღებს“[7] თუმცა კი ჩინეთი თანდათანობით უფრო და უფრო დიდი წნეხის ქვეშ აქცევს ჰონგ კონგს, რაც გამოიხატება იმით, რომ ის ღიად ახდენს ძალის დემონსტრირებას. ეს ყოველივე კი რა თქმა უნდა უაყოფითად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.

აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ომი აზარალებს ჰონგ კონგს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ,,ომში“ თავად ჰონგ კონგი არ მონაწილეობს და აშშ მას დამოუკიდებელ სავაჭრო პარტნიორად ცნობს განსაკუთრებული ურთიერთობებით. ტრამპის დამოკიდებულება ჩინეთისადმი სანქციების დაწესებით, ჰონგ კონგზე არ ვრცელდება, თუმცა კუნძული უკვე ვეღარ ცვლის იმ რაოდენობით ფულს, რამდენსაც სავაჭრო ომამდე. მცირდება ინვესტიციების რაოდენაც, რაც ხელს უშლის ჰონგ კონგს იმ პოზიციის შენარჩუნებაში,რომელიც მას ჰქონდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაშიც. ჰონგ კონგთან მიმართებით აუცილებელია ვახსენოთ, რომ ჰონგ კონგის ვალუტა ამერიკული დოლარის კურსზეა მიბმული, ჩინეთის სურვილი კი გაუწიოს აშშ-ს კონკურენცია და შეეცილოს პირველობაში ჰონგ კონგის გარეშე ძალიან გართულდება, სწორედ ამიტომ ასრულებს ჰონგ კონგი აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში ერთ-ერთ ცენტარულ როლს.

1.3. სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ჩინეთსა და აშშ-ს შორის გარკვეული სახის დაპირსპირება არსებობს სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებითაც.დავა მდგომარეობს შემდეგში: ჩინეთს სდებენ ბრალს ნეიტრალური წყლების მითვისებაში და იქ სტრატეგიული ბაზების აშენებაში (კუნძულებზე ჯარისკაცების ჩასახლებაში), რითაც მას შეუძლია ზღვაზე ვაჭრობის კონტროლი. ყოველივე ეს ხაზს უსვამს ამ ტერიტორიის სტრატეგიულობას.[8] მიუხედავად მათი დაპირისპირებისა, სამხედრო ესკალაცია არ მომხდარა აშშ-ჩინეთს შორის.
ჩინეთი საზღვაო საზღვრებთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს, არ აღიარებს იმ განსაზღვრებას თუ რომელი ტერიტორიები შედის მის იურისდიქციაში და რომელი არა, ამით კი კიდევ ერთ უთანხმოებაში ვარდება აშშ-თან. ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვა წარმოუდგენია პირველობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად, დიაღ, აქ ბუნებრივ რესურსებთან (ნავთობი,გაზი) ერთად სრულიად სხვა ინტერესები იმალება. თუ ჩინეთი დაამყარებს სრულ კონტროლს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, მაშინ იგი გააკონტროლებს საერთაშორისო ვაჭრობის დიდ ნაწილსაც, რომლის ერთი მესამედი სწორედ ამ ზღვის გავლით ხორციელდება.[9] ამასთან ჩინეთი ამით აშშ-ს დიდ დარტყმას მიაყენებს.

1.4 სინძიანის საკონცენტრაციო ბანაკი

არც სინძიანის პროვინციაში განვითარებული მოვლენები იქცა ჩინეთისთვის დათმობის საგანი, რომლებიც ფართო ავტონომიას ითხოვდნენ. სინძიანი ცნობილია საკონცენტრაციო ბანაკებით, სადაც მილიონობით ქალსა და კაცს,ძირითადად უიღურებსა და ტიბეტელებს აპატიმრებენ და ამყოფებენ გაუსაძლის პირობებში. მათ აიძულებენ დაბალანაზღაურებაი სამუშაოების შესრულებას,აუპატიურებენ, აწამებენ. ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევასთან გვაქვს საქმე, რის გამოც აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სრულიად აკრძალეს ჩინეთში ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავიანთ ქვეყნებში გატანა.[10]

2. სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაცია თუ ახალი კონფლიქტის დასაწყისი

მკვლევართა შორის არ არსებობს ერთიანობა აშშ-ჩინეთის ურთიერთობის შესახებ. ისინი სხვადასხვაგვარად განიხილავენ ამ ორი სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს.ერთი მხრივ, მკვლევართა ნაწილი აღიარებს, რომ ბოლო ათწლეულებში ჩინეთი სულ უფრო და უფრო იმტკიცებს თავის მდგომაროებას და საკუთარი ადგილის დაკავებას ცდილობს საერთაშორისო ცხოვრებაში, მეორე მხრივ კი ადასტურებენ იმას,რომ აშშ, როგორც ჰეგემონი სახელმწიფო მისი ზეგავლენის შემცირებას არ შეეგუება და შეეცდება ჩინეთის ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული წინსვლის შეჩერებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ექსპერტთა ნაწილი აშშ-ჩინეთის ურთიერთობას ცივ მშვიდობას, სხვები კი ახალ ცივ ომს უწოდებს. სხვა საკითხია თუ როგორ ურთიერთქმედებაში არიან ისინი ერთმანეთთან და როგორია კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ამერიკულ-ჩინური ხედვა.

მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ამერიკულ ექსპორტს და პირიქით მის ეკონომიკაზე აისახება უარყოფითად სავაჭრო თუ პოლიტიკური ,,ომი“, რაც მის აღმასვლას შეაჩერებს და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების რიგში დააბრუნებს.[11] (The Conference Board), ამ მოსაზრებას არ იზიარებს ეკონომიკური და საქმიანი კვლევების ცენტრი და წერს, რომ თუ აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი ასე გაგრძელდება, ჩინეთის ეკონომიკა 2032 წლისათვის აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა გახდება. (Centre for Economics & Business Research).[12] აქედან გამომდინარე, ვხედავთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური წინსვლა ქვეყნებისთვის და რატომ არის ყურადსაღები საფრთხე,რომელიც ერთი მხრივ, ჰეგემონ სახელმწიფოს უბიძგებს ,,ომისკენ“, ხოლო მეორეს მხრივ, ეკონომიკურად მზარდ ქვეყანას ,,წააქეზებს“ კონკურენცია გაუწიოს უძლიერეს სახელმწიფოს.

ასევე საინტერესოა  ,,ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი“, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს აშშ-ჩინეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში. ხაზგასასმელია აშშ-ჩინეთის ერთმანეთზე დამოკიდებულების საკითხი, ტარიფების კონფრონტაცია და სხვა მრავალი ყურადსაღები ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენა. სანქციები, რომელიც რა თქმა უნდა, რომელიმე მხარის არასწორი ქმდების შედეგად დაწესდება. საბოლოოდ, აშშ-ჩინეთს შორის კონკრეტული ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობები არა უშუალოდ ამ ორ სახელმწიფოზე, არამედ მთლიან მსოფლიოზე ახდენს გავლენას.[13] სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ვახსენოთ  2000 წელს დადებული ხელშეკრულება, რომლითაც  აშშ-ჩინეთის ვაჭრობის ბალანსირება/ნორმალიზება მოხდა, რომელსაც ხელი კლინტონმა მოაწერა. 1978 წლიდან დაწყებული ეკონომიკური ურთიერთობით აშშ-ჩინეთი ერთმანეთზე დამოკიდებულიც კი გახდა. 2017 წელს ყველაზე მაღალი სარგებელი დაფიქსირდა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებით  შემოტანილი ფულის საშუალებით. ორმხრივ სარგებლიანობაზე დაყრდნობით სამი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება შეიძლება. პირველი- როგორც ამერიკა, ისე ჩინეთი ფულად სარგებელს იღებს ურთიერთვაჭრობით და ინვესტიციების განხორციელებით, მეორე- საქმე ეხება მუშახელს, დასაქამება ხდება უამრავი ადამიანის და მესამე კონკურენციის საშუალებით ვითარდება ორივე ქვეყანა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე ქვეყანა უფრო მეტ სარგებელს იღებს, როდესაც ერთმანეთთან აქვთ სტაბილიზებული ურთიერთობები,ვიდრე მაშინ როცა დაძაბულობა პიკს აღწევს.

2.1 ინფრასტრუქტურული ომი

ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ჩინეთის ინფრასტრუქტურული ომი. დაიწყო  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის  ,,სარტყლისა და გზის ინიციატივით“ , რომელიც 2013 წელს გამოცხადდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობდა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მღელვარებას გამოხატავდა  სი ძინპინის ინიციატივასთან დაკავშირებით (რაც მართებული აღმოჩნდა). ასევე ყურადსაღებია ახლად არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის  ნაბიჯები, რომლებიც თავიდანვე ხისტი აღმოჩნდა  ჩინეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, თუ გადავხედავთ აშშ-ს პრეზიდენტების ცვლილებების ისტორიას და მათ დამოკიდებულებებს ჩინეთისადმი შეგვეძლება დავასკვნათ, რომ აშშ-ს პოლიტიკა ჩინეთის მიმართ არ იცვლება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტს დემოკრატიული ქვეყნებისთვის სულაც არ არის ცუდი ,,სარტყლისა და გზის ინიციატივის“ პროექტის განხორციელება. იმიტომ, რომ აშშ არ დაუშვებს ისეთი კაბალური ხელშეკრულებების დადებას, როგორიც ჩინეთს სურს.[14]
ბოლო დროს ასევე აქტუალური გახდა პანდემიის საკითხი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაიწყო. აშშ-ს დაგვიანებულმა რეაგირებამ დიდი ზარალი მიაყენა მას როგორც ადამიანული, ისე რესურსების სახით. რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთზე. მან დაუყონებლივ გაატარა ძირეული რეფორმები, აქტიური დახმარებები დაიწყო, გააგზავნა ჩინელი ექიმები კრიტიკულ ადგილებში და ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დააბალანსა პანდემიის გავრცელების არეალები. ფაქტია, რომ ევროპამ და ამერიკამ დააგვიანა, არ ან ვერ შეაფასა მოვლენები. თუმცა კი ბრლადებები ჩინეთის შესაძლო დანაშაულზე პანდემიის მიმართ ძალაში რჩება.[15]

აქედან გამომდინარე, აშშ-ჩინეთის ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ხიდია მსოფლიო საერთაშორისო წესრიგისა,რომლის თითოეული დეტალი მკაცს განხილვასა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას უნდა ემსახურებოდეს.

დასკვნა

საბოლოოდ, როგორც უკვე აღინიშნა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია 21-ე საუკუნეში, რის გამოც ის საერთაშორისო დღის წესრიგში დგას. ისტორიული პოსტულატების განხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკნათ, რომ აშშ-ჩინეთს შორის წარსულში დაწყებული კონკურენცია ახლაც გრძელდება, რაც გამოიხატება კიდეც ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურულ ომში. აშშ არ შეეგუება ჰეგემონობის დაკარგვას, ხოლო ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ჩინეთი შეეცდება გადაასწროს მას. ასეთი კონკურეტუნარიანობა კი თავად ამ სახელმწიფოების უფრო და უფრო განვითარებას იწვევს. ორი სახელმწიფო მიზნების განხორციელებისთვის იყენებს სადავო საკითხებს, ტერიტორიებს და ქვეყნებს. სხვადასხვა დროს მათ შორის არსებულმა დაძაბულობებმა ქვეყნებს შორის პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთობების საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი შექმნა, რასაც დღესდღეობით ემატება პანდემია და ჩინეთის შესაძლო ჩართულობა ამ ყველაფერში.

ამასთან ყურადსაღებია მათი სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც  ორივე სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არამარტო მათთვის. სწორედ ამიტომ არის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აშშ-ჩინეთის საკითხი, რადგან აქ საქმე ეხება ურთიერთდამოკიდებული ორი სახელმწიფოს პოლიტიკას ერთმანეთისადმი, რომელიც გავლენას ახდენს მთლიანად მსოფლიოზე.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ იყო მათ შორის კარგი და ცუდი პერიოდები. შეიძლება ითქვას უფრო მეტი დაძაბული (მაგ.პანდემიის საკითხი), ვიდრე პოზიტიური. კითხვაზე თუ რამ განაპირობა ურთიერთობების დღემდე შენარჩუნება გამომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: ისინი დამოკიდებული არიან  ერთმანეთზე. ამ ურთიერთობების გაწყვეტა კი უარყოფითად აისახება, როგორც  ამერიკასა და ჩინეთზე, ასევე მსოფლიოზე. აქედან გამომდინარე, მათი ეკონომიკური-პოლიტიკური ურთიერთობა, სტაგნაციის მიუხედავად, მაინც აღმასვლას განიცდის.

 

ავტორი: თამარი ბიბიჩაძე

 

[1] Clark, Ian. 2011. China and the United States: a succession of hegemonies?,International Affairs. Royal Institute of International Affairs.pg 13-28

[2] Ross, Robert S. 2013. US Grand Strategy, the Rise of China, and US National Security Strategy for East Asia. ASIA-PACIFIC SPECIAL EDITION. Pg20-40

[3] 1998. Official Website of the Tibetan Government in Exile. September 7. Accessed May 12, 2021.

[4] Jian, Chen. 2006. “The Tibetan Rebellion of 1959 and China’s Changing Relations with India and the Soviet Union.” Journal of Cold War Studies (The President and Fellows of Harvard College and the Massachusetts Institute of Technolog) 53-101.

[5] არდაშელია, ომარი. 2009. XX საუკუნის II ნახევრის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები. თბილისი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

[6] Blackwell, Jeff. 2010. THE CHINA LOBBY”: INFLUENCES ON U.S.-CHINA FOREIGNPOLICYINTHEPOSTWARPERIOD,1949-1954.

[7] ახალაია, ლევანი. 2019. “რატომ არის ჩინეთისთვის ჰონგ კონგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.” ბიბისი.

[8] Fravel, M.T., 2011.  ,,China’s Strategy in the South China Sea Contemporary Southeast Asia, ISEAS „- Yusof Ishak Institute pg.292-31

[9]იუ, ლი კუან . 2014. “ჩინეთი გათავისუფლებულია.” Forbes Georgia.

[10] ძამუკაშვილი, სოსო. 2021. “შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები.” Forbes Georgia.

[11]“ამერიკა-ჩინეთს სავაჭრო ომი ჩინეთის ეკონომიკას დაანგრევს.” 2018წლის 20 თებერვალი. (AGORA NEWS).

 [13] ფიფია, ნიკა.2019.  ,,ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი“, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, თბილისი/საქართველო.

[14]პეტრიაშვილი, ალექსი. 2021 წლის 12 აპრილი. ,,აშშ-ჩინეთის ინფრასტრუქტურული ომი“ Forbes Georgia.

[15] ანთაძე, გიორგი. 2020 წლის მაისი. “2020წლის მაისიპანდემიის გეოპოლიტიკური შუქჩრდილები აშშ-ჩინეთის ძალთა ბალანსის ჭრილში.” ჯეოქეისი“- GC ანალიზი.