30/06/2021 By yatage
„რუსეთის ჰიბრიდული ომის კომპლექსური სტრატეგია, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის და საერთაშორისო წესრიგის მთავარი გამოწვევა“
შესავალი
საბჭოთა კავშირის დაშლა და ცივ ომში დამარცხება რუსეთისთვის დღემდე დიდ ტრავმას და მის მთავარ კომპლექსს წარმოადგენს. „ძველი დიდების დაბრუნება“, „ჰეგემონიის გავრცელება“ ყოფილ წევრ ქვეყნებზე, ეს ის საკითხებია რაც რუსეთს მოსვენებას დღემდე არ აძლევს. მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი „პრივილეგირებულ ინტერესთა რეგიონში“ საკუთარი გავლენის გავრცელებაა. ერთ-ერთი იარაღი რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს არის ჰიბრიდული ომი. თავის ამ ჰიბრიდულ ომში ის იყენებს როგორც არასამხედრო ინსტრუმენტების მთელ არსენალს (პოლიტიკურს, დიპლომატიურს, ეკონომიკურს, ინფორმაციულს, კიბერნეტიკულს), ასევე სამხედრო მეთოდებსაც. რუსეთის აგრესია ინფორმაციულ და კიბერსივრცეში იმდენად აშკარაა, რომ ომის წარმოების ეს ორი ჰიბრიდული სფერო დღეს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თუმცა, მარკ ვოიგერის აზრით, რუსეთის ჰიბრიდული ზომების არსენალში, ასევე, არის მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტიც, ე.წ. სამართლებრივი ომი.[1] ეს ცნება საკმაოდ ახალი და შეუსწავლელია, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ მას ცენტრალური ადგილი უკავია რუსეთის სტრატეგიაში, მნიშვნელოვანია ამ ცნების ღრმად შესწავლა და გაანალიზება, რათა მოხდეს იმ სავარაუდო საფრთხეების განსაზღვრა, რა საფრთხეებიც შეიძლება მოდიოდეს რუსეთის მხრიდან ამ თვალსაზრისით.
სავსებით აშკარაა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის არა მარტო რეგიონის უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოებასა და წესრიგს როგორც ასეთს. სწორედ ამითია განპირობებული ამ საკითხის აქტუალურობაც. მით უფრო რომ რუსეთის მიერ 2014 წელს მიღებული სამხედრო დოქტრინა აღიარებს სამართლებრივი ხერხების გამოყენებას არასამხედრო ინსტრუმენტების სახით ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით. რუსეთის მიერ წარმოებული სამართლებრივი ომი არის ის სფერო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს, რომელიც რუსული პროპაგანდისტული პრეტენზიების და აგრესიული ქმედებების ასახსნლად ცდილობს იპოვოს იურიდიული გამართლებები.
რუსეთის სამართლებრივი ომის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ გაამყაროს რუსეთის აგრესიული ქმედებები სამართლებრივი საფუძვლებით და გამართლებებით. იმას, თუ რა გზებით და როგორ ახორციელებს ამას რუსეთი ჩვენ განვიხილავთ შემდეგ თავებში. ამისთვის დაგვჭირდება პატარა ისტორიული მიმოხილვა და რუსეთის ტაქტიკის გააზრება სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე. აღნიშნული კვლევა შედგება შესავლისგან, ძირითადი ნაწილისგან და დასკვნისგან.
1. რუსუთის სამართლებრივი ომის ისტორიული წარმოშობა
რუსეთი საერთაშორისო სამართალს იარაღად იყენებს როგორც მინიმუმ მე-18 საუკუნიდან. თავისი ჩამოყალიბების პირველ ასწლეულებში რუსეთის იმპერია არ ექცეოდა მეზობელ ქვეყნებს როგორც თანასწორებს, მაგრამ მონაწილეობას იღებდა მათ დანაწევრებაში (მაგალითად პოლონეთ-ლიტვის სამთავრობო), აღმოსავლეთ ევროპის გაყოფა გავლენის სფეროებად. ის ასევე რეგულარულად ახშობდა ეთნიკურ ნაციონალიზმს საკუთარი ტერიტორიების ფარგლებში, და ამასთანავე ახალისებდა ნაციონალიზმს ბალკანეთზე და ყველგან, სადაც კი თავის ინტერესს ხედავდა. საერთაშორისო სამართალი იყო ძირითადი ბერკეტი რითაც რუსეთი ასაბუთებდა თავის ექსპანსიონისტურ ზრახვებს. მაგალითად, ის ამტკიცებდა, რომ 1774 წლის ქუჩუქ-კაინარჯის ზავმა ოსმალეთის იმპერიასთან მისცა მას დიპლომატიური და სამხედრო ჩარევის უფლება ბალკანეთში (და არა მარტო იქ), როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთადერთ დამცველს.[2]
იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის გამართლების ეს მეთოდი მიღებული იყო, ასევე, საბჭოთა პერიოდშიც, როდესაც საბჭოთა კავშირი ყოფდა სახელმწიფოებს, იერთებდა ტერიტორიებს და იყენებდა ღია აგრესიას „დაჩაგრული ხალხების გათავისუფლების მიზნით“. ისტორიის დამახინჯება რუსეთის აგრესიის გასამართლებლად მეზობელი ქვეყნების მიმართ, სამართლებრივად გამყარებულ იქნა 2018 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც 1783 წ. 19 აპრილი ოფიციალურად აღიარა ყირიმის „შემოერთების“ დღედ რუსეთის იმპერიაში. სწორედ ამ წელს მოხდა ყირიმის შემოერთება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ეკატერინე მე-2 მანიფესტის საფუძველზე. [3]
ეკატერინე დიდის მანიფესტი, რომელშიც ყირიმის შემოერთებაზეა საუბარი, არის დიპლომატიური დოკუმენტი, რომელიც მომდევნო საუკუნეების განმავლობაში თავის როლს თამაშობდა რუსეთის იმპერიის ფარგლებს გარეთაც და რომელმაც კვლავ დაიბრუნა აქტუალურობა თანამედროვე რუსეთის სტრატეგიაში. მარკ ვოიგერის აზრით, ამ დოკუმენტის უნიკალურობა მდგომარეობს ასევე იმაში, რომ ეკატერინე მეორის მიერ გამოყენებული არგუმენტები ეხება ყველა იმ სფეროს, რომელსაც დღეს ჩვენ ვუწოდებთ ჰიბრიდულ ომს-(პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ინფორმაციული, საზოგადოებრივ-კულტურული, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სადაზვერვო და სამხედრო). მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ევროპის დიდი ქვეყნები იმაში, რომ რუსეთი იძულებული იყო დაეცვა ყირიმის ადგილობრივი მოსახლეობა. თავისი მიზნის მისაღწევად იმპერატრიცამ მე-18 საუკუნის ყველა სტრატეგიული კომუნიკაცია გამოიყენა. [4]
ამრიგად, უკვე მე-18 საუკუნეში რუსეთისთვის არ იყო უცხო „უფროსი ძმის“ როლის მორგება, რომელიც „ეხმარება თავის უმცროსს ძმას“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან თვითონ სთხოვა მას. დროთა განმავლობაში რუსეთის მიდგომები ამ სფეროში , ბუნებრივია, „დაიხვეწა“.
2. სამართლებრივი ომი, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სფერო
იმისთვის რომ უკეთ გავერკვიოთ რუსეთის სამართლებრივი ომის სპეციფიკაში, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მარკ ვოიგერის მიერ შემოთავაზებული ცხრილით, რომელშიც დაწვრილებით არის გაწერილი, თუ რა სფეროებს მოიცავს რუსეთის ჰიბრიდული ომი, და რას ნიშნავს თითოეული ასპექტი სამართლებრივად. [5]
სამათლებრივი ასპექტები
|
|||||
ჰიბრიდული ომის სფეროები
|
სამართლებრივი თეორია | საერთაშორისო უფლება | ჰუმანიტარული უფლება | კონსტიტუციური უფლება | |
1. პოლიტიკური
|
ქვეყანაში, რომელიც სამიზნედ აქვს არჩეული, მხარს უჭერს ეთნიკურ თვითგამორკვევას, და არა სახელმწიფო სუვერენიტეტს. | ხაზს უსვამს საერთაშორისო ნორმების „ცვალედობას“, უარყოფს მათ მდგრადობას. | ამტკიცებს რომ რუსეთი პასუხისმგებელია „დაიცვას თავისი თანამემამულეები საზღვარგარეთ“. | იცავს რუსული კონსტიტუციის პრიორიტეტს საერთაშორისო სამართლის წინაშე. | |
2. დიპლომატიური
|
ხაზს უსვამს რუსეთის უფლებას ჰქონდეს „გავლენის სფეროები“, შლის ზღვარს ომსა და მშვიდობას შორის. | მეზობელი ქვეყნების მთავრობებს ცნობს არალეგიტიმურად, რათა ახსნას სხვა ტერიტორიების მიერთება და მათზე თავდასხმა. | შექმნას ახალი ეთნიკური რეალობა რუსული პასპორტების დარიგებით სხვა ქვეყნებში. | იმის განცხადება რომ ყირიმის გადაცემა უკრაინისთვის არ მოდიოდა შესაბამისობაში საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასთან. | |
3. სოციალურ-კულტურული
|
ისტორიის გამოყენება ინტერვენციის და ანექსიის სამართლებრივი ახსნისთვის. | „რუსული კულტურული ფასეულობები“ ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებზე დომინანტურია და უზენაესია. | გასცე რუსული მოქალაქეობა ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით. | ეთნიკური უმცირესობების ინსტიტუტების ლიკვიდაცია. მათი დადანაშაულება სეპარატიზმის პროპაგანდაში. | |
4. ინფორმაციული
|
განაცხადო რომ რუსეთი სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა მაშინ, როცა გაწყობს. | წარმოაჩინო არსებული საერთაშორისო წესრიგი როგორც დასავლეთისთვის მისაღები, ხოლო რუსეთის მიმართ არასამართლიანი. | განაცხადო რომ რუსული ეთნიკური უმცირესობა შევიწროებულია და მათ არ აძლევენ უფლებას გამოიყენონ მშობლიური ენა. | იმის მტკიცება რომ საბჭოთა კავშირის კანონების გათვალისწინებით სსრკ-ს დაშლა იყო „არაკონსტიტუციური“. | |
5. ეკონომიკური/ფინანსური
|
შექმნა იურიდული საფუძველი იმისთვის, რომ დომინირებდე ევრო-აზიურ ეკონომიკურ სივრცეში. | მოახდინო უცხოური ქონების კონფისკაცია რუსული ქონების კომპენსაციის მიზნით რომელიც გაყინულია დასავლეთის მიერ. | გამოიყენო მიგრანტების ნაკადი ევროკავშირში მასზე ზეწოლის მოსახდენად. | ომის დროს ეკონომიკური სუბიექტები დაუმორჩილო სახელმწიფო ინტერესებს. | |
6. ენერგეტიკული/ინფრასტრუქტურული
|
განაცხადო რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ ენერგო რესურსებზე. | წინააღმდეგობა გაუწიო დასავლეთის სანქციებს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან მიმართებით | დაანგრიო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რათა გაამართლო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა | მისცე უფლება რუსეთის ეროვნულ გვარდიას დაიცვას ინფრასტრუქტურა.
|
|
7. კიბერნეტიკული
|
განაცხადო რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ კიბერსივრცეზე | წინააღმდეგობა გაუწიო ამერიკის სანქციებს რომლებიც შემოღებულ იქნა აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო | ხელი შეუშალო დასავლეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მუშაობაში | განახორციელო კიბერშეტევები დასავლეთის საარჩევნო სისტემაზე | |
8. სადაზვერვო
|
განაცხადო რომ დასავლეთის სამართლებრივი კონცეფციები საფრთხეს უქმნიან რუსეთის ინტერესებს | წინააღმდეგობა გაუწიო დასავლეთის სანქციებს რომლებიც დაწესებული იყო რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დიდ ბრიტანეთში | იურიდიულად განამტკიცო რუსეთის უშიშროების სამსახურის პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისგან განსხვავებით | ||
9. სამხედრო | განაცხადო რუსეთის უფლების შესახებ განახორციელოს წინმსწრები მოქმედებები საზღვარგარეთ | იბრძოლო უფლებისთვის ჩაატარო სამხედრო წვრთნები რუსეთის საზღვრებში | გაურთულო ცხოვრება სამოქალაქო საზოგადეობას ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის მიზნით | განსაზღვრო რუსეთის შეიარაღებული ძალები როგორც საშინაო პოლიტიკის მთავარი დასაყრდენი |
3. რუსეთის სამართლებრივი ომი და დღევანდელობა
ყირიმის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ 2018 წელს მიღებული ტექსტის კანონში ყირიმის შესახებ გამოიყენება სიტყვა „მიღება“, და არა „შემოერთება“, ან „გაერთიანება“. დოკუმენტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ახალი ღირშესანიშნავი თარიღის შემოღება ადასტურებს იმას, რომ ყირიმი და ქ.სევასტოპოლი ყოველთვის იყვნენ რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. თუმცა ეს სამართლებრივი არგუმენტი არ მოდის შესაბამისობაში იმ ფაქტთან, რომ ტერიტორიულ ასპექტში დღევანდელი რუსეთის ფედერაცია არის რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, და არა რუსეთის იმპერიისა, და რომ ყირიმი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენელობაში შედიოდა მხოლოდ 1922 წლიდან 1954 წლამდე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამართლებრივი ომის გამოყენებამ მისცა რუსეთს საშუალება გაემართლებინა მოლდოვის საქმეებში ჩარევა (რამაც მისცა საშუალება შეექმნა სეპარატისტული დნესტრისპირეთი) 1992 წელს;
2008 წელს საქართველოზე თავდასხმა და 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმა და ყირიმის ანექსია; ზემოთაღნიშნულ ყველა შემთხვევაში რუსეთი აცხადებდა, რომ მეგობრულად განწყობილმა მოსახლეობამ ამ ქვეყნებში, ან მთავრობამ დახმარებისთვის მიმართეს მოსკოვს და რუსეთი იძულებული იყო ეპასუხა ამ თხოვნაზე და საკუთარი „დაცვის“ ქვეშ აეყვანა მოსახლეობა. რეალურად კი ამ გზით იღებდა კონტროლს მათ ეთნიკურ ტერიტორიებზე და შიდა პოლიტიკაზე. სამართლებრივი ომის ინსტრუმენტად გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ყველა მეზობელს, რადგან ხდება რუსული „სამშვიდობო ოპერაციების“ იურიდიულად გამყარება კვაზი-სამართლებრივი გამართლებებით, რომლის შედეგად რუსეთს არაფერი არ სჭირდება შემოჭრისთვის, გარდა ეთნიკურად რუსი ან რუსულად მოსაუბრე მოსახლეობისა არჩეულ ტერიტორიაზე. ამ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი მოსახლეობის „დასაცავად“, რომელიც გამოცხადებულ იქნება როგორც მეგობრულად განწყობილი რუსეთის მიმართ, განურჩევლად მისი ეთნიკური მიკუთვნებულობისა.
ყველა ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ ცდილობს რუსეთი საერთაშორისო და ნაციონალური კანონპროექტების გაერთიანებას, ბუნდოვნად და საკამათოდ (ისტორიის და კულტურის თვალსაზრისით), საკუთარი ჰიბრიდული ექსპანსიის რეალიზებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად შენიღბული საბაბებია რუსული აგრესიისთვის, რომლებსაც ის აქტიურად იყენებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც სამიზნედ აქვს არჩეული.
4. რუსეთი და საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო სამართალმა კონფლიქტების სფეროში, თავისი ევოლუციის განმავლობაში გამოიგონა კონფლიქტების და ომის მოგვარების ხერხები მოლაპარაკებების და შეთანხმებების საფუძველზე. ასევე ომის მერე სიტუაციის დარეგულირების ხერხები სახელმწიფოებს შორის ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო ხელშეკრულებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართალი მის თანამედროვე ინტერპერტაციაში არ იძლევა იმის საშუალებას რომ გამართლებულ იქნას სხვა ტერიტორიაზე შემოჭრა ან ტერიტორიების ანექსია, ანუ ის, რასაც ამჟამად ახორციელებს რუსეთი არა ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთს მუდამ აქვს ტერიტორიული, ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ეკონომიკური პრეტენზიები, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის აზრით პოსტსაბჭოთა სივრცეში შედიან. საბედნიეროდ რუსეთი არ აკონტროლებს საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას, შესაბამისად წესებს დე-იურე ვერ შეცვლის, მაგრამ აშკარად ცდილობს ამ სისტემის ფუნდამენტური პრინციპების შერყევას დე-ფაქტო. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი არის ევროპული სახელმწიფოების ნაციონალური საზღვრების ურყეობა, რაც დამტკიცებული იყო მეორე მსოფლიო ომის მერე, იურიდიულად გაფორმებული ჰელსინკში 1975 წელს და აღიარებული იყო ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ „ცივი ომის“ დასრულების მერე.[6]
ფუნდამენტური იურიდიული პრინციპი რომელსაც რუსეთი უგულებელყოფს არის ქვეყნის ვალდებულება დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები და ის პირობები, რომლებსაც ხელი მოაწერა. კიდევ ერთი ფუნდამენტური პრინციპი რომელსაც არღვევს რუსეთი არის პრინციპი, რომლის თანახმად დაცულ უნდა იყოს ქვეყნის საშინაო და საერთაშორისო სუვერენიტეტი. ამის მაგივრად „სამიზნე ქვეყანაში“ რუსეთი იყენებს თვითგამორკვვის პრინციპს იმისთვის, რომ შეარყიოს სხვა ქვეყნის ერთიანობა და, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში ის ცდილობს აიმაღლოს ეთნიკური რუსების ან რუსულენოვანი მოსახლეობის სტატუსი ყირიმში, დონბასში და დაიყვანოს მათი სტატუსი ცალკე „ხალხლების“ სტატუსამდე.
ცალკე მაგალითად რუსული აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ გვევლინება თუნდაც პროექტის შექმნა (კანონისთვის დამატება), რომელიც ეხებოდა ტერიტორიების შემოერთებას რუსეთის ფედერაციაში. კანონი მისცემდა რუსეთს იმის უფლებას რომ კანონიერ საფუძველზე მიეერთებინა თავისი ქვეყნის საზღვრებში მეზობელი ქვეყნების რეგიონები იმის მერე, რაც ჩაატარებდა იქ რეფერენდუმს. კანონის ეს კონკრეტული პროექტი დუმის დღის წესრიგიდან ამოიღეს 2014 წლის 20 მარტს მისი ავტორების თხოვნით, მის მერე რაც ყირიმში, 2014 წლის 16 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი [7].
ის ფაქტი რომ ეს კანონპროექტი წარმოდგენილი იყო დუმაში 2014 წლის 28 თებერვალს, ანუ ყირიმში ნიღბიანი სამხედროების (მათ არ ჰქონდათ რაიმე განმანსხვავებელი ნიშანი და ჰქონდათ რუსული თანამედროვე იარაღი) გამოჩენამდე ერთი დღით ადრე მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მაღალია კოორდინაციის დონე რუსული ჰიბრიდული ომის სამხედრო და არასამხედრო კომპონენტებს შორის, განსაკუთრებით ისეთ კომპონენტებს შორის, როგორიცაა სამართლებრივი და ინფორმაციული ომი. სწორედ ამ ნიღბიანმა სამხედროებმა მოახდინეს მომავალში ყირიმის ანექსია. უკრაინაზე ეს სამართლებრივი „შტურმი“ გაგრძელდა 2014 წლის აპრილშიც, რადგან ყირიმის ანექსია და თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე აძლევდა რუსეთს შესაძლებლობას განევითარებინა კიდევ ერთი პრაქტიკა, როგორიცაა რუსული პასპორტების დარიგება რუსი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის მიზნით. ეს პროცესი ცნობილია „პასპორტიზაციის“ სახელით და პირველად რუსეთმა ის საქართველოში გამოიყენა რათა საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია წარმოეჩინა როგორც „კანონიერი“ ქმედებები ადგილობრივი „რუსი მოსახლეობის“ თხოვნის საპასუხოდ.
ეს უკანონო და მავნებლური პრაქტიკა საქართველოს მერე რუსეთმა გამოიყენა ყირიმშიც და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშიც. შემდგომ, 2014 წლის ივნისში პუტინმა განაახლა „რუსული სამყაროს“ კონცეფცია, რომლის თანახმად რუსეთმა რეალურად განაცხადა რომ მისი მოქალაქეები საზღვარგარეთ დაკავშირებულნი არიან რუსეთთან არა მარტო ეთნიკურად ან სამართლებრივად, არამედ კულტურულადაც. გამოდის რომ რუსეთმა ამით განაცხადა რომ რუსულ კულტურასთან შეიძლება დააკავშირებული იყოს ნებისმიერი კატეგორია, რომელსაც ამის სურვილი ექნება. საერთაშორისო სამართლის ნორმებს რუსეთი მაინც და მაინც არც სამხედრო ასპექტში სცემს პატივს და ცდილობს ნებისმიერი დებულების სათავისოდ გამოყენებას. ეს კარგად ჩანს რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარების დროს. რუსეთი წვრთნებზე არ პატიჟებს საერთაშორისო დამკვირვებლებს და ეუთოში გასაგზავნ დოკუმენტში უთითებს, რომ სამხედროების რაოდენობა არ აღემატება 13 ათასს (13 ათასზე მეტის შემთხვევაში საჭიროა საერთაშორისო დამკვირვებლების დაპატიჟება). მაგრამ რიცხვი რომელსაც რუსეთი უგზავნის ეუთოს, „სასწაულებრივად“ არასდროს არ აღემატება 13 ათასს და მუდამ არის დაახლოებით 12 ათასს 700. ასევე ის აქტიურად იყენებს უფლებას არ დაპატიჟოს დამკვირვებლები სწავლებებზე და ამას ხსნის იმ დებულებით, რომ თუ სწავლებების ხანგრძლივობა არ აღემატება 72 საათს, მაშინ მონაწილეებს შეუძლიათ არ დაპატიჟონ საერთაშორისო დამკვირვებლები. ასეთ დროს რუსეთი უბრალოდ ყოფს დიდ სწავლებებს ცალკე, უფრო პატარა სწავლებებად და ნაკლები ხანგრძლივობით.[8]
გარდა ამისა რუსეთი აქტიურად იყენებს თავის ვეტოს უფლებას გაეროში რათა არ იქნას მიღებული მისთვის მიუღებელი რეზოლუციები. ის ცდილობს მაქსიმალურად მოარგოს საერთაშორისო სამართალიც კი თავის იმპერიალისტურ ზრახვებს. თავისი მიზნების მისაღწევად ის საკმაოდ ნაცნობ ხერხებს მიმართავს, და ეს ხერხები მეორდება ყველგან, სადაც კი რუსეთი თავისი გავლენის გასავრცელებლად იბრძვის.
დასკვნა
აშკარაა, რომ რუსეთი იყენებს ყველანაირ ხერხს იმისთვის, რომ წარმატებულად განახორციელოს თავისი ექსპანსიონისტური მიზნები. წელავს მოლაპარაკებებს, თავის სასარგებლოდ იყენებს საერთაშორისო სამართალს და ცდილობს იქაც კი შექმნას ორაზროვნება. რუსეთის სამართლებრივი ომი არაფრით არ ჩამოუვარდება თავისი მავნებლურობით მის მიერ წარმოებულ ოპერაციებს საინფორმაციო და კიბერ სივრცეში. მეორეს მხვრივ, სტრატეგია, რომელსაც იყენებს რუსეთი, პრინციპულად არ იცვლება. შესაბამისად შესაძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი. ამოცანას აადვილებს ის, რომ სამართლებრივი ომის ქმედებები ვერ იქნება სრულად გასაიდუმლოებული. მისი უპირველესი ამოცანაა გაამართლოს რუსეთის ქმედებები საერთაშორისო ასპარესზე, ამიტომაც მისი გამოყენება საჭიროა ან ღიად, ან რუსეთის სამართლებრივი პრეტენზიების სახით, ან ახალი კანონის სახით, რომელსაც მიიღებს რუსეთის პარლამენტი, ან ბრძანების სახით, რომელიც ხელმოწერილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის მიერ, ან უცხოური თხოვნის სახით რუსეთის ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც დამტკიცებული იქნება ფედერაციის საბჭოს მიერ. ეს ღიაობა შეიძლება პარადოქსულად მოგვეჩვენოს ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც რუსეთის საზოგადოებაა, სადაც ყველა ქმედება ყოველთვის გასაიდუმლოებულ ხასიათს ატარებდა.
მაგრამ სამართლებრივი ომის დროს, გასაიდუმლოების ტაქტიკა, ბუნებრივია, გამოსადეგი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთის სამომავლო ქმედებების გააზრების შანსებიც იზრდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის სამართლებრივი ომი არის მის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი. ბუნებრივია, საკმაოდ რთულია წინააღმდეგო გაუწიო მოთამაშეს რომელიც ყველანაირ სამართლებრივ, საინფორმაციო და ა.შ. ხერხს იყენებს იმისთვის, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს. თუმცა სწორედ ამიტომაა საჭირო საერთო ძალებით წინააღმდეგობის გაწევა სამართლებრივი ხერხებით, რათა რუსეთს რაც შეიძლება უფრო ნაკლები შანსი ჰქონდეს გამოიყენოს საერთაშორისო სამართალი თავის სასარგებლოდ. საჭიროა მუდმივი დამკვირვებლობა და ფარული ჩანაფიქრების გაშიფვრა, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს საკუთარი აგრესიული მიზნების დამალვა „მშვიდობისმყოფელის“ იმიჯის ქვეშ. მოლაპარაკებები რუსეთთან აღქმულ უნდა იქნას როგორც ჭადრაკის თამაში, რომელიც საჭიროებს იმის გაგებას, რომ რუსეთის ქმედებები გათვლილია რამდენიმე ნაბიჯით წინ და მოიცავს საკმაოდ ბევრ სფეროს. რეკომენდირებულია შეიქმნას ცენტრი, რომელიც დაკავებული იქნება სამართლებრივი ომის ასპექტების შესწავლით. მით უფრო რომ კიბერთავდაცვით საკითხებში არსებობს ცენტრი ესტონეთში (ტალინში), რომელიც ნატოსთან და ნატოს პარტინორებთან ერთად ახორციელებს იმიტირებული კიბერ თავდასხმების სიმულაციას, მუშაობს მათ აღმოფხვრაზე, უზიარებს გამოცდილებას პარტინორებს და ალიანსში წარმოადგენს ერთ-ერთ უძლიერესს ცენტრს კიბერთავდაცვით საკითხებში. მსგავსი ცენტრი შეიძლება შეიქმნას რუსეთის სამართლებრივ ომთან საბრძოლველადაც. ცენტრი შეიძლება მდებარეობდეს ნატოს რომელიმე წევრ, ან კანდიდატ ქვეყანაში. (კანდიდატ ქვეყანაში, სავარაუდოდ, უფრო ლოგიკური იქნება, რადგან სწორედ ალიანსის არაწევრ ქვეყნებზე ვრცელდება ძირითადად რუსეთის სამართლებრივი ომი). ეს საჭიროა იმისთვის, რომ ანალიზის შედეგად ნატოს და მის პარტნიორებს ჰქონდეთ რეალისტური და პრაქტიკული რეკომენდაციები სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი აგრძელებს სამართლებრივი ომის ხრიკების დახვეწას საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. მართალია, სიტყვიერად რუსეთი გამოხატავს პატივისცემას საერთაშორისო სამართლის მიმართ, თუმცა რეალურად მან არა ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ სურს დაიბრუნოს გავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებსაც საკუთარი გავლენის სფეროში ხედავს. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს დაუსჯელობის სინდრომი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გააგრძლებს მსგავსი მეთოდების გამოყენებას, რათა გაამართლოს თავისი ექსპანსიონისტური და ინტერვენციონისტული პოლიტიკა ყველა იმ სფეროში, რომელსაც ჩათვლის საკუთარი კანონიერი ინტერესების სფეროდ. რუსეთის მიერ სამართლებრივი ომის გამოყენება როგორც ჰიბრიდული ომის კომპლექსური სტრატეგიის ნაწილისა, წარმოადგენს უდიდეს სტრუქტურულ გამოწვევას როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის სტაბილურობისთვის, ასევე მსოფლიო წესრიგისთვის. იმისთვის, რომ წინააღმდეგობა წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა დასავლეთის ერთიანი და შეკრული პოზიცია.
ავტორი: ალისა ოვესოვი
გამოყენებული ლიტერატურა.
- “CONFERENCE ON SECURITY AND CO-OPERATION IN EUROPE FINAL ACT https://www.osce.org/files/f/documents/5/c/39501.pdf ; Finlandia Hall: osce.org, 1975.
- Jakjimovska , Viktorija. “‘A Shift in the Russo-Ottoman Balance of Power in the Black Sea Region: The Treaty of Kuçuk Kainardji of 1774.”.” Oxford Public International Law, 2018.
- Mark Voiger, “რუსეთის სამართლებრივი ომის იმპერიალისტური ბუნება“, Concordiam, p.33, 2020.
- Mark Voiger, “21-ე საუკუნის სამართლებრივი ომი“, Concordiam, p.36, 2020
- Mark Voiger, “ომის დაწყება სამართლებრივ ველზე“, Concordiam, 32, 2020
- Mark Voiger, “სამართლებრივი ომი როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სფერო“, Concordiam, p.34, 2020
- ზამახინა, ტატიანა, “ყირიმის დღე.” RG.RU, 2020. https://rg.ru/2018/07/05/19-aprelia-budet-otmechatsia-priniatie-kryma-v-sostav-rossijskoj-imperii.html
- ნიჩუკინი, ალექსეი, “ყირიმში მოსახლეობის 96,77% სურს რუსეთთან შეერთება.” Interfax.RU, 2014. https://www.interfax.ru/world/365090
[1] Voiger Mark; “ომის დაწყება სამართლებრივ ველზე“, Concordiam, p. 32, 2020
[2] Jakjimovska , Viktorija. “‘A Shift in the Russo-Ottoman Balance of Power in the Black Sea Region: The Treaty of Kuçuk Kainardji of 1774.”.” Oxford Public International Law, 2018.
[3] ზამახინა, ტატიანა, “ყირიმის დღე.” RG.RU, 2020. https://rg.ru/2018/07/05/19-aprelia-budet-otmechatsia-priniatie-kryma-v-sostav-rossijskoj-imperii.html
[4] Mark Voiger, “რუსეთის სამართლებრივი ომის იმპერიალისტური ბუნება“, Concordiam, p.33, 2020.
[5] Mark Voiger, “სამართლებრივი ომი როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სფერო“, Concordiam, p.34, 2020
[6] “CONFERENCE ON SECURITY AND CO-OPERATION IN EUROPE FINAL ACT
https://www.osce.org/files/f/documents/5/c/39501.pdf ; Finlandia Hall: osce.org, 1975.
[7] ნიჩუკინი, ალექსეი, “ყირიმში მოსახლეობის 96,77% სურს რუსეთთან შეერთება.” Interfax.RU, 2014. https://www.interfax.ru/world/365090
[8] Mark Voiger, “21-ე საუკუნის სამართლებრივი ომი“, Concordiam, p.36, 2020.