28/06/2021 By yatage
რუსეთის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკა
შესავალი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის ფედერაციის გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილზე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც კრემლის მიერ საკუთარი შორსმიმავალი გეგმებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების განხორცილეებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქმება, რუსეთი ცდილობს აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული თითოული ბერკეტი, რამეთუ გააფართოვოს და გაზარდოს საკუთარი გავლენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, პირველ რიგში მას მოცემული მისწრაფებები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიების მიმართ გააჩნია, რუსეთისთვის განსაკუთრებით ამ მხრივ ყოვლად მიუღებელია სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მისწრაფება გაერთიანდნენ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყოველივე რუსეთის მიერ აღქმულია როგორც ზემოთხსენებული მიზნებისა და რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად.[1] კრემლი იმისათვის რომ აღუდგეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და გაიმყაროს საკუთარი პოზიციები ახორციელებს ჰიბრიდულ ომს და საკმაოდ ეფექტურად და აქტიურად იყენებს რიგ ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს, როგორც საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევ იარაღს. უკანასკნელ წლებში კი ხსენებულ ბერკეტებს შორის კრემლი აქცენტს საინფორმაციო ომსა და პროპაგანდაზე აკეთებს.[2]
დღესდღეობით საინფორმაციო ომი უდიდესი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსა თუ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. საქართველო კი, როგორც მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, ამ კუთხით რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნათლად აქვს გაცხადებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილი და ამავდროულად აღებული აქვს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს, ამ ყოველივეს ასალაგმად, კი კრემლი ყოველდღიურად ცდილობს რაც შეიძლება მეტად აგრესიული საინფორმაციო ომი აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ, რამეთუ ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავოს, გაზადროს პოლარიზაცია და მოახდინოს გავლენა საზოგადეობრივ აზრზე, რაც პირველ რიგში ემსახურება საქართველოში პროდასავლური ღირებულებების შესუსტებასა და დასავლეთ სამყაროსთან ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას.
სასურველი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად კრემლის მიერ პროპაგანდისა თუ დეზინფორმაციის გამოყენება ახალ ფენომენს არ წარმოადგენს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკმაოდ აქტიურად მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა სასურველი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით, მაგრამ ცხადია ამ კუთხით რუსეთის ფედერაციის ტაქტიკა და ხერხები მეტად დახვეწილია. დღესდღეობით კრემლის ხელში ინფორმაცია ისეთივე საშიშ იარაღად იქცა, როგორიც ცეცხლსასროლი იარაღია, მართალია მისი გასროლის შედეგად სისხლი არ იღვრება, მაგრამ საკმაოდ მრავალი და არასასურველი შედეგის მოტანა შეუძლია და უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს სამიზნე ქვეყნებს.
1. საინფორმაციო ომი 21-ე საუკუნის გამოწვევა
თანამედროვე მსოფლიოში ომის წარმოების კონცეფცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ინფორმაციულ ეპოქაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაკეტების, ტანკების, ჯარისკაცების, საბრძოლო თვითმფრინავებისა თუ ხომალდების რაოდენობის ცოდნა, არამედ საკამოდ მნიშვნელოვანია ფლობდე ვალიდურ მონაცემებს მოცემულ ქვეყანაში მსოფლიო თუ ადგილობრივი მედიის სამიზნე აუდიტორიების სპეციპიკის შესახებ, მათ შორის, საზოგადოებრივი განწყობებისა და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების ვინაობისა და დამოკიდებულებების შესახებ. ინფორმაციული ომი შესაძლებელია გავიგოთ, როგორც შეტევების სერია მოწინააღმდეგე ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედრო პირებზე, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოყენებით, კონკრეტული პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად[3].ინფორმაციული ომი აერთიანებს ელექტრონულ, კიბერ და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს ერთ საბრძოლო მექანიზმში და მისი მიზანია ინფორმაციული წყაროების კონტროლითა და მათზე ზეგავლენის მოხდენით გაანეიტრალოს მოწინააღმდეგე, დააბნიოს იგი და მოხდეს ღირებულებითი აღრევა. საინფორმაციო ომი ასევე გულისხმობს ინფორმაციით მანიპულირებას იმისათვის, რომ მოწინააღმდეგემ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები.
ხშირად ჩნდება კითხვა და რატომ საინფორმაციო ომი ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, მაგრამ ერთ-ერთ სწორ პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი – საინფორმაციო ომი იაფი და ასიმეტრულია ამავდროულად ეფექტურია, როგორც ცხელი ომის პერიოდში, ასევე მშვიდობის დროს. მოწინააღმდეგის მთავარ ინსტრუმენტს ყოვლისმომცველი, ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედედები წარმოადგენს, საინფორმაციო ომის დროს არ ხდება შენობების დანგრევა არ აქვს ადგილი ეთნიკურ წმენდას თუ გენოციდს ,არ ნადგურდება ქალაქები და ის უშუალოდ ხანგძლივი დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად კარგად მომზადებული სპეციფიკური ფსიქოლოგიური ოპერაციებით მოქმედებს.[4]
თინათინ ხიდაშელი სტატიაში : ,,მეორე მსოფლიო ომიდან კიბერ ომამდე, როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი?“ საუბრობს საინფორმაციო ომის არსზე, მის ეტაპებზე და ამავდროულად გვთავაზობს მნიშვნელოვან ხედვებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის შესაძლებელი საინფორმაციო ომის მოგება და რა დილემის წინაშე დგას საქართველო ამ კუთხით.
სტატიის მიხედვით საინფორმაციო ომის ეფექტურობა რამოდენიმე ძირითადი ფაქტორის ერთობლიობის შედეგია:
- მოწინააღმდეგე საკმაოდ ბუნდოვან პოლიტიკურ ფუნდამენტზე დგას და არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და ღირებულებები.
- ომის ინიციატორი ახერხებს გარკვეული ბზარი გაუჩინოს მოწინააღმდეგის ინსტიტუციური წყობისა და ღირებულებებით საწყისს.
- ადგილი აქვს საზოგადოებაში დისკუსიის დაწყებას ისეთ თემებზე რომლებიც მრავალი საუკუნის წინ შეთანხმებული და დასრულებული გეგონა.
- ტყუილი და სიმართლე, ილუზია და რეალობა ერთმანეთში ისეა არეული შეუძლებელია მათ შორის გარკვეული ზღვარის გავლება.
- მნიშვნელოვნადაა შესუსტებული კრიტიკული აზროვნება, საზოგადოება მოკლებულია რაციონალურად ფიქრისა თუ ანალიზის საშუალებას.
ამ მხრივ საქართველო ქვეყანა, რომელიც რუსეთის საინფორმაციო ომის სამიზნეა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რამეთუ დღითი დღე საინფორმაციო ომის ეფექტურობა იზრდება კრემლის სასარგებლოდ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის შესაძლებელია საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.
სტატიაში ასევე ამოვიკითხავთ პასუხს უმნიშვნელოვანეს კითხვაზე – როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი? პასუხი შემდეგია-უნდა მოხდეს იმ ღირებულებების, ინსტიტუციური ფუნდამენტებისა და სახელმწიფო წყობის გაძლიერება, რის გულისთვისაც მიმდინარეობს თანამედროვე ჰიბრიდული ომი. ყველაზე ეფექტური იარაღი ქვეყნების ხელში არი ის რისიც ყველაზე მეტად ეშინია ტოტალიტარულ ქვეყანას, მის საზღვრებთან ჯერ კიდევ არსებული დემოკრატიების და დემოკრატიული რკალის გაძლიერება.
ტოტალიტარული ქვეყანა საქართველოს შემთხვევაში რუსეთია, რომელსაც არ სურს და ეწინააღმდეგება მის საზღვრებთან დემოკრატიული რკალის გაძლიერებას და აქედან გამომდინარე საქართველოს ხელში მძლავრი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ სწორედაც, რომ დემოკრატიის აღმშენებლობა გახლავთ. რასაც, როგორც ვხედავთ ყველანაირად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედრაცია.
2013 წლიდან რუსეთის ფედერაციამ ფაქტობრივად ინფორმაციული ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, როდესაც საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის ინფორმაციისა და მასმედიის იარაღად გამოყენებამ მის სტრატეგიულ დოკუმენტში ჰპოვა ასახვა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის და 2016 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ე.წ ,,რბილი ძალის“ მნიშვნელობას და ამასთანავე ინფორმაციისა და მასმედიის გამოყენებას მკაფიოდ გამოყოფს.[5]
2. კრემლის პროპაგანდა საქართველოში
საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი გახლავთ პროპაგანდა, რომელსაც საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კრემლი საკმაოდ ინტენსიურად იყენებს. კრემლის მიერ პროპაგანდის იარაღად გამოყენება ახალი ფენომენი არ გახლავთ, როგორც მოგვეხსენება ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთის დროს საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა, დღეს კი ამ კუთხით კრემლის ტაქტიკა და მეთოდები უფრო მეტად დაიხვეწა.
პროპაგანდა გახლავთ ინფორმაცია, ფოტო გამოსახულებები, იდეები ან აზრები რომელიც ვრცელდება ბეჭდვითი, სამაუწყებლო თუ სხვა საშუალებებით და მსჯელობის მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების აზროვნებაზე გავლენის მოხდენას.[6]
დღესდღეობით კრემლის პროპაგანდის მახასიათებლების დადგენით დაინტერესებულია არაერთი მკვლევარ, მათი მიზანს კრემლის პროპაგანდის ზოგადი მახასიათებლების დადგენა და ამასთანავე მასთან ბრძოლის ქმედითი მექანიზმის შემუშავება წარმოადგენს. კრემლის პროპაგანდის ზოგად მახასიათებლებს გვთავაზობს ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტი პოლიტიკის დოკუმენტში სახელწოდებით: ,,კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა “. რომლის მიხედვითაც კრემლის პროპაგანდის ზოგადი მახასიათებლები გახლავთ შემდეგი:
- 1. მოცულობა და გავრცელების მრავალარხიანი ქსელი კრემლის პროპაგანდა იქმნება სხვადასხვა ფორმატში – ტექსტი, ვიდეო, აუდიო ფოტო მასალა. რომლის გავრცელებაც ხორციელდება განსხვავებული არხების მეშვეობით როგორიცაა – ინტერნეტი ,ტელევიზია, რადიო, სოციალური მედია ,ბეჭდური მედია ამასთანავე საზოგადოების წარმომადგენლებთან პირდაპირი შეხვედრებით და კომუნიკაციით
- ობიექტური რეალობის უგულებელყოფა კრემლის პროპაგანდა ეფუძნება შეთხზულ ამბებს, რეალური ფაქტების დამახინჯებას ან კრემლისეულ ინტერპრეტაციებს, რაც გულისხმობს ამბების ან სიახლის კონტექსტიდან ამოღებას და კრემლისთვის სასურველი კუთხით გაშუქებას.
- სიხშირე, უწყვეტობა და განმეორებადობა კრემლის პროპაგანდა იქმნება საკმაოდ სწრაფად და უწყვეტად, ხშირად აქვს ადგილი ძველი დეზინფორმაციის ხელახლა გავრცელებასა და ტირაჟირებას, რამეთუ არ იკლოს კრემლისთვის სასურველი გზავნილების აქტუალურობამ.
- პროპაგანდის ობიექტის დაბნევა კრემლის პროპაგანდის უმთავრესი გათვლა არა ტყუილის სიმართლედ წარმოჩენაა, არამედ ფაქტების დამახინჯებით მაყურებლისა თუ მკითხველის დაბნევაა, რამეთუ მათ ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციის მიღებით ვერ შესძლონ რეალური სურათის დანახვა.
- 5. კრიტიკის უარყოფა რუსეთის პროპაგანდა უგულებელყოფს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ყველანაირ კრიტიკას და მას წარმოაჩენს, როგორც ე.წ შეთხზულ ტყუილს, რომელიც დასავლეთის ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარეობს.
სტატიის მიხედვით ასევე შესაძლებელია გამოვყოთ კრემლის პროპაგანდის მთავარი მიმართულებები საქართველოში :
პირველი მიმართულება – ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის დისკრედიტაცია – კრემლი ცდილობს მაქსიმალურად უარყოფითად წარმოაჩინოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და მიღწევები. ამასთანავე კრემლი ცდილობს საქართველოში ნატოს შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და საქართველო – ნატოს დაახლოების პროცესების უპერსპექტივობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ამ პროცესის საფრთხის შემცვლელად წარმოჩენას.
მეორე მიმართულება – დასავლური ღირებულებების დაკნინება – დასავლური ღირებულებების წარმოჩენა, როგორც შეუთავსებელი ქართულ კულტურასთან და ტრადიციებთან. ხშირად ხდება ხოლმე საქართველოსა და რუსეთის საერთო ისტორიული თუ კულტურული მახასიათებლების მაგ. როგორიცაა საერთო რელიგიური მრწამსის წინ წამოწევა და მათი დასავლური ღირებულებების საპირწონედ წარმოჩენა.
მესამე მიმართულებაა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების შესახებ ნეგატიური განწყობების გაღვივება – ამ კუთხით განსაკუთრებით თვალშისაცემია ანტიამერიკული და ანტითურქული გზავნილების გავრცელება. კრემლის პროპაგანდისტები აშშ-ს წარმოაჩენენ როგორც გლობალური დესტაბილიზაციის წყაროს რომელსაც საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს. თურქეთის რესპუბლიკას კი წარმოაჩენენ ხოლმე როგორც უძველესი ქართული ტერიტორიების მიმტაცებელ სახელმწიფოს.[7]
ზემოთხსენებული მიმართულებების მიხედვით კრემლი ქმნის მითებს რომლითაც კარგად ფუთავს საკუთარ პროპაგანდას.
საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითად მიზნებს წარმოადგენს :
- ანტიდასავლური განწყობების გაღვივება საქართველოს მოსახლეობაში .
- საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის შეფერხება
- რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გლობალური პოლიტიკის პოპულარულობის გაზრდა
- შეთქმულების თეორიების და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოებაში გაურკვევლობის, შიშის და სიძულვილის დათესვა.[8]
იმისთვის რომ კრემლის პროპაგანდა წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოსთან მიმართებით და განხორციელებული იყოს კრემლის პროპაგანდისტული მიზნები IDFI-ის კვლევის მიხედვით კრემლი იყენებს შემდეგ მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ არხებს როგორიცაა: მედია საშუალებები, რუსული მედია ქართულ სატელევიზიო სივრცეში, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და სასულიერო პირები.
საქართველოში კრემლის პროპაგანდისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებია. საქართველოში მცხოვრები კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები უმეტესად განცალკევებულნი არიან ქართულ საინფორმაციო სივრციდან, რაც მათ კრემლის პროპაგანდის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად აქცევს. ეთნიკური უმცირესობები ენობრივი ბარიერებიდან გამომდინარე ინფორმაციას არაქართულენოვანი არხებიდან იღებენ, რის გამოც ისინი ხშირად ექცევიან პროპაგანდის ქარცეცხლში და სწორედ ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით ყველაზე დაბალი მხარდაჭერით გამოირჩევიან.[9]
IDFI – ის კვლევაში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი მოსაზრებები, რომლის თანახმადაც კრემლის საინფორმაციო ომი და პროპაგანდა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას. ამასთანავე აზიანებს და აფერხებს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, ახდენს საზოგადოებაში დასავლური ღირებულებების, ინსტიტუტებისა თუ პარტნიორი სახელმწიფოების დისკრედიტაციას, ძირს უთხრის ხელისუფლებას და პოლიტიკურ ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობას და აღვივებს რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს და ნერგავს სიძულვილსა და ქსენოფობიას.
3. ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოში
დეზინფორმაციაც პროპაგანდის მსგავსად საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს პარლამენტის თანახმად დეზინფორმაცია გახლავთ მცდარი ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად და ზოგჯერ ფარულად ვრცელდება იმისთვის, რომ მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება ან დაჩრდილოს ობიექტური სიმართლე[10]. დეზინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ნამდვილ ფაქტებსაც, მაგრამ მათი წარდგენა საზოგადოებისთვის ხდება უშუალოდ კონტექსტიდან ამოვარდნილად და სიცრუესთან შეჯერებულად. დეზინფორმაცია საკმაოდ დიდი საფრთხის მატარებელია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისთვის და მისი გრძელვადიანი შედეგი გახლავთ მედიის, სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნელი, მაგრამ მნიშვნელოვანი შერყევა რაც დეზინფორმაციის შედეგად დემოკრატიისთვის შექმნილი უდიდეს გამოწვევა შეიძლება იყოს. თამამად შეგვიძლია ვთაქვათ, რომ საქართველო ერთ-ერთი ის პირველი ქვეყანა იყო სადაც კრემლმა დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო. ამის მკაფიო მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ 2005-2008 წლები როდესაც საქართველოში კრემლი საკმაოდ აქტიურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რათა ნიადაგი მოემზადებინა საქართველოში შემოჭრის გასამართლებლისთვის.[11]კრემლი დღესაც ჩვეული ტემპით ავრცელებს საქართველოში დეზინფორმაცია და მისი დეზინფორმაციის მანქანა წარმატებითაც ფუნქციონირებს.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში: ,,სახელმძღვანელო: ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოში და მისი გამოვლენის გზები“ დასახელებული და წარმოდგენილია საქართველოში არსებული ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მთავარი არხები და წყაროები. მოცემული დოკუმენტის თანახმად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში უდიდეს როლს, მედია საშუალბები ასრულებენ, რომელთა შორისაც აღნიშნულია ტრადიციური მედია საშუალებები – ტელევიზია, სოციალური ქსელები განსაკუთრებით Facebook-ი, ონლაინ მედია, ბეჭდური მედია. მოცემულ დოკუმენტში ასევე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამავრცელებლად დასახელებულნი არიან პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა ორგანიზაციები და ცალკეული პიროვნებები. ყურადღება გამახვილებულია ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამორჩეულ მედია კავშირზე როგორიცაა ,,ობიექტივი“ რომელიც დაფუძნებულ იქნა 2010 წელს. ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ საშუალებად ასევე დასახელებულია ისეთი ქართული ბეჭდური მედია, როგორიცაა ,,ასავალ – დასავალი“ და ,,საქართველო და მსოფლიო“. დეზინფორმაციის გამავრცელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კი მოყვანილია ისეთი საქართველოში მოქმედი, რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ ფონდები, როგორიცაა ,,ევრაზიის ინსტიტუტი“ და ,,ევრაზიული“ კავშირი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში რუსული ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომელთა უმთავრეს მიზანს, პრორუსული და ანტიდასავლური მსოფლმხედველობის გავრცელება წარმოადგენს. მაგალითად ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული ქართველი ახალგაზრდებისთვის რუსული ენის უფასო კურსებს ატარებს.
კრემლის მიერ საქართველოში სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მაგალითებია:
- საქართველოს მოსახლეობა ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს
- საქართველოს პოლიტიკური ელიტის მიერ არჩეული ჩრდილოატლანტიკური კურსი არასწორი და წამგებიანია
- სსრკს დაშლის შემდეგ ნატო უსარგებლოა და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს თავს ვერ ართმევს
- ელჩი დეგანი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და დირექტივებს აძლევს პოლიტიკურ პარტიებს
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელი კონფლიქტები ამერიკის ინტერესებში შედის, რათა არ დაუშვას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება
- დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში ხელს უშლის.
- დასავლური ფასეულობების დამკვიდრებით ევროკავშირი საქართველოში მართმადიდებლობასა და ტრადიციებს ებრძვის
- საქართველომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტში
- დასავლეთმა უარი თქვა ქრისტიანობაზე და ლგბტ-ს დიქტატის ქვეშ მოექცა
- საქართველოს ტერიტორიები ზვიად გამსახურდიამ და ქართულმა ნაციონალიზმმა დააკარგვინა[12]
4. სახელმწიფოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია საქართველო კრემლის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს , აღნიშნული საფრთხეების აღიარება ფორმალურად მხოლოდ 2016-2017 წლებში განხორციელდა[13], რაც გარკვეულწილად დაგვიანებულადაც შესაძლოა ჩაითვალოს თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კრემლის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში გადადგმულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები.
მთავრობის განცხადებით 2018 წელს ყველა სამინისტროში შეიქმნა კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეული, ანტიდასავლური პროპაგანდის შემცირების, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდისა და ქვეყანაში ეფექტური კოორდინირებული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით. ამასთანავე 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა წამოიწყო თემატური კვლევა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე, რომლის მიზანიც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებში არსებული ძირითადი პრობლემებისა და გამოწვევების გაანალიზება და მთავრობისთვის რეკომენდაციების პროექტის მომზადება გახლდათ. მოკვლევის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ იქნა კვლევის ანგარიში რომელიც მოიცავდა შემდეგ რეკომენდაციებს:[14]
- პარლამენტში ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის ზეპარტიული ფორმის შექმნა და შესაბამისი განხილვების უზრუნველყოფა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით;
- პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებთან თანამშრომლობის დაწყება და Facebook-ის რეგულაციების საქართველოზე გავრცელების უზრუნველყოფა;
- რუსეთთან აფილირებული კერძო არასამთავრობო მედია და პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსების გამჭირვალობის ზრდა და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორცილება;
- აღმასრულებელ დონეზე ზეპარტიული უწყებათაშორისი ორგანოს ან მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან კორდინირებით უზრუნველყოფს მყისიერ წინმსწრებ კომუნიკაციას დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მათ შორის არჩევნებში პოტენციური გარე ძალის ჩარევის შესახებ.[15]
მოცემული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რა ქმედით ნაბიჯებს დგავს პარლამენტი და მთავრობა მოცემული რეკომენდაციების სისრულეში მოყვანის თაობაზე.
საკმაოდ მნიშვნელოვანია განვიხილოთ სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების თემა და ამ მხრივ სახელმწიფოს პოლიტიკა. მას შემდგომ რაც რუსეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა აგრესიული შეტევა, ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის რიგი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. 2018 წელს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ შედგენილი კიბერუსაფრთხოების მსოფლიო ინდექსის მიხედვით საქართველო მეცხრე ადგილს იკავებს კიბერუსაფრთხოების საკითხებში ქვეყნების საერთო ვალდებულების გაზომვის მხრივ, ამავდროულად დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას გააჩნია ცალკეული განყოფილებები, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, მაგრამ ეს ყოველივე საკმარისი არაა და ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად უნდაა გააძლიეროს კიბერშეტევების მიმართ მისი ძალისხმევა და ამ კუთხით პრიორიტეტულად უნდა იქცეს ინსტიტუციური განვითარენა და უწყებათშორისი კორდინაცია, როგორც კერძო სექტორთან ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშომლობის კუთხით. გარდა ამისა ზემოთხსენებული სააგენტოების წარმომადგენლები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ინფორმაციის გააზრებიისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კიბერთავდაცვის სტრუქტურების მიღმა სახელმწიფოს თავდაცვის სტრუქტურებში არ არის ისეთი დანაყოფი ან საგანგებო უწყება, რომლის კონკრეტული მიზანიც დეზინფორმაციის სისტემატიური კონტროლი, ანალიზი და ამ სფეროში სახელმწიფო, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე კავშირისა და კორდინაციის უზრუნველყოფა იქნება.[16]
დასკვნა
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ითქვას, რომ კრემლი საკმაოდ ეფექტურად იყენებს პროპაგანდასა და დეზინფორმაციას საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მის მიერ შერჩეული ტაქტიკა და სტრატეგია დღითიდღე იხვეწება და მეტ ეფექტურობის ელფერს იძენს, რაც საქართველოსთვის როგორც კრემლის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნისთვის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია, ამ ფონზე კი მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოში მართალია საკმაოდ ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა მოცემულ საფრთხესთან ბრძოლის კუთხით, დღემდე ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოს ზემოთხსენებულ საფრთხეზე რეაგირების ერთიანი, მძლავრი და ქმედითი მექანიზმი.
დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში შემუშავებულ იქნას მძლავრი და ერთიანი კრემლიდან მომავალ საფრთხეებთან ბრძოლის პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კუთხით სახელმწიფოს არაეფექტურმა და არადროულმა პოლიტიკამ ქვეყანა შესაძლებელია საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენოს. კრემლმა შესაძლოა შეძლოს საკუთარი შორსმიმავალი გეგმების პირნათლივ განხორციელება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს უსაფრთხოებასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე.
ავტორი: ქეთევან ქოქოშვილი
[1] M. Laruelle, “The Russian World: Russia’s Soft Power and Geopolitical Imagination”, Center of Global Interests, May 2015.
[2] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა. თბილისი, 2016.
[3] თარგამაძე, გიორგი. „ინფორმაციული ომი საქართველოს წინააღმდეგ.“ 2014.
[4] ხიდაშელი, თინათინ. „მეორე მსოფლიო ომიდან კიბერ ომამდე როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი?“ . 2017 .
[5] საქართველოს რეფორმების ასოციაცია. „სახელმძღვანელო:ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოში და მისი გამოვლენის გზები.“ 2020.
[6] https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/propaganda
[7] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა. თბილისი, 2016.
[8] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა. თბილისი, 2016.
[9] NDI,,საზოგადოების განწყობა საქართველოში“.ივნისი 2016.
https://www.ndi.org/sites/default/files/NDI_June_2016%20poll_Public%20Issues_GEO_VFF%20(2).pdf
[10] საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში .2019
[11] საქართველოს რეფორმების ასოციაცია. „სახელმძღვანელო:ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოში და მისი გამოვლენის გზები.“ 2020.
[12] საქართველოს რეფორმების ასოციაცია. „ანტიდასავლური დეზინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში.“ 2020.
[13] საქართველოს რეფორმების ასოციაცია. „სახელმძღვანელო:ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოში და მისი გამოვლენის გზები.“ 2020.
[14] საქართველოს პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური
მოკვლევის ჯგუდი. http://www.parliament.ge/uploads/other/112/112761.pdf
[15] „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ.“ 2019. http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/136131/Disinfo_Report_FINAL_27.01_.2020_GEO_.pdf
[16] საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო . „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში .“ 2019.