E ISSN 2587-5396

ბრძოლა არქტიკისთვის: რუსეთის მიზნები და ჩინეთის ინტერესი

31/05/2021 By yatage

ბრძოლა არქტიკისთვის: რუსეთის მიზნები და ჩინეთის ინტერესი

შესავალი

გლობალურმა დათბობამ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის მიუწვდომელი, რესურსებით მდიდარი ჩრდილოეთ პოლუსი, ახალ შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ დაძაბულობას გვთავაზობს. რვა სახელმწიფო: რუსეთი, კანადა, აშშ, გრენლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი და ისლანდია პრეტენზიას აცხადებს ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონზე. 2008 წელს აშშ-ს გეოლოგიურმა კვლევის ცენტრმა (USGS) დაადგინა, რომ დედამიწის ნავთობპროდუქტების ერთი-მეოთხედი მდებარეობს არქტიკაში, რაც თავის მხრივ მოიცავს 13% ნავთობს, 30% ბუნებრივ გაზს და 20% თხევად გაზს.[1] ამ რესურსების გადანაწილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

„მინდა ხაზი გავუსვა ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტის მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო არტერიას, რომელიც კონკურენციას გაუწევს ტრადიციულ სავაჭრო გზებს. სახელმწიფოები და კერძო კომპანიები, რომლებმაც აირჩიეს არქტიკა, ეჭვგარეშე მიიღებენ ეკონომიკურ უპირატესობას“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.[2]

მას შემდეგ რაც არქტიკის რეგიონი გეოპოლიტიკური ყურადღების ქვეშ მოექცა, ჩინეთი სავალდებულოდ თვლის თავისი წილი სარგებელი მიიღოს ახალი სავაჭრო გზიდან. ჩინეთისთვის მთავარი გამოწვევას არქტიკიდან გეოგრაფიულად შორს ყოფნა წარმოადგენს, რაც საშუალებას არ აძლევს, ჩრდილოეთ პოლუსის ქვეყნებისგან განსხვავებით, ლეგალურად განაცხადოს პრეტენზია რეგიონის რესურსებზე. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩინეთს სჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორი, რათა გაამყაროს თავისი პოზიციები რეგიონზე. ასეთი პარტნიორი რუსეთია. ჩინეთის ინვესტიციები არქტიკაში პორტებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კითხვის ნიშნებს აჩენს და ზრდის დაძაბულობას რეგიონის ქვეყნებს შორის. რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანება რესურსებისა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ქვეყნების გააქტიურებას ჩრდილოეთ პოლუსზე ხელს უწყობს გლობალური დათბობა. არქტიკული ყინული ორჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ეს წინა საუკუნეში ხდებოდა. მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება, ტექნოლოგიური განვითარება და რესურსებზე გაზრდილი მოთხოვნა, სრულიად რეალურს ხდის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონის სრულად ათვისებას. ამასთანავე ყინულის დნობის სისწრაფის მიხედვით, 2035 წლისთვის ზაფხულში არქტიკის ყინული მთლიანად გადნება და შესაძლებელი გახდება გემებით გადაადგილება და ახალი რესურსების მოპოვება.[3] გარემოების ასეთი ცვლილება აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესების გადაკვეთას იწვევს.

სტატიაში განვიხილავთ არქტიკის რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ დღის წესრიგს. გავიგებთ თუ რა ინტერესები აქვს ჩინეთს? რა საფრთხეს უქმნის რუსეთი ალიანსს? რატომ აღრმავებს ამერიკა და კანადა სამხედრო თავდაცვის თანამშრომლობას? რატომ უნდა გააძლიეროს NATO-მ ჩრდილოეთ პოლუსზე თავისი პოზიციები?

1.რუსეთის არქტიკული პერსპექტივა

რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკაში არქტიკაც მოექცა. რეგიონში მოსკოვის სამხედრო სტრატეგია სამ მთავარ მიზანს მოიცავს. პირველი: დემონსტრირება მოახდინოს მისი სუვერენიტეტისა და დააზუსტოს მისი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი. მეორე: დაიცვას თავისი ეკონომიკური ინტერესი უკიდურეს ჩრდილოეთში. მესამე: შეახსენოს მსოფლიოს, რომ რუსეთი ისევ წარმოადგენს კონკურენტ გასაწევ ძალას და მას აქვს თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობები. ერთი მხრივ ბუნებრივია რუსეთის ამბიციები, რადგან არქტიკის ოკეანის სანაპირო ზოლის 53% სწორედ რუსეთს ეკუთვნის. ამავდროულად არქტიკის რეგიონში მცხოვრები 4 მლნ ადამიანიდან 2 მლნ რუსეთის მოქალაქეა.[4] რუსეთის არქტიკული პოლიტიკა განსხვავდება სხვა რეგიონებში მისი საქმიანობისგან. თანამშრომლობაზე დაყრდნობილი მიდგომა რუსეთისთვის იშვიათი, მაგრამ მომგებიანი სტრატეგია აღმოჩნდა. ეს არქტიკის რეგიონის ბუნებრივმა გამოწვევამ განაპირობა. ამ რეგიონში ოპერირებისთვის აუტანელი კლიმატური პირობები აუცილებელს ხდის სხვა მეზობლებთან შეთანხმებას, ამავდროულად რუსეთის ეკონომიკური ინვესტიცია და განვითარება სარგებელს მხოლოდ მშვიდობიან გარემოში ნახავს. გლობალური დათბობის გამო არქტიკაში მდგომარეობის ცვლილებისა და გაზრდილი საერთაშორისო ინტერესისა, ლოგიკურად ჩნდება მოლოდინი ახალი ომისა – “რესურსებისთვის ბრძოლა“. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ არის ღია სამხედრო დაპირისპირება რეგიონში, ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოების მცდელობას მოიპოვონ უპირატესობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო ასპექტში.

რუსეთის ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების ნათელი მაგალითია ჩრდილოეთის საზღვაო გზა, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთში ტვირთის გადასატანად უფრო მოკლე და სწრაფი გზაა, ვიდრე სუეცის არხით სარგებლობა. რუსეთს ასევე აქვს ჰეგემონია არქტიკული ყინულის მჭრელი ხომალდების მშენებლობასა და გამოყენებაში. რუსეთის მფლობელობაში 46 ასეთი ხომალდია, შედარებისთვის აშშ-ს 5 ყინულის მჭრელი გემი აქვს, ხოლო კანადას – 7.[5] ეს სტატისტიკა ნათელს ჰფენს რუსეთის დომინანტობას არქტიკის ოკეანეში ტვირთების გადაზიდვაში. 2020 წელს რუსეთმა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ყინულმჭრელი ხომალდი ჩაუშვა მოხმარებაში.

“კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ გვეკუთვნის უნიკალური ყინულმჭრელი ფლოტი, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია არქტიკული ტერიტორიების განვითარებასა და შესწავლაში. ჩვენ მუდმივად, ყოველ დღე, კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ეს უპირატესობა. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი პოზიციები, გავაძლიეროთ და განვაახლოთ ჩვენი ფლოტი, დავნერგოთ ახალი მოწინავე ტექნოლოგიები ყინულის მჭრელ და ამ კლასის სხვა გემების მშენებლობაში“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.[6] რუსეთის ასეთმა სვლამ გაამძაფრა შეჯიბრი არქტიკის რესურსებისთვის. მალევე დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა ყინულმჭრელების ფლოტის შექმნასთან დაკავშირებით, რათა ამერიკამ გაიმყაროს თავისი პოზიციები რეგიონში.[7]

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის საზღვაო გზით დაინტერესებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა: ჩინეთი და იაპონია. რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ საერთო სურვილს კონკურენცია გაუწიონ დომინანტურ დასავლურ საერთაშორისო სისტემას. თუმცა მათი ურთიერთობა კომპლექსურია და სავსეა უნდობლობით. 2014 წლამდე რუსეთი თავს იკავებდა არქტიკის ეკონომიკურ ზონაში ჩინეთის კვლევითი ხომალდების შეშვებისგან. მოსკოვი ასევე ეწინააღმდეგებოდა ჩინეთისთვის დამკვირვებლის ადგილის მიცემას არქტიკის საბჭოში. ეს მიდგომა 2014 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუბლი გაუფასურდა და დასავლეთისგან სანქციები მიიღო უკრაინის ანექსიისთვის. ვლადიმერ პუტინმა გააძლიერა ჩინეთთან თანამშრომლობა. რუსეთის პერსპექტივით ჩინეთთან ალიანსში შესვლით ის მიიღებს ჩინურ ინვესტიციას არქტიკულ რეგიონში პოზიციების გასამყარებლად. სანაცვლოდ ჩინეთსაც ექნება გარანტირებული ადგილი ჩრდილოეთ პოლუსზე. თუმცა ჩინეთი ამ პროცესს სხვანაირად უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთთან თანამშრომლობა სურს, ჩინეთის მოკლევადიანი გეგმები ენერგიის წყაროების ათვისებაზეა ორიენტირებული. ჩინეთს არ გამოუთქვამს სურვილი დააფინანსოს რუსეთში პორტების მშენებლობა. ნათლად ვხედავთ, რუსეთის მიერ არქტიკის სანაპირო ზოლის მილიტარიზაციას. 2013 წლიდან მოყოლებული რუსეთმა ჩრდილოეთის საზღვაო გზაზე შვიდი ახალი სამხედრო ბაზა განათავსა. ეს ბაზები აღჭურვილია ანტისარაკეტო სისტემებითა და თანამედროვე რადარებით. თითოეული ბაზა ფარავს 600 კმ რადიუსს. ასევე სანაპირო ზოლში განთავსებულია რუსული ყინულის მჭრელი ხომალდები.[8] ასეთი სურათი დღეს ნათელი მესიჯია ყველასთვის, რომ არქტიკის სავაჭრო გზის მთავარი მესაკუთრე რუსეთია.

2. ჩინეთის სტრატეგია არქტიკისთვის და NATO-ს შეცვლილი პოლიტიკა

ცენტრალურ აზიაში ჩინეთი მზარდი და გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშეა. 2019 წელს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა ჩინეთი, როგორც სტრატეგიული კონკურენტი არქტიკის რეგიონში.[9] თუმცა ჩინეთის მიზნების განხილვისას ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა სურს ჩინეთს რეალურად?

არქტიკის ოკეანე უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ჩრდილოეთის ქვეყნებისთვის. პოტენციური რესურსების დაკარგვა ჩინეთს ყველაზე ნაკლებად სურს. სწორედ ამით აიხსნება მისი სურვილი იყოს ჩრდილოეთ პოლუსზე ერთ-ერთი წამყვანი ძალა. ასევე სუეცის არხზე დამოკიდებულების შემცირება ჩინეთის ეკონომიკას უფრო გაამყარებს. 2018 წელს გამოიცა ჩინეთის არქტიკული პოლიტიკა. დოკუმენტში ნათლად იკითხება, რომ ჩინეთი იზიარებს ინტერესს და საერთო მომავალს არქტიკულ ქვეყნებთან ერთად. ჩინეთის პოლიტიკის მიზანია დაიცვას, განავითაროს და მიიღოს მონაწილეობა არქტიკის მართვაში. დოკუმენტში ნახსენებია „პოლარული აბრეშუმის გზა“. ჩინეთს სურს არქტიკული გადაზიდვის მარშრუტის შექმნა.[10] ჩინეთის სურვილი იყოს არქტიკის პოლიტიკის ნაწილი დროთა განმავლობაში უფრო იკვეთება, თუმცა არქტიკული სახელმწიფოებისგან არ ჩანს მკაცრი განცხადებები ან შეზღუდვები ჩინეთის ინვესტიციებსა და ამბიციებზე ჩრდილოეთ პოლუსზე. გამონაკლისი ამერიკის შეერთებული შტატებია. ჯერ კიდევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პერიოდში დაწყებული მკაცრი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის ფარგლებშიც ვრცელდება. რაზეც ნათლად მეტყველებს 19 მარტს ალასკაში ამერიკისა და ჩინეთის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ერთმანეთი ღიად დაადანაშაულეს. აშშ ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის ინტერესებს არქტიკაში. დაძაბულობა ამ ორ სახელმწიფოს შორის იზრდება.

ჩინეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინტერესი არქტიკაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. „NATO 2030“-ის დოკუმენტში ხაზგასმით ვკითხულობთ, რომ NATO-მ უნდა გააძლიეროს ალიანსი ჩინეთის მზარდი ძალისგან დასაცავად. ასევე ორგანიზაცია პრიორიტეტად ისახავს გამოყოს მეტი დრო, პოლიტიკური რესურსი და მიმართოს მოქმედებებს, რათა გაუმკლავდეს ჩინეთისგან გამოწვეულ პრობლემებს. ალიანსი ჩინეთთან პოლიტიკურ დიალოგის შენარჩუნებას გეგმავს შეიარაღების კონტროლის ნაწილში.[11]  ჩინეთი არ იზიარებს დასავლურ ღირებულებებს, ცდილობს დაიპყროს სხვა ქვეყნები და მასობრივ ინვესტიციებს ახორციელებს ბირთვული იარაღების შექმნაში. NATO-სთვის ეს აშკარა საფრთხეა. ჩინეთის მზარდი ინტერესი და საქმიანობა არქტიკაში კი კიდევ ერთი გამოწვევაა.

NATO-ს წევრი ორი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა, კანადა და აშშ, არქტიკის რეგიონის გამოწვევის წინაშე დგანან, რაც თავის მხრივ მოიაზრებს იმასაც, რომ NATO-სთვის ეს რეგიონი სამხედრო და პოლიტიკური კუთხით საფრთხეს შეიცავს. რუსეთისა და ჩინეთის დომინანტობა რეგიონში კანადისა და აშშ-ს ინტერესებში არ შედის.

“კანადა და შეერთებული შტატები არა მხოლოდ ძლიერი პარტნიორები, არამედ ჩვენ NATO-ს მოკავშირეები ვართ, ჩვენ ერთგულები ვართ ერთიანი თავდაცვის “- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.[12]

კანადის ხედვა არქტიკაზე არის სტაბილური, წესებზე დაყრდნობილი რეგიონი, მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრებით, დინამიური ეკონომიკური ზრდითა და ვაჭრობით, აქტიური ჩრდილოეთის ეთნიკური ჯგუფებითა და ჯანსაღი ეკო-სისტემით. თუმცა ყინულის დნობამ და რესურსებზე ხელმისაწვდომობამ ახალი საფრთხეები წარმოშვა. კანადის არქტიკის საგარეო პოლიტიკაში 2013 წელს განისაზღვრა, რომ კანადას უნდა გაეძლიერებინა საკუთარი შესაძლებლობები არქტიკის რეგიონში, ასევე განევითარებინა ტექნოლოგიები არქტიკის წყლების პატრულირებისა და მეთვალყურეობისთვის. რეგიონში სამხედრო მობილიზების ზრდასთან ერთად კანადისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა არქტიკაში შეიარაღებული ბრძოლის თავიდან აცილება. ამასთანავე, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ჯერ კიდევ არ დაასრულეს არქტიკაში ბირთვული ოპერაციები, უფრო მეტიც რუსეთი ცდილობს მოდერნიზდეს ბირთვული იარაღები, რათა თავისი ჩრდილოეთ ფლოტი დაიცვას. კანადის პერსპექტივიდან ეს შესაძლებლობას ქმნის ბირთვული იარაღების გააქტიურებას ორივე მხრიდან, რაც საბოლოოდ მდგომარეობის ესკალაციამდე მიიყვანს რეგიონს. კანადა იზიარებს შეერთებული შტატების ხედვას რუსეთის მიმართ რეგიონში. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს კანადასთან ურთიერთობის გაღრმავებას. 2021 წლის 23 თებერვალს კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გამოაქვეყნეს „გზამკვლევი აშშ-კანადის განახლებული პარტნიორობის შესახებ“, სადაც ყურადღება გამახვილებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩრდილოეთ ამერიკული კოსმოსური თავდაცვის სარდლობის (NORAD) განახლებაზე,  რაც თავის მხრივ მოიცავს ამერიკისა და კანადის გაძლიერებულ თანამშრომლობას არქტიკის გამოწვევების გადასაჭრელად.[13]

ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას გადაიხედა ამერიკის არქტიკული პოლიტიკა, განახლდა სტრატეგიები და შემუშავდა აქტიური გეგმა რეგიონისთვის. არქტიკაზე გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე ამერიკის მიზანია შეინარჩუნოს ლიდერობა და გაზარდოს ეროვნული თავდაცვა. 2021 წლის 16 მარტს ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტრატეგია „არქტიკაში დომინირების აღდგენა“, რაც გულისხმობს ამერიკის ჯარის გაწვრთნასა და ეკიპირებას არქტიკაში ოპერირებისთვის.[14] ჩრდილოეთ რეგიონი მოიცავს ამერიკის რესურსებსა და საზღვაო სატრანსპორტო გზებს, ჩინეთისა და რუსეთის გააქტიურება კი რეგიონს ახალი კონფლიქტის აღმოცენების პლატფორმად გარდაქმნის.

“ეჭვგარეშეა, რომ პეკინის იძულების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და ის აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სისტემის წესებისა და იმ ღირებულებების შესუსტებაზე, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვიზიარებთ“ – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ნატოს მინისტერიალზე 24 მარტს.[15]

NATO-ს ტრიბუნიდან ჩინეთის, როგორც საფრთხის, მოხსენიება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არქტიკაში ჩინეთის ინტერესები კითხვის ნიშნებს უჩენს ალიანსის უსაფრთხოებასა და პოზიციების სიმყარეს. თუმცა NATO-ს შიგნით მიმდინარეობს დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას თუ არა არქტიკის უსაფრთხოების ფორუმი რუსეთთან ერთად თუ დატოვოს არქტიკის გამოწვევები მხოლოდ რეგიონის ქვეყნების გადასაჭრელ საკითხად. ჩრდილოეთ პოლუსის პოლიტიკურ დღის წესრიგში ვხედავთ ამერიკის ინტერესს და ამ თემის ალიანსში გააქტიურებაც სწორედ მისი ინიციატივაა. ჩაერთვებიან თუ არა NATO-ს წევრი არაარქტიკის რეგიონის ქვეყნები არსებული გამოწვევების გადასაჭრელად ჯერ კიდევ გაურკვეველია.

დასკვნა

ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიებისა და ახალი მიწების ათვისების პერიოდია. გლობალურმა დათბობამ ხელი შეუწყო კაცობრიობისთვის აქამდე ხელმიუწვდომელი რესურსების ათვისებას. არქტიკა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა და კიდევ უფრო გაიზრდება მის მიმართ ინტერესი. ბრძოლა რესურსებისთვის ადამიანის ისტორიის მუდმივი ნაწილია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც გაზრდილია მოთხოვნა რესურსების ათვისებაზე. NATO, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირი – როგორ გადაინაწილებენ აუთვისებელ ტერიტორიებს მშვიდობიანად სამხედრო დაპირისპირების გარეშე ჯერ უცნობია. თუმცაღა NATO 2030-ის გეგმაში ჩინეთთან დიალოგის ნაწილი გვაფიქრებინებს, რომ არქტიკის ირგვლივ წარმოქმნილი დაძაბულობა უახლოეს მომავალში არ გარდაიქმნება ღია კონფლიქტში.

არქტიკის რეგიონის ათვისება ახალ გზებს ხსნის სახელმწიფოებისთვის, თუმცაღა ჩრდილოეთ საზღვაო გზაზე მოთხოვნა მაქსიმალურად შეამცირებს აღმოსავლეთის ქვეყნების დამოკიდებულებას სუეცის არხზე. ტვირთის გადაზიდვის ახალი გზა ჩინეთის ეკონომიკას უფრო დამოუკიდებელს გახდის და სამომავლოდ დასავლეთს მასზე ზეგავლენისთვის ნაკლები ბერკეტი ექნება ხელში. რუსეთის დომინირება არქტიკის რეგიონში უკვე ნათელია, მისი სამხედრო ბაზები, არქტიკისთვის განკუთვნილი ფლოტი და ჩინეთთან მისი კავშირი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ საზღვაო გზაზე მაქსიმალური კონტროლის მოპოვებას ემსახურება. NATO-სთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ალიანსის გაძლიერება და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება. უკვე სახეზეა NATO-ს წევრი კანადისა და აშშ-ს გააქტიურება და სამხედრო კუთხით მათი თანამშრომლობის გაღრმავება არქტიკის რეგიონში ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად. თუმცა როგორ მოიქცევიან ალიანსის სხვა წევრები ამას მომავალ წლებში უკეთ ვიხილავთ, როდესაც არქტიკის ყინული მინიმუმამდე შემცირდება. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალთა ახალი გადანაწილება სწორედ არქტიკის ოკეანეში მოხდება. ხოლო ვინ გახდება ჩრდილოეთ პოლუსზე ჰეგემონი NATO-ს, რუსეთისა და ჩინეთის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

 

ავტორი: სალომე წერეთელ

 


გამოყენებული ლიტერატურა

 

“Army Announces Release of Arctic Strategy” U.S. Army Public Affairs. March 16, 2021

https://www.army.mil/article/244261/army_announces_release_of_arctic_strategy

Borger, Julian. “Trump orders fleet of icebreakers and new bases in push for polar resources” The Guardian. June 9, 2020.

https://www.theguardian.com/us-news/2020/jun/09/trump-icebreakers-bases-arctic-antarctic-polar

Borgerson, Scott. “The Emerging Arctic” Council on Foreign Relations. March 25, 2014.

https://www.cfr.org/emerging-arctic/#!/

Borunda, Alejandra. “Arctic summer sea ice could disappear as early as 2035” National Geographic. August 13, 2020.

https://www.nationalgeographic.com/science/article/arctic-summer-sea-ice-could-be-gone-by-2035

Bryanski, Gleb. “Russia’s Putin says Arctic trade route to rival Suez” Reuters. September 23, 2011.

https://www.reuters.com/article/us-russia-arctic-idUSTRE78L5TC20110922

Bykova, Alina. “Russia” The Arctic Institute. June 19, 2020

https://www.thearcticinstitute.org/countries/russia/

“China’s Arctic Policy” The State Council the People’s Republic of China. January 26, 2018

http://english.www.gov.cn/archive/white_paper/2018/01/26/content_281476026660336.htm

“EU- China – A strategic outlook” European Commission. March 12, 2019

https://ec.europa.eu/info/sites/info/files/communication-eu-china-a-strategic-outlook.pdf

Macias, Amanda. “Top U.S. diplomat warns China threatens NATO security, calls for joint approach to counter Beijing” CNBC. March 24, 2021

https://www.cnbc.com/2021/03/24/blinken-says-china-threatens-nato-calls-for-joint-approach-to-counter-beijing.html

Melino, Matthew. “Curtain Russia’s Arctic military presence” Center for Strategic and International Studies. March 23, 2020

https://www.csis.org/features/ice-curtain-russias-arctic-military-presence

“NATO 2030: United for a New Era” NATO November 25, 2020

https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2020/12/pdf/201201-Reflection-Group-Final-Report-Uni.pdf

“Remarks by President Biden and Prime Minister Trudeau of Canada in Joint Press Statements”

https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-remarks/2021/02/23/remarks-by-president-biden-and-prime-minister-trudeau-of-canada-in-joint-press-statements/

“Roadmap for a Renewed U.S.-Canada Partnership” February 23, 2021

https://pm.gc.ca/en/news/statements/2021/02/23/roadmap-renewed-us-canada-partnership

Tetrault-Farber, Gabrielle. “Putin pledges Russian superiority in the Arctic with new icebreakers” Reuters. November 3, 2020

https://www.reuters.com/article/us-russia-putin-idUSKBN27J2AU

Woityra, William. “Major Icebreakers of the world” USCG. May 1, 2017

https://www.dco.uscg.mil/Portals/9/DCO%20Documents/Office%20of%20Waterways%20and%20Ocean%20Policy/20170501%20major%20icebreaker%20chart.pdf?ver=2017-06-08-091723-907

 


[1] Borgerson, “The Emerging Arctic”

[2] Bryanski, “Russia’s Putin says Arctic trade route to rival Suez”

[3] Borunda, ”Arctic summer sea ice could disappear as early as 2035”

[4] Bykova, “Russia”

[5] Woityra, “Major Icebreakers of the World”

[6] Tetrault-Farber, “Putin pledges Russian superpriority in the Arctic with new Icebreakers”

[7] Borger, “Trump orders fleet of icebreakers and new bases in push for polar resources”

[8] Melino, “The Ice curtain: Russia’s arctic military presence”

[9] “EU-China – A strategic outlook”

[10] “China’s Arctic Policy”

[11] “NATO 2030: United for a New Era”

[12] “Remarks by President Biden and Prime Minister Trudeau of Canada in Joint Press Statement”

[13] “Roadmap for a Renewed U.S-Canada Partnership”

[14] “U.S Army, Army Announces Release of Arctic Strategy”

[15] Macias, “Top U.S diplomat warns China threatens NATO security, calls for joint approach to counter Beijing”