E ISSN 2587-5396

დემოკრატიის კრიზისი დასავლეთში, როგორც უსაფრთხოების გამოწვევა

18/05/2021 By yatage

დემოკრატიის კრიზისი დასავლეთში, როგორც უსაფრთხოების გამოწვევა

შესავალი

თანამედროვე სახელმწიფოში დემოკრატია და დემოკრატიული ღირებულებების განვითარება ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის დროს ფუნდამენტურ მნიშვნელობას წარმოადგენს. ამაზე  დასავლეთში  პრინციპულად აღარ კამათობენ,  თუმცა დემოკრატიის  ხარისხი და მისი დაკნინება ნამდვილად აღშფოთებას იწვევს. დემოკრატიულობა თავისთავად ახდენს გავლენას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. წინამდებარე ნაშრომში განიხილება  დასავლეთში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის განვითარებისა თუ კრიზისის კუთხით. საუბარი იქნება თუ რა არის დემოკრატიის კრიზისი, როგორ ვლინდება და რა გავლენას ახდენს საშინაო   და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

ცხადია სახელმწიფოები არ არიან სტატიკური სუბიექტები. დემოკრატიულობა არ არის ქვეყნის იარლიყი და პოლიტიკოსების მიერ გატარებული პოლიტიკა და რეფორმები გავლენას ახდენს დემოკრატიის ხარისხზე. დემოკრატიის დეფიციტი ვლინდება მაშინ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული ორგანიზაციები სუსტდება და პრაქტიკულად ვეღარ ხდება დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი გადაწყვეტილებების  მიღება და გატარება. ამ პროცესებში არ უნდა დაგვავიწყდეს  არასამთავრობო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის როლი.

დემოკრატიის დეფიციტი არ არის დღევანდელი პრობლემა. უახლოეს ისტორიაში ეს ტერმინი ბევრჯერ იქნა გამოყენებული სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების გასაკრიტიკებლად. შეიძლება ითქვას რომ ევროკავშირი მუდმივად მსგავსი კრიტიკის საგანია. ბოლო პერიოდში დემოკრატიის დეფიციტის აშკარა ნიშნები გაჩნდა ამერიკაშიც. როგორც ჩანს სახელმწიფოები და საერთაშორისო ინსტიტუტები დემოკრატიის დეფიციტის კიდევ ერთი ტალღის წინ დგანან.

რა არის დემოკრატიის კრიზისი?

ტერმინი დემოკრატიული კრიზისი გამოყენებულია დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის ან განუვითარებლობის აღსანიშნავად. იგი ასევე გამოიყენება იმის აღსაწერად თუ როგორ შეიძლება ინსტიტუტებმა იმუშაონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე.[1] დემოკრატიის დეფიციტის ცნება მოიცავს მოქალაქეთა მხრიდან მინიმალურ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად სამთავრობო ქსელების განვითარებას. დემოკრატიის დეფიციტის გამოვლენა ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამთავრობო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას. სახელმწიფოს დემოკრატიულობა მრავალი ნიშნით განისაზღვრება, დემოკრატიის განვითარება ხანგრძლივი პროცესია. მსოფლიოში არ არსებობს იდეალური დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა ქვეყნები უნდა ცდილობდნენ ახლოს იყვნენ  შესაბამისს ღირებულებებთან. რა არის დემოკრატია? დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია საშუალებები, სიტყვის თავისუფლება, ძლიერი სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. დემომოკრატიულ სახელმწიფოში პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. თუ რომელიმე ზემოდჩამოთვლი პრაქტიკულად არ სრულდება და არათუ უახლოვდება, არამედ შორდება დემოკრატიის პრინციპებს მაშინ იწყება დემოკრატიის დეფიციტი.

დემოკრატიის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საზოგადოების ჩართულობას და მის ნებას იცხოვროს თავისუფალ გარემოში და არ შეზღუდოს ერთპიროვნულმა მმართველებმა. „ყოველთვის მყიფე იქნება დემოკრატია, რომელსაც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭრა აკლია“.[2] მთვარობები ბუნებრივად არიან მიდრეკილი ავტორიტარიზმისკენ და მუდმივად ცდილობენ გავლენების გაფართოებას და ძალაუფლების ხელში მოქცევას. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ხალხის დაკვეთით. ძლიერი, აქტიური სამოქალაქო  საზოგადოება უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლს, მის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

დემოკრატიის კრიზისის საკითხებით ბევრი მკვლევარია დაინტერესებული. განსაკუთრებით საინტერესო და მრავლის მომცველია ამერიკელი მკვლევრის ლარი დაიმონდის წიგნი „ავი ქარები“,[3] რომლის ქვესათაური -„დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისაგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებიგან“ -მიგვითიეთებს დემოკრატიის კრიზისის მთავარი მიზეზებზე.  მკვლევარი აქვე საუბრობს დემოკრატიის კრიზისის შემოტევებზე. მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედში არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ გლობალურად მიმდინარეობდა დემოკრატიის განვითარება. სემუელ ჰანთინგტონი დემოკრატიის სტაბილურობას ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირებს.[4] რაც უფრო მაღალია მოსახლეობის საშუალო შემოსავალი მით უფრო მდგრადი და სტაბილურია დემოკრატია. ბუნებრივია, რადგან საზოგადოება, რომელიც პირად ყოველდღიურ საჭიროებებზე ფიქრშია „გართული“ ნაკლებად შეუძლია  საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო საჭიროებებზე ფიქრი. დემოკრატიის  გაძლიერება და მისი დეფიციტი შეიძლება ითქვას რომ პარალელურ რეჟიმშიც კი მიმდინარეობდა. მაშინ როდესაც ამერიკა ევროპაში და განვითარებად სახელმწიფოებში დემოკრატიულ ღირებულებებს ავრცელებდა, ავტორიტარული სახელმწიფოები თავის მხრივ ცდილობდნენ გავლენების გაფართოებას.

დემოკრატიის დეფიციტი ამერიკაში

დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მხოლოდ ძლიერი ინსტიტუტები საკმარისი არ არის. დამოუკიდებელი სასამართლო და საკანონმდებლო შტოები დემოკრატიის მაღალ ხარისხს ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ამერიკის შემთხვევაში ლიბერალურმა დემოკრატიამ ინსტიტუტებს ერთმანეთის მიზნების დაპირისპირების შესაძლობლობა მისცა. [5]

დემოკრატიის დეფიციტი ამერიკაში ტრამპის მმართველობას უკავშირდება. ტრამპი მეტად შორს წავიდა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე და სასამართლოს გარდა ზეწოლას მედიასაშუალებებზეც ახდენდა. არადემოკრატიული რეფორმების მიღება, გადაწყვეტილებების მიღების დროს ინსტიტუტებთან შეუთანხმებლად მოქმედება და სახელმწიფოსთვის შეუფერებელი განცხადებების გაკეთება ტრამპის სტილი აღმოჩნდა, მეტიც იგი დევნიდა ადამიანებს პოლიტიკური და რასობრივი ნიშნით. ლარი დაიმონდი ფიქრობს, რომ ტრამპმა დააზიანა ამერიკული დემოკრატიული კულტურის პრესტიჟი. [6]

ცხადია ამერიკის დემოკრატიის კრიზისი მხოლოდ ტრამპით არ შემოიფარგლება და არსებობს გარკვეული ინსტიტუციური უფლებები და შესაძლებლობები რომელიც დემოკრატიის ხარისხს დაბლა სწევს. ასეთია მაგალითად პრეზიდენტის ვეტოს უფლება, რასაც შეუძლია წმინდა პოლიტიკური მიზნით დაბლოკოს უმრავლესობის გადაწყვეტილება. ამერიკის დემოკრატიაში ასევე აკრიტიკებენ პოლიტიკური წარმომადგენლების არჩევითობის სისტემას მოსახლეობასთას არაპროპორციული მიმართების გამო.  სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემის მუშაობის ხარვეზები დემოკრატიის დეფიციტთან მიმართებაში შორს წაგვიყვანს, ამიტომ ყურადღება ევროკავშირზე გავამახვილოთ.

დემოკრატიის დეფიციტი ევროკავშირში

თავად ტერმინი დემოკრატიის დეფიციტი ევროკავშირთან მიმართებით იქნა თავდაპირველად გამოყენებული, რისი საშუალებითაც წარმოაჩენდნენ სუპერეროვნული ორგანიზაციის ნაკლოვანებებს.

როდესაც ევროკავშირის დემოკრატიულობის შესახებ ვიწყებთ მსჯელობას, ყურადღება სხვადასხვა ასპექტზე უნდა გავამახვილოთ. ვფიქრობ პირველი და ერთი შეხედვით მარტივი რამ, რაც დემოკრატიულობის განცდას გვიტოვებს ესაა გამჭვირვალობა და ინფორმაციულობა. ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი ევროპის ომბუდსმენი, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტების ეფექტურ მმართველობას, კავშირის მოქალაქეების უფლებების დაცვას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტურ იმპლემენტაციას ზედამხედველობს და უზრუნველყოფს. როგორც ევროპის ომბუდსმენი წლიური ანგარიშიდან ვიგებთ ევროკავშირის მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობით. უნდა ითქვას  რომ ამ კუთხით ევროპის ომბუდსმენი ევროკავშირის დემოკრატიის დეფიციტზე ჯერ კიდევ 2011 წლის ანგარიშში საუბრობდა.[7]

ამერიკის მსგავსად ცხადია ევროკაშირსაც აქვს ინსტიტუციური ხარვეზები. ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში წარმოდგენილი დეპუტატები და მთავრობის მეთაურები ნაციონალური, მემარჯვენე პოზიციებით გამოირჩევიან, რაც არა მხოლოდ ართულებს გადაწყვეტილების მიღებას არამედ პროცესს ნაკლებად დემოკრატიულს ხდის, რადგან ამ გარემოში მეტი შანსია სახელმწიფოებმა თავიანთი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ და არა საერთო პოზიციიდან გამომდინარე. ევროკავშირის დემოკრატიის დეფიციტზე მეტყველებს ევროპალამენტის არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 42 % ით დაბალი იყო. ამ წლის აქტივობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ნებისმიერი ეროვნული არჩევნების წევრ სახელმწიფოებში. ადამიანებს არ აქვთ საერთო, ევროკავშირის მოქალაქეობის განცდა. ევროკავშირს არ აქვს სრული დემოკრატიულობა ყველა საკითხში.[8] განსაკუთრებული  კრიტიკის საგანია ევროკავშირის დაფინანსება, გადასახადეების განაწილება წევრ სახელმწიფოებს შორის და ხმის უფლება ევროპარლამენტში.  ევროკავშირის წევრი ქვეყნები იხდიან საწევრო გადასახადს ევროკავშირის ბიუჯეტის შესავსებად, რათა შემდგომ გარკვეული პროექტები და მისიები განახორციელონ. აღნიშნული გადასახადი ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და მისი ფართობის, მოსახლეობის რაოდენობისა და  ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე განისაზღვრება. ცხადია ის ქვეყნები, რომელთაც მეტი საწევრო გადასახადი შეაქვთ ევროკავშირში და მოსახლეობის მეტი რაოდენობაც ჰყავთ სამართლიანად მოითხოვენ მეტ წარმომადგენელს. თუმცა დეპუტატთა რაოდენობის განსაზღვრისას ფორმულირების დროს შესაძლოა წარმომადგენლებს შორის რაოდენობრივი განსხვავება  კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც გაზრდიდა უკმაყოფილებას.[9]   მიუხედავად იმისა რომ წევრი სახელმწიფოები ევროკავშირში გაერთიანებით თმობენ სახელმწიფო სუვერენიტეტს გარკვეულ ნაწილი ჩანს რომ მაქსიმალურად  ცდილობენ ეროვნული ინტერესების გატარებას.

დემოკრატია და უსაფრთხოება

მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხი დასავლეთში. დასავლეთის ქვეყნები გვევლინებიან დემოკრატიის მაგალითებად, შესაბამისად  დემოკრატიის დეფიციტის დროს პირველ რიგში არსებობს  საფრთხე არსებულმა პრობლემამ გლობალური სახე მიიღოს. გარდა ამისა ამერიკა და ევროპა წარმოდგენს განვითარებადი ქვეყნების დაფინანასებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის  წყაროს . დემოკრატიის კრიზისი დასავლეთში ნიშნავს არეულობას და ავტოკრატების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში, რასაც სამოქალაქო დაპირესპირებები და არეულობაც მოჰყვება.

დემოკრატიის კრიზისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ეთნიკური დაპირისპირებები, რომელიც თავისი კომპლექსურობით გამოირჩევა უსაფრთხოებაში.  თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში მთავარ საფუძველს დემოკრატიული პრინციპები და ნაციონალიზმი წარმოადგენს. დემოკრატია იმიტომ რომ საზოგადოება ერთიანდება თავისუფალი და პრინციპული სახელმწიფოს გარშემო, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა კეთილდღეობა და  მშვიდობა უპირველესია. ნაციონალიზმის კი იმიტომ, რომ ადამიანები ერთიანდებიან ერთი იდენტობის, კულტურის  ქვეშ. ნაციონალიზმსა და დემოკრატიას შორის ურთიერთკავშირი საკამათოა, თუმცა ცხადია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას თითოეული მოქალაქე უნდა იღებდეს, მიუხედავად განსხვავებული ეთნიკური წარმოშობისა. ეთნიკურ იდენტობას განსაკუთრებით გაესვა ხაზი, რადგან დასავლეთში ქვეყნების უმრავლესობა ეთნიკურად მრავალფეროვანია და ეთნიკური დაპირისპირების მაგალითიც გვქონდა იუგოსლავიაში. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ საკითხებში ჩართულობა მათ განათლების ხარისხზე და  მკვიდრი ეთნიკური წარმომადგენლების მიმღებლობაზეა დამოკიდებული. მათი გააქტიურება სამოქალაქო პოლიტიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოებს ბევრ პრობლემას ააცილებს თავიდან და დემოკრატიასაც განამტკიცებს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ისე ძლიერი სამოქალაქო ინსტიტუტის ჩამოყალიბების  კუთხით. შესაბამისად ძლიერი დემოკრატია ნიშნავს ნაკლებ დაპირისპირებას ეთნიკურ ჯგუფებს შორის.

ცივი ომის შემდგომ გაეროს უშიშროების საბჭო მუდმივად აკეთებს აქცენტს იმის თაობაზე რომ  დემოკრატიული მმართველობა საშინაო და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაპირობაა. მთავარი მახასიათებელი რაც ავტორიტარული რეჟიმისგან დემოკრატიებს გამოარჩევს არის საზოგადოების ღია ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. ბუნებრივი ხალხის ინტერესში შედის კეთილდღეობა და მშვიდობა. ავტორიტარ მმართველებს მეტი შესაძლებლობა აქვთ თვითნებურად დაიწყონ საბრძოლო მოქმედებები, თუმცა დემოკრატიულ სახელმწიფოებში საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუაშაოლოს საომარ ქმედებებს. გარდა ამისა დემოკრატიული სახელმწიფოები მეტად რაციონალურები არიან და აცნობიერებენ საომარი ქმედებების დროს მიღებულ ზარალს, შესაბამისად უპირატესობას ანიჭებენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას. დემოკრატიული სახელმწიფოები ბუნებით მეტად მშვიდობიანები არიან მხარს უჭერენ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს. სახელმწიფოები დღეს მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი და ინტეგრირებულნი  ვიდრე ოდესმე. შესაბამისად ერთი სახელმწიფოში არსებულ პრობლემას შესაძლოა რეგიონალური ან გლობალური სახე მიეცეს. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის თავისთავად პრობლემაა სხვა სახელმწიფოში წარმოშობილი არეულობები.

ჩვენ ზემოდ მიმოვიხილეთ ევროკავშირსა და ამერიკაში დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. თუმცა უსაფრთხოების სისტემაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ეს სფერო შედარებით ნაკლებადაა ინტეგრირებული სახელმწიფოებს შორის და მეტად ნაციონალურია. [10] ამიტომ ცალკეულ სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუტებში მნიშვნელოვანია თუ ვინ არიან გადამწყვეტილების მიმღებნი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა მრავალმხრივ აისახება მოქალაქეთა ცხოვრებაზე: დასაქმების პოლიტიკა განსაზღვრავს რამდენი დრო უნდა გაატარონ ახალგაზრდებმა გაწვეულებად, თავდაცვის ბიუჯეტი გავლენას ახდენს იმაზე, თუ მთავრობამ რა თანხები უნდა დახარჯოს ამ სისტემისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია სამხედრო მისიებში ჯარების ფაქტობრივი განლაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, რადგან, მათი პოლიტიკური და ფისკალური შედეგების გარდა, რისკის ქვეშ დგება მოქალაქეების სიცოცხლე. ერვოკავშირის მაგალითზე რომ განვიხილოთ, სახელმწიფო დონეზე წარმოადგენს სირთულეს თავდაცვის სისტემაში გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციის დონეზე თავდაცვის სისტემის ნაკლები ინტეგრაციის გამო. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება. [11]

მედია საშუალებები, დემოკრატია და უსაფრთხოება

დამოუკიდებელი მედია საშუალება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო დემოკრატიზაციის პროცესში. ის არის ინფორმაციის წყარო საზოგადოებისთვის და რეალურად სვამს საკითხებს რომელზეც არასამთავრობო თუ სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მდია საშუალებები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და მათ დამოკიდებულებებზე. აქ მნიშვნელოვანია მედია საშუალებების დამოუკიდებლობის ხარისხი, თუ როგორი სარედაქციო პოლიტიკა აქვთ, არიან მთავრობის მხარდამჭერები თუ კრიტიკოსები.[12]

ამერიკაში სხვადასხვა დროს მედიასა და მთავრობას შორის განსხვავებული დამოკიდებულება იკვეთებოდა. მაშინ როდესაც ქვეყანა სამხედრო ოპერაციებს ახორციელებდა მთავრობა ხშირად ითხოვდა მედია საშუალებების მხარდაჭერას, რათა საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო. “მე რამდენიმე წამყვან საინფორმაციო სააგენტოს ვთხოვე დაეხმარონ მთავრობას რათა ექსპედიციის შესახებ ჩვენი ხედვა მუდმივად მიაწოდონ ჩვენი ქვეყნის ხალხს და მექსიკის გატანჯულ და მგრძნობიარე მოსახლეობას”- აცხადებდა ვუდრო ვულსონი 1916 წელს, რათა მოეპოვებინა საზოგადოების ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა მექსიკაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციისთვის. [13] გარკვეული სამხედრო ინტერვენციებისა თუ ომის წარმოების დროს ამერიკის მთავრობა ზღუდავდა მედია-საშუალებებს და სპეციალურად აგზავნიდნენ ოპერატორებს კადრების გადასაღებად. ცხადია მედიის შეზღუდვა საზოგადების აზრზე გავლენის მოსახდენად იყო საჭირო, რაც თავისთავად დემოკრატიის დეფიციტზე მიგვანიშნებს.

უსაფრთხოების სისტემაში მედია საშუალებების მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა  როგორც პრაქტიკამ აჩვენა ყველა საკითხის გასაჯაროვებამ შესაძლოა სახელმწიფოს ეროვნული ზიანი მიაყენოს. მაგალითად ავიღოთ 1961 წლის ღორების ყურის ინციდენტი. ნიუიორკ- ტაიმსმა კენედის ადმინისტრაციის კუბაზე ინტერვენციის საიდუმლო საჯარო გახადა. მთავრობის ზეწოლით გაზეთმა ინფორმაციის დიდი ნაწილი არ გამოაქვეყნა, თუმცა სხვა გაზეთებმა ნაკლებად შეიკავეს თავი. რეალუად პრესაში გავრცელებული ინფრომაცია არ იყო საგანგაშო მთავრობისთვის, რადგან მასალები ადასტურებდა კუბაში არსებულ ვითარებას და პროპაგანდისტულად მიანიშნებდა ამერიკისჩარევის საჭიროებაზე.  გეგმის განხორციელება მაინც დაიწყო და კატასტროფული შედეგით დასრულდა. შესაბამისად წამოიჭრა საკითხი თუ როგორ შეიძლება მედია საშუალებების თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვა.

დასკვნა

დემოკრატია არის სახელმწიფოებში სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტი. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთში არ ომობენ და დიპლომატიურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. დემოკრატიის დეფიციტი ბუნებრივია ხელს უწყობს არასტაბილური მმართველობის ჩამოყალიბებას, რაც სახელმწიფოებში იწვევს პოლიტიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებას. მსოფლიოში დემოკრატიულმა პროცესებმა სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაცია გაძლიერა, რამაც სახელმწიფოები ერთმანეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული გახადა. შესაბამისად ერთ ქვეყანაში წარმოშობილი ნებისმიერი ეკონომიკურ თუ პოლიტიკური პრობლემა მოქმედებს სხვა სახელმწიფოებზე. დემოკრატიის კრიზისი ამცირებს თანამშრომლობის შესაძლებლობას,  ომის შემდგომი შეთანხმების მიღწევას. ამ პირობებში მმართველებს შეუძლიათ შეზღუდონ მედია საშუალებების თავისუფლება და საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციები მოახდინონ. დემოკრატიის კრიზისს მივყავართ ავტორიტარული რეჟიმისკენ, რომელიც აგრესიული პოლიტიკით გამოირჩევა. [14]

 

ავტორი : ანა სამხარაძე

 

[1] Natalia Letki, Democratic deficithttps://www.britannica.com/topic/democratic-deficit

[2] ლარი დაიმონდი, ავი ქარები, (ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2019) 29

[3] ლარი დაიმონდი, ავი ქარები, (ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2019)

[4] ლარი დაიმონდი, ავი ქარები, (ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2019) 35

[5] ლარი დაიმონდი, ავი ქარები, (ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2019) 43

[6] ლარი დაიმონდი, ავი ქარები, (ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2019) 94

[7]ნინო ცუხიშვილი, “ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროპის ომბუდსმენის როლი”,  https://bit.ly/3e1vdQI 04.29.2021

[8]Vivien A. Schmidt, “The Eurozone’s Crisis of Democratic Legitimacy: Can the EU Rebuild Public Trust and Support for European Economic Integration?”https://ec.europa.eu/info/sites/default/files/dp015_en.pdf , 04.30.2021

[9] Vivien A. Schmidt, “The Eurozone’s Crisis of Democratic Legitimacy: Can the EU Rebuild Public Trust and Support for European Economic Integration?”https://ec.europa.eu/info/sites/default/files/dp015_en.pdf , 04.30.2021

[10]Wolfgang Wagner,  “The Democratic Deficit in the EU’s Security and Defense Policy – why bother?”http://aei.pitt.edu/8061/1/wagner-w-07b.pdf 01.05.2021

[11] Wolfgang Wagner,  “The Democratic Deficit in the EU’s Security and Defense Policy – why bother?”http://aei.pitt.edu/8061/1/wagner-w-07b.pdf 03.05.2021

[12] ბრუს უ. ჯენტლესონი, “ამერიკის საგარეო პოლიტიკა”(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015) 71

[13] ბრუს უ. ჯენტლესონი, “ამერიკის საგარეო პოლიტიკა”(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015) 86

[14] Kelly Magsamen, ,Securing a Democratic World, https://www.americanprogress.org/issues/security/reports/2018/09/05/457451/securing-democratic-world/ (03.05.2021)