E ISSN 2587-5396

აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და „ოთხეულის“ ჩარჩო

11/05/2021 By yatage

აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და „ოთხეულის“ ჩარჩო

 

შესავალი

დღესდღეობით, ამერიკის შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა, რომელიც მშვიდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელია, თუმცა ამერიკის ისტორიის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აშშ-ს პოლიტიკა შედარებით იზოლაციონისტური მიდგომით გამოირჩეოდა. სტატია 2 ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი შეეხება, ამერიკის საგარეო პოლიტიკის გზას – იზოლაციონიზმიდან ინტერნაციონალიზმამდე, ხოლო მეორე ნაწილი, ბრუს ვ.ჯენტლესონის „ოთხეულის“ ჩარჩოს ანალიზს ეთმობა, რომელიც თავის მხრივ შედგება 3 თავისგან, „ოთხეულის“ ჩარჩოს მიზნების განმარტვის შემდეგ, ერთი თავი ეთმობა „ოთხეულის“ ერთმანეთთან თავსებადობას და ამისი მაგალითის განხილვას, მეორე თავი შეეხება ამ „ოთხეულის“ უთანხოებას და მის მაგალითს, ხოლო მესამე თავი, ესაა ჩემი, როგორც ამ სტატიის ავტორის სუბიექტური ანალიზი, თუ რამდენად შეგვიძლია „ოთხეულის“ ჩარჩო მივუსადაგოთ, ნატოს პოლიტიკის მიზნებს. სტატიის მიმდინარეობისას შევეცდები ვუპასუხო  კითხვებს: იზოლაციონიზმი თუ ინტერნაციონალიზმი, რომელი მიზანს ირჩევდა ამერიკა ისტორიის მანძილზე?  რა არის „ოთხეულის“ ჩარჩო და რამდენად თავსებადია იგი ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან? „ოთხეულის“ ჩარჩო სრულად მიესადაგება თუ არა ნატოს პოლიტიკის მიზნებს?

1. ამერიკის გზა – იზოლაციონიზმიდან ინტერნაციონალიზმამდე

,,ჩვენ გავაცოცხლებთ ჩვენს კავშირებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ალიანსები არის ის, რასაც სამხედროები ძალის გამრავლებას უწოდებენ. ისინი ჩვენი უნიკალური აქტივია. ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ მათთან ერთად, ვიდრე მათ გარეშე გავაკეთებდით“ ეს სიტყვები წარმოთქვა ანტონი ჯ. ბენკენმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაში 2021 წლის 3 მარტს.[1] თუმცა ამერიკის საგარეო პოლიტიკა არც თუ ისე შორეულ წარსულში, თავისი იზოლაციონიზმით გამოირჩეოდა, მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონის პოლიტიკა, რომელიც ალიანსებთან შესვლას ეწინააღმდეგებოდა. 1796 წელს გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა „ თავი ავარიდოთ გარე სამყაროს ნებისმიერ ნაწილთან დროებით ალიანსს“[2]  უკვე შემდგომ თომას ჯეფერსონმა ინაგურაციის სიტყვაშიც განაცხადა „მშვიდობა, ვაჭრობა და გულწრფელი მეგობრობა ყველა ერთან – ალიანსში შესვლა არავისთან“. ეს გულისხმობდა ვაშინგტონის შემდგომ, ამერიკის ისევ იზოლაციონიზმში დარჩენას, [3] თუმცაღა აშშ არასდროს ყოფილა ბოლომდე იზოლაციონისტური. მე-19 საუკუნეში ამერიკული იზოლაციონიზმი არ გულისხმობდა მის ნახევარსფეროში ძალის გამოყენებაზე და ინტერესებზე უარის თქმას (მაგ. მონროს დოქტრინა) იგი ნიშნავდა  ევროპულ ომებში ჩაურევლობას. 1917 წლამდე ამერიკა, პირველ მსოფლიო ომში, მანამ არ ჩართულა, სანამ საფრთხე პირდაპირ ამერიკის უსაფრთხოებას არ დაემუქრა, მაშინ აშშ კი ჩაერთო ომში, მაგრამ ვილსონის იდეას, ერთა ლიგაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესში უარით შეხვდნენ, ამიტომ ამერიკა ისევ იზოლაციონიზმში დაბრუნდა. აშშ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, თუმცა ვილსონის ამაო მცდელობისგან განხვავებით, რუზველტს მაშინ საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა, რომ არამარტო შესულიყო რომელიმე გაერთიანებაში, არამედ თავად ყოფილიყო ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისეთი დიდი ორგანიზაციის, როგორიცაა გაერო და ჰქონოდა შტაბ-ბინა სწორედ ნიუ-ორკში. ვილსონის მმართველობის პერიოდის ბოლოს, ალბათ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა და მითუმეტეს ვერც ალბათ თავად ვილსონი, რომ სულ რაღაც ორ ათეულ  წელიწადში ამერიკა შევიდოდა ისეთ დიდ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსში როგორიცაა ნატო, „რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა – როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.“ [4] მას შემდეგ, გავიდა კიდევ ნახევარ საუკუნეზე მეტი და აშშ-ს ინტერესები უფრო მეტად უკავშირდება საერთაშორისო მეგობრობის ინტერესებს, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა რომ გლობალიზაციის პირობებში, ამერიკა დაბრუნდეს იმ მკაცრ იზოლაციონიზმში, რომელში დარჩენასაც ვაშინგტონი მიუწოდებდა, თუმცაღა ეს არ გამორიცხავს ცალკეული მმართველების სტრატეგიას მეტნაკლებად შეინარჩუნოს იზოლაციონიზმის პოლიტიკა.

2. „ოთხეულის“ ჩარჩო

ამერიკის ეროვნულ ინტერესები და მისი საგარეო პოლიტიკა ერთმანეთთან უნდა მოდიოდნენ შესაბამისობაში. პროფესორი ბრუს ვ. ჯენტლესონი, აშშ-ს ეროვნული ინტერესების განსაზღვრისთვის და მისი ანალიზისთვის ძალიან საინტერესო მიდგომას, „ოთხეულის“ ჩარჩოს გვთავაზობს.[5] თუ გადავხედავთ ამერიკის ისტორიას, ბრუს ვ. ჯენტლესონის წარმოდგენილი „ოთხეულის“ ჩარჩო, თითქოს უფრო აიოლებს გავაანალიზოთ, აშშს ეროვნულ ინტერესები და შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკა. „ოთხეულის“ ჩარჩო, იგივე 4P-ის სახელი, რომელსაც ინგლისურად უწოდებენ, მისი შემადგენელი კომპონენტებისგან მომდინარეობს, მათი ინგლისური მნიშვნელობები ასო P ისგან იწყება. ეს „ოთხეული“ 4 ძირითად მიზანს მოიცავს: ძალას (Power), მშვიდობას (Piece), პრინციპებსა (Principles) და კეთილდღეობას (Prosperity). ამერიკის ისტორიაში იყო მაგალითები როდესაც ეს „ოთხეული“ ერთმანეთთან თავსებადი იყო, თუმცა მათ შორის დაძაბულობის შემთხვევები უფრო ხშირია, რომლის დროსაც კომპრომისებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაა საჭირო.

ძალა –  ძალა წინაპირობაა თავდაცვის უზრუნველსაყოფად, იგი ასევე საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, რათქმაუნდა ძალა ასევე მნიშვნელოვანია რათა მოხდეს აგრესიის შეკავება. იგი შეიძლება მოიცავდეს დაშინებას და სამხედრო ინტერვეციებს. თუმცა ძალა შეიძლება გამოიხატოს იძულებით დიპლომატიაშიც, მაგ: ეკონომიკური სანქციების დაწესება, ელჩების გამოწვევა და ა.შ

მშვიდობა –  საერთო ჯამში დემოკრატიულ სახელმწიფოებში და რათქმაუნდა აშშ-ში, მთავარი ფასეულობა მშვიდობის მიღწევაა. ეს აისახება კიდეც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში, ეს კომპონენტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს მიზანი გულიისხმობს ასევე სამშვიდობო შუამავლობასაც. ბალკანეთში აშშ-ს ჩარევის მიზანი, სწორედ ხომ მშვიდობის დამყარება იყო. მშვიდობისკენ მიმართული პოლიტიკა გაეროს შექმნაშიც შეგვიძლია დავინახოთ.

კეთილდღეობა  –  კეთილდღეობა ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივატორი უნდა იყოს. კეთილდღეობა დაკავშირებულია ეკონომიკის სარგებლიანობასთან. ეს შეიძლება იყოს იაფი და საიმედო იმპორტის ძიება, ამერიკული პროდუქციის ექსპორტისთვის ინვესტიციების მოზიდვა თუ სხვა ნებისმიერი ეკონიმიკური შესაძლებლობების კუთხით.

პრინციპები –  პრინციპები, მოიცავს იმ ღირებულებებს თუ იდეალებს, რომლებსაც ამერიკა უჭერს მხარს. პრინციპები ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის და საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. სწორედ პრინციპებია საჭიროა დემოკრატიის გლობალური გავრცელებისთვის. პრინციპების შემადგენელი ნაწილია ასევე რბილი ძალაც, რომლის მაგალითი ცივი ომის დროს შეგვიძლია დავინახოთ, როცა მძაფრი იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა ზესახელმწიფოებს შორის.

2.1 მარშალის გეგმა,  „ოთხეულის“ ჩარჩოს თანხვედრა

არის შემთხვევები, როდესაც ეს „ოთხეული“ ერთმანეთთან თანხვედრაშია,1990-91 წლების სპარსეთის ყურის ომის დროს ეს ,,ოთხეული“ ერთმანეთთან თავსებადი იყო და სწორედ ამიტომ არ იყო საჭირო რომელიმე მიზანზე კომპრომისზე წასვლა და ამიტომაც ჰქონდა მაღალი ლეგიტიმაცია.  ერთ-ერთი ასეთივე კიდევ მნიშვნელოვანი მაგალითია მარშალის გეგმა.

ევროპაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ე.წ. „მარშალის გეგმის“ ფარგლებში, რომელსაც ეს სახელი აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად დაერქვა. ოფიციალურად მას როგორც „ევროპის აღდგენის პროგრამას“ მოიხსენიებდნენ. მისი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო 1947 წლის ივლისში და განისაზღვრა 4 წლით.  სადაც ევროპის რეკონსტრუქციისთვის 17 მილიარდი დოლარი გამოიყო. მარშალის გეგმას კონგრსესმა ხმათა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი, რასაც რათქმაუნდა ამას გარკვეული გარემოებები განაპირობებდა. პირველის ეს იყო მშვიდობის შენარჩუნება დასავლეთ ევროპაში, რომელიც კომუნიზმის შეკავებას ემსახურებოდა. მეორე ეს გეგმა ასევე ზრდიდა ამერიკის ძალას, რომლითაც აშშ საკუთარ ლიდერობას ამყარებდა. მესამე ამერიკის კეთილდღეობაც დაკმაყოფილებული იყო, რადგან ევროპის ბაზრების აღმავლობა ამერიკულ ექსპორტზე მოთხოვნას ზრდიდა და ახალ ამერიკულ ინვესტიეციებსაც უხსნიდა გზას. და ბოლოს, მეოთხე იგი პრინციპებსაც შეესაბამებოდა, რადგან ევროპული დემოკრატიების სტაბილურობა საფრთხის ქვეშ იდგა კომუნიზმის სახით.

2.2 მიზნებს შორის უთანხმოება

როგორც ბრუს ჯენტელსონი განმარტავს ამერიკის ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა ეს მიზნები იყო კომპრომისული და ზოგ შემთხვევებში იყო უთანხმოებაც.

მიზნებს შორის უთანხმოების მაგალითად, ერაყში ომი შეგვიძლია მოვისაზროთ, 2003 წლის ერაყის ომის დაწყების დროს ჯორჯ ბუშ უმცროსი ამტკიცებდა რომ ომის დაწყება ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედიოდა, ასევე წინასწარი გათვლით, ეს ომი ეკომოკური თვალსაზრისით, აშშ-ს ბევრი არ უნდა დასჯდომოდა, პრინციპებიც თითქოს დაცული იყო, რადგან ისინი ებრძოდნენ დიქტატორს სადამ ჰუსეინს, ძალის გაძლიერებასაც შეუწყობდა ხელს და გავლენას მოაპოვებინებდა ამერიკას ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობასაც ხელი შეეწყობოდა დიქტატორის დამარცხებით და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებით, თუმცა  მოვლენები სულ სხვა კუთხით განვითარდა და  გვაჩვენა რომ ბუშმა რეალური სურათი არ ან ვერ დაინახა და გარკვეული მანიპულირებებიც კი მოხდა. ამერიკის ეკონომიკას ზიანი მიადგა და შესაბამისად ვერც მშვიდობაც ვერ დამყარდა.

2.3 ნატო და ,,ოთხეულის“ ჩარჩო

საინტერესოა ნატოს პოლიტიკა, რამდენად მიესადაგება,იმ „ოთხეულს“ რომელიც ჯენტლესონმა შემოგვთავაზა. ნატოს ზოგადი პოლიტიკა ამ „ოთხეულ“-თან მეტნაკლებად თავსებადია. „ოთხეულის“ ჩარჩოს 4 მიზნიდან მშვიდობა ყველაზე მეტად თავსებადია ნატოსთან, რადგან ნატოს ფუნდამენტურ მიზანს ხომ სწორედ მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენს. ნატოს ჩართულობა ბალკანეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხში, სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფით იყო გამოწვეული. პრინციპებიც ასევე  მნიშვნელოვანი ასპექტია ნატოსთვის, ნატოს ჩართულობა კონფლიქტებში, პრინციპების თავსებადობასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად როცა 9/11-ის ტრაგედია მოხდა ამერიკაში, ნატოს ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ, ნატოს მე-5 მუხლის შესაბამისად, პრინციპების დაცვით იყო მოტივირებული. ნატო პოლიტიკურ-სამხედრო ალიანსია, ამიტომ ძალა უმნიშვნელოვანესია, როგორც უკვე აღვნიშნე სწორედ ძალა არის ის ასპექტი, რათაც ხდება აგრესიის შეკავება. ნატოს ნებისმიერი სამხედრო ინტერვეციები, სწორედ ძალის დახმარებით ხორციელდება. კეთილდღეობა ყველაზე ნაკლებად არის თანხვედრაში ნატოს პოლიტიკასთან, ნატო არაა ეკონიმიკური ალიანსი, რომლისთვისაც კეთილდღეობა ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივატორი უნდა იყოს, თუმცაღა გლობალურად თუ ვისმჯელებთ, რაღათქმაუნდა ყველაფერი მაინც ეკონიმიკის კეთილდღეობას უკავშირდება, გლობალური მშვიდობა ხომ საიმედო ეკონიმიკურ გარემოსაც ნიშნავს.

დასკვნა

ამერიკის უახლოესი ისტორიულ წარსული და 21-ე საუკუნე ძალიან განხვავდება ერთმანეთისგან, დღესდღეობით, გლობალიზაციის პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკა უფრო მეტადაა გადახრილი ინტერნაციონალიზმისკენ, ვიდრე იზოლაციონიზმისკენ, ეს უმთავრესად გაეროსა და ნატოს წევრობითაა განპირობებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ამერიკის ეროვნული ინტერესები და შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკის ნაბიჯები უფრო დემოკრატიების გაძლიერებისთვის იქნება გადადგმული და ალიანსებთან ურთიერთობა ისევ ისე გაგრძელდება. ბრუს ვ. ჯენტლესონის „ ოთხეულის“ ჩარჩო ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია, ამერიკისთვის მისი ეროვნული ინტერესები და რამდენად ახდენს გავლენას მის შემდგომ გადაწყვეტილებებზე.

 

ავტორი

ნინო ივანელაშვილი

 

 

ბიბლიოგრაფია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტა ასოციაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი მიმოხილვა და მათი თანამშროლობა საქართველოსთან. 2005

ჯენტლესონი, ბ.ვ , ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევანის დინამიკა 21-ე საუკუნეში. 2015

Longley, Robert. The Evolution of Isolationism in America. ThoughtCo, 2020, https://www.thoughtco.com/the-evolution-of-american-isolationism-4123832

Osama, Abu Arshid  The Obama Administration’s Foreign Policy: Balancing Isolationist Tendencies and Pressures for External Intervention. dohainstitute.org, 2014, https://www.dohainstitute.org/en/lists/ACRPS-PDFDocumentLibrary/Policy_Analysis_Obamas_Foreign_Policy_Competing_Pressures_for_Intervention_and_Isolation.pdf

ushistory.org, Foreign Policy: What Now? https://www.ushistory.org/gov/11a.asp

 

 

[1]  “A Foreign Policy for the American People.” U.S. Department of State. U.S. Department of State. Accessed March 8, 2021. https://www.state.gov/a-foreign-policy-for-the-american-people/

[2] Fromkin, David. “Entangling Alliances.” Foreign Affairs. Accessed March 8, 2021. https://www.foreignaffairs.com/articles/1970-07-01/entangling-alliances

[3]  “Inaugural Addresses of the Presidents of the United States : from George Washington 1789 to George Bush 1989.” Avalon Project – Documents in Law, History and Diplomacy. Accessed March 8, 2021. https://avalon.law.yale.edu/19th_century/jefinau1.asp

[4]  ნატოს შესახებ. Accessed March 8, 2021. https://old.infocenter.gov.ge/nato-structure/

[5]  ამერიკის საგარეო პოლიტიკა: არჩევანის დინამიკა 21- საუკუნეში.“ . ბ.ვ ჯენტლესონი, 2015.