E ISSN 2587-5396

რა გავლენა აქვს რუსეთს ბალტიისპირეთზე და რამდენად ასუსტებს ის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს?

04/05/2021 By yatage

რა გავლენა აქვს რუსეთს ბალტიისპირეთზე და რამდენად ასუსტებს ის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს?

შესავალი

ცივი ომის დასრულების და სსრკ-ს დაშლის შემდგომ პერიოდში დაიწყო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესი. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დიდმა ნაწილმა საკუთარი მომავალი ევროკავშირს და NATO-ს დაუკავშირეს. მათ შორის იყვნენ ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა: ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სამი ქვეყნის გათავისუფლება რუსეთის ორბიტისგან და ევროპულ ოჯახში დაბრუნება, ბუნებრივია, მძაფრად აღიქვა რუსეთმა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც. მიუხედავად ამისა სამივე ქვეყანა გახდა ჯერ NATO-ს, მოგვიანებით კი ევროკავშირის წევრი. მართალია, რუსეთს აღარ აქვს ის ბერკეტები რა ბერკეტებიც ადრე ჰქონდა, მით უფრი რომ სამივე ალიანსის საერთო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იმყოფება. რუსეთს აღარ შეუძლია გამოიყენოს ე.წ. „ხისტი პოლიტიკა“ და იყენებს უარესს, ე.წ.“რბილ ძალას“. ამისთვის კი იყენებს უამრავ სხვადასხვა მეთოდს. მაგალითად: საინფორმაციო პროპაგანდა, ყალბი ახალი ამბები რუსულ ენაზე რუსულენოვანი დიასპორებისთვის და ა.შ. საინფორმაციო ომი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი, რომელსაც დღესდღეობით იყენებს რუსეთი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა პროდასავლურ კურსსა და მისგან დამოუკიდებლობას ის ვერ შეეგუა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ სამი ქვეყნის ყოფნა ალიანსში ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ თუნდაც ერთის წინააღმდეგ ალიანსი გამოიყენებს თავისი წესდების მე-5 მუხლს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ უსაფრთხოება და მშვიდი სიტუაცია ბალტიისპირეთში ერთგვარი გარანტორია იმისა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგში იქნება სიმშვიდე. სწორედ აქედან გამომდინარე აღნიშნული საკითხი არის უაღრესად აქტუალური და საინტერესო. კვლევის მიზანია გავერკვიოთ იმ ხრიკებში რა ხრიკებსაც იყენებს რუსეთი ბალტიისპირეთში ალიანსის ერთიანობის შესუსტებისთვის, როგორ უყურებენ ამ გამოწვევებს ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, რითი პასუხობენ, ან რითი შეიძლება უპასუხონ მომავალში არსებულ გამოწვევებს, რამდენად უსაფრთხო სიტუაციაა ამჟამად და რას უნდა ველოდოთ მომავალში. არსებობს მოლოდინი რომ კვლევის შედეგად დადასტურდება მოსაზრება, რომ რუსეთი საკუთარი გავლენის გაძლიერების მიზნით იყენებს ბალტიისპირეთში მცხოვრებ რუსულენოვან, ან ეთნიკურად რუსს მოსახლეობას. კვლევის შედეგად უნდა განვსაზღვროთ რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის რუსული დიასპორა ამ ქვეყნების უსაფრთხოებას, როგორია მათი აღქმა და რას უნდა ველოდოთ მომავალში. კვლევის ჩასატარებლად გამოყენებულ იქნება როგორც ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ასევე უცხოენოვანი ლიტერატურა და შესაბამისი სფეროს ექსპერტების მოსაზრებები. კვლევის მეთოდი იქნება: ფაქტების, სტატისტიკის, კონკრეტული შემთხვევების განხილვა, მათი გაანალიზება და საბოლოოდ შეჯამება. კრემლს აქვს იმის იმედი რომ უპოვის ალიანსს სუსტ წერტილს. მით უფრო რომ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი არ არის ერთგვაროვანი, განსაკუთრებით როდესაც საქმე ბალტიისპირეთს ეხება. სწორედ ამის ფონზე საინტერესოა გავერკვეთ ბალტიის ქვეყნებში არსებულ შიდა სიტუაციასა და აღქმებში. ამისთვის კი უნდა მიმოვიხილოთ სამივე ქვეყანა ცალ-ცალკე.

1. ლატვია. გამოწვევები, საფრთხეები, რუსული დიასპორა, კონტრ-ქმედებები.

ლატვიის მოსახლეობის 26% ეთნიკური რუსები არიან რომელთა შორისაც საკმაოდ დიდი ნაწილი არ არის ლატვიის მოქალაქე. ეს ფაქტორი ლატვიას სერიოზულ პრობლემას უქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც გამოწვეულია ჰიბრიდული ომით რომელსაც რუსეთი მუდამ აწარმოებს და ცდილობს არა სამხედრო ხრიკებით შეასუსტოს თავისი მოწინააღმდეგე. შესაბამისად, რუსეთი, რომელიც არ მიესალმება ლატვიის წევრობას ალიანსში, ყველანაირად ცდილობს შეარყიოს ქვეყნის სტაბილურობა და გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ერთიანობაზე/განწყობებზე. 2015 წელს მიღებული ეროვნული უშიშროების კონცეფციის მიხედვით ლატვია ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენებს ყველანაირ ბერკეტებს რათა შეასუსტოს ქვეყანა.  (Cabinet of Ministers Republic of Latvia, 2019) . რუსეთის ლატვიაზე ზეწოლის მაგალითად გვევლინება შეურაწმყოფელი პროპაგანდა რუსეთის მიერ დაფინანსებულ მასმედიაში, სამხედრო წვრთნები ლატვიის სიახლოვეს, და ასევე რუსეთის ორგანიზებული დანაშაული. ამასთან გამკლავება საკმაოდ რთულია, რადგან რუსეთი ცდილობს შეარყიოს მოსახლეობის ერთიანობა და ქვეყნის სტაბილურობა, შეარყიოს მთავრობის მიმართ ნდობა,  და ამავე დროს არ ახდენს კონფლიქტის პროვოცირებას, რათა არ მოხდეს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედება. ის ამჯობინებს გამოიყენოს „რეიდების ტაქტიკა“, რომელიც წარმოადგენს ომის იაფ და ქმედით ფორმებს და გადის ბევრ სფეროზე (კიბერნეტიკულზე, ინფორმაციულზე, ფინანსურზე). თუმცა ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს ეთნიკური რუსების დიდი წილი ქვეყანაში. სიტუაციას ამწვავებს ის, რომ ბევრი მათგანი არ არის ლატვიის მოქალაქე, შესაბამისად მათ არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არ აქვთ უძრავი ქონების ფლობის უფლება. ამ ფაქტორების გამო ისინი არიან საკმაოდ მოწყვლადები რუსული ფსიქოლოგიური ოპერაციების წინაშე (სადაც ლიდერობს რუსული პროპაგანდა) რომელიც მიმართულია იმისკენ რომ დაარწმუნოს ეთნიკური რუსები იმაში რომ ლატვია არ ზრუნავს მათ უფლებებზე. მეორე სუსტი ადგილი არის რუსეთის ორგანიზებული დანაშაული. არსებობს ეჭვი რომ რუსეთში მყოფი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები მჭიდროდ თანამშრომლობენ კრემლთან და ათეთრებენ ფულს საიდუმლო ოპერაციების მეშვეობით რომლებსაც ისინი იყენებენ ლატვიის მთავრობის და საზოგადოების წინააღმდეგ. ამ საფრთხის მასშტაბები საჯაროდ არ განიხილება, მაგრამ ამას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ლატვიის უსაფრთხოებაზე.  (ეჟეევსკი, 2020).

ლატვიის მოსახლეობა შეადგენს 1,95 მლნ. ადამიანს, აქედან 62% ეთნიკური ლატვიელები და 25,4% ეთნიკური რუსები არიან რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე დიდ ეთნიკურ უმცირესობას ქვეყანაში. ბევრი რუსი ცხოვრობს ლატგეილის რეგიონში,  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს რუსულენოვანი დიასპორის ნაწილს რომელიც გაჩნდა იქ ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის დროს. ლატვიის მოსახლეობა პირობითად შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად: ისინი ვინც საუბრობენ ლატვიურ ენაზე და ისინი ვინც ვერ საუბრობენ ლატვიურ ენაზე. რუსულენოვან უმცირესობაში დაახლოებით 242 ათასი ადამიანია რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა და მათი საზოგადოებრივი სტატუსი საკმაოდ დაბალია რადგან ისინი ცუდად ლაპარაკობენ ლატვიურ ენაზე და არ შეუძლიათ კარგ სამსახურში დასაქმება. სიტუაციას ამწვავებს ისიც რომ ლატგეილის რეგიონის ეკონომიკა საკმაოდ სუსტია და სამუშაო ადგილები ძირითად არის სატრანსპორტო და სამშენებლო სექტორებში. და ზოგაგადადაც, ლატვია პატარა ქვეყანაა ღია ეკონომიკით. თუმცა ბიზნესი და განვითარების პროექტები ძირითად რიგაშია, მაშინ როდესაც ქვეყნის დანარჩენი რეგიონები ვერ ეწევიან დედაქალაქს განვითარებაში. ამის გამო მოსახლეობის 30% გამოთქვამს მზაობას დატოვოს ქვეყანა. საკმაოდ დიდი განსხვავებაა უმუშევრობის დონეში დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. ყველაზე პატარა მაჩვენებელია რიგაში და ყველაზე დიდი მაჩვენებელია ლატგეილში. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ლატვიის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი მის რუსულენოვან ნაწილზე. მიუხედავად ამისა რუსულენოვანი მოსახლეობის დაახლოებით 80% აცხადებს რომ ის ლატვიის სახელმწიფოს ერთგულია, რაც აღწერილია 2017 წლის გამოშვების ჟურნალში „Baltic Journal of Law & Politics“-ში. თუმცა როგორც ჯეიმს უინტერი თავის სტატიაში Small Wars Journal -ში 2018 წ. აღნიშნავს, დიასპორაში შეიმჩნევა ანტიპატია ნაციონალურ სამხედრო სტრუქტურებში აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. საინტერესოა უფროსი თაობის დამოკიდებულება, რომელიც ყველაზე დიდი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს ლატვიის მიმართ, რადგან ლატვიაში ცხოვრება მათ უფრო  მეტად მოსწონთ, ვიდრე რუსეთში. მიუხედავად ამისა უმრავლესობა აცხადებს რომ არ გეგმავენ ლატვიის მოქალაქეობის მიღებას იმისა გამო რომ:  1. უჭირთ ამ ენაზე კომუნიკაცია; 2. სურთ  შეუფერხებლად გადასვლა რუსეთში (მათ არ სჭირდებათ ვიზა) და 3. ზოგი გეგმავს რუსული მოქალაქეობის მიღებას.  (ეჟევსკი, 2020). თუმცა, რა თქმა უნდა არიან პირები რომლებიც ნამდვილად საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას. მაგალითად ანალიზი, რომელიც ჩატარდა NATO-ს ცენტრის მიერ რიგაში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი რჩება ინფორმაციის იმ წყაროდ რომელსაც ენდობა უმცირესობა ბალტიისპირეთში. ამის ფონზე საკმაოდ მოულოდნელი იყო რუსული უმცირესობის დამოკიდებულება ლატვიის უსაფრთხოების საკითხების მიმართ. ლატგეილში, მაგალითად, სადაც მოსახლეობის 78% ადგილობრივ დიალქეტზე სუაბრობს, ამტკიცებენ, რომ იქნებიან ლატვიის მხარეს რუსული აგრესიის შემთხვევაში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ლატვიის რუსულენოვანი დიასპორა არ არის ერთგვაროვანი. მასში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს მთავრობასთან დაკავშირებით და სხვადასხვა აღქმები იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა ითვლებოდეს საფრთხედ ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. ამგვარად ეს საკითხი სამომავლო შესწავლას მოითხოვს, მათ შორის მოსახლეობის გამოკითხვასაც. (ეჟევსკი, 2020).  ახლა კი დავუბრუნდეთ რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს. ის გამოიყურება დაახლოებით შემდეგნაირად: შეურაწმყოფელი შეტყობინებები, რაც ლატვიის ინფორმაციულ სივრცეში ვრცელდება და ცდილობს შექმნას რუსეთის პოზიტიური სახე რუსულენოვანი უმცირესობის თვალში და შეარყიოს ნდობა ლატვიის მთავრობის მიმართ. იქ არის მუსიკაც, კულტურის ამბებიც რაშიც ჩადებულია ასევე ყალბი ამბები და ტყუილი. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი იყო იმის განცხადება რომ ლატვია არ იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ, რასაც მოგვიანებით უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. რუსეთი თამაშობს ეთნიკური რუსების ნაციონალურ გრძნობებზე მხოლოდ იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს მეზობელი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. უცხო არ არის რომ რუსი თანამემამულეების „უფლებების დარღვევა“  საზღვარგარეთ არის რუსეთის გამართლება რომ დაარღვიოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი, როგორც ეს იყო საქართველოს და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში. ინფორმაციის  დიდ ნაკადში რუსეთი თავს წარმოაჩენს როგორც ძველი საზოგადოებრივი განწყობების დამცველი, აკრიტიკებს NATO-ს, იმეორებს შეთავაზებებს უზრუნველყოს თანამემამულეები რუსული მოქალაქეობით და პენსიებით. განსაკუთრებით ეს მიმართვა ეხება საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც ახალ ამბებს იგებს მარტო რუსულენოვანი მედია საშუალებებისგან. 2015 წელს ეროვნული სამხადრო აკადემიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად რუსულენოვანი მოსახლეობის 46% არ იღებს არანაირ ინფორმაციას მედიისგან ლატვიურ ენაზე. (ეჟევსკი, 2020). თუმცა ის რომ რუსეთს აქვს მარტივი წვდომა ლატვიის მედია სივრცეზე არ არის იმის გარანტორი რომ რუსეთი იმარჯვებს საინფორმაციო ომში. NATO-ს ცენტრების მიერ ჩატარებული გამოკითხვები გვიჩვენებს რომ რუსეთის მონდომება იმდენად ეფექტური არ არის როგორც ეს კრემლს უნდა. მაგალითად, 54% რესპოდენტებისა (2017) არ ეთანხმება იმას რომ რუსულენოვანი მოსახლეობა განიცდის დისკრიმინაციას. 45% კატეგორიულად არ ეთანხმება იმ მოსაზრებას რომ „NATO წარმოადგენს საფრთხეს ლატვიისთვის“. თუმცა ლატვიის საზოგადოების გარდაქმნა პოტენციურ იარაღად მარტო საინფორმაციო ომით არ შემოიფარგლება. დამატებით საფრთხეს ქმნის ლატვიაში მოქმედი სისტემა რომლითაც  ადამიანს შეუძლია მიიღოს ბინადრობა 4-5 წლამდე თუ სამიდან რომელიმე მოთხოვნას აკმაყოფილებს: ის ყიდულობს უძრავ ქონებას, დებს ინვესტიციებს ან ხსნის საბანკო ანგარიშს. ეს დამატებით საფრთხეს და მოწყვლადობას უქმნის ქვეყანას. დიდი ყურადღება ასევე უნდა ეთმობოდეს რუსულენოვან ახალგაზრდობას. რუსული აგრესიის საპასუხოდ ლატვია ცდილობს შექმნას ქვეყანაში ერთიანი, შეკრული საზოგადოება. მნიშვნელოვანია რომ გარდა ლატვიის სამხედრო ქვედანაყოფებისა მთავარ ელემენტს შეკავების მექანიზმში წარმოადგენს NATO-ს ქვედანაყოფების ყოფნა ქვეყანაში, რომლებიც ატარებენ სწავლებებს, რათა მოხდეს ალიანსის ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირება. სამომავლოდ მნიშვნელოვანია რომ რუსულენოვანი მოსახლეობა ინტეგრირდეს. ამისთვის საჭირო იქნება ლატვიის ხისტი პოზიცია რუსეთის ცრუ პროპაგანდისა და ტყუილების მიმართ. ამასთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. ლატგეილში სადაც დომინირებენ რუსული არხები აშენდა ლატვიური ტელესადგურები რომლებიც იუწყებიან ლატვიაში შექმნილ პროგრამებს რუსულ ენაზე. გარდა ამისა, გასული წლის ივლისში ლატვიამ რუსეთის ხელიფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის – RT-ის (Rossiya Segodnya) მაუწყებლობა აკრძალა და მიზეზად ტელევიზიის მმართველობაში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირის, რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის დიმიტრი კისილიოვის არსებობა დაასახელა. ჯამში, ლატვიაში 7 მაუწყებლის ოპერირება აიკძალა, რომელიც RT-ის მრავალფეროვან ქსელში შედიოდა და ლატვიაში მაუწყებლობდა. ოფიციალური ლატვიის განმარტებით, მაუწყებლები ცდილობდნენ, რომ ლატვია წარმოეჩინათ, როგორც შეუმდგარი სახელმწიფო. აღნიშნული გადაწყვეტილება ვალიდური იქნება იქამდე, ვიდრე ევროკავშირის მიერ კისილიოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში იქნება. (Media Checker, 2020).

2. ესტონეთი, 2007 წლის კიბერთავდასხმა, დღეს არსებული სიტუაცია

განვიხილოთ რუსეთის როლი და გავლენა ესტონეთზე. 2007 წელს ესტონეთზე განხორციელდა კიბერ-შეტევა, რომელიც გარდამტეხი აღმოჩნდა ესტონეთისთვის. რამდენიმე კვირის განმავლობაში ესტონეთის სამთავრობო საიტებსა და სერვერებზე, მედია საშუალებებზე, ონლაინ ახალი ამბების სააგენტოებსა და საბანკო სტრუქტურებზე განხორციელებულმა კიბერ-შეტევამ აალაპარაკა ყველა და ახალი გამოწვევის წინაშე ყველასი მოწყვლადობა ნათლად წარმოაჩინა. ესტონეთზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ სერიოზული კითხვის ქვეშ დააყენა ნატოს წევრი სახელმწიფოების ელექტრონული უსაფრთხოების საკითხი. ცნობილი კიბერ-თავდასხმის მიზეზი კი ეთნიკურად რუსი და ეთნიკურად ესტონელი მოქალაქეების დაპირისპირება გახდა, რომელიც გამოწვეული იყო ტალინის ცენტრში მდგარი ბრინჯაოს ჯარისკაცის მონუმენტის ადგილმდებარეობის შეცვლის გადაწყვეტილებით, რომელიც ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო. ბრინჯაოს მონუმენტი აღმართული იქნა 1947 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ და მას თავდაპირველად ეწოდებოდა „ტალინის განმათავისუფლებელთა მონუმენტი“. ესტონეთში მცხოვრები ეთნიკურად რუსი საზოგადოებისთვის ეს მონუმენტი წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ნაციზმზე. თუმცა, ეთნიკური ესტონელებისთვის წითელი არმიის ჯარისკაცები არ იყვნენ განმათავისუფლებები, პირიქით, მათ მოახდინეს ესტონეთის ანექსია, ამიტომაც, ესტონელებისთვის ეს მონუმენტი ჩაგვრის სიმბოლოს უფრო წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მხრიდან. (McGuinness, 2017)

2007 წელს, როდესაც, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ბრინჯაოს ქანდაკების გადატანა ტალინის ცენტრიდან სამხედრო სასაფლაოზე, ამ ფაქტმა გამოიწვია ეთნიკურად რუსი მოსახლეობის აღშფოთება, რომლებიც პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ ქუჩებში. პროტესტი გამწვავდა მის მერე რაც რუსეთმა დაიწყო ყალბი ახალი ამბების გავრცელება რომელთა მიხედვითაც, მონუმენტი და საბჭოთა კავშირის ომის დროინდელი სასაფლაოები იყო განადგურებული ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით. 2007 წლის 26 აპრილს ტალინში დაიწყო აჯანყება, რომლის დროსაც დაშავდა 156 ადამიანი, 1000-მდე იქნა დაკავებული, ხოლო ერთი გარდაცვლილი. (McGuinness, 2017)  27 აპრილიდან კი, ესტონეთზე დაიწყო კიბერ-თავდასხმები. კიბერ-თავდასხმების შედეგად, ესტონეთის საბანკო სისტემა და მისი ონლაინ სერვისები, მედიასაშუალებები და სამთავრობო ორგანოების ფუნქციები მოიშალა და  მიუწვდომელი გახდა. სპამის მასიურმა დაგზავნამ გამოიწვია ესტონური სერვერების მწყობრიდან გამოყვანა. კიბერ თავდასხმის შედეგად ესტონელ მოსახლეობას აღარ შეეძლო საბანკო ტრანსაქციების გამოყენება, მთავრობის წარმომადგენლები ვეღარ იყენებდნენ ელექტრონულ ფოსტას, ხოლო მედია საშუალებების და მაუწყებლობების ფუნქციონირება შეფერხდა. (McGuinness, 2017). ნათელია რომ კიბერ-აგრესია რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი კონვენციური ომისგან. კიბერ-თავდასხმის დროს წარმოიშობა გაურკვევლობა და დაბნეულობა, რისი გამოყენებაც მტერს წარმატებულად შეუძლია. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ შეტევისგან დაზღვეული არავინ არ არის.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ აგრესორს შეუძლია კიბერ შეტევით გამოიწვიოს არეულობა ნატოს წევრ ქვეყანაში, ალიანსის შურისძიების შიშის გარეშე. ნატოს მეხუთე მუხლის მიხედვით, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დაიცვან ერთმანეთი თუ შეტევა ხდება კიბერსივრცეში, მაგრამ მეხუთე მუხლი შეიძლება გააქტიურებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიბერ-თავდასხმის შედეგად არის გამოწვეული ძალიან დიდი ზარალი და ამ ფაქტით გამოწვეული დანაკარგი თითქმის უტოლდება ტრადიციულ სამხედრო დაპირისპირებას.  (McGuinness, 2017). თუმცა სხვა მხრივ, 2007 წელს ესტონეთზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმა ესტონეთისთვის გახდა კარგი გაკვეთილი, რაც მათ დაეხმარა გამხდარიყვნენ ექსპერტები კიბერ თავდაცვის სფეროში. 2007 წლის შეტევამდე ესტონეთში დაწყებული იყო ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესი, მაგრამ უპრეცენდენტო მოვლენამ უფრო მეტი გამოცდილება შესძინა მათ კიბერ თავდაცვის კუთხით და აქცია მსოფლიოში ყველაზე უფრო ინტერნეტზე დამოკიდებულ ქვეყანად. უფრო მეტიც, 2005 წელს ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც შემოიღო არჩევნების ონლაინ ხმის მიცემის ფუნქცია. ამჟამად, ესტონეთში ფიქსირდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინტერნეტი, რომლის გადმოწერის სიჩქარეც უტოლდება 46.35 მეგაბაიტს წამში (McGuinness, 2017). დღეს, ესტონეთი წარმოადგენს ჩრდილო ანტლანტიკური ალიანსის კიბერ უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ და გამოცდილ აქტორს. 2014 წლის ივნისში ნატომ კიბერ თავდაცვის გაძლიერების პოლიტიკის მიღებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა კიბერუსაფრთხოების სფეროში.  2008 წელს ტალინში გაიხსნა ნატოს კოოპერატიული კიბერ თავდაცვის ცენტრი, სადაც ყურადღება მახვილდება კვლევებზე,  კიბერ თავდაცვის სწავლებასა და განათლებაზე (McGuinness, 2017). ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ტრენინგებს და მასში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები ნატოს წევრი და არა-წევრი ქვეყნებიდან. ეს არის ყველაზე მასშტაბური მომზადება, სადაც ინდივიდუალური ქვეყნები სწავლობენ თანამშრომლობას, პრობლემის ერთად აღმოფხვრას, ინფორმაციის გაზიარებას და კიბერ-კრიზისების უკეთ თავის გართმევას. ამგვარი წვრთნები კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებს შორის ურთიერთობების შესაქმნელად, ინფორმირებულობების ასამაღლებლად, ინფორმაციის გასაზიარებლად. ესტონეთის ქალაქ ტარტუში განთავსებულია ნატოს კიბერ-კოალიციის სასწავლო ბაზა, სადაც ხორციელდება ნატოს კიბერ-თავდაცვის სწავლება. სწავლებების დროს ხდება იმიტირებული თავდასხმა კომპიუტერულ სისტემებზე და მათთან ბრძოლის და პრევენციის სწავლება. ესტონეთის შემთხვევამ გვაჩვენა რომ  მოწინააღმდეგეს ძალიან კარგად შეუძლია გამოიყენოს დაძაბულობა საზოგადოებაში ქვეყნის წინააღმდეგ. ესტონეთმა კარგად შეისწავლა ეს გაკვეთილი და დღეს ის არის ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში.

3. ლიეტუვა. საინფორმაციო ომი. როგორ ცდილობს რუსეთი ისტორიის გადაწერას

საინფორმაციო ომის და კიბერშეტევების გარდა რუსეთის ხელწერა ასევე ისტორიის გადაწერაა და ფაქტების დამახინჯება. განვიხილოთ ლიეტუვას მაგალითი. ლიეტუვა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს 1991 წლის 13 იანვარს, როდესაც მოსახლეობა წინ აღუდგა რუსულ ტანკებს საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა რომ ეს დღე ტრაგიკულია (დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, იყვნენ მოკლულები, იყო სისხლიანი დაპირისპირება მშვიდობიან მოსახლეობასთან), ამავე დროულად ეს არის ლიეტუვას გამარჯვების დღე. თუმცა კრემლისთვის, რა თქმა უნდა, ეს დღე სულაც არ არის საზეიმო (თავისუფლება, 2021).  ლიეტუვა, რომელიც დღეს უკვე დამოუკიდებელი და წელში გამართულია სახელმწიფოა, არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი, წლების განმავლობაში ცდილობდა იმ სისხლიანი დღეებისთვის პასუხისმგებელთა გასამართლებას. 2019 წელს ლიეტუვას სასამართლომ 67 საბჭოთა ოფიცერი და ხელისუფლების წარმომადგენელი სამხედრო დამნაშავედ ცნო.  მათ შორის ყველაზე მაღალი რანგის იყო საბჭოთა კავშირის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო. თითოეულ მათგანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, ერთის გარდა ყველას- დაუსწრებლად. რუსეთმა უარი თქვა სასამართლოსთან თანამრომლობაზე. სასამართლო განაჩენის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთმა გამოტანილ განაჩენებს „უკიდურესად არამეგობრული და ძირითადად პროვოკაციული“ უწოდა. გარდა ამისა, მოსკოვმა ამ სასამართლო პროცესში ჩართული მოსამართლეების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაიწყო, რაც 2019 წლის ნოემბერში მკაცრად დაგმო ევროპის პარლამენტმა როგორც „მიუღებელი გარეშე გავლენა“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“. (ვესოლოვსკი, 2021)

გარდა ლიეტუვას შემთხვევისა რუსეთი ზოგადად ცდილობს ბალტიისპირეთის ისტორიის გადაწერას. 2020 წლის 18 ივლისს, ამერიკულ ჟურნალში “The National Interest”-ში პუტინმა დაბეჭდა სტატია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით. პუტინის განცხადებით, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ბალტიისპირეთის ქვეყნების საბჭოთა კავშირში გაერთიანება ამ ქვეყნის მთავრობების თანხმობით და იმ დროის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოხდა. პუტინის შეფასებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია განპირობებული იყო „სტრატეგიული სამხედრო თავდაცვითი მიზნებით“.  (კომახია, 2020). ამაზე, ბუნებრივია, სამივე ქვეყანას ჰქონდა რეაქცია. ერთობლივ განცხადებაში მათ დაადანაშაულეს რუსეთი ისტორიის გაყალბების მცდელობაში. სამივე ქვეყნის პრეზიდენტები რომლებიც აწერდნენ ხელს ერთობლივ განცხადებას მოუწოდებდნენ რუსეთს ეღიარებინა სიმართლე. „ისტორია არ უნდა გადაიწეროს. როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ შეცვალონ რეალობა, ეს არასწორი დასკვნებისა და გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს“,-აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ. მისივე თქმით, მათთვის ომი 1993 წელს დასრულდა, როცა უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა მათი ქვეყანა დატოვა.  (IPN- ინტერპრესნიუსი, 2020).

დასკვნა

აღნიშნულმა კვლევამ გვაჩვენა რომ რუსეთი, როგორც ყოველთვის, ცდილობს ითამაშოს რუსი მოსახლეობის ნაციონალურ გრძნობებზე, თუმცა არა იმიტომ რომ მართლა „წუხს“ თავის მოსახლეობაზე, ან არა იმიტომ რომ მისი მოქალაქეების უფლებები მართლა ირღვევა, არამედ იმიტომ რომ დღემდე ვერ შეეგუა საკუთარი გავლენის დაკარგვას აღმოსავლეთ ფლანგზე. დღემდე აქვს „წაგებულის სინდრომი“ და დღემდე ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც „კეთილშობილი“ მოთამაშე, თუმცა ამისთვის, როგორც მინიმუმ, ისტორიის შეცვლა დასჭირდება, რასაც, ბუნებრივია, არავინ არ აპატიებს. გარდა ამისა ჩვენ ნათლად დავინახეთ რომ ალიანსის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორც მინიმუმ, იმის გარანტორია, რომ აგრესორი ვერ განახორცილებს ასე მარტივად სამხედრო ინტერვენციას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ის აღმოჩნდება მარტო უზარმაზარი ალიანსის წინაშე. მაგრამ 21-ე საუკუნე აძლევს ყველას ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, და ამასთანავე ქმნის ახალ საფრთხეებსაც. როგორც ეს ესტონეთის მაგალითზე ვნახეთ, საინფორმაციო ომმა, ყალბმა ამბებმა შეიძლება გამოიწვიოს ისევ და ისევ ფიზიკური დაპირისპირება (როგორც ტრადიციულ ომში). ასეთ დროს ორმაგად მნიშვნელოვანია საკუთარი არა ფიზიკური, არამედ საინფორმაციო საზღვრების დაცვა, რაც ორმაგად რთულია. ჩვენ ვხედავთ რომ ნატო აქტიურად იბრძვის კიბერთავდასხმების წინააღმდეგ და ის რომ დღეს ესტონეთს აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ინფორმაციული ველი, შეეწინააღმდეგოს საფრთხეებს არის დიდ წილად ასევე იმის დამსახურებაც,  რომ იხსნება ნატოს ცენტრები, ტარდება ერთობლივი ტრენინგები და ა.შ. მე-20 საუკუნის ამოცანა ნატოსთვის იყო ქვეყნების ფიზიკური და იდეოლოგიური დაცვა სსრკ-გან. სსრკ აღარ არსებობს, მაგრამ ნატო ისევ არსებობს და მისი როლის ტრანსფორმაციაც სწორედ ამაშიც მდგომარეობს. მიუსადაგოს ამოცანები არსებულ რეალობას და დაიცვას ქვეყნები არა იმდენად ფიზიკური და იდეოლოგიური საფრთხისგან, არამედ საინფორმაციო ომისგან, რომელშიც იდეაში შედის იდეოლოგიური და ფიზიკური საფრთხეც. ამ ყველაფრისგან ჩვენც შეგვიძლია გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები და დავინახოთ, რომ ინფორმაციულ ველს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, მით უფრო რომ საქართველოშიც ცხოვრობენ ეთნიკური რუსები და ის ადამიანები რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ.

 

ავტორი: ალისა ოვესოვი
მაგისტრატურა, 1 კურსი
თსუ, 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

/ სტატია გამოქვეყნდა “NATO-ს გამოწვევები – სტუდენტური კონფერენცია 2021″ის გამარჯვებულის ფარგლებში /

 


References

(2017). Baltic Journal of Law & Politics.

(2017). Baltic Journal of Law & Politics.

(2019). Retrieved from Cabinet of Ministers Republic of Latvia: https://www.mk.gov.lv/en/article/national-security-concept-sets-out-latvias-priorities-addressing-threats-related-national-security

(2020, May 7). Retrieved from IPN- ინტერპრესნიუსი: https://www.interpressnews.ge/ka/article/598508-lietuva-latvia-da-estoneti-rusets-meore-msoplio-omtan-dakavshirebit-istoriis-gaqalbebis-mcdelobashi-adanashauleben/

(2020, July 2). Retrieved from Media Checker: https://www.mediachecker.ge/ka/wiki/fotoistoria/article/83353-latviam-rusuli-televizia-rt-is-mautsyebloba-akrdzala?image=&image=&image=

McGuinness, D. (2017).

McGuinness, D. (2017).

McGuinness, D. (2017).

McGuinness, D. (2017).

McGuinness, D. (2017).

McGuinness, D. (2017).

ეჟეევსკი, რ. (2020). Concordiam.

ეჟევსკი, რ. (2020). Concordiam.

ეჟევსკი, რ. (2020). Concordiam.

ეჟევსკი, რ. (2020). Concordiam.

ვესოლოვსკი, ტ. (2021). რადიო თავისუფლება. Tbilisi.

თავისუფლება, რ. (2021). Tbilisi.

კომახია, მ. (2020). საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.