E ISSN 2587-5396

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიბერსივრცეში

28/04/2021 By yatage

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიბერსივრცეში

შესავალი

„უსაფრთხოება არსებითად სადავო ცნებაა“[1]. თანამედროვე მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოების კონტურები მკვეთრად გამოკვეთილია. ამის დასტური, კიბერუსაფრთხოების ფენომენია, რომელიც კიბერტერორიზმის საფრთხიდან გამომდინარე დღითი დღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თავდაცვით და უსაფრთხოების სფეროში. სახელწმიფოს ძლიერების ბერკეტებიდან კიბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ურთიერთობებში. შესაბამისად, კიბერ პოტენციალის ზრდა, დღევანდელ რეალობაში  წარმოადგენს აუცილებლობას სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.

იმ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რასაც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ხარჯავენ ამ დარგის დაწინაურებასა და განვითარებაში, ძლიერი კიბერუსაფრთხოება რჩება რთულ და მნიშვნელოვან გამოწვევად როგორც განვითარებადი, ასევე განვითრებული სამყაროსთვის.  კიბერსივრცეზე მუდმივი კონტროლის დამყარება შეუძლებელია, თუმცა მცდელობები, განახორციელო დესტრუქციული კიბეროპერაციები და მიიღო წვდომა კონკრეტული მიზნისთვის, სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო და რეგიონული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია კიბერსივრცის დაცვისკენ. ამ რიგებში წამყვანი და ანგარიშგასაწევი ადგილი უჭირავს ნატოს, რომელიც სპეციალურად შემუშავებული პოლიტიკით ქმნის მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის არსებობის გარანტიებს, და ამავდროულად აყალიბებს ერთიან სივრცეს სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობისთვის. უსაფრთხოების მრავალ-ჯამიანი პრინციპიდან გამომდინარე, გლობალიზებულ სამყაროში ის აღარ ითვლება ნულოვანი ჯამის თამაშად, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად შეინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციების ამ მიმართულებით მუშაობის ტენდენცია.

კიბერუსაფრთხოების ამოცანების რეალიზებისთვის ცალკეული სახელწმიფოების ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. ეს ინტერესები ერთმანეთს შესაძლოა ემთხვეოდეს, დიამეტრულად საპირისპირო იყოს ან/და განსხვავდებოდეს დეტალებში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთი მიზნისკენ მიისწრაფვოდნენ. აღიარებულია, რომ კიბერუსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები თავისი  გლობალური და კომპლექსური ხასიათით,  საერთაშორისო ურთიერთობების აქტორებს ცალსახად აიძულებს შექმნან გონივრული და ეფექტური პოლიტიკა, რათა მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს  სწორი და ადეკვატური სტრატეგიით გაუმკლავდნენ.

საქართველოს თავისი პოლიტიკური ნომენკლატურიდან გამომდინარე აქტიურად უწევს ჩართვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებში. კიბერუსაფრთხოების სფეროც შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ღონისძიებად, რომელშიც ქართული მხარეა ჩართული და ცდილობს თავისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გაძლიერებას ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ასევე კრიტიკული ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების დაცვა, ვინაიდან ეს ორი წარმოადგენს ქვეყანაში ძირითად ინფორმაციულ საცავს, რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება განაპირობებს სახელმწიფოში ყველა სხვა მნიშვნელოვანი დარგის ფუნქციონირებას. იგულისხმება ქვეყნის თავდაცვითი, ეკონომიკური უსაფრთხოება, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირება. სწორედ ამ სისტემების მწყობრიდან გამოყვანას შეუძლია მიაყენოს სერიოზული ზიანი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

სტატიაში განხილულია ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის ფორმები კიბერუსაფრთხოების დარგის სხვადასხვა ასპექტში.   მოგეხსენებათ, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და მისი კურსი ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით უცვლელია. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად ელემენტებზე, მიღწევებზე რომლებიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მხარეების კონტრიბუციასა და  წარმატებულ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

1.    ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP)

თანამედროვე უსაფრთხოების პოსტულატებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ დღეს საფრთხეები წმინდად სტრატეგიული აღარაა და ის ცვალებადია დროსა და სივრცეში. განსაკუთრებით ის საფრთხეები, რომლებიც კიბერსფეროში ცალკეული სახელმწიფოებისგან მომდინარეობს, საჭიროებს ძლიერ პრევენციულ და აღსრულებით ღონისძიებებს, რომელიც შეეწინააღმდეგება და აღკვეთს დანაშაულებრივ ქმედებებს. ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვა და მართვა, კიბერუსაფრთხოების ჭრილში, საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობის გამოწვევაა, რომელსაც იგი უმკლავდება საერთაშორისო არენაზე არსებულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ქვეყანა არის ნატოს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი. ის ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. ქართული მხარე აქტიურად მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში და თანამშრომლობს მოკავშირეთა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მრავალი სხვა მიმართულებით. დროთა განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის შეიქმნა პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.

ნატოს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვის პოლიტიკა ძირითადად ორიენტირებულია ოთხი მთავარი მიმართულებით. ესენია: ეროვნული კიბერშესაძლებობების განვითარება; კიბერშესაძლებლობების ინტეგრაცია ოპერაციულ დაგეგმარებაში; თანამშრომლობა კონკრეტულ ინცინდენტებზე და პარტნიორობის ძლიერი ქსელის შექმნა. ამ ასპექტების გათვალისწინებით ორგანიზაცია ქმნის ერთაინ სრულყოფილ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოებს ითანამშროლონ საერთო ღირებულებების გათვალისწინებით და მიიღონ სარგებელი, როგორც ალიანსის პარტნიორებმა.

საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან კიბერუსაფრთხოების ჭრილში, არც თუ ისე დიდ დროს ითვლის. 2014 წელს, ნატო-უელსის სამიტზე მხარეებმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence and Related Security Capacity Building Initiative, DCB) ინიციატივის ფარგლებში, მიიღეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package, SNGP). ერთადერთი ხელშესახები დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის მიმართულებებს. იგი  მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითრებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას.[2]  ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ SNGP პაკეტი, არის ერთმნიშვნელოვნად უდიდესი მიღწევა და პროექტი საქართველოსთვის, რომელსაც შინაარსობრივი ნაწილიდან გამომიდნარე MAP[3]ს ადარებენ. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს არ აქვს შემუშავებული დეკლარირებული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ამგავრი ფორმატის გამოყენება, და მის ქოლგის ქვეშ შესვლა. აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მოიცავს სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერაციულ დონეზე დახმარებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ  13 სხვადასხვა სფეროში.[4]მათ შორის, კიბერ თავდაცვა იკავებს მოწინავე ადგილს და წარმოადგენს ნატო-საქართველოს ღია პარტნიორობის ქვაკუთხედს. აღნიშნული მიმართულებით პაკეტი ითვალისწინებს ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას, რომელშიც საქართველოს მხრიდან ჩართულია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მასთან დაკავშირებული სხვა სამინისტროების წარმომადგენელი პირები. თავის მხრივ, ალიანსს ჰყავს მოკავშირეთა ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც აქტიურადაა ჩართული თანამშრომლობის პროცესში, ვინაიდან მათი მთავარი ამოცანა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა.

ქვეყნის გეოპოლიტიკური ვითარება იძლევა საბაბს, ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში რათა ნებისმიერი მხრიდან მომავალ კიბერსაფრთხეს შესაფერისი რეაგირებით ვუპასუხოთ. თუ ჩვენ საქართველოს უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ რუსეთის ფაქტორი კვლავ დიდი დოზით იჩენს თავს. მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტი არ კმარა  ოკუპანტი რუსეთის აშკარა ზრახვების წარმოსაჩენად. ამას ემატება კიბერთავდასხმები და ჰიბრიდული ომი, რომელსაც კრემლი ქვეყანაში ბოლო დროს აქტიურად აწარმოებს. SNGP პაკეტი არის ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისა და საპასუხო პოლიტიკის შექმნის მექანიზმებს გვთავაზობს. პაკეტი 2020 წელს განახლდა და კიბერ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დახუნძლული და მრავლისმომცველი გახდა, რაც აიხსენბა სფეროში რისკებისა და საფრთხეების ზრდით. თანამშრომლობის გაღრმავება მხარეებს აძლევს საშუალებას მოახდინონ მეტი რესურსის მობილიზება და საგანგებო საფრთხეებისკენ მიმართვა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს არა რეაგირების ეფექტურობას, არამედ უფრო მეტად, პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და გაძლიერებას. საქართველოს პირველი დიპლომატის, დავით ზალკანიანის შეფასებით, პაკეტი „ასევე, ითვალისწინებს უსაფრთხო კომუნიკაციას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და გვქონდეს ნატოსთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხები. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ჩვენ კიბერთავდასხმებისა და სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე ვდგავართ, ამ ელემენტის გაძლიერებას, ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.[5]  ალიანსისა და მისი მოკავშირეების ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა აქტიურად გრძელდება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კიბერუსაფრთხოებას, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევას, უჭირავს არსებითი ადგილი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. პარტნიორობის ფარგლებში ხდება სწორედ იმ საფრთხეებისა და მოსალოდნელი რისკების შეფასება/გაანალიზება, რომლებიც როგორც დონალდ რამსფელდი აღნიშნავდა, „არ ვიცით, რომ არ ვიცით!“[6]

2.     კიბერსავარჯიშოები და ერთობლივი პროექტები

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა როგორც უკვე აღინიშნა, საკმაოდ ბევრი მიმართულებით ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება კიბერუსაფრთხოების დარგში არის ერთობლივი პროექტების შემუშავება, მათში ჩართვა და კიბერსავარჯიშოების შესრულება. საქართველო მსოფლიო კიბერ რადარებზე არც თუ ისე დიდი ხანია გამოჩნდა. კიბერწვრთნებში სახელმწიფოს ჩართვას საფუძველი ჩაეყარა 2014-2017 წლებში. ამ პერიოდში ქართული მხარის  წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო გახლდათ, რომელიც  ნატოს მოკავშირე ქვეყნებთან ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში აქტიურად ეცნობოდა საერთაშორისო გამოცდილებას, რომლის უმთავრესი ამოცანა მიღებული პრაქტიკის ეროვნულ დონეზე დანერგვას ისახავდა მიზნად. კიბერწვრთნებში თანამშრომლობის კუთხით პირველ ეტაპზე საქართველოს პარტნიორი ლიეტუვის სახელმიწფო გახლდათ. მოგვიანებით, კი ქართულმა მხარემ დაიწყო ნატოს სხვა მოკავშირე ქვეყნებთანაც ერთობლივი კიბერწვრთნები, რომელთაც საერთაშორისო საზოგადოება დადებითად და წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებდა საერთო უსაფრთხო გარემოს შექმნის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კიბერწვრთნებში საქართველოს ჩართულობა, ისევე როგორც ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტი, საგრძნობლად იზრდება, რაც ბუნებრივია, ადასტურებს ქართული მხარის მზადყოფნას, პარტიორებთან ერთად შეიმუშავოს კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ მედეგი პოლიტიკა და ღირსეულად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ საფრთხეებს.

წარმატებული თანამშრომლობა და მიღწევები კიბერწვრთნებში არის შედეგი იმ ძალისხმევისა, რომელსაც ორივე მხარე ხარჯავს მშვიდობიანი გლობალური გარემოს შენარჩუნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კიბერწვრთნებში დიდი გამოცდილების მქონე არაა, მის პოტენცილას ბევრი დადებითად აფასებს. კიბერსავარჯიშოების მოედანზე ქვეყანას ბევრი სირთულე და წინაღობა ხვდებოდა, თუმცა მან მოახერხა და 2019 წელს  მოთამაშის სტატუსით  ჩაერთო ნატოს მასშტაბურ კიბერსწავლებაში „CYBER COALITION”[7], რომელშიც იგი 2015 წლიდან ამ დრომდე მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდეგნილი. არაწევრი ქვეყნისთვის ამგვარი ჩართულობა დიდი მიღწევად ითვლება.  „CYBER COALITION”-ში ჩართულია ნატოს 27 წევრი ქვეყანა. პროექტი დატვირთულია სტრატეგიული ამოცანებით და კონცეტრირებულია  პრაქტიკული კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე.

საქართველოს მონაწილოება პარტნიორი ქვეყნების მიერ ორგანიზებულ და ინიცირებულ ტექნიკურ სავარჯიშოებში ზრდის ქართული კიბერუსაფრთხოების მედეგობისუნარიანობას და დადებითად წარმოაჩენს მას საერთაშორისო ასპარეზზე. ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად 2015 წელს, საქართველოში დაფუძნდა წვრთნისა და ერთობლივი შეფასების ცენტრი (NATO-Georgia Joint Training and Evaluation Center (JTEC),[8] რომელიც ხაზს უსვამს მხარეთა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აგრეთვე წარმოადგენს გზავნილს საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ მისწრაფების შეუქცევადობის აღსანიშნავად.

3. ინფორმაციის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება

საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, ალიანსში გაწევრიანების ხელშესაწყობად, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების მაღალი დონე და მზაობა, რათა ინტეგრაციული პროცესები სწრაფად  განვითარდეს. ამ კუთხით ნატოს შემუშავებული აქვს სპეციალური ტრენინგ-კურსები, რომელსაც თანამშრომლობის ფარგლებში სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს. როგორც უკვე აღნიშნა, დღეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და კონკრეტულ მიმართულებებს SNGP პაკეტი ადგენს. არსებითი პაკეტით, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინფორმაციის გაზიარებისა და ცნობიერების ამაღლების მექანიზმების შემუშავება და შემდგომში საქართველოს ეროვნული პოლიტიკის დონეზე დანერგვა, თუმცა აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით და შეგვიძლია მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი საფრთხეები, რომელთან გამკლავებაც საქართველოს კიბერუსაფრთხოებას უწევს და მომავალშიც აქტიურად მოუწევს.

ადამიანი არის უსაფრთხოების გრავიტაციის ცენტრი, რომლის ირგვლივაც სახელმწიფო თავისი საშინაო თუ საგარეო პრიორიტეტების დასახვით ტრიალებს. საერთო მოცემულობიდან გამომდინარე,  ვინაიდან მსოფლიოში გაზრდილი კიბერთავდასხმები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის ერთ-ერთი ფუნდამეტური ღირებულება თანამედროვე ციფრულ ერაში. საქართველოში კიბერ საფრთხეებზე საუბარი გვიან დაიწყო, რითაც აიხსნება საზოგადოებაში საკითხის მიმართ ცნობიერების დაბალი დონე. სწორედ ამიტომ, საჭიროა მოსახლეობასთან ეფექტური  კომუნიკაციის დამყარება და  ინფორმაციის სწორი მიწოდება. ამ მიზანს კი ემსახურება პირველყოვლისა, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ[9] და ასევე ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. რაც შეეხება, ნატოს მიერ ინფორმაციის გაზიარების სტანდარტებს, არსებობს პლატფორმები, მონაცემთა ბაზები და გარკვეული პროგრამები, რომელთა მეშვეობით ნატოს პარტნიორ ქვეყნებს წვდომა აქვთ საერთო ინფორმაციაზე. თუმცა აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალებში ვერ შევალთ, რადგან იგი წარმოადგენს გასაიდუმლოებულ ინფორმაციას.

4.    გონივრული თავდაცვის პოლიტიკა (Smart Defense)

უნიკალური გრძელვადიანი ინიციატივა – SNGP, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდასა და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, ითვალისწინებს ე.წ. გონივრული თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებას. ამ ინიციატივას ანალოგი არ მოეძებნება, ვინაიდან ის უშუალოდ თავსებადია ნატოს ცალკეული პარტნიორი სახელმწიფოების ეროვნულ პოლიტიკასთან. გონივრული თავდაცვის პოლიტიკის წარმოება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მოიცავს ინფორმაციული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, საფრთხეებზე დროული და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობებსა და გზებს, ასევე იგი ითვალისწინებს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და დარგის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ამ ფორმატში ქართული მხარისთვის მოწოდებულია კიბერ მიმართულებით თავდაცვისთვის აუცილებელი დოქტრინები და კომპონენტები, რომელთა შესრულება საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეფექტურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ამასთან, დიდწილად ზრდის ქმედუნარიანობას.

აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს შორის არსებული გონივრული თავდაცვის ინიციატივის (Smart Defence Initiative) ფარგლებში, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩიკაგოს სამიტზე[10] ჩაეყარა, ხორციელდება პროექტი NATO – MISP (Malware Information Shairing Platform)[11], რომელიც საფრთხეებისა და მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლით NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება. MISP არის ინტერაქციული პლატფორმა უსაფრთხოების ინციდენტის გამომძიებლებისა და მავნე პროგრამების ანალიტიკოსთათვის. ითვალისწინებს კონტენტის გარეშე კიბერინციდენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო მიმოცვლას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან. აღნიშნულ პროექტთან მიერთება მოხდა 2016 წელს, რაც ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი სარგებელი ის არის, რომ ნატოს წევრი ან მისი პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებს შეუძლიათ დაათვალიერონ და მიიღონ წვდომა ნატოს წვერი ქვეყნებს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ შეტეების შესახებ, რაც რეაგირების დროის კუთხით მნიშვნელოვანი დანაზოგია. საქართველო პლატფორმის სრულუფლებიანი წევრი, ნატოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვარში გახდა[12] და ის იღებს ვალდებულებას, დაუჭიროს მხარი ნატოს კომპიუტერული ინციდენტების შესაძლებლობების ტექნიკური ცენტრის (NCIRCTC)-ის მისიებს.  გონივრული თავდაცვის პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ინსრუმენტების ერთობლიობა საქართველოსთვის, რაც გარანტიას აძლევს ქვეყანას – გაუმკლავდეს მოსალოდნელ საფრთხეებს, წინასწარ გათვალოს და შეაფასოს რისკები და რაც ყველაზე მთავარია, ეს გააკეთოს ისე, რომ მოსახლეობას და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას მიადგეს მინიმალური ზიანი.

აუცილებლად ხაზგასასმელია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩამოყალიბებული თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building Scholl, DIBS), რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და თანამშრომლების პროფესიული განვითარება.  სკოლის ფუნქციონირების არეალი მოიცავს  არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო დონესაც. ის ორიენტირებულია ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებაზე, ეროვნულ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ და  კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამოცდილების გაზიარებაზე.

დასკვნა

საქართველოს წინაშე არსებული კიბერსაფრთხეების მასშტაბი მზარდია. ქვეყნის ევროატლანტიკური ვექტორის გათვალისწინებით, ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და გაძლიერება არსებით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოსთვის ყველაზე რეალური საფრთხის შემცველი არის რუსეთის ტექნიკურ ან ფსიქოლოგიურ ეფექტზე ორიენტირებული კიბეროპერაციები, რომელთა წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში ქართული მხარე მარტო არ დგას და მას მხარს უჭერს ისეთი ძლიერი გაერთიანება, როგორიც ნატოა. მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით, ალიანსისთვის კიბერ მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, რასაც საქართველოს სახელმწიფო შეუფერხებლად ახორციელებს. ამავდროულად ქვეყანა იღებს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ნატოსგან, რათა მოახერხოს მედეგობის, გამძლეობისა და სიმტკიცის შენარჩუნება.

შეჯამებისთვის, უნდა ითქვას, რომ დღეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების დარგის მიმართულებით საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. მხარეების მტკიცე მხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ დიდია და მოლოდინი იმისა, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რეალურია. ამის აუცილებლობას კი ქმნის გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური აფეთქებების ერა, რომელიც სწრაფი და ქაოტური პროცესია. შესაბამისად საფრთხეებთან გამკლავება, რომელსაც კიბერსივრციდან უნდა ველოდოთ, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით თუა შესაძლებელი!  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს  შემუშავებული კიბერუსაფრთხოების დეკლარირებული პოლიტიკა, თანამშრომლობის ფარგლებში იგი ფლობს ძლიერ თავდაცვით მექანიზმებს, ისეთებს როგორიცაა ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი პროგრამები, საერთაშორისო მონაცემთა ბაზებზე წვდომა, კიბერთავდასხმების სწრაფი აღმოფხვრის შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია დროული რეაგირების იარაღი, რომელიც პროფესიონალ პროგრამისტებსა და თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას ითვალისწინებს.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება ახლო პერსპექტივის საკითხია. კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს მხარის როგორც მიღწევები ასევე გამოწვევები პარტნიორ ორგანიზაციას უქმნის საფუძველს გააძლიეროს ჩართულობა და ამის სანაცვლოდ მიიღოს ქვეყნის კონტრიბუცია დარგის განვითარებასა და ქმედუნარიანობის გზარდაში. რეკომენდაციის სახით კი შეიძლება ითქვას, რომ საჭიროა მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების ელემენტებით დატვირთული ღონისძიებების ჩატარება მხარეებს შორის. წვრთნებისა და უშუალოდ ოპერაციებში საქართველოს ოფოციალური წარმომადგენლობის მაღალი ჩართულობა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინება- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბერ საფრთხეებისა და მასთან ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ.

 

 

ავტორი: ნინო ბოჭოიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერება

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Barry “ People, States and Fear” 1991
  2. თავდაცვის სამინისტრო https://mod.gov.ge/ge/page/65/arsebiti-paketi
  3. Factsheet by NATO (2015) “Substantial NATO-Georgia Package (SNGP)” – https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_2015_12/20151209_151209-factsheet-nato-georgia-package.pdf
  4. „ნატო-საქართველოს განახლებული პაკეტი დამტკიცდა“ (December 3, 2020) – https://civil.ge/ka/archives/385464
  5. Donald (2001)  “ Known and Unknowns”
  6. თავდაცვის სამინისტრო https://mod.gov.ge/ge/news/read/7649/saqartvelo-natos-kiberswavlebashi-igebs-monawileobas-?fbclid=IwAR0Unm7netij6v-MIlhEwS0pI2jLlsE-T-1ArqlzqrrSkDx_AaE9uOD6tSk
  7. Factsheet by NATO (2018) “Substantial NATO- Georgia Package (SNGP)” – http://old.infocenter.gov.ge/uploads/files/2019-01/1548772139_sngp-broshure-_-2018-may.pdf
  8. ოფიციალური ვებ-გვერდი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ –http://old.infocenter.gov.ge/#Contact
  9. https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_87593.htm?selectedLocale=en
  10. თავდაცვის სამინისტრო „ნატოს გონივრული თავდაცვის ინიციატივის MISP-ის მომხმარებელთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა“ (https://mod.gov.ge/ge/news/read/7887/natos-gonivruli-tavdacvis-iniciativis-misp-is-momxmarebelta-samushao-jgufis-shexvedra
  11. თავდაცვის სამინისტრო „Working meeting of NATO Smart Defence Initiative MISP consumers“ (June 24, 2020) – https://mod.gov.ge/en/news/read/7887/working-meeting-of-nato-smart-defence-initiative-misp-consumers
  12. M. (April 13, 2013) “Georgia Embraces ‘Smart Defense’ in Euro-Atlantic Bid” –https://www.worldpoliticsreview.com/articles/12858/georgia-embraces-smart-defense-in-euro-atlantic-bid
  13. NATO Official (October 21, 2020)-  “Relations with Georgia” – https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_38988.htm
  14. გოცირიძე, ა. (ნოემბერი 25, 2020)- „საქართველოს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები“ https://www.youtube.com/watch?v=HgOrBQq4J0c
  15. Cisco “What are the most common cyber-attacks” – https://www.cisco.com/c/en/us/products/security/common-cyberattacks.html#~types-of-cyber-attacks
  16. NATO Official (July 12, 2018) – „ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია ბრიუსელის სამიტზე“ https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_156627.htm?selectedLocale=ka
  17. NATO Official ( May 20, 2012) – “Chicago Summit Declaration” Issued by the Heads of State and Government participating in the meeting of the North Atlantic Council in Chicago – https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_87593.htm?selectedLocale=en

[1] Buzan. Barry “People, States and Fear” 1991

[2] თავდაცვის სამინისტრო https://mod.gov.ge/ge/page/65/arsebiti-paketi  წვდომის თარიღი: 14.03.2021

[3] MAP- Membership Action Plan (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_37356.htm წვდომის თარიღი: 17.03.2021

[4] https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_2015_12/20151209_151209-factsheet-nato-georgia-package.pdf  წვდომის თარიღი: 18.03.2021

[5] https://civil.ge/ka/archives/385464 წვდომის თარიღი: 30.03.2021

[6] Rumsfeld. Donald “Known and Unknowns” 2001

[7] თავდაცვის სამინისტრო https://mod.gov.ge/ge/news/read/7649/saqartvelo-natos-kiberswavlebashi-igebs-monawileobas-?fbclid=IwAR0Unm7netij6v-MIlhEwS0pI2jLlsE-T-1ArqlzqrrSkDx_AaE9uOD6tSk წვდომის თარიღი: 20.03.2021

[8] http://old.infocenter.gov.ge/uploads/files/2019-01/1548772139_sngp-broshure-_-2018-may.pdf წვდომის თარიღი: 24.03.2021

[9] http://old.infocenter.gov.ge/#Contact წვდომის თარიღი: 24.03.2021

[10] https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_87593.htm?selectedLocale=en წვდომის თარიღი: 26.03.2021

[11] თავდაცვის სამინისტრო „Working meeting of NATO Smart Defence Initiative MISP consumers“ (June 24, 2020) – https://mod.gov.ge/en/news/read/7887/working-meeting-of-nato-smart-defence-initiative-misp-consumers  წვდომის თარიღი: 27.03.2021

[12] https://mod.gov.ge/ge/news/read/7887/natos-gonivruli-tavdacvis-iniciativis-misp-is-momxmarebelta-samushao-jgufis-shexvedra წვდომის თარიღი: 28.03.2021