E ISSN 2587-5396

რუსეთის რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ

23/04/2021 By yatage

რუსეთის რბილი ძალა საქართველოს წინააღმდეგ

შესავალი

რუსული რბილი ძალა ევროკავშირისა და საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. რუსეთი აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო ბერკეტებს, როგორც იარაღს, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ეს უკანასკნელი  განსაკუთრებით აქტიურია იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში მოიაზრებიან და აშკარად ახდენენ პროდასავლური პოლიტიკური კურსის დეკლარირებას. კრემლის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია საფრთხეს უქმნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ერთიანობას. იგი  მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების ერთიანობის შესუსტებას, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას და ევროკავშირისა და ნატოსადმი მხარდაჭერის შემცირებას. აღსანიშნავია, რომ  რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს სახელმწიფოთა დონეზე მიღებულ არაერთ დოკუმენტში ვხვდებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის.

აღნიშნული სტატიის ძირითადი მიზანია წარმოადგინოს რუსული რბილი ძალის შესახებ ზოგადი სურათი. მიმოიხილოს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ნაშრომის ფარგლებში განხილული იქნება კრემლის საგარეო პოლიტიკით შექმნილი მთავარი გამოწვევები. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებზეა, სადაც სულ უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდისტული საშუალებები. სტატიაში  გამოყოფილი იქნება რბილი ძალის  ზოგადი აღწერილობითი ნაწილი, გავრცელების საშუალებები და ამ უკანასკნელის შემზღუდავი მექანიზმები საქართველოსა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ასევე, სტატიაში ახსნილია ქვეყანაში არსებული მთავარი ნარატივები, მათი წყაროები და შესაძლო გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. დასკვნითი ნაწილი შეიცავს შეჯამებას და ზოგადად აფასებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მხრივ საქართველოს ძალისხმევას დღევანდელ დღემდე და წარმოადგენს რეკომენდაციებს პოლიტიკური ხელმძღვანელი პირებისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.

1. რა არს რბილი ძალა?

საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში, პირველად ტერმინ „რბილი ძალის“ დეფინიციას ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ჯოზეფ ნაი,  გვთავაზობს. მან, თავდაპირველად, ეს ტერმინი 1990 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „მეთაურობისკენ წაძღოლა“ გააჟღერა , შემდეგ კი, 2004 წელს სპეციალური წიგნიც უძღვნა ამ საკითხს, სახელწოდებით „რბილი ძალა- მსოფლიო პოლიტიკაში მიზნის მიღწევის საშუალება“. ნაის განმარტებით, „რბილი ძალა“ სახელმწიფოს უნარია, რომელიც მას საშუალებას აძლევს ხისტი ძალის ( ინგ. “Hard power” )გამოყენების გარეშე, დადებითი განწყობებისა და დამოკიდებულებების შექმნით გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სისტემის სხვა აქტორებზე.[1] ამ უკანასკნელს, ძირითადად, დიდი სახელმწიფოები საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იყენებენ, როგორც პატარა ქვეყნების, ისე ერთმანთის მიმართ.  მიუხედავად იმისა, რომ „რბილი ძალა“  რიგი სახელმწიფოების მიერ  განსხვავებული ფორმებითა თუ მეთოდებით გამოიყენება, არსი  და შედეგი ერთია:  მოახდინონ სამიზნე ქვეყნებზე სერიოზული კულტურული, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური გავლენა. ჯ. ნაის აზრით, ქვეყნის „რბილი ძალა“ ეფუძნება სამ ძირითად რესურსს: კულტურა, პოლიტიკური ღირებულებები და საგარეო პოლიტიკა. სწორედ ამიტომ, სხვა სიტყვებით მას მოიხსენიებენ, როგორც კულტურულ ძალას, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები ახდენენ საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიზნების რეალიზებას.[2]

აღსანიშნავია, რომ ამ ძალის გამოყენება  მხარეთა ორმხრივი ნების საფუძველზე ხდება, თუმცა  იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ „რბილი ძალის“ არსი, მნიშვნელოვანია განვიხილოთ საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორების სამიზნე ობიექტები თუ რესურსები. ამ მხრივ, საგულისხმოა რუსეთი და მისი საგარეო პოლიტიკა, რომლის ძირითადი ამოცანა საზოგადოებრივი განწყობების ფორმირებაა. რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით აქტიურია იმ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში მოიაზრებიან და აშკარად ახდენენ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დეკლარირებას. ასეთ ქვეყნებში კრემლის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის დისკრეტიტაციასა და პრორუსული და ანტიდასავლური  ძალების გაძლიერებას.  თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში „რბილ ძალას“ იყენებს.  განსხვავებით  კრემლის  საგარეო პოლიტიკისაგან, „ამერიკული რბილი ძალა“ ეყრდნობა: პოლიტიკურ ფასეულობებსა და ინსტიტუტებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული არჩევნები,  მრავალპარტიულობა და სხვ.[3]

ფაქტია, რომ „რუსული რბილი ძალა“ მნიშვნელოვნად განსხვავდება „დასავლური რბილი ძალისგან“. ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთი პარტნიორებს იმ ფორმატს სთავაზობს , რომელიც პოლიტიკურ კონტექსტში, მხოლოდ მისთვისაა მომგებიანი.  შესაბამისად, რუსული „რბილი ძალა“ ალტერნატიული ნარატივების შექმანას და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას ეფუძნება.[4]

2. რუსული რბილი ძალა საქართველოში

საქართველოში რუსული რბილის ძალისა და სახელმწიფო პროპაგანდის გააქტიურებაზე უკვე წლებია მიმდინარეობს აქტიური დისკუსია.  ამის ფონზე რიგი სახელმწიფო სტრუქტურები, ისევე როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ცდილობენ წინ აღუდგნენ რუსული პროპაგანდის საფრთხეს. რუსეთის რბილი ძალის მახასიათებლები საქართველოში სტაბილურია. ძირითადად, რბილი ძალის გამოყენება ორ კატეგორიაში შეგვიძლია მოვაქციოთ – 1. საქართველოს კულტურული ღირებულებები და წეს-ჩვეულებები, ისევე როგორც ისტორიული კავშირები რუსეთთან 2. დასავლური პოლიტიკური ღირებულებები რუსეთის ე.წ. „რეალპოლიტიკის“ (ძალის პოლიტიკა) წინააღმდეგ.[5] მოსკოვს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრეცელებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე მიუწვდება ხელი, როგორიცაა:

მედია საშუალებები –  საყურადღებოა, რომ, NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, საქართველოს ტელემაყურებელთა 23% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს უცხოური არხებიდან, რომელთა უმეტესობა რუსულია, გამოდის, რომ პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე. საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია,  ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად  ეყრდნობა რუსულ წყაროებს.[6] მსგავსი მედია საშუალებები ძირითადად იყენებენ  ყალბ ახალ ამბებს,სიძულვილის  ენას, ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს ანტი-დასავლური ნარატივების  გასავრცელებლად. მათგან აღსანიშნავია “Sputnik”, “RT”,“Russia Today”, “Alt-Info“და სხვ.

ამათგან ფეისბუქ გვერდი — Alt-Info ქართული მედია საშუალებაა, თუმცა აღნიშნული გვერდი თანმიმდევრულად  ესხმის თავს დასავლურ ფასეულობებს და საქართველოში ლგბტქ+ თემს. ამასთან, შერჩევით აზიარებს სტატიებს, რომლებიც დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც არასტაბილურ ადგილს. ასევე, ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში სტაბილურად ზრდის აუდიტორიას. ძირითადად, გვერდი ანთავსებს მოკლე ვიდეო მასალებს და პირდაპირი ლაივ ვიდეო ჩართვებს ჯგუფის წევრებთან, ასევე ავრცელებს საიტ Alt-Info.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა, რომ „ალტ-ინფო“ აქტიურად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს და „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით ყველაზე ხშირად ანტილიბერალურ, ნაციონალისტურ, ღიად ანტიდასავლურ და ანტისაიმიგრაციო გზავნილებს ავრცელებს. ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის – DFRLab-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა.[7]

პოლიტიკური პარტიები – ქართულ „პოლიტიკურ ორბიტაზე“ წარმოდგენილი  პრო-რუსული ორიენტირის მქონე პოლიტიკური მოღვაწეები თუ პარტიები, პირდაპირ ან ირიბად, იმეორებენ რუსული დეზინფორმაციის ძირითად გზავნილებსა და ნარატივებს; ცდილობენ გააღვივონ სკეპტიციზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ და  მძლავრი პროპაგანდით ხელი შეუშალონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ MDF Georgia-ს ( მედია განვითრების ფონდი) სტატისტიკით,  ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე მეტი რაოდენობა, „დემოკრატიული  მოძრაობა- ერთიან საქართველოზე“ და მასთან დაკავშირებულ სახალხო კრებაზე  მოდის. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია  „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის წინასაარჩევნო პერიოდში (2018 წლის, მარტი) სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი  ღირსეული კანდიდატია: „ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც რუსეთი ფეხზე  დააყენა და იმ ქვეყნად აქცია, რომელსაც ანგარიშს უწევენ. პუტინის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

რუსეთის ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე, პირველ არხზე ბურჯანაძემ რამდენჯერმე გააჟღერა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

     “პოლიტიკური ელიტა პრაქტიკულად დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ პრონატოური და პროდასავლური კურსი და რუსეთთან კონფრონტაცია არის ერთადერთი კურსი, რომელიც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, ამ საკითხზე დებატები არ არსებობს და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამაზე საუბრობს ვართ ჩვენ  [დემოკრატიულ მოძრაობა]”, — ნინო ბურჯანაძემ თავისი გამოსვლა  სწორედ ამ  სიტყვებით დაიწყო.[8]

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ეს საქართველოსთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს. ამასთან, გთავაზობთ. ნინო ბურჯანაძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების არასრულ ჩამონათვალს:

“მე არ შემეშინდა მეთქვა, რომ მე მთავარი დამნაშავე ომის დაწყებაში სააკაშვილი  მგონია.“(08.08.2018- Россия 1-ის ეთერში)

„ყველაზე დიდი შეცდომა ის კი არ იყო, რომ დასავლეთთან ან აშშ-სთან მეგობრობა გვსურდა. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ამის გაკეთება  რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე გვინდოდა”

„ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რომ არა სააკაშვილის ახირება“

„იყო ასეთი ილუზია, რომ დასავლეთი დაგვეხმარება. ჩემთვის იყო 2008 წლის   ტრაგედია, როდესაც ნათლად დავინახეთ, რომ დასავლეთი არ დაგვეხმარა”

“ჩემი მსგავსი ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ მსგავს სიტუაციაში ნატოში   არავინ მიგვიღებს და რომც მიგვიღონ, საქართველოსთვის ეს ცუდი იქნება”.

ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ დღეს რუსეთის ძლიერი, სტაბილური ქვეყანაა და ის ფეხზევლადიმერ პუტინმა დააყენა.

მკვეთრად ანტი-ლიბერალურ და ეთნონაციონალისტურ პარტიათაგან, რომელთა  განცადებებიც, პირდაპირ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, აღსანიშნავია,  „პატრიოტთა ალიანსი“: „აშშ სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა საქართველო  მისი კოლონია არ არის“ – ირმა ინაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი.  “პატრიოტთა ალიანსი” ერთადერთი პარტიაა, რომელიც რუსეთს ოფიციალური  ვიზიტით წელიწადში ერთხელ მაინც სტუმრობს. საერთო ენის მონახვა, დიალოგი  ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსებთან, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა  მტერთან და საუბრები უჩვეულო ფორმატით – “ნატო-საქართველო-რუსეთი.” ასე  ხსნიან ვიზიტების მნიშვნელობას.[9]

“პატრიოტთა ალიანსს” ფეისბუქზე 27 გვერდი და ხუთი ჯგუფი აქვს. გარდა ღიად მხარდამჭერი გვერდებისა, მედიებისა და ჯგუფებისა, “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მუშაობს სხვა, ფარული გვერდები და ჯგუფებიც.ცოტა ხნის წინ “მითების დეტექტორმა” “პატრიოტთა ალიანის” დამცველი და ინფორმაციის გამავრცელებელი 14 ყალბი ანგარიში აღმოაჩინა. დღეს ამ ანგარიშების ძირითადი ნაწილი ფეისბუქზე აღარ იძებნება. [10]

არასამთავრობო ორგანიზაციები –  რუსეთთან აფილირებული ორგანიზაციები, რომლებიც აორგანიზებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს, კრემლის პროპაგანდის გავრცელების მიზნით. პროპაგანდა, რომელშიც რუსეთის მთავრობა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებს დებს პირდაპირ ხორციელდება კრემლის მიერ კონტროლირებული ორგანიზაციების მეშვეობით და ემსახურება რეჟიმის სურვილს წარმოაჩინოს საკუთარი თავი მსოფლიოში ქრისტიანული ტრადიციებისა და ფასეულობების ერთადერთ დამცველად, ასევე ხელი შეუწყოს დემოკრატიული ღირებულებების შესუსტებასა და ევროპის დაყოფას.

2020 წლის ივლისამდე, „ქართული მარში“ საზოგადოებრივ მოძრაობას წარმოადგენდა, რომელიც ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ნეონაცისტურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. „ქართული მარში“ აქტიურად ავრცელებს ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და შოვინისტურ ნარატივებს, ხოლო თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები თავს ანტილიბერალურ, ჭეშმარიტ ნაციონალისტურ-კონსერვატორულ ძალად მიიჩნევენ. ქართულ მარშსა და მის ხელმძღვანელობას რუსეთთან მჭიდრო კონტაქტები აქვს. 2018 წლის მაისში ქართული მარშის ინიციატივით ე.წ ეროვნულ ძალთა შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმების/შეხვედრის მონაწილეები სხვადასხვა პრორუსულ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებთან არიან დაკავშირებულნი. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიად მოგვევლინა.

აღსანიშნავია, რომ  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ნათესავები არიან ძმები მარტინენკოები, რომლებიც ამჟამად კიდევ ერთ პრორუსული განწყობის ორგანიზაციას, “ალტერნატივა საქართველოსთვის” უდგანან სათავეში. მარტინენკოები აქტიურად არიან ჩართული პრორუსული გზავნილების გავრცელებაში. ახლახანს ფეისბუქმა ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშები სწორედ დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების გამო წაშალა.

“ალტერნატივა საქართველოსთვის” კონსტანტინე მორგოშიამ დააარსა. მორგოშია “პატრიოტთა ალიანსის” წევრიც იყო, შემდეგ “ქართულ მარშს” შეუერთდა. მოგვიანებით კი “მარშიდანაც” წამოვიდა და ლევან ვასაძის თანამოაზრე გახდა. დღეს ვასაძე “ალტერნატივა საქართველოსთვის” მთავარი იდეოლოგია. ის ბიზნესმენია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და დუგინის სულიერ შვილად ითვლება.[11]

სასულიერო პირები –  რუსეთის რბილი ძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ხილული გავლენის ნიშანია მისი ანტიდასავლური, ტრადიციონალისტური და მესიანური იმიჯის დამკვიდრება საქართველოში, რასაც თან ახლავს რუსეთთან საუკუნოვანი რელიგიური და კულტურული კავშირების ხაზგასმა. რელიგიური წარმოდგენები და კულტურული მეხსიერება რუსეთის რბილი ძალის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, ვინაიდან მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები მნიშვნელოვანია მოსახლეობის საგრძნობი ნაწილისთვის და რელიგიური წრეებიდან წამოსულ გზავნილებს დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. კრემლი იყენებს ქართული საზოგადოების ამ თავისებურებას და დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც მანკიერი „ლიბერალური“ იდეოლოგიის მქადაგებელს, რასაც უპირისპირდება კონსერვატორული რუსეთი რომელიც იცავს ტრადიციულ ღირებულებებს.[12]

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია, თავისი მზაკვრული იდეების განსახორციელებლად, გარდა ზემოთხსენებული მექანიზმებისა, აქტიურად იყენებს სხვა, შედარებით აგრესიულ, საშუალებსაც.  ამ მხრივ, საინტერესოა 2008  წლის რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც საქართველო რუსეთის მხრიდან არამხოლოდ ფიზიკური, არამედ კიბერაგრესიის მსხვერპლიც გახდა. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, და ომის პერიოდშიც, კოორდინირებულად შეუტიეს სახელმწიფო სტრუქტურების, მედიებისა და სატრანსპორტო კომპანიების ვებგვერდებს. კიბერშეტევებმა დრო მოაგებინა რუსეთს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია გაურთულა და ერთი პრობლემიდან მეორეზე გადაატანინა ყურადღება. კიბერთავდასხმა 50-ზე მეტ ვებგვერდზე მოხდა. ზოგიერთი მათგანი ჭარბი ტრაფიკის გამო ითიშებოდა, ზოგზე კი პროპაგანდისტული მესიჯები ჩნდებოდა, რომელშიც ექსპრეზიდენტი ნაცისტური გერმანიის ლიდერთან იყო შედარებული. ყოველი თავდასხმის უკან ღიად თუ დაფარულად ჩანდა რუსული კვალი[13].

3. რუსული რბილი ძალის შემზღუდავი მექანიზმები საქართველოში

საქართველოში რუსული რბილი ძალის ზემოქმედებისათვის უმთავრესი შემზღუდავი ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მიერ დღემდე წარმოებული სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წლის რუსულ-ქართული ომი და მისი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც საზღვრების პერმანენტულ გადმოწევაშიც ვლინდება, რუსეთს იმპერიულ სახელმწიფოდ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობის საფრთხედ წარმოაჩენს, რაც შეუძლებელს ხდის მოსკოვის ქმედებები სანდოდ იქნეს მიჩნეული. მეორე შეზღუდვა, რომელიც რუსული რბილი ძალის გავლენის შეკავებას იწვევს, მისი დაბალი კონკურენტუნარიანობაა. დასავლეთი საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს  სამოქალაქო,  პოლიტიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, რისი თქმაც რუსეთის შემთხვევაში რთულია.[14]

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ 2017 წელს სახელმწიფო დონეზე მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში,   თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020 და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის პირველად მოხდა რუსული „რბილი ძალის“ საფრთხის დაფიქსირება.

„ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის“[15], საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „საკომუნიკაციო სტრატეგია 2017-2020“[16], „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020“[17], „2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია “[18], კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგია,[19] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური მოხსენებები[20] და საქართველოს კანონი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ და გვთავაზობს დეტალებს საქართველოს წინაშე მდგომი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, რომელთა შორის არის დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზები, ტაქტიკა და არხები.[21]

უნდა აღინიშნოს, რომ პროპაგანდის გავლენა განსაკუთრებით ძლიერია საზოგადოების მოწყვლად ფენებში, რომლებშიც კვლავინდებურად დაბალია, როგორც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობით მიღებული სიკეთეების შესახებ ინფორმირებულობა, ასევე აღნიშნული სიკეთეებით უშუალოდ სარგებლობის ინდექსი.  ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების ამ ნაწილს რუსეთთან ენობრივი ან პირიდი ურთიერთობები აკავშირებ, თუმცა, საბედნიეროდ, მათი პროცენტული წილი შესამჩნევად მცირდება ყოველწლიურად.

საქართველოს მთავრობამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

  • 2015 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულები და გაძლიერდა სსიპ − საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შესაძლებლობები[22]
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში[23] კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ორი კონკრეტული დანაყოფი[24] ფუნქციონირებს: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში[25] არსებული კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო[26] და საექსპერტოკრიმინალისტური მთავარი განყოფილების[27] დაქვემდებარებაში მყოფი კომპიუტერულციფრული ექსპერტიზის განყოფილება [28]. პირველი დანაყოფი ინტერნეტში უკანონო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეორე ახორციელებს მოპოვებული მტკიცებულებების ექპერტიზას[29]
  • იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს [30]საქმიანობა მოიცავს : ელექტრონული მართვა, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა და ინფორმაციის უსაფრთხოება. სააგენტო ატარებს ტრენინგებს კიბერჰიგიენის საკითხებზე და ახორციელებს ვებგვერდების მონიტორინგს ისეთი მავნე მოქმედებების გამოვლენის მიზნით, როგორიცაა მონაცემებში არასანქცირებული შეღწევა. მონიტორინგის საქმიანობის შესახებ დეტალები განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდებსა და Facebook გვერდზე[31]
  • 2019 წლის დასაწყისში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესასწავლად პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა[32]. მასში გაწევრიანებულნი არიან დეპუტატები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, გარდა “პატრიოტთა ალიანსისა”95. ჯგუფში ასევე არიან არასამთავრობო სექტორის და დეზინფორმაციის საკითხზე მომუშავე სპეციალისტები.[33]
  • ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით დადებითი ნაბიჯი გადაიდგა პარლამენტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნით.[34] ჯგუფში „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული და კონსტრუქციული კონსულტაციები აქვთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც წერილობითი მიმოწერისას,[35] ისე შეხვედრების დროს.

4.    დასავლეთის რეაგირება რუსულ რბილ ძალაზე

 რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებამ დასავლეთის ქვეყნები საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის წინაშე დააყენა. დღის წესრიგში დადგა აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება, რისთვისაც მოხდა როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწა შესაბამისი კანონებისა და რეზოლუციების მიღებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობის განვითარება.

  • 2014 წელს ქალაქ რიგაში დაარსდა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი.
  • 2015 წელს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსმა ჰიბრიდულ ომზე ახალი სტრატეგია დაამტკიცა.
  • 2015 წელს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში შეიქმნა აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ჯგუფი და დამტკიცდა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა.
  • 2016 წლის ნოემბერში ევროპული პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა რეზოლუცია პროპაგანდის საწინააღმდეგო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია რუსული პროპაგანდის ძლიერი გავლენა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებზე.[36]

2018 წელს ევროკავშირმა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით ყოვლისმომცველი ზომების განხორციელება დაიწყო. საგანგებოდ 2019 წლის მაისის ევროპარლამენტის არჩევნების დაცვის მიზნით, ევროკავშირმა წარმატებით შეიმუშავა და მიიღო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქმედებათა ნებაყოფლობითი კოდექსი, რომელსაც ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები აწერენ ხელს, როგორებიც არიან Facebook-ი, Google-ი და Twitter-ი. პლატფორმების ძალისხმევას, კოდექსის შესრულების თვალსაზრისით, მიესალმება ევროკომისია, მაგრამ ის ასევე მოუწოდებს პლატფორმებს, გაააქტიურონ საკუთარი საქმიანობა ამ მიმართულებით. 2018 წლის მნიშვნელოვანი შედეგი იყო აგრეთვე ევროკავშირის „სამოქმედო გეგმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ“. ის შეიცავს ოთხ მთავარ თავს, რომლებიც ეხება:

  1. ევროკავშირის ინსტიტუციების და წევრი სახელმწიფოების კომპეტენციების გაუმჯობესებას;
  2. კოორდინაციისა და „ერთობლივი რეაგირების“ გაძლიერებას;
  3. კერძო აქტორების, როგორიცაა ტექნოლოგიური კომპანიები, მობილიზებას;
  4. „ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივი მედეგობის გაძლიერებას“. [37]

პრობლემასთან საბრძოლველად ერთიანი სამთავრობო მიდგომა აქვთ შემუშავებული და ახორციელებენ ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “Russia Today,” რომელიც ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს და რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია მსოფლიოში, საშიშად და ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ არხად მიიჩნიეს დასავლეთში. სწორედ ამიტომ ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანაში დაიბლოკა “რაშა თუდეი” და მასთან დაკავშირებული არხები, ჯამში საუბარია 7 არხზე.[38]

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე კარგა ხანია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და ექსპერტები საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ.2017 წლის ანგარიშის მთავარ თემად კვლავ დარჩა სირიასა და უკრაინაში რუსეთის აქტივობა. ამასთან ერთად, ყურადღება გამახვილდა რუსეთის პოლიტიკაზე არქტიკაში და მოსკოვის ჩარევაზე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, პროპაგანდის, დეზინფორმაციის და ე.წ. ფეიკნიუსის მეშვეობით. საერთო ჯამში, ანგარიშში მკაფიოდ იკვეთება, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა დასავლეთის წინააღმდეგ, რისთვისაც იგი ჰიბრიდულ ტაქტიკას წარმატებით იყენებს. 2020 წლის ანგარიშის მთავარი თემა საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთის დასუსტება იყო. ანგარიშის დასახელებაში გაჩნდა ახალი ტერმინი – Westlessness და შემდგომ ამავე სათაურის ქვეშ გაკეთდა საერთაშორისო პოლიტიკაში დასავლეთის პოზიციების შესუსტების მიმოხილვა. [39]

დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების გაზრდის ფონზე, აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის, ასევე უკრაინის წარმატებული ინიციატივები და დეზინფორმაციასთან ეფექტიანად გამკლავების გზები.მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ საინფორმაციო საშუალებათა რაოდენობა, რომლებიც სისტემატურად ეწევიან ფაქტების გადამოწმებასა და სიცრუის გამოვლენას.საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებით ცნობილი გახდა უკრაინაში მოქმედი ფაქტების გადამოწმების რამდენიმე ინიციატივა. მათ შორისაა StopFake – ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

2020 წლის 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ორენოვანმა სახელმწიფო სატელევიზიო არხმა „სახლი“ დაიწყო მაუწყებლობა. რუსულენოვანი არხის შექმნის დაპირება უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. ახალი არხის მთავარი მისიაა ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანების უკრაინის საინფორმაციო სივრცეში დაბრუნება, რუსული პროპაგანდის გავლენის შესუსტება და რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მითების გაქარწყლება.

საყურადღებოა, რომ 2021 წლის 2 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა ქვეყნის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას სამი უკრაინული ტელეარხის წინააღმდეგ 5-წლიანი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.აკრძალული ტელეკომპანიები არიან: „112 უკრაინა“, “NewsOne“ და “ZIK “. ოფიციალურად, სამივეს ტარას კოზაკი, ქვეყნის პარლამენტის წევრი ფლობს. კოზაკი პრორუსული საპარლამენტო ფრაქციის, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, წევრია. უკრაინის მთავრობის თქმით, სამივე ტელეარხი ქვეყანაში კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი იყო.[40]

დასკვნა

საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების ხელისშემშლელ პროპაგანდას. ამის გარდა, რუსეთის ფედერაციის მიერ გრძელდება საინფორმაციო ომი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში, რითაც საფრთხე ექმნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ერთიანობას. რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების ერთიანობის შესუსტებას, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას და ევროკავშირისა და ნატოსადმი მხარდაჭერის შემცირებას.[41]

როგორც ვხედავთ, რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებასთან ერთად ჩნდება მასთან ბრძოლის აუცილებლობაც. ამ მხრივ, კი, აღსანიშნია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ.  საყურადღებოა, რომ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრება წარმოადგენს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს, რასაც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, ქვეყანამ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი საერთო ცივილიზაციისა და ღირებულებების მქონე ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, მოქალაქეებმა იცხოვრონ გარე საფრთხეებისგან დაცულ, განვითარებულ, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში.  აქედან გამომიდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს  მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის შემცირება და  სტრატეგიული კომინიკაციების გაუმჯობესება.

„რუსული რბილი ძალა“  წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. აშკარაა, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში პროპაგანდის მსხვერპლთა რაოდენობა უკიდურეს ნიშნულზეა. ამის ფონზე უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოებმა მოახდინონ  შესაბამისი რეაგირება და გადადგან რეალური ნაბიჯები პროპაგანდასთან ბრძოლის მიმართულებით. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებისა, კვლავინდებურად მაღალია რუსეთის გავლენა ქვეყანაში.აუცილებელია დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ პრობლემის სახელმწიფო დონეზე აღიარების ხაზგასმა. ამ მიმართულებით კი, არანაკლებ მნიშვნელოვანია მასმედიასა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების როლი.

მოვუწოდებთ რა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს დასავლეთის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრაქტიკა რუსეთის  „რბილი ძალისა“ და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მხარდაჭერა და მისი ეფიქტიანობის გაზრდა.

 

ავტორი:  ლუკა დანელია

სსიპ 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის N75 საჯარო სკოლის XI კლასი

 


ბიბლიოგრაფია:

 

 

[1]Nye Jr. Joseph, Reviewed by G. John Ikenberry, “Soft Power: The Means to Success in World Politics”, Foreign Affairs, June 2004; Available at – https://www.foreignaffairs.com/reviews/capsule-review/2004-05-01/soft-power-means-success-world-politics

[2] Nye Jr. Joseph, “Think Again: Soft Power”, Foreign Affairs, February 23, 2006;  ხელმისაწვდომია აქ- http://foreignpolicy.com/2006/02/23/think-againsoft-power/

[3] Joseph S. Nye, “The future of soft power in US foreign policy.” in Soft Power and US Foreign Policy (Routledge, 2010). 16-23.

[4]  Burlinova Natalia, “Russian Soft Power is just like Western Soft Power but with a twist”, Russia Direct, April 7, 2015;

[5] კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა-IDFI (ლევან ავალიშვილი, გიორგი ლომთაძე და სანდრო ქევხიშვილი.) https://idfi.ge/ge/informational-war-of-kremlin-against-georgia-the-necessity-of-having-state-policy-against-propaganda

[6] კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა”– IDFI https://idfi.ge/ge/informational-war-of-kremlin-against-georgia-the-necessity-of-having-state-policy-against-propaganda

[7] https://on.ge/story/65167- პრორუსული-პოლიტიკური-პარტიები-ანტიდასავლური-პროპაგანდა-და-ჩინეთ-საქართველოს-ურთიერთობები-gwb-ის-მესამე-გამოცემა

[8] https://on.ge/story/28032-ნინო-ბურჯანაძის-ანტიდასავლური-და-პრორუსული-ნარატივი-რუსულ-სახელისუფლებო-არხზე – ნინო ბურჯანაძის ანტიდასავლური ნარატივი რუსულ სახელისუფლებო არხზე

[10] https://www.ifact.ge/aliansi/  Homeმთავარი “პატრიოტთა ალიანსის” არაპატრიოტული საქმიანობა

[11] https://on.ge/story/65167-პრორუსული-პოლიტიკური-პარტიები-ანტიდასავლური-პროპაგანდა-და-ჩინეთ-საქართველოს-ურთიერთობები-gwb-ის-მესამე-გამოცემა

[12] „რუსეთის რბილი და ხისტი ძალა საქართველოს წინააღმდეგ“- IDFI (ავტორი: გიორგი ლომთაძე) https://idfi.ge/ge/russias_soft_and_hard_power_in_georgias

[13] თამუნა გეგენიძე- „ როგორ მოვიგერიეთ კიბერთავდასხმა და პროპაგანდა 2008 წელს“ https://www.mythdetector.ge/ka/myth/rusuli-propaganda-2008-agvistos-da-omis-shemdeg

[14] „რუსული რბილი ძალა საქართველოში“- © Heinrich-Böll-Stiftung   ხელმისაწვდომია აქ- https://ge.boell.org/ka/2017/10/16/rusuli-rbili-zala-sakartveloshi-shedegebi-shezgudvebi-da-samomavlo-saprtxeebi

[15] ევროკავშირსა და ნატოში სქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის,იხ: http://bit.ly/34OrGxv

[16] საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგია 2017-2020, იხ: https://mod.gov.ge/uploads/archive/documents/strategia_geo.pdf

[17] თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017-2020, იხ:   https://mod.gov.ge/uploads/public/strtegiebi_kocefciebi/SDR_17-20.pdf

[18] 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, იხ: http://bit.ly/36R5uEU

[19]  საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ იხ:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/3548407?publication=1

[20] ანგარიშები ხელმისაწვდომია, იხ: https://ssg.gov.ge/page/info/reports

[21]  GSAC (2019) „რბილი ძალა“ თუ ჰიბრიდული ომი? როგორ განმარტავს საქართველოს ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში ამ ორ ტერმინს და შესაბამის საფრთხეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სფეროების ოფიციალურ დოკუმენტების დონეზე (2-5), იხ: http://bit.ly/32hkbPc

[22] ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის იხ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3650131?publication=0

[23] ხელმისაწვდომია https://police.ge/

[24] ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/projects/kiberdanashauli/shinagan-saqmeta-saministrosmier-gankhortsielebuli-ghonisdziebebi

[25] ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/ministry/structure-and-offices/tsentraluri-kriminaluri-politsiisdepartament

[26] ხელმისაწვდომია: https://police.ge/files/kriminaluri.pdf

[27] ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/ministry/structure-and-offices/saeqsperto-kriminalistikurimtavari-sammartvelo

[28] ხელმისაწვდომია:  https://police.ge/files/video%20image/saeqsperto.pdf

[29] ხელმისაწვდომია: https://police.ge/files/proeqtebi_reporma%20photos/organizebuli-danashauli/kiberdanashauli-informacia-biznesistvis.pdf

[30] ხელმისაწვდომია http://www.dea.gov.ge/?web=0&action=0&lang=geo

[31] ხელმისაწვდომია https://www.facebook.com/certgovge

[32] ხელმისაწვდომია http://www.parliament.ge/uploads/other/112/112761.pdf

[33] ხელმისაწვდომია: http://www.parliament.ge/uploads/other/112/112770.pdf

[34] საქართველოს პარლამენტი (2019) „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხების შესახებ თემატური მოკვლევის ჯგუფი”, იხ: http://bit.ly/2EziS40

[35]  საქართველოს პარლამენტი (2019) „საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი თემატურ მოკვლევაში მონაწილე ორგანიზაციებისთვის კითხვარი“, იხ: http://bit.ly/2QuTVvc

[36] ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3650131?publication=0

[37]  https://transparency.ge/sites/default/files/dezinpormaciis_cinaagmdeg_brzola_sakartveloshi-web_0.pdf  დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

[38] უკრაინის ომი რუსულ პროპაგანდასთან- https://www.amerikiskhma.com/a/ukraines-fight-against-disinformation/5771849.html

[39] „რუსეთის თემა მიუნხენის კონფერენციის ანგარიშებში” (ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი)   https://www.gfsis.org/ge/publications/view/2783

[40] „უკრაინის ომი რუსულ პროპაგანდასთან“- https://www.amerikiskhma.com/a/ukraines-fight-against-disinformation/5771849.html

[41] ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3650131?publication=0