E ISSN 2587-5396

რუსეთის კიბერ აგრესია – გამოწვევა ნატოსთვის

21/04/2021 By yatage

რუსეთის კიბერ აგრესია – გამოწვევა ნატოსთვის

კიბერტექნოლოგიების განვითარებამ და გავრცელებამ შექმნა ახალი სააფრთხეები და შესაძლებლობები საერთაშორისო არენაზე.  შესაბამისად, კიბერსივრცე გახდა ის განზომილება, რომელშიც ბრძოლა, შეიარაღება ასიმეტრიულია და ასეთ სიტუაციაში რთულია განისაზღვროს, ვინ ძლიერია და ვინ – სუსტი, ასევე ძნელია პროგნოზის გაკეთებაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიბერსივრცე სამხედრო დოქტრინაში განისაზღვრა, როგორც კონფლიქტის ახალი სფერო. კიბერსივრცეში აქტორებს მარტივად შეუძლიათ  ვინაობის დაფარვა და მათი გამოვლენა სირთულეებთანაა დაკავშირებული.[1] სწორედ კიბერსივრცე გახდა ასპარეზი იმ სახელწიფოებისა, რომლებიც ცდილობენ, ტექნოლოგიური განვითარების საშუალებით გაუტოლდნენ მათზე ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებს.[2] ასეთ ქვეყნებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ რუსეთიც, რომლისთვისაც კიბეროპერაციები დიდი ხანია საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა. მისთვის კიბერშეტევები გახდა ეფექტური საშუალება პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. იგი სწორედ ამ მეთოდით ცდილობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ თუ  პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას. შესაბამისად, ნატოსთვის რუსეთის კიბერაგრესიასთან გამკლავება დიდი გამოწვევაა.

სტატიაში  საუბარი იქნება რუსეთის კიბერშესაძლებლობების შესახებ, განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს და დავადგენთ მის მოტივებს. ასევე სტატიაშივე შევეხებით ნატოს კიბერშესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებს რუსეთის კიბერაგრესიასთან მიმართებით.

1.   რუსეთის მოტივები და კიბერ შესაძლებლობები

როგორც  ცნობილია, პირველი კიბერშეტევა 1986 წელს მოსკოვმა განახორციელა  აშშ-ს სამხედროების წინააღმდეგ, ხოლო 90-იან წლებში, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, რუსეთმა აქტიურად დაიწყო კიბერჯაშუშობის იარაღის დახვეწა. [3] შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი 2013 წლის მოხსენებაში საუბრობს პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად არასამხედრო ჰიბრიდული მეთოდების გამოყენების მნიშვნელობაზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი კიბერშეტევებსა და შპიონაჟს ომის ნაწილად მოიაზრებს. კრემლის სადაზვერვო სამსახურებში მრავალი კიბერდანაყოფი არსებობს, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიურია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო (“გრუ”), რომელიც ძირითადად სამხედრო-სადაზვერო საქმიანობაზეა პასუხისმგებელი და კინეტიკური და ციფრული საშუალებების გამოყენებით ახორციელებს საინფორმაცია და დივერსიულ ოპერაციებს. ასევე „გრუ“ იყენებს ჰაკერულ დაჯგუფებებს, როგორებიცაა: Sofacy/Fancy Bear და Sandworm.[4]

რუსეთი ხშირად ქირაობს კიბერკრიმინალურ დაჯგუფებებს. მაგალითად, 2008 წლის საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმებში ერთ-ერთ მთავარ აქტორად ითვლება რუსული ბიზნესქსელი – RBN, რომელსაც მჭირდო კავშირი ჰქონდა კრემლთან.[5] ეს მეთოდი რუსეთს აძლევს საშუალებას, მარტივად უარყოს მოქმედებები კრემლიდან, შეამციროს ხარჯები და გაუფრთხილდეს რეპუტაციას. კრემლი ხშირად ახერხებს ყველა შესაძლო კვალის დაფარვას, რომელმაც შეიძლება დააკავშიროს დამნაშავეები რუსეთის სახელმწიფოსთან.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოსთვის რუსეთის კიბერაგრესია უცხო არ არის და მათ არაერთი კიბერშეტევა განუხორციელებიათ პროპაგანდისა თუ გარკვეული ინფორმაციის მოპოვებისთვის. რუსეთის მხრიდან კიბერშეტევებთან გამკლავება ხშირად უწევს უკრაინასაც. უკრაინამ  2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაადასტურა 2000-მდე  კიბერშეტევა.[6] ასევე ხშირად ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი, ჩაერიოს ამა თუ იმ სახელმწიფოს საარჩევნო პროცესებში.   ქვემოთ განვიხილავთ ნატოს წევრ-ქვეყნებზე, ესტონეთზე, მონტენეგროსა და პოლონეთზე, კიბერთავდასხმების მაგალითებს და გავაანალიზებთ რუსეთის მცდელობებს, გამოიყენოს კიბერაგრესია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

1.1 კიბერთავდასხმა ესტონეთზე

აუცილებელია, გავიხსენოთ 2007 წლის კიბერთავდასხმა ესტონეთზე რუსეთის მხრიდან. შეგვიძლია, რომ  ეს მოვლენა ჩავთვალოთ, როგორც ბიძგი, სტიმული ნატოსა და ესტონეთისთვის, რათა მათ კიბერთავდაცვის სფერო უფრო განევითარებინათ. 2004 წელს ესტონეთი ნატოს წევრი ქვეყანა  გახდა. იგი მიიჩნეოდა ნატოსთვის პოტენციურ საფრთხედ, რადგან რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციას შეეძლო ნატოს მე-5 მუხლის გააქტიურება, თუმცაღა დღესდღეობით ესტონეთი ნატოს ორგანიზაციის კიბერუსაფრთხობის სფეროში ერთ-ერთი მთავარი და გამოცდილი წევრია.[7] კიბერთავდასხმას წინ უძღოდა ესტონეთში საბჭოთა ძეგლის – ბრინჯაოს ჯარისკაცის მონუმენტის აღება, რაც რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა და ამას სადამსჯელო ღონისძიებებით უპასუხეს.2007 წლის 27 აპრილს რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ ესტონეთის მთავრობის, პარლამენტის, ბანკების, სამინისტროების, გაზეთებისა და მაუწყებლების ვებგვერდებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ურმას პაეტმა კრემლი დაადანაშაულა კიბერშეტევების ორგანიზებაში, მაგრამ ესტონეთმა ვერ წარმოადგინა რუსეთის მთავრობის მონაწილეობის მტკიცებულება და 2007 წლის სექტემბერში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები თავდასხმების რუსეთის მთავრობასთან დასაკავშირებლად. 2009 წლის მაისში კონსტანტინე გოლოსკოკოვმა, კრემლის მომხრე მოძრაობის (ნაში) ერთ – ერთმა აქტივისტმა, Financial Times–ს განუცხადა, რომ ის 2007 წელს ესტონეთზე კიბერშეტევების სერიის უკან იდგა. გაუგებარია მისი ამ აღიარების მოტივი, თუმცა მისი ინტერვიუ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ,,ნაშის“ საშუალებით კრემლი ნამდვილად მონაწილეობდა ესტონეთზე კიბერშეტევებში.[8]

სწორედ ამ კიბერშეტევების შემდეგ, ნატომ კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით კიბერთავდაცვის ცენტრი შექმნა ესტონეთში. შესაბამისად, ესტონეთი არის ის ქვეყანა, რომელიც კიბერუსაფრთხოების დაცვაზე დიდ რესურსებს ხარჯავს და რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაც უკავია.[9] მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ისიც, რომ 2008 წელს ტალინში გაიხსნა ნატოს კოოპერატიული კიბერთავდაცვის ცენტრი, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება კვლევებზე, კიბერთავდაცვის შესწავლასა და  ტექნიკური მხარის დახვეწაზე. [10]

1.2 კიბერთავდასხმა მონტენეგროზე

რუსეთი მონტენეგროს შიდა საქმეებში აქტიურად მას შემდეგ ჩაერია, რაც ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. რა თქმა უნდა, ნატოსთვის მონტენეგროს გაწევრიანება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია მოიპოვებდა სრულ კონტოლს ადრიატიკის ზღვაზე. კრემლისთვის კი პოდგორიცა ყოველთვის წარმოადგენდა ინტერესის სფეროს. კრემლისთვის “გრუს” მართული ოპერაციები მიმართული იყო მონტენეგროში პრორუსული მთავრობის მოსასვლელად და ჩრდილოატლანტიკური გეზის შეცვლისთვის. ზუსტად საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე “გრუს” ოპერატორებმა არჩევნების ხელისშეშლის მიზნით ეფექტური კიბერშეტევა განახორციელეს მონტენეგროს უმსხვილეს [11]ტელეკომზე, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების საიტებზე, მედიაპლატფორმებზე და სხვ.

შესაბამისად გადაწყდა, რომ 2019 წელს მონტენეგრო შეუერთდებოდა ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრს, რომელიც დაარსებულია ესტონეთში კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის.ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კიბერთავდაცვის ცენტრში ჩართვა მონტენეგროს საშუალებას მისცემდა, განევითარებინა თავისი  შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოებაში.[12]

რუსეთი ცდილობს ბალკანეთის ქვეყნებში ანტიდასავლური იდეების პროპაგანდას, რათა ევროპული დემოკრატიის იმიჯის შელახოს. როგორც ჩანს, კრემლი იმედოვნებდა, რომ შეანელებდა რეგიონის ინტეგრაციას. მოსკოვმა უარყო ამ კიბერთავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობა.

1.3 კიბერთავდასხმა პოლონეთზე

აღსანიშნავია პოლონეთზე კიბერთავდასხმის შემთხვევაც. ნატომ უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შესაკავებლად პოლონეთში გიაზარდა ნატოს საპასუხო ძალების (NRF) დანაყოფები და ასევე შეიქმნა მაღალი მზაობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. კრემლმა კი კიბერთავდასხმების მეშვეობით ინფორმაციია მოიპოვა პოლონეთის მთავრობის ვებგვერდებიდან და შეძლო ნატოს ჯარებიდან მომდინარე საფრთხეების მონიტორინგი. მსგავსი რეაქცია ჰქონდა რუსეთს მაშინაც, როდესაც პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად იყო ქვეყანაში ამერიკული ბაზა განეთავსებინა გაზრდილი კონტიგენტით. კრემლის ჰაკერებმა მოახერხეს პოლონეთის ელიტური სამხედრო აკადემიის ვებგვერდზე შეღწევა და განათევსეს აშშ-ს მადისკრიმინირებელი წერილი, რომლის მიზანი იყო აშშ-ს და პოლონეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა.

როგორც ჩანს, რუსეთი კიბერსივრცეს პოლიტიკური გავლენისა და მანიპულირების ინსტრუმენტად იყენებს. აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ რუსეთის კიბერაქტივობები უკვე დიდი ხანია,  რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების არეალს გასცდა და ხშირად ერევა ევროპისა თუ აშშ-ს საარჩევნო პროცესებში. [13] აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით 2020 წლის დეკემბერში აშშ-ზე კიბერშეტევების უკანაც რუსეთი იდგა. როგორც სჩვევია, კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.[14]  ასევე რუსეთს კიბერშეტევები განუხორციელებია  გერმანიის, ფინეთის[15], გაერთიანებული სამეფოსა[16] და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგაც.

2.   ნატოს კიბერშესაძლებლოები

კიბერუსაფრთხოების მხრივ, ნატომ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია თავისი სტრუქტურის, პოლიტიკისა და დოქტრინების მიხედვით. ორგანიზაცია კიბერთავდაცვის შესაძლებლობებს 1990-იანი წლებიდან აუმჯობესებს. უნდა ითქვას, რომ კიბერუსაფრთხოება ნატოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ის წარმოადგენს ორგანიზაციის ქვაკუთხედის, კოლექტიური თავდაცვის ნაწილს. შესაბამისად, მასშტაბური და გამანადგურებელი კიბერშეტევების შემთხვევაში შეიძლება განხილული იყოს  ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედება. ნატო იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას იმისთვის, რომ  გაუმკლავდეს დიდ კიბერსაფრთხეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ალიანსს. [17]

პირველი ცნობილი კიბერშეტევა 1999 წელს მოხდა კოსოვოში ნატოს ოპერაციის “მოკავშირეთა ძალების” დროს, როდესაც რუსეთისა და სერბეთის ჰაკერულმა ჯგუფებმა  ნატოს შიდა სისტემები მოშალეს. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს, პრაღის სამიტის შემდეგ,  კიბერუსაფრთხოების საკითხებმა ნატოს პოლიტიკური დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. იმავე წელს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ (NAC) დაამტკიცა კიბერთავდაცვის პროგრამა და ამის ფარგლებში შეიქმნა ნატო-ს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი (NCIRC) კიბერინციდენტების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.[18]

2009 წლის სტრასბურგის სამიტზე ნატო – ს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან კიბერთავდაცვა ალიანსის განუყოფელ ნაწილი იქნებოდა და განავითარებდნენ საერთაშორისო თანამშრომლობას არა მარტო ნატო – ს წევრ – ქვეყნებს შორის, არამედ აუცილებლად პარტნიორ ქვეყნებთანაც. შესაბამისად,  ალიანსი ხშირად ახორციელებს   მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების  „კიბერუსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის განვითარებისა და კიბერსაფრთხეებზე ექსტრემალური რეაგირების ჯგუფის შექმნისკენ.“[19]

როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთის კიბერთავდასხმებმა ესტონეთის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებზე მისცა ბიძგი ორგანიზაციას, რომ ყურადღება გაეფართოვებინა კიბერთავდაცვაზე. 2007 წლის ივნისში ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაადგინეს, რომ ამ სფეროში მეტი ძალისხმევა იყო საჭირო. კიბერშეტევებმა ესტონეთისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოიწვია ის, რომ მეტი ყურადღება დაეთმო კიბერთავდასხმების სახიფათო შედეგების მოკვლევას. მალე ნატო-ში მოხდა სტრატეგიული ცვლილება, რაც ითვალისწინებდა ნატოს კიბერთავდაცვის ახალი პოლიტიკის გაძლიერებას.[20] ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უნდა განემტკიცებინათ ურთიერთობა ნატოსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის კიბერთავდაცვის საკითხში.

2010 წლის ლისაბონის სამიტის დეკლარაციის მიხედვით, კომპლექსური კიბერშეტევები მოითხოვს ძლიერ დაცვას ალიანსის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებისთვის[21].  2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში ნატოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ: „კიბერშეტევები სულ უფრო ხშირი, უფრო ორგანიზებული და უფრო ძვირი ხდება და მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მთავრობის ადმინისტრაციებს, ბიზნესს, ეკონომიკას…. მათ შეუძლიათ მიაღწიონ ზღვარს, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ და ევროატლანტიკურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ” [22] 2011 წლის 8 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს ნატოს განახლებული პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს კიბერთავდაცვის ზომებს მთელ ალიანსში. [23]

ასევე 2014 წლის ივნისში ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს ალიანსის მესამე გაძლიერებული კიბერთავდაცვის პოლიტიკა. უელსის სამიტზე დამტკიცებული ახალი პოლიტიკა ცხადყოფს, რომ კიბერთავდაცვა არის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ძირითადი ამოცანა – ნატოს ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების კოლექტიური თავდაცვის პუნქტი (მე-5 მუხლი) კიბერშეტევის შემთხვევაში. ნატოს პრიორიტეტული მიმართულებებია: კიბერთავდაცვის სტრუქტურების გამარტივება, მოკავშირეთა შესაძლებლობების განსაზღვრა ნატოს თავდაცვის დაგეგმვის პროცესის (NDPP) მეშვეობით, ინფორმაციის გაზიარების გაუმჯობესება და წევრი ქვეყნების დახმარების პროცედურების შემუშავება.[24]

2016 წლის ვარშავის სამიტზე  კი კიბერსივრცე ოპერაციის მეხუთე დომენად  აღიარეს, რაც დაემატა ხმელეთის, ზღვის, ჰაერისა და კოსმოსის არსებულ დომენებს.[25]

მკვლევარი პირეტ პერნიკი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ნატომ უნდა იფიქროს,  თუ როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება და შეამციროს სხვაობა ტექნიკურ და სტრატეგიულ დონეებს შორის. ასევე ის აღნიშნავს, რომ საერთო კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან. ნატომ და ევროკავშირმა უნდა შეძლოს კოორდინაცია და ერთობლივი ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავება.[26]

მართლაც, ნატო ცდილობს, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას მეტი პრაქტიკულობა შესძინოს კიბერსივრცეში, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტი, რომ 2020 წლის ივნისში ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ  შეუძლია გამოიყენოს შესაძლებლობების სრული სპექტრი კიბერსივრცის ჩათვლით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კიბერშეტევების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა COVID-19-ის პირველი ტალღის დროს. როგორც ვხედავთ, ნატო მზად არის გამოიყენოს არა მხოლოდ კიბერძალა, არამედ საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო შესაძლებლობები კიბერშეტევების საწინააღმდეგოდ. ამრიგად, ნატო განიხილავს ყველა ოპერაციული დომენის ინტეგრირებულად გამოყენებას შეკავებისა და თავდაცვის მიზნით.[27]

კოლექტიური თავდაცვის გამოყენების საკითხი კვლავ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან არაა გამჟღავნებული, თუ რა კიბერმასშტაბებზე უნდა ამოქმედდეს იგი. ჯეიმ შეამ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია გაურკვეველი, ბუნდოვანი უნდა დარჩეს, „რათა პოტენციურ აგრესორებს არ გაუჩნდეთ იდეა, რომ დაუსჯელად შეუძლიათ გარკვეულ დონეზე განახორციელონ კიბერშეტევები.”[28] მე-5 მუხლის ამოქმედებას ართულებს ის საკითხიც, რომ შემტევი აქტორის კიბერსივცეში გამოვლენა და იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. ამის შესახებ ზემოთ უკვე იყო მსჯელობა.

რაც შეეხება ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებს კიბერთავდაცვის განვითარებასთან დაკავშირებით, ნატო მზადაა, ეს ურთიერთობები გააღრმავოს და ითანამშრომლოს გაეროსთან და ევროპის უსაფრთხოებისა და თანაშრომლობის ორგანიზაციასთანაც. [29]

ნატო დიდ ყურადღებას აქცევს ტექნოლოგიური განვითარების საკითხსაც. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „კიბერსივრცე ახალი ბრძოლის ველია და ნატო ამისთვის მზადაა  – კარგი რესურსები, გაწვრთნა და კარგი აღჭურვა – მთავარი პრიორიტეტებია”. შესაბამისად, 2020 წლის NATO2030 Reflection Group– ის მოხსენება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს Emerging and Disruptive Technologies  (EDT) განვითარებას. EDT– ში კიბერთავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ხელოვნური ინტელექტი (AI) პრიორიტეტად ითვლება.  სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ კიბერსაფრთხეები უფრო საშიში გახდება ახალი ტექნოლოგიების განვითარებით. მისი თქმით, მსგავსი ტექნოლოგიები ძირეულად ცვლის ომის ხასიათს და ნატო ეგუება ამ ახალ რეალობას. აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რა თქმა უნდა,  მომავალში კიდევ ერთხელ იქნება განსაზღვრული და ნატო დიდ ყურადღებას დაუთმობს კიბერთავდაცვას, ზოგადად კიბერ დომენსა და EDT– ს, როგორც ჩინეთთან და რუსეთთან დაპირისპირების კიდევ ერთ სფეროს.[30]

დასკვნა

ამრიგად, რუსეთისთვის კიბერსივცე ის ასპარეზია, სადაც ცდილობს  გაატაროს საკუთარი პოლიტიკა. ხშირ შემთხვევაში მისი კიბერაგრესია მიმართულია იმისკენ, რომ დაასუსტოს ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნები და გავლენა იქონიოს მათ შიდა პოლიტიკურ წესრიგზე. შესაბამისად, ნატოსთვის კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა, რათა გამკლავებოდა რუსეთისგან თუ სხვა ქვეყნებისგან მომდინარე კიბერაგრესიას.  მე-5 მუხლის საკითხი კვლავ საკამათოა კიბერსივრცეში არსებული მრავალი პრობლემის გამო, იქნება ეს დამნაშავეების ამოცნობის სირთულე, კიბერშეტევების მასშტაბების განსაზღვრა, აქტორთა ძალის, შეიარაღების ასიმეტრიულობა თუ სხვა.

სტატიაში განხილული იყო რუსეთისა და ნატოს კიბერშესაძლებლობებიც. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნატოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებები ეფექტურია, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი განვითარება და წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მაქსიმალური ჩართულობა. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება და სხვა ორგანიზაციებთან მჭირდო ურთიერთობაც. ესტონეთის, მონტენეგროსა და პოლონეთის მაგალითზე დავინახეთ, რომ კიბერშეტევაზე დროული რეაგირებით და შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია კიბერთავდაცვის განვითარება და დახვეწა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. Active Engagement, Modern Defence: Strategic Concept for the Defence and Security of the Members of the North Atlantic Treaty Organisation adopted by Heads of State and Government in Lisbon”. Accessed March 20 https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_68580.htm
  2. Balkan Insight, “Montenegro to Join NATO Cyber-Defence Centre”, accessed March 16, 2020  https://balkaninsight.com/2018/07/23/montenegro-to-beef-up-cyber-defence-by-joining-nato-center-07-20-2018/
  3. BBC new “US cyber-attack: Russia ‘clearly’ behind SolarWinds operation, says Pompeo“ , accessed March 16, 2021 https://www.bbc.com/news/world-us-canada-55374945
  4. Betz, David J., and Stevens Tim. Cyberspace and the State: Toward a Strategy for Cyber-power,
  5. Canbolat, Mustafa, Sergin, Emrah. IS NATO ready for a cyberwar? (Naval Postraduate School, 2016)
  6. Dean, Alexander. Cyber Threats Against the North Atlantic Treaty Organization (NATO) and Selected Responses, Routledge2014
  7. Hasan, Arifan. Ibrahim, Khayal. Saleh, Sadi. The Evolution of NATO’s Cyber Security Policy and Future Prospects (2019),
  8. NBC News, “Timeline: Ten Years of Russian Cyber Attacks on Other Nations” accessed April 2, 2021 https://www.nbcnews.com/storyline/hacking-in-america/timeline-ten-years-russian-cyber-attacks-other-nations-n697111
  9. NBC News, “Russian launched cyberattacks and disinformation campaigns on UK, study says” accessed April 2, 2021 https://www.nbcnews.com/news/world/russia-launched-cyberattacks-disinformation-campaigns-u-k-according-study-n1234436
  10. Marrone, Alessandro. Sabatino, Ester., Cyber Defense in NATO Countries: Comparing Models, IAI – Instituto Affari Internazionali, 2021
  11. Pepescu, Nicu and Secrieru. Stanisla Hacks, leaks and disruptions: Russian cyber strategies, 2018
  12. Pernik, Piret. Improving Cyber security: NATO and the EU, International Center For Defence Studies, 2014
  13. Shea, Jamie. “How is NATO Meeting the Challenge of Cyberspace?”, The Fifth Domain No. 2, 2017
  14. ბერუაშვილი, შოთა, კიბერდანაუშალი და კიბერტერორიზმი XII საუკუნის მთავარი საფრთხე, თბილისის ღია უნივერსიტეტი, 2019
  15. გიგაური, მარიამ. “კიბერუსაფრთხოების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგის ტრანსპორმაციაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018
  16. გოცირიძე, ანდრია, რუსული დესტრუქციული კიბეროპერაციებისგან თავდაცვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2019
  17. კირკიტაძე, მამუკა. სამხედრო კიბეროპერაციები, როგორც რუსეთის იარაღი ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური დღის წესრიგის შესაცვლელად, საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2020
  18. მშვიდონაძე, ხათუნა. გლობალური მნიშვნელობის კიბერდომეინი და ახალი გამოწვევები შესაცვლელად, საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2013
  19. სვანაძე ვლადიმერ,გოცირიძე ანდრია. კიბერ თავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2015

[1] David J.Bets  and Lim Stevans, Cyberspace and The State: Toward a Strategy for Cyber-power  (Routledge, 2011), 9

[2]  მარიამ გიგაური, “კიბერუსაფრთხოების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგის ტრანსპორმაციაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018, 15

[3] Nicu Pepescu and Stanisla Secrieru  Hacks, leaks and disruptions: Russian cyber strategies   (2018) p:5

[4] მამუკა კირკიტაძე, სამხედრო კიბეროპერაციები, როგორც რუსეთის იარაღი ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური დღის წესრიგის შესაცვლელად (საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2020) გვ.3

[5] ხათუნა მშვიდონაძე, გლობალური მნიშვნელობის კიბერდომეინი და ახალი გამოწვევები შესაცვლელად (საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2013), გვ.9

[6] Jamie Shea “How is NATO Meeting the Challenge of Cyberspace?”, The Fifth Domain (2017), No. 2

[7]მარიამ გიგაური, “კიბერუსაფრთხოების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგის ტრანსპორმაციაზე” , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018, 31

[8] Nicu Pepescu and Stanisla Secrieru, Hacks, leaks and disruptions: Russian cyber strategies   (2018) p:5

[9] შოთა ბერუაშვილი, კიბერდანაუშალი და კიბერტერორიზმი XII საუკუნის მთავარი საფრთხე (თბილისის ღია უნივერსიტეტი, 2019), 37

[10] მარიამ გიგაური, “კიბერუსაფრთხოების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში: კიბერუსაფრთხოების გავლენა ნატოს დღის წესრიგის ტრანსპორმაციაზე” , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018,31

[11] მამუკა კირკიტაძე, სამხედრო კიბეროპერაციები, როგორც რუსეთის იარაღი ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური დღის წესრიგის შესაცვლელად (საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2020) გვ.3

[12] “Montenegro to Join NATO Cyber-Defence Centre”, Balkan Insight, accessed March 16, 2020 https://balkaninsight.com/2018/07/23/montenegro-to-beef-up-cyber-defence-by-joining-nato-center-07-20-2018/

[13] ანდრია გოცირიძე, რუსული დესტრუქციული კიბეროპერაციებისგან თავდაცვის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები (საქართველოს სტატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, 2019)

[14]  ““ BBC news, accessed March 16, 2021

https://www.bbc.com/news/world-us-canada-55374945

[15] Timeline: Ten Years of Russian Cyber Attacks on Other Nations accessed April 2, 2021

https://www.nbcnews.com/storyline/hacking-in-america/timeline-ten-years-russian-cyber-attacks-other-nations-n697111

[16] Russian launched cyberattacks and disinformation campaigns on UK, study says accessed April 2, 2021

https://www.nbcnews.com/news/world/russia-launched-cyberattacks-disinformation-campaigns-u-k-according-study-n1234436

[17] Piret Pernik, Improving Cyber security: NATO and the EU (International Center for Defence Studies, 2014), 4

[18] Piret Pernik, Improving Cyber security: NATO and the EU (International Center for Defence Studies, 2014), 17

[19] ვლადიმერ სვანაძე, ანდრია გოცირიძე, კიბერ თავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2015), 157-160

[20] Dean C. Alexander, Cyber Threats Against the North Atlantic Treaty Organization (NATO) and Selected Responses (2014), 21

[21] Dean C. Alexander, Cyber Threats Against the North Atlantic Treaty Organization (NATO) and Selected Responses (2014), 21

[22]“Active Engagement, Modern Defence: Strategic Concept for the Defence and Security of the Members of the North Atlantic Treaty Organisation adopted by Heads of State and Government in Lisbon”.Accessed March 20 https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_68580.htm

[23] Mustafa Canbolat, Emrah Sergin, IS NATO ready for a cyberwar? (Naval Postraduate School, 2016), 38

[24] Piret Pernik, Improving Cyber security: NATO and the EU (International Center For Defence Studies, 2014), 6

[25] Mustafa Canbolat, Emrah Sergin, IS NATO ready for a cyberwar? (Naval Postraduate School, 2016), 15-16

[26] Piret Pernik, Improving Cyber security: NATO and the EU (International Center For Defence Studies, 2014), 57

[27] Alessandro Marrone, Ester Sabatino, Cyber Defense in NATO Countries: Comparing Models (IAI – Instituto Affari Internazionali, 2021), 3-4

[28] Arifan Hasan, Khayal Ibrahim, Sadi Saleh, The Evolution of NATO’s Cyber Security Policy and Future Prospects (2019), 98

[29] Alessandro Marrone, Ester Sabatino, Cyber Defense in NATO Countries: Comparing Models (IAI – Instituto Affari Internazionali, 2021), 9

[30] Alessandro Marrone, Ester Sabatino, Cyber Defense in NATO Countries: Comparing Models (IAI – Instituto Affari Internazionali, 2021), 4-5