E ISSN 2587-5396

სამმხრივი პრიზმა – საქართველო, ევროკავშირი და დღევანდელი პოლიტიკური კლიმატი, რომელსაც რუსეთი რეგიონში აყალიბებს

19/04/2021 By yatage

სამმხრივი პრიზმა – საქართველო, ევროკავშირი და დღევანდელი პოლიტიკური კლიმატი, რომელსაც რუსეთი რეგიონში აყალიბებს

შესავალი

მსოფლიოსში ყველაზე მჭირდო ეკონომიკური გაერთიანება ევროკავშირი თავისი გეოპოლიტიკითა და საგარეო პოლიტიკით საკმაოდ კომპლექსური ხასიათის მატარებელია. იგი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ზემოქმედებს, როგორც ცალკეულ სახელმწიფოებზე, ასევე პირიქითაც. დაბალგანვითარებული ქვეყნების, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მთავარი მისწრაფება/სახელმწიფო კურსი მათი ღირებულებებიდან გამომდინარე დასავლეთია, შესაბამისად  საქართველო მომართულია ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ იმდენაც, რამდენადაც ეს მას შეუძლია. მის ამ სახელმწიფო კურსს კი კონსტიტუცია უდევს საფუძვლად. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გარდა შიდა ინსტიტუციური პრობლემებისა (რომლებიც ეტაპობრივად გვარდება), აგრეთვე სახელმწიფოს გარეთ არსებული პრობლემებითაა გარშემორტყმული. ქვეყანას 4 მეზობელი სახელმწიფო ჰყავს, ესენია: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. რასაკვირველია, მათ თავიანთი შეხედულებები და მიზნები გააჩნიათ რეგიონთან მიმართებაში. კვლევისას ძირითადი აქცენტები რუსეთს ეხმაურება, ორი მიზეზის გამო: ვინაიდან იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა და საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 % ოკუპირებული აქვს.
გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირი ცენტრისტული პოლიტიკის პირმშოა, ხაზგაზმით უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული თემის ანალიზისას არ გამოვლინდება ევროცენტრისტული ხასიათი. შესაბამისად, ნაშრომში განხილულია რუსეთის ფაქტორიც, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ძლიერი მოწინააღმდეგეა. სანამ უშუალოდ მსჯელობაზე გადავიდოდეთ უნდა აღინიშნოს გლობალიზაციის პოპულარიზაციის ფართომასშტაბური ხასიათი, რომელმაც XXI საუკუნეში დედამიწის თითოეული კუნჭული მოიცვა. ნაშრომში უდიდესი ყურადრება ეთმობა გეოპოლიტიკასა და რუსეთის მიერ ჩამოყალიბებულ იმ პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც ახდენს პირდაპირ თუ ირიბ გავლენას საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

კველვაში განხილული ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამართლებრივი ფორმები. ევროგაერთიანების საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, რუსეთის გეოპოლიტიკური ზრახვები, როგორც სამხრეთ კავკასიაში, აგრეთვე დასავლეთითაც. აღსანიშნავია, რომ უდიდესი ყურადღება ეთმობა უახლეს წარსულს, რომელსაც ქვევით განვილივთ.

1.   საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები: დასავლური კურსი

ევროკავშირი არ უნდა გავაიგივოთ ერთფეროვან ტერიტორიად, რომელზედაც მცხოვრები მოსახლეობა ერთი ღირებულების, მსოფლხედველობისა თუ ტრადიციების მატარებელია, მათი ეს ცხოვრებისეული ასპექტები განსხვავებულია. სწორედ ასეთია მისი სლოგანიც ,,მრავალფეროვნება ერთიანობაში“. რატომ მიისწრაფვის საქართველო ევროპისაკენ? რატომაა მისთვის პრიორიტეტული ევროინტეგრაცია? საქართველო, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თავს ევროპულ ქვეყნად, მაშასადამე ევროკავშირის „მემკვიდრედ“ თვლის. ევროკავშირი საქართველოს ისტორიული, ცივილიზებული არჩევანია. ქართული დემოკრატია-პირველი რესპუბლიკა საინტერესო დემოკრატიული მოდელი იყო იმდროინდელ ევროპაში.

მნიშვნელოვანია ის პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ორგანიზაცია ატარებს. ეკონომიკურმა მოდელმა, რომელიც ევროკავშირს აქვს არჩეული, მის წევრებს ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეიბის მშენებლობის შესაძლებლობა მისცა. ისეთი მნიშვნელოვანი და კომპლექსური პროცესის შეფასებასა თუ ანალიზში, როგორიც ევროპეიზაციაა, საჭიროა საკითხისადმი სიღრმისეული მიდგომა. საქართველოს მოცემული კურსის რეალიზებისას ბევრი გამოწვევა ხვდება, რომელსაც იგი ინტენსიურ რეჟიმში ებრძვის. ევროკავშირში საქართველო სექტორალურად უნდა ინტეგრირდეს. ქვეყნის საგარეო კურსი ცალსახად დასავლურია და იგი თანხვედრაში მოდის დასავლურ მხარესთან, ამას საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობაც ადასტურებს.[1] ევროკავშირი, მსოფლიო დონეზე ყველაზე წარმატებული და მჭიდრო გაერთიანებაა, რომლის წევრობა გარანტია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისა. იგი უზრუნველყოფს, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ინტიტუტების მდგრადობას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2014 წელს, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდგომ ახალ, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. ასოცირების ხელშეკრულება მთავარი სამართლებრივი ჩარჩო-დოკუმენტია, რომელიც მათ შორის ურთიერთობებს არეგულირებს. მისი ძირითადი მისწრაფებები, ადამიანის უფლებები და მათი დაცვა, დემოკრატიულობა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარებაა. ასოცირების შეთანხმების პირველ თავში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ იგი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად მზარდი ოკუპაციის პირობებში. შეთანხება თანასწორუფლებიანობას ითვალისწინებს და იგი მოიცავს ყველა სფეროსა და სექტორს, როგორც შრომითი უფლებების მიმსგავსებას, ასევე საპარლამენტო დონეზე ჰარმონიზებას. რა სარგებელს მოუტანს ასოცირების შეთანხმება საქართველოს? დარგობრივი ინტეგრაციის შედეგად საქართველოს ინსტიტუტებში დანერგილი ევროპული სტანდარტები უნდა იქნეს დაცული, ნაწარმად კი ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას, შრომის უსაფრთხოებას, ძლიერ ეკონომიკასა და სხვა ბევრ სიკეთეს მივიღებთ.[2]

მოგეხსენებათ ევროინტეგრაცია და ზოგადად ევროკავშირი მისი ბუნებიდან გამომდინარე მძლავრ ეკონომიკურ ფაქტორებს მოიაზრებს. ევროკავშირს აქვს უზარმაზარი ბაზარი, რომელიც თავის მხრივ მაღალ სტანდარტებს გულისხმობს. საქართველოსთვის კი პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ვაჭრობის დივერსიფიცირება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, გულისხმობს საქონლისა და მომსახურეობის ვაჭრობის ლიბერალიზაციას. აღნიშნულმა საქართველოს საშუალება მისცა ეწარმოებინა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ევროპული ბაზარი კი ცხადია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორი გახდა. დღეის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე თავისი პროდუქტი 850-მდე ექსპორტიორს გააქვს[3], რაც მართლაც რომ დიდი მიღწევაა.  ამ შეთანხმების პირობებში, საქართველოში დამზადებული პროდუქტის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გატანა, სატარიფო ბარიერების მოხსნას ითვალისწინებს, ხოლო იგი თავის მხრივ ევროსტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობს.[4]

საქართველო გეოგრაფიულად დაშორებულია ცენტრალური და დასავლეთ ევროპისგან, თუმცა მას საშუალება გააჩნია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან წყლის მეშვეობით მჭიდრო კავშირი დაამყაროს, მხედველობაში მაქვს ბულგარეთი და რუმინეთი. ზოგადად წყალთან ტერიტორიულ სიახლოვეს ძალიან დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ამიტომ, შავი ზღვის რეგიონალური უპირატესობა მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, საქართველოს ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის დასაჩქარებლად. სიტუაცია მახსენებს, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის სიტყვებს- ,,მთები, მთა-გორიანი ადგილები ხალხებს ერთმანეთთან აშორებენ, ხოლო წყლები კი აახლოვებენ“.[5] (ჩიტაძე, 2011) თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპასთან დაკავშირება შეუძლებელია. ამ კუთხით შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საავიაციო, ასევე სარკინიგზო რესურსები.

2.   ევროგაერთიანების საგარეო პრიორიტეტული მიმართულებები

მონეტას ორი მხარე აქვს. ასოცირების შეთანხმება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც საკმაოდ ხელსაყრელია, ამიტომაც ევროპული მხრიდან საქართველო გარკვეული პროგრამებითაც, ისეთები როგორებიცაა, EU4ENERGY და სხვა იღებს დიდ დახმარებას. ზოგადად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ტენდენციური და კომპლექსური ხასიათისაა. იცვლება გაფართოების პოლიტიკა, ეკონომიკური მიდგომები, გაღვივებულია ევროსკეპტიციზმი და ამას ისიც ემატება, რომ ორგანიზაციას ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი ტოვებს. BREXIT-ის სახით ევროკავშირს გაუჩნდა ახალი გამოწვევა, როგორც ორგანიზაციის შიდასაქმიანობის კუთხით, აგრეთვე საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც.  აღსანიშნავია, ის გეოპოლიტიკური და ჰიბრიდული დაპირისპირებები, რომელსაც რუსეთი სხვადასხვა, ევროპული ღირებულებების მატარებელ, სახელმწიფოსთან აწარმოებს თავისი ინტერესთა არეალის გასაფართოებლად. Covid-19 პანდემიის პირობებში სახელმწიფო/ორგანიზაციების ხედვები და სტრატეგიები გადათამაშდა, შესაბამისად ჯანდაცვამ პრიორიტეტულ საკითხთა შორის წინ გადმოინაცვლა და საგრძნობლად გაიზარდა ამ კუთხით სახელმწიფო რესურსთა მობილიზაცია. აგრეთვე, ნატოსთან უსაფრთხოების საკითხების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა. ეს არის ის ძირითადი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მისწრაფებები, რომლებიც ევროკავშირს დღეს გააჩნია.

თანამედროვე მსოფლიოში ენერგეტიკული მოთხოვნილებები და ენერგომოხმარება მზარდი ხასიათისაა. ევროგაერთიანების პრიორიტეტული მიმართულებებიდან უნდა გამოიყოს ენერგეტიკის დარგი, ვინაიდან იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვექტორს ევროპასა და კავკასიას შორის. უკანასკნელ ათწლეულებში ევროკავშირი უფრო მეტად კონცენტრირებული გახდა ენერგოუსაფრთხოებაზე იმიტომ, რომ ენერგიამ თითოეული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის არსებითი როლი შეითავსა. შესაბამისად, ევროპული ოჯახის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიცირებაა, რომელზედაც იგი აქტიურად მუშაობს. სადემონსტრაციოდ  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“[6], რომელიც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების თვალში ევროკავშირის მხრიდან არასწორი ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის დიდ ნაწილს რუსეთთან ენერგოთანამშრომლობის კუთხით საკმაოდ „მწარე“ გამოცდილება აქვს, ისეთი ევროგაერთიანების გენერატორი სახელმწიფოები, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია მომხრენი არიან კრემლთან მსგავსი ურთიერთოებების გაღრმავების.

3.   რუსეთის გეოპოლიტიკური ზრახვები: ევროპული ღირებულებების ბარიკადი

ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო, მისი რეგიონალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ისტორიულადაც და თანამედროვეობაშც, ორი ან რამოდენიმე დაპირისპირებული ძალის ინტერესთა არეალში ექცევა. კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეზობლობა საქართველოსათვის მწარე მოცემულობაა, იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც მოსკოვი მასზედ ახორციელებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე რთული ურთიერთობა რუსეთს საქართველოსთან აქვს. რუსეთს არამარტო საქართველოს ტერიტორიები, არამედ მისი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ცნობიერებაც, საბჭოთა კავშირის „წყალობით“, ოკუპირებული აქვს. იდეალისტია ყველა ის ადამიანი ვისაც სწამს, რომ რუსეთს საქართველოსთან პარიტეტული ურთიერთობა სურს. კრემლის ინტერესებში რაღა თქმა უნდა არ შედის დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და სუვერენული საქართველოს ხილვა. ამის გარანტი კი საქართველოსთვის პირდაპირპროპორციულად ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაა. ნათელსაყოფად უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი წინააღმდეგობა სწორედ აქ მოდის. ჰეგემონური პოლიტიკის გასატარებლად მოსკოვი თავის რამდენიმე ბუფერულ როლში მყოფი მეზობლის საზღვრებს ეჭვის თვალით უყურებს, რაც ცხადია მასზე სუსტ სახელმწიფოებს საფრთხის განცდას უქმნის.

საქართველოს შემთხვევაში, „მწარე“ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მას გამოვლილი აქვს, იგი შიშსაც კი იწვევს და შესაბამისად ფერხდება ინტეგრაციული პროცესი. ამ პროცესის მთავარი პრობლემა თავის მხრივ კი ისაა, რომ ვერ ხერხდება ისეთი გზისა ან ძალის მონახვა, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემდა გარდამტეხი ევროპული ნაბიჯები გადაედგა ევროკავშირისაკენ ისე, რომ მისი ტირანი მეზობლის საყვედური ან/და არაჰუმანური ქმედებების სურვილი უგულებელეყო.

„დასავლელ ანალიტიკოსებში არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ვერ განთავისუფლდა იმპერიული კომპლექსებისგან და ვერ ეგუება „დეიმპერიალიზაციას“, ანუ გავლენის სფეროების დაკარგვას“.[7] მაშასადამე, იგი ცდილობს ყოფილ საბჭოთა რეგიონებზე ბატონობის აღდგენას. კრემლი გეოპოლიტიკური ზრახვების სისრულეში მოყვანას სხვადასხვა სტრატეგიული ხისტი პილიტიკის გატარებით ახერხებს ისეთებით, როგრებიცაა ომი, ეკონომიკური ზეწოლა და სხვა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის დიდ შემაფერხებლად გვევლინება არის რუსეთის “წყურვილი“ რეგიონის დესტაბილიზაციისა, რაც თავისი ინტერესების გამოძახილია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური მდგრადობის დიდი წილი ევროპაში, როგორც ენერგოპროდუქტებისა და სხვა საქონლის ექსპორტის ხარისხსა და სიდიდე/რაოდენობაზეა დამოკიდებული, მოსკოვს სურს რეგიონის დესტაბილიზაცია, რაც მას მისცემს საშუალებას გახდეს ერთადერთი მსხვილი ენერგოექსპორტიორი სახელმწიფო ევროპაში. ამის შედეგი იქნება უფრო მარტივად მართვადი, სუსტი, ეკონომიკურად არამდგრადი მეზობლები, რომლებსაც დახმარების სათხოვნელად ისევ რუსეთთან მოუწევთ მისვლა. შესაბამისად კიარ შესუსტდება არამედ გაიზრდება მისი გავლენა რეგიონზე.

აუცილებელია აღინიშნოს ენერგეტიკული თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამა „INOGATE“[8], რომელსაც დღეს საქართველოს ენერგეტიკის მდგრადი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობას და მისი წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ენერგეტიკული პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს რეგიონული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების მიზნით ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფა და იგი ფინანსდება ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის მეშვეობით.

ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპა-აზია-კავკასიის სტრატეგიული დერეფანი, ეგრედ წოდებული „TRACECA“[9]. ეს დერეფანი მოიაზრებს ყველა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, იქნება ეს საზღვაო, საავტომობილო, საჰაერო თუ სარკინიგზო. ეს თავის მხრივ საშუალებას მისცემს უფრო დიდი რაოდენობის საქონელი იქნას გატანილი აღმოსავლეთიდან დასავლეთში მინიმალური საფრთხისა და დანახარჯების პირობებში. მოცემული პროექტის გათვალისწინებით საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა უნდა ჰარმონიზდედს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. აღნიშნულზე რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის მის სახელმწიფო ინტერესებთან, ვინაიდან სუსტდება მისი გავლენას რეგიონზე, რადგანაც იგი არ იქნება მთავარი პროვაიდერი, ერთადერთი მსხვილი გზაგამტარი, აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ამ ყველაფერთან ერთად საქართველოს დასავლური კურსი,  კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის მტრულ ბუნებას, რაც გამოიხატა ამ ორ მხარეს შორის ომშიც, რომელიც 2008 წელს მოხდა, ცნობილი როგორც „აგვისტოს ომი“. საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოგვევლინა პირველ ქვეყნად, სადაც რუსეთმა საკუთარი საზღვრების გარეთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აწარმოა ომი. ეს თავის მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება იყო პოსტაბჭოთა და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყურადსაღებად, რასაც ედო ის ქვეტექსტი, რომ რუსეთი არ მისცემდა არცერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს საშუალებას, რომ დასავლურ სამხედრო ალიანსში ჩართულიყვნენ და იგი მოახდენდა მკაფიო, რადიკალურ რეაგირებებს ამის საწინააღმდეგოდ.

აღსანიშნავია soft power-ით განპირობებიული ჰიბრიდული ომიც, რომელიც დღესდღეობით რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს. ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია რეგიონის არასტაბილური ხასიათისა, იგულისხმება ყარაბაღის კონფლიქტი. მთიან ყარაბაღში 2020 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ რამეზე მოახდინა გავლენა. მაგალითად აქამდე აზერბაიჯანი რუსული არმიის დანაყოფების გარეშე არსებობდა, ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა, რაც ცხადია პრორუსული პოლიტიკის ნაწილია და ემსახურება რეგიონში ფესვების უფრო ღრმად გადგმის პოლიტიკას. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი რეგიონში დროდადრო შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციების სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად გამოყენებას საკმაოდ პროდუქტიულად ახერხებს. მისი გავლენის სფერო დიდია და მის მიერ განხორციელებული, ეგრედ წოდებული რბილი ძალის პოლიტიკა (soft power) ძლიერი. კრემლის რბილი ძალის პოლიტიკაში იგულისხმება ისეთი ზეგავლენის ინსტრუმენტები, როგორებიცაა დეზინფორმაცია, Fake News და პროპაგანდა, რომელსაც იგი ასე აქტიურად ახორციელებს, მაგალითისთვის ტროლ-ბოტებს მოვიყვან. რეალურად თუ შევხედავთ რუსეთის სამხედრო დანაყოფები საქართველოს ფაქტობრივად გარშემორტყმული ჰყავს, ნაწილი კი უშუალოდ მის ტერიტორიებზე დგას, მხედველობაში მაქვს მოსკოვის მიერ ოკუპიაციაში მყოფი 20%-ი. ეს გარემოება მახსენებს ალფრედ მეჰენის სტრატეგიული თავდასხმის გეგმას, რომელსაც მან „ანაკონდის პრინციპი“[10] უწოდა. ამ გეგმის იდეა საზღვაო და სახმელეთო ზოლებში ტერიტორიულ ბლოკადას მოიაზრებს, ეგრედ წოდებული “მოგუდვის“ პოლიტიკას.

4.   გარეშე დემოკრატიული ძალის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირის სამოქმედო დიაპაზონი რეგიონში შეზღუდულია, იგი ძირითადად ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობას გულისხმობს და არ მოიაზრებს უსაფრთხოებას. ცხადია ევროკავშირი თავისი ბუნებითა და არსით არაა კონფლიქტოლოგი და მას არ შეუძლია შეაკავოს რუსეთი რეგიონში. სავარაუდოა რომ რეგიონის ნებისმიერი ქვეყნის კონფლიქტის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საქართველო, აზერბაიჯანი თუ სხვა, ევროკავშირი პასიურ როლს შეითავსებს. ცხადზე ცხადია, რომ მხოლოდ დიპლომატიური პროცესები არაა საკმარისი ამ რეალობის შესაცვლელად და საჭიროა მესამე მხარე, რომელიც დაეხმარება ისეთ სუსტ ქვეყანას ასეთ პრობლემებთან გასამკლავებლად, როგორიც საქართველოა. სწორედ ამაში აქვს უდიდესი როლი ნატოს. ალბათობა მისა, რომ საქართველო მიიღებს ნატოსა და ევროკავშირისგან გარკვეულ გარანტიებს უსაფრთხოების შესახებ არსებობს, თუმცა არაპროფესიონალური და არარეალისტური იქნება მოლოდინი, რომ ახლო მომავალში შესაძლოა გაჩნდეს საქართველოში ამერიკული ბაზები. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის, მმართველობის შედეგად დიდი ზიანი მიადგა ევროატლანტიკას იმ კუთხით, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანწილად შეამცირა ეკონომიკური კონტრიბუცია ნატოში. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 3 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩი საქართველოში საერთოდ არ ჰყავდა. არსებობს დასაბუთებული პროგნოზი და იკვეთებოდა გაკვეული კონტურები იმისა, რომ ჯო ბაიდენი საერთაშორისო ურთიერთობებს დიდ ყურადღებას დაუთმობდა და დააბრუნებდა ამერიკას მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომელიც ტრამპა თავის დროზე დატოვა. მართლაც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საგარეო მიმართულებით და დიდ ყურადღებას უთმობს ევროატლანტიკას. მტკიცებულებაა იმისა, რომ მოგეხსენებათ საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად ნატოსგან ეგრედ წოდებულ „არსებით პაკეტს“[11] იღებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინს 2020 წლის, 2 დეკემბერს განახლდა და გაძლიერდა. ეს გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახლემწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბჭოზე მიიღეს. მოცემული გარემოება დადებითად შეაფასა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, დავით ზალკანიანმა-,,ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვისურარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიონის თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან’’[12].  მოსაზრებაზე დაყრდნობით, ვაცხადებ, რომ საქართველომ აქტიურად უნდა გააგრძელოს მუშაობა ევროატლანტიკური მიმართულებით, რადგან ეს რეგიონული არასტაბილურობის პრევენცირებას გულიხმობს, ხოლო სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე. რეგიონული არასტაბილურობა ვფიქრობ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მთავარ გამოწვევად რჩება, რომელიც ბუნებრივია გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა ინსტიტუტებზეც.

დასკვნა

საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი კავკასიის რეგიონია. თავისი 4 მეზობელი სახელმწიფოდან არც ერთი არ ცხოვრობს ევროპული პრინციპებისდა შესაბამისად, რასაც ზოგადი პოლიტიკური ფონიც ადასტურებს. მიუხედავად ამისა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები გრძელდება და დღესდღეობით იგი უმაღლეს ნიშნულზეა. ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 40-45 % უკვე შესრულებულია. აღსანიშნავია, რომ გაერთიანება, როგორც საქართველოს, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მით უფრო ასოცირებულ სახელმწიფოებს დიდ დახმარებას უწევს სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, თუმცა მისი გენერირების დიაპაზონი რეგიონში შეზღუდულია. ის მთავარი ბერკეტები კი, რომელიც რეგიონის პოლიტიკურ ლანდშაფტზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კრემლის ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი, ანგარიშგასაწევი ძალის მქონე, თურქეთი რეგიონში ერთგვარი სტაბილურობის „მცველის“ როლი უნდა ჰქონდეს შეთავსებული, მოსკოვი მაინც ახერხებს თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად „ბოროტად“ გამოიყენოს მის ხელთ არსებულ სიძლიერე, რაც მრავალჯერ უკიდურეს ფორმებშიც კი ვიხილეთ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან გაძლიერდეს თანამშრომლობა დასავლურ მხარესთან, აგრეთვე მოხდეს შავი ზღვის რესურსის ათვისება, რომელიც დაეხმარება ქართულ მხარეს ევროპასთან სხვადასხვა სახის კომუნიკაციის გაღრმავებაში. შეჯამების სახით, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული „დიპლომატიური ვაკუუმი“, სციენტისტურად, რომ ითქვას „ძალის ვაკუუმის“ პირმშოა, რომელიც პოლიტიკურ კლიმატს აყალიბებს რეგიონში და მნიშვნელოვანწილად აფერხებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს.

 

ავტორი: გოჩა მიქაუტაძე


გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჩიტაძე ნ. (2011) „გეოპოლიტიკა“
  2. ლებანიძე ბ., გრიგალაშვილი მ. (2018) „ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში“http://gip.ge/wp-content/uploads/2018/09/Report_Geo_2018_Web.pdf
  3. Kakachia K., Meister S., Fricke B. (2018) GEOPOLITICS AND SECURITY: A New Strategy For the South Caucasus”https://www.kas.de/c/document_library/get_file?uuid=2f9dd8c1-e978-38a0-2d50-7daedd5b5e9a&groupId=252038
  4. ჯამბურია ლ. (2019) „რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“https://openscience.ge/bitstream/1/1695/1/Lia%20Jamburia%20Samagistro%20.pdf
  5. უტიაშვილი შ. (February 13, 2017) „ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე“https://www.gfsis.org/ge/blog/view/668
  6. „ნატო-საქართველოს განახლებული პაკეტი დამტკიცდა“ (December 3, 2020) Accessed March 27, 2021 – https://civil.ge/ka/archives/385464
  7. საქართველოს პარლამენტი (June 27, 2014) „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0
  8. ზალკალიანი დ. (December 2, 2020) Accessed March 27, 2021– https://1tv.ge/news/davit-zalkaliani-chven-ukve-gvaqvs-nato-saqartvelos-gadzlierebuli-arsebiti-paketi-romelic-kidev-ufro-gvaakhlovebs-aliansis-wevrobastan/
  9. „TRACECA”-ის ოფიციალური ვებ-გვერდი Accessed March 27, 2021 – http://www.traceca-org.org/en/countries/
  10. „INOGATE“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი Accessed March 27, 2021 – http://www.inogate.org/
  11. „GAZPROM“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, “Nord Stream 2” Accessed March 27, 2021 – https://www.gazprom.com/projects/nord-stream2/
  12. CRRC Georgia, Research by NDI (January 24, 2021) – “New Poll: IN GEORGIA, ECONOMIC CONCERNS PREVAIL; PANDEMIC CHALLENGE AT THE FOREFRONT”https://www.ndi.org/publications/new-poll-georgia-economic-concerns-prevail-pandemic-challenge-forefront
  13. არველაძე გ. (February 11, 2021) „ევროკავშირში საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა“ Accessed April 6, 2021 –http://geoecohub.ge/2021/02/11/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/
  14. “European Union”-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, “What the EU does for its citizens” Accessed April 6, 2021https://europa.eu/european-union/about-eu/what-the-eu-does-for-its-citizens_en
  15. კასრაძე ე. (2019) „2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივები“ – https://openscience.ge/bitstream/1/1669/1/eka%20Kasradze%20Samagistro.pdf

 

 

[1]CRRC Georgia, Research by NDI (January 24, 2021) – “New Poll: IN GEORGIA, ECONOMIC CONCERNS PREVAIL; PANDEMIC CHALLENGE AT THE FOREFRONT” – https://www.ndi.org/publications/new-poll-georgia-economic-concerns-prevail-pandemic-challenge-forefront

[2] “European Union”-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, “What the EU does for its citizens”https://europa.eu/european-union/about-eu/what-the-eu-does-for-its-citizens_en

[3] არველაძე გ. (February 11, 2021) „ევროკავშირში საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა“ http://geoecohub.ge/2021/02/11/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/

[4] საქართველოს პარლამენტი (June 27, 2014) „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

[5] ჩიტაძე ნ. (2011) „გეოპოლიტიკა“

[6]„GAZPROM“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, “Nord Stream 2” –https://www.gazprom.com/projects/nord-stream2/

[7] კასრაძე ე. (2019) „2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივები“https://openscience.ge/bitstream/1/1669/1/eka%20Kasradze%20Samagistro.pdf

[8] „INOGATE“-ის ოფიციალური ვებ-გვერდი – http://www.inogate.org/

[9] „TRACECA”-ის ოფიციალური ვებ-გვერდი – http://www.traceca-org.org/en/countries/

[10] ჩიტაძე ნ. (2011) „გეოპოლიტიკა“

[11]„ნატო-საქართველოს განახლებული პაკეტი დამტკიცდა“ (December 3, 2020) – https://civil.ge/ka/archives/385464

[12] ზალკალიანი დ. (December 2, 2020) – https://1tv.ge/news/davit-zalkaliani-chven-ukve-gvaqvs-nato-saqartvelos-gadzlierebuli-arsebiti-paketi-romelic-kidev-ufro-gvaakhlovebs-aliansis-wevrobastan/