06/04/2021 By yatage
პრევენციული თავდაცვის მნიშვნელობა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისთვის და მისი დასაშვებობა საერთაშორისო სამართალში
შესავალი
დღემდე გრძელდება დაუსრულებელი მსჯელობა პრევენციულ თავდაცვასთან დაკავშირებით. ზოგი მისი დასაშვებობის მომხრეა, ზოგიც კი მოწინააღმდეგე. მომხრეები აცხადებენ, რომ ბირთვულ ეპოქაში ცხოვრება პრევენციული თავდაცვის დასაშვებობას აუცილებელს ხდის, რადგანაც თუკი სახელმწიფოები დაელოდებიან პირველ თავდასხმას, დიდი საფრთხეა, რომ ამან მათი სრული განადგურება გამოიწვიოს. მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ პრევენციული თავდაცვის კონცეფციას საერთაშორისო სამართალში არ აქვს იურიდიული საფუძველი. ისინი ამტკიცებენ, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლი, არ აძლევს სახელმწიფოებს პრევენციული თავდაცვის გამოყენების უფლებას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლება წარმოადგენს ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპიდან მეორე გამონაკლისს, თუმცა საკამათოა თავად ამ უფლების მოცულობა. თავდაცვის უფლების ვიწრო ინტერპრეტაციის შემთხვევაში, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ რეალური შეიარაღებული თავდასხმის დროს. ფართო ინტერპრეტაციის შემთხვევაში კი სახელმწიფომ შეიძლება მიმართოს თავდაცვის პრევენციულ ზომებს, მიუხედავად რეალური შეიარაღებული თავდასხმის არსებობისა.[1]
გაეროს წესდების 51-ე მუხის თანახმად, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება არის ,,თანდაყოლილი უფლება’’. რაც ნათელს ხდის, რომ გაეროს ქარტიაში თავდაცვის უფლების ასახვას აქვს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი და მან უბრალოდ მოახდინა უკვე არსებული უფლების კოდიფიცირება.[2] საინტერესოა, ხომ არ შეზღუდა 51-ე მუხლმა საერთაშორისო ჩვეულებით სამართალში არსებული თავდაცვის უფლების ფარგლები? კონკრეტულად კი, ხომ არ მოიცავდა თავდაცვის უფლება პრევენციული თავდაცვის უფლებასაც? არ არსებობს კონსენსუსი არც ამ საკითხთან დაკავშირებით. გავრცელებული მოსაზრებით, წესდების 51-ე მუხლის მიზანი იყო შეეზღუდა ძალის ცალმხრივად გამოყენება სახელმწიფოთა მიერ. ეს შეზღუდვა შეეხებოდა სწორედ პრევენციული თავდაცვის გამოყენებას. საპირისპირო შეხედულებით კი, ამ მუხლს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია მანამადე არსებულ თავდაცვის უფლებაზე. ნიკარაგუას საქმეში საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა, რომ : ,,საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლითა და გაეროს ქარტიით რეგულირებული სფერო ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს და წესებს არ აქვთ იდენტური შინაარსი.’’[3] თუმცა, ICJ-მ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არ არის აუცილებელი არსებული პრაქტიკა აბსოლუტური სიზუსტით შეესაბამებოდეს სავარაუდო ჩვეულებით წესს.[4]
აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, საბოლოოდ პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: პრევენციული თავდაცვა დასაშვებია და შესაბამისად კანონიერია თუ არა მისი გამოყენება მოქმედ საერთაშორისო სამართალში? მოცემული ნაშრომი სწორედ ამ კითხვაზე ახდენს ფოკუსირებას, განიხილავს პრევენციული თავდაცვის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა ძირითად არგუმენტებსა და სახელმწიფოთა პრაქტიკას.
1. თავდაცვის უფლების ვიწრო ინტერპრეტაცია
თავდაცვის უფლების ვიწროდ ინტერპრეტაციის შემთხვევაში ძალის გამოყენების საფრთხე არ ამართლებს ამ უფლების რეალიზებას. ისინი ვინც ამგვარ ინტერპრეტაციას მხარს უჭერენ აღნიშნავენ, რომ თავდასხმამდე თავდაცვითი ძალის გამოყენება არის საშიში, რადგან სახელმწიფოებმა შეიძლება ეს საბაბად აქციონ სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.[5] ასეთი საბაბით განხორციელებული მოქმედება კი თავად იმ მიზნებს ეწინააღმდეგება, რის გამოც შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. პრევენციული თავდაცვის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ იმასაც, რომ ვიწრო ინტერპრეტაცია შესაბამისობაშია გაეროს წესდების შემქმნელთა მიზნებთან, რომლებსაც სურდათ საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ცალმხრივად გამოყენების მაქსიმალური შემცირება.[6]
ამგვარი ინტერპრეტაციის მომხრეა ცნობილი სწავლული იურისტები, მათ შორის ფილიპ ჯესაპი, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება საფრთხის არსებობის მიჩნევისას არ ამართლებს მის მოქმედებას.[7] იან ბროუნლი მიიჩნევს, რომ 51-ე მუხლი არ უშვებს წინასწარ რაიმე მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას.[8]
პრევენციულ თავდაცვასთან დაკავშირებით წარმოიშვება სირთულე, კერძოდ იშვიათადაა შესაძლებელი სახელმწიფო აბსოლუტურად იყოს დარწმუნებული მეორე სახელმწიფოს რეალურ განზრახვაში. ხომ არ შეიძლება ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოს კაცობრიობის უდიდესი ნაწილის განადგურების უფლება ჰქონდეს მხოლოდ იმის გამო, რომ რადარულ სისტემას ბატის გადაფრენა მტრის რაკეტაში შეეშალა? (წარსულში რადარულ სისტემებს მართლაც მოსვლიათ ასეთი შეცდომები).[9] ცივი ომის დაძაბულობის პერიოდში არც შეერთებულ შტატებს და არც საბჭოთა კავშირს არ უხდებოდათ პრევენციული თავდაცვის იმედად ყოფნა, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მოიპოვა საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა.[10]
თავდაცის უფლების ვიწრო ინტერპრეტაციას ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ საკმაოდ მყარ არგუმენტებთან შეპირისპირება სრულებით შესაძლებელია. პრევენციული თავდაცვის აკრძალვას თუ იმ შიშის გამო დავუჭერთ მხარს, რომ სახელმწიფოებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა სუბიექტურად შეაფასონ მოსალოდნელი თავდასხმა და დაუშვან კიდეც შეცდომა ამ მხრივ, მაშინ ჩნდება კითხვა: თავდაცვა მხოლოდ იმ შემთხვევით რომ შემოიფარგლოს, სადაც შეიარაღებული თავდასხმა რეალურად განხორციელდა, შეცდომა აღარ იარსებებს, თუმცა ამგვარი თავდასხმის შედეგად მიყენებული გამოუსწორებელ ზიანი როგორ აღვადგინოთ? თუ ერთმა სახელმწიფომ საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმების გვერდის ავლით განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა, რასაც მოჰყვა მეორე სახელმწიფოს სრულად ან ნაწილობრივ განადგურება, ,,მსხვერპლ სახელმწიფოს’’ რა რეალურ შედეგს მოუტანს თავდაცვის უფლების განხორციელება? სწორედ ეს კითხვები რჩებათ ღიად მათ ვინც ემხრობა პრევენციული თავდაცვის აკრძალვას და სწორედ იმის გამო, რომ ეს საკითხი გაუთავებელი კამათის საგანია, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა იმის შესახებ, დაშვებულია თუ არა პრევენციული თავდაცვის გამოყენება საერთაშორისო სამართალში.
2. ისრაელი ერაყის ბირთვული რეაქტორის წინააღმდეგ (1981)
სახელმწიფოები პრაქტიკაში იშვიათად იყენებენ პრევენციული თავდაცვის უფლებას, შესაძლოა ამის მიზეზი სახიფათო პრეცედენტის შექმნა იყოს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ ამ უფლების გამოყენების ნათელი მაგალითი იყო ისრაელის მიერ ერაყის ატომური რეაქტორების დაბომბვა 1981 წელს. [11] ისრაელმა სცადა ერაყის ბირთვულ დანადგარებზე თავდასხმის გამართლება, როგორც პრევენციული თავდაცვის ზომა. ისრაელი ელოდა, რომ რეაქტორი მოკლე დროში ამოქმედდებოდა და ერაყი მას გამოიყენებდა მის წინააღმდეგ ატომური ბომბების დასამზადებლად. სახელმწიფოთა წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ იმ წყაროებიდან, რომელთა საიმედოობაც ეჭვს არ იწვევდა.[12] უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად დაგმო ისრაელის ეს მოქმედება და მოუწოდა მას მომავალში თავი შეეკავებინა ნებისმიერი ასეთი მოქმედებისგან. [13] აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ პრევენციული თავდაცვა გამართლებული არ იყო ფაქტებით, inter alia, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ერაყი რეაქტორის ატომური ბომბის დასამზადებლად გამოყენებას აპირებდა, თუმცა მათ არ განუხილავთ საკითხი ექნეობდა თუ არა ისრაელს ამგვარი უფლება, რეაქტორს მისთვის რეალური საფრთხე რომ შეექმნა.[14]
ამ შემთხვევიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პრევენციულ თავდაცვასთან დაკავშირებით მსჯელობა არასრულია. თუმცა, ძალის ცალმხრივი გამოყენება მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა სახელმწიფოში ხდება შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, არ არის საკმარისი იმისათვის რომ წინასწარი თავდაცვითი ზომები იქნას გამოყენებული. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაცული იქნას განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი, რათა არც ერთ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი განუსაზღვრელი ძალაუფლება, რომ ნებისმიერი ,,მოჩვენებითი’’ მიზეზით დაარღვიოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და საფრთხე შეუქმნას სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოებას.
3. შეერთებული შტატების საჰაერო ოპერაცია ლიბიის წინააღმდეგ (1986)
1986 წლის 5 აპრილს დასავლეთ ბერლინში ხალხმრავალი ღამის კლუბი დაბომბეს, რის შედეგადაც 50 ამერიკელი სამხედრო დაზიანდა.[15] აშშ-ს ელჩი გაეროში ამტკიცებდა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ მოიპოვა უდავო მტკიცებულება ლიბიის მიერ დაბომბვაში მონაწილეობის შესახებ.[16] ასევე არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ევროპაში ლიბიის მიერ ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით.[17]
მიუხედავად იმისა, რომ სადავო იყო ლიბიის მონაწილეობა ამ ტერორისტულ აქტში, აშშ-ს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ლიბიისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.[18] ამასთან, მეექვსე ფლოტი გაგზავნა სიდრას ყურესა და ლიბიის სანაპიროების მიმდებარე წყლებში წვრთნების ჩასატარებლად.[19] ლიბია აცხადებდა, რომ სიდრას ყურე იყო მისი შიდა წყლების ნაწილი და უცხო საბრძოლო გემების შემოსვლა ან უცხოური სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა სახელმწიფოს ნებართვის გარეშე იყო დაუშვებელი. ამ პრეტენზიას უარყოფდა აშშ. საბოლოოდ კი, ლიბიის სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ს შენარეთებს, რის საპასუხოდაც მეექვსე ფლოტმა ლიბიის სანაპიროს დანადგარები გაანადგურა. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 1986 წლის 14 და 15 აპრილს, როდესაც აშშ-მ მეექვსე ფლოტის გადამზიდავი თვითმფრინავითა და გაერთიანებული სამეფოს ბაზაზე განთავსებული F-1Il თვითმფრინავით განახორციელა საჰაერო შეტევა.[20] აშშ-მ ეს ქმედება ლიბიის მიერ დაფინანსებული ტერორისტული აქტების წინააღმდეგ პრევენციული თავდაცვის უფლების გამოყენებით გაამართლა.[21]
მალევე უშიშროების საბჭომ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც დაგმობდა აშშ-ს მოქმედებას, თუმცა საბოლოოდ ეს ვერ განხორციელდა, ვინაიდან საბჭოს სამმა მუდმივმა წევრმა მხარი არ დაუჭირა მას.[22]
ლიბიის ტერორიზმში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის გარეშე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო შეერთებული შტატებისთვის და, სავარაუდოდ, ასევე ბრიტანეთის მთავრობისთვის, შეუძლებელია იმის თქმა, კანონიერი იყო თუ არა საჰაერო თავდასხმა ლიბიაზე.[23] თუმცა, ეს საქმე აჩვენებს, რომ სახელმწიფოებს ერთსულოვანი მიდგომა არც მე-20 საუკუნეში ჰქონიათ წინასწარი თავდაცვის ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით.
4. პრევენციული თავდაცვის მომხრეები და მათი ძირითადი არგუმენტები
პრევენციული თავდაცვის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ გაეროს წესდების 51-ე მუხლში აღნიშნულ ფორმულირებაზე ,,თანდაყოლილი უფლება”.[24] ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არ უნდა დაელოდოს თავდასხმას მის ტერიტორიაზე, როგორც ამას ტრადიციული თავდაცვის პარადიგმა გვკარნახობს. 51-ე მუხლი არ აუქმებს ჩვეულებით სამართალში არსებულ იმ უფლებას, რომელიც სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს უპასუხონ გარდაუვალ შეტევებს.[25] ამ მოსაზრებით თავდაცვის უფლება ჩვეულებით ხასიათს ატარებს და 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება მოიცავს თავდაცვის ცნების მხოლოდ ერთ ასპექტს (დაიცვას საკუთარი თავი იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიარაღებული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდება). თავდაცვის ჩვეულებითი უფლება გამომდინარეობს ,,კაროლინის’’ დოქტრინიდან, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული. მათი აზრით, არარეალურია სახელმწიფო იყოს ვალდებული დაელოდოს მის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმის განხორციელებას.[26]
მომხრეთა კიდევ ერთი არგუმენტი ფრაზის ”თუ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა” ანალიზიდან გამომდინარეობს. ნაწილი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული ფრაზა არ არის ექვივალენტი “თუ მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმა მოხდება”.[27] უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალმა მიიჩნია პრევენციული თავდაცვა კანონიერად.[28] სამხედრო ტრიბუნალმა დანიასა და ნორვეგიაში შეჭრასთან დაკავშირებით აღნიშნა: ,, უნდა გვახსოვდეს, რომ წინასწარი მოქმედება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მყისიერი და აბსოლუტური აუცილებლობაა თავდაცვისთვის, ამასთან არ ტოვებს არჩევანის საშუალებას და არც განხილვის დროს.”[29]
კიდევ ერთი არგუმენტია ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპი. მოსამართლე ჰიგინსის მოსაზრებით, ბირთვულ ეპოქაში კეთილგონიერება არ გულისხმობს ორაზროვანი დებულების ისეთ განმარტებას, რომელიც სახელმწიფოსგან მოითხოვს უმოქმედოდ დაელოდოს თავის ბედისწერას მანამ, სანამ მას არ ექნება უფლება თავი დაიცვას. თანამედროვე თავდაცვის უფლების განმარტება მოითხოვს რეალისტურ ინტერპრეტაციას. თავდაცვის უფლების გამოყენების აკრძალვამ შეიარაღებული თავდასხმის დაწყებამდე შეიძლება, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.[30]
პრევენციული თავდასხმის მომხრეთა არგუმენტები მხოლოდ ზემოთ აღნიშნულით არ შემოიფარგლება, თუ უფრო დეტალურად გადავხედავთ მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცე მოსაზრებებს, კიდე უფრო ნათელი გახდება თუ რატომ არის მნიშვნელოვანი 51-ე მუხლის ფართოდ განმარტება. ეს მოსაზრებები უფრო მეტად ასახავს სახელმწიფოების პრაქტიკასა და თანამედროვე სამხედრო ვითარებას, ვიდრე 51-ე მუხლის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც გულისხმობს თავდაცვის უფლების გამოყენებას მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმის განხორციელებისას. დღეს, როდესაც ვითარდება ტექნოლოგიები და ამის ფონზე იცვლება სახელმწიფოთა სამხედრო მოქმედებების ხასიათი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრევენციული თავდაცვითი ზომების გამოყენების დასაშვებობა.
4.1 კაროლინის საქმე (1837)
პრევენციული თავდაცვის დასაშვებობაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს კაროლინის საქმე, რომელსაც თავად ამ კონცეფციის დაარსების საფუძვლად მიიჩნევენ.
ზემო კანადაში, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პროვინციაში, აჯანყებულებმა რევოლუცია მოახდინეს პოლიტიკური სისტემის გამო. 1837 წელს აჯანყებულები გაიქცნენ შეერთებულ შტატებში და სცადეს ახალი ძალების მოძიება დახმარებისათვის. დაარსეს შტაბი საზღვაო კუნძულზე, მდინარე ნიაგარას გადაღმა, სადაც კანადასა და აშშ-ს შორის ნაპირები ძალიან ახლოს მდებარეობდა. შტაბი შეიარაღებულმა პირებმა გააფართოვეს და კაროლინის გემით დაიწყეს მასალებით მომარაგება. [31] ბრიტანეთის გუბერნატორმა შეატყობინა სიტუაციის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორს, თუმცა მისგან არ მიუღია პასუხი. ბრიტანეთის ძალების მეთაური საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ კაროლინის განადგურების შემთხვევაში საზღვაო კუნძულის შემდგომ გაძლიერებას თავიდან აიცილებდნენ.[32] ინგლისელებმა კანადიდან აშშ-ს საზღვარი გადაკვეთეს, კაროლინი ნიუ-იორკის შტატში დააკავეს, ცეცხლი წაუკიდეს და დინების მიმართულებით ისე გაუშვეს, რომ იგი ნიაგარას ჩანჩქერში გადაიჩეხა.[33] ამერიკის ხელისუფლებამ ამ ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთი ბრიტანელი დააპატიმრა, მკვლელობასა და ხანძრის გაჩენაში დაადანაშაულა.
დიდი ბრიტანეთის პროტესტის პასუხად გაგზავნილ კორესპონდენციაში აშშ-ს მდივანმა დენიელ ვებტერმა ისეთი პირობები ჩამოაყალიბა, რომელიც საფუძვლად დაედო პრევენციულ თავდაცვას. ვებსტერის წერილის მიხედვით აუცილებელია არსებობდეს ,,თავდაცვის დაუყოვნებლივი, გადაულახავი საჭიროება, რომელიც არ ტოვებს არც ერთ წუთს განსჯისა და საშუალებათა არჩევისათვის.’’ [34] მიღებული ზომები არ შეიძლება იყოს ,,არაგონივრული ან გადაჭარბებული’, უნდა შემოიფარგლებოდეს ამ საჭიროებით და არ უნდა სცილდებოდეს მის საზღვრებს.[35] დასახელებული პირობები იმ დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღიარა და მიიღო, ხოლო მოგვიანებით იგი მიჩნეულ იქნა როგორც ჩვეულებითი სამართლის ნაწილი.[36]
სწორედ ამ გადაწყვეტილებას იშველიებენ თავიანთ არგუმენტებში პრევენციული თავდაცვის მომხრეები და ხაზს უსვამენ, რომ ჯერ კიდევ გაეროს წესდების შექმნამდე პრევენციული თავდაცვითი ზომების მიღება ჩვეულებითი სამართლის ნაწილი გახლდათ, შესაბამისად წესდების 51-ე მუხლს თუ ვიწროდ განვმარტავთ, მაშინ იგი შეზღუდავს ჩვეულებით სამართალში უკვე აღიარებულ და დამკვიდრებულ წესს.
4.2კაროლინის დოქტრინის მოთხოვნები
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ნიკარაგუის საქმის განხილვისას მიუთითა, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ წესს იმის შესახებ, სახელმწიფომ თუ როგორ უნდა განახორციელოს კონკრეტული იძულებითი ზომა. თუმცა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი განსაზღვრავს, რომ პასუხი შეიარაღებულ თავდასხმაზე უნდა იყოს პროპორციული და აუცილებელი.[37]
ფაქტობრივად, პროპორციულობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს თან ახლავს მესამე კრიტერიუმიც, რაც დაუყოვნებლივი რეაგირების აუცილებლობას გულისხმობს.
4.2.1 აუცილებლობა
,,კაროლინის’’ ფორმულის თანახმად, თავდაცვის აუცილებლობა არ უნდა ტოვებდეს არჩევანის საშუალებას და დროს ფიქრისთვის. ამასთანავე, თავდაცვითი მოქმედება არ უნდა იყოს გაუაზრებელი.[38] თუ არსებობს ნაკლებად მზღუდავი ზომები დავის მოსაგვარებლად, ამ ალტერნატიული გზების გამოყენება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალის გამოყენება უკანონოდ ჩაითვლება.[39]
ზამბიამ, ბოტსვანამ და ზიმბაბვემ მიიტანეს იერიში სამხრეთ აფრიკის ძალებზე, რადგან მათ 1986 წელს საჯაროდ განახორციელეს თავდასხმების მთელი სერია აფრიკის ეროვნული კონგრესის ცენტრების წინააღმდეგ ზემოაღნიშნულ სამივე ქვეყანაში. ზამბიის, ბოტსვანისა და ზიმბაბვის საპასუხო რეაგირება ამ შემთხვევაში აღქმულ იქნა აუცილებლობად.[40]
4.2.2 პროპორციულობა
პრევენციული თავდაცვის კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნაა პროპორციულობა. პროპორციულობა მოითხოვს ორ საპირისპირო მიზანს: მებრძოლთა მინიმალური დანაკარგებით სამხედრო ამოცანების სწრაფად მიღწევასა და მეორე მხარის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას.[41] ეს პრინციპი ზღუდავს თავდაცვით ქმედებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია თავდასხმის მოსაგერიებლად ან შესაკავებლად.[42]
1958 წელს თავდაცვითი უფლების გამოყენების კონტექსტში ტუნისელებთან შეტაკების დროს საფრანგეთი მიუთითებდა, რომ მან თავდასხმის შეჩერების მიზნით ძალა კანონიერად გამოიყენა.[43] ფოლკლენდის კონფლიქტის დროს ბრიტანეთის მოქმედება მიჩნეულ იქნა პროპორციულად მიზნის მიღწევის თვალსაზრისით[44] და მიღებულ იქნა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც არგენტინისგან ფოლკლენდის კუნძულების დატოვებას ითხოვდა.[45]
4.2.3 დროულობა
მესამე კრიტერიუმი ვებსტერის ფორმულიდან მომდინარეობს და ნიშნავს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე თავდასხმის შეჩერების მიზნით, აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას.[46]
დროულობის მოთხოვნა გულისხმობს, რომ ძალის გამოყენებისთვის საჭირო დრო ვერ აიტანს რაიმე დაბრკოლებას, შეფერხებას, თავის დაცვისას კი ხანგრძლივი ლოდინი შეუძლებელია.[47] კანონიერი თავდაცვა არ უნდა იყოს არც ზედმეტად ნაადრევი და არც დაგვიანებული.[48]
შეიძლება დაისვას კითხვა: დროულობის კრიტერიუმი ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა თუ არა, ფართოდ განიმარტოს? იგი ვიწროდ იყო განმარტებული გასული ათწლეულების განმავლობაში.[49]
თანამედროვე პერიოდში, როდესაც ტერორისტები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ეს მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემთხვევაში, ან, დავუშვათ, მათთვის მასობრივი იარაღის გამოსაყენებლად გადაცემისას, ქვეყანამ საფრთხის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ,,საბოლოო შესაძლებლობას’’ და გამოიყენოს ძალა.[50] თუმცა, ამ შესაძლებლობით რეალურად ვერ ისარგებლებს მანამ, სანამ თავდასხმა არ დაიწყება. მაგრამ, თუ თავდასხმის დაწყებას დაელოდება, სახელმწიფო ვერ გადარჩება. შესაბამისად, დროულობის კრიტერიუმი, რომელიც მოითხოვს თავდასხმის დაწყებას, წინააღმდეგობაში მოდის 21- ე საუკუნის გამოწვევებთან.[51] შესაბამისად, დროულობის კრიტერიუმი შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევაში ფართოდ განიმარტოს.
როდესაც ვსაუბრობთ პრევენციული თავდაცვის დასაშვებობაზე ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს ამით უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმის საფუძველზე გადაწყვიტონ გამოიყენონ თუ არ წინასწარი თავდაცვითი ზომები. ასეთი ზომების მიღებამდე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები იქნას დაცული.
დასკვნა
თანამედროვე თავდაცვის კონცეფცია რთული და დამაბნეველია. ყველა ქვეყანა ცნობს თავდაცვის უფლებას გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა, როდესაც საქმე ეხება მისი ფორმულირებიდან რაიმე გადახრას, დავა წარმოიქმნება. დღეს ძირითადი საკამათო საკითხი პრევენციული თავდაცვის საერთაშორისო სამართალში დასაშვებობას შეეხება. ნაშრომიდანაც დადასტურდა, რომ როგორც პრევენციული თავდაცვის მომხრეებს, ისე მის მოწინააღმდეგეებს მყარი არგუმენტები აქვთ თავიანთი პოზიციის დასაცავად. ორივე მოსაზრების მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ ტერმინზე ,,შეიარაღებული თავდასხმა”, რომელიც არ არის განსაზღვრული გაეროს წესდებით.
როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებისა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, პრევენციული თავდაცვა უნდა იქნას დაშვებული საერთაშორისო სამართალში. ომის ახალი მეთოდების გაჩენა და ის ფაქტი, რომ ჩვეულებითი სამართლით გათვალისწინებული თავდაცვის უფლება არ იქნა გამორიცხული გაეროს წესდებით, არის ის ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ტერმინი ,,შეიარაღებული თავდასხმა” უნდა მოიცავდეს გარდაუვალ საფრთხეებსაც. სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ ძალის გამოყენების უფლება გარდაუვალი საფრთხის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუკი იქნება დაცული აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნები. რაც შეეხება დროულობას თუ თავდასხმის დაწყებას დაელოდება სახელმწიფო დიდი შანსია რომ იგი ვერ გადარჩეს. ამდენად, ეს კრიტერიუმი ცალკეულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს ფართოდ.
ჩვეულებითი სამართალი არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო. ,,კაროლინის დოქტრინის’’ გათვალისწინებით სახელმწიფოებს პრევენციული თავდაცვის გამოყენების უფლება აქვთ ზემოთ აღნიშნული პროპორციულობისა და აუცილებლობის კრიტერიუმების დაცვის შემთხვევაში. ეს კრიტერიუმები საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნაწილია, რომლებიც დადასტურებულ იქნა ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერაც. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ მივიჩნევთ რომ პრევენციული თავდაცვა გაეროს წესდებით პირდაპირ არ არის დაშვებული, ეს არც აკრძალულია.
ამ პოზიციას ამყარებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც[52], სადაც 9/11-ს შემდგომი პოლიტიკა განისაზღვრა, რომელსაც „ბუშის დოქტრინასაც“ უწოდებენ.[53] დოქტრინა გულისხმობს პრევენციული თავდაცვის უფლებას აშკარა მუქარის მიმართ, განსაკუთრებით ტერორისტების მიმართ, კერძოდ როდესაც პოტენციურად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მასობრივი განადგურების იარაღი.[54]
ნაშრომში განხილულ საქმეებს აშკარა პასუხი არ გაუციათ ძირითადი კითხვისათვის, თუმცა ამ საქმეებში განვითარებულმა მსჯელობებმა დაადასტურეს, რომ ძალის გამოყენება გარდაუვალი საფრთხეების წინააღმდეგ არ უნდა აიკრძალოს, თუ სახელმწიფოები აკმაყოფილებენ აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.
ტოკიოს ტრიბუნალმა ჯერ კიდევ 1941 წლის დეკემბერში გერმანიის მიერ იაპონიისათვის ომის გამოცხადება გაამართლა თავდაცვის მოტივებით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს იაპონიას გერმანიის ტერიტორიებზე შორეულ აღმოსავლეთში შეტევა განხორციელებული არ ჰქონდა. ისიც საკმარისი იყო, რომ იაპონიას გააჩნდა საომარი მიზნები, ზემოაღნიშნული ტერიტორიების დაპყრობის ჩათვლით, რის თაობაზეც გადაწყვეტილება 1941 წლის 5 ნოემბრის კონფერენციაზე მიიღეს.[55]
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მსჯელობისა, მთავარ კითხვას პასუხი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უნდა გასცეს და უნდა გადაწყვიტოს პრევენციული თავდაცვა კანონიერია თუ არა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თუმცა, ერთი რამ თავისთავად ცხადია, დღეს გაეროს წესდების 51-ე მუხლი უფრო ფართოდ განიმარტება, ვიდრე 1945 წელს და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან წესდების შემქმნელები ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ სამყაროს შეიძლებოდა განვითარების ასეთი ეტაპისთვის მიეღწია. 9/11-ის მოვლენების შემდგომ დავას იწვევდა ის საკითხიც, შეიძლებოდა თუ არა 51-ე მუხლი ტერორისტული თავდასხმების შემთხვევაზეც გაგვევრცელებინა, საბოლოოდ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. მსჯელობა მიმდინარეობს კიბერსივრცეში თავდასხმასთან დაკავშირებითაც, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ის საკითხი, კიბერსივრცეში თავდასხმა შეიძლება თუ არა ექვივალენტი იყოს ,,შეიარაღებული თავდასხმისა’’ და შესაბამისად მასზე გავავრცელოთ 51-ე მუხლი. ამ დაუსრულებელი მსჯელობის ფონზე კი რუსეთი აგრძელებს თავის პოლიტიკას და კიბერ თავდასხმების მეშვეობით ცდილობს თავისი განზრახვების მიღწევას. კიბერ თავდასხმები რომ აშკარა პრობლემაა ეს 2014 წლის მარტის მოვლენებმაც დაადასტურა, როდესაც უკრაინა რუსეთის კიბერ შეტევების წინააღმდეგ პირისპირ აღმოჩნდა. მართალია ამ საკითხის განხილვა სტატიის მიზანი არ არის, თუმცა აღნიშნული მოვლენებიც ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანია ფართოდ განიმარტოს წესდების 51-ე მუხლი, რათა აგრესორი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ,,უდანაშაულო’’ სახელმწიფოებს ჰქონდეთ რეალური ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ექნებათ შესაძლებლობა დაიცვან მოქალაქეების სიცოცხლე და შეინარჩუნონ თავიანთი სახელმწიფოებრიობა.
ავტორი: მარიამ ჩირგაძე
გამოყენებული ლიტერატურა
ქართული ლიტერატურა
- ხათუნა ბურკაძე-,,ძალის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები საერთაშორისო სამართალში’’-თბილისი 2011წ.
- გიორგი ნაკაშიძე- ,,ექსტრატერიტორიული თავდაცვის უფლება დამოუკიდებლად მოქმედი არასახელმწიფო სუბიექტის წინააღმდეგ: ძალის გამოყენების ლეგიტიმური თუ ლეგალური ფორმა?’’, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი N2-2016-N1-2017. თბილისი 2018წ.
- პიტერ მალანჩუკი-,,აკერჰასტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი.’’თბილისი 0179
- რატი ბახტაძე-,,საქართველო და ნატო – ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი და მისი ამოქმედება’’, თბილისი 2015 წ.
უცხოური ლიტერატურა
- Abdul Ghafur Hamid, The legality of anticipatory self-defence in the 21st century world order: a reappraisal, in NILR 2007.
- Glennon Michael, The Fog of Law: Self- Defense, Inherence, and Incoherence in Article 51 of the United Nations Charter, Harvard Journal of Law & Public Policy, Volume 25, 2002.
- Jessup Phillip, A Modern Law of Nations, New York: Macmillan, 1948.
- Brownlie Ian, International Law and the Use of Force by States, Oxford: Clarendon Press, 1963.
- Vaidas Miliauskas-WHETHER INTERNATIONAL LAW ALLOWS PREEMPTIVE USE OF MILITARY FORCE?, Kaunas, 2011.
- A.V. Andreias-,,Anticipatory self-defense in international law: legal or just a construct for using force’’- ANR 267515.
- Jeffrey Allen McCredie-,,The April 14, 1986 Bombing of Libya: Act of Self-Defense or Reprisal’’- School of law-Case Western Reserve University.
- White House Statement (April 14, 1986), reprinted in D ioRmNTr oF STATE Buar. 1 (June 1986).
- Bowett, supra note 49; Tucker, supra note 87.
- Leo van den Hole, Anticipatory self-defence under international law, in 19 Am. U. Int’l L. Rev. 69 2003- 2004.
- Andrew Garwood-Gowers, Self-Defence Against Terrorism in the Post-9/1 l World, (2004) 4(2) QUEENSLAND U. L. & JUST. J. 3,
- Hannes Herbert Hofmeister, Neither the Caroline Formula nor the ‘Bush Doctrine’- An Alternative Framework to Assess the Legality of Preemptive Strikes, 2 U. NEW ENG. L.J. 31 40 2005
- Gray Christine, The Use of Force and International Legal Order, Editor: Malcolm D. Evans, Second Edition, Oxford University Press, 2006
- K. Walker, Anticipatory collective self-defense in the Charter era: what the treaties have said, (1998) 31 Cornell ILJ
- Higgins Rosalyn, Problems and Process: International Law and How We Use It, Clarendon Press, Oxford, 1994.
- Charlotta Nilsson- ,,The Legality of Anticipatory Self-Defence in International Law’’, Faculty of law University of Lund, 2008
- Matthew Waxman-,,The ‘Caroline’ Affair in the Evolving International Law of Self-Defens’’-Hard National Security Choices, 2018.
- Yaroslav Shiryaev- ,, The Right of Armed Self-Defense in International Law and Self-Defense Arguments Used in the Second Lebanon War’’, 2018.
- supra note 7: Abdul Ghafur Hamid.
- Webster, British and Foreign State Papers 1841-1842, Vol 30.1858.
- Malcolm N. Shaw, International Law (4th edn, Cambridge University Press, 1997).
- Green James, Docking the Caroline: Understanding the Relevance of the Formula in Contemporary Customary International Law Comcerning Self-Defense, Cardozo Journal of International and Comparative Law, Volume 14, 2006.
- Timothy L. McCormack, Self-Defence in International Law, 91 A.J.I.L. 57 (1997).
- Gardam Judith Gail, Proportionality and Force in International Law, American Journal of International Law, Volume 87, 1993.
- Schmitt Michael, Preemptive Strategies in International Law, Michigan Journal of International Law, Volume 24, 2002-2003.
- Gardam Judith, Necessity, Proportionality and the Use of Force by States, Cambridge University Press, 2004.
- Schmitt Michael, International Law and the Use of Force: The Jus Ad Bellum, Volume II, September 2003.
- Bakircioglu Onder, The Right to Self-defence in National and International Law: The Role of the Imminence Requirement, Indiana International & Comparative Law Review, Volume, 2009.
- Yoram Dinstein, War, Aggression and Self-Defence, Fourth edition, Fourth edition, Cambridge University Press, 2005, 183
- Fletcher George, Basic Concepts of Criminal Law, Oxford University Press, 1998.
- Blum, The Gulf of Sidra Incident, 80 Ai. J. INT’L L. 668 (1986).
- Bowett, supra note 49; Tucker, supra note 87.
- Webster, British and Foreign State Papers 1841-1842, Vol 30.1858.
- The economic measures against Libya are set out in 25 Irr’L LEGAL MATERALS 173 (1986).
- Schacter Oscar, The Right of States to Use Armed Force, Michigan Law Review, Volume 82
სასამართლო გადაწყვეტილებები
- Case Concerning Military and Paramilitary Activities in and against Nicaragua (Nicaragua V The United States of America), Judgment on Merits, ICJ, 27 June 1986 &176
- ICJ Reports, 1986.
- Nicaragua case, Judge Schwebel’s dissenting opinion, infra, note 75
- Judgment of the International Military Tribunal (Nuremberg), 1 October 1946, reproduced in (1947) 41 AJIL 172– 333.
ნორმატიული მასალა
- N. Doc. S/PV 2682 at 43.
- Statement by U.S. Ambassador Walters, supra note 3, at 20
- Statement by U.S. Ambassador Walters, supra note 3, at 19
- White House Statement (April 14, 1986), reprinted in D ioRmNTr oF STATE Buar. 1 (June 1986).
[1] ხ. ბურკაძე-,,ძალის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები საერთაშორისო სამართალში’’-თბილისი ,,უნივერსიტეტის გამომცემლობა’’ 2011წ. გვ.36
[2] გ. ნაკაშიძე-,, ექსტრატერიტორიული თავდაცვის უფლება დამოუკიდებლად მოქმედი არასახელმწიფო სუბიექტის წინააღმდეგ: ძალის გამოყენების ლეგიტიმური თუ ლეგალური ფორმა?’’, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი N2,2016-N1-2017,თბილისი 2018წ, გვ.45
[3] Case Concerning Military and Paramilitary Activities in and against Nicaragua (Nicaragua V The United States of America), Judgment on Merits, ICJ,27 June 1986 &176
[4] ICJ Reports, 1986, p. 14
[5] Abdul Ghafur Hamid, The legality of anticipatory self-defence in the 21st century world order: a reappraisal, in NILR 2007, at 449-461
[6] Glennon Michael, The Fog of Law: Self- Defense, Inherence, and Incoherence in Article 51 of the United Nations Charter, Harvard Journal of Law & Public Policy, Volume 25, 2002, p. 546.
[7] Jessup Phillip, A Modern Law of Nations, New York: Macmillan, 1948, p. 166
[8] Brownlie Ian, International Law and the Use of Force by States, Oxford: Clarendon Press, 1963, p. 278.
[9] პ.მალანჩუკი-,,აკერჰასტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი’’, გამომცემლობა დიოგენე, თბილისი 0179. გვ. 342
[10] იქვე
[11] V. Miliauskas-,,WHETHER INTERNATIONAL LAW ALLOWS PREEMPTIVE USE OF MILITARY FORCE?’’, Kaunas, 2011, გვ.33
[12] Letter from the representative of Israel to the Security Council, dated 8 June 1981. A/36/313 (S/14510)
[13] V.A.V. Andreias-,,Anticipatory self-defense in international law: legal or just a construct for using force’’- ANR 267515. გვ.34
[14]პ.მალანჩუკი-,,აკერჰასტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი’’, გამომცემლობა დიოგენე, თბილისი 0179. გვ. 344
[15] Statement by U.S. Ambassador Walters, supra note 3, at 20.
[16] Statement by U.S. Ambassador Walters, supra note 3, at 19
[17] Statement by U.S. Ambassador Walters, supra note 3, at 20.
[18] The economic measures against Libya are set out in 25 Irr’L LEGAL MATERALS 173 (1986).
[19] For a convincing refutation of the Libyan claim, see Blum, The Gulf of Sidra Incident, 80 Ai. J. INT’L L. 668 (1986).
[20] Jeffrey Allen McCredie-,,The April 14, 1986 Bombing of Libya: Act of SelfDefense or Reprisal’’- School of law-Case Western Reserve University, გვ.56
[21] White House Statement (April 14, 1986), reprinted in D ioRmNTr oF STATE Buar. 1 (June 1986).
[22] U.N. Doc. S/PV 2682 at 43.
[23] Bowett, supra note 49; Tucker, supra note 87.
[24] Leo van den Hole, Anticipatory self-defence under international law, in 19 Am. U. Int’l L. Rev. 69 2003- 2004, at 80-88.
[25] Andrew Garwood-Gowers, Self-Defence Against Terrorism in the Post-9/1 l World, (2004) 4(2) QUEENSLAND U. L. & JUST. J. 3, at 3; Hannes Herbert Hofmeister, Neither the Caroline Formula nor the ‘Bush Doctrine’- An Alternative Framework to Assess the Legality of Preemptive Strikes, 2 U. NEW ENG. L.J. 31 40 2005, at 40-41
[26] Gray Christine, The Use of Force and International Legal Order, Editor: Malcolm D. Evans, Second Edition, Oxford University Press, 2006 გვ.606
[27] Nicaragua case, Judge Schwebel’s dissenting opinion, infra, note 75
[28] G.K. Walker, Anticipatory collective self-defense in the Charter era: what the treaties have said, (1998) 31 Cornell ILJ at 321–76
[29] Judgment of the International Military Tribunal (Nuremberg), 1 October 1946, reproduced in (1947) 41 AJIL 172– 333, at 205
[30] Higgins Rosalyn, Problems and Process: International Law and How We Use It, Clarendon Press, Oxford, 1994, p. 242.
[31] Charlotta Nilsson- ,,The Legality of Anticipatory Self-Defence in International Law’’, Faculty of law University of Lund, 2008 y. გვ.16
[32] Matthew Waxman-,,The ‘Caroline’ Affair in the Evolving International Law of Self-Defens’’-Hard National Security Choices, 2018. p.3
[33] Yaroslav Shiryaev- ,, The Right of Armed Self-Defense in International Law and Self-Defense Arguments Used in the Second Lebanon War’’, 2018. p.30
[34] See supra note 7: Abdul Ghafur Hamid.
[35] Webster, British and Foreign State Papers 1841-1842, Vol 30.1858. 193
[36] Malcolm N. Shaw, International Law (4th edn, Cambridge University Press, 1997), p. 787
[37] Military and Paramilitary Activities (Nicaragua . v. U.S.), International Court of Justice, Report 14, June 27, 1986, paragraph 194, p.84.
[38] Green James, Docking the Caroline: Understanding the Relevance of the Formula in Contemporary Customary International Law Comcerning Self-Defense, Cardozo Journal of International and Comparative Law, Volume 14, 2006, p.436
[39] Timothy L. McCormack, Self-Defence in International Law, 91 A.J.I.L. 57 (1997).
[40] Green James, Docking the Caroline: Understanding the Relevance of the Formula in Contemporary Customary International Law Comcerning Self-Defense, Cardozo Journal of International and Comparative Law, Volume 14, 2006, p.452
[41] Gardam Judith Gail, Proportionality and Force in International Law, American Journal of International Law, Volume 87, 1993, pp. 408-409.
[42] Schmitt Michael, Preemptive Strategies in International Law, Michigan Journal of International Law, Volume 24, 2002-2003, p.532
[43] Green James, Docking the Caroline: Understanding the Relevance of the Formula in Contemporary Customary International Law Comcerning Self-Defense, Cardozo Journal of International and Comparative Law, Volume 14, 2006, p.459
[44] Gardam Judith, Necessity, Proportionality and the Use of Force by States, Cambridge University Press, 2004, p.159.
[45] Green James, Docking the Caroline: Understanding the Relevance of the Formula in Contemporary Customary International Law Comcerning Self-Defense, Cardozo Journal of International and Comparative Law, Volume 14, 2006, p.459.
[46] Schmitt Michael, International Law and the Use of Force: The Jus Ad Bellum, Volume II, September 2003, p. 93.
[47] Bakircioglu Onder, The Right to Self-defence in National and International Law: The Role of the Imminence Requirement, Indiana International & Comparative Law Review, Volume, p.9, 2009.
[48] Fletcher George, Basic Concepts of Criminal Law, Oxford University Press, 1998, pp. 133-134
[49] Schacter Oscar, The Right of States to Use Armed Force, Michigan Law Review, Volume 82, 1983- 1984, pp. 1634-1635 .
[50] ხ. ბურკაძე-,,ძალის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები საერთაშორისო სამართალში’’-თბილისი ,,უნივერსიტეტის გამომცემლობა’’ 2011წ. გვ.50
[51] Schmitt Michael, International Law and the Use of Force: The Jus Ad Bellum, Volume II, September 2003, p. 93.
[52] Preemptive Action in Self-Defense: National Security Strategy’, (2002) Digest of United States Practice in Intl L 947.
[53] რ. ბახტაძე- ,, საქართველო და ნატო – ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი და მისი ამოქმედება’’, თბილისი 2015 წ. გვ.24
[54] Yoram Dinstein, War, Aggression and Self-Defence, Fourth edition, Fourth edition, Cambridge University Press, 2005, 183
[55] Ibid. იხ.აგრეთვე- A. Verdross/ B. Sinuna. Universelles Volkerrecht Theorie and Practic, 3rd. ed. 1984,288 et.seq.