30/03/2021 By yatage
ქაშმირის კონფლიქტი და ნატოს როლი – პოზიცია კონფლიქტთან მიმართებით
შესავალი
ნაშრომი ეხება ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტს, რომელიც ქაშმირის კონფლიქტის სახელითაა ცნობილი, რა როლი აკისრია ნატოს ამ ხანგძლივი დაპირისისპირების გადაწყვეტაში და როგორია მისი პოზიცია. ნატოს აქტიური დამოკიდებულების ზრდა შეინიშნება 2000-იანი წლებიდან, შესაბამისად განხილული იქნება ამ პერიოდის ურთიერთობები.
ნაშრომში განხილულია 2005 წლის მიწისძვრა ქაშმირში, რომელიც გარდამტეხი მოვლენა იყო ნატო-პაკისტანის ურთიერთობაში. საინტერესოა როგორ და რა მიზეზით განახორციელა ნატომ ჰუმანიტარული მისია პაკისტანში და ამ ფაქტის შეფასებები.
პაკისტანის ისტორიაში ერთ-ერთი ტეხილია ამ სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობა ნატოსთან მოკავშირეობით. ნაშრომი ასევე ეხება ამ საკითხის შეფასებას, რა იყო პაკისტანის თუ ნატოს მიზანი და აშკარად ხომ არ იკვეთება ნატოს პოზიცია ქაშმირის კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს პასუხი შეიძლება გაეცეს არსებული ფაქტობრივი მონაცემების შეჯერებით, რაც მიგვიყვანს დასკვნამდე, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს ნატოს როლს და პოზიციას ქაშმირის კონფლიქტთან მიმართებით.
თავი I- ქაშმირის კონფლიქტში ჩართული აქტორები და მათი პოზიცია
კონფლიქტის საწყისი პერიოდი მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, მას შემდეგ რაც ინდოეთმა და პაკისტანმა 1947 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქაშმირი ამ ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული დავის ობიექტი გახდა.[1] კონფლიქტში ოთხი მთავარი აქტორია ჩართული – ინდოეთის და პაკისტანის მთავრობები, ქაშმირელები და სამხედრო ძალები, რომლებიც მოქმედებენ ქაშმირში.
ინდოეთის მთავრობის პოზიცია ქაშმირზე წარმოდგენილია შემდეგი ასპექტებით: ჯამუ და ქაშმირი ინდოეთის ინტეგრირებული ნაწილია მისი შესვლისთანავე ამრიგად, სახელმწიფოში არსებული კრიზისი ინდოეთის საშინაო საქმეა; პაკისტანმა უნდა დატოვოს ის ტერიტორია, რომელიც უკანონოდ აქვს ოკუპირებული; ნებისმიერი მომავალი დისკუსია ქაშმირის პოზიციაზე უნდა იქნას განხილული მხოლოდ “ინდოეთის კონსტიტუციის” ფარგლებში; ნებისმიერი დისკუსია ქაშმირზე პაკისტანთან მხოლოდ შიმლას ხელშეკრულების პირობებით გაიმართება, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივი მოლაპარაკების ჩარჩოს.[2]
პაკისტანის პოზიცია ქაშმირთან დაკავშირებით ემყარებოდა შემდეგ აღქმებს: ქაშმირის ხალხს უნდა გადაეწყვიტა ჯამუსა და ქაშმირის მომავალი და ინდოეთის შტატში მისი პლებისციტის საშუალებით შეერთება; ვინაიდან ორმხრივი ჩარჩო არ მუშაობდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, მესამე მხარის შუამავლობა არ უნდა ყოფილიყო გამორიცხული.[3]
კონფლიქტის მესამე აქტორია ქაშმირელები. მოსახლეობა შედგება ოთხი ძირითადი ეთნოსისგან: უმრავლესობას წარმოადგენს სუნიტი მუსლიმები, ქაშმირელი ბრაჰმანები ე.წ. პანდიტები, რომლებიც ჯამუს რეგიონში ცხოვრობენ, ბუდისტები, რომლებიც ლადახის რეგიონში ცხოვრობენ და შიიტი მუსლიმები, რომლებიც კარგილში ცხოვრობენ.[4] აქვე უნდა გამოვყოთ სოციალური იდენტობის ფაქტორი. თვითმყოფადობა ან იდენტურობის საფრთხე არის მრავალრიცხოვანი კონფლიქტების საფუძველი. კულტურულმა, ეთნო-ლინგვისტურმა, რელიგიურმა თუ იდენტურობის სხვა ფორმებმა შექმნეს რთული სოციალური რეალობა ქაშმირში.[5]
მეორეხარისხოვანი აქტორებია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყიშში ჯამუს და ქაშმირს განიხილავდა სადავო ტერიტორიად და მოუწოდებდა განეხილათ ქაშმირელი ხალხის მოთხოვნები.[6] ინდოეთის და აშშ–ს შეხედულებები ისლამის საშიშროებაზე ემთხვეოდა. ინდოელებს მიეცათ საშუალება ქაშმირის წინააღმდეგობა მოექციათ ისლამური ექსტრემიზმის, ფუნდამენტალიზმის, ანტიამერიკული და ანტიდასავლური ბრძოლის პრიზმაში. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში, აშშ–ს პოზიცია იყო შემდეგნაირი: აშშ ქაშმირს განიხილავდა სადავო ტერიტორიად; ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა მოეგვარებინა ინდოეთს და პაკისტანს ქაშმირელების (მუსლიმების და არა მუსლიმების) აზრების გათვალისწინებით; აშშ მზად იყო დახმარებოდა თუ ეს ორივე მხარის სურვილი იყო; აშშ მოუწოდებდა უფლებადამცველებს ფართო შუქი მოეფინათ ორივე მხრიდან ადამიანთა უფლებების დარღვევას.[7] ასევე ერთ–ერთი აქტორია ჩინეთი. ჩინეთის ოფიციალური პირები თანაგრძნობას გამოხატავდნენ პაკისტანის პოზიციის მიმართ ქაშმირთან დაკავშირებით.[8]
ამ კონფლიქტის მესამე მხარე მოიცავს გაეროს. ინდოეთის მიერ ადამიანთა უფლებების დარღევის გამო პაკისტანმა რეზოლუცია წარუდგინა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, სადაც გამოითქვა შეშფოთება ინდოეთის მიერ ქაშმირში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. პაკისტანი წლების განმავლობაში იბრძოდა ქაშმირის საკითხთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებზე დაყრდნობით და განიხილავდა მათ როგორც ერთადერთ გზას დავის გადასაწყვეტად.[9]
ასევე ერთ–ერთ აქტორად უნდა განვიხილოთ ჯამუსა და ქაშმირის განთავისუფლების ფრონტი, რომელიც წარმოადგენს ნაციონალისტურ ეკიპირებას. ის ხელმძღვანელობდა ქაშმირის ბრძოლას 90-იანი წლების დასაწყისში და გარდაქმნა ქაშმირზე ტრადიციული ხედვა, როგორც ტერიტორიული დავა ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ქაშმირის თვითმმართველობისთვის ბრძოლის ხედვით. ამ ორგანიზაციის მიზანი იყო ჯამუ და ქაშმირის ხალხთა თვითგამორკვევა.[10]
ნატოს დამოკიდებულების განხილვა ქაშმირის კონფლიქტთან დაკავშირებით საინტერესოა 2000-იანი წლებიდან. ქაშმირის კონფლიქტი წარმოადგენს ასიმეტრიულ კონფლიქტს, სადაც წარმოდგენილია ძალაუფლების დისბალანსი ინდოეთს, პაკისტანსა და ქაშმირელებს შორის.[11] ამ კონფლიქტის შემცირებული ასიმეტრიული ბუნება გააძლიერა ორივე სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის ფლობამ.[12] 2002 წელს დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი ჯეფ ჰუნი შეხვდა ნატოს წარმომადგენლებს ბრიუსელში, სადაც დღის წესრიგის მთავარი თემა იყო ქაშმირის კრიზისი.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”როდესაც არსებობს ორი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღი და დღეს ინდოეთსა და პაკისტანში არსებული ვითარების გათვალისწინებით, სიტუაცია საშიშია”. ლონდონში ინდოეთის უმაღლესმა კომისარმა რონან სენმა აღნიშნა: ”პირველი, ჩვენ ვართ კონტინენტური განზომილების ქვეყანა და არასწორი იქნება შთაბეჭდილების შექმნა, თუნდაც არაპირდაპირი გზით, რომ ომი დაიწყება – და არა მხოლოდ დაიწყება, არამედ მთელ სუბკონტინენტს მოიცავს. მეორე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ საშიში შედეგები ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ტერორიზმის გაძლიერება. მესამე, ჩვენ ვართ სტაბილური და პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატია და არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენ სულ მცირე არ ვართ შეშფოთებული ჩვენი მილიარდი მოქალაქის კეთილდღეობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. [13]
როგორც ჩანს ქაშმირის კონფლიქტში ჩართულია არაერთი აქტორი, იქნება ეს უშუალოდ დაპირისპირებული სახელმწიფოები, ოპოზიციური ძალები, მეზობელი და სხვა სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. წარმოდგენილი პოზიციების ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული აქტორის პოზიცია მორგებულია საკუთარ ინტერესებს.
თავი II- 2005 წლის 8 ოქტომბრის მიწისძვრა ქაშმირში
1953 წელს შემუშავდა ნატოს თანამშრომლობის პროცედურები სახელმწიფოში მომხდარი კატასტროფების შემდეგ დახმარების მიზნით, რაც არ ეხებოდა ნატო-ს არაწევრი სახელმწიფოს თხოვნას, მაგრამ 1992 წლის დეკემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეთანხმდა, რომ თუ ამას მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია, ნატო მზად უნდა იყოს ამ პროცედურების გასატარებლად ნატოს არაწევრ სახელმწიფოშიც, რაც გაფორმდა მინისტერიალის სახელმძღვანელოს სახით სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვისთვის.[14]
ნატო-პაკისტანის ურთიერთობაში გარდამტეხი ფაქტორი იყო 2005 წლის 8 ოქტომბრის მიწისძვრა ქაშმირში. 2005 წლის 8 ოქტომბერს, პაკისტანის ჩრდილოეთით და ქაშმირის ჰიმალაის რეგიონში მოხდა 7,6 ბალიანი მიწისძვრა. პაკისტანის მთავრობის ოფიციალური დაღუპულთა რიცხვი 87 350 ადამიანი იყო, თუმცა შესაძლოა, რომ დაღუპულთა რიცხვი 100 000-იც ყოფილიყო. დაახლოებით 38,000 დაშავდა და 3.5 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. მთავრობის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 19000 ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა მათგანი სკოლის შენობების ჩამონგრევის შედეგად. მიწისძვრამ 500 000-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. გარდა ამისა, დაახლოებით 250,000 ფერმის ცხოველი გარდაიცვალა ქვის ბეღლების ჩამოშლის შედეგად.[15]
უნდა აღინიშნოს ნატოს ჰუმანიტარული მისია, რაც მოიცავდა 3500 ტონა საჭირო მარაგის გადატანას პაკისტანში და ინჟინრების, სამედიცინო პერსონალის და სპეციალური აღჭურვილობის განლაგებას. მიწისძვრის შედეგად ჰიმალაის მკაცრი ზამთრის დადგომამდე სამ მილიონამდე ადამიანი დარჩა საკვებისა და თავშესაფრის გარეშე. მისია დასრულდა 2006 წლის 1 თებერვალს. 2005 წლის 11 ოქტომბერს, პაკისტანის თხოვნის საპასუხოდ, ნატომ დაიწყო ოპერაცია სასწრაფო დახმარების აღმოჩენის კუთხით. მარაგში იყო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, აგრეთვე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ორი საჰაერო ხიდის გავლით, გერმანიიდან და თურქეთიდან შემოწირულობა.
მოწოდებული მასალები შეიცავდა ათასობით კარავს, ღუმელსა და საბანს, რომლებიც გადარჩენილთა სიცივისგან დასაცავად იყო განკუთვნილი. პირველი შენაერთები 29 ოქტომბერს ჩავიდნენ. დახმარება მოიცავდა თითქმის 18000 კარავს, 505,000 პლედს, თითქმის 17,000 ღუმელს / გამათბობელს, 31 500-ზე მეტ ლეიბს, 49 800 საძილე ტომარას, ტონა სამედიცინო მოწყობილობას და სხვა. ნატოს საველე საავადმყოფოში დაახლოებით 4,890 პაციენტს უმკურნალეს. მობილური სამედიცინო შენაერთები მკურნალობდნენ შორეულ მთის სოფლებში 3,424 პაციენტს.
ქალაქ არჯასა და ბაღში, ნატოს ინჟინრებმა შეაკეთეს თითქმის 60 კილომეტრიანი გზა და მოაცილეს 41 500 კუბურ მეტრზე მეტი ნამსხვრევები, რაც ხელს შეუწყობდა დახმარებას, კომერციას და ჰუმანიტარულ დახმარებას ხეობის მოსახლეობისთვის. ინჟინრებმა განაახლეს მუდმივი წყაროს წყლის განაწილებისა და შენახვის სისტემა, რაც მოემსახურებოდა დღეში 8,400 ადამიანს. ნატოს ინჟინრებმა ასევე მხარი დაუჭირეს პაკისტანის არმიას ოპერაცია „ზამთრის რბოლაში“, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის 110 მრავალფუნქციური თავშესაფრის მშენებლობის კუთხით. ნატომ დააარსა საავიაციო საწვავის ფერმა აბოტაბადში, რომელიც ფუნქციონირებდა, როგორც თავშესაფარი სამოქალაქო და სამხედრო ვერტმფრენებისთვის. მისიის განმავლობაში პაკისტანში მუშაობდა 1000 ინჟინერი და დამხმარე პერსონალი, ასევე 200 სამედიცინო პერსონალი.
24 ოქტომბერს პაკისტანში ნატოს შტაბი იქნა განლაგებული პაკისტანის ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის და შემომავალი ჯარისთვის გზის გასაკეთებლად.
9 ნოემბერს ნატომ გახსნა 60 საწოლიანი საველე საავადმყოფო, რომელიც უზრუნველყოფდა მკურნალობას კომპლექსური ქირურგიული პროცედურების ჩათვლით. ნატომ ასევე დააარსა საავიაციო საწვავის ფერმა აბოტაბადში, რომელიც ახორციელებდა სამოქალაქო და სამხედრო ვერტმფრენებისთვის საწვავის შევსებას.
2005 წლის 27 ოქტომბერს, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარიკ ოსმან ჰაიდერმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე სიტყვით მიმართა და შემდგომი დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ნატოს შეეძლო უზრუნველყო მუდმივი საჰაერო გადაზიდვა, თანხები, ლოჯისტიკური და საჰაერო სივრცის მართვა, მობილური საწვავის ავზები, ვერტმფრენების და ტაქტიკური თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილები, მართვისა და კონტროლის, ზამთრის კარვები და საძილე ტომრები. იმავე დღეს, ნატოს ევროატლანტიკურ კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისაგან მიიღო გადაუდებელი მოთხოვნა პაკისტანში ზამთრის დადგომამდე დამატებითი თავშესაფრისა და რელიეფური ნივთების ტრანსპორტირების შესახებ.[16] ზოგადად ეს ფაქტი ფასდება ნატოს პირველ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მისიად.[17] მიწისძვრის შემდგომ განვითარებული მოვლენები შეიძლება პაკისტან-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის საფუძვლადაც მივიჩნიოთ.
თავი III – ნატო-პაკისტანის ურთიერთობა ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით
ნატო-პაკისტანის ანტიტერორსტული საქმიანობის კუთხით საინტერესოა სტატია, რომლის ავტორია ინდოეთის ყოფილი ელჩი, ბადრა კუმარი. მისი აზრით, პაკისტან-ნატოს კავშირი ვითარდება ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური წახალისებით, რის არგუმენტადაც მოჰყავს პენტაგონის განცხადება აშშ-ს ჯარების ერთი ან მეტი ბატალიონის პაკისტანში განლაგებასთან დაკავშირებით, რასაც დახმარების მიზანი უნდა ჰქონოდა.
აშშ-ს საზღვაო ფლოტის ადმირალმა, მაიკლ ლეფევერმა, პაკისტანში აშშ-ს დახმარების მცდელობის მეთაურმა, ხაზი გაუსვა, რომ ისლამაბადის თხოვნით ამერიკული ჯარები უნდა განთავსებულიყო პაკისტანში “ხანგრძლივი დროის განმავლობაში”. ინდოეთისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნატოს ძალები უნდა განლაგებულიყო მის სასაზღვრო რეგიონში. სტატიაში აღნიშნულია ინდოეთში ბოლოდროინდელი ვიზიტის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადება, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალები შეთანხმდნენ ანტიტერორისტული წვრთნების ჩატარებაზე, ნატოს რამდენიმე ქვეყნის კომანდოს მონაწილეობით, რუსეთიდან და ინდოეთიდან.
სტატიაში განხილულია მნიშვნელოვანი საკითხი იმასთან დაკავშირებით თუ რას იღებს პაკისტანი ავღანეთში აშშ-სთვის აქტიური მოკავშირეობის სანაცვლოდ? პირველი, პაკისტანმა შესაძლოა შენიშნა, რომ ნატოს ავღანეთის გრძელვადიანი სამხედრო ოკუპაცია მალე ცხოვრების ფაქტი გახდება. მეორე, ისლამაბადი ელოდება, რომ სამშვიდობო დივიდენდი მოიცავს პაკისტანის ინტერესების დაცვას ქაბულის ახალ პოლიტიკურ წყობაში. ეს ნიშნავს, პუშტუნის ინტერესების პროპორციულ წარმომადგენლობას (პაკისტანის მიმართ კარგად განწყობილი ელემენტები) ქაბულის მმართველობით სტრუქტურაში და ასევე პროინდოელი(რაც პაკისტანისთვის მიუღებელია) ელემენტების გავლენის შემცირებას. მესამე, შესაძლოა პაკისტანმა არ იცის აშშ-ს ინტერესები გამოიყენოს ავღანეთი, როგორც ცენტრალური აზიის რეგიონში თავისი გავლენის გაფართოების საყრდენი. ამ პერიოდში ამერიკის წარმომადგენელი ნატოში ვითარებას აღწერს შემდეგნაირად, რომ ავღანეთი დარჩება ნატოს ყველაზე მნიშვნელოვან მისიად ახლო მომავალში და ნატო უნდა იყოს ის ადგილი, სადაც განხილული იქნება ახლო აღმოსავლეთის, ერაყსი, ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთის თუ ირანის საკითხები.[18]
აშშ-ს ჩართულობის მიმართ ყველაზე დიდი კრიტიკა, როგორც ჩანს, პაკისტანის პოლიტიკური ოპოზიციიდან, განსაკუთრებით ისლამისტური პარტიების მხრიდან ხდება. მაგალითად პარტიის (Muttahida Majlis-i-Amal (MMA)) ლიდერმა თქვა, რომ პაკისტანს არ სჭირდება უცხოელების – მათ შორის ამერიკის და ნატოს მხარდაჭერა. მსგავსი პრეტენზიები ნატოსთან დაკავშირებით გამოხატა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პაკისტანის მუსულმანური ლიგიდან- N, რომელიც შეშფოთებულია პაკისტანის ტერიტორიაზე უცხოელი ჯარისკაცების ყოფნით. ასეთი შეშფოთების საპასუხოდ, პაკისტანის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა შაუკატ აზიზმა განაცხადა, რომ ისინი დასახმარებლად არიან ჩასული.[19]
საინტერესოა ნატოს ავღანეთში მისიის დასრულების ფაქტის შეფასება. ექსპერტების აზრით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონკურენცია პოსტამერიკულ ავღანეთში გაზრდის ძალადობას ქაშმირში, რაც კიდევ უფრო გაართულებს თანამშრომლობას ავღანეთის პრობლემებთან დაკავშირებით.[20]
2016 წელს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პიტერ პაველმა განაცხადა, რომ პაკისტანის მიერ ანტიტერორისტული კამპანია საკმაოდ მასშტაბურია, შთამბეჭდავი შედეგებით და აღნიშნა, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი აჩვენა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
გენერალმა პიტერ პაველმა პრემიერ მინისტრთან ნავაზ შარიფთან შეხვედრაზე, პაკისტანს ნატოს მნიშვნელოვანი და ტრადიციული პარტნიორი უწოდა. პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ მის მთავრობას აქვს გაცხადებული პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით, რომელიც მან თანამდებობის დაკავების პირველივე დღიდან გამოხატა. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავღანეთში სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის მიღწევის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. ასევე მან თქვა, რომ ინდოეთი უსამართლოდ ადანაშაულებს პაკისტანს თავდასხმაში ინციდენტის გამოძიების გარეშე. ”ინდოეთი ვერ აცნობიერებს, რომ IoK(Indian Occupied Kashmir)–ის ახალგაზრდობამ განაახლა ენერგია თავისუფლებისთვის საბრძოლველად. ჩვენ გვსურს მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან. პაკისტანი გააგრძელებს მორალური, დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერით ქაშმირის საქმეს. ინდური ძალების მიერ განხორციელებულმა სისასტიკემ გამოიწვია ძვირფასი ადამიანების სიცოცხლის მოსპობა”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. მან თქვა, რომ პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა შეუდარებელი მსხვერპლი გაიღეს ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. ”მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ზარბ-ი-აზბი არის ყველაზე დიდი სამხედრო კონტრტერორისტული შეტევა ნებისმიერი ქვეყნის მიერ, რომელმაც ტერორისტების ხერხემალი გატეხა”, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.[21]
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების რაოდენობა (CFV) ქაშმირში მკვეთრად გაიზარდა 2017 წლის შემდეგ. ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთთან ღიად არ იბრძოდნენ 1999 წლის კარგილის კონფლიქტის შემდეგ და იბრძოდნენ სამხედრო დაძაბულობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს შორის. მესამე მხარეებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს 2003 წლის შეთანხმებაში და იმ ფაქტით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგადად დასავლეთმა თანდათან გაიყვანეს ჯარები სამხრეთ აზიის სცენიდან, ალბათ ნაწილობრივ აიხსნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების რაოდენობის ზრდა დღეს.[22]
როგორც ჩანს ნატოს ოფიციალური პოზიცია არ აქვს დაფიქსირებული ქაშმირის კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ აშკარაა მისი ურთიერთობა პაკისტანთან, რაც გამოიხატა ჰუმანიტარულ მისიაში და ასევე ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით თანამშრომლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ნატოს პოზიცია არის შემდეგი: კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სახელმწიფო ფლობს ბირთვულ იარაღს, რაც საშიშროებას უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხით.
დასკვნა
ნაშრომში წარმოდგენილი იყო ზოგადად ქაშმირის კონფლიქტი, ამ კონფლიქტში მონაწილე ძირითადი თუ მეორეხარისხოვანი აქტორები და მათი მიზნები და პოზიცია. ნაშრომი უშუალოდ ეხება ნატოს როლს და პოზიციას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით.
ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი 2005 წლის მიწისძვრა ქაშმირში, რაც მნიშვნელოვან ტეხილად მიიჩნევა ნატო-პაკისტანის ურთიერთობაში. ზოგადად ეს ფაქტი შეფასებულია ნატოს პირველ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ მისიად, რამაც ხელი შეუწყო ნატო-პაკისტანის ურთიერთობის გაღრმავებას ანტიტერორისტული საქმიანობის კუთხით.
ასევე საინტერესო საკითხია ტერორიზმის წინააღმდეგ ნატოსა და პაკისტანის ჩართულობა და ორივე სახელმწიფოს მიზნები. ნატოს მიზანი შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახით, რაც გულისხმობს პარტნიორის შეძენას ავღანეთში არსებული ვითარების სტაბილიზაციის კუთხით, ხოლო რაც შეეხება პაკისტანის მიზნებს აღნიშნული იყო, რომ შესაძლოა პაკისტანის მსგავს ჩართულობას ხელი შეეწყო მისი ინტერესების დაცვის კუთხით ავღანეთის ახალ პოლიტიკურ წყობაში.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ნატოს სამხედრო შენაერთების გაყვანა ავღანეთიდან, რაც შეფასებული იქნა, როგორც ქაშმირის კონფლიქტის გართულების ხელშემწყობ ფაქტორად, რადგან სწორედ ამ ფაქტს მოყვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების რაოდენობის ზრდა ქაშმირში.
საბოლოოდ, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ნატოს პოზიცია ქაშმირის კონფლიქტთან დაკავშირებით არის შემდეგი: კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სახელმწიფო ფლობს ბირთვულ იარაღს, რაც საშიშროებას უქმნის მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხით. ასევე თვალსაჩინოა ნატოს ახლო ურთიერთობა პაკისტანთან, რისი მიზნებიც ზემოთ არის განხილული და რაც შეეხება ნატოს როლს, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით წარმართვაში და დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიანი მოლაპარაკებების კუთხით, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს დაძაბული ვითარების შემსუბუქებას და ისეთი საერთაშორისო დანაშაულის შემცირებას, როგორიც ტერორიზმია.
ავტორი: გვანცა ძიძიგური
[1] Human Rights Watch, Behind the Kashmir Conflict: Abuses by Indian Security Forces and Militant Groups Continue, New York, 1999.
[2] Suba Chandran, Kashmir: Issues and Actors, The Institute of Peace and Conflict Studies, 2001.
[3] Suba Chandran, Kashmir: Issues and Actors, The Institute of Peace and Conflict Studies, 2001.
[4] Suba Chandran, Kashmir: Issues and Actors, The Institute of Peace and Conflict Studies, 2001.
[5] Ahmed Saifuddin, Chakma Anurug, Kashmir Conflict: A Critical Analysis, Journal: Society & Change, 2012, pp. 20-36.
[6] Mughees-Uddin, Foreign Policy and Press Performance: The Case of the Kashmir Conflict, the United States, Journal: Pakistan Horizon, 1992, pp. 29-46.
[7] Mahmud Ershad, Post-Cold War US Kashmir Policy, Journal: Policy Perspectives, 2005, pp. 83-110.
[8] Jennifer Chang, China’s Kashmir Policies and Crisis Management in South Asia, The United States Institute of Peace, 2017.
[9] Farzana Shakoor, Pakistan Institute of International Affairs, Journal: Pakistan Horizon, 1998, pp. 53-69.
[10] The Immigration and Refugee Board of Canada, Pakistan: The current philosophy and activities of the Jammu [and] Kashmir Liberation Front (JKLF), Ottawa, Immigration and Refugee Board of Canada, 1999.
[11] Syed Rifaat Hussain, Resolving the Kashmir Dispute: Blending Realism with Justice, Journal: The Pakistan Development Review, 2010, pp. 1007-1035.
[12] Thazha Varkey Paul, Why has the India-Pakistan Rivalry Been so Enduring? Power Asymmetry and an Intractable Conflict, 2010, pp. 600-630.
[13] The Guardian, Kashmir to dominate Nato talks, 2002.
[14] Euro-Atlantic Disaster Response Coordination Centre, NATO’s Role in Disaster Assistance, Brussels, 2001.
[15] EERI, The Kashmir earthquake of October 8, 2005: Impacts in Pakistan, 2006.
[16] The North Atlantic Treaty Organization, Pakistan earthquake relief operation, 2010.
[17] North Atlantic Treaty Organization, Lessons learned in Pakistan: NATO providing Humanitarian aid, and the role of the NATO Response Force, 2006.
[18] M. K. Bhadra Kumar, NATO arrives in Kashmir, 2005.
[19] Daniel Kronenfeld, Rhoda Margesson, The Earthquake in South Asia: Humanitarian Assistance and Relief Operations, Washington, D.C., Congressional Research Service, 2005.
[20] Murali Krishnan, Experts fear worst for Kashmir after 2014, 2013.
[21] International News, World cannot remain indifferent to Kashmir issue: NATO, 2016.
[22] Christophe Jaffrelot, Ceasefire Violations in Kashmir: A War by Other Means?, 2018.
გამოყენებული ლიტერატურა
Chandran, Suba. 2001. Kashmir: Issues and Actors. september 04. Accessed March 05, 2021. http://www.ipcs.org/comm_select.php?articleNo=569.
Chang, Jennifer. 2017. China’s Kashmir Policies and Crisis Management in South Asia. February 09. Accessed March 06, 2021. https://www.usip.org/publications/2017/02/chinas-kashmir-policies-and-crisis-management-south-asia.
EERI. 2006. The Kashmir earthquake of October 8, 2005: Impacts in Pakistan. February 28. Accessed March 09, 2021. https://reliefweb.int/report/pakistan/kashmir-earthquake-october-8-2005-impacts-pakistan#:~:text=On%20October%208%2C%202005%2C%20at,of%20northern%20Pakistan%20and%20Kashmir.&text=According%20to%20government%20figures%2C%2019%2C000,widespread%20collapses%2.
Ershad, Mahmud. 2005. “Post-Cold War US Kashmir Policy.” Policy Perspectives 83-110.
Euro-Atlantic Disaster Response Coordination Centre. 2001. “NATO’s Role in Disaster Assistance.” Brussels. Accessed March 17, 2021.
Hussain, Syed Rifaat. 2010. “Resolving the Kashmir Dispute: Blending Realism with Justice.” The Pakistan Development Review 1007-1035.
International News. 2016. World cannot remain indifferent to Kashmir issue: NATO. October 06. Accessed March 10, 2021. https://www.thenews.com.pk/latest/155344-World-cannot-remain-indifferent-to-Kashmir-issue-NATO.
Jaffrelot, Christophe. 2018. Ceasefire Violations in Kashmir: A War by Other Means? October 24. Accessed March 10, 2021. https://carnegieendowment.org/2018/10/24/ceasefire-violations-in-kashmir-war-by-other-means-pub-77573.
Krishnan, Murali. 2013. Experts fear worst for Kashmir after 2014. June 28. Accessed March 10, 2021. https://www.dw.com/en/experts-fear-worst-for-kashmir-after-2014/a-16914124.
Kronenfeld, Daniel, and Rhoda Margesson. 2005. The Earthquake in South Asia: Humanitarian Assistance and Relief Operations. Washington, D.C.: Congressional Research Service .
Kumar, M. K. Bhadra. 2005. NATO arrives in Kashmir. October 28. Accessed March 10, 2021. https://www.orfonline.org/research/nato-arrives-in-kashmir/.
Mughees-Uddin. 1992. “Foreign Policy and Press Performance: The Case of the Kashmir Conflict, the United States.” Pakistan Horizon 29-46.
North Atlantic Treaty Organization. 2006. Lessons learned in Pakistan: NATO providing Humanitarian aid, and the role of the NATO Response Force. March 08. Accessed March 10, 2021. https://www.nato.int/docu/speech/2006/s060306a.htm.
Paul, T. V. 2010. “Why has the India-Pakistan Rivalry Been so Enduring? Power Asymmetry and an Intractable Conflict.” august 16: 600-630 .
Research Directorate, Immigration and Refugee Board, Canada. 1999. Pakistan: The current philosophy and activities of the Jammu [and] Kashmir Liberation Front (JKLF). Ottawa : Canada: Immigration and Refugee Board of Canada.
Saifuddin, Ahmed, and Chakma Anurug. 2012. “Kashmir Conflict: A Critical Analysis.” Society & Change (Society & Change) 20-36.
Shakoor, Farzana. 1998. “Pakistan Institute of International Affairs.” Pakistan Horizon 53-69.
The Guardian. 2002. Kashmir to dominate Nato talks. June 06. Accessed March 17, 2021. https://www.theguardian.com/politics/2002/jun/06/foreignpolicy.uk.
The North Atlantic Treaty Organization. 2010. Pakistan earthquake relief operation. October 27. Accessed March 09, 2021. https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_50070.htm#Practical.
Watch, Human Rights. 1999. “Behind the Kashmir Conflict: Abuses by Indian Security Forces and Militant Groups Continue.” New York. https://www.hrw.org/#.