29/12/2020 By yatage
ჰიბრიდული ომი – ახალი გამოწვევა ევროპის უსაფრთხოებისთვის
ომის ბუნება XXI საუკუნეშიც არ შეცვლილა, თუმცა გლობალიზაციისა და განვითარების კვალდაკვალ შეიცვალა თავად კონფლიქტის ხასიათი და გაჩნდა კონფლიქტის ახალი ფორმა-ჰიბრიდული ომი.
ჰიბრიდული ომისთვის არასამხედრო საშუალებების სტრატეგიული ამოცანების მიღწევა უპირველესი მაჩვენებელია.[1] ამჟამად ჰიბრიდული ომი სახელმწიფოთა, მათ შორის ევროკავშირის წევრების წინააღმდეგ, ძირითადად მოიცავს ტექნოლოგიებისა და ინფორმაციების გამოყენებას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, დეზინფორმაციას, კიბერ თავდასხმებსა[2] და ფინანსური ზეგავლენების გამოყენებას.[3]
ჰიბრიდული ომის, როგორც კონფლიქტის ახალი ფორმის, აღმოცენება ძირეულად ცვლის უსაფრთხოების არსებულ ლანდშაფტს და უამრავ კითხვას აჩენს არა მარტო იმ საფრთხეების ბუნების შესახებ, რომელთა წინაშეც ვდგავართ, არამედ უსაფრთხოების არსებული ინსტიტუტების შესაძლებლობების შესახებ, წინ აღუდგეს ამ საფრთხეებს.[4]
ჰიბრიდული გამოწვევების შესწავლა მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინაშე წარმოშობილი უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებისთვის, განსაკუთრებით, „უსაფრთხოების“ ფართო კონცეპტუალიზაციის პირობებში, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სამხედრო ფაქტორებს, ისე არასამხედრო კომპონენტებს.
1. ჰიბრიდული ომის სამართლებრივი მოწესრიგების პრობლემატიკა
ჰიბრიდული ომი სამართლებრივ ვაკუუმში არ არის მოქცეული. მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული მოქმედებები არის ახალი, არ ნიშნავს რომ სამართალი ასეთ დროს არ გამოიყენება. შეიარაღებული კონფლიქტის წესები ჰიბრიდული ომის კონცეპტუალურ ლანდშაფტზე შეუფერხებლად მოქმედებს.
ჰიბრიდული ომისათვის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი მახასიათებელი, არის ის რომ იგი ქმნის გარკვეულ ბარიერს ,,მსხვერპლი’’ სახელმწიფოს საპასუხო მოქმედებისათვის. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლისათვის, რომელშიც აღნიშნულია: ,,მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად‘’,[5] გადამწყვეტი ელემენტია “შეიარაღებული თავდასხმის” კონცეფცია, ნასესხები გაეროს წესდების 51-ე მუხლიდან. შესაბამისად, მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისათვის აუცილებელია შეიარაღებული თავდასხმის განხორციელება. ამიტომაც, ჰიბრიდული ომის დროს სახელმწიფო ცდილობს თავი შეიკავოს ამგვარი ქმედების განხორციელებისაგან, რაც წარმოშობს სამართლებრივ გამოწვევებს. კერძოდ, ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებისას სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის სერიოზული და აშკარა დარღვევებს თითქოსდა თავს არიდებს და ცდილობს თავის სტრატეგიულ მიზნებს საერთაშორისო ვალდებულებების გვერდის ავლით მიაღწიოს, რაც ჰიბრიდული ომის სამართლებრივი მოწესრიგების სისუსტეზე მიუთითებს. ამასთან, ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებისას ეჭვქვეშ დგება ომის მარეგულირებელი ჩარჩოს კონცეპტუალურ საფუძვლები, რომლებიც ემყარება ომსა და მშვიდობას შორის განსხვავებებს. ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენების დროს საკმაოდ რთულია მშვიდობისა და ომის რეალობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა და შესაბამისად შესაძლო ,,მსხვერპლი’’ სახელმწიფო ყოველთვის მოუმზადებელი ხვდება აგრესორი სახელმწიფოს მოქმედებებს.
ერთ-ერთი საპასუხო მოქმედება პრობლემასთან მიმართებით არის ის, რომ ზუსტად განისაზღვროს ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის, რათა თავიდან ავირიდოთ სამართლებრივი ბუნდოვანება. ჯანსაღი პოლიტიკისა და დოქტრინის შემუშავება ეფექტური მიდგომაა ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად. ამასთან, მნიშვნელოვანია ექსპერტთა მიერ კვლევითი პროექტების განხორციელება და ჰიბრიდული ომის სამართლებრივი ასპექტების განსაზღვრაზე დეტალური მუშაობა.
2. რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ
ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნები – ბელარუსია, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი რუსეთის რეგიონული ამბიციის სამიზნეები არიან. რუსეთი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად აქტიურად მიმართავს ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რაც შესამჩნევია საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებშიც.
1991 წლიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე ხშირად და უხეშად იყენებს რუსეთი ჰიბრიდულ ტაქტიკას. საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჰიბრიდული ომის ხასიათი ნათლად გამოჩნდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევებში, როდესაც რუსეთი აქტიურად უჭერდა მხარს სეპარატისტებს ამ რეგიონებში. შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებში, ხოლო აფხაზეთში 1992-93 წლებში მოხდა და საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ საქართველო ასევე იბრძოდა რუსეთის ჩრდილოვანი სამხედრო ელემენტების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზებს ამარაგებდნენ იარაღით, ლოჯისტიკითა და ავიაციითაც კი.[6]
ზომები, რომლებსაც რუსეთი იყენებს საქართველოს წინააღმდეგ მოიცავს მთელ რიგ როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო მოქმედებებს. მოცემული ნაშრომის მიზნებისთვის უნდა გამოიყოს ეთნიკური უმცირესობებით მანიპულირება და კუთხური სეპარატიზმის ინსპირირება, კიბერელემენტების გამოყენება ინფორმაციული ომის წარმოებაში, დიპლომატიური, ეკონომიკური, სადაზვერვო საქმიანობისა და საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.
- ეკონომიკური – რუსეთის შესაძლებლობა გამოიყენოს ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2015 წლიდან. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში ხელს უწყობს იმ გარემოებას, რომ შემცირდეს როგორც ექსპორტი, ასევე ფულადი გზავნილები რუსეთში მომუშავე ქართველი მიგრანტებისგან.
- საინფორმაციო საშუალებები – დეზინფორმაცია, სხვა ე.წ აქტიურ ზომებს შორის, ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აქტიურადა იყენებს. მოსკოვის ძირითადი ძალისხმევა დასავლეთის იმიჯის ნეგატიურად წარმოჩენაზეა მიმართული. [7] აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიაში გაჟღერებული მითების ყველაზე დიდი ნაწილი ევროკავშირს ეხება. ეს მაჩვენებელი, განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის რიგი წარმატებული თანამშრომლობის პროექტების აქტუალობით.[8]
საქართველოს ოფიციალური დოკუმენტები ჰიბრიდულ ომს, როგორც საფრთხეს 2017 წლიდან მოყოლებული აღიარებს. სწორედ ამ წლიდან გვხდება სუს-ის მიერ თავის ანგარიშებში ჰიბრიდულ ომზე ჩანაწერიც, ხოლო ბოლო სამი წელია ყოველწლიურად ფასდება ჰიბრიდული ომის ინტსტრუმენტების გამოყენება საქართველოში. სუს-ის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ 2019წ. ანგარიში ბევრად სუსტია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების რაოდენობრივად გაზრდისა, შინაარსი დაბალ დონეზეა სტრუქტურიზებული რაც მიზნების, ამოცანების და ტაქტიკის ნაწილის ნაკლებობით აიხსნება. ასევე იკვეთება ფაქტი, რომ მიუხედავად უწყების ნებისა, ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებული ჩანაწერი არსებობდეს ანგარიშში, სუს-ში სუსტად ან არაა განვითარებული რაიმე ტიპის სახელმძღვანელო პრინციპი თუ ჩარჩო სახელმძღვანელო ჰიბრიდული ომის ტაქტიკის ფორმულირების და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად გადმოცემის შესახებ.[9]
3. რუსეთ-უკრაინის ჰიბრიდული ომი
2013-2014 ევრომაიდანის კრიზისმა უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთში წამოწყებული ომით გაგრძელდა. 2014 წლის მარტის ყირიმის მოვლენები მოიცავდა ისეთ საშუალებებს, სადაც საინფორმაციო პროპაგანდა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. საომარი მოქმედებების ის სახე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა, ცნობილია როგორც ,,ჰიბრიდული ომი’’.
რუსეთის უკრაინით დაინტერესება განპირობებულია, იმით რომ იგი წარმოადგენს ევროკავშირისა[10] და NATO-ს[11] დიდ სტრატეგიულ დასაყრდენს შავი ზღვის აუზში, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.
მოცემული ნაშრომის მიზნებისთვის გამოიყოფა ჰიბრიდული ომის შემდეგი მეთოდები, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა: შენიღბული სამხედრო ნაწილების გამოყენება (“little green men”), კიბერ თავდასხმები, დეზინფორმაცია და აგრესიული მედია კამპანია, სატელიტები და ადგილობრივი პრო–რუსული დაჯგუფებები.
- შენიღბული სამხედრო ნაწილები (“little green men”) – პატარა მწვანე კაცები რუსეთის სპეციალური სამხედრო ნაწილებია, რომლებიც შენიღბულნი იყვნენ მწვანე სამოსით და მოქმედებდნენ ისე თითქოს ადგილობრივი უშიშროების ძალების წევრები ყოფილიყვნენ. მათ ფორმებს არ გააჩნდათ სამხედრო სამკერდე ნიშნები. რუსეთის ფედერაცია თავდაპირველად უარყოფდა, რომ ისინი რუსეთის სამხედრო ნაწილებში შედიოდნენ, თუმცა, 2014 წლის 17 აპრილს პუტინმა დაადასტურა, რომ ისინი რუსეთის სამხედრო ძალების წევრები იყვნენ.[12]
- კიბერ თავდასხმები – რუსეთმა კონფლიქტის დროს განახორციელა ისეთი კიბერ აქტივობები, როგორიცაა კიბერ შპიონაჟი, ანტისახელმწიფოებრივი და პროპაგანდისტული კამპანიები, კიბერ შეტევები უკრაინული მედიისა და სამთავრობო საიტებზე, NATO-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების საიტებზე.[13] ასევე განხორციელდა მასშტაბური შეტევები სამთავრობო საინფორმაციო რესურსსა თუ ზოგიერთი პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის პერსონალურ მონაცემებზე. ცნობილი კომპანიის, ESET-ის მონაცემებით, უკრაინისა და ნაწილობრივ პოლონეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იქნა გამოყენებული ვირუსი Blachenergy. გამოყენებულ იქნა ვირუსი Cosmicduke და ასევე არსებობს მონაცემები თანამდებობის პირთა მიმართ ვირუს Fireeye-ს გამოყენების შესახებაც. ზემოაღნიშნული მავნე პროგრამების დანიშნულებას ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომა წარმოადგენდა, რაც გარკვეული წარმატებით იქნა კიდევაც განხორციელებული. [14]
- სატელიტები და ადგილობრივი პრორუსული დაჯგუფებები – სატელიტები და ადგილობრივი პრორუსული დაჯგუფებები ერთიანდებიან არალეგალურ ძალებში. მათ წევრებს 2 მიზანი ჰქონდა– ფინანსური ან იდეოლოგიური – რუსეთი ექსპლუატაციას უწევდა უკვე არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ, და ეკონომიკურ დაძაბულობას. [15]
განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიბერ შეტევებზე. უკრაინის შემთხვევაში სწორად დაგეგმილმა და გამოყენებულმა დესტრუქციულმა კიბეროპერაციებმა დიდწილად განაპირობა ამ სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტების მართვისა და კომუნიკაციის უნარის ნაწილობრივი მოშლა. სამართლებრივი და პოლიტიკური რეგულირების ნაკლებობა კიბერ შეტევებთან დაკავშირებით სახელმწიფოებს დაუცველს ტოვებს ასეთი კოორდინირებული თავდასხმების მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მბოჭავი სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელიც შემოგვთავაზებდა კიბერ ოპერაციებთან გამკლავების მეთოდებს. სამართლებრივი კონსენსუსიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ნებადართულია თუ არა თავდამსხმელის სისტემაზე წვდომა. ზოგიერთია ავტორი მიიჩნევს, რომ კიბერ სივრცე უნდა განიხილებოდეს, როგორც ტერიტორია, სადაც სუვერენიტეტის “შეზღუდვა” არ შეიძლება იმის გამო, რომ კიბერშეტევები არ არის ,,ძალადობრივი აქტები’’.[16] ჯერ კიდევ დაუსრულებელი დებატები კი ბევრ დროსა და საშუალებას აძლევს აგრესორს, რომ გააგრძელოს ამგვარი თავდასხმები.
4. რუსეთ-ფინეთის ჰიბრიდული ომი
რუსეთის მიერ ფინეთის წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები სათავეს იღებს ჯერ კიდეც საბჭოთა პერიოდიდან. ისეთი აქტიური მოქმედებები, როგორებიცაა დეზინფორმაციის გავრცელება და დასავლეთში ორგანიზაციების შექმნა, საბჭოთა კავშირის პოლიტიკის უცვლელ ნაწილად რჩებოდა.[17] დღევანდელ დღეს, რუსეთის ჰიბრიდული ომის მეთოდები ძირითადად მოიცავს სახელმწიფო პოლიტიკაზე ზემოქმედებას სხვადასხვა გზით, მაგალითად, მიგრაციის გამოყენებით.
2015-2016 წლების ზამთარში, რუსეთმა მოულოდნელად მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებს დართო ნება, ესარგებლათ რუსეთ-ფინეთის საზღვრებით, რათა თავშესაფარი მოეძებნათ ფინეთში. ამით დაირღვა ათწლეულების განმავლობაში არსებული პრაქტიკა საზღვრებთან დაკავშირებით, თუმცა სახეზე არ ყოფილა რაიმე ოფიციალური შეთანხმების დარღვევა. რუსეთის ქმედებების შედეგად, 1713 თავშესაფრის მაძიებელი გადავიდა რუსეთიდან ფინეთში.
ასეთი ცოტა რაოდენობის მიგრანტის ფინეთში შესვლა არ გამოიწვევდა ძირეულ ცვლილებებს ფინეთში, თუმცა აშკარა იყო რუსეთის მესიჯი, რომ ფინეთისადმი ნდობის დაკარგვის შემთხვევაში (რასაც რუსეთის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება გამოიწვევდა), რუსეთს შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინა ფინეთისათვის. მით უმეტეს, რომ, როგორც რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა ფინეთთან მოლაპარაკებების პროცესში, მის სახელმწიფოში 11 მილიონი უცხოელი ცხოვრობდა.[18]
აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჰიბრიდული ომის მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანია და შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის, მიგრაციაშიც. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ სად გადის ზღვარი ადამიანების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებასა და მიგრაციას, როგორც ჰიბრიდული ომის იარაღს შორის, რადგან აღნიშნული საკითხის რეგულირების არარსებობამ შეიძლება შედეგად გამოიწვიოს მიგრანტების გადაადგილების მასობრივი გამოყენება სახელმწიფოების პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის.
5.როგორ ებრძვის ევროკავშირი მის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს
რუსეთის ჰიბრიდულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა საფრთხეების პერსპექტივა მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ევროკავშირისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოთათვის.
ევროკავშირი ავითარებს მთელ რიგ ტაქტიკებს, რათა დაეხმაროს მის წევრ სახელმწიფოებს სათანადოდ უპასუხონ ჰიბრიდულ საფრთხეებს და გააუმჯობესონ თავიანთი მოქნილობა. ევროკავშირმა დღემდე არაერთი ქმედება განახორციელა ჰიბრიდული უსაფრთოხოების გაძლიერებისათვის: .
- სადაზვერვო ანალიზის გაზიარებით სიტუაციური ცნობიერების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირმა შექმნა ჰიბრიდული უჯრედების ქსელი (Hybrid Fusion Cell).[19]
- შექმნა EU Hybrid Fusion Cell, რომელიც აგროვებს ინფორმაციას და ახდენს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი სახელმწიფოების მთავრობების ინფორმირებას;
- ნატომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას 2016 წელს, რომელიც შეეხება 40-ზე მეტი კონკრეტულ სფეროში თანამშრომლობას და აქედან 10 ეთმობა თანამშრომლობის გაძლიერების ჰიბრიდული საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით.
- 2020 წლის 24 ივლისს ევროპულმა კომისიამ მიიღო ევროკავშირის უსაფრთხოების გაერთიანების სტრატეგია 2020-2025 წლების პერიოდისთვის, რომელიც მოიცავს მეთოდებსა და საშუალებებს ევროპული უსაფრთხოებისთვის.[20]
- თანამშრომლობა Hybrid CoE-სთან, დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის მთავარ მიზანს ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება წარმოადგენს.[21]
- ევროპის პარლამენტმა დაარსა სპეციალური კომიტეტი, რომლის მიზანია ხელი შეუშალოს საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას, განსაკუთრებით კი ვირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციებს.
დასკვნა
აღნიშნული ნაშრომით პასუხი გაეცა თემის დასაწყისში წამოყენებულ საკვლევ კითხვებს, თუ რა გამოწვევები არსებობს ჰიბრიდული ომის სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით, რა საფრთხეებს უქმნის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება ევროპის სახელმწიფოებს და როგორ ებრძვის ევროკავშირი ჰიბრიდულ საფრთხეებს. შესაბამისი მაგალითების საფუძველზე დადასტურდა, რომ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენების კუთხით აშკარად ლიდერობს რუსეთი, რომელიც თავისი პოლიტიკური ზრახვების მისაღწევად ისეთ მეთოდებს მიმართავს, რომელიც სხვა სახელმწიფოთათვის უცნობია და შედარებით მოუმზადებელიც ხვდებიან მას. რუსეთი ჰიბრიდულ საშუალებებს ძირითადად სწორედ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებს, თუმცა აღსანიშნავია ევროპის სხვა სახელმწიფოებიც მათ შორის საქართველო და უკრაინა, რომელთა მიმართაც რუსეთს განსაკუთრებული სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს.
ევროკავშირი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს და დაიცვას მისი წევრი სახელმწიფოები აგრესორი სახელმწიფოების ,,შენიღბული’’ თავდასხმებისაგან.
ჰიბრიდული ომი გლობალურ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, შესაბამისად აუცილებელია ყველა შესაძლო ხერხის გამოყენება ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად. აუცილებელია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება და მათი ერთიანობა, ვინაიდან როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ამ საკითხთან მიმართებითაც პრობლემის გადაჭრა სწორედ რომ ერთიანობით მიიღწევა.
არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აიღოს ინიციატივა და უზრუნველყოს თანამშრომლობა საკუთარი პერსპექტივიდან. გარკვეული ერთობლივი სამუშაოები უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით და ჰიბრიდული ომის საფრთხეების გააზრებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს, თუმცა აუცილებელია ორგანიზებული მოქმედება და დისკუსიების გამართვა ჰიბრიდული ომის გამოწვევებთან დაკავშირებით. ამასთან ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელიც შესაძლოა იყოს 7-8 წლიანი პერსპექტივით, რომელიც ხელს შეუწყობს მზარდ გამოწვევებთან ადაპტაციას. სტრატეგიაში უნდა გაერთიანდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- განისაზღვროს ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას/დაუპირისპირდება მომავალში.
- განისაზღვროს ის სფეროები, რომლებიც შეიძლება გახდეს მოწინააღმდეგის სამიზნე.
- მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არა-სახელმწიფო აქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც დაუპირისპირდებიან ჰიბრიდულ საფრთხეებს როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე.
- შეფასდეს უსაფრთხოების დინამიკა (ზრდა/შემცირება ჰიბრიდული საშუალებების გამოყენების).
სტრატეგია შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას:
- სტრატეგიის შემუშავების დროს ევროკავშირის უსაფრთხოების გარემოს შესახებ;
- ჰიბრიდული საფრთხეების ტიპებისა და წყაროების შესახებ;
ამასთან, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ჰიბრიდული ომის სამართლებრივი მოწესრიგება, რისთვისაც აუცილებელია:
- შემუშავდეს ჯანსაღი პოლიტიკა და დოქტრინა
- ექსპერტთა მიერ განხორციელდეს კვლევითი პროექტები და ჰიბრიდული ომის სამართლებრივი ასპექტების განსაზღვრაზე მოხდეს დეტალური მუშაობა.
- გაიმართოს დიალოგი პოლიტიკის ექსპერტებსა და იურისტებს შორის.
- განისაზღვროს რას წარმოადგენს კანონის ,,მისაღები’’ გამოყენება ჰიბრიდულ ომში და როგორ უნდა მოექცეს ჰიბრიდული ომი საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში.
ჰიბრიდული ომის საფრთხეები გასაკუთრებით მძიმედ აისახება პატარა სახელმწიფოებზე, მათ შორის ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოსთვის განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს კრემლის პროპაგანდა და მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ანტიდასავლური პროპაგანდა. ვფიქრობთ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი ქმედებების განხორციელება: საჯარო ლექციები და საჯარო დისკუსიები მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით; მედიასაშუალებების ჩართულობა ; პოლიტიკური პარტიების კოორდინირებული მოქმედება; ონლაინ პლატფორმების გამოყენება ; სალონური საუბრები.
შესაძლებელია ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებაც. რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ჩეხეთში დღეს რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს. მთავრობის გადაწყვეტილებით ჯერ შეიქმნა ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების აუდიტი, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სტრატეგია და საპასუხო ქმედებების როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. ამას გარდა, ჩეხეთის მთავრობამ 2017 წელს შექმნა საგანგებო რგოლი, სახელწოდებით ტერორიზმთან და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ცენტრი. მათ საქმიანობაში ბევრ სხვა ელემენტთან ერთად, შედის მედიის მონიტორინგი, პოლიტიკური და ეკონომიკური განლაგების შესწავლა და ანალიზი.
ცხადია, საკითხი კომპლექსურია და შესაბამისად, მიდგომაც არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. არ არის გამორიცხული, რომ ერთი მოდელი ყველა ქვეყნისთვის უნივერსალური არ გამოდგეს, თუმცა მნიშვნელოვანია სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების გაზიარება და საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე სათანადო მოქმედებების განხორციელება.
ავტორები:
ლიკა აბესაძე
მარიამ ჩირგაძე
ბიბლიოგრაფია
ქართული ლიტერატურა
- ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები -ეკონომიკური ნატო ანალიტიკური დოკუმენტი N1-თბილისი 2016 წელი
- გ.მოდებაძე-რუსული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ: სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თბილისი, 2019წ.
- რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში- რედაქტორი: კაკოიაშვილი ი., ჩაგანავა ა., ვოთი ა., სნიპი ი., ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია, თბილისი, 2016 წელი.
- Zviad Adzinbaia, Małgorzata Zawadzka-საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან გამკლავება- ვარშავა 2018
- პოლიტიკის დოკუმენტი-კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა-22 აგვისტო, 2016
- საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედია ფორუმი თბილისში, 27 ივნისი, 2017
- კუხალაშვილი დ., „სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის ორგანიზაცია რელიგიის საფარქვეშ-თბილისი, 2016 წელი
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, ოკუპირებული ტერიტორიები, 01.01.2016-31.12.2016
- ვ.სვანაძე,ა.გოცირიძე-კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები -თბილისი 2015 წელი.
უცხოური ლიტერატურა
- McMaster, H.R. The Pipe Dream of Easy War, July 20, 2013
- Dempsey, J. Will Hybrid War Defeat Europe? April 29, 2015
- Frank Bekkers, Rick Meessen, and Deborah Lasche, “Hybrid Conflicts: The New Normal,” TNO Innovation for Life, December 2018
- Andis Kudors, Hybrid War – A New Security Challenge for Europe, 2015
- Hoffman, F.G. On Not-So-New Warfare: Political Warfare vs Hybrid Threats, 2014.
- Carl von Clausewitz, On War, ed. and trans. Michael Howard and Peter Paret (Princeton,1976)
- The Landmark Thucydides, ed. Robert B. Strassler (New York, 1996), pp. 245–246
- Niklas Nilsson-Russian Hybrid Tactics in Georgia-SILK ROAD PAPER January 2018
- Tomas Baranec, ”Trade, Economy and Pro-Russian Opinion in Georgia”, Central Asia-Caucasus Analyst, October 2, 2015.
- Sascha Dov Bachmann and Håkan Gunneriusson- Russia’s Hybrid Warfare in the East; 2016 year,18 april
- Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, Situation of human rights in the temporarily occupied Autonomous Republic of Crimea and the city of Sevastopol (Ukraine)
- Pynnöniemi, K., & Saari, S. Hybrid influence – lessons from Finland. NATO review (2017)
- Sascha Dov Bachmann and Håkan Gunneriusson- Russia’s Hybrid Warfare in the East; 2016 year,18 april
- A Europe that protects: countering hybrid threats – June 2018.
- Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, Situation of human rights in the temporarily occupied Autonomous Republic of Crimea and the city of Sevastopol (Ukraine)
- NATO, Hybrid War – Hybrid Response, 3 July 2014-5 March 2015.
- NATO Parliamentary Assembly Resolution #437 on STability And Security In The Black Sea Region, 09 October 2017
- Kowalik T.K., and Jankowski D.P., Hybrid warfare – a known unknown?, Monday, 04 July 2016
ინტერნეტ რესურსები
- https://www.nato.int/docu/review/articles/2014/07/01/hybrid-war-hybrid-response/index.html
- https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-7-2011-0025_EN.html?redirect
- https://neweasterneurope.eu/2016/07/04/hybrid-warfare-a-known-unknown/
- Situation of human rights in the temporarily occupied Autonomous Republic of Crimea and the city of Sevastopol (Ukraine)
- Hybrid Operations and the Importance of Resilience: Lessons From Recent Finnish History
[1] Dempsey, J. Will Hybrid War Defeat Europe? April 29, 2015
[2] Frank Bekkers, Rick Meessen, and Deborah Lasche, “Hybrid Conflicts: The New Normal,” TNO Innovation for Life, December 2018
[3] A Europe that Protects: Countering Hybrid Threats – European External Action Service (europa.eu) ნახცის დრო 12.12.2020 17:48
[4] ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები-ეკონომიკური ნატო ანალიტიკური დოკუმენტი N1-თბილისი 2016 წელი
[5] ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი – 4 აპრილი, 1949 წ. https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17120.htm?selectedLocale=ka [წვდომის დრო: 16.12.2020 ]
[6] გ. მოდებაძე-რუსული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ: სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; თბილისი, 2019წ.
[7]Zviad Adzinbaia, Małgorzata Zawadzka-საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან გამკლავება- ვარშავა 2018
[8]პოლიტიკის დოკუმენტი-კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა-22 აგვისტო, 2016
[9] თ. აქუბარდია- საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, თბილისი 2020 წ.
[10]European Parliament Resolution „EU Strategy for the Black Sea“, 20 January 2011, https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-7-2011-0025_EN.html?redirect [წვდომის თარიღი: 27.07.2019]
[11] NATO Parliamentary Assembly Resolution #437 on STability And Security In The Black Sea Region, 09 October 2017, DRAFT RESOLUTION ON THE EUROPEAN SECURITY AND DEFENCE IDENTITY [წვდომის თარიღი: 14.12.2020];
[12]Lally, Kathy (17 April 2014). “Putin’s remarks raise fears of future moves against Ukraine”- Putin’s remarks raise fears of future moves against Ukraine [წვდომის თარიღი:14.12.2020]
[13]Col. Kowalik T.K., and Jankowski D.P., Hybrid warfare – a known unknown?, Monday, 04 July 2016 Hybrid warfare – a known unknown? [წვდომის თარიღი: 14.12.2020 ]
[14]ვ.სვანაძე,ა.გოცირიძე-კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია და გამოწვევები -თბილისი 2015 წელი.
[15] იხ. რუსეთის სამხედრო ძალების როლი დონბასის ჰიბრიდულ ომში – [წვდომის თარიღი: 14.12.2020 ]
[16] I. Panait – The HYBRID WAR Concept – Argument for an versus,United Kingdom-3/2015
[17]იხ. Hybrid Operations and the Importance of Resilience: Lessons From Recent Finnish History [წვდომის თარიღი: 14.12.2020.]
[18]Pynnöniemi, K., & Saari, S. (2017). Hybrid influence – lessons from Finland. NATO review, https://www.nato.int/docu/review/articles/2017/06/28/hybrid-influence-lessons-from-finland/index.html [წვდომის თარიღი: 14.12.2020.]
[19]A Europe that protects: countering hybrid threats – June 2018. –https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/hybrid_threats_en_final.pdf [ წვდომის თარიღი 14.12.2020 ]
[20]იხ. https://ec.europa.eu/home-affairs/what-we-do/policies/internal-security_en [ წვდომის თარიღი 14.12.2020 ]
[21] https://www.hybridcoe.fi/about-us/ [ წვდომის თარიღი 14.12.2020 ]