E ISSN 2587-5396

BREXIT-ის შედეგების გავლენა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე

24/12/2020 By yatage

BREXIT-ის შედეგების გავლენა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე

 ურთიერთობა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის გრძელვადიანი თავისებურებებით ხასიათდება. ევროკავშირი დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების გარანტია. მისი დევიზია „მრავალფეროვნება ერთიანობაში“. რის ფარგლებშიც ქვეყნები, რომლებიც გაერთიანებაში არიან გაწევრიანებულნი იღებენ, როგორც სარგებელს, ასევე გასცემენ მას ერთიანობის იდეის სასიკეთოდ. დიდი ბრიტანეთისა და ორგანიზაციის უშუალო ურთიერთობა იწყება 1961 წელს, როდესაც ის აკეთებს განცხადებას ორგანიზაციის წევრობაზე.  ეს კი თავის მხრივ სამართლებრივი ქმედება იყო, ვინაიდან კუნძული ევროპის კონტინენტს ეკუთვნის. ამის მიუხედავად მან ორჯერ მიიღო უარი გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე, ინიციატივის მოწინააღმდეგე ორივეჯერ საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტი შარლ დე გოლი გახლდათ. ბრიტანეთი, საბოლოოდ ევროპის კავშირს 1973 წელს უერთდება, 16 წლის შემდეგ მისი დაარსებიდან. მან ამ ორგანიზაციაში ყოფნისას დიდი წვლილი შეიტანა კავშირის განვითარებაში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. დიდი ბრიტანეთი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გვერდით ედგა კავშირს, როგორც სიდუხჭირის ჟამს, ასვე კეთილდღეობისას.

ბრიტანეთის, როგორც ერთ-ერთი ძლევამოსილი ქვეყნის კონტრიბუცია, ევროპის კავშირის განვითარებაში ფასეულია. ამაზე მეტყველებს ის უფლებამოსილებები და მანდატები, რომლებიც ბრიტანეთს წევრობის დროს ჰქონდა, იგულისხმება ვეტოს დადების უფლება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მისი, როგორც ანგარიშგასაწევი ძალის აზრის გათვალისწინება და ბევრი სხვა ბერკეტი, რომელიც მას გააჩნდა. გამოვიდეთ თუ დავრჩეთ? – რეფერენდუმში, რომლითაც ბრიტანეთი მიზნად ისახავდა  მოსახლეობის აზრის გაგებას ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივაზე, დადებითი პასუხი გასცა მათმა უმრავლესობამ, რითაც დაიწყო ეს რთული და კომპლექსური პროცესი BREXIT-ი. დამეთანხმებით  ევროკავშირის კანონმდებლობა ლისაბონის სამიტამდე არ ითვალისიწინებდა ქვეყნის ორგანიზაციიდან გასვლის მუხლს. სწორედ ამიტომ არის  დიდი ბრიტანეთის შემთხვევა უპრეცენდენტო მაგალითი. იგი გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმაც განცხადება გააკეთა ევროკავშირის დატოვებაზე. BREXIT-ის ხასიათი პროცესუალურია და ორივე მხრიდან გარკვეულ წინააღმდეგობებსა და დათმობებს გულისხმობს. პროცესის ფარგლებში ,როგორც ლონდონი, ასევე ბრიუსელი აქტიურად მუშაობენ სახელმწიფო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით. ხოლო  იმ პრობლემებისა და გამოწვევების პრევენცირებაზე, თუ გადაჭრის გზებზე , რაც BREXIT-მა  მოიტანა, უფრო ვრცლად ქვევით მოგახსენებთ.

პოლიტიკური მიდგომები და გამოწვევები

BREXIT-ი ძალზედ ამაღელვებელი პროცესია, როგორც ევროკავშრისათვის ასევე მთლიანი მსოფლიოსთვის. იგი თითქოს ევროზონის ბზარად გვევლინება, რომლის ნაწარმია ისედაც პოპულარული ევროსკეპტიციზმის კიდევ უფრო აღმასვლა. რაღა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვან სიტუაციებში, როგორის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა რომელიმე სახლემწიფომ არ ისარგებლოს მომენტით და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა ,რომელიც სხვებისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლა უპრეცედენტო შემთხვევაა და იგი სრულიად ევროსივრცის ყურადღების ეპიცენტრშია მოქცეული. ამ ფაქტორით სარგებლობს რუსეთი, რომლის მტრული დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ კიდევ უფრო იზრდება და შესაბამისად რთულდება ვითარება.

BREXIT-ს როგორც მსოფლიო პოლიტიკაზე, ასევე რეგიონალურ პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს. იგი მოიაზრებს საზღვრების, ურთიერთობების, მისწრაფებებისა და დამოკიდებულებების რეფორმირებას. ცალსახად, პროექტი ასუსტებს ევროკავშირის გავლენას რეგიონში. დიდი ბრიტანეთი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ევროკავშრთან და მათი ურთიერთობები დაბალანსებული იყო, მათი ეკონომიკა კი ჰარმონიული. სიმართლე რომ ითქვას, ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან მხოლოდ რუსეთისთვისაა სასარგებლო,  იმ ორი თვალსაზრისით, რომ ევროკავშირს მოაკლდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი, და ორგანიზაციას გამოეთიშა ისეთი ძალა რომელიც აქტიურად ატარებდა ანტი-რუსულ პოლიტიკას კავშირში.

გთავაზობთ, ტომ ვრაითის საინტერესო ნაშრომის ,,ევროპის დაკარგული ათწლეულის“[1] ინტერპრეტაციას  ევროკავშირის მომავლის სამი სცენარის შესახებ:  1-ბრიტანეთი ,როგორც ცენტრალური ძალა ძლიერ დაასუსტებს ევროკავშირს. 2-ბრიტანეთი იქნება დანაკლისი ევროკავშირისათვის თუმცა ,მას შესწევს ძალა და უნარი მის გარეშე საქმიანობის ეფექტურად გაგრძელებისა. 3-BREXIT-ი ევროკავშირს მეტად ინტეგრირებულს გახდის. დამეთანხმებით საკმაოდ საინტერესო სცენარებია ,რომლის გაანალიზების საშუალებაც, ამ ტემპის გათვალისწინებით, ჩვენ რამდენიმე წელიწადში მოგვეცემა. ერთი რამ კი ცხადია, ბრიტანეთს ევროკავშირში დიდი როლი ჰქონდა, BREXIT-ი შეამცირებს ევროსივრცის ტერიტორიას, რაც თავის მხრივ ნაკლებ მოსახლეობასა და უფრო მცირე ბაზარს გულისმობს.ეს გავლენას იქონიებს და შეიცვლება ურთიერთობები ევროკავშირისათვის ბრიტანეთის სატელიტებთანაც/ კოლონიებთან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც აუცილებლად ხაზგასმით აღსანიშნავია არის ის, რომ დიდ ბრიტანეთს ყოველთვის, ისტორიულად ჰქონდა ურთიერთოებების სტაბილიზატორის როლი გერმანიასა და საფრანგეთს შორის. მან ეს როლი ევროკავშირშიც კარგად შეითავსა სავაჭრო კუთხით. იგი არეგულრებდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. არსებობს მოსაზრება, რომ ბრიტანეთის გავლენის შემცირება ევროკავშირში, საშუალებას მისცემს გერმანიას გახდეს ბირთვი ცენტრალური ევროპისა.

ისტორიამ გვაჩვენა, რომ ამ უკანასკნელს ეს მისწრაფება ნამდვილად გააჩნია, ისევე როგორც შესწევს ამის გაკეთების ძალა და უნარი. ამას ამტკიცებს გერმანული კლასიკური სკოლის შვედი წარმომადგენლის, რუდოლფ ჩელენის ნააზრევიც: „გერმანიის მაგალითზე, ჩელენმა განავითარა იდეა კონტინენტური სახელმწიფოს შესახებ. მისი აზრით, ევროპაში ღერძის ფუნქციას გერმანია ასრულებდა. მას უპირისპირდებოდნენ საფრანგეთი (ასევე კონტინენტური ტიპის სახელმწიფო) და საზღვაო სუპერსახელმწიფო ინგლისი.“[2] დიდხანს შეიძლება მსჯელობა თუ როგორ შეითავსებს გერმანია ამ როლს, და რა სიკეთისა თუ ზარალის მომტანი შეიძლება იყოს ეს ევროკავშირისათვის, თუმცა აქ შევჩერდეთ.
პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, დიდი ბრიტანეთი გარკვეულ დისტანციას ყოველთვის იჭერდა ევროკავშრისაგან, რეალურად მას ამის საშუალებას თავისი გეოლოკაციაც აძლევდა. ბრიტანეთის ამ შეხედულების პირმშო გახლდათ, ეროვნული ვალუტა ,სამოგზაურო ვიზა. მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში ევროკავშირისა და ბრიტანეთის ურთიერთობები უსასრულოდ შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა, მათი იზოლაცია ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან გეოგრაფიულად ისინი გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთზე და მოგეხსენებათ გეოგრაფია დღევანდელი მსოფლიოს ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს.როგორც ნაპოლეონი იტყოდა „სახელმწიფოს პოლიტიკა მის გეოგრაფიაზე გადის“. დიდი ბრიტანეთი შეიძლება მეტად დაუახლოვდეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს, რადგან ატლანტის ოკეანე ამის საშუალებას იძლევა. გვახსენდება გეოსტრატეგიის სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლის მამამთავარი ალფრედ მეჰენი და აღსანიშნავია ,რომ მისი აზრები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. შეგახსენებთ, რომ მისი ხედვის თანახმად, მხოლოდ საზღვაო სუპერძალისთვის იყო ხელმისაწვდომი, მსოფლიოში გადამწყვეტი ძლიერების მოპოვება.

BREXIT- ი, როგორც ეკონომიკურ ალყაში მოქცეული პროცესი

BREXIT-ი ,როგორც უკვე აღინიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით, გლობალური ანუ დიდი ძალის მატარებელია, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს ან არგოს კონკრეტულ სახელმწიფოსა თუ ორგანიზაციას. მოგეხსენებათ 2020 წლის 31 იანვარი არის BREXIT -ის დღე, ამ დღეს გამოეყო დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს. ინგლისს აღარ გააჩნია ევროკავშირის არც დღის წესრიგის ფორმირების, არც ვეტოს, არც მაგიდასთან ჯდომისა და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების ბერკეტები. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის დღიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე, შეთანხმების თანახმად მონახულ უნდა იქნას ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო, ალტერნატიული გზები, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამით ბიზნეს სექტორს მიეცა საშუალება ,რომ ფეხი აუწყონ პროცესს და BREXIT -ის იმპლემენტაციის პერიოდში მოერგონ რეალობას. ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით  ყველაფერი უცვლელია.

ბრიტანეთი კვლავ გახლავთ ევროპის სავაჭრო ზონის წევრი ქვეყანა. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ლონდონის მხარეს საშუალება აქვს აწარმოოს ექსპორტ-იმპორტი გადასახადების გარეშე. ამას ნეგატიური მხარეც გააჩნია, კერძოდ  ამ პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთი ვალდებულია დაიცვას ყველა ის რეგულაცია, რომელსაც ევროკავშირი უწესებს: ევროკავშირის ბიუჯეტში თანხის შეტანა,როგორც ამას გაერთიანებული სამეფო ადრე აკეთებდა, ასევე ის უნდა დაემორჩილოს ევროკავშირის მიერ განკარგულ დღის წესრიგს. ლონდონისა და ბრიუსელის  მხარეები აქტიურად მუშაობენ ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (CFTA) ,რომელიც ემსახურება მათ შორის ვაჭრობის გამარტივებას იმდენად ,რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ისეთივე მარტივი ეს ვერ იქნება ,როგორც აქამდე იყო. კერძოდ, ბრიტანეთს საშუალება ექნება პროდუქციის რაოდენობის შეუზღუდავად, უტარიფოდ ევროკავშირში ექსპორტირების, მაგრამ  იგი  ვალდებული იქნება გაიაროს საბაჟო შემოწმება, რასაც პროდუქციის ხარისხის შემოწმების მიზნით აქამდე არ ახორციელებდა. ეს არის ის საფასური, რომელსაც ბრიტანეთი თამაშიდან გასასვლელად იხდის, რომლის წესებსაც ევროკავშირი ადგენს.

დროის სიმწირის გამო საშუალება არაა ყველა ფაქტორი იქნას გათვალისწინებული, ეს თავისთავად ევროკავშირის წისქვილს ასხავს წყალს, ვინაიდან ბრიტანეთს ჩამორთმეული აქვს ყველანაირი ბერკეტი, თუმცა ამის მიუხედავად იგი ახორციელებს შენატანს ევროკავშირში. ამ მარტივი მიზეზის გამო ბრიტანეთის მთავრობა არ განიხილავს BREXIT -ის იმპლემენტაციის პერიოდის გახანგრძლივებას, რამაც შეიძლება მხარეებს შორის შეუთანხმებლობამდეც მიგვიყვანოს, ეგრედ წოდებულ NO-DEAL BREXIT-მდე რაც არანაირ ეკონომიკურ თანამშრომლობას აღარ გულისხმობს. BREXIT-ის იმპლემენტაციის ვადის გასვლით ორგანიზაციას დააკლდება მნიშვნელოვანი დამფინანსებელი. ლონდონის მხარის, როგორც წილი, ასევე დამოკიდებულება ევროპის ეკონომიკური ზონის მიმართ საკმაოდ დიდია. ნათელსაყოფად, 2019 წელს ბრიტანეთის მიერ ექსპორტზე გატანილი საქონლის დაახლოებით 47%-ი ,სწორედ ევროკავშირის ბაზარზე მოხვდა.[3] რეალურად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობა ორივე მხარეს შეუძლია. ევროკავშირს აქვს მოლაპარაკებები ჩინეთთან, აშშ-სთან და სხვა მოწინავე სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საერთო ინტერესის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. ასევე ბრიტანეთს შესწევს იმის ძალა ,რომ გააღრმავოს ურთიერთობები, იგივე კანადასთან ან სხვა რეგიონებთან. თუ შედეგებამდე დავალთ, ეს პროცესი მოკლევადიან პერსპექტივაში ორივესთვის წამგებიანია, თუმცა უფრო მეტად- ბრიტანეთისთვის. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ცალსახად მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს  გაერთიანებული სამეფოსთვის, ხოლო წამგებიანი ევროკავშირისთვის.
და რა თქმა უნდა უხილავი მტერი, COVID-19. დღეს როგორც დანარჩენი მსოფლიო, ბრიტანეთიც და ევროკავშირიც ებრძვის ახალ კორონავირუსს. მას ეთმობა დიდი ყურადღება, ითხოვს აუარებელ რესურსებსა და ძალის მობილიზაციას. სახელმწიფოები გადასულნი არიან რელსებიდან და მათი დღის წესრიგი შეცვლილია, მათთვის ღირებულია ადამიანების სიცოცხლე, შესაბამისად გადაწყვეტილებებს ამ ღირებულებებზე დაყრდნობით იღებენ, რაც ძლიერ ასუსტებს მათ ეკონომიკას. ძალიან რთულია, შეიძლება ითქვას შეუძლებელი ლოქდაუნებისა და რეგულაციების პარალელურად, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ,რომელიც თითქმის მთლიან მსოფლიოშია, განსაზღვრო და პროგნოზირება გააკეთო ეკონომიკური საკითხებისა, რომლებიც ეფექტური უნდა იყოს მსოფლიოს ჩვეულებრივ რიტმში დაბრუნებისას (ვგულისხმობ, ბრიტანეთსა და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებს). ეს არის ის ფაქტორი ,რომელიც აუცილებლად ყურადსაღებია, როგორც ლონდონისთვის ,ასევე ბრიუსელისთვის ,რადგან სწორედ ამ ურთულეს მომენტში უწევთ მათ გადაწყვეტილების მიღება, და ეკონომიკურ ურთიერთობებზე შეთანხმება.

ბრიტანეთი: თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალა

უსაფრთხოება და თავდაცვა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და მას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა. საერთაშორისო საზოგადოებაში BREXIT-ის პროცესმა გააჩინა ბევრი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებოდა ევროპის კავშირი და დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ, რაც შეიცვლებოდა მოქმედების ერთიანი პოლიტიკა. პროცესის შედეგად ვხედავთ, რომ  ორივე მხარეს არასტაბილური სისტემა ჩამოყალიბდა, რომელიც თავის მხრივ დიდ გავლენას-ახდენს-მათივე-უსაფრთხოებაზე.
ინგლისი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა თავდაცვისა და უშიშროების კუთხით. მას მიმზიდველ და საინტერესო შესწავლის ობიექტად, სწორედ აქტიურად განხორციელებული საგარეო და საშინაო უსაფრთხოების პოლიტიკა აქცევს. ჩვენს მიერ ჩატარებული სამაგიდო კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ბევრი ფაქტორი, რაც ხაზს უსვამს ბრიტანეთის ძლიერებას და მის თავდაცვით უპირატესობებს რეგიონში.  დიდ ბრიტანეთს ჰყავს ძლიერი სამხედრო ძალები, რომელიც მსოფლიოში მერვე ადგილზეა გლობალური სამხედრო ძალის ინდექსის, 2020 წლის მონაცემებით.[4] იგი ინარჩუნებს ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორებს, აქვს ძირითადი მნიშვნელოვანი სადაზვერვო შესაძლებლობები, რაც  საკმარისია ქვეყნის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დიდი ბრიტანეთი  მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ხარჯავს თავდაცვაზე და ასევე ინარჩუნებს მუდმივი წევრის სტატუსს როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ასევე ნატოში(NATO).

ნატოს წევრ ანგარიშგასაწევ ძალას ბრიტანეთის სახით, გარკვეული  გავლენა უპირობოდ ექნება ევროკავშირისა და ნატოს სამომავლო ურთიერთობაზე BREXIT-ის შედეგად. უსაფრთხოება თავის თავში სამხედრო ძალაზე ბევრად მეტს გულისხმობს. ბრექსიტამდე ბრიტანეთის პოლიტიკური კავშირი  სხვა ევროპულ ქვეყნებთან, ხელს უწყობდა მათ  ეკონომიკურ უსაფრთხოებას,  მონაცემებისა და  ხალხის გარე საფრთხეებისგან თავდაცვას, კერძოდ: ტერორიზმი, კრიმინალი, ნარკოტიკები, ტრეფიკინგი და სხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც შესაძლოა მომდინარეობდეს ნებისმიერი გარეშე ქვეყნიდან. ზოგადად, ყველა გლობალური საფრთხე, რომელსაც ევროპის კავშირი ერთიანი ძალისხმევით უმკლავდება, არის გამოწვევები, რომლებსაც საზღვრები არ გააჩნიათ.  იქნება ეს ეკოლოგიური-გლობალური დათბობის პრობლემა თუ პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ის თანაბარ გავლენას ახდენს სახელწმიფოების ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების პარადიგმებზე. ევროგაერთიანებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი დანაკარგია ბრიტანეთი, როგორც ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფო. თუმცა ეს არაა ტრაგედია,ვინაიდან კავშირის ბევრ წევრს ამის მაკომპესირებლად  ნატო ევლინებათ, რომელიც რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების გარანტი იყო და გარანტად რჩება. BREXIT-ის მიუხედავად მხარეების ურთიერთობა გრძელდება. ამას მოწმობს 2019 წლის დეკემბერში, ბრიტანეთის მთავრობის მიერ  გამოცხადებული “უსაფრთხოების დაცვისა და საგარეო პოლიტიკის ინტეგრირებული მიმოხილვა”, რომელიც განსხვავებული პერსპექტივებით აფასებს ბრიტანეთის ადგილს მსოფლიოში, იგი მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის ყველა ასპექტს თავდაცვიდან დიპლომატიამდე. ამ დოკუმენტთან ერთად დიდი ბრიტანეთი განიხილავს სამომავლო ურთიერთობებს საფრანგეთთან და გერმანიასთან (ე.წ. „E3”),[5] როგორც საგარეო, ასევე საშინაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მეტიც, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე შემოგვთავაზა შიდა უსაფრთხოების ევროპული საბჭო, რომ ბრიტანეთი დარჩენილიყო ევროპის უსაფრთხოების ჩარჩოებში.

ბრიტანეთის როლი და პასუხისმგებლობები

ინგლისი ერთ-ერთი მთავარი უსაფრთხოების კონტრიბუტორი გახლდათ ევროკავშირისათვის. მისი, როგორც დასავლეთ ევროპის წამყავანი სამხედრო და სადაზვერვო ძალის  პასუხსიმგებლობა მრავლისმომცველია. კერძოდ, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა დაზვერვა,კონტრ-დაზვერვა და საგარეო უსაფრთხოება.  BREXIT -ის შემდეგ ბუნებრივია, გავლენიანი წევრისგან გაცემული სიკეთეები ევროკავშირს მოაკლდა თუმცა ვერ ვიტყვით, რომ  ლონდონის მხარეს ზარალი არ მიადგა. განსაკუთრებული გავლენა შეინიშნება სამართალდამცავი ორგანოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტრუქტურებზე, რომელთაც უფლებამოსილებების განხორციელებისთვის ესაჭიროებათ  ევროკავშირის მონაცემთა ბაზების გამოყენება. მართალია ევროკავშირი და ინგლისი, აღნიშნული მონაცემთა ბაზის გაზიარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ინფორმაციაზე წვდომა გართულებული ბიუროკრატიული პროცესებით გახდა შესაძლებელი.უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ BREXIT-მა მნიშვნელოვანად გაართულა ექსტრადაციის მოთხოვნებიც, რაც აისახება სახელმწიფოს სუვერენულ უსაფრთხოებაზე. ის ასევე კარგავს მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ევროპული თვითმფრინავების მოგზაურობის ჩანაწერებს, ავტომობილების რეგისტრაციას, თითის ანაბეჭდებს და დნმ პროფილებს. ცალსახაა, ეს ავტომატურად გამოიწვევს ბრიტანეთის მსგავს მონაცემებზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვისაც წვდომის გაუქმებას, რაც  საერთო ჯამში ბადებს დაცულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს სურათი ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების პოლიტიკის სანდოობას და ზრდის დამოუკიდებელი მოლაპარაკებების წარმოების რისკებს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის წევრ სახელწმიფოებს შორის. ბრიტანეთს მნიშვნელოვანი  პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული რეგიონში თავისი სიძლიერიდან გამომიდნარე უსაფრთხოების კუთხით. ხშირ შემთხვევაში იგი დიპლომატიური ჯაჭვის დამაკავშირებელ რგოლადაც გვევლინებოდა აშშ-სა და ევროკავშირს შორის.თუმცა ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვაფიქრებინოს ის, რომ BREXIT-ის შემდეგ აშშ-მ რეგიონის უსაფრთხოებაზე ინტერესი დაკარგა. ბრიტანელი სამხედროები შენიშნავენ,რომ გაერთიანებული სამეფოსთვის ევროკავშირი უსაფრთხოების სფეროში   უფრო და უფრო არასტაბილური პარტნიორი ხდება. რაც შეიძლება აიხსნას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ  ეროვნული პოლიტიკის განხორციელებით,რომელიც მათთვის უფრო პრიორიტეტულია ვიდრე ორგანიზაციის საერთო ხედვა. გვინდა ყურადღება გავამახვილოთ რეგიონში ბრიტანეთის როლზე, რაც სუვერენულ უსაფრთხოებას ეხება. კერძოდ, BREXIT -ის შედეგად შესაძლოა დასაბამი დაედოს ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის არარსებული სახელწმიფო საზღვრის გაჩენას და ასევე შოტლანდიის გასვლას გაერთიანებული სამეფოდან. ეს ორივე საკითხი პროცესუალური სირთულეებით ხასიათდება, თუმცა ხელშესახები გამოწვევაა, ვინაიდან ბრიტანეთს დიდი შრომის ფასად დაუჯდა აღნიშნულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურ ჩარჩოში  მშვიდობიანი_ურთიერთობების_ჩამოყალიბება.
BREXIT -ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ევროპული მიგრაციის შეზღუდვა გახლდათ. ამას საფუძვლად უდევს ნაციონალიზმითა და ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული რიგი მიზეზები,რაც გამომჟღავნდა მოსახლეობის ქმედებაში,როდესაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას. ამ შემთხვევაში, ბრიტანელი ხალხის მისწრაფება უფრო ძლიერად გაეკონტროლებინათ საკუთარი სახლემწიფოს საზღვრები, მიგრაციის პოლიტიკაში ამოსავალი წერტილი გახლდათ.  შექმნილ მდგომარეობაში, ლონდონსა  და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების პრიორიტეტს, ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეებისა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების, უფლებების დაცვა წარმოადგენდა. აქ თავს იჩენს ბინადრობისა და მუდმივი ცხოვრების პრობლემა, რაც დამატებითი გამოწვევაა ორივე მხარისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით.  აღსანიშნავია, ლონდონმა აწარმოა ხისტი პოლიტიკა,რომელშიც გათვალისწინებული იყო ეკონომიკის ყველა სფეროსთვის დაშვებული რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მიგრანტთა მიღება. ასევე დასახული პოლიტიკური კურსი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას ავალდებულებს გაიაროს ის პროცედურული შემოწმება ევროკავშირის საზღვარზე, რისი გავლის ვალდებულებაც აქვთ არაწევრ ქვეყნებს,თუმცა საკითხი პასპორტებთან დაკავშირებით, რაც მოქალაქეების თვისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს, ჯერ კიდევ არ არის  გადაწყვეტილი.

დასკვნა
ჩვენ ვართ ისტორიული მომენტის მომსწრენი, და საშუალება გვეძლევა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესს საკუთარი თვალებით დავაკვირდეთ, შევაფასოთ იგი და გავაკეთოთ დასკვნები. ბრექსიტის იმპლემენტაციის ვადა სულ მალე ამოიწურება, თუმცა მხარეები ჯერაც შეთანხმების პროცესში იმყოფებიან. პროცცესს შემაფერხებლად ევლინება კორონა ვირუსის ფაქტორიც.ერთი რამ კი ცხადია,ბრექსიტმა იმაზე ბევრად დიდ მასშტაბებზე გაგვიყვანა ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. თურმე იგი სინამდვილეში  უფრო ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების ფაქტორებს გულისხმობს, და ის აუცილებლად მოახდენს მსოფლიო კავშირების რეფორმირებას. BREXIT-ი მაგალითია იმისა,თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები სიკეთეები დათმოს სამომავლო მდგრადი განვითარებისათვის, მსხვერპლად გაიღოს მრავალწლიანი ურთიერთობა და სანდო პარტნიორი.

 

ავტორები:

გოჩა მიქაუტაძე

ნინი ბოჭოიძე


ბიბლიოგრაფია:

  1. Oliver T. (2016). “ What impact would a Brexit have on the EU? “  Dahrendorf Analysis https://www.dahrendorf-forum.eu/publications/what-impact-would-a-brexit-have-on-the-eu/
  2. Wright ‘Europe’s Lost Decade’, Survival, Vol. 55, No. 6, (2013), pages 7-28.
  3. https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/Space,%20Politics,%20Identity%20-%20part%20IV.pdf
  4. Workman D. (2019) “United Kingdom’s Top Trading Partners http://www.worldstopexports.com/united-kingdoms-top-import-partners/?fbclid=IwAR33NcQU8Q84w1yHwpeplqZ-bgLmLtU1tte_BXb1ipD4pv6KalYQw7F5QpY
  5. Barnier (17 October, 2019) “The Withdrawal Agreement creates legal certainty where Brexit created uncertainty. It preserves the Union’s interests.”  https://ec.europa.eu/info/european-union-and-united-kingdom-forging-new-partnership/eu-uk-withdrawal-agreement_en
  6. Press Corner (25 February 2020) “Future EU-UK Partnership: Question and Answers on the negotiating directives”

https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/qanda_20_326

  1. 2020 Military Strength Ranking – https://www.globalfirepower.com/countries-listing.asp
  2. Bond I. (27 January 2020) “ UK FOREIGN AND SECURITY POLICY AFTER BREXIT”  https://www.cer.eu/publications/archive/bulletin-article/2020/uk-foreign-and-security-policy-after-brexit?fbclid=IwAR1xyvESDxofbTcTp9WvY3AZ1JF6sbbsZx1uHG0JTE_oFbh8MJhvlc-hnzE
  3. Whinery D. (1 February 2020) “ How Britain Can Shape Europe’s Foreign Policy After Brexit”https://carnegieendowment.org/2020/02/01/how-britain-can-shape-europe-s-foreign-policy-after-brexit-pub-80961?fbclid=IwAR021h6_tgQf-bF44bRPBYC9fT1-_cxJPAFgI02Ix3weZI1SCrzP-kcRShM
  4. McGuinness T. (21 June, 2017) “Brexit and Borders: Migration and asylum”https://commonslibrary.parliament.uk/brexit-and-borders-migration-and-asylum/?fbclid=IwAR3uId1Il1MJwRQXZ1vS-wDT2Ql45qifXKuJiR7EghLI6Y2r8LRd5FvVn9A
  5. Office for National Statistics – “UK balance of payment, The Pink Book: 2020” https://www.ons.gov.uk/economy/nationalaccounts/balanceofpayments/bulletins/unitedkingdombalanceofpaymentsthepinkbook/2020?fbclid=IwAR1kSg-A2h-ei2-ivW69QxwTLTWkOH2Y1EMFv4YrNYdFYln7fWGKVGt4r8c

 

 

[1] Tom Wright ‘Europe’s Lost Decade’, Survival, Vol. 55, No. 6, (2013), pages 7-28.

[2] https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_social_political/Space,%20Politics,%20Identity%20-%20part%20IV.pdf

[3] Workman D. (2019) “United Kingdom’s Top Trading Partners”  http://www.worldstopexports.com/united-kingdoms-top-import-partners/?fbclid=IwAR33NcQU8Q84w1yHwpeplqZ-bgLmLtU1tte_BXb1ipD4pv6KalYQw7F5QpY

[4] 2020 Military Strength Ranking – https://www.globalfirepower.com/countries-listing.asp

[5] Whinery D. (1 February 2020) “ How Britain Can Shape Europe’s Foreign Policy After Brexit”https://carnegieendowment.org/2020/02/01/how-britain-can-shape-europe-s-foreign-policy-after-brexit-pub-80961?fbclid=IwAR021h6_tgQf-bF44bRPBYC9fT1-_cxJPAFgI02Ix3weZI1SCrzP-kcRShM