E ISSN 2587-5396

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ დე-ოკუპაციისთვის ?

22/07/2020 By yatage

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ დე-ოკუპაციისთვის ?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მათი დე-ოკუპაცია ყველაზე რთული და პრობლემატური საკითხია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომელიც პირდაპირ კავშირშია ისეთ ტერმინებთან როგორიცაა: ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ურღვევობა, ინდივიდის თავისუფლებებისა და უფლებების დაცვა, ლტოლლვილების დაბრუნება და სხვა. რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით, ინტენსიური მილიტარიზაციითა და სასაზღვრო ჯარების განლაგებით არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, რაც არამხოლოდ მის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ეს ყოველივე დღევანდელობის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი მსაზღვრელია.
იმ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელის ტერიტორიაზე ორ გაყინულ კოფლიქტს ვხვდებით, მოიაზრებს ისეთი პრიორიტეტების შექმნასა და უზრუნველოყოფას, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციასა და ქვეყნის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენას ვუწოდებთ.
საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო ოკუპირებუილი რეგიონების დამოუკიდებლობის „არაღიარების პოლიტიკის“ განმტკიცებისკენ, საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება მოწოდებული უნდა იყოს მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლლის პრინციპებზე დამყარებული გზით ტერიტორიების დეოკუპაციისკენ.

საშინაო დონე

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს უფრო და უფრო უჭირს სოხუმსა და ცხინვალში რუსულ სამხედრო, ეკონომიკურ და საინფორმაციო გავლენასთან გამკლავება. ეს დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის პესიმისტური და უიმედო განწყობის ჩამოყალიბებაზე, რაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია  დეოკუპაციისა და შერიგების მიმართულებით. დეოკუპაციის ნიადაგი ხალხში გრძელვადიანი პერსპექტივების დამკვიდრებაა და ამისათვის საჭიროა საშინაო დონეზე მმართველი ძალებისა და პოლიტიკოსების საჯაროდ და ღიად მსჯელობა ისეთი ფუნდამენტური საკითხის შესახებ, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოება ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მაცხოვრებლებთან და ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით დაშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავება.  სამშვიდობო პლიტიკის განგრძობითობისთვის და შერიგების პროცესის ნაყოფიერებისთვის საჭიროა საზოგადოების მუდმივი ჩართულობა და აფხაზი თუ ოსი ხალხის ნდობის მოპოვება სამართლებრივი ნორმებით, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით. საჭიროა ნდობის აღდგენის პროექტის განხორციელება მაგალითად განათლების, აფხაზური ენის განვითარების, ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებებით. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმები, რომლებიც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მაგალითად,  „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2017 წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, იგი 6,188-მა პაციენტმა მიიღო.[1] საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული  გრძელვადიანი მიდგომები ხელს უწყობს განათლების გაუმჯობესებას. აფხაზეთსა დას ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, საშუალება აქვთ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებშიც.[2] აუცილებელია საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უკვე შემუშავებული „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ მსგავსი პროექტების რაოდენობის გაზრდა და მათი მონაწილე ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდა.
კიდევ ერთი პრობლემა რაც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენას უკავშირდება, და რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია, არის მათთან გაუცხოების შეგრძნება, რაც იზრდება თვითონ ქართველებშიც, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა მოვლენები ვითარდება ცხინვალსა და სოხუმში. [3]
აქ, უდიდესი როლი ენიჭება მედიას, როცა საზოგადოებაში ინტერესი ინფორმაციის სიმწირის გამო ნელდება გამყოფი ხაზების მიღმა არსებული სიტუაციის მიმართ. სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს, ყოველდღიურად, ქართულ ენაზე, მხოლოდ რამდენიმე მედია წყარო  აშუქებს, (მათი უმრავლესობა მსგავსი ინტერნეტ გამოცემებია: Netgazeti.ge, Civil.ge, Accent.com.ge) მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ინფორმაციის მიღების უმთავრეს წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული მხარე თითქმის არ მუშაობს იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდებაზე. ერთადრთი ნეიტრალური მედია საშუალება „ეხო-კავკაზაა“ რომელიც რადიო თავისუფლების პროექტია და რომელიც შეიქმნა სახელმწიფოს ინიციატივისგან დამოუკიდებლად.[4] დღეს, გამონაკლისი ფორმატების გარდა, ადამიანებს არ შეუძლიათ პირადი კავშირებით, პირველწყაროებიდან შეიტყონ რა ხდება სოხუმში, ცხინვალსა თუ თბილისში. საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შეიქმნას ალტერნატიული მაუწყებლები აფხაზურ და ოსურ ენაზე, რომელიც გააშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რითაც იქ მცხოვრებ ადამიანებს რუსული დეზინფორმაციის ნაცვლად ნამდვილ ქართულ ამბებს მივაწვდით, იგულისხმება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ახალი ამბები, რომლებიც ნამდვილად მივა ადრესატამდე.

აღსანიშნავია საქართველოს პოზიცია და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის გაცვლასთან ორივე მხარის ახალგაზრდების შეხვედრისა და დისკუსიების საშუალებით. მაგალითად ორგანიზაციები როგორებიცაა: „შერიგების რესურსები“, „ბერგჰოფის ცენტრი“, „კონფლიქტების და მოლაპარაკების ინსტიტუტი“, და სხვა, უზრუნველყოფენ ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდებს შორის დიალოგის აღდგენას. ამგვარად, თითოეული მხრიდან 7-8 წარმომადგენელი ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხვდება ერთმანეთს და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ. დიდი წრმატებით გამოირჩევა „კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“ ICCN, „კავკასიური სახლი“,„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი“ (ISNC), რომელთა მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძიება, ღია სივრცის შექმნა სამოქალაქო საზოგადოებისათვის, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ და ქართულ-რუსულ ურთიერთობეში სამოქალაქო დიალოგების ინიციატივის ჩამოყალიბება, საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარესზე და რაც მთავარია ახალგაზრდობას შორის ინტერკულტურული დიალოგის გზით, კავკასიელი ხალხების ინტეგრაციის, განათლების მიღების გაუმჯობესებისა  და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა.[5]

ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, დაბრუნება და მათი უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა. სამხრეთ ოსეთში (ახალგორის რაიონში) და აფხაზეთში (გალის რაიონში) დარჩენილი ქართველები ჩვენთვის რესურსია. [6] სახელმწიფო უნდა მუშაობდეს იქ მცხოვრები ადამიანების იქ დამკვიდრებაზე, რათა ამ ადამიანებმა არ დატოვონ მიწაწყალი და ქართულ მხარეს თამამად ეთქმოდეს, რომ მისი მოქალაქეების უფლებების დაცვა ამოძრავებს.

სამართლებრივი საშუალებების გამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2008 წლიდანვე დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. [7]ამის შემდეგ რამდენჯერმე გაჟღერდა კანონის ისეთ ცვლილებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომლებიც უკეთ შეუწყობდა ხელს ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. კანონი განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს აწესებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე მთლიან პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებდა, ასევე ზღუდავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას და ეკონომიკური თუ სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებას. კანონის მიღებიდან 5 თვეში ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შენიშვნებისა სია, რომელსაც 2010 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა შესწორებებით უპასუხა. [8] სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აშკარა ხდება, რომ კანონის შესწორებები სურათს არ ცვლის და კანონის აღსრულების მექანიზმი არასრულფასოვანია. [9] საქართველოს ტერიტორიების დე-ოკუპაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ლიბერალიზაციასაც მოიაზრებს, რადგან მის ცვლილებას აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს დიალოგის მაპროვოცირებელი და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ხალხთა შორის კავშირების აღდგენის გზით. უმნიშვნელოვანესია, კანონის შესწორებამდე სახელმწიფომ ფართო მსჯელობის საფუძველზე მიიღოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტრატეგია ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკის მხრივ.

საერთაშორისო დონე

გარდა საშინაო დონეზე შესაბამისი მოქმედებებისა, საქართველოსთვის, როგორც სუვერენული და დემოკრატიის გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის, ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი იარაღი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. ფართო გზას ხსნის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, როგორც რუსეთთან დიალოგის არსებობის საშუალების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრდაჭერის მხრივ. საქართველოს ჰქონდა ამის გამოცდილება, როცა ჟენევის დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები რაც უფრო დიდი მოტივის მომცემია იმისათვის, რომ არ დავუშვათ, NATO-სა და ევროკავშირის მცდელობები, შეაჩერონ რუსთის აგრესია, უშედეგო იყოს. [10]

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში დღემდე რთული და კომპლექსური საკითხები დგას, რაც არ მიანიშნებს პროგრესზე, ვინაიდან მოლაპარაკებები „წრეზე სირბილს დაემსგავსა“. [11] გვაქვს შანსი, რომ ჟენევის მოლაპარალებებმა შედეგი გამოიღოს და ამისათვის უპირველესად როგორც ჩვენი პარტნიორების, ასევე ჩვენი მხრიდან უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა საჭირო, რადგან საკითხი გახდეს იმდენად აქტუალური რამდენადაც იგი პრობლემატიურია საქართველოსთვის. ასევე,  საჭიროა საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს. რისთვისაც მან უნდა მიიღოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. ზოგადად, ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატი რიაობას საჭიროებს. საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობას, დისკუსიასა და მოსმენას შეუძლია მნიშვნელოვნად გააფართოოს მოლაპარაკებების სპექტრი ახალი იდეებითა და ცოდნით.

რუსეთთან დიალოგის პოზიტიურ ხედვად შეგვიძლია მივიჩნიოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც. [12] დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის გავლენით რუსეთზე ზემოქმედება, რათა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი ამოქმედდეს და აგრეთვე რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით აღებული ვალდებულება ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისა. საჭიროა სქართველომ გააგრძელოს თანამშრომლობა ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებისას მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისათვის.

საქართველოსთვის ამ საქმეში წარმატების მიღწევის მთავარ საშუალებას, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური აქტორები – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერა წარმოადგენს. საქართველომ საკითხის პრობლემატურობის გაჟღერების შანსი ხელიდან დიდი შვიდეულის სამიტზე გაუშვა. [13]
საქართველოს დიპლომატიას შეეძლო და კვლავ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და მისი ყურადღების მიპყრობა აღნიშნული საკითხის მიმართ, ისე როგორც ეს უკრაინის მაგალითზე ვიხილეთ. საქართველოს და უკრაინის გამოწვევების სტრუქტურა თითქმის იდენტურია და ამიტომაც საქართველოს ძალუძს უკრაინის მაგალითის აღება და მასთან ერთად სტრატეგიული გეგემის დასახვაც. დიდი შვიდეულის სამიტის რესურსების გამოყენება საქართველოს დიპლომატიისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხია.

დასკვნა

საქართველოს დე-ოკუპაცია დიდად განაპირობებს, როგორც ქვეყნის ასევე რეგიონის უსაფრთხოებას. ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო აქტორები საქართველოს ტერიტორიების დე-ოკუპაციის ნაწილია, რისთვისაც ერთი-ორად მნიშვნელოვანია ეფექტური, გრძელვადიანი, დროული, ნდობის აღდგენასა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმა.

დე-ოკუპაციამდე, მცოცავ ოკუპაციასთან, დევნილებისა და შერიგების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველო ნაწილობრივ იყენებს ხელთარსებულ ბერკეტებს, რაც გამოიხატება სამოქალაქო ინიციატივების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების ფრომატების არსებობით, ასევე სტრატეგიული გეგმის დასახვით, რაც თავის მხრივ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სოციალური და კულტურული ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე აღებულ პასუხისმგებლობას. თუმცა, დრო გვიჩვენებს რომ „დე-ოკუპაციის გეგმას“ ბევრად ღრმა და დეტალური განვითარება სჭირდება, რისი ნაწილადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ მედიის როლის გაზრდა, სამართლებრივი ნორმების კორექტირება, საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურება და სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ყველა დიპლომატიური რესურსის გამოყენება, ვინაიდან ცალსახაა, რომ საქართველოს მოლაპარაკებისა და „ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკის“ საფუძველზე შეუძლია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება.

ავტორი:   ელისო ნოზაძე


[1]„ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარჯები“ https://idfi.ge/ge/medical_care_expenses_of_patients_living_in_occupied_territories

[2] “ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ http://gov.ge/files/224_31227_382248_action_plan_ge.pdf

[3]“კვლევის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მნიშვნელობა იკლებს”  https://netgazeti.ge/news/107145/

[4] „ეხო კავკაზა“ https://www.radiotavisupleba.ge/a/30695820.html

[5] „ახალგაზრდობის როლი შერიგების პროცესში და მათი აქტივობები“ https://openscience.ge/bitstream/1/1414/1/Ma%20-Thesis%20-Gobozashvilli%20%20%20konfliqtebi.pdf

[6] „ახალგორი ცხინვალსა და თბილისს შორის“ https://netgazeti.ge/south_caucasus/108596/

[7] „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ https://mfa.gov.ge/Occupied-Territories/Law.aspx?fbclid=IwAR249sb1enf9nkUr4TtoCBWKooloVNPAb35CanpLNWPtn8Vnl9eqbBZqpGg

[8] „ON THE LAW ON OCCUPIED TERRITORIES OF GEORGIA“ https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2009)015-e

[9] „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევაზე გამოძიების დაწყების სტატისტიკა თითქმის ყოველწლიურად მცირდება“ https://www.timer.ge/okupirebuli-teritoriebis-shesakheb-kanonis-darghvevaze-gamodziebis-datskhebis-statistika-thithqmis-khoveltsliurad-mcirdeba/

[10] „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ https://smr.gov.ge/ge/page/26/jenevis-saertashoriso-molaparakebebi

[11] შეფასება ეკუთვნის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს. https://1tv.ge/news/djenevashi-saertashoriso-molaparakebebis-49-e-raundi-gaimarteba/

[12] „საგარეო პოლიტიკის სტრატეგია“ https://mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/ForeignPolicyStrategy/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.aspx?fbclid=IwAR1GmAp2NI0P9Dls01_q9r6YQB6qzUtoVTQ96pDNNTgm0yVERznD-QClioI

[13] „ საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე – ვისი ბრალია?“ https://mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/ForeignPolicyStrategy/%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.aspx?fbclid=IwAR0giqozPkX2hfceI9yf9xwHfT_1l-10Zt3UFulTHcu80qmHNYeWSOvCVMo