E ISSN 2587-5396

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, მისი მიზანი და 2020 წლის შედეგები

22/06/2020 By yatage

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, მისი მიზანი და 2020 წლის შედეგები

ნატოს განვითარება და სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო ალიანსად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც მნიშვნელოვანწილად ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან მისი ადაპტაციის უნარი განაპირობებს. ალიანსი არსებობის 70 წლის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და ცდილობდა, რომ მისი ფუნქციები წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებთან ყოფილიყო შესაბამისობაში. შედეგად, დღევანდელი ნატო საკმაოდ განსხვავდება იმ ორგანიზაციისგან, რომელიც 1949 წელს ვაშინგტონში შეიქმნა.

ნატოსთვის განსაკუთრებით გარდამტეხი ცივი ომის და ორპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის დასასრული აღმოჩნდა.  თუ ოთხმოცდაათიან წლებამდე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის მთავარ საფრთხეს საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა, მეოცე საუკუნის მიწურულს ალიანსი ახალი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდა. საერთაშორისო არენაზე არასახელმწიფო აქტორების, მაგალითად ტერორისტული დაჯგუფებების და კრიმინალური სინდიკატების როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში კი სახელმწიფოებმა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მანამდე უჩვეულო სტრატეგიებს, მაგალითად ჰიბრიდულ ომს მიმართეს. ნატოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა ამ ცვლილების შედეგად შექმნილ საფრთხეებთან გამკლავების ეფექტური მექანიზმების შექმნა.

სწორედ ამგვარი გარდაქმნის კარგი მაგალითია სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) ჩამოაყალიბება, რომლის შექმნის ინიციატივაც პირველად 2002 წლის ნოემბერში ნატოს პრაღის სამიტზე გაჟღერდა, ხოლო მოგვიანებით 2004 წლის 13 ოქტომბერს მას ნატოს თავდაცვის მინისტრებმა დაუჭირეს მხარი.  გენერალმა ჯეიმს ჯონსმა დაარსებისასვე აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ნატოს იმგვარ ტრანსფორმაციას, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებდა.1

სწრაფი რეაგირების ძალების დანიშნულება და მიზნები

ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები მრავალეროვნული, მაღალი მზადყოფნის და ტექნოლოგიურად განვითარებული შეიარაღებული ძალებია, რომლებიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო დანაყოფებისგან შედგება. საჭიროების შემთხვევაში ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოს – ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, შეუძლია  აღნიშნული დანაყოფები სწრაფად გადაისროლოს იმ რეგიონში, სადაც კრიზისული სიტუაცია მწიფდება და ნატოს ჩარევა ხდება აუცილებელი მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

სწრაფი რეაგირების ძალებს არაერთი დანიშნულება აქვს, მისი უპირველესი მოვალეობა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ნაწილების მანამდე შეკავებაა, სანამ ალიანსის სხვა სამხედრო ძალების მობილიზება მოხდება ცხელ წერტილში. გარდა ამისა, უმნიშნველოვანესია კრიზისების მართვისა და მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებში ჩართულობა. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები მონაწილეობდნენ 2005 წლის ავღანეთის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე, აღსანიშნავია რომ ნატოს ეს დანაყოფები მონაწილეობას იღებენ სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულთა დახმარების ოპერაციებში, მაგალითად 2005 წელს სწორედ სწრაფი რეაგირების ძალების საჰაერო ხომალდმა გადაიტანა აშშ–ში ნატოს ევროპელი წევრების მიერ გამოყოფილი რესურსები ქარიშხალი კატრინას დამანგრეველ შედეგებთან გასამკლავებლად. ხოლო 2005 წლის 8 ოქტომბრის მიწისძვრის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალების თვითმფრინავი გამოყენებულ იქნა პაკისტანში არა მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების გადასაზიდად, არამედ ინჟინრებისა და ექიმების გადასაყვანად.1

საქართველოს კონტრიბუცია

ნატოს წევრი სახელმწიფოები საკუთარ დანაყოფებს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის 1 წლის ვადით გამოყოფენ, შესაბამისად იგი როტაციის სისტემაზეა დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების გარდა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ ნატოს პარტნიორ ქვეყნებს, რაც მათ ჩრდილოატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. საქართველომ თავისი ჯარისკაცების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და პირველი ქართული ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა.2 2018 წელს კი ბრიუსელის სამიტზე ნატო–საქართველოს დეკლარაციაში ორგანიზაციამ საქართველოს მიმართ მადლიერება გამოთქვა ნატოს სამხედრო მისიებში, განსაკუთრებით კი სწრაფი რეაგირების ძალებში შეტანილი კონტრიბუციისთვის.3

სწრაფი რეაგირების ძალების მნიშვნელობა დღეს და არსებული გამოწვევები

2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალების აქტუალობა განსაკუთრებით გაიზარდა. ამავე წლის სექტემბერში გამართულ უელსის სამიტზე ნატოს წევრები შეთანხმდენ, არა მხოლოდ გაეზარდათ სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობა 40 000 კაცამდე, არამედ 2016 წელს გასამართ ვარშავის სამიტამდე ჩამოეყალიბებინათ ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ოპერატიულ–ტაქტიკური ძალები (VJTF), რომელიც მხოლოდ 5000 სამხედროსგან იქნებოდა დაკომპლექტებული, თუმცა დროის კიდევ უფრო მოკლე მონაკვეთში შეძლებდა იქ განლაგებულიყო, სადაც საჭირო იქნებოდა. VJTF სწრაფი რეაგირების ძალების ავანგარდად ჩამოყალიბდა და NRF–ის მსგავსად ისიც როტაციის პრინციპს ეფუძნება. ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებულ ოპერატიულ–ტაქტიკურ ძალებში განსაკუთრებით დიდი კონტრიბუციით საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო გამოირჩევიან.1

დღეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ უფრო დიდი როლი აკისრიათ ალიანსის წევრების უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ეპოქაში, სწრაფი რეაგირების ძალები იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე.“4

გასულ წელს ესტონეთის საჰაერო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა რივოვალგემ განაცხადა, რომ შიშობდა ნატოს მოქმედება კრიზისის შემთხვევაში სათანადოდ სწრაფი ვერ იქნებოდა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ, ექსპერტთა აზრით, რუსეთს დღეს ბევრად უკეთ შეუძლია სხვა ქვეყანაში შეჭრის ოპერაციის ორგანიზება და წარმატებით განხორციელება, ვიდრე 12 წლის წინ საქართველოსთან ომისას. ვალგეს აზრით, ეჭვგარეშა, რომ ერთიანი ნატო რუსეთზე ბევრად უფრო ძლიერია, თუმცა პრობლემის საფუძველს ის წარმოადგენს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთის ქმედებებს ზოგჯერ სხვადასხვაგვარად აფასებენ და შესაძლოა აგრესიის შემთხვევაში შეთანხმებულად დროულად ვერ იმოქმედონ.5 სწორედ ამიტომ, ნატოს არაერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის გენერალურ მდივანს, მიაჩნია რომ სწრაფი რეაგირების ძალები დღეს უმნიშვნელოვანესია ბალტიისპირეთში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.4

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწრაფი რეაგირების ძალების დასახვეწად კიდევ არაერთი ნაბიჯის გადაადგმაა აუცილებელი. 2020 წლისთვის NRF-ის შემადგენლობაში 1000 ჩეხი სამხედრო შედის, ძირითადად 71–ე მექანიზებული ბრიგადიდან. ჩეხეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამხედროების საბრძოლველად გადასროლას დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოახერხებს 5 დღის ვადაში და საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს საკუთარი სამხედროების საომარ შესაძლებლობებზე. მართალია ნახსენები დანაყოფები თანამედროვე სამხედრო ტექნიკით არიან აღჭურვილნი, თუმცა არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა ამ ტექნიკის უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირება გართულდეს და რეკომენდაციას იძლევიან, რომ მეტი ფინანსური რესურსები გამოიყოს სატრანსპორტო ტექნიკის შესაძენად და გასავითარებლად.6

რაც შეეეხება ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებულ ოპერატიულ–ტაქტიკურ ძალებს,მისი ლიდერობა 2020 წელს გერმანიისგან პოლონეთმა გადაიბარა და აღნიშნული ძალების ბირთვსაც, შესაბამისად, პოდჰალის მსროლელთა 21–ე ბრიგადა და მე–12 მექანიზებული დივიზია წარმოადგენს. აღნიშნული დანაყოფების კრიტკული მნიშვნელობიდან გამომდინარე მასში შემავალი სამხედროების რაოდენობა 6000 კაცამდეა გაზრდილი.7

დასკვნა

ამრიგად, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს სამხედრო ინსტრუმენტად იქცა, რომლითაც ალიანსი აგრესორებს ძლიერ მესიჯს უგზავნის, რომ ნატო მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას სწრაფად და ეფექტურად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში საკუთარი წევრების უსაფრთხოების დასაცავად.  თუმცა, რა საკვირველია, სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ მრავალჯერ მოუწევთ გარდაქმნა, რათა სათანადოდ შეძლონ მოწინააღმდეგეებთან ყველა შესაძლო სცენარის მიხედვით დაპირისპირება.

 

ავტორი: ლუკა ქილიფთარი

 


  1. https://www.nato.int/cps/en/natohq/49755.htm
  2. https://mod.gov.ge/en/page/38/nato-georgia-cooperation
  3. https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_156627.htm
  4. https://www.nato.int/cps/en/natohq/opinions_171554.htm?selectedLocale=en
  5. https://www.defensenews.com/smr/a-modern-nato/2019/07/17/outgoing-estonian-air-chief-nato-needs-to-improve-its-response-time/
  6. https://www.czdefence.com/article/the-czechs-in-nato-rapid-response-force-how-fast-we-can-react
  7. https://www.nato.int/cps/en/natohq/news_172334.htm?selectedLocale=en