16/06/2020 By yatage
საქართველო და საერთაშორისო სამხედრო მისიები
საერთაშორისო სამხედრო მისიები მსოფლიოში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. აღნიშნულს, საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ, როგორც უნივერსალური ისე რეგიონული, მათში გაწევრიანებული ან პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებით. საქართველო მონაწილეობას იღებს როგორც გაეროს, ასევე ნატოსა და ევროკავშირის მიერ წარმოებულ საერთაშორისო სამხედრო მისიებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს და გენერალურ მდივანს კონფლიქტების თავიდან აცილების და მშვიდობის დამყარების მთელი რიგი საშუალებები გააჩნია. მაგალითად, ერთმანეთისგან განსხვავდება გაეროს მშვიდობის ხელშეწყობის ოპერაცია, გაეროს ოპერაციები მშვიდობის განმტკიცება-მშენებლობის მიზნით, გაეროს მშვიდობის იძულებითი აღდგენის ოპერაციები, ეს ჩამოთვლილნი განსხვავდება იმით თუ რა დოზით იყენებს გაერო სამხედრო ჩართულობას, დიპლომატიას და სანქციებს. [1]
საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო მისიებში
საქართველო მონაწილეობს მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მისიაში, რომელიც გაეროს 2013 წლის რეზოლუციის შესაბამისად ევროკავშირმა წამოიწყო.[2] მისიის მიზანია მალის შეიარაღებული ძალების წვრთნა, რათა მათ ეფექტურად შეძლონ მალის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და ტერორისტული საფრთხეების ნეიტრალიზება. საქართველოს თავდაცვის ძალების, რომელიც 2016 წლიდან იქ იმყოფებიან, ძირითადი მოვალეობაა მალის რესპუბლიკის მასშტაბით ევროკავშირის სხვა მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია.
საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო მისიებში, რომლებიც ოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევების წინააღმდეგაა მიმართული არსობრივად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო სწორედ ამ ყველაფრის ჩამდენ რუსეთს ებრძვის. შესაბამისად, თუ კი გვინდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება ჩვენი თავისუფლების და მთლიანობის შენარჩუნების ბრძოლაში, დახმარების ხელი საქართველომაც უნდა გაუწოდოს სხვა ქვეყნებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, ევროკავშირის ჩართულობა 2008 წლის ომის შემდგომი სიტუაციის სტაბილიზაციაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. იგი ევროკავშირის მიერ 2008 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. მისია ახორციელებს პატრულირებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, რაც რეგიონში ევროკავშირის სამომავლო ჩართულობას უწყობს ხელს. ამჟამად ევროკავშირის 25 ქვეყნიდან მისიაში მონაწილეობს 218 დამკვირვებელი.[3]
საქართველო ასევე მონაწილეობს ევროკავშირის მიერ წამოწყებულ მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. სამხედრო მრჩეველთა მისია – EUMAM RCA დაიწყო 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. მისიის მიზანს შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარება წარმოადგენდა. აღნიშნულ მისიაში საქართველოდან 5 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, რომელთა როტაციაც ორჯერ განხორციელდა. EUTM RCA მისია 2016 წლის ივლისში დასრულდა. თუმცა, 2016 წლის ივლისიდან, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია – EUTM RCA მიმდინარეობდა რომლის მიზანიც იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სექტორის რეფორმის ხელშეწყობა. მასში ქართული ოცეული (35 სამხედრო მოასმსახურე) 2017 წლის იანვრიდან ჩაერთო.
საქართველო ნატოსთან თანამშრომლობს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის ,ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულება შემდეგნაირად აფასებს საქართველოს შეერთებას პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“: „საქართველოს მონაწილეობას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატოს პროგრამაში აქვს როგორც პრაქტიკული, ისე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ფართომასშტაბიან მონაწილეობას სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნებსა და სხვა ღონისძიებებში. საქართველოსთვის ეს არის რეალური შანსი, რომ აამაღლოს არა მარტო თავის სამხედრო ძალების პროფესიონალიზმი, არამედ საერთაშორისო პრესტიჟიც. ამისათვის საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ ღონისძიებათა დროულ შესრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნულ პროგრამაში საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის გააქტიურებისა და სრულყოფის მიზნით“. საქართველო მართლაც პირნათლად ასრულებთ პარტნიორობის პირობებს და არაწევრ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.[4]
საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს პირველივე სამშვიდობო მისიაში – „კოსოვოს ძალები“ (KFOR), 1999 წლის 31 აგვისტოს ჩაერთო. მისია კოსოვოში საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთას, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და კოსოვოში გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციული მისიის მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა კოსოვოში მისია, 2008 წელს, უდანაკარგოდ, ოცეულის 17 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა.[5]
2003-2008 წლებში, საქართველოს თავდაცვის ძალები, ერაყში „მრავალეროვნულ ძალებს“ (Multi-National Force – Iraq) შეუერთდა. 2008 წელს ერაყში 2.200 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა, რითაც საქართველო მისიაში სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნებით მესამე კონტრიბუტორი ქვეყანა გახდა. ქართული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს სრული სპექტრის ოპერაციები, საკვანძო ობიექტების დაცვა, საინჟინრო უსაფრთხოების ოპერაციები, სამხედრო ჰოსპიტალის დახმარება და ესკორტირება წარმოადგენდა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force – ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. 2015 წლიდან, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობის მიზნით, ქართული ქვედანაყოფები, ოთხი თვის განმავლობაში, ინტენსიურ გადასროლის წინა მომზადებას გადიან, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობს. ამასთან ერთად, ქართული კონტინგენტი ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას, გერმანიაში, ქალაქ ჰოჰენფელსში, ერთი თვის განმავლობაში გადის, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასება ხორციელდება. ქართველი სამხედროები ერაყში მისიის დასრულებამდე დარჩებიან.
დასკვნა
საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნებას და შესაბამისი გამოცდილების მიღებას განაპირობებს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით.
წლების განმავლობაში, საერთაშორისო მისიების შესრულებისას, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და ურთულესი ამოცანების შესრულების უნარი არაერთხელ დაადასტურეს, რითაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში საიმედო მოკავშირე ქვეყნის სახელი დაუმკვიდრეს.
ავტორი: სოფიო რომელაშვილი
[1] ალექსიძე,ლ.,თანამედროვე საერთაშორისო სამართალი,გამომცემლობა „ინოვაცია“,თბილისი 2010.
[2] საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი. უკანასკნელად ნანახია 02.03.2020 https://mod.gov.ge/ge/mission
[3] European Union Monitoring Mission in Georgia ოფიციალური ვებ გვერდი. უკანასკნელად ნანახია 07.05.2020 https://eumm.eu/
[4] საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ გვერდი. უკანასკნელად ნანახია 02.03.2020 https://matsne.gov.ge/ka/document/view/108376?publication=0
[5] საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდი. უკანასკნელად ნანახია 02.03.2020 https://mod.gov.ge/ge/mission