E ISSN 2587-5396

საერთაშორისო პოზიცია – რუსეთი და განგრძობადი ოკუპაცია

05/06/2020 By yatage

საერთაშორისო პოზიცია – რუსეთი და განგრძობადი ოკუპაცია

განგრძობადი ოკუპაცია

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დღევანდელი მსოფლიოსთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებიდანვე იწყება მისი ექსპანსიური ბუნების გამოვლენა, რაც დღემდე უარყოფითად აისახება მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობაზე. დროთა განმავლობაში რუსეთის გაძლიერებამ მსოფლიო სახელმწიფოების ყურადღება მიიპყრო და დღესაც განხილვის საგანს წარმოადგენს.

აშკარაა, რომ რუსეთი ჩვეულ ხასიათს არ ღალატობს და განაგრძობს ტერიტორიების დაკავებას არა მარტო საქართველოში, არამედ – უკრაინაშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსეთის ოკუპანტობის საკითხი მწვავედ დადგა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამაც მალევე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება და შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის მიზანსაც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ვერც ამ მოლაპარაკებებმა შეძლეს რუსეთის შეჩერება და მისი ქმედება (მცოცავი ოკუპაცია საზღვრების უკანონოდ გადმოწევით) კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს საქართველოს მოსახლეობას.

მსოფლიო საზოგადოების ყურადღება რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსიით ხელმეორედ მიიქცია, რასაც დაუყოვნებელი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც NATO-სგან, ისე ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოებისგან.

ვინაიდან, სტატია რუსეთის განგრძობად ოკუპაციაზე საერთაშორისო პოზიციას შეეხება, მიზანშეწონილია NATO-ს  დამოკიდებულების წარმოჩენა მოცემული პრობლემის მიმართ.

 

საერთაშორისო პოზიცია

NATO- რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის დასრულების შემდეგ იწყება, თუმცა რუსეთის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა მოლაპარაკებების პროცესი შეაფერხა და წარმოქმნა მითები, რომ NATO საფრთხეს წარმოადგენს, რასაც ასაბუთებენ მისი მომავალი გაფართოებებითა და შესაძლო ბაზების განთავსებით საქართველოსა და უკრაინის ტერიოტორიაზე.[1]

NATO გმობს რუსეთის განგრძობად ოკუპაციას და ცდილობს გარკვეული ზომებით შეზღუდოს მისი თავნებობა სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, თუმცა ფაქტია, რუსეთი დღემდე აგრძელებს ქართული ტერიტორიების მითვისებას. სიტუაციას ამძაფრებს NATO-ის წამყვანი სახელმწიფოს აშშ-ის მიმდინარე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, თითქოს ,,რბილი“ დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რაც განსხვავდება მისი ადმინისტრაციის პოლიტიკისგან. ამ ფაქტს ხაზს უსვამს მაიკლ მაკფოლი თავის ,,The Washington post”-ის სვეტში. მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ შეიარაღების ზრდა ევროპაში და განსაკუთრებით რუსეთის საზღვართან NATO-ის ბაზების განთავსება ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო, თუმცა თავად ტრამპმა გააკრიტიკა ეს ნაბიჯი და ალიანსიდან გასვლით დაიმუქრა, რა თქმა უნდა, ეს მუქარა შეუსრულებლობის მიუხედავადაც, წამახალისებელი განცხადებაა პუტინისთვის (McFaul, 2019)[2].

ზემოხსენებულის საპირწონედ, ნიშანდობლივია ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს უკრაინას საკმაოდ ძლიერი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა. ტრამპმა ეს ნაბიჯი ეკონომიკური მოგების მიღების მიზნით ახსნა და სჯეროდა, რომ უკრაინა გადახდას შეძლებდა. მოგვიანებით, უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ კვლავ დადგა ახალი შეიარაღების შეძენის საკითხი დღის წესრიგში და პრეზიდენტმა ტრამპთან სატელეფონო კავშირიც დაამყარა. რა თქმა უნდა, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო ლიდერებში და მთელი რიგი მოვლენები გამოიწვია.[3]

რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსირებამ, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალა ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროკავშირთანაც. აღსანიშნავია, რომ ორ აქტორს შორის შეთანხმებები მიიღება გარკვეულ საკითხებზე, თუმცა ევროპის ქვეყნები გმობენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, უსამართლობას, თავისუფლების შეზღუდვასა და სხვა ქმედებებს, რომლებსაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.[4]

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეხმარება საქართველოს წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში ფინანსური დახმარების გაწევით, თუმცა მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად აშკარა ზომებს ვერ მიმართავს, რადგან რუსეთი დიდ ძალას წარმოადგენს, როგორც პოლიტიკურ, ისე – ეკონომიკურ, სამრეწველო და ბუნებრივი რესურსების მხრივ. ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობა დამოკიდებულია რუსეთის ბუნებრივ აირზე, რაც სრულიად ცვლის სიტუაციას. მიუხედავად ზემოხსენებულისა, ევროკავშირი რუსეთის ქმედებას მიუღებელს უწოდებს დემოკრატიის ყველა წესის დარღვევისა და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის (და არამარტო) უფლებების შელახვის გამო, თუმცა ევროკავშირის როლი მხოლოდ სადამკვირვებლო ფუნქციით შემოიფარგლება[5].

ამ ორი ორგანიზაციის ჩართულობის მიუხედავად გამოიკვეთნენ სხვა აქტორებიც, რომლებიც სხვა კუთხით უყურებენ მოცემულ პრობლემას, მაგალითად, კურტ ვოლკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: ,,ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ამის შესახებ და ეს საკითხი აღარ არის მთავარი თემების ჰედლაინებში. ხალხი უფრო მეტ ყურადღებას ირანის, ბირთვული შეთანხმების, ჩინეთის საკითხებსა და უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებს უთმობს, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ეს განგრძობადი ბორდერიზაცია, განგრძობადი ანექსია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს…“[6]. ამ განცხადებიდან აშკარაა, რომ მსოფლიო გადაერთო სხვა, მათთვის მნიშვნელოვან, საკითხებზე, ხოლო NATO-სა და ევროკავშირის მცდელობები აღადგინონ ჟენევის მოლაპარაკების პირობები და შეამცირონ რუსეთის აგრესია, კრახით სრულდება.

2020 წლის 24 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ეფექტური შედეგის მიღწევა.[7]

საბოლოო ჯამში, რუსეთის მცოცავ ოკუპაციაზე მსოფლიო საზოგადოების პასუხი აშკარაა, ისინი არ შეეგუებიან ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

 

ავტორი: ნათია გოგოლიძე


[1] https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_111767.htm

[2] https://www.washingtonpost.com/opinions/2019/01/16/sorry-trump-is-not-tough-russia/

[3] https://foreignpolicy.com/2019/11/15/trump-resisted-ukraine-sale-javelin-antitank-missile/

[4] https://euobserver.com/opinion/142547

[5] https://euobserver.com/opinion/142547

[6] http://www.tabula.ge/ge/story/154435-kurt-volkeri-rusetis-mier-mcocavi-okupacia-met-saertashoriso-kuradghebas-imsaxurebs

[7] https://imedinews.ge/ge/saqartvelo/128910/davit-zalkaliani-rusetis-saokupatsio-politikis-shedegebze-epeqturad-gamklaveba-mtkitse-saertashoriso-pasukhis-gareshe-sheudzlebelia