E ISSN 2587-5396

საქართველო და ტრამპის ადმინისტრაცია  – ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

18/03/2020 By yatage

საქართველო და ტრამპის ადმინისტრაცია  – ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებამ არაეთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, საქართველოში. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი ამ ფაქტს შიშით შეხვდა, რომ რუსეთთან ’’უკეთესი ურთიერთობების“ დამყარების საფასური შესაძლოა საქართველოს, უკრაინის თუ რუსეთის სხვა მეზობლის ინტერესების დათმობა და კომპრომისი ყოფილიყო. საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების მიმომხილველთა ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი რეფორმების მიმართ არა თუ შენარჩუნდებოდა, არამედ გაძლიერდებოდა კიდეც.[1]

აღნიშნული სტატიის მიზანია სანამ მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდება, თვალი გადავავლოთ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში და გამოვკვეთოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ნათელი გავხადოთ, რამდენად სასარგებლო გამოდგა აღნიშნული ურთიერთობები საქართველოსთვის და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. სტატია ქრონოლოგიურად მიმოიხილავს სიახლეებს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს.

2017 –  თავდაპირველი ცვლილებები

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად 2017 წლიდან დაიკავა, შესაბამისად აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმოხილვას ამ პერიოდიდან დავიწყებთ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარო უწყება საკმაოდ ოპტიმისტურად შეხვდა აღნიშნულ ფაქტს.

დავით ზალკალიანი (2017 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე)  აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ ფრიად დამაიმედებელი სიგნალები მიიღო, რაც თბილისში კიდევ უფრო განამტკიცებს მოლოდინს, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობების დალაგება არ მოხდება პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ხარჯზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებული იყო, რომ აშშ და საქართველო ტრამპის ადმინისტაციის პერიოდშიც სტრატეგიულ პარტნიორებად დარჩებოდნენ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ცვლილებები  მხოლოდ გაუმჯობესების კუთხით შეიძლება მომხდარიყო. [2]

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რაც საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაში  ტრამპის ადმინისტრაციამ შემოიტანა, სულაც არ ატარებდა დადებით ხასიათს.

2017 წლის 23 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც მთლიანი საგარეო დახმარების ხარჯების 28 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებდა. ბიუჯეტის დამატებითი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც იმავე დღეს გამოქვეყნდა, საქართველოსთვის გამოყოფილი უცხოური დამხარება 2017 წელს გათვალისწინებული 80.6 მილიონი დოლარიდან 2018 წელს 34.1 მილიონ დოლარამდე შემცირდებოდა. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებდა „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ პროგრამის სრულად გაუქმებას, ხოლო ‘’სამართლიანი და დემოკრატიული მართვის“ პროგრამის (აშშ-ს მიერ საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობის მთავარი ინსტრუმენტი) ბიუჯეტის 10 მილიონით შემცირებას. [3]

თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელი არაერთი დადებითი ცვლილებით დაგვამახსოვრდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ორმა ქვეყანამ კვლავინდებურად განაგრძო სტრატეგიული პარტნიორობა.  საქართველომ უმასპინძლა სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია. სწავლებაში 7 ქვეყნის 2800-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, 2000-მდე ამერიკელმა სამხედრომ. პირველად სწავლებაში ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ ჩაერთო. [4]

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2017 წლის 24 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ გაცემული სანქციების აქტიც, რომლითაც აშშ-მ  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. აღნიშნული აქტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვინაიდან პირდაპირ ეხმიანება საქართველოს ოკუპაციის საკითხს და აშშ-ს მკვეთრ პოზიციას გამოხატავს. უფრო კონკრეტულად, აქტი მოიხსენიებს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაკანონიერ ოკუპაციას და გმობს რუსეთის უარს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე.[5] აქტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს „სტიმსონის დოქტრინას’’ და აქედან გამომდინარე არ სცნობს ძალისმიერ ტერიტორიულ ცვლილებებს საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. [6]

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აშშ-მ შეუზღუდა დახმარება ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მთავრობებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს და სრულად აკრძალა ასეთი სახელმწიფოებისთვის დაფინანსების გამოყოფა. ეს ფაქტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მცნობ სახელმწიფოებს დიდი ეკონომიკური გადაწყვეტილების წინაშე აყენებს.

ურთიერთობების დადებით დინამიკას თან დაერთო მაიკ პენსის  (აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი) ვიზიტი საქართველოში, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე და აშშ-ს სახელით მხარი დაუჭირა  2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რითაც ნათელი გახდა, რომ საქართველო ერთ დღესაც NATO-ს წევრი გადება.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მხოლოდ სამხედრო სფეროს არ მოიცავს. 2017 წელს საქართველომ აშშ-სგან მიიღო 5 წლიანი გრანტი 140 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების განვითარებას უნდა მოხმარდეს.[7]

2018 – მრავალმხრივი თანამშრომლობა

2018 წელი არანაკლებ სასარგებლო გამოდგა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისათვის.  საქართველომ არა სამხედრო სფეროში დახმარების სახით აშშ-ისგან 70.8 მილიონი დოლარი მიიღო. ამ წელს აშშ საქართველოსთვის სიდიდით მეშვიდე წყარო იყო იმპორტის კუთხით, ხოლო სიდიდით მერვე დანიშნულების ადგილი ექსპორტის მიხედვით. აშშ-დან იმპორტმა 360 მილიონ დოლარს მიაღწია (ძირითადად, ხორცი, ინდუსტრიული ნაწარმი, ხოლო ექსპორტმა 160 მილიონს (ძირითადად, რკინა, მეტალი და არაორგანული ქიმიკატები). [8]

მიუხედავად ამისა, ვაჭრობა არ ყოფილა თანამშრომლობის ყველაზე საინტერესო სფერო. სწორედ 2018 წელს, აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის სრულად ახალ საფეხურზე გადავიდა. 18 მაისს თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამოქმედდა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს სამხედრო ძალების გაწვრთნაში აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერას და საქართველოს სამხედრო ერთეულების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ტერიტორიული თავდაცვის კუთხით. გენერალი კურტის სკაპაროტი (აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარსარდალი და მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდალი) დაესწრო ცერემონიას და განაცხადა: ‘’ორმხრივი საწვრთნელი პროგრამები გვიჩვენებს, რომ პარტნიორობა ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, გამოცდილებას, ხედვებს. ’’საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და, აქედან გამომდინარე, ევროპული უსაფრთხოების  გარემოს სტაბილურობას“.[9]

„საქართველოს არასდროს ჰქონია აშშ-ის საკანონდებლო ორგანოსგან ისეთი მხარდაჭერა როგორც ახლა“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, როდესაც 26 ივნისს გამოქვეყნებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრობდა. კანონმდებლობა ხელახლა უსვამს ხაზს აშშ-ის მხარდა/წერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და გმობს არალეგალურ, ძალისმიერ ოკუპაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონისა. ზალკალიანის თქმით, რეზოლუცია იცავს თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, მასთან ერთად კი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე.

უფრო კონკრეტულად რომ მიმოვიხილოთ, აქტი:

  • ზრდის უსაფრთხოების სფეროში საქართველოსადმი მხარდაჭერას;
  • სანქციას უწესებს რუს აქტორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან;
  • ზრდის აშშ-ის თანამშრომლობას საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში;
  • ავალდებულებს სახელმწიფო მდივანს, შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობებს რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ საბრძოლველად.

აქედან გამომდინარე, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ აღნიშნულმა აქტმა ცარიელი სიტყვების ნაცვლად განსაზღვრა ქმედით ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაუმჯობესებას ემსახურებოდა და, შესაბამისად, საქართველო- აშშ-ის ურთიერთობები სრულად ახალ საფეხურზე გადავიდა.[10]

2019 – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

საქართველომ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდშიც შეინარჩუნა მყარი პარტნიორული ურთიერთობა აშშ-თან. ქართული სამხედრო ძალები მრავალი წელია ჩართულნი არიან აშშ-ის სამხედრო მისიაში ავღანეთის ტერიტორიაზე. ამ წლების მანძილზე საქართველოს დაშავებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰყავს კოალიციის პარტნიორ სახელმწიფოთა შორის. ყოველივე აღნიშნული საქართველოს მიმართ ნდობას ზრდის, განსაკუთრებით კი აშშ-ის მხრიდან.

ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე ორ სახელმწიფოს შორის. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მოლაპარაკებები უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. საქართველომ და აშშ-მ უკვე მოაწერეს ხელი ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებასა და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულებას. [11] ამასთანავე, 2019 წლის ივლისში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. [12]

სავაჭრო სფეროში ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების ლოგიკური გაგრძელება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება  შესაძლოა გახდეს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამ საკითხთან მიმართებაში განაცხადა: ‘’საბაჭრო შეთანხმება ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისა აშშ-სთან. ჩვენ მივიყვანეთ ჩვენი ურთიერთობა იმ წერტილამდე, როცა უკვე მზად ვართ მივიღოთ ამერიკული კომპანიები საქართველოში. სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს, და, ამავდროულად,  მოგვიტანს ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელს“.[13]

საქართველო თანხვედრაშია ყველა იმ მოთხოვნასთან, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინაპირობაა. 2018 წელს კონგრესზე წარმომადგენელთა პალატამ შეიმუშავა კანონმდებლობა, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს  და მოუწოდებდა აშშ-ს დაწყებულიყო საუბარი აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებაზე. მანამდე აუცილებელია, რომ კანონმდებლობა მიიღოს წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა. ამასთანავე, იგი საჭიროებს პრეზიდენტის ხელმოწერასაც.[14]

უნდა აღინიშნოს, რომ სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. საქართველოს შემთხვევაში, შეთანხმება საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა, მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტორი. რაც შეეხება აშშ-ს, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ‘’The Heritage Foundation” გამოაქვეყნა აშშ-საქართველოს ურთიეთობებისთვის 5 პრიორიტეტული მიმართულება 2020 წლისთვის. [15]ესენია:

  • საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა;
  • თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება;
  • საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა;
  • ორმხრივი თავდაცვითი ურთიერთობების მხარდაჭერა;
  • საქართველოს დახმარება ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის ძიების პროცესში.

უნდა ითქვას, რომ დადებითი ძვრები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში მხოლოდ სავაჭრო-საინვესტიციო კუთხით არ მიმდინარეობს. გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს შეამციროს აშშ-ის კონტრიბუცია NATO-ს კოლექტიურ ბიუჯეტში, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აშშ-ის დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ. ამ კონტექსტში საქართველო უკრაინასთან ერთად მოიაზრება იმ NATO-ს არა-წევრ სახელმწიფოდ, რომელიც მიიღებს აშშ-ს მიერ ამ გადაწყვეტილებით დაზოგილი ფინანსების ნაწილს. [16]

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში პირველად, აშშ-მ წარადგინა თავისი სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. კალიფორნიელ კელი დეგნანს 25 წლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, რაც ამტკიცებს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის, მნიშვნელობას აშშ-სთვის. [17]

დასკვნა

საქართველო და აშშ უკვე მრავალი წელია პარტნიორი სახელმწიფოები არიან. ამას ადასტურებს მრავალმილიონიანი დახმარება სამხედრო თუ არა სამხედრო სფეროებში აშშ-ს მიერ, თავის მხრივ კი საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობა ავღანეთის სამხედრო მისიაში. პარტნიორობა მოიცავს, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების, სავაჭრო და სხვა სფეროებს.

საქართველოში დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებამ არაერთგვაროვანი მოლოდინები შექმნა. ექსპერტების ნაწილი თვლიდა, რომ ეს შეცვლიდა პარტნიორულ ურთიერთობებს და საქართველოს ინტერესები შეეწირებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინა. მეორე ნაწილის მოსაზრებით, ურთიერთობები იმაზე უფრო მჭიდრო იქნებოდა, ვიდრე აქამდე.

თუ კი სტატიაში მოცემულ ფაქტებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კვლავინდებურად პრიორიტეტულად მიიჩნია საქართველოსთან ურთიერთობა და მასთან უფრო ახლო ურთიერთობები დაამყარა ვაჭრობის, თავდაცვის, უსაფრთხოების კუთხით. საქართველო უფრო ახლოსაა აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებასთან, ამოქმედდა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში. შესაბამისად, ეს ურთიერთობდა მეტად სარგებლიანი გამოდგა საქართველოსთვის.

 

ავტორი: ნინი ბერუაშვილი

 


გამოყენებული ლიტერატურა

კუნჭულია, ლელა. 2017 დავით ზალკალიანი: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართელოს ინტერესებს გაითვალისწინებს, რადიო თავისუფლება https://www.radiotavisupleba.ge/a/interviu-davit-zalkaliantan/28227862.html

ლარსენი, ჯოზეფ. 2017  რა გააკეთა აშშ-მ საქართველოსთვის ბოლო პერიოდში? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი http://gip.ge/ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94/

2017  სწავლება ‘’ღირსეული პარტნიორი“ იწყება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო https://mod.gov.ge/ge/news/read/5942/swavlebagirseuli-partnioridawyo2017

მაღალდაძე, ეკა.  2018 საქართველო და ტრამპის ადმინისტრაციის 16 თვე, ამერიკის ხმა https://www.amerikiskhma.com/a/us-georgia-relations-trump-administration/4389863.html

2018 Georgia Readiness Defence Program kicks of in Tbilisi . The Embassy of Georgia to the United States of America  https://georgiaembassyusa.org/2018/06/08/georgia-defense-readiness-program-kicks-off-in-tbilisi/?fbclid=IwAR0TngbO58ntkUxRBoH6t_rquD_Gcw0EuyUu_zyQU8lxcGvpIu9fwe6np2Q

 

  1. Georgia praises Support Act put forward to U.S. congress. Agenda.ge https://agenda.ge/en/news/2018/1369?fbclid=IwAR0jnNj3PKTZdMTDi627kWNKF3Z0MLKNWk30VRVa01-KCChFZS8upyMmzkY

Welt, Cory. 2019 Georgia: Background and U.S Policy. Congressional Research Services https://fas.org/sgp/crs/row/R45307.pdf?fbclid=IwAR3AOoY7N3EqnACGGWyLIqdh5f4_vSGTE9OsQHSImg4-ugm7XzO4XabAGBI

Carafano, James. Mrachek, Alexis. 2019 Georgia Deserves a Free Trade Agreement with America The National Interest https://nationalinterest.org/feature/georgia-deserves-free-trade-agreement-america-87151?fbclid=IwAR3ZSmEA67xTdp-LUPwAcYZvmj68vjwX21HzRN-7qPYHmREDpEcnEs8p-sY

Bacchus, James. 2019. Time for a US-Georgia free trade pact. The Financial Times https://www.ft.com/content/f1e18bf2-8cab-4240-8ef3-9a3760d4c34d

Browne, Ryan  2019  Trump administration to cut its financial contribution to NATO. CNN politics https://edition.cnn.com/2019/11/27/politics/trump-nato-contribution-nato/index.html

2019 Trump nominates U.S. Ambassador to Georgia, with 25-year of experience and state award. Agenda.ge https://agenda.ge/en/news/2019/2340?fbclid=IwAR3mVj7v0QX5kmJQsPVeFaayo3ZlH_-qXT5a2rZMUVEe518l6aH0DrwzBtc

2019 U.S. Georgia agree to enhance bilateral trade relations. Agenda.ge https://agenda.ge/en/news/2019/1552?fbclid=IwAR3ZSmEA67xTdp-LUPwAcYZvmj68vjwX21HzRN-7qPYHmREDpEcnEs8p-sY

2019 U.S.- Georgian relationship outlook in 2020. Georgian Journal https://www.georgianjournal.ge/politics/36198-us-georgian-relationship-outlook-in-2020.html?fbclid=IwAR2pgjA0UT9jDqdf5s5Os7Bi5sybP4MO65PSV_xLcYL8Oxx5zx7kZMUQXHk


[1] https://www.amerikiskhma.com/a/us-georgia-relations-trump-administration/4389863.html

[2] https://www.radiotavisupleba.ge/a/interviu-davit-zalkaliantan/28227862.html

[3] http://gip.ge/ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94/

[4] https://mod.gov.ge/ge/news/read/5942/swavlebagirseuli-partnioridawyo2017

[5] http://gip.ge/ge/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94/

[6] https://fas.org/sgp/crs/row/R45307.pdf?fbclid=IwAR3AOoY7N3EqnACGGWyLIqdh5f4_vSGTE9OsQHSImg4-ugm7XzO4XabAGBI

[7] https://fas.org/sgp/crs/row/R45307.pdf?fbclid=IwAR3AOoY7N3EqnACGGWyLIqdh5f4_vSGTE9OsQHSImg4-ugm7XzO4XabAGBI

[8] https://fas.org/sgp/crs/row/R45307.pdf?fbclid=IwAR3AOoY7N3EqnACGGWyLIqdh5f4_vSGTE9OsQHSImg4-ugm7XzO4XabAGBI

[9] https://georgiaembassyusa.org/2018/06/08/georgia-defense-readiness-program-kicks-off-in-tbilisi/?fbclid=IwAR0TngbO58ntkUxRBoH6t_rquD_Gcw0EuyUu_zyQU8lxcGvpIu9fwe6np2Q

[10] https://agenda.ge/en/news/2018/1369?fbclid=IwAR0jnNj3PKTZdMTDi627kWNKF3Z0MLKNWk30VRVa01-KCChFZS8upyMmzkY

[11] https://nationalinterest.org/feature/georgia-deserves-free-trade-agreement-america-87151?fbclid=IwAR3ZSmEA67xTdp-LUPwAcYZvmj68vjwX21HzRN-7qPYHmREDpEcnEs8p-sY

[12] https://agenda.ge/en/news/2019/1552?fbclid=IwAR3ZSmEA67xTdp-LUPwAcYZvmj68vjwX21HzRN-7qPYHmREDpEcnEs8p-sY

[13] https://www.ft.com/content/f1e18bf2-8cab-4240-8ef3-9a3760d4c34d

[14] https://www.ft.com/content/f1e18bf2-8cab-4240-8ef3-9a3760d4c34d

[15] https://www.georgianjournal.ge/politics/36198-us-georgian-relationship-outlook-in-2020.html?fbclid=IwAR2pgjA0UT9jDqdf5s5Os7Bi5sybP4MO65PSV_xLcYL8Oxx5zx7kZMUQXHk

[16] https://edition.cnn.com/2019/11/27/politics/trump-nato-contribution-nato/index.html

[17] https://agenda.ge/en/news/2019/2340?fbclid=IwAR3mVj7v0QX5kmJQsPVeFaayo3ZlH_-qXT5a2rZMUVEe518l6aH0DrwzBtc