E ISSN 2587-5396

ირანისა და რუსეთის ურთიერთობები

24/01/2020 By yatage

ირანისა და რუსეთის ურთიერთობები

ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ყოველთვის წარმოადგენდა ძალების დაპირისპირების ადგილს და ასე გრძელდება თანამედროვე პერიოდშიც. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს რეგიონში გავლენის მოპოვებას. რეგიონის მნიშვნელოვანი საკითხია ირან- რუსეთის კომპლექსური ურთიერთობები, სადაც ისინი გვევლინებიან, როგორც მოკავშირეების, ისე კონკურენტების როლში. მოცემული სტატია ისტორიულ ჭრილში განიხილავს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მათ საერთო ინტერესებსა და კონკურენციის სფეროებს, ამ ურთიერთობების გავლენას მთლიანად რეგიონზე.

რუსეთისა და ირანის პირველი დიპლომატიური ურთიერთობები XVI საუკუნიდან იწყება, როდესაც რუსეთი ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებდა ირანისა და ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობებში. კავკასიაში ინტერესთა გადაკვეთის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იძაბება XIX საუკუნიდან, რაც აღინიშნა კიდეც ამ ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებებით პირველად- 1804- 1813 წლებში და მეორედ- 1826- 1828 წლებში. ორივე ომში ირანი დამარცხდა.[1] შემდეგი პერიოდები ორი ქვეყნის ურთიერთობაში ხასიათდება რუსეთის დომინანტობით ირანზე, რაც გრძელდება ფაჰლავის რევოლუციამდე (1925 წ.). რუსეთი ჩაერია ირანის კონსტიტუციურ რევოლუციაში და მისმა გამოგზავნილმა პოლკოვნიკმა ლიახოვმა კონტრრევოლუციური გადატრიალება მოახდინა თეირანში. მათ 1911 წელს გადაწვეს ირანის პარლამენტი- მეჯლისი. [2]

აღსანიშნავია 1921 წელს რუსეთ- ირანს შორის დადებული მეგობრობის ხელშეკრულება,[3] რომლითაც საბჭოთა რუსეთმა ირანს დაუბრუნა ყველა წართმეული ტერიტორია, ასევე, უქმდებოდა მანამდე ირან- რუსეთის ყველა ხელშეკრულება, რომლებიც ბღალავდა ირანის სუვერენიტეტს. ამასთანავე, ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთს ენიჭებოდა  უფლება, შეეყვანა ირანის ტერიტორიაზე თავისი ჯარები და განეხორციელებინა საჭირო მოქმედებები, თუ მესამე ქვეყანა შეეცდებოდა ირანის გამოყენებას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი დიდ ბრიტანეთთან ერთად შევიდა ირანში. მეორე მსოფლიო ომში ირანს უნდოდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მაგრამ, ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მეთაურების აზრით, არსებობდა საფრთხე, რომ ირანი გერმანიის მოკავშირე გახდებოდა. ბრიტანელები შიშობდნენ, რომ აბადანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ბრიტანულ-ირანული ნავთობკომპანია ფლობდა, გერმანელებს ჩაუვარდებოდა ხელში. საბჭოთა კავშირისთვის კი ირანს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1941 წლის 19 სექტემბერს თეირანში შევიდნენ მოკავშირეები.[4] მათ რეზა შაჰი გადააყენეს და ძალაუფლება გადაულოცეს მის უმცროსს ვაჟს მოჰამედ რეზა შაჰ ფაჰლევს, რომელიც 1979 წლამდე მართავდა ქვეყანას. წითელმა არმიამ დაიწყო ირანის ჩრდილოეთის კონტროლი, ინგლისელებმა – ამ ქვეყნის სამხრეთისა, რომელიც ასე მდიდარია ნავთობით.

ომის დამთავრების შემდეგ იწყება ირანის კრიზისი რომელიც მოიცავდა პერიოდს 1945 წლის ნოემბრიდან 1946 წლის 15 დეკემბრამდე. ეს იყო ცივი ომის ერთ- ერთი პირველი კრიზისი, რომლის დროსაც ირანის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის მიერ შეიქმნა სეპარატისტული, მარიონეტული სახელმწიფოები: ირანის აზერბაიჯანი და ქურთისტანი.[5] საბჭოთა კავშირს არ უნდოდა ირანის დატოვება, ეს ორი სეპარატისტული სახელმწიფოც მას უჭერდა მხარს. საბოლოოდ, დასავლეთის ზეწოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა თავისი ძალები გაიყვანა ირანის აზერბაიჯანიდან და ქურთისტანიდან და იწყება ირანის და ამერიკის დაახლოების პერიოდი. ირან- საბჭოთა კავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო გაითიშა 1979 წლიდან, როდესაც შეიქმნა ირანის ისლამური რესპუბლიკა. აიათოლა ხომეინის ლოზუნგი გახდა: „არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი“ და გაწყდა კავშირი არამარტო საბჭოთა კავშირთან, არამედ აშშ-სა და დასავლეთთანაც.

80- იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის ურთიერთობების აღდგენას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი: 1988 წელს დასრულდა ირან- ერაყის ომი; სსრკ-ს ჯარები გამოვიდნენ ავღანეთიდან; გარდაიცვალა აიათოლა ხომეინი. გორბაჩოვის ადმინისტრაციამ იარაღის მიყიდვა დაიწყო ირანისათვის და ამასთანავე დაეთანხმა დასრულებულიყო ბუშჰერში ბირთვული რეაქტორის მშენებლობა.[6]

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანი და რუსეთი პარტნიორები არიან. ორივე მათგანს ჩინეთთან ერთად რეგიონში საერთო ინტერესები აქვს. ირანი, რუსეთის მსგავსად, „ეჭვის თვალით უყურებს თურქეთის რეგიონალურ ამბიციებს და პან- თურქისტული იდეოლოგიის გავრცელებას“. ასევე, ირანი და რუსეთი ცდილობენ შეამცირონ შეერთებული შტატების პოლიტიკური გავლენა ცენტრალურ აზიაში. ირანმა და რუსეთმა ყატართან ერთად 2001 წლის 20 მაისს თეირანში დააარსეს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმი. ორგანიზაციის წევრები აკონტროლებენ მსოფლიოს გაზის მარაგის 70%-ს. 2005 წელს ირანმა მიიღო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსი, 2006 წლიდან კი  ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.[7]

ირანი და რუსეთი სავაჭრო პარტნიორები არიან ბევრ არაენერგეტიკულ სექტორში. მაგალითად, 2009 წლის იანვარში მათ შორის დაიდო ხელშეკრულება სოფლის მურნეობის სფეროში. 2010 წლის ივლისში კი მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ გააღრმავონ თანამშრომლობა ენერგეტიკულ სფეროებში. ამასთანავე, „გაზპრომი“ და „ ლუკოილი“ უფრო და უფრო მეტად ხდებიან ჩართულები ირანული ნავთობისა და გაზის პროექტების განვითარებაში. [8]

2011 წლიდან სირიაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი და ირანი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერები არიან. მას შემდეგ, რაც ამერიკამ სირიაში ჩართულობა შეამცირა, გაიზარდა პუტინის დომინანტობა.[9] 2016 წლის აგვისტოში რუსეთმა ირანის ნებართვით მისი სამხედრო ბაზიდან ასადის მხარდამჭერი საჰაერო ოპერაციები დაიწყო. 2017 წლის მარტში მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ჰასან როჰანის შეხვედრაზე  სირიასა და ახლო აღმოსავლეთში საერთო ეკონომიკურ ინტერესებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

2019 წლის 14 თებერვლის გაიმართა სოჭის სამმხრივი სამიტი რუსეთის, ირანის და თურქეთის მონაწილეობით სირიის საკითხის გარშემო. რუსეთსა და ირანს შორის სირიის საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.ისინი ვერ თანხმდებიან სირიაში მთავრობის მშვიდობიან ტრანზიციაზე და ქვეყნის პოლიტიკურ, კერძოდ კი, ბაშარ ალ-ასადის მომავალზე. მათი უთანხმოების საგანია სირიაში ქურთების და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ რესურსებზე კონტროლის საკითხი. ამასთანავე, ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული ერთმანეთის საჭიროება და ის გარე საფრთხეები, რაც მათ წინაშე მთელი სერიოზულობით დგას – ისრაელი, საუდის არაბეთი და აშშ.

 

ენერგეტიკული შეთანხმებები

სულ ცოტა ოთხი ხელშეკრულება გაფორმდა ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასა (NIOC) და რუსულ „გაზპრომსა“ და „როზნეფტს“ შორის. ამ შეთანხმებების შედეგად „როზნეფტი“ ირანში განახორციელებს  30 მილიარდ დოლარიან პროექტებს.[10] შეთანხმების წამყვანი საკითხი გახდა რუსეთის მიერ ირანული გაზის პაკისტანსა და ინდოეთში გატანა. ირანს ბუნებრივი აირის პაკისტანში და შემდგომ ინდოეთში ექსპორტი აქამდეც სურდა, მაგრამ ინდოეთის შემთხვევაში ამერიკული მხარის ზეწოლით ეს იდეა ჩაიშალა. ხოლო პაკისტანთან ირანი ფასების საკითხზე ვერ მოგვარდა.

 

ირანი და რუსეთი- დასავლეთის მიერ სანქცირებული ქვეყნები

რუსეთი და ირანი სანქცირებულნი არიან აშშ-სა და დასავლეთის მიერ. ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა  რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომები დააწესეს. რუსეთმა საპასუხოდ თვითონ დაუწესა სანქციები დასავლურ სახელმწიფოებს- ბანი დაადო სხვადასხვა საკვები პროდუქციის იმპორტს.  ირანის შემთხვევაში, ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზეზი დაკავშირებულია ირანის ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. სანქციები ირანის წინააღმდეგ დაწესდა 2011 წელს, მაგრამ 2016 წლის 16 იანვარს, ირანის ბირთვული პროგრამის თანახმად, ეკონომიკური და ფინანსური სანქციები გაუქმდა.

2015 წლის 14 ივლისს, ლოზანაში[11] ექვსმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმას: ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანს მოეხსნა სანქციები, რომელიც მის ეკონომიკას წლების განმავლობში აზარალებდა. შეთანხმების მიხედვით, ირანმა ცენტრიფუგების 2/3 გათიშა, გამდიდრებული ურანის 98 პროცენტი დაღვარა, პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი ცემენტით გაავსო. ასევე, თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან მონიტორინგს დათანხმდა.  თუმცა, ისრაელის სადაზვერვო ჯგუფმა აღმოაჩია, რომ ირანი არღვევდა შეთანხმებას. ასევე, ტრამპს აფიქრებდა, რომ ხელშეკრულების პირობები გათვალისწინებული იყო 2025 წლამდე, მომავალი კი ბუნდოვანი რჩებოდა. ამიტომ, აშშ-ს პრეზიდნტმა 2018 წელს დატოვა შეთანხმება. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ბირთვული შეთანხმების სხვა წევრები არ ეთანხმებიან ტრამპის გადაწყვეტილებას და აგრძელებენ ერთობლივი ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში დარჩენას.

სანქციებმა იმოქმედა ირანის ეკონომიკაზე. ირანის მთავრობამ უარი თქვა $10 მილიარდ ამერიკულ დოლარზე. ირანული ვალუტა 60% ით გაუფასურდა, შეწყდა საგარეო ვაჭრობა, გაიზარდა წლიური ინფლაცია. ინფლაციამ 2019 წლის მონაცემებით 40% შეადგინა. [12]

ირანსა და რუსეთს აქვთ საერთო ინტერესები ვაჭრობის გასაძლიერებლად. ირანი რუსეთს სთავაზობს ფართო ბაზარს ექსპორტის გასაფართოებლად. რუსეთი ცდილობს შეთანხმების მიღწევას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ირანს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ირანის ენერგეტიკის მინისტრის რეზა არდაკანიანის განცხადებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საშუალებას იძლევა 70-მდე სახეობის  ირანული საქონელი ნულოვანი ტარიფით და 503 დასახელების საქონლის  დაბალი გადასახადით ექსპორტი მოხდეს.[13] ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან ირანი მიიღებს: ხორცპროდუქტებს, ტკბილეულს, კოსმეტიკის ნაწარმს, ტექნიკური აღჭურვილობას. ირანიდან გავა: ბოსტნეული, ხილი, სამშენებლო მასალები და ხალიჩები. ირანის განცხადებით, ეს შეთანხმება დაეხმარება ირანს ეკონომიკურ განვითარებასა და დიპლომატიის გამოყენებით სანქციების დამარცხებაში.

გარდა ამისა, 2014 წელს რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა ირანთან, რაც ითვალისწინებდა კიდევ 8 ბირთვული რეაქტორის მშენებლობას. 2016 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმებით რუსეთი აგრძელებს ირანსთვის სესხის მიცემას, რომ დააფინანსოს 1400 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობის 85% სარიკში. [14]

ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ნახშირწყალბადების ინდუსტრიისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩამორჩენა ირანში. მას შემდეგ, რაც ბირთვული შეთანხმებით 2016 წელს მოიხსნა სანქციები ირანზე, რუსეთმა გააქტიურა თავისი ნავთობისა და გაზის კომპანიები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას , რომ ამ ორი ქვეყნის პოლიტიკა და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ირანს და რუსეთს სჭირდებათ ერთმანეთი: ორივე ქვეყანა სანქცირებულია აშშ-სა და დასავლეთის მიერ და ეძებენ მოკავშირეებს რეგიონში მტრების გავლენის შესამცირებლად. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გააქტიურდა ირანიდან ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტის საკითხი და დასავლეთიც, რომელიც რუსეთთან კონფლიქტური ურთიერთობების ფონზე ენერგორესურსების იმპორტის დივერსიფიკაციითაა დაინტერესებული, დადებითად განიხილავს ამ საკითხს. რუსეთი კი ეწინააღმდეგება ბუნებრივი აირის დასავლეთში გატანას, რადგან ერთის მხრივ კარგავს დასავლეთთან პოლიტიკურ- ეკონომიკური ვაჭრობის საშუალებას და, ამასთანავე, არ სურს რეგიონში ირანის პოზიციების გაძლიერება.

ჩემი აზრით, ძალთა ბალანსის დარღვევა რეგიონში მნიშვნელოვანი რეგიონული ან საერთაშორისო პოლიტიკურ- ეკონომიკური ცვლილებების გარეშე, ნაკლებად მოსალოდნელია. მითუმეტეს, ამის საფუძველს არ იძლევა თეირანსა და აშშ-ს შორის არსებული მტრული რიტორიკა და ქმედებები, რაც გამოიხატება კიდევაც რეგიონის უახლეს მოვლენებში.

 

ავტორი: მარიამ მეტონიძე

[1]Baumann, R. F. (2019, December 10). Encyclopedia.com. Retrieved from https://www.encyclopedia.com/history/encyclopedias-almanacs-transcripts-and-maps/russo-persian-wars

[2]University of Central Arkansas. (n.d.). Retrieved from https://uca.edu/politicalscience/dadm-project/middle-eastnorth-africapersian-gulf-region/iran-1905-present/

[3]Stephen, B. (1980). Soviet politics and the Iranian revolution of 1919-1921. Cahiers du monde russe et soviétique. https://www.persee.fr/doc/cmr_0008-0160_1980_num_21_2_1384

[4] Anglo-Soviet invasion of Iran https://resources.saylor.org/wwwresources/archived/site/wp-content/uploads/2011/08/HIST351-10.2.4-Anglo-Soviet-invasion-of-Iraq.pdf

[5] Razak, R. (2018, March 3). History Today. Retrieved from https://www.historytoday.com/archive/feature/iran-cold-war-crucible

[6]Katz, M. N. (2015, August). United States Institute of Peace. Retrieved from Razak, R. (2018, March 3). History Today. Retrieved from https://www.historytoday.com/archive/feature/iran-cold-war-crucible

[7]KATZ, M. N. (2002). Russian-Iranian Relations in the Putin Era . მოპოვებული https://pdfs.semanticscholar.org/a2a1/84bf5f4485e24b1836f79e89d0bfd9ece22c.pdf-დან

[8] Kozhanov, N. (2015, May). Carnegie Moscow Centre. Retrieved from https://carnegieendowment.org/files/CP_Kozhanov_web_Eng.pdf

[9]Duclos, M. (2019, June). Russia and Iran in Syria-a Random Partnership or an Enduring Alliance? Retrieved from https://www.atlanticcouncil.org/wp-content/uploads/2019/06/Russia_and_Iran_in_Syria_a_Random_Partnership_or_an_Enduring_Alliance.pdf

[10]The MOscow Times. (2018, December 13). Retrieved from https://www.themoscowtimes.com/2018/12/13/rosneft-pulls-out-of-30-bln-iran-oil-project-over-fears-us-sanctions-media-reports-a63811

[11]Sanger, M. R. (2015, July 14). The New York Times. Retrieved from https://www.nytimes.com/2015/07/15/world/middleeast/iran-nuclear-deal-is-reached-after-long-negotiations.html

[12]Barbuscia, D. (2019, April 28). Reuters. Retrieved from https://www.reuters.com/article/us-iran-economy-imf/iran-inflation-could-reach-40-percent-this-year-as-economy-shrinks-further-imf-idUSKCN1S509Q

[13]TEHRANTIMES. (2019, August 30). Retrieved from https://www.tehrantimes.com/news/439746/Trade-deal-between-Iran-EAEU-to-take-effect-in-late-October

[14]Utrikes Magasinet. (2019, November 20). Retrieved from https://www.utrikesmagasinet.se/analyser/2019/november/the-russia-iran-relationship-in-a-sanction-era/