E ISSN 2587-5396

ნატო 2014-2019 წლებში

27/11/2019 By yatage

ნატო 2014-2019 წლებში

ნატო- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს შეცვლასთან ერთად ვითარდებოდა. ცივი ომიდან მოყოლებული იგი უამრავ გამოწვევასა და სირთულეს გადააწყდა, არც უახლესი პერიოდია გამონაკლისი. დაარსებიდან 40 წლის განმავლობაში მისი მიზანი იყო კოლექტიური თავდაცვა, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ მიზნები შეიცვალა, ახლა მისი მთავარი დანიშნულებაა კრიზისის მართვა  მის საზღვრებს გარეთ, რათა შეაჩეროს ფართომაშტაბიანი მკვლელობები, შეინარჩუნოს მშვიდობა დასავლურ ბალკანეთში და ებრძოლოს ტერორიზმს ავღანეთში.

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროშიც ვხვდებით ზემოხსენებულ პრობლემებს, მაგრამ არსებობს ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაცია, რომელიც არ იშურებს ძალებს მათ აღმოსაფხვრელად.

2014 წლის მოვლენები

დავიწყოთ 2014 წლის განხილვა მარტიდან. ამ პერიოდში მიმდინარეობდა კრიზისი უკრაინაში, ის დაიწყო 2013 წლის 21 ნოემბერს, როდესაც იმდროინდელმა პრეზიდენტმა ვიკტორ იანუკოვიჩმა შეაჩერა ასოციაციის ხელშეკრულებისთვის მოსამზადებელი პროცედურები ევროკავშირთან, რომელსაც საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა და მათ შორის იყო ნატოც. 5 მარტს კი მდივანმა გენერალ ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა დაეყენებინა მთლიანი ნატო-რუსეთის ურთიერთობა განხილვისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმისათვის, რომ გაეგზავნა აშკარა შეტყობინება “რუსეთის ქმედებებს ექნება შედეგები“.

უელსის სამიტი (ნიუპორტი), 2014 წლის 4-5 სექტემბერი

სამიტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავისი ერთგულება ტრანსატლანტიკური კავშირისა და ძლიერი თავდაცვის შესაძლებლობების მიმართ. მათ ასევე გაზარდეს და გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან კრიზისის პერიოდში და თან გააგრძელეს რუსეთის არალეგალური, არალეგიტიმური ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის გმობა, რაც ამ პერიოდში საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. სამიტის წევრებმა ასევე გაამყარეს ურთიერთობები პარტნიორებთან შემდეგი გზებით: პარტნიორობის თავსებადობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებული ინიციატივების გამოყენებით. ავღანეთის საკითხსაც შეეხო ეს შეხვედრა, კერძოდ, ნატომ განამტკიცა თავისი ერთგულება ავღანეთის მიმართ მყარი მხარდაჭერის მისიის, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის გაწეული კონტრიბუციისა და ნატო-ავღანეთის მტკიცე თანამშრომლობის მეშვეობით. საბოლოოდ კი ეს სამიტი დასრულდა შეიარაღებული ძალებისთვის მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვით, რადგანაც ნატომ ამ დღეს აღნიშნა თავისი 65-ე იუბილე და მიწაზე, ზღვასა და ჰაერში ჩატარებული ოპერაციების ორი ათწლეული.

2015 წლის მოვლენები

ამ წელს ნატოს შემადგენლობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 2 დეკემბერს ნატომ ბრიუსელის მინისტერიალზე ფორმალურად მიიწვია მონტენეგრო იმისათვის, რომ გახდეს ალიანსის წევრი. ეს არის ნაბიჯი, რომელმაც წააქეზა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან საფრთხე ნატოს წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა ყველაფერს უკრაინიდან და სირიიდან დაწყებული დამთავრებული თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების განადგურებით. ოფიციალურმა მიწვევამ, რომელიც განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, გამოიწვია გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება. მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე მისი ქვეყნისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი 2006 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ.

წელი მნიშვნელოვანი იყო ავღანეთისთვისაც. 2014 წლის 28 დეკემბერს ნატოს მისია ავღანეთში დასრულა, რომელიც 13 წელიწადს გრძელდებოდა. ამ ქვეყანამ დროთა განმავლობაში აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციების წარმართვას საკუთარი თავდაცვითი ძალებით შეძლებდა, ISAF-ის (საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები) მისიის საბრძოლო შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე შეძლებდა. ნატომ ახალი პროგრამა აამუშავა ავღანეთში 2015 წელს ეს იყო RSM- მტკიცე თანამშრომლობის მისია. ის იყო სასწავლო და საკონსულტაციო ხასიათისა და მისი მთავარი მიზანი იყო ავღანეთში სამხედროების დახმარება.

აქ ასევე დაიწყო ახალი ორწლიანი მისია სახელა გადამწყვეტი მხარდაჭერა ისევ 2015 წლიდან, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მომსახურეების მოვალეობა, უმთავრესად, იყო ადგილობრივი ძალების გაწვრთნა. მასში მონაწილეობდა 42 ქვეყანა და 13 195 სამხედრო პირი. საქართველოც არ ჩამორჩა დანარჩენ ქვეყნებს და დაწყების დღიდანვე ჩაერთო ამ მისიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის შემდეგ საქართველო რიგით მეორე კონტრიბუტორია სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით.

ვარშავის სამიტი, 2016 წლის 8-9 ივლისი

ვარშავის სამიტი ფოკუსირებას ახდენდა ორ ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე: ნატოს თავდაცვა და ნატოს საზღვრებს მიღმა სტაბილურობის პროექტირება. მიიღეს შემდეგი ზომები: პირველი, ოთხი მულტინაციონალური ბატალიონის განთავსება ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში 2017 წლისთვის და მეორე, ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში მისი უფრო მორგებული მოღვაწეობის განვითარება. როგორც ვხედავთ ამ კონკრეტულ სამიტზე ნატომ უმეტესად თავისი ტერიტორიებისა და წევრი სახელმწიფოების დაცვისთვის საჭირო საკითხები განიხილა, როგორებიცაა: ნატოს თავდაპირველი ოპერაციული შესაძლებლობების ბალისტიკური სარაკეტო იარაღის დაცვის გამოცხადება, ასევე შეთანხმდნენ, რომ უნდა გააძლიერონ კიბერ შეტევის საწინააღმდეგო თავდაცვის მექანიზმები, რადგანაც 21-ე საუკუნეში კიბერსივრცე აღქმულია, როგორც ახალი ოპერაციული, სამოქმედო სივრცე, როგორიცაა მიწა, ჰაერი თუ წყალი. მნიშვნელოვნად ჩათვალეს მეტი მხარდაჭერის გაწევა პარტნიორებისთვის განსაკუთრებით წვრთნებისა და შესაძლებლობების გაზრდის სფეროებში. ამას დაემატა გადაწყვეტილება, რომ გამოიყენონ AWACS-ის (Airborne Warning An Control) ავიაცია 2035 წლამდე იმისათვის, რომ უზრუნველყონ ინფორმაციით გლობალური კოალიცია, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ISIL-ს (Islamic State Of Iraq and The Levant).

მიღებული იქნა გარკვეული შეთანხმებები, მაგალითად ნატოს კონტრ-ტერორიზმის აქტიური მცდელობის ოპერაციის შეცვლა უფრო ფართო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციით, ასევე შეთანხმება ავღანეთში პრობლემების გადაწყვეტის მხარდამჭერი მისიის გაგრძელება 2016 წლის შემდეგაც და ავღანური ძალების დაფინანსება 2020 წლამდე. უკრაინის საკითხიც არ გამორჩენიათ ვარშავის სამიტზე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოვლისმომცველი დახმარება შესთავაზონ ქვეყანას. და ბოლოს, სამიტი დამთავრდა გენერალური მდივნის სტოლტენბერგის ხელმოწერით ევროპულ საბჭოსა და ევროპულ კომისიასთან  შემაერთებ დეკლარაციაზე.

2017 წლის მოვლენები

2017 წელი ორგანიზაციის გაფართოებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. 5 ივნისს მონტენეგრო ნატოს ოფიციალური წევრი გახდა. იმის შემდეგ, რაც ქვეყანამ 2006 წლის ივნისში მოიპოვა დამოუკიდებლობა, ის შეუერთდა პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის(PFP) დეკემბერში. მალევე მიიღო მაპი ორგანიზაციისგან 2009წ დეკემბერში და 2010 წლის შემოდგომაზე უკვე შეუდგა აქტიურ მოქმედებებს, რათა შეესრულებინა მაპის პირველი პუნქტი, წლიური ეროვნული პროგრამის წარდგენა. დროთა განმავლობაში მონტენეგროს ხელისუფლება ქვეყანას აწყობდა ნატოს მიერ მითითებულ სტანდარტებზე. ამ პროცესებმაც გამოიღო შედეგი და 2015 წელს მოკავშირეებმა ოფიციალურად მიიწვიეს მონტენეგრო ორგანიზაციაში, თან განუცხადეს, რომ ელოდნენ მეტ პროგრესს განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში და ასევე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია გააგრძელებდა მხარდაჭერისა და დახმარების გაწევას მთელი პროცესების განმავლობაში.

2016 წლის 19 მაისს მოკავშირე საგარეო მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეერთების პროტოკოლს მონტენეგროსთვის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ სახელმწიფოს ჰქონდა ე.წ. მოწვეულის სტატუსი (“invitee”), რაც ნებას რთავდა მის წარმომადგენლებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა მოკავშირეთა შეხვედრებზე, როგორც დამსწრეებს. საბოლოოდ, როდესაც ყველა 28 მოკავშირე ქვეყანამ რატიფიცირება მოახდინა შეერთების პროტოკოლისა, მონტენეგროს უფლება ჰქონდა შეერთებოდა ვაშინგტონის ხელშეკრულებას და გამხდარიყო სრულფასოვანი წევრი ნატოს ორგანიზაციისა. 2017 წლის 5 ივნის მონტენეგრო გახდა ოფიციალური სრულფასოვანი წევრი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა.

ბრიუსელის სამიტი, 2018 წლის 11-12 ივლისი

ამ სამიტზე განიხილეს სამი მთავარი საკითხი: კავშირის თავდაცვის გაძლიერება, ტერორიზმთან ბრძოლის გაფართოება და ნატოს წევრებს შორის ტვირთის გადანაწილების უფრო სამართლიანი გზის შემუშავება. გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ნატოს ძალების მზაობის გაზრდაზე, სამხედრო ოლქის სტრუქტურის მოდერნიზებაზე და კიბერდაცვის ოპერაციული ცენტრისა და კონტრ-ჰიბრიდული მხარდამჭერი გუნდების შექმნაზე. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დარჩებოდნენ რუსეთის მიმართ ორმხრივი კურსის მიდგომის მიმდევრები, რაც მოიცავს თავდაცვასა და დიალოგს, და ასევე მათ აღნიშნეს გამოწვევები შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ორგანიზაციამ ერაყსაც მიაპყრო ყურადღება და იქ სათავე დაუდო ახალ წვრთნის მისიას და შესთავაზა მეტი მხარდაჭერა იორდანიასა და ტუნისს. ვნახეთ, რომ ვარშავის სამიტზე ნატომ ავღანეთს დაფინანსება დაუწესა 2020 წლამდე, ახლა კი გაზარდა ვადები 2024 წლამდე. ასევე ორგანიზაციის მომავალი გაფართოებისთვის საინტერესო ფაქტი მოხდა, ნატომ მიიწვია სკოპიეს ხელისუფლება შეერთების მოლაპარაკებებზე, რათა გახდეს ნატოს 30-ე წევრი.

2019 წლის მოვლენები

2019 წელს ნატოს საქმიანობა უმეტესად კონცენტრირებულია თავდაცვაზე და მისთვის საჭირო სახსრების მოპოვებაზე. ნატოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად,  მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნები ზრდიან საკუთარ თავდაცვის ბიუჯეტს, ნატოს მხოლოდ 7 წევრი 29-დან აღწევს საჭირო 2%-იან მიზანს მთლიან შიდა პროდუქტში ესენი არიან: ამერიკა, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ლიტვა და ლატვია. ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის მოელის მომავალი წლის ბოლოსთვის თავდაცვისთვის განკუთვნილი თანხის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდას წევრი ქვეყნებისგან, რადგანაც ეს ყველა მოკავშირის თავდაცვით ინტერესებში შედის.

 

დასკვნა

ნატო დაარსების დღიდან ბევრ სირთულეს გადააწყდა და უამრავი პრობლემაც მოაგვარა მთელი მსოფლიოს გარშემო. 2014-2019 წლებიც არ არის გამონაკლისი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორგანიზაციის გაფართოებისკენ, მსოფლიო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის შეჩერებისკენ.

კვლავ პრობლემად რჩება ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, ტერორისტული შეტაკებები, რაზეც დღემდე მუშაობს ორგანიზაცია. არც ერაყი და უკრაინა გამორჩენია. სამივე ქვეყანას გაუზარდა მხარდაჭერა, დაიწყო ერაყში სამხედრო წვრთნები, 2024 წლამდე გაუგრძელა ავღანეთს ფინანსირება. ნელნელა ცდილობს მიაღწიოს მშპს 2%-იან მიზანს თავდაცვის ბიუჯეტში. თავდაცვას რაც შეეხება, ნატო ამ წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ორგანიზაციის წევრების უსაფრთხოებაზე როგორც მიწაზე,ზღვასა და ჰაერში, ასევე ვირტუალურადაც, კიბერთავდასხმებისგან თავდასაცავად ახალ და ახალ პროგრამებებზე მუშაობენ.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მოღვაწეობდა და ახლაც მუშაობს მხოლოდ იმისათვის, რომ როგორც მისი წევრების, ასევე მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ის ყველა არსებული შესაძლებლობებით ცდილობს მსოფლიოში ახლად აღმოცენებული საფრთხეების ნეიტრალიზებასა და არსებული პრობლემების აღმოფხვრას.

 

ავტორი: თამთა მეგრელიშვილი


წყარო:

https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_49736.htm

https://www.nato.int/cps/en/natohq/news_144647.htm

https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_2017_03/20170313_SG_AnnualReport_2016_en.pdf#page=13

http://www.europarl.europa.eu/EPRS/EPRS-AaG-628238-Montenegro-lead-candidate-for-EU-accession-FINAL.pdf

https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_50115.htm

https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm

https://www.nato.int/cps/en/natohq/opinions_142149.htm#

https://www.nato.int/cps/en/natohq/news_112107.htm

https://edition.cnn.com/2019/03/14/politics/nato-defense-spending-target/index.html

https://www.euro-defence.eu/