E ISSN 2587-5396

ნატო 1989- 1993 წლებში

09/08/2019 By yatage

ნატო 1989- 1993 წლებში

1980- იანი წლების შუაში საერთაშორისო დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ საბჭოთა კომუნიზმმა წააგო ინტელექტუალური ბრძოლა დასავლეთთან. დისიდენტებმა დაანგრიეს კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგიური საყრდენები. ეს იყო პროცესი, რომელსაც თავად საბჭოთა კავშირმა შეუწყო ხელი თავისი, ვითომდა იმ ადამიანური უფლებების პრინციპების ერთგულებით, რაც ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში. გასული საუკუნის 80- იანი წლების მიწურულს პოლონეთის კომუნისტური მთავრობა იძულებული გახდა, მოლაპარაკებები გაემართა ადრე რეპრესირებულ, დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან „სოლიდარობა“ და მის ლიდერთან ლეხ ვალენსასთან. მალე აღმოსავლეთ ევროპისა და თავად საბჭოთა კავშირის სხვა დემოკრატი აქტივისტებიც გამოვიდნენ იგივე უფლებების მოთხოვნით. ამ დროისათვის ვარშავის პაქტის ქვეყნების გეგმიური ეკონომიკა უკვე დაშლის პირას იყო. საბჭოთა კავშირის დანახარჯები თავდაცვის სფეროში 3-ჯერ აღემატებოდა აშშ-ის მიერ იმავე მიზნით  გაწეულ ხარჯებს, მაშინ, როცა მისი ეკონომიკა ერთი მესამედით მცირე იყო ამერიკასთან შედარებით. მიხეილ გორბაჩოვი ხელისუფლებაში მოვიდა განზრახვით, ფუნდამეტურად შეეცვალა კომუნისტური სისტემა რეფორმირების გზით. 1989 წელს დაწყებულ აღმოსავლეთ გერმანიის რეჟიმის ნგრევაში აღარ ჩარეულა საბჭოთა კავშირი და არჩია გრძელვადიანი რეფორმების გზა, რომელიც სულ უფრო სცილდებოდა მისი შესაძლებლობების ზღვარს და საბოლოოდ გამოიწვია ვარშავის ბლოკის  ნგრევა. [1]

ბერლინის კედლის დაცემამ 1989 წლის 9 ნოემბერს თითქოსდა სათავე დაუდო ღია საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და მშვიდობის ახალ ერას და მოკავშირეები სკეპტიკური სიხარულით შეხვდნენ ფაქტს, როცა გაბედულმა დემონსტრანტებმა დაამხეს აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური მთავრობები. თუმცა, არსებობდა სახიფათო გაურკვევლობები. იქნებოდა თუ არა გაერთიანებული გერმანია ნეიტრალური? რა მოელოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ბირთვულ იარაღს? მიაყენებდა თუ არა ნაციონალიზმი კიდევ ერთხელ ზიანს ევროპის პოლიტიკას? და ეგზისტენციალური საკითხი ნატოსთვის: არსებობდა ატლანტიკური ალიანსის საჭიროება მომავალში?

ნატომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც განაგრძო არსებობა ორი დაუწერელი მანდატის შენარჩუნებით. ესენია: მილიტარისტული ნაციონალიზმის შეკავება და კოლექტიური თავდაცვის საფუძვლის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობდა ევროპის დემოკრატიზაციასა და ინტეგრაციას.[2]

1991 წელს, ისევე, როგორც 1949 წელს, ნატო გახდა დიდი პან- ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამეტი. 1991 წელს მოკავშირეებმა შექმნეს  ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო, რომელიც 1997 წელს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭომ შეცვალა. ამ ფორუმმა შეკრიბა ალიანსის წევრები მათ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მეზობელ სახემწიფოებთან ერთად, რათა გაემართათ ერთობლივი კონსულტანციები. ამ ახლად განთავისუფლებული ქვეყნების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ნატოსთან ურთიერთობას ფუნდამენტალური მნიშვნელობა ჰქონდა მათი მისწრაფებებისთვის სტაბლურობის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თანამშრომლობა გავრცელდა სამხრეთისაკენაც, როდესაც ალიანსმა 1994 წელს შექმნა ხმელთაშუა ზღვის დიალოგი. [3]

ომი სპარსეთის ყურეში

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „დიდი შემობრუნების“ პროცესის დაწყების პარალელურად ნატო დადგა უდიდესი გამოწვევების წინაშე, როდესაც გაჩნდა საჭიროება, რომ პირველად ალიანსის ისტორიაში წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს ერთობლივი საომარი მოქმედებები უნდა ეწარმოებინათ. ეს დაკავშირებული იყო სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებთან, როდესაც 1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ ქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინეს ამ ქვეყნის ანექსია. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს ქვეყნებმა მიიღეს სრული მხარდაჭერა საბჭოთა კავშირის მხრიდან: 6 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საბჭოთა კავშირმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა ერაყის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და მიზნად ისახავდა ოკუპირებული ქუვეითიდან ჯარების გამოყვანას.[4]

სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენები განხილულ იქნა 1990 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მორიგ სესიაზე, სადაც გაიმარტა კონსულტანციები და შემუშავებულ იქნა კონკრეტული გეგმები ნატოს წევრი სახელმწიფოების კოორდინირებულ მოქმედებათა შესახებ, და მათი მზადყოფნა სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული გაეროს რეზოლუციის ცხოვრებაში გატარების შესახებ.

როდესაც ერაყმა უარი განაცხადა ქუვეითიდან ჯარებს გამოყვანის შესახებ, შეიქმნა ანტიერაყული კოალიცია, სადაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ნატო-ს ქვეყნებმა აშშ-ის მეთაურობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ერაყის მეზობელ და ნატო-ს წევრ თურქეთში გაგზავნილ იქნა ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობას დაქვემდებარებული მობილური ჯგუფები. 1991 წლის 17 იანვარს კოალიციურმა ძალებმა პირველი შეტევა განახორციელეს ერაყის სამხედრო იფრასტრუქტურაზე. საბოლოოდ, უკვე 1991 წლის მარტის დასაწყისში ქუვეითი განთავისუფლდა ერაყის ჯარებისაგან. [5]

იუგოსლავიის კონფლიქტი

კომუნიზმის დანგრევამ გზა მისცა ნაციონალიზმისა და ეთნიკური ძალადობის ზრდას, განსაკუთრებით ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად მოკავშირეები თავს იკავებდნენ, რომ ჩარეულიყვნენ კონფლიქტში, რომელიც განიხილებოდა, როგორც იუგოსლავიის სამოქალაქო ომი. მოგვიანებით, როდესაც კონფლიქტი გადაიზარდა აღიარებულ აგრესიასა და ეთნიკურ წმენდაში, ალიანსმა მიიღო მოქმედების გადაწყვეტილება. ნატომ-მ სრული მხარდაჭერა შესთავაზა გაერთიანებული ერების ძალისხმევას, რათა ბოლო მოღებოდა ომის დანაშაულებს, მათ შორის საზღვაო ბლოკადის სახით განხორციელებულ პირდაპირ სამხედრო აქციებს. მალე, ამკრძალავი ზონების შექმნას საჰაერო სივრცეში, შედეგად მოჰყვა ავიადარტყმები მძიმე შეიარაღებაზე გაეროს რეზოლუციების დარღვევისათვის. საბოლოოდ, ალიანსმა განახორციელა ცხრა დღიანი საჰაერო სამხედრო კამპანია 1995 წლის სექტემბერში, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კონფლიქტის დასრულებაში.[6]

იუგოსლავიის კონფლიქტმა და სხვა პარალელურად მიმდინარე კონფლიქტებმა მთიან ყარაბახში, საქართველოსა და სხვა რეგიონებში, ნათლად აჩვენა, რომ ცივი ომის შემდეგ შექმნილი ენერგიის ვაკუუმი გახდა სახიფათო არასტაბილურობის წყარო. აუცილებელი იყო პარტნიორობის მექანიზმის გაძლიერება იმ მამართულებით, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს საშუალება ჰქონოდათ, ეთანამშრომლათ ალიანსთან, რათა მოეხდინათ ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების რეფორმირება და გამოეყვანათ ისინი სტრატეგიული იზოლაციიდან. განვითარების ხელშემწყობი ძალისხმევის ფარგლებში, ალიანსმა 1994 წელს შეიმუშავა პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (პმპ).[7] ეს პროგრამა საშუალებას აძლევდა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს ან „პარტნიორებს“, გაეზიარებინათ ინფორმაცია ნატო-ს წევრებთან და განეახლებინათ თავიანთ შეიარაღება თანამედროვე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. პარტნიორებს ჰქონდათ თავისუფლება, აერჩიათ თავიანთი ჩართულობის დონე ალიანსში. გზა სრული წევრობისკენ რჩებოდა ღიად იმათთვის, ვინც გადაწყვეტდა, გაჰყოლოდა მას.

1991 წლის კოპენჰაგენის შეხვედრა

1991 წლის 6- 7 ივნისს კოპენჰაგენში გაიმართა ნატოს საგარეო მინისტრების შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა პსეციალური განცხადება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 1990 წელს გამართულ ლონდონის სამიტის ინიციატივაზე_ მოწოდებაზე, რომ დამყარებულიყო რეგულარული დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, და ასევე გაისმა მოწოდება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე.

ზემოაღნიშნული საკითხების დღის წესრიგში არსებობა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ რიგი წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში არსებობდა მოსაზრება და ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნისტური ბლოკის დაშლასა და „ცივი ომის” დამთავრებას შესაძლოა მოჰყოლოდა ალიანსის შესაძლო შესუსტება. ამით აიხსნება ის გარემოებაც, რომ კოპენჰაგენში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე ასევე მიღებულ იქნა განცხადება ევროპაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ალიანსის ახალ პოლიტიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მთავარი ფუნქციების შესახებ. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ალიანსის წესდებით განსაზღვრული მისი თითოეული წევრის ალიანსის წინაშე აღებული პასუხისმგებლობები და ამ წევრთა უფლებები უცვლელი რჩებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძირითად პრიორიტეტად კვლავ განიხილებოდა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა და წარმოადგენს ალიანსის თითოეული წევრის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო საშუალებებით.

კოპენჰაგენის შეხვედრა ნატოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კვლავ მიიჩნევდა ევროპაში სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნებას, რაც აშკარად მიუთითებდა, რომ „ცივი ომის” გარკვეული ნიშნები ჯერ კიდევ რეალობას წარმოადგენდა.[8]

ნატოსა და სსრკ-ის შორის თანამშრომლობის ერთგვარ გამოცდად იქცა 1991 წლის აგვისტოში მოსკოვში განხორციელებული პუტჩი. ნატო აქაც დადგა სერიოზული გამოცდის წინაშე. ამავე დროს, ალიანსმა გამოიჩინა ერთსულოვნება და 1991 წლის 21 აგვისტოს გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს შექმნილი ვითარება და გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც დაგმობილ იქნა მ. გორბაჩოვის თანამდებობიდან განთავისუფლების არაკონსტიტუციური ხასიათი.

 

ნატოს რომის სამიტი

მოსკოვის წარუმატებელი პუტჩის შემდგომ საბჭოთა კავშირში განვითარებული პროცესები იქცა განხილვის მთავარ საგნად 1991 წლის 7-8 ნოემბერს, როდესაც ნატოს სამიტი გაიმართა რომში. ამ სამიტზე მიიღეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და ასევე მიღებულ იქნა რომის დეკლარაცია მშვიდობისა და თანამშროლობის შესახებ. [9]მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული სამიტი გაიმართა „ბელოვეჟის“ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ანუ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლამდე ერთი თვით ადრე, ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილეს საბჭოა კავშირში მიმდინარე მოვლენებზე. საბჭოთა კავშირის რღვევა იმ პერიოდში აშკარად იყო დაწყებული, როდესაც 1991 წლის სექტემბერში დამოუკიდებლობა ჰქონდათ მოპოვებული ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს. რომის სამიტზე ყურადღება გამახვილდა განიარაღების პროცესზე, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა  გარკვეული პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ნატოს ლიდერებმა საბჭოთა კავშირსა და რესპუბლიკებს მოუწოდეს, რომ ამ უკანასკნელებს შეესრულებინათ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვის აუცილებლობაზე, რასაც უდიდეს პრობლემას უქმნიდა პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება საბჭოთა კავშირსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

სამიტზე გადადგმულ იქნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები აღმოსავლეთთან თანამშრომლობისათვის და თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ახალ ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, იმავე წლის დეკემბერში, მომდევნო შეხვედრაზე, მიიწვიეს უნგრეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომ მოემზადებინათ ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ნატოსა და ყოფილ ვარშავის ბლოკის სახელმწიფოებს შორის იწყებოდა პარტნიორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ახალი ეპოქა.

პარტნიორობის ამ ახალი ეპოქის საწყისი ეტაპისათვის იგეგმებოდა შემდეგი ნაბიჯები:

  • მინისტრთა დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პარტნიორების ერთობლივი სხდომები, რომელთა დასახელება სამიტის დეკლარაციაში პირობითად განისაზღვრა, როგორც „ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო” (ნაქსი);
  • ელჩების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პარტნიორთა პერიოდული ან საგანგებო შეხვედრები;
  • რეგულარული შეხვედრები პარტნიორებთან ნატოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სხვა კომიტეტების ფარგლებში.[10]

ამ მიზნით უკვე 1991 წლის 20 დეკემბერს ბრიუსელში ნაქსი-ს ფორმატით გამართულ ნატოსა და მისი ახალი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად მოიწვიეს საბჭოთა კავშირი. [11]პრიორიტეტი იყო ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების და განმტკიცების საკითხი. უსაფრთხოების ცნება ასევე გულისხმობდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს. ამიტომ სამიტზე განიხილეს ისეთი საკითხებიც, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა უსაფრთხოების საკითხებთან, ხოლო მუშაობა უნდა წარმართულიყო ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ეუთო, ევროგაერთიანება, დასავლეთ ევროპული კავშირი.

ნაქსის შემდეგი შეხვედრა 1992 წლის 10 მარტს გაიმართა და ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ამ სხდომაზე მიღებულ იქნა განცხადება, რომელიც საფუძვლიანად განსხვავდებოდა ნატოს 1991 წელს გამართულ რომის სამიტზე და 1991 წლის დეკემბერში ნაქსის წინა შეხვედრაზე მიღებული განცხადებებისაგან, სადაც აღნიშნული იყო იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომლებიც საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ვითარდებოდა. განხცადების განსხვავებული ხასიათი აიხსნებოდა იმ შეშფოთებით, რომელიც დაკავშირებული იყო ყოფილ საბჭოთა სივრცეში, კერძოდ, კავკასიასა და მოლდოვაში და ,ასევე, ბალკანეთში მიმდინარე ეთნიკურ კონფლიქტებთან, ასევე ნატოს უდიდეს შეშფოთებას იწვევდა რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული დაპირისპირება ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო და იქ განლაგებული შავი ზღვის ფლოტი. სსრკ- ში გარდამავალმა პერიოდმა და ყოფილი „ცენტრის“ მიერ ინსპირირებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია ანარქია, განუკითხაობა და შეიარაღებული კონფლიქტები, რასაც, როგორც ვიცით სამწუხაროდ ვერც საქართველო გადაურჩა.[12]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში განლაგებული ბირთვული იარაღის პრობლემის მოგვარება იქცა ნატოს ერთ- ერთ პრიორიტეტულ ამოცანად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეშფოთებას იწვევდა უკრაინის პოზიცია, რომელიც იმ პერიოდში არ აპირებდა, უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე და ცდილობდა მის გამოყენებას დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარებისა და დათმობების მოსაპოვებლად. ამ პრობლემაზე მსჯელობა გაგრძელდა 1992 წლის 17 დეკემბერს, როდესაც ბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც ყაზახეთს, ბელორუსიასა და უკრაინას მოუწოდეს, სასწრაფოდ შეერთებოდნენ ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და ასევე მოიეხდინათ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.

იმავე წლის 18 დეკემბერს ნაქსი-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ბირთვული იარაღის გავრცელების მზარდი საშიშროება საჭიროებდა სწრაფი და ეფექტური ზომების მიღებას. აუცილებელი იყო სხვა სამხედრო და ბირთვულ სფეროებთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების მომზადება და მასთან მიერთება. მაგალითად, ასეთ საერთაშორისო დოკუმენტებად მოიაზრებოდა კონვენცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულება და სხვა. ასევე გაისმა მზადყოფნა ევროთათბირის ფარგლებში მიმდინარე მუშაობის მხარდაჭერაზე შეიარაღების კონტროლთან და განიარაღებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით აღინიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების შესრულება, წარმოადგენდა აუცილებელ წინაპირობას ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მათი რეალიზება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით, სადაც ასევე უნდა გათალისწინებულ იქნეს ამ პროცესის გამჭირვალობა, ასევე ევროპაში არსებული ახალი სამხედრო თუ პოლიტიკური რეალობა და ამ რეალიებზე დაყრდნობით კონსულტანციების მექანიზმების სრულყოფა. [13]

დასკვნა

ამგვარად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ, როგორც კაცობრიობის ისტორიაში უძლიერესმა სამხედრო- პოლიტიკურმა ალიანსმა, წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, განაგრძო არსებობა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგაც და დღეს მსოფლიოში გვევლინება მშვიდობის მთავარ დამცველად. მისი საქმიანობის სფერო აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო თავდაცვით, არამედ ის დაკავებულია ჰუმანიტარული აქციების განხორციელებით, სამეცნიერო- ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით და სხვა.

 

ავტორი: მარიამ მეტონიძე


[1]

NATO UPDATE. (2001 წლის 21 november). მოპოვებული https://www.nato.int/docu/update/80-89/1980e.htm-დან

[2]

ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. (2012). მოპოვებული www.nato.int: http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf-დან

[3]

ჩიტაძე.ნ. (2005). ნატო- ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.

[4]

State, U. S. (n.d.). office of the historian. Retrieved from history.state.gov: https://history.state.gov/departmenthistory/short-history/firstgulf

[5]

Zeidan, A. (n.d.). Persian Gulf War. Retrieved from https://www.britannica.com/event/Persian-Gulf-War

[6]Balkans war: a brief guide. (2016, March 18). Retrieved from www.bbc.com/news/world-europe-17632399

 

[7]

Partnership for Peace. (თ. გ.). მოპოვებული https://www.britannica.com/topic/Partnership-for-Peace-დან

 

[8]

ნიკა, ჩ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.

[9]

NATO TRANSFORMED: THE SIGNIFICANCE OF THE ROME SUMMIT. (1991, December 6). Retrieved from https://www.nato.int/docu/review/1991/9106-1.htm

[10]

NATO TRANSFORMED: THE SIGNIFICANCE OF THE ROME SUMMIT. (1991, December 6). Retrieved from https://www.nato.int/docu/review/1991/9106-1.htm

[11]

North Atlantic Cooperation Council Statement On Dialogue, Partnership And Cooperation. (n.d.). Retrieved from https://www.nato.int/docu/comm/49-95/c911220a.htm

[12]

NATO Update. (2001, November 09). Retrieved from https://www.nato.int/docu/update/1992/9203e.htm

[13]

ნიკა, ჩ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.