27/05/2019 By yatage
ნატო 1974-1978 წლებში.
ყოველი ეპოქა განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, რის გამოც, მიუხედავად კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის გაცხადებული მიზნებისა და ძირითადი პრინციპებისა, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესები არ იძლევა მათი პრაქტიკაში თანაბარწილად გატარების შესაძლებლობას. ამიტომ ისტორიული განვიათარების თითოეულ ეტაპს ნატოს პრინციპების რეალობაში დანერგვისა და განხორციელების კუთხითაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებდა. აღნიშნული საკითხის 1974-78 წლებში რეალიზების განსაზღვრისთვის კი საჭიროა თავდაპირველად განისაზღვროს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის არსი და ის პრინციპები, რომელზე დაყრდნობითაც ხორციელდება მისი მუშაობა.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და მისი მუშაობის ძირითადი პრინციპები.
1949 წლის 4 აპრილს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ვაშინგტონი ხელშეკრულების) ხელმოწერით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დებატების შემგეგ, რაც განპირობებული იყო როგორც წინარე ისტორიული, ისე მიმდინარე პროცესების ერთიანობით. ხშირად ამბობენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზანია დაფუძნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ, რაც სიმართლეს შეესაბამება, თუმცა სრულყოფილად არ ასახავს ორგანიზაციის შექმნის მიზნებს. სინამდვილეში, ალიანსის შექმნა იყო უფრო მასშტაბური ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ემსახურებოდა 3 უმთავრეს მიზანს: საბჭოური ექსპანსიის შეკავებას, ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აღკვეთას ევროპის კონტინენტზე ძლიერი ჩრდილო-ამერიკური გავლენის მეშვეობით და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.[1]
ნატოს წარმატების ძირითადი მიზეზები უნდა ვეძებოთ იმ პრინციპებსა და ფასეულობებში, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედო-პოლიტიკური ალიანსი. ეს ძირითადი ღირებულებები და ფასეულობები გახლავთ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.[2]
ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ სართაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და სამართლიანობის დაცვას. ნატო-ს მთავარი მიზანი კი მისი წევრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვაა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით, გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია „კოლექტიური თავდაცვა“, რომელიც რეგლამენტირებულია ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლში, რომლის შესაბამისადაც ალიანსის ყოველი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოება განუყოფელია: შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ ან რამდენიმე მათგანზე ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილება თავდასხმად ყველა მათგანზე.[3] რაც იმას ნიშნავს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ყოველი მათგანი გაეროს წესდების 51-ე მუხლით აღიარებული ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დახმარებას გაუწევს წევრ ქვეყანას, რომელზედაც განხორციელდა თავდასხმა და აუცილებლობის შემთხვევაში შეიარაღებულ ძალასაც გამოიყენებს.[4]
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიზნების ეფექტურად განხორციელებას ემსახურება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც: „მხარეები ცალ-ცალკე და ერთობლივად განავითარებენ თავიანთ ინდივიდუალურ და კოლექტიურ შესაძლებლობებს, რათა წინ აღუდგნენ შეიარაღებულ თავდასხმას“. მე-4 მუხლმა განამტკიცა ერთობლივი მოქმედების გარანტიები, რომელთა მიხედვითაც, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები ერთმანეთთან, თუ რომელიმე მათგანის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა .
ნატოს გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლესი ორგანოს – ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად, დაევალა თავდაცვის კომიტეტის ჩამოყალიბება. ამ უკანასკნელის მთავარ ამოცანას კი წარმოადგენს შეიმუშავოს რეკომენდაციები მე-5 და მე-3 მუხლების განსახორციელებლად. მაშასადამე, ორგანიზაციის ყველა სტრუქტურა კოორდინირებულად მოქმედებს ზემოხსენებული პრინციპების შესაბამისად ნატოს მიზნების მიღწევისა და რეალობაში გატარებისთვის.
პრაქტიკაში რეალიზებული პრინციპები 1974-1978 წლებში.
აღსანიშნავია, რომ მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა „ცივი ომის“ სახელით ცნობილი გლობალური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და მათ მოკავშირე სახელმწიფოთა შორის, რომელმაც 40-იანი წლების დასაწყისიდან 90-იანი წლების დასასრულამდე გასტანა. “ცივი ომის” მთელი პერიოდის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთხელაც არ დასჭირვებია აემოქმედებინა ნატოს წესდების ზემოხსენებული მე-5 მუხლი (კოლექტიური უსაფრთხოება), რისი მიზეზიც გახლავთ ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებზე და შესაბამისად, მთელ ალიანსზე თავდასხმა არავის გაუბედავს და ნატოში გაერთიანება უსაფრთხოების მყარ გარანტიას იძლეოდა. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ „ცივი ომის“ მიმდინარეობისას, მათ შორის 1974-1978 წლებში ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით განმტკიცებული პრინციპი არ გამოყენებულა რეალობაში, თუმცა ეს როდი მეტყველებს ნატოს მიზნების განუხორციელებლობაზე, პირიქით, ვინაიდან სადამფუძნებლო დოკუმენტის პრეამბულაში გარკვევითაა მითითებული ნატოს მიზნებზე, რომლებიც მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წედებით გათვალისწინებული ამოცანებისადმი ერთგულებას, მაშასადამე, ომის თავიდან აცილებასა და მშვიდობის დამკვიდრებას. დაბეჯითებით უნდა აღინიშნოს, რომ განმტკიცებული მიზნები მე-5 მუხლთან მიმართებით რეალობაში განხორციელდა 1974-1978 წლებში.
საყურადღებოა, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ნატო-მ რიგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა მსოფლიოში დაძაბულობის შენელებისა და „ცივ ომში“ გამარჯვების გზაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალიანსის აქტიურობის შედეგად 1973 წლიდან ვენაში დაწყებული მოლაპარაკებათა პროცესი შეიარაღებული ძალების ბალანსირებული შემცირების შესახებ. 1974 წლის ივნისში სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს „ატლანტიკური ურთიერთობების დეკლარაციას“ (ოტავას დეკლარაციის სახელით ცნობილი დოკუმენტი).[5] აღნიშნული პროცესები საბოლოოდ დაგვირგვინდა 1975 წლის 31 ივლისს – 1 აგვისტოს 35 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის ხელმოწერით, რამაც ხელი შეუწყო ნატო-სა და ვარშავის ბლოკის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის განმუხტვას. დასკვნით აქტში ჩართული იყო შეთანხმება “უშიშროებისა და განიარაღების ზოგიერთ საკითხში ნდობის გაძლიერების შესახებ.” დოკუმენტში გაწერილი იყო წინასწარი ურთიერთშეტყობინების ვალდებულება სახმელეთო ძალების მსხვილმაშტაბიანი წვრთნების ჩატარების შემთხვევაში. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებდა სამხედრო მეთვალყურეთა გაცვლას, რათა შესაბამის ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონოდათ დასწრებოდნენ სამხედრო წვრთნებს. ამასთან, გათვალისწინებული იყო სამხედრო დელეგაციების ვიზიტებიც.[6] ვინაიდან აღნიშული დოკუმენტია სწორედ განსახილველი პერიოდის ყველაზე დიდი მიღწევა ნატოს მიერ განხორციელებულ „განმუხტვის ეპოქასთან“ მიმართებით, მიზანშეწონილია მისი დეტალური განხილვა. ჰელსინკის კონფერენციაზე, როგორც აღვნიშეთ, ხელი მოეწერა “დასკვნით აქტს”, რომელიც 3 ნაწილისგან (ე.წ. “3 კალათისგან”) შედგებოდა: პირველი ნაწილი იმ დროისთვის ევროპაში დაწესებულ საზღვრებს აღიარებდა, ადასტურებდა ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და შესაძლო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. მეორე “კალათაში” საუბარი იყო უმთავრესად ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობაზე. მე-3 კი ეხებოდა ჰუმანიტარულ საკითხებს და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.[7]
მაშასადამე, ჰელსინკის დასკვნითი აქტი დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო პოლიტიკური ინტეგრაციის განხორციელებისა და არსებული დაძაბულობის განმუხტვის კუთხით. გარდა ამისა, უშუალოდ ემსახურებოდა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დაცვას, რაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მიერ გაცხადებული ძირითადი პრინციპია. გარდა ამისა, განსახილველი აქტი ემყარება იმ ძირითად ფასეულობას, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა და მისი ეფექტური რეალიზება. დასკვნის სახით კი უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს აქტიური ჩართულობით განხორციელებული პროცესების უშუალო შედეგი იყო ჰელსინკის დასკვნითი აქტი, რომელშიც ზედმიწევნითაა რეალიზებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განმტკიცებული ძირითადი პრინციპები და ღირებულებები.
ნატო-ს სამშვიდობო როლის პრაქტიკაში რეალიზების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირების შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად დასრულება. კერძოდ, 1952 წელს ალიანსს ერთად შეუაერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი. ამ ორ ქვეყანას დაძაბული ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა სწორედ ნატოს დამსახურებაა, რომ 1974 წელს კონფლიქტი კვიპროსის გამო არ გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში თურქეთსა და საბერძნეთს შორის – ვინაიდან ორივე ერთი და იგივე უსაფრთხოებითი სისტემის წევრი იყო, დაპირისპირებამ არ მიაღწია დიდ სისხლიან კონფლიქტამდე.[8]
მშვიდობის მიღწევის კუთხით, ნატო შემდგომ წლებშიც აგრძელებდა თავის საქმიანობას, კერძოდ, 1976 წლის იანვარში ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნა პერსპექტივა, წარმოებულიყო მოლაპარაკებები სსრკ-სთან სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ. იმავე წელს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მორიგ სესიაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ურთიერთობები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და ევროთათბირის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების მიმდინარეობა. მოგვიანებით კი ნატო-მ მოუწოდა ევროთათბირის წევრ ყველა სახელმწიფოს, უარი განეცხადებინათ ძალის გამოყენების მუქარაზე ყველა სახის შეიარაღების ჩათვლით, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის შესაბამისად.
აღსანიშვანია, რომ ნატო-ს უმთავრესი მიზნების განხორციელების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ალიანსის ისეთი გავლენიანი წევრის პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯებს, როგორიცაა აშშ. 1976 წელს აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დემოკრატმა ჯეიმზ კარტერმა თავისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრინციპად მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა გამოაცხადა. კარტერის ადმინისტრაციისა და ამერიკული პრესის მთავარი სამიზნე საბჭოთა კავშირი გახდა, რომელიც აშკარად არ ასრულებდა ჰელსინკში ნაკისრ ვალდებულებებს.
ნატო-ს მიერ განხორციელებული მუშაობის ფარგლებში, განსაკუთრებით “ცივი ომის” მიმდინარეობის პერიოდში მნიშვნელოვანი გახლდათ ორ სუპერსახელმწიფოს სსრკ-სა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, რომელსაც ჩრდილოატლანტიური ალიანსის ისტორიაში წამყვანი ადგილი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ 70-იანი წლების პირველ ნახევარში, აშშ-სა და სსრკ-ის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები განხორციელდა. მსოფლიოში დაძაბულობის შემცირების მიზნით გაიმართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა უმაღლეს დონეზე. კერძოდ: აშშ-ს პრეზიდენდი რიჩარდ ნიქსონის ვიზიტები საბჭოთა კავშირში 1972 წლის მაისსა და 1974 წლის ივნისში. ასევე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის ლ. ბრეჟნევის ვიზიტი აშშ-ში 1973 წლის ივნისში ბრეჟნევისა და ფორდის შეხვედრა ვლადივასტოკში 1974 წელს. მაშასადამე, მიუხედავად გართულებული ვითარებისა კარტერის ადმინისტრაცია მაინც არ ამბობდა უარს განმუხტვის მთავარ მონაპოვარზე – სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე. სწორედ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე მუშაობა მორიგ დიდ შეთანხმებაზე, SALT II-ზე, შედგა, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული შეიარაღების შეჩერებისა და შემცირების თვალსაზრისით. სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობა საბოლოოდ დაგვირგვინდა 1979 წლის ბრეჟნევისა და ჯიმი კარტერის შეხვედრით ვენაში. შედეგად, 1979 წლის 18 ივნისს ვენაში ხელმოწერილ იქნა მეორე შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა “სტრატეგიული შეიარაღების შემცირების უფრო ფართო დიაპაზონის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას” და აფიქსირებდა ორ მხარეს შორის სტრატეგიული ძალების პარიტეტს. ამ ყველაფარში ცალსახად ჩანდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როლი და მისი პრინციპების განუხრელი შესრულება.
დასკვნა
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით რეგლამენტირებული ძირითადი პრინციპები, მიზნები და ფასეულობები ყოველი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე სამრთლებრივი და პოლიტიკური პროცესების თანმდევი შედეგია. 70-იან წლებში ნატოს მიერ აღებულმა ახალმა კურსმა, რომელიც „განმუხტვის ეპოქის“ სახელითაა ცნობილი, ფაქტობრივად, ბიძგი მისცა „ცივი ომის“ მიმდინარეობისას წარმოქმნილი კონფლიქტების განმუხტვას, სიტუაციის სტაბილიზაციასა და მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფას. გარდამტეხი აღმოჩნდა ჰელსინკის დასკნითი აქტი, რომელმაც მოახდინა ვაშინგტონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების კონკრეტიზაცია და მისი პრაქტიკაში განხორციელება. ამავე პერიოდში, ზესახელმწიფოთა შორის გამართული წარმატებული მოლაპარაკებათა სერია დააგვირგვინა 1979 წლის 18 ივნისის ვენაში ხელმოწერილმა მეორე შეთანხმებამ, რომელიც ითვალისწინებდა “სტრატეგიული შეიარაღების შემცირების უფრო ფართო დიაპაზონის სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვას” და აფიქსირებდა ორ მხარეს შორის სტრატეგიული ძალების პარიტეტს.
ავტორი: მარიამ თინიკაშვილი
[1] A short history of NATO, The North Atlantic Treaty Organization, Nato declassified. https://www.nato.int/cps/en/natohq/declassified_139339.htm
[2]ნიკა ჩიტაძე- ნატო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი, 2008 წ.
[3] The North Atlantic Treaty – https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17120.htm?selectedLocale=ka
[4] ხათუნა ბურკაძე, ანატოლი კორეპანოვი “ეს ნატოა” თბილისი 2010 წ.
[5] Declaration on Atlantic Relations issued by the North Atlantic Council (“The Ottawa Declaration”)
[6] ნიკა ჩიტაძე- ნატო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი 2008 წ.
[7]ზურაბ აბაშიძე – “ცივი ომი წარსული თუ დღევანდელობა?” მე-2 გამოცემა, თბილისი 2014 წ.
[8] საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ. ხათუნა ბურკაძე, ანატოლო კორეპანოვი, “ეს ნატოა” თბილისი 2010 წ.