24/05/2019 By yatage
ნატო 1969-1973 წლებში
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად გამოკვეთა ახალი, კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობა. 1949 წლის 4 აპრილს, ნატოს შექმნამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიული სამყაროს განვითარებასა და ქვეყნებს შორის კონფლიქტების განმუხტვაში. ნატოს შექმნის მიზნებიც- წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების პოლიტიკა და სამხედრო საშუალებებით დაცვა – ზუსტად იმდროინდელ საჭიროებებს იყო მორგებული და მათი პრაქტიკაში რეალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თითოეული სახელმწიფოსათვის. პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ნატოს ერთ-ერთ მთავარ მიზნად პოლიტიკურ კრიზისებში მედიატორის როლის შეთავსება იყო, რაც არაერთხელ იკისრა კიდეც განვლილი წლების მანძილზე და რომლებზეც სტატიაში იქნება საუბარი. დღეს, 21-ე საუკუნეში, იგი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ქმედით თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში.
ნატო აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს და იგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, სახელმწიფოთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეყრდნობა, რომლის ნათელი გამოხატულებაცაა ის, რომ ლუქსემბურგს ისევე შეუძლია გარკვეული საკითხის დაბლოკვა და განხილვაზე უარის თქმა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ნატოსათვის სამხედრო საშუალებებით დაცვის მიზნად ქცევა, თავის დროზე, მეტად რეზონანსული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. აზრები გაიყო და ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ უფლებამოსილების მინიჭება, ავტომატურად, მისი მხრიდან თვითნებობის განხორციელების შესაძლებლობას გულისხმობდა და ზღვარის სწორად გავლება – როდის უნდა გამოეყენებინა ეს უფლება- განუხორციელებელ პერსპექტივად მიაჩნდათ. ამის საპირწონედ, ნაწილი საზოგადოებისა ასე სკეპტიკურად ამ საკითხს არ უდგებოდა და სამხედრო საშუალებებით დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას ცხადად ხედავდა. საბოლოოდ, რომელი მხარის პოზიცია იყო მეტად გამართლებული, ამის მტკიცება მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკაზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ნაშრომში, მეტი კონკრეტიკისთვის მხოლოდ 1969-1973 წლებში შევეხები ნატოს საქმიანობის ფარგლებს, როლს მსოფლიო ისტორიის შექმნაში და დამდგარ სამართლებრივ შედეგებს. ზოგადად კი, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ნატოს არ გააჩნია მუდმივი შეიარაღებული ძალები. ყოველი წევრი სახელმწიფო ვალდებულია გამოყოს განსაზღვრული რაოდენობისა და სახეობის შეიარაღებული ძალები ამოცანების განსახორციელებლად (მაგალითად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად)[1].
ნატოსა და „ცივი ომის“ ურთიერთგავლენა
„ცივმა ომმა“( რომელიც მიმდინარეობდა 40-იანი წლებიდან 90-იანი წლების დასასრულამდე) მეტად მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატა, მათ შორის კი, ღირსეულ ადგილს იკავებს- საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის ფარგლები. თქვენს ყურადღებას მხოლოდ ნატოზე შევაჩერებ. „ცივი ომის“ დროს, საბჭოთა კავშირისგან მომდინარე საფრთხემ ნატოს როლი და მიზნები მეტად გამოკვეთა და დააკონკრეტა. ვარშავის ხელშეკრულების გაუქმებამ (ვარშავის ხელშეკრულებით მოხდა ნატოს შექმნა ვაშინგტონში, 12 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი) და საბჭოთა კავშირის დაშლამ, ნატოს არსებობა სათუოც კი გახადა. მნიშვნელოვნად შემცირდა თავდაცვის სფეროს მომავალი ხარჯები და ინვესტიციები შეიარაღებულ ძალებში[2].
„ცივი ომის“ პერიოდში ნატოს მიმართ საბჭოთა კავშირის მხრიდან, პროპაგანდისტული ტალღები ელვისებური სისწრაფით გადაეცემოდა მსოფლიოს. საბჭოთა პარტიული მოღვაწეები და პოლიტოლოგები, ყველანაირი მორიდების გარეშე აბსურდულ ცილისწამებასა და კრიტიკას აფრქვევდნენ ალიანსის საქმინობაზე[3]. მათი პოზიციაც გასაგები იყო, რადგან ნატო იმ დროისათვის ავტორიტეტულ, რეალურ ძალას და ამასთან, საფრთხეს წარმოადგენდა. ცალსახა იყო ისიც, რომ იგი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებდა კომუნისტური ბლოკის მხრიდან რაიმე სახის აგრესიის აღსაკვეთად. ამის დამადასტურებელი აღმოჩნდა თუნდაც ის ფაქტი, რომ ცივი ომის 50-წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთხელაც არ დასჭირვებია აემოქმედებინა ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რისი მიზეზიც გახლდათ ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებზე და შესაბამისად, მთელ ალიანსზე თავდასხმა არავის გაუბედავს და ნატოში გაერთიანება უსაფრთხოების მყარ გარანტიას იძლეოდა[4].
60-იანი წლების ბოლო
60-იანი წლების ბოლოს, აღმოსავლეთში დაძაბულამ თავის ზენიტს მიაღწია და განვითარებულმა მოვლენებმაც, შესაბამისად, პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ნატოზე. ჩაიშალა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართული დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის, გერმანიის საკითხზე. მალევე, სსრკ-ს საჰერო სივრცეში ჩამოგდებულ იქნა აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი. გაეროს ეგიდით ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა, რომელიც სსრკ-ს განიარაღების თემას ეხებოდა, მარცხი განიცადა. 1961 წელს აღიმართა „ცივი ომის“ სიმბოლო- ბერლინის კედელი. ამავე წელს- ნატომ დაგმო ბერლინის კედლის აშენება და კვლავ გამოიჩინა ინიციატივა დაემყარებინა დიპლომატიური კონტაქტები საბჭოთა კავშირთან, თუმცა უშედეგოდ. 1962 წელს დაიდო ხელშეკრულება „ათენის დირექტივები“, რომელმაც თითქოს განმუხტა ვითარება, მაგრამ მალევე მას მოჰყვა „კუბის კრიზისი“, რომელმაც, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის საშიშროება წარმოქმნა. 1963 წელს ჟენავაში აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ე.წ „ცხელი ხაზის ამოქმედების“ შესახებ , იმავე წელს განხორციელდა „ბირთვული გამოცდების ატმოსფეროში,კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშ აკრძალვის შესახებ“ შეთანხმების პარაფირება. 1967 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას „კოსმოსის შესახებ“, 1968 წელს კი შეთანხმებას- „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“.
70-იანი წლების დასაწყისი
60-იანმა წლებმა არაერთი კონფლიქტის კერა წარმოშვა სახელმწიფოებს შორის. 70-იანი წლები კი, მეტ-ნაკლებად, „დათბობის პოლიტიკად“ ( ე.წ. „განმუხტვის ეპოქა“) შეიძლება შევაფასოთ, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თუ შეთანხმება დაიდო სახელმწიფოებს შორის და მიღწეულ იქნა კომპრომისები, რაც რამდენიმე წლის წინ განუხორციელებელ მოვლენად მიიჩნეოდა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ის უნდა ყოფილიყო, რომ სახელმწიფოებმა გააცნობიერეს ის რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც წინა წლებში იდგნენ და ურთიერთობების ალტერნატიული, მშვიდობიანი და ურთიერთშეთანხმებული გზებით მოგვარება გადაწყვიტეს. ამ პერიოდშიც რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, თუმცა გასული ათწლეულის კონფლიქტის მასშტაბებთან შედარებით, სტაბილურობა მაინც ნარჩუნდებოდა. მაგალითად, 60-იანი წლების მიწურულს, კეძოდ, 1969 წელს კანადის მთავრობამ ნატოში თავისი ვალდებულებები უგულებელყო და პრიორიტეტად კანადის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დააყენა. გარდა ამისა, მან ორჯერ შეამცირა სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა დასავლეთ ევროპაში და ამოიღო შეიარაღებიდან ამერიკული ბირთვული იარაღი. კანადის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და ამიტომაც, აშშ-მ შემოიღო 10%-იანი საბაჟო ბარიერი კანადურ საქონელზე. თუმცა, ვითარება მწვავე კონფლიქტში არ გადაზრდილა.
70-იანი წლების დასაწყისისთვის ვარშავის ბლოკის წევრებთან შედარებით, ნატოს უპირატესობა აშკარა იყო, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ასპექტები. ამ „აშკარა უპირატესობას“ უნდა დავაბრალოთ ის დათმობები, რომლებზეც ამ პერიოდში კომუნისტური ბანაკის ქვეყნები წავიდნენ. 1970 წელს საბჭოთა კავშირი „იძულებული გახდა“ დაეწყო მოლაპარაკებები აშშ-სთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების მიზნით. მოლაპარაკებები დაიწყო ვენაში და საბოლოოდ, 1972 წლის 26 მაისს მოსკოვში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის „ სტრატეგიული შეიარაღებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შემცირების შესახებ“[5] ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა. იმავე წელს, აშშ-ს, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას ბერლინთან დაკავშირებით. 1972 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა მდგომარეობის განმუხტვის პროცესში, რადგან წლის ბოლოს გფრ-მ და გდრ-მ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას ორმხრივი ურთიერთობების შესახებ“. იმავე წელს გაფორმდა შეთანხმება გფრ-სა და პოლონეთს შორის, რომლის ძალითაც, დადგენილ იქნა საზღვრები მათ შორის, რამაც მნიშვნელოვნად განმუხტა დაძაბულობა ცენტრალ ევროპაში[6].
განითარებულმა პროცესებმა ნატოს სტრუქტურებს უბიძგა გაემართათ მოლაპარაკებები კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოებთან შეიარაღებული ძალების შემცირებასთან დაკავშირებით. 1971 წელს, ნატოს გენერალურ მდივანს, მანლიო ბროზიოს, დაევალა ეწარმოებინა წინასწარი მოლაპარაკებები ამ თემაზე, რომელიც პირველი, საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა ამ მიმართულებით. 1972 წლის მაისში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარებული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მრავალმხრივი მოსამზადებელი ხასიათის მოლაპარაკებათა დაწყებისათვის, რომლის საბოლოო მიზანსაც- ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ჩატარება წარმოადგენდა.[7]
ურთიერთთანამშრომლობის წარმატებით მიმდინარეობამ დასავლეთის ფრონტზე 1973 წელს ვენაში „შეიარაღებული ძალების ბალანსირებული შემცირების შესახებ“ მოლაპარაკებების დაწყებაში ჰპოვა გამოვლინება, რაც საბოლოოდ, 1975 წელს- ჰელსინკის საბოლოო აქტის ხელმოწერით დაგვირგვინდა, 35 წევრი სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ. თუმცა, 1973 წელს ბოლომდე ხავერდოვნად არ ჩაუვლია და აპრილში, უთანხმოება გამოიწვია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის წინადადებამ. მან წამოთქვა შემდეგი სიტყვები – „ახალი ატლანტიკური ქარტია“, რომლებშიც მოიაზრებდა აშშ-ს, მის დასავლეთევროპელ მოკავშირეებსა და იაპონიას შორის ინტეგრაციული პროცესების განვითარებას[8], ანუ თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკასა და სამხედრო სფეროებში. პროექტი ევროპის ლიდერების მიერ არ იქნა მოწონებული და გაუხმაურებლადვე ჩავარდა.
1973 წელსვე მოეწერა ხელი (21 ივნისს) ვაშინგტონში, „სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შემცირების ძირითადი პრინციპების შესახებ“ ხელშეკრულებას, და მას მალევე მოჰყვა სსრკ-სა და აშშ-ს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება – „ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ“.
დასკვნა
მე-20 საუკუნის 70-იან წლებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ისტორიაში გარდამტეხი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც დავინახეთ, 70-იანი წლების პირველ ნახევარში, მხარეებს შორის, ურთიერთობათა დათბობა და პოზიტიური ძვრები მიმდინარეობდა. ამის გამოხატულებაა ორმხრივი ვიზიტები : აშშ-ს პრეზიდენტი, ნიქსონი 1972 და 1974 წელს, ორჯერ ჩავიდა სსრკ-ში, თავის მხრივ, 1973 წელს ბრეჟნევი ჩავიდა აშშ-ში. 1972 წელს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას – „ აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობათა საფუძვლების შესახებ“ , რომლითაც მათი ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გაიწერა.
70-იანი წლების „განმუხტვის ეპოქა“ – ფაქტად რჩება და გვერდს ვერ ავუვლით ნატოს როლს შეთანხმებების მიღწევის მცდელობებზე მხარეებს შორის. ნატოს მიერ ამ წლებში გაწეული მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ალიანსმა სწორად მოახდინა მიზნების პრაქტიკაში რეალიზება და მასშტაბურ დავებში მედიატორის როლიც იკისრა. ამ შეთანხმებების უკან მხარეთა წინა წლების მწარე გამოცდილება იდგა თუ ნატოს გამართული მუშაობა თავისი მიზნების პრაქტიკაში რეალიზებისთვის, დავის საგანია, თუმცა ფაქტია, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
სახელმწიფოებმა კრიზისული პერიოდები სავარაუდოზე მეტად „მსუბუქად“ გადალახეს კომპომისების საფუძველზე, რომელთა მიღწევაშიც დიდი როლი უკავია ნატოს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1970 წელს სსრკ თავად იქნებოდა მოლაპარაკებების გამართვის ინიციატორი აშშ-სთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების საკითხებზე, თუმცა ფაქტი სახეზეა. არათუ მოლაპარაკებების გამართვით შემოიფარგლა იგი, არამედ ამ ყველაფერს სამართლებრივი სახეც მისცა და 1972 წლის 26 მაისს მოსკოვში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის „ სტრატეგიული შეიარაღებისა და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შემცირების შესახებ“ ხელშეკრულებას ხელიც მოაწერა. სსრკ-ს ამ ქმედების განმაპირობებელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზეგავლენა იყო თუ ვარშავის ბლოკის სისუსტე, შეფასების საკითხია, თუმცა მიმაჩნია, რომ ერთი მეორეს არანაირად არ გამორიცხავს. ამით არ კნინდება ნატოს როლი და აშკარად დადებითად უნდა იქნეს შეფასებული 70-იანი წლების პირველ ნახევარში მისი მხრიდან დაწყებული ახალი სტრატეგიული სამხედრო ღონისძიებებიც, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებს შორის მშვიდობიან ურთიერთობებს. კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობები რეალური გახადა ( რისი ინდიკატორიც პრაქტიკაა).
ავტორი: სალომე სვანიძე
[1] ხ.ბურკაძე, ა.კორეპანოვი- ეს ნატოა, თბილისი, 2010 წელი, გვ. 7
[2] ერთად უსაფრთხოებისთვის, ნატოს გაცნობა, გვ. 8
[3] ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, თბილისი, 2008 წელი, გვ. 12
[4] ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, თბილისი, 2008 წელი, გვ. 13
[5] ABM TREATY https://media.nti.org/documents/abm_treaty.pdf
[6] ნიკა ჩიტაძე- ნატო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. თბილისი, 2008 წ, გვ.29
[7] იქვე, გვ. 29
[8] იქვე, გვ.38