23/05/2019 By yatage
ნატო 1959-1963 წლებში
ნატო (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია) 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ალიანსის შექმნა თავდაპირველად ძირითადად სამ მიზანს ემსახურებოდა: საბჭოური ექსპანსიის შეკავებას, ნაციონალისტური მილიტარიზმის აღორძინების აღკვეთას ევროპის კონტინენზე ძლიერი ჩრდილო-ამერიკული გავლენის მეშვეობით და ევროპის პოლიტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. ნატო შექმნის დღიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ამჟამად ჩვენ კონკრეტულ პერიოდში,1959-1963 წლებში ნატოს მიერ განხორციელებული მოქმედებები უნდა განვიხილოთ.
გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა მეტად სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა ნატო. აღმოსავლეთთან ურთიერთობა სულ უფრო მეტად იძაბებოდა. ნატოს საპირწონედ, 1955 წლიდან არსებობდა ვარშავის პაქტი, რომელშიც სოციალისტური ბანაკის ქვეყნები იყვნენ გაერთიანებულები.
60-იან წლებში განვითარებული უარყოფითი მოვლენებიდან უნდა გავიხსენოთ ოთხმხრივი მოლაპარაკებები, რომელიც ჩაიშლა 1960 წელს დიდ ბრიტანეთს , აშშ-ს, საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის უმაღლეს დონეზე, რომელიც დაკავშირებული იყო გერმანიის საკითხთან. იმავე წლის პირველ მაისს სსრკ-ს საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულ იქნა აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავი უ-2. 1960 წელსვე კომუნისტური სახელმწიფოები გამოვიდნენ მოლაპარაკებათა პროცესიდან, რომლებსაც ისინი აწარმოებდნენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან განიარაღების პროცესთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით.
ამ პერიოდისათვის გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად თუმცა, ბერლინელებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, ყოველდღიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ ბერლინელს უხდებოდა სოციალიზმიდან კაპიტალიზმში მოგზაურობა. მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი 1961 წლის 13 აგვისტოს დაესვა. ამ ფაქტმა დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია. ქალაქში დაძაბულობამ იმატა. ამ ყველაფრის შედეგი კი ე.წ. ბერლინის კრიზისი აღმოჩნდა, რომელმაც საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთერთი მწვავე კონფრონტაციის სახე მიიღო. 28 ოქტომბერს მთელი ღამის განმავლობაში ამერიკული და საბჭოთა ტანკები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. დილით ორივე მხარემ უკან დაიხია. ამით მოულოდნელი კრიზისი დასრულდა. ბერლინის კედელი ცივი ომის სიმბოლოდ იქცა.
ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, ნატო იძულებული გახდა მიეღო სასწრაფო ზომები, მსოფლიოში არსებული დაძაბულობის შემცირების მიმართულებით. ამ მიზნით, და მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებისათვის, 18 ევროპულ (მათ შორის ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს), აგრეთვე აშშ-ისა და კანადის მიერ ხელმოწერილ იქნა კონვენცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ნაცვლად) შექმნის შესახებ. მოგვიანებით ამ ორგანიზაციას შეუერთდნენ ავსტრალია, ახალი ზელანდია და იაპონია. 1961 წლის დეკემბერში ნატომ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარებული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, ალიანსის ხელმძღვანელობამ მკაცრად დაგმო ბერლინის კედლის მშენებლობა და გამოთქვა მზადყოფნა განეახლებინა დიპლომატიური კონტაქტები საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებათა პროცესის განახლების მიზნით.
ერთი წლის შემდეგ, 1962 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაკმილანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა კენედიმ ოფიციალურად მიმართეს სსრკ-ის გენერალურ მდივანს ხრუშჩოვს მოწოდებით, რათა ეს უკანასკნელი დათანხმებულიყო ხელმოწერილ ყოფილიყო შეთანხმება ბირთვული გამოცდების აკრძალვის შესახებ. ამავე დროს, სსრკ-ის მიერ დასავლეთის ამ წინადადების იგნორირების საპასუხოდ იმავე წლის მაისში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს პირობები, რომელთა მიხედვითაც ნატო შესაძლებელია იძულებული ყოფილიყო გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. დოკუმენტს „ათენის დირექტივების” სახელი ეწოდა. მოგვიანებით, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა გამოეყოთ თავიანთი სტრატეგიული ძალების გარკვეული ნაწილი ნატო-ს დაქვემდებარებაში. ამ მიზნით, მომდევნო წლებში ნატო-ს სამხედრო დაგეგმარების კომიტეტის მიერ შექმნილ იქნა ბირთვული თავდაცვის კომიტეტი და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ჯონ კენედის და ლინდონ ჯონსონის მთავრობები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან მრავალმხრივი ბირთვული ძალების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა ნატოს ფარგლებში საერთაშორისო ბირთვული ძალების შექმნას. (წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ხომალდები, მასზე ბირთვული იარაღით, სადაც საქმიანობას აწარმოებდნენ შერეული ეროვნული ჯგუფები), თუმცა მრავალმხრივი ბირთვული ძალების პროექტი არ იქნა ცხოვრებაში გატარებული.
ზოგადად, ნატოს მთავარი დასაყრდენი გახლდათ აშშ, რომელიც რეალურ სამხედრო და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაიგივებული იყო აშშ-ს სამხედრო პოტენციალთან და ბირთვულ არსენალთან.. აღნიშნულ პერიოდში კვლავ მიმდინარეობს ცივი ომი და აღსანიშნავი „კარიბის კრიზისს“, რომელიც ცივი ომის კულმინაცია იყო. 1952 წლიდან აშშ, ხოლო 1953 წლიდან სსრკ უკვე ფლობდა წყალბადის ბომბს. სწორედ კარიბის კრიზისის დროს დადგა მსოფლიო ატომური ომის ზღურბლზე. 1959 წელს კუბაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო მოვიდა. მან კუბაში აშშ-ს კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია დაიწყო. ამ ფაქტმა აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია და 1962 წელს კუბა ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამის საპასუხოდ კასტრომ სსრკ-სთან დაახლოება დაიწყო. 1962 წლისთვის ნატოს წევრ თურქეთში, დიდი რაოდენობით ატომური რაკეტები იყო განლაგებული. ამის გამო სსრკ-ს სახელმწიფოს ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 1962 წლის აგვისტოში კუბაში საიდუმლოდ დაიწყო საბჭოთა ატომური რაკეტების განლაგება და სამხედრო დანაყოფების გადასხმა. (გეგმა „ანადირი“). იმავე წელს ოქტომბერში ეს რაკეტები ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავებმა დააფიქსირა. ამოქმედების შემთხვევაში ისინი ამერიკის მთელ ტერიტორიას დაფარავდნენ. ჯონ კენედიმ გადაწყვიტა კუბის სამხედრო ბლოკადის დაწყება. 200-მდე ამერიკულმა გემმა კუბას ალყა შემოარტყა. პარალელურად კენედიმ ხრუშჩოვს რაკეტების დემონტაჟი მოსთხოვა. ატომური ომი ყოველ წუთს შეიძლება დაწყებულიყო.10-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და სსრკ შეთანხმდნენ, რომ სსრკ დაიწყებდა რაკეტების დემონტაჟს, აშშ კი საზღვაო ალყას მოხსნიდა, გარდა ამისა მან ატომური რაკეტები თურქეთიდანაც გაიტანა.1962 წელს ჟენევაში გაიხსნა განიარაღების მუდმივმოქმედი კონფერენცია. კარიბის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შემდგომ, უკვე 1963 წლიდან იწყება დაძაბულობის შედარებითი შემცირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. 1963 წლის 20 ივნისს ჟენევაში აშშ-მ და სსრკ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ე.წ. „ცხელი ხაზის” ამოქმედების შესახებ. იმავე წელს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და სსრკ-მ მოახდინეს „ბირთვული გამოცდების ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშ აკრძალვის შესახებ” შეთანხმების პარაფირება.
ახალი კონცეფციების ხანგრძლივი ძიების შედეგად ე.წ“ ბირთვული ჩიხის” პირობებში აშშ-მ 1961 წელს მიიღო „მოქნილი რეაგირების სტრატეგია“. “აშშ-ს სამხედრო პოლიტიკის ძირითად მიზანს 1961 წლიდან-განაცხადა თავის დროზე აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მაკნამარამ, -წარმოადგენს თავისუფალი სამყაროს, და კერძოდ ნატოს ქვეყნების უბირთვო შესაძლებლობების გაძლიერება“. „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგია აძლიერებდა ნატო-ს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების პოზიციას, სთავაზობდა რა სამხედრო რეაგირების შესაფერის ვარიანტებს მანამდე, სანამ გადავიდოდნენ საყოველთაო ბირთვულ დარტყმებზე კონფლიქტის შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოქნილი რეაგირების ამირეკული სტრატეგია თავდაპირველად ნატოს ბლოკის მონაწილე დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა უარყვეს, რადგან არ სჯეროდათ ევროპაში წარმატებული საბრძოლო მოქმედებების წარმოების ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. ისინი კვლავ „ფარისა და მახვილის“ პრინციპს ემხრობოდნენ. 1949 წელს ნატოს შექმნას საფუძვლად სწორედ ეს პრინციპი დაედო. ამის მიხედვით, სსრკ-სთან და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან მოსალოდნელი საყოველთაო ბირთვული ომის შემთხვევაში, “ფარის“ როლი უნდა ეთამაშა ნატოს ევროპული სახელმწიფოების კოალიციურ სახმელეთო ჯარებს და მათ მხარდამჭერ ტაქტიკურ ავიაციას. მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენებით ომის წარუმატებლად წარმოების შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო ნატოს ბლოკის „მახვილიც“, აშშ-ს სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაცია. მდგომარეობა რადიკალურად იცვლებოდა ნატო-ს ბლოკში „მოქნილი რეაგირების“ სტრატეგიის მიღების შემდეგ. ამერიკული ხელმძღვანელობა სთავაზობდა ალიანსის სახმელეთო ჯარების, მისი მხარდამჭერი ტაქტიკური საბრძოლო ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალების, აგრეთვე ომის თეატრზე ოპერატიული და ტაქტიკური ბირთვული იარაღის რაოდენობისა და მნიშვნელობის გაზრდას, რომლებსაც უნდა ეწარმოებინათ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები და შეესრულებინათ ალიანსის „მახვილის“ როლი, ხოლო ამერიკული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება იძენდა უკვე თავად აშშ-ის ბირთვული “ფარის“ როლს, რათა საბჭოთა კავშირს, მისი ტერიტორიის საპასუხო ბირთვული დაბომბვის შიშით, თავი შეეკავებინა აშშ-ზე პირდაპირი სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მიყენებისგან. ამერიკელი და ნატო-ში მათი მომხრე სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ ძველი სამხედრო სტრატეგიისგან განსხვავებით ახალი იძლეოდა ომის წარმოების ხერხებისა და საშუალებების „არჩევის“ შესაძლებლობას. ალიანსის წევრებმა დაიეწყეს მოსალოდნელი ომისთვის შეიარაღებული ძალების მზადება ახალი სტრატეგიის დებულებების შესაბამისად, რომელიც 1967 წლის დეკემბერში ოფიციალურად მიიღეს ნატოს კოალიციური სტრატეგიის სახით.
დოკუმენტები, რომლებშიც განხილული იყო ნატოს სტრატეგიები, მათ შორის „მოქნილი რეაგირებს“ დოქტრინა , დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და შეიცავდნენ დირექტივებს ცალკეული ქვეყნების მთავრობებისადმი, ასევე შეიცავდნენ ორიენტირებს სამხედრო გეგმების შედგენის პროცესში. ეს დოკუმენტები არ გახლდათ შემოთავაზებული ფართო მკითხველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტების თავდაპირველი ვერსიები ფართოდ გახდა ცნობილი, სტრატეგიის დეტალური განხილვა საზოგადოების მიერ იყო ფაქტობრივად შეუძლებელი, რადგან მათი ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო მათ საიდუმლოდ შენახვაზე.
შეგვიძლია ვთქვათ რომ სწორედ ესაა ის ძირითადი მოვლენები, რომლებიც 1959-63 წლებში ვითარდებოდა და ამ პროცესებში ნატო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა.
ავტორი: ანი მაზმიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა:
.ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი;ავტ.ნიკა ჩიტაძე
. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2019-04/1555401920_nato-book-2019-1.pdf
. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2019-04/1555401920_nato-book-2019-1.pdf
. https://defencegeorgia.blogspot.com/2011/02/1950-80_08.html
.ბ.ლორთქიფანიძე ;ისტორია.