22/05/2019 By yatage
ნატო 1954-1958 წლებში
1954-1958 წლები. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, „ნატო“ 1949 წელს შეიქმნა, ამ დროისთვის ნატო იწყებს ახალი მოკავშირეების გაჩენას და მისი პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც დროთა განმავლობაში ახალი გარემოებების, სოციალური და პოლიტიკური ასპარეზის გათვალისწინებით დროდადრო იცვლება.
1954 წლის აპრილში, შეთანხმების ხელმოწერიდან 5 წლის შემდეგ, პარიზში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ თვალი გადაავლო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესზე, განსაზღვრა არსებული ინტერნაციონალური მდგომარეობა და ჩამოაყალიბა მოსაზრებები საერთო პრობლემებსა და ინტერესებზე. ამ სხდომაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო გერმანიის ოკუპირებულ ზონას. სხდომაზე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ არ სურდათ მოეხსენიებინათ გერმანიის ოკუპირებული ტერიტორია, როგორც „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა“, ან ამ უკანასკნელთა მეთაურებისთვის ეწოდებინათ „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა“. გადაწყდა რომ მუდმივმოქმედი წარმომადგენლები შეადგენდნენ რეზოლუციას ამ საკითხზე.[1]
1954 წელი სწორედ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნატო-გერმანიას შორის კავშირის დამყარების კუთხით. ამ პერიოდში გერმანიაში მძაფრად დგას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების საკითხი. 1954 წელს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულმა 4-მა კონფერენციამ შედეგი ვერ გამოიღო მათი გაერთიანების კუთხით. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ნატოს წარმომადგენლები აქტიურად განაგრძობენ ურთიერთობის დამყარებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის არსებული მოლაპარაკებების საფუძველზე ცნო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საოკუპაციო რეჟიმის გაუქმება და მოიწვია იგი ბრიუსელის შეთანხმებაზე შესაერთებლად, ამ შეთანხმების საბოლოო ვერსიის, მისი პროტოკოლის შესაბამისად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თანხმდება, რომ მომართოს მისი პოლიტიკა შეთანხმების შესაბამისად და შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება. ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებასა და ბრიუსელის შეთანხმებაზე მიერთებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასევე გამოხატავს მზადყოფნას, რომ იგი არ განახორციელებს არც ერთ ისეთ ქმედებას რომელიც შეეწინააღმდეგება მოცემული შეთანხმებებიდან რომელიმეს და ნათლად შესარულებს ამ შეთანხმებებიდან წარმოშობილ მის ვალდებულებებს. 1955 წლის 5 მაისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ოფიციალურად ხდება ნატოს წევრი ქვეყანა.[2]
ევროპულმა პოლიტიკურმა ინტეგრაციამ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თუმცა პარალელურად მძლავრობდა სსრკ-ს გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე. 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნატოში გაერთიანების საპასუხოდ სსრკ და მისი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები აფორმებენ ვარშავის პაქტს.[3]აღსანიშნავია, რომ ამ პაქტის გაფორმება მხოლოდ გერმანიასა და ნატოს შორის არსებულ ურთიერთობას არ უკავშირდება. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ამ გზით საბჭოთა კავშირი ცდილობს შეინარჩუნოს გავლენა და კონტროლი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. თუმცა, ცალსახაა, რომ მთავარი მაპროვოცირებული მიზეზი, სწორედ რომ საპასუხო შეტევის განხორციელება იყო. აშკარა, პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ამ პერიოდში სსრკ-სა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არ განხორციელებულა, თუმცა სახეზე იყო იდეოლოგიურ საწყისებზე წარმოებული არამატერიალიზებული ომი.
ამ პერიოდში ნატო აყალიბებს მის ეგრეთ წოდებულ „მასიური შურისძიების“ [4] პოლიტიკას, რაც მოიაზრებს სახელმწიფოს მხრიდან ბევრად უფრო მასშტაბური საპასუხო თავდასხმის განხორციელებას თავად ამ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში.
ამრიგად, თუ სსრკ განახორციელებდა თავდასხმას, ნატო უპასუხებდა ბირთვული იარაღით. აღნიშნული პოლიტიკის ჩამოყალიბება მიმართული იყო საბჭოთა კავშირის თავდასხმის რისკების თავიდან აცილებისაკენ. ეს სტრატეგია ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებს უბიძგებდა განევითარებინათ თავიანთი ეკონომიკა და მხოლოდ ჩვეულებრივ სამხედრო ძალების მობილიზებაზე არ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი. ნელ-ნელა იზრდებოდა კავშირის როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური როლი და აუცილებლობა.
ნატოს შექმნის დღიდან მცირე მოკავშირე სახელმწიფოები გამოთქვავმდნენ სურვილს, რომ ნატო ორიენტირებულიყო არა მხოლოდ სამხედრო და ბირთვული ძალების გაძლიერებაზე, არამედ განევითარებინა პოლიტიკური კონსულტაციები და შესაბამისად გაძლიერებულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, რისი აუცილებლობაც კიდევ უფრო აშკარა გახდა სუეზის კრიზისის ფონზე. სუეზის არხი, რომელიც დამაკავშირებელი იყო ხმელთაშუაზღვისა და წითელი ზღვის, ისტორიულად კოლონისტი დიდი ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა ეგვიპტის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
1956 წლის ოქტომბერში იზრაელმა სცადა სუეზის კანალზე კონტროლის მოპოვება და მას მალევე შეუერთდნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი. ამ ყველაფერში საბჭოთა კავშირი ჩაერია. ხრუშოვი აშშ-ს იმდროინდელ პრეზიდენტ დუაიტ აიზენჰაუერს ბირთვული ომით დაემუქრა, ამერიკის პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, იზრაელს საფრანგეთსა და ბრიტანეთს ეკონომიკური სანქცების დაკისრებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში თუ არ შეწყვეტდნენ სამხედრო მოქმედებებს სუეზის კანალზე. გარდა ამისა, სსრკ-ს მიერ პირველი ხელოვნური თანამგზავრის[5] გაშვებამ შოკში ჩააგდო ჩრდილოატლანტიკური საზოგადოება და გარკვეულწილად დაქსაქსა კიდეც ის. ცალსახა გახდა რომ საჭირო იყო სამეცნიერო კუთხით ასპარეზის გაძლიერება.
ამასთან, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მოხსენების სახით რჩევა მიიღო „სამი ბრძენი კაცისგან“ („სამთა კომიტეტი“), ნორვეგიის, იტალიისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან, რომ ჩაეტარებინათ უფრო ხშირი და ნაყოფიერი კონსულტაციები სამეცნიერო გაერთიანებებთან თანამშრომლობით, რამაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ნატოს სამეცნიერო პროგრამის ჩამოყალიბებას: „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ (The NATO Science for Peace and Security Programme –SPS)[6]. „სამი ბრძენის კაცის“ რჩევა ასევე საფუძველი გახდა ახლიდან გადაეხედათ გაერთიანების მიზნების და მათი მიღწევის საშუალებებისათვის, საერთო იდეოლოგიის ხელახლა ჩამოყალიბებისა და მისი რედაქტირებისათვს, ვინაიდან იგი უნდა მორგებოდა არსებულ გარემოებებს, შექმნილ სიტუაციას თუ პოლიტიკურ და სოციალურ ასპარეზსს. „SPS”,ამ პროგრამის თანახმად, პროგრესს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, შეუძლია ითამაშოს უდიდესი და გადამწყვეტი როლი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში და განსაზღვროს მისი ბედი საგარეო საქმეებში. განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა მიენიჭა ამ პროგრამას ნატოს მიზნებისა და საჭიროებების სრულად განსახორციელებლად. 1958 წელს ჩამოყალიბდა ჩრდილოატლანტიკური სამეცნიერო კომიტეტი (NATO Science Committee – SCOM), რომლის პირველი შეხვედრაც გაიმართა საფრანგეთში, პარიზში.
1956 წლის თებერვალში ხრუშოვი ასაჯაროებს სტალინის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ამისდა მიუხედავად საბჭოთა კავშირი განაგრძობს მკაცრი კონტროლის მოპოვებასა და შენარჩუნებას აღმოსავლეთ ევროპაზე. სოციალისტური რეჟიმის საწინააღმდეგოდ წამოწყებული აჯანყების ისეთი მცდელობები, როგორიც იყო 1956 წლის ივნისში პოლონეთში, ცოტა მოგვიანებით კი უფრო სერიოზული ტალღა უნგრეთში, უმალვე ნეიტრალდება საბჭოთა ძალების მყისი რეაგირებით.[7]
1957 წლის 2-3 მაისს გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებული ზემოთხსენებული ქმედებები, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებაში თავდაცვის თანამედროვე საშუალებების დანერგვის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ და ნატოში გაწევრიანების პოპულარიზაციის ჩასახშობად. სხდომის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აუცილებლობას შექმნილიყო სათანადო საჰაერო საზღვაო და სახმელეთო ძალები მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიების დასაცავად, ვინაიდან საბჭოთა კავშირის მხრიდან სერიოზული აგრესია იყო მოსალოდნელი. უნგრეთის მაგალითმა აჩვენა, რომ „თავისუფლებას“ საბჭოთა კავშირისთვის დაკარგული აქვს მნიშვნელობა და იგი მზად არის სახელმწიფოების სწრაფვას სუვერენიტეტისაკენ დაუპირისპიროს ნებისმიერი სახის ძალმომრეობითი ქმედება. ამავე სხდომაზე კიდევ ერთხელ დადგა საკითხი გერმანიის გაერთიანებისთვის ძალების განახლების შესახებ. საბჭოს წევრებმა განაცხადეს რომ ისინი მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ გერმანია კვლავ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებულიყო დემოკრატიული არჩევნების წყალობით.[8]
1957 წელს ასევე დასავლეთ ევროპელი მოკავშირეები განაგრძობენ გაამყარონ თანამშრომლობა, რომელიც დაიწყო „ევროპული აღდგენის პროგრამის“ პირობებში, ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოების დაარსებით (1952). ეს პროცესები მნიშვნელოვანწილად მიიწევს წინ 1957 წლის მარტში „რომის შეთანხმების“ დადების შემდეგ. ამ შეთანხმების ხელმომწერნი არიან: ბელგია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები, რაც საბოლოო ჯამში აფუძნებს ევროპულ ეკონომიკურ საზოგადოებას (European Economic Community – EEC).[9]
სწორედ 1957 წელს უშვებს საბჭოთა კავშირი პირველ ხელოვნურ თანამგზავრს „სპუტნიკს“. ეს ფაქტი სერიოზულ საფიქრალს უჩენს საზოგადოებას და ბადებს ეჭვს, რომ საბჭოთა კავშირი შეძლებს გავლენა მოიპოვოს დასავლეთზე გარე სივრციდან. მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩრდილოატლანტიკური კავშირი კიდევ ერთხელ აფიქსირებს კავშირის მიზნებსა და ამოცანებს და შესაბამისად კვლავ მხარს უჭერს თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობის იდეას.
1958 წლის დეკემბერში [10] ჩრდილოატლანტიკური საბჭო გამოსცემს „დეკლარაციას ბერლინზე“, რომელშიც აფიქსირებს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ცალმხრივად უგულვებელჰყოს საერთაშორისო ღონისძიებები. საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ბერლინის შიდა საქმეების მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქონიოს გავლენა სხვა სახელმწიფოების უფლებებზე ან არ უნდა გაათავისუფლოს საბჭოთა კავშირი ვალდებულებებისაგან. ასეთი მეთოდები ანადგურებს ორმხრივ ნდობას სახელმწიფოებს შორის, რომელიც წარმოადგენს მშვიდობის საყოველთაო საფუძველს.
საბჭო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თითოეული წევრი სახელმწიფოს როლს და ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს ბერლინის კეთილდღეობის საკითხის გადაწყვეტაში და მისი გაერთიანების პრობლემის მოგვარებაში. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს აზრით საბჭოთა კავშირმა პასუხი უნდა აგოს თითოეული ქმედებისათვის, რომელმაც ხელი შეუშალა ბერლინის თავისუფლების იდეას. დასავლეთ ბერლინის 2-მა მილიონმა მაცხოვრებელმა თავისუფალი ხმის მიცემის გზით კვლავ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას.
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მიაჩნია, რომ ბერლინის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის მოლაპარაკებების წარმატებით მიღწევის პირობებში. ამრიგად დასავლური ძალები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზადყოფნას გადახედონ ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს და მოლაპარაკებებისა და სხვა ღონისძიებების საფუძველზე სცადონ მათი მოგვარება.
ავტორი: სალომე სამხარაძე
[1]https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17405.htm?selectedLocale=en
[2]https://www.nato.int/icons/hd-new/hd-update-e.jpg
[3]https://www.nato.int/nato_static/assets/pdf/pdf_publications/20120412_ShortHistory_en.pdf
[4]https://en.wikipedia.org/wiki/Massive_retaliation
[5]https://en.wikipedia.org/wiki/Soviet_space_program
[6]https://www.nato.int/science/about_sps/historical.htm
[7]https://www.nato.int/docu/update/50-59/1956e.htm
[8]https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17554.htm?selectedLocale=en
[9]https://www.nato.int/docu/update/50-59/1957e.htm’
[10]https://www.nato.int/cps/en/natohq/official_texts_17646.htm?selectedLocale=en