20/05/2019 By yatage
ნატო 1949-1953 წლებში
XXI საუკუნეში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების ცნება აღარ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებით, სახელმწიფოთა უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია რეგიონალურ და გლობალურ დონეზე განვითარებულ ინტეგრაციის პროცესებზე. მრავალრიცხოვან უნივერსალურ თუ რეგიონალურ ორგანიზაციებს შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს და გლობალური პასუხისმგებლობა აკისრია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ნატოს წარმატების ძირითადი მიზეზები, უნდა ვეძიოთ მის პრინციპებსა და ფასეულობებში_ კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვა. სწორედ ეს ძირითადი პრინციპები განაპირობებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთიანობას.
1949 წელს დაარსებული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება ნამდვილად გამოდგა ქმედითუნარიანი და მან მართლაც შეძლო თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულება: დაიცვა თავისი წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მან „ცივი ომის“ დასრულების შემდეგაც განაგრძო წარმატებული არსებობა, რაც ნამდვილად დასაფასებელი და აღსაღნიშნავია, რადგანაც ისტორიის მანძილზე შექმნილი სხვადასხვა კოალიციები საერთო მტრის ხაზის გაქრობისთანავე წყვეტდნენ ძველი მიზნების შესრულებას და ერთმანეთს ეომებოდნენ. ნატოს ასეთი ქმედითუნარიანობის და წარმატებულობის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს, კერძოდ:
- ნატოს მთავარი დასაყრდენი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატები, ალიანსი კი გაიგივებული იყო აშშ-ს სამხედრო პოტენციალთან თავისი ბირთვული არსენალით.
- ნატოს წევრების გაერთიანების ძირითადი მიზეზი იყო საერთო მტრის ხაზის არსებობა და ეს იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ იწყებს კომუნიზმის გავრცელებას და განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის აღმოსავლეთ ევროპას.
- საერთო მტრის გარდა, აშშ-ს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აერთიანებდათ საერთო ღირებულებებიც_ დემოკრატია, პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა.[1]
1949 წელს ვაშინგტონში 12-მა სახელმწიფომ (აშშ, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, კანადა, იტალია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, ნორვეგია) ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას, რომელიც ასევე ვაშინგტონის შეთანხმებით არის ცნობილი. [2]
ვაშინგტონის ხელშეკრულება არის ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტი, რომელიც შედგება 14 მუხლისაგან, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არი მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიურ თავდაცვას, ნატოს ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში არ გამხდარა საჭირო მე-5 მუხლის ამოქმედება_ საბჭოთა კავშირმა ვერ გაბედა აგრესიის განხორციელება ვერც ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. [3]
1950-იანი წლების პირველ ნახევარში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება დადგა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე, როდესაც საბჭოთა კავშირმა სცადა, ბზარი შეეტანა დასავლეთის ერთიანობაში. მან თანხმობა განაცხადა გერმანიის გაერთიანების საკითხზე იმ პირობით, რომ გაერთიანებულ გერმანიას ექნებოდა ნეიტრალური სტატუსი და დარჩებოდა გაერთიანების გარეთ. ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა მწვავე დებატები. ბევრი იწონებდა საბჭოთა კავშირის შემოთავაზებას, მაგრამ საბოლოოდ გაიმარჯვა ტრანსატლანტიკურმა სოლიდარობამ და აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ დასავლეთის გადაწყვეტილებაში დიდი როლი შეასრულა თავად დასავლეთ გერმანიის იმდროინდელმა კანცლერმა კონრად ადანაუერმა.[4]
ნატოს შექმნის ძირითადი მიზეზები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დამარცხებულ იქნა ფაშიზმი, მსოფლიოს წინაშე ახალმა საფრთხემ იჩინა თავი_ კომუნიზმის გავრცელებამ. ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა, როგორც ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ქვეყანამ, მნიშვნელოვნად განიმტკიცა პოზიციები მსოფლიოში და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც შემოღებულ იქნა მმართველობის დესპოტური ფორმები. ადამიანთა პოლიტიკური, სოციალური, სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების მასობრივმა ხელყოფამ ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში, გამოიწვია დემოკრატიული ქვეყნების სამართლიანი აღშფოთება. 1946-1949 წლებში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. 1947 წლის იანვარში პოლონეთში დამკვიდრდა კომუნისტური რეჟიმი, იმავე წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა უარი თქვეს „მარშალის გეგმის“ მიხედვით აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ ეკონონომიკურ დახმარებაზე, შეიქმნა კომუნისტური პარტიების საინფორმაციო ბიურო- „კომინფორმი“, რომლის მთავარი მიზანიც იყო კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოების იდეოლოგიური ერთიანობის უზრუნველყოფა. კომუნისტური ექსპანსია კვლავ გრძელდებოდა და 1948 წელს ჩეხოსლოვაკიში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში მოვიდა კომუნისტური პარტია. იმავე წელს სსრკ-მ მოახდინა ბერლინის ბლოკადა და ამ ქალაქის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. პარალელურად „გაწითლების“ საფრთხე დაემუქრათ ნორვეგიას, საბერძნეთს და თურქეთს.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, დასავლეთის ქვეყნების დადგნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე. ერთ-ერთი პირველი იყო ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მოხსენება ფულტონში 1945 წლის 5 მარტს, სადაც მან თქვა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ჩამოეშვა „რკინის ფარდა“ და ამიტომ უნდა შექმნილიყო ბრიტანულ- ამერიკული სამხედრო კავშირი „აღმოსავლეთის კომუნიზმთან“ ბრძოლის მიზნით. [5]
მალე აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნები გადამწყვეტი ზომების მიღებაზე გადავიდნენ. ამ მხრივ აღსანიშნავია ჯორჯ ქენანის მიერ შემუშავებული ე.წ. „შეკავების“ დოქტრინა. „შეკავების“ დოქტრინა უფრო კონცენტრირებული სახით განსახიერდა „ტრუმენის დოქტრინასა“ და „მარშალის გეგმაში“.
„ტრუმენის დოქტრინა“, რომელიც შემუშავებულ იქნა აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ 1947 წლის 12 მარტს, ითვალისწინებდა აშშ-ის მიერ საბერძნეთისა და თურქეთის დახმარებას 400 მლნ. აშშ დოლარით. „ტრუმენის დოქტრინა“ იყო პირველი ოფიციალური კონცეფცია „კომუნიზმის შეკავების“ სტარატეგიის ფარგლებში. [6]
რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, აშშ ეკონომიკურად გამარჯვებული გამოვიდა ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნები. მაგალითისთვის, 1943 წელს აშშ-ს სამრეწველო მოცულობა 2,4-ჯერ მეტი იყო ვიდრე 1937 წელს და ეს დაკავშირებული იყო მეომარი ქვეყნების მიერ დიდი მოცულობის დაკვეთების შესრულებასთან. მსოფლიო ომის დასრულებისთვის აშშ-ს მშპ შეადგენდა მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს. აქედან გამომდინარე 1947 წლის 5 ივნისს აშშ-ს მიერ წარდგენილ იქნა ეკონომიკური აღორძინების გეგმა („მარშალის გეგმა“). ევროპის ქვეყნებმა დაახლოებით 17 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარება მიიღეს. დახმარება შესთავაზეს სსრკ-სა და მის სატელიტებსაც, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. [7]
„მარშალის გეგმის“ გახორციელებამდე, მთელი დასავლეთ ევროპა შეშფოთებული იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენებით. დასავლეთ ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვან ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდნენ. სწორედ ამის გამო შეიქმნა „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის მიზანიც იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება და „მარშალის გეგმის“ ფარგლებში შემოსული დახმარების გადანაწილება. ასევე გაჟღერდა ევროპული თავდაცვითი ორგანიზაციის შექმნის იდეა. ეს წინადადება პირველმა წამოაყენა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტ ბევინმა. 1948 წლის 17 მარტს ბელგიას, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ იქნა ბრიუსელის ხელშეკრულება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობისა და კოლექტიური თავდაცვის შესახებ.[8] 27-28 სექტემბერს კი დააფუძნეს დასავლეთის კავშირის თავდაცვის ორგანიზაცია. 1948 წლის ივნისში აშშ-ს სენატმა მიიღო „ვანდერბერგის რეზოლუცია“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ს მომავალ მონაწილეობას რეგიონალურ და სხვა სახის კოლექტიურ შეთახმებებში ევროატლანტიკური, ასევე მსოფლიოს სხვა რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.[9] 1948 წლის ივლისში აშშ-მ, კანადამ და ბრიუსელის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ჩრდილოატლანტიკური რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. მოგვიანებით, ბრიუსელის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების საკონსულტაციო საბჭომ განაცხადა „სრული თანხმობის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური თავდაცვითი პაქტის შექმნის იდეასთან დაკავშირებით.” 1949 წლის მარტში მათ შესთავაზეს დანიას, ისლანდიას, იტალიას, ნორვეგიასა და პორტუგალიას, მიერთებოდნენ ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. 1949 წლის 4 აპრილს, თორმეტმა სახელმწიფომ-ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ისლანდიამ, იტალიამ, კანადამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, აშშ-მა და საფრანგეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლის პრინციპების საფუძველზე ქ. ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დოკუმენტს-ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის-ნატო-ს შექმნის შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1949 წლის 24 აგვისტოს, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს ვაშინგტონში ჩატარდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი სესია.
ნატოს მუშაობის დასაწყისი
ნატოს დაარსებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ დაკარგა ატომური მონოპოლია მსოფლიოში, ამიტომ კომუნიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ადეკვატური ზომების მიღება. ამიტომაც, ალიანსმა ნატოს შექმნის დღიდანვე აქტიური ქმედებები განახორციელა. უპირველესად, ეს დაკავშირებული იყო აშშ-ს მიერ ფინანსური დახმარებების გამოყოფასთან დასავლეთის ქვეყნების მიერ სხვადასხვა სამხედრო პროგრამების განსახორციელებლად. ეს იყო პრეზიდენტ ტრუმენის ინიციატივა. 1950 წლის დასაწყისში მან დაამტკიცა ჩრდილოატლანტიკური რეგიონის ერთიანი თავდაცვითი სისტემის შექმნის გეგმა. გამოიყო 900 მლნ. აშშ დოლარი. ამასთანავე ნატო- ში განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო სახის ღონისძიებები. 1950 წლის ივლისში ქ. ლონდონში ჩატარდა წევრი ქვეყნების პირველი სხდომა, სადაც, აშშ-ს წარმომადგენელი, ელჩი ჩარლზ სპოფორდი არჩეულ იქნა საბჭოს მუდმივ თავმჯდომარედ. 1951 წლის 20 სექტემბერს ოტავაში (კანადა) ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს „სამოქალაქო სტატუსის შესახებ“ ხელშეკრულებას. 1952 წელს გამართულ ლისაბონის შეხვედრაზე მოხდა ნატო-ს სტრუქტურული რეორგანიზება და ნატო გახდა მუდმივმოქმედი ორგანიზაცია შტაბ- ბინით პარიზში. [10]
სამხედრო სტრუქტურებში განხორციელებული ღონისძიებები:
- 1951 წლიდან მუშაობა დაიწყო ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბმა ევროპაში. შტაბის რეზიდენცია განთავსდა როკენკურში (პარიზის მახლობლად);
- 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შტაბმა ატლანტიკის რეგიონში რეზიდენციით ქ. ნორფოლკში;
- ასევე, ნატო-ს უმაღლესი სარდლობის შტაბი ლა-მანშის სრუტის ზონაში;
- ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „საკუთარი შეიარაღებული ძალების სტატუსის” შესახებ და ოქმს „საერთაშორისო სამხედრო შტაბის” შესახებ.
აღსანიშნავია ნატო-ს საფუძვლიანი ნაბიჯები საგანმანათლებლო კუთხითაც. 1951 წლის ნოემბერში პარიზში საზეიმოდ გაიხსნა ნატოს თავდაცვის კოლეჯი. ასევე, 50-იანი წლების ბოლოს ობერამერგაუში (გერმანია) შეიქმნა საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც 1975 წელს ნატო-ს სკოლა ეწოდა. [11]
ნატო-ს პირველი გაფართოება
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად: „მხარეებს შეუძლიათ ერთსულოვანი თანხმობით ამ ხელშეკრულებასტან მისაერთებლად მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელიც ხელს უწყობს ამ ხელშეკრულების პრინციპების განხორციელებას და წვლილი შეაქვს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.“[12]
1952 წლის თებერვალში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ საბერძნეთი და თურქეთი. ეს ქვეყნები უყოყმანოდ მიიღეს ორგანიზაციაში, ვინაიდან მათ სსრკ-ს მხრიდან „გაწითლების საფრთხე“ დაემუქრათ. 1952 წელს ნატო-ში თურქეთის მიღებამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საშუალება მისცა, განემტკიცებინა თავისი პოზიციები სსრკ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან და გაეფართოებინა თავისის გეოპოლიტიკური გავლენა წინა აზიაში.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სსრკ-ს გეოპოლიტიკური გავლენის შემცირების მიზნით XX საუკუნის 50- იან წლებში, ნატო-ს და ,პირველ რიგში აშშ-ს, მიერ ქმედითი ღონისძიებები იქნა მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 1951 წელს შეიქმნა ნატო-ს მსგავსი სამხედრო- პოლიტიკური ორგანიზაცია ავსტრალიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მისი წევრები გახდნენ აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ეწოდა ანზიუსი (ANZUS).
დასკვნა
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია არის კაცობრიობის ისტორიაში უძლიერესი პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი, რომლის ძირითადი დანიშნულებაც მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და წარმატებული საქმიანობის განხორციელებაა, როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს ნატო აღარაა ის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც მხოლოდ თავისი წევრი სახელმწიფოების სამხედრო თავდასხმისაგან მათსავე ტერიტორიაზე დაცვა წარმოადგენდა. დღეს ალიანსს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. ის დაკავებულია ჰუმანიტარული აქციების განხორციელებით, სამეცნიერო- ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით, სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებით და ა.შ. სწორედ ამის გამო ნატო-ს შეიძლება ეწოდოს რეგიონული ორგანიზაცია გლობალური პასუხისმგებლობით.
ავტორი: მარიამ მეტონიძე
[1] ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.
[2] მენაღრიშვილი, ი. (თ. გ.). როგორ შეიქმნა ნატო. https://www.gfsis.org/files/my-world/17/2.pdf.
[3] ემულისი, უ. ს. (2008). ნატო და საქართველოს უსაფრთხოება. თბილისი: ახალი თაობა- ახალი ინიციატივა,საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ.
[4] ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.
[5] ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.
[6] Bedfellows, G. W. (1999). NATO- Marches East. New York: University Press of America.
[7] Dixon, A. M. (n.d.). THE GEORGE C. MARSHALL FOUNDATION. Retrieved from THE EUROPEAN RECOVERY PROGRAM:
[8] Britannica, T. E. (თ. გ.). Brussels Treaty: https://www.britannica.com/event/Brussels-Treaty-European-history-1948-დან
[9] ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.
[10] NATO Update. (n.d.). Retrieved from https://www.nato.int/docu/update/50-59/1950e.htm
[11] ჩიტაძე, ნ. (2005). ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი. სამოქალაქო განათლების განყოფილება.
[12] ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ბიულეტენი #1,. (2006 იანვარი- მარტი). თბილისი: “საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ”.