E ISSN 2587-5396

ნატო 2004-2008 წლებში

14/05/2019 By yatage

ნატო 2004-2008 წლებში

ნატო დაარსების დღიდან მუდამ გამოწვევების წინ დგას, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებეთან ერთად, ნატო-ს უწევს ხელი შეუწყოს ამ მოვლენების მშვიდობიან წარმართვას.    ამ მხრივ საინტერესოა  მისი მოქმედებები 2004-2008 წლებში, მაშინ როცა მსოფლიოში ავღანეთის,  კოსოვოს, დარფურისა და სხვა სახელმწიფოების დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ვხვდებით.  ამასთანავე,  ნატოს 21-ე საუკუნის დასაწყისში სერიოზული მტერი, ტერორიზმი აღუდგა წინ და ნატოს მისი საარსებო მისიის (მშვიდობის  შენარჩუნებისთვის როგორც საკუთარი წევრების ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ) აღსრულებისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

ყურადსააღებია ის ფაქტიც, რომ ამ მომენტისთვის აქტიური ურთიერთობა დაიწყო ნატოსა და საქართველოს  შორის.  სწორედ 2004 წელს   ჩამოაყალიბა საქართველომ ,,ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ და გადადგა სერიოზული ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ნატოს მეხუთე გაფართოება

ნატოს ისტორიაში  ყველაზე დიდი გაფართოება  2004 წელს იყო. ამ გაფართოებასთან დაკავშირებით პირველად გაჟღერდა 2002 წელს პრაღის სამიტზე, სადაც აღნიშნეს, რომ ახალი წევრების მიღება ნატოს პოზიტიურ შედეგებს მოუტანდა.[1] სწორედ პრაღის სამიტის შემდეგ,  2004 წლის 26 მარტს ნატო მეხუთედ გაფართოვდა და შეემატა  შვიდი ახალი წევრი:  ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესტონეთი. ისინი ნატოს ოფიციალურ წევრებად გამოაცხადეს ვაშინგტონში,  ცერემონიალს კი უმასპინძლა ჯორჯ უოკერ ბუშმა თეთრ სახლში.

2004 წლის 2 აპრილს, 9 საათსა და 30 წუთზე შვიდი ახალი წევრის დროშა აფრიალდა ნატოს შტაბ-ბინის შესასვლელში. ამ დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერიმ აღნიშნა კიდეც, რომ ეს შვიდი ქვეყანა არის მაგალითი თავისუფლების შეუზღუდაობისა. ხოლო ის ფაქტი, რომ ამიერიდან ოცდაექვსი სახელმწიფო შეეცდება ერთმანეთის დაცვას,  კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატოს ძლიერებას.[2][3]

სტამბოლის სამიტი

ნატოს რიგით მეჩვიდმეტე სამიტი, რომელიც გაიმართა სტამბოლში 28-29 ივნისს (2004წ) , ეხებოდა როგორც ნატოს უკვე განხორციელებულ მისიებსა და ოპერაციებს, ისე მის სამომავლო აქტივობებსა და  ურთიერთობებს.

სტამბოლის სამიტის გამართვამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერიმ, ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმობოდა ავღანეთში მიმდინარე პროცესებს, თუმცა, ამასთანავე განიხილავდნენ მსოფლიოში მიმდინარე სხვა სერიოზულ საკითხებსაც. [4]

სტამბოლის სამიტზე ხაზი გაესვა შემდეგ საკითხებს: ავღანეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ძალების საქმიანობის გაფართოებას, წლის ბოლოსთვის ბოსნია და ჰერცოგოვინიის ტერიტორიაზე ოპერაციების დასრულებას, ერაყის უშიშროების წარმომადგენლების გადამზადებას, ანტიტერორისტული კამპანიის გაძიერებას, ურთიერთობების გაძლიერების მზადყოფნას  ხმელთაშუაზღვისპირეთის დიალოგის ქვეყნებთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და  სხვა. აგრეთვე სამიტზე გაიჟღერა ინიციატივამ  საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობასთან დაკავშირებით.[5]  სწორედ სტამბოლის სამიტზე შეუერთდა საქართველო  ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის“ ინიციატივას აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან ერთად.

ნატოს სამიტი ბრიუსელში

2005 წლის 22 თებერვალს ნატო-ს წევრმა 26 ქვეყანამ მოიყარა თავი ბრიუსელში, ბელგიაში.  სამიტზე აღნიშნეს თავიანთი ერთგულება  დემოკრატიისადმი, თავისუფლებისა და  კანონის უზენაესობისადმი  და რაც მთავარია,  ქვეყნების ერთიანობისადმი სამხედრო შემოტევების დროს.   აგრეთვე, კვლავ აღინიშნა   ალიანსის დაინტერესება როგორც, ავღანეთის, ერაყისა და პალესტინის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან,  ისე რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებთან დაკავშირებით.  როგორც ყოველთვის, ამ სამიტზეც ნატო-მ  საერთაშორისო მოვლენებში გაეროსა და ევროკავშირის როლი აღნიშნა.[6]

რაც შეეხება უკრაინას,  ნატოს ბრიუსელის სამიტზე, ალიანსის  ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილს. სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო მზადაა იმუშაოს უკრაინასთან ერთად. ხოლო პრეზიდენტმა იუშენკომ  ხაზი გაუსვა უკრაინის აშკარა სურვილს  გააღრმაოს ურთიერთობები ნატო-სთან.[7]

რიგის სამიტი

ნატო-ს წევრი ქვეყნები 2006 წლის 29 ნოემბერს რიგაში, ლატვიაში  შეიკრიბნენ რიგის სამიტზე. აქ მათ კვლავ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებეთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ექვსი მისია და სამი გეოგრაფიული რეგიონი წარმოადგენდა მაგალითს, იმისა რომ ნატო მხარში უდგას მსოფლიოს დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად.

რიგის სამიტზე გაიჟღერა ავღანეთში მიმდინარე პროცესებთან  დაკავშირებულმა საკითხებმა და ალიანსმა აღნიშნა ამ საკითხის აქტუალობა.  ავღანელი ხალხის მდგომარეობა აღმაშფოთებელი იყო ნატო-სთვის, რადგან ეს ხალხი ცდილობდა აეშენებინა სტაბილური, დემოკრატიული  საზოგადოება, რომლსაც ტერორიზმი და ნარკოვაჭრობა აღარ შეუშლიდა ხელს განვითარებისთვის.  ავღანეთის განვითარებისთვის მისი დაცვა იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ნატო-მ მოუწოდა გაეროსა და ევროკავშირს მასთან ერთად ემოქმედათ, რათა ხელი შეეწყოთ ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ამასთანავე, ნატო-მ მოუწდა ავღანეთის მეზობელ ქვეყნებს მხარი დაეჭირათ ავღანეთის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ავღანეთისა და კოსოვოს მდგომარეობებიდან გამომდინარე წამოაყენეს მოსაზრება ჩატარებულიყო ნატოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრები.

სამიტზე ყურადღება დაეთმო ერაყს და ალიანსმა მზადყოფნა გამოაცხადა  მის დასახმარებლად.  ამასთანავე ნატო-მ დარფურის პროვინციაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ნატო-სა და აფრიკის ერთიანობის კავშირის  შექმინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

რიგის სამიტზე, ისევე როგორც ნატო-ს თითქმის ყველა ბოლო სამიტზე, ხაზი გაესვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა  და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გაძიერების მნიშვნელობას.

სამიტზე გაამახვილეს ყურადღება ალიანსის წესდების მე-10 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და მას შეუძლია მიიღოს ე.წ. MAP , რომელიც მისცემს შანსს შეურთდეს ალიანსის წევრებს.    ამასთანავე, ნატო-მ აღნიშნა, რომ აპირებდა ურთიერთობების განვითარებას  მონტენეგროსთან, სერბეთსა და ბოსნია ჰერცოგოვინასთან.

რიგის სამიტი საინტერესო იყო საქართველოსთვისაც.  სამიტის დეკლარაციის 37-ე პუნქტში ნახსენებია, რომ ალიანსი საქართველოსა და უკრაინასთან გააგრძელებს ინტენსიურ დიალოგს, 39-ე  პუნქტი სრულად საქართველოს აქვს დათმობილი და ნატო  აღნიშნავს რომ ალიანსი მხარს დაუჭერს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რეფორმებს.  ამასთანავე, 42-ე პუნქტის თანახმად  ნატო მოხარულია საქართველოსა და რუსეთს შორის  2006 წლის 31 მარტს  მიღებული შეთანმებით(რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან), 43-ე  პუნქტში კი ნატო მწუხარებას გამოხატავს აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოს ტერირორიებზე არსებულ კონფლიქტების გამო.[8] [9]

ბუქარესტის სამიტი:

ნატოს რიგით მეოცე სამიტი გაიმართა ბუქარესტში, რუმინეთში, 2008 წლის 2-3 აპრილს.   სამიტის დასაწყისში ალიანსის წევრებმა  მწუხარება გამოხატეს ნატოს მისიებში მონაწილე დაღუპული პირების ოჯახებს მიმართ  და ხაზი გაუსვეს ნატოს მისიებში მონაწილე  ადამიანების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეზე.

ბუქარესტის სამიტის პრიორიტეტულ საკითხს კვლავ ავღანეთი წარმოადგენდა. ნატომ განაცხადა, რომ ავღანეთში პროგრესი შესამჩნევია, თუმცა დამატებითი  ძალებია საჭირო, რათა საზოგადოებამ თანამედროვე სამყაროსთან კავშირები დაამყაროს,  ეფექტურად ებრძოლოს ტერორიზმსა და გააძლიეროს თავდაცვის სფერო.  აქვე აღნიშნული იყო ISAF-ის წვლილიც.    ნატომ  ყურადღება გაამახვილა  კოსოვოს მოვლენებზეც და  KFOR-ის  როლზეც ისაუბრეს.  აღინიშნა, რომ KFOR კვლავ გააგრძელებდა კოსოვოს ტერიტორიაზე მუშაობას.     ავღანეთისა და კოსოვოს საკითხების განხილვისას ალიანსის წევრებმა ხაზი გაუსვეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლს.

სამიტზე განხილული იყო ერაყის საკითხიც, ერაყს ურჩიეს საჰაერო და საზღვაო ძალები ინტენსიურად მოემზადებინა,  გაეძლიერებინა სასაზღვრო ძალა, ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და სხვა.

ბუქარესტის სამიტზე კვლავ გაჟღერდა მეათე მუხლი, რომლის მიხედვითად ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისთვის ნატოს კარი ღიაა.  ამასთანავე, ყურადღება გაამახვილეს ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე, რომელიც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია და დამყარებულია პრინციპებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და პოლიტიკურ პლურალიზმზე.[10] (10)

საქართველოსთვის ეს სამიტი საკმაოდ ღირებულია, რადგან  აქ ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ ,,საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“ და მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის MAP-ის(წევრობის სამოქმედო გეგმა)  მიღების განცხადებას. ამასთანავე, ალიანისს წევრებმა ბუქარესტის სამიტზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის ტერიროტიულ მთლიანობას კვლავ დაუჭრეს მხარი.

ბუქარესტის სამიტზე, ამ და  სხვა მრავალ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ.[11](11)

საქართველო-ნატო:

2004-2008 წლები საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის წარმატებულ წლებს წარმოადგენდა.

2004 წლის 7 აპრილს ,,26+1“ ფორმატით გამართულ საქართველო-ნატოს წარმომადგენელთა შეხვედრაზე ქალაქ ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  იააპ დე ჰოოპ სხეფერს ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ წარუდგინა.  7 ივნისს, ბრიუსელში მოეწყო ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის“ განხილვა. 28-29 ივნისს კი საქართველო ოფიციალურად შეუერთდა ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის“ ინიციატივას. აგვისტოში ოფიციალურად გაიგზავნა  ნატო-ში საქართველოს ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“, 29 ოქტომბერს კი ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“.

2005 წელს საქართველოში გამოაგზავნეს სამხრეთ კავკასიის მეკავშირე ოფიცერი, აგრეთვე თბილისს ეწვივნენ სხვადასხვა შეფასები ჯგუფები. 2006 წელს

დაიწყო ინტენსიური დიალოგი და 14 დეკემბერს ალიანსსა და საქართველოს შორის  გაიმართა  პირველი   კონსულტაცია ინტენსიური დიალოგის ფარგლებში.

2007  წელს გაიმართა თემატური კონსულტაციები ინტენსიური დიალოგის ფარგლებში რეფორმების, სამომავლო გეგმებისა და თავდაცვის პრიორიტეტების,  კონფლიქტების მოგვარების, ეროვნული უმცირესობების,კანონის უზენაესობის, სამართლებრივი და ინფორმაციის უსაფრთხოების, რესურსებისა, ეკონომიკური საკითხებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება 2008 წელს, საქართველო აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში და 3 აპრილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუქარესტის სამიტზე გაიჟღერა გადაწყვეტილებამ, რომ საქართველო  აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.  ამ დროიდან საქართველოს მთავრობის პირები იწყებენ უშუალო კონტაქტს ალიანსთან. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ვითარება იცვლება და საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს წარმომადგენლები ჩამოდიან, რათა გაეცნონ სიტუაციას, თუ რა ვითარებაა საქართველო და რუსეთს შორის.  18 ნოემბერს ნატო-მ შეშფოთებაც გამოთქვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.  ნატო-საქართველოს კომისიის გადაწყვეტილებით, ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას  შეადგენს.[12]

დასკვნა:

2004-2008 წლებში ნატო აქტიურად მოქმედებდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ის აღმოჩნდა მრავალი დაბრკოლების, პრობლემისა თუ სიახლის წინაშე და მან მოახერხა დაესახა მიზნები და განეხორციელებინა გეგმები საკუთარი წევრების თავდაუზოგავი შრომის შედეგად.

ნატო არის ალიანსი, რომელიც ცდილობს მშვიდობისა და სტაბილურობის  მშენებლობას  მსოფლიოში. აგრეთვე ის წინ აღუდგა ტერორიზმს,  მის დღის წესრიგში კი ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  თავდაცვის გაძლიერებასა და როგორც ალიანსის წევრების, ისე სხვა ქვეყნებისთვის მშვიდობის შენარჩუნებას.

 ავტორი: ნელი სტეფნაძე  


[1] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი,. სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[2] NATO welcomes seven new members

https://www.nato.int/docu/update/2004/04-april/e0402a.htm

[3] Seven new members join NATO

https://www.nato.int/docu/update/2004/03-march/e0329a.htm

[4] The U.S. & NATO: AN Alliance of Purpose. Editor, eJournal USA: U.S. Foreign Policy Agenda. June 2004 . P13.

[5] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი,. სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[6]  https://www.nato.int/docu/pr/2005/p05-022e.htm

[7] https://www.nato.int/docu/update/2005/02-february/e0222b.htm

[8] Riga Summit Declaration      https://www.nato.int/docu/pr/2006/p06-150e.htm

[9] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი,. სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005

[10] BUCHAREST SUMMIT DECLARATION  https://www.nato.int/cps/us/natohq/official_texts_8443.htm

[11] ნატოს სამიტები     http://infocenter.gov.ge/nato-summits/

[12] მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია http://mfa.gov.ge