E ISSN 2587-5396

ნატო  1999-2003 წლებში

13/05/2019 By yatage

ნატო  1999-2003 წლებში

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაებალანსებინა საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური სამყაროდან მომავალი საფრთხეები. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის ჩამოშლა ვიხილეთ, გაჩნდა რისკი, რომ ორგანიზაცია დაკარგავდა თავის მნიშვნელობას და საბჭოთა საფრთხის გაქრობასთან ერთად გაქრებოდა ალიანსის raison d’etre. მიუხედავად ამისა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა და NATO თავდაცვითი ალიანსიდან უსაფრთხოების ალიანსად გადაიქცა, შედეგად კი ახალი ძალა მოიკრიბა. დღეისათვის ის წარმოადგენს ისტორიაში არსებულ ყველაზე წარმატებულ სამხედრო ალიანსს. [1]

ორგანიზაციის რელევანტურობასა და გამძლეობას მისი წევრი ქვეყნების განწყობებმაც შეუწყო ხელი. ალიანსის არცერთი წევრი არ იყო მზად მასთან ჩამოსაცილებლად. პირიქით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე დღით ადრე, 1991 წლის ნოემბერში წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა მიიღეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც აღნიშნავდა, რომ NATO-ს ოთხი ფუნდამენტური ამოცანოდან ერთ-ერთს  სტრატეგიული ბალანსის უზრუნველყოფა  წარმოადგენდა ევროპის კონტინენტზე. [2]

შესაბამისად, საუკუნის მიწურულს კერძოდ, 1999-2003 წლებში  ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სტატუსი საფრთხის ქვეშ აღარ იდგა და  მან აღნიშნულ პერიოდში  ევროპისა თუ მსოფლიოს მშვიდობის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა.

სამხედრო ინტერვენცია კოსოვოში

1999 წლის 23 მარტს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ დაიწყო სამთვიანი საჰაერო თავდასხმა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინააღმდეგ, რათა თავიდან აეცილებინა კოსოვოელი ალბანელების ეთნიკური წმენდა სერბეთის ნახევრად ავტონომიურ რეგიონში სლობოდან მილოსევიჩის ავტორიტარული რეჟიმის მიერ. საპასუხოდ, იუგოსლავურმა და სერბულმა ძალებმა კოსოვოდან გააძევეს ენიკური ალბანელები და ასობით ათასი ადამიანი დააბრუნეს ალბანეთში, მაკედონიასა და მონტენეგროში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კამპანია 11 კვირას გაგრძელდა და მოიცვა ბერგრადიც. [3]

78 დღიანი საჰაერო კამპანიის დროს, რომელიც მილოსევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, შეიქმნა კოსოვოს ძალა (KFOR), ე.წ. სამშვიდობო ოპერაცია კოსოვოში. ოპერაციის თავდაპირველ მისიას წარმოადგენდა უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება რეგიონში,  წესრიგის დამყარება, კოსოვოს განთავისუფლების არმიის დემილიტარიზაცია, საერთაშორისო ჰუმანიტარული ძალისხმევის მხადაჭერა. [4]

ივნისში, NATO-სა და იუგოსლავიას შორის გაფორმდა  სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ხაზს უსვამდა ჯარის უკან დახევას, გულისხმობდა დაახლოებით ერთი მილიონი ეთნიკურად ალბანელის იუგოსლავიაში, ხოლო ნახევარი მილიონი ლტოლვილი ალბანელის კოსოვოს პროვინციაში დაბრუნებას. ამის საპირისპიროდ, სერბების ძირითადმა ნაწილმა დატოვა რეგიონი.  გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რეგიოში მშვიდობისმყოფელი ძალები გაგზავნა.   დღეს KFOR კვლავ ხელს უწყობს დაცული და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას კოსოვოში.[5]

 9/11 ტერორისტული აქტები, 2001 წელი

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა თავდასხმებმა მსოფლი სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზემ ცხადად დაანახა მოკავშირეებს, რომ პოლიტიკურ არეულობას დედამიწის შორეულ ნაწილში შეუძლია საშინელი შედეგების მოტანა საკუთარ სახლშიც. რეგიონებში მოქმედმა პირებმა, ამ შემთხვევაში ალ-ქაიდას ტერორისტულმა დაჯგუფებამ – ავღანეთი გამოიყენეს საექსპორტო ბაზად, საიდანაც მოახერხეს არასტაბილურობის შემოტანა განვითარებულ მსოფლიოში, გამოიყენეს გატაცებული ავიალაინერი მასობრივი განადგურების იმპროვიზირებულ იარაღად, რათა  სიცოცხლეს გამოესალმებინათ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. [6]

სწორედ ამ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ თავისი არსებობის განმავლობაში პირველად გამოიყენა მე-5 მუხლი, რაც გულისხმობდა რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავდა, შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნულ თავდასხმებს აშშ-ში ერთიანი ძალებით უპასუხეს. [7]

11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, ქვეყნების კოალიციამ, ნატო-ს წევრების უმრავლესობის ჩათვლით, მოახდინა სამხედრო ინტერვენცია ავღანეთში 2001 წლის
შემოდგომაზე. ეს მისია, სახელწოდებით „ოპერაცია ჩამოუშლელი თავისუფლება“, მიზნად ისახავდა სამხედრო მოქმედებების საწყისი ბაზის ჩამოშორებას ალ-ქაიდასთვის და ალ-ქაიდას რაც შეიძლება მეტი ლიდერის დაკავებას. თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ 2001 წლის დეკემბერში, გაეროს უშიშროების საბჭოს 1386 რეზოლუციით უფლებამოსილება
გაიცა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (ISAF) განლაგებაზე. ეს იქნებოდა მრავალმხრივი ძალა ქაბულსა და მის შემოგარენში, რომელიც ხელს შეუწყობდა
ქვეყნის სტაბილიზაციას და შექმნიდა მდგრადი მშვიდობიანი ცხოვრების პირობებს. 2003 წლის აგვისტოში ნატო-მ თავის თავზე აიღო საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის
ძალების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. [8]

 ალიანისი გაფართოება

1999 წელს, ვაშინგტონში სამი ყოფილი პარტნიორი ქვეყანა – პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბიკა და უნგრეთი – გახდა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, ვინაიდან მათ წარმატებით დაასრულეს სახმედრო და პოლიტიკური რეფორმების გატარების პროგრამა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორც ახალგაწევრიანებული სახელმწიფოებისთვის, ასევე ალიანსისთვისაც. [9]

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ალიანსს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ ელოდა. 2002 წლის პრაღის სამიტის დეკლარაცია, რომლის მიღებაშიც ალიანსის წევრი ქვეყნებისა და მათი მთავრობების ლიდერები მონაწილეობდნენ,  იტყობინებოდა ორგანიზაციის მზადყოფნას გაფართოებულიყო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და შებმოდა ახალ საფრთხეებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებიც 21-ე საუკუნემ მოიტანა.  დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ საერთო ხედვიდან გამომდინარე, ალიანსი დაიწყებდა ტრანსფორმაციის პროცესს ახალი წევრების მიღებით, ახალი შესაძლებლობებითა და უფრთიერთობებით პარტნიორ ქვეყნებთან. [10]

დეკლარაციის მეორე პუნქტის მიხედვით, NATO ამიერიდან დაიწყებდა მოლაპარაკებებს ბულგარეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასა და სლოვაკეთთან გაწევრიანების თაობაზე. აღნიშნული ქვეყნების გაწევრიანება დააძლიერებდა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას და დაეხმარებოდა ალიანსს მიზნების მიღწევაში მთელი ევროპის ტერიტორიაზე. აქვე იყო აღნიშნული NATO-ს მზაობა თავის რიგებში  მიეღო კიდევ უფრო ბევრი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გააცნობიერებდა თავის მოვალეობებს ალიანსისადმი. [11]

NATO – რუსეთის საბჭო

2002 წელს რომის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის ლიდერებმა რუსეთის ფედერაციასთან ერთად ხელი მოაწერეს დეკლარაციას ,,NATO-რუსეთის ურთიერთობები : ახალი ხარისხი“, რომლის საფუძველზეც დააარსეს ახალი ორგანო. NATO-რუსეთის საბჭო. დეკლარაციაში ნათქვაი იყო, რომ ამიერიდან იწყებოდა თანამშრომლობის ახალი დონე, რომელზეც ორივე მხარე იაზრებდა პასუხისმგებლობებს და უსაფრთხო მომავლის შექმნის სურვილს.

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ სფეროებში თანამშრომლობაზე:  გაერთიანებული ძალისხმევით  ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ; კრიზისების მენეჯმენტი და თანამშრომლობის გაგრძელება, ინფორმაციის გაცვლა და კონსულტაციები განსაკუთრებით ბალკანეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით; თანამშრომლობის გაფართოება მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) კონტროლის კუთხით; ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში არსებული საფრთხეებსა და გამოწვევებთან დასაპირისპირებლად.

მხარეებმა დაისახეს ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომლითაც  იხელმძღვანელედნენ ისინი მომავალი თვეების განმავლობაში.  მათ რომის სამიტზე მიღებული დეკლარაციით საფუძველი ჩაუყარეს მნიშვნელოვან პროექტებს ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. [12]

დასკვნა

მეოცე საუკუნის მიწურული ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის არსებობისთვის ნამდვილად დიდი გამოცდა აღმოჩნდა. ალიანსს უნდა გადაელახა უამრავი შიდა პრობლემა, შეეძინა და გაემყარებინა ახალი იდენტობა, როგორც ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დამცველ სუბიექტს.

ბალკანეთში არსებულ კონფლიქტში ჩარევით, რაც ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრას ემსახურებოდა, ალიანსმა გაიმყარა ახალი სტატუსი და შეძლო მშვიდობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. რაც შეეხება ახალი წევრების მიღებას, ეს ნათლად გვიჩვენებს რომ ალიანსმა გადალახა იდენტობის კრიზისი თუ შიდა პრობლემები და ამ გზით შეეცადა ეს მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი კრახით დაიწყო 21-ე საუკუნე, ვინაიდან ვერავინ გათვალა ის მასშტაბები, რაც შეიძლებოდა ტერორიზმს მოეტანა. 9/11 ტერორისტულმა თავდასხმება აშშ-ში გამოავლინა ძალიან დიდი სისუსტე აშშ-ს სადაზვერვო სამსახურისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საქმიანობისა. მსოფლიოს დაანახა, რომ დაპირისპირებებმა და ომებმა სახე შეიცვალა და ძველი სახით აღარაფერი იქნებოდა. ამ ყველაფერმა წარმოშვა ტერორისტულ საფრთხესთან გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროება, მიუხედავად პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ფასეულობებათა სხვაობისა. ამის გამოძახილია რომის სამიტის დეკლარაციაც, რომლის მიხედვითაც NATO-რუსეთის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტერორიზმის აღმოფხვრაა.

 

ავტორი: ნინი ბერუაშვილი


ბიბლიოგრაფია

  1. North Atlantic Treaty Organization – source: https://www.nato.int/docu/comm/2002/0205-rome/rome-eng.pdf  ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.
  2. North Atlantic Treaty Organization – source: https://www.nato.int/docu/pr/2002/p02-127e.htm?fbclid=IwAR0KC- zPC9ibg6Vh18lJzlnngNG_9g85gK0aPigWJ6qA83BWM8YaQTBNkvw  ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.
  3. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ – წყარო : http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR0O19-06_KjmBe00g4aNZwBuafaj-MZhFYWlrE3zZMs74ki5G6PJZuoEQI ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.
  4. Encyclopedia Britannica – source: https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.
  5. S Department of Defense –  source: https://dod.defense.gov/News/Article/Article/1803445/a-short-history-of-nato/fbclid/IwAR0o-hWJN8kjtrPYMCuFRm-6J966uC9k8ui5UzzpQRd1BFK7ToDDxNXdppM/  ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.
  6. North Atlantic Treaty Organization –  source: https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_48818.htm?fbclid=IwAR3xdtqMbHc06lDwPYpgBrffmQ0kyJmlbQ0LvVXpbUPyP0J9wNph2XOiNr0 ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.
  7. Brookings institute – source: https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2016/06/reportch1.pdf ბოლო ნახვა: 12 მაისი, 2019.

[1] https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2016/06/reportch1.pdf

[2] https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2016/06/reportch1.pdf

[3] https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict

[4] https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_48818.htm?fbclid=IwAR37xXo7DYhmuRRMA8fi1QilWtcwR1vH_NRpnjbJrFxJYfE5uekpC7xp8rs

[5] https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict

[6] http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR1xpfM3W5smn9Too8QxYbOjQ6UYz8toqPNiDXCA4MTgm1zGXiB9akqHJ_Y

[7] https://dod.defense.gov/News/Article/Article/1803445/a-short-history-of-nato/fbclid/IwAR0o-hWJN8kjtrPYMCuFRm-6J966uC9k8ui5UzzpQRd1BFK7ToDDxNXdppM/

[8] http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR1xpfM3W5smn9Too8QxYbOjQ6UYz8toqPNiDXCA4MTgm1zGXiB9akqHJ_Y

[9] http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR1xpfM3W5smn9Too8QxYbOjQ6UYz8toqPNiDXCA4MTgm1zGXiB9akqHJ_Y

[10] https://www.nato.int/docu/pr/2002/p02-127e.htm?fbclid=IwAR3t_ql-4VdjjADqKk-yXoEYj-vcSma8Q6k3cIVoBrzUANP2JtOaGo7FjWs

[11] https://www.nato.int/docu/pr/2002/p02-127e.htm?fbclid=IwAR3t_ql-4VdjjADqKk-yXoEYj-vcSma8Q6k3cIVoBrzUANP2JtOaGo7FjWs

[12] https://www.nato.int/docu/comm/2002/0205-rome/rome-eng.pdf