E ISSN 2587-5396

ნატო 1994-1998 წლებში

07/05/2019 By yatage

ნატო 1994-1998 წლებში

ცივი ომის შემდგომი პერიოდი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი და ამავდროულად, ერთგვარი გამოცდაც იყო ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ცხოვრებაში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ალიანსმა კვლავინდებურად შეინარჩუნა ორი თავდაპირველი მანდატი: მილიტარისტული ნაციონალიზმის შეკავება და კოლექტიური თავდაცვის საფუძვლის უზრუნველყოფა, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ევროპის დემოკრატიზაციასა და ინტეგრაციას. „ევროპის“ განმარტება კი გაფართოვდა აღმოსავლეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაერთიანებული გერმანია. ჯერ კიდევ, საფრანგეთ-პრუსიის ომიდან მოყოლებული ევროპა ყველა ღონეს ხმარობდა, შეგუებოდა გაერთიანებული გერმანიის არსებობას მის შუაგულში. ახლად გაერთიანებული  გერმანიის ალიანსში [1]შეყვანამ კი საბოლოოდ წერტილი დაუსვა ამ დილემას. ისევე როგორც 1949 წელს, 1990-იან წლებში ნატო კვლავინდებურად გახდა პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტი.1

ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ნაწილში თავი იჩინა არასტაბილურობამ. განსაკუთრებულ პრობლემას კი ეთნიკური კონფლიქტები წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად ცალკეულ ქვეყნებს შორის დაპირისპირებაში გადადიოდა. შესაბამისად, ნატოს ხელმძღვანელობის წინაშე დაისვა ახალი ამოცანა, კერძოდ-კიდევ უფრო უნდა გაფართოებულიყო თანამშრომლობა ორგანიზაციის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრი ქვეყნების თავდაცვა და ალიანსის ფარგლებში მიღწეული თანამშრომლობის მექანიზმები შემდგომშიც ყოფილიყო მათი უსაფრთხოების გარანტია.[2]

ნატო-ს ჩართულობა იუგოსლავიის კონფლიქტში

ერთი მხრივ, რეგიონული კონფლიქტების არსებობამ და მეორე მხრივ სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების აუცილებლობამ, ნატო-ს სამხედრო ინსტიტუტების წინაშე მრავალი ახალი ამოცანა დააყენა. მათ შორის, უმთავრესი ამოცანა დაკავშირებული იყო კრიზისების მართვასთან. შესაბამისად, ახალმა რეალიებმა ნატოს უბიძგა თავისი სტრუქტურები და მოქმედების მანერა შეეცვალა.[3]

1994 წელს ალიანსმა შექმნა ხმელთაშუა ზღვის დიალოგი, ხმელთაშუა ზღვის 6 არა-წევრ ქვეყანასთნ: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, მავრიტანია, მაროკო და ტუნისი. აღნიშნულ დიალოგს 2000 წელს შეუერთდა ალჟირიც. დიალოგის მიზანი იყო ხელი შეეწყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისათვის ურთიერთგაგების გაუჯობესების გზით. მალევე, ზემოთ აღნიშნული ახლადშექმნილი თანამშროლობა აღმოჩნდა გამოცდის წინაშე. კერძოდ, კომუნიზმის ნგრევამ ბიძგი მისცა ნაციონალიზმის აღზევებასა და ეთნიკურ დაპირისპირებას, განსაკუთრებით კი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად, მოკავშირეები თავს იკავებდნენ კონფლიქტში ჩარევისაგან, მაგრამ შემდგომში კონფლიქტი გადაიზარდა ეთნიკურ წმენდაში და ალიანსმა მიიღო მოქმედების გადაწყვეტილება.[4]

სრული მხარდაჭერა განუცხადა გაეროს ძალისხმევას იმისათვის, რომ ბოლო მოღებოდა იუგოსლავიაში ომის დანაშაულებს. შეიქმნა ამკრძალავი ზონები საჰაერო სივრცეში, რასაც მოყვა ავიადარტყმები გაეროს რეზოლუციების დარღვევისათვის. საბოლოოდ, 1995 წელს ალიანსმა განახორციელა 9 დღიანი საჰაერო კამპანია, ბოსნიაში სერბების პოზიციების წინააღმდეგ. რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონფლიქტის დასრულებაში. იმავე წელს, ალიანსმა მოახდინა 60,000 კაციანი IFOR-ის მულტინაციონალური ძალების განლაგება გაეროს ეგიდით, ბოსნიაში კი შენარჩუნდა მცირე კონტიგენტი სტაბილიზაციის ძალების სახელით(SFOR).[5] 

„პარტნიორობა მშვიდობისათვის“

იუგოსლავიის კონფლიქტმა და სხვა მიმდინარე დაპირისპირებებმა საქართველოში, მთიან ყარაბაღსა თუ სხვა რეგიონებში ცალსახა გახადა, რომ საჭირო იყო პარტნიორობის მექანიზმის განვითარება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს საშუალება ჰქონოდათ ეთანამშრომლათ ორგანიზაციასთან, რათა მოეხდინათ განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, ალიანსმა დაიწყო მუშაობა ახალ პროგრამაზე. 1994 წლის 10-11 ივნისის ბრიუსელის სამიტს ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს უმნიშვნელოვანესად ორგანიზაციის ისტორიაში. სწორედ აღნიშნულ სამიტზე აშშ-მ წამოაყენა ახალი ინიციატივა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“-თან დაკავშირებით. წევრმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრებსა და ევროთათბირის წევრებს შესთავაზეს ამ პროგრამაში მონაწილეობა.[6]

პროგრამა ითვალისწინებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ყოფილი კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების სრულიად ახალ დონეზე გადაყვანას. მართალია ეს პროგრამა არ ითვალისწინებდა ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების გავრცელებას პარტნიორებზე აღმოსავლეთ ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა რესბუპლიკებიდან, მაგრამ იგი უპასუხებდა აღმოსავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოების მოთხოვნებს ნატოში გაწევრიანების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ქმნიდა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა დაინტერესებულ ქვეყანას დაემყარებინა მჭიდრო ურთიერთობები ნატო-თან პრაქტიკული მიმართულებებით. რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა თანამშრომლობას როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და სამეცნიერო მიმართულებებითაც კი.[7]

პმპ-ის დამტკიცებიდან ერთ წელში, 1995 წლის სექტემბერში დასრულდა მუშაობა ახალ დოკუმენტზე -„კვლევა ნატოს გაფართოების შესახებ“, სადაც ის ძირითადი მოთხოვნები იყო განსაზღვრული, რომლებიც უნდა შეესრულებინათ ალიანსში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს. ამ დოკუმენტების მიღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შანსები, რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ. ამ პროგრამის შედეგად ნატო-მ ახალი ძალისხმევითა და შემართებით განავითარა თანამშრომლობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. 1997 წლის თებერვალში კი შედგა ნატო-ს გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას ვიზიტი საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.[8]

ნატო-ს მადრიდის სამიტი

1997 წლის 8 ივლისს გაიმართა ნატო-ს მადრიდის სამიტი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება მიეწვიათ პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები, რათა დაწყებულიყო მოლაპარაკებები 1999 წლისათვის მათი ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ამავე საიტზე ხელი მოეწერა ქარტიას ნატო-სა და უკრაინას შორის პარტნიორობის შესახებ. სამიტზე განისაზღვრა ალიანსის მთავარი პრიორიტეტები 21-ე საუკუნეში და ევროატლნტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მადრიდის სამიტი იმითაც იყო უმნიშვნელოვანესი, რომ გაიმართა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სხდომა. ნაქსის ნაცვლად შექმნილი ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ეგიდით, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო საბჭოს უფრო ეფექტური გზების ძიებაზე.[9]

შეხვედრაზე ნატო-ს მინისტრების მიერ დამტკიცებულ იქნა „დიალოგის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამუშაო გეგმა“, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა პოლიტიკური კონსულტაციების თემატიკა. დოკუმენტში პოლიტიკური და სამხედრო საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ეკონომიკურ ასპექტებს, რაც იმაზე უსვამდა ხაზს, რომ ალიანსის წევრები უფრო ნათლად აცნობიერებდნენ იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რომლებსაც განიცდიდნენ პარტნიორი ქვეყნები ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გზაზე.[10]

ნატო კოსოვოში

1998 წლის ბოლოს 300 ათასზე მეტმა კოსოვოელმა ალბანელმა დატოვა თავისი სახლი, კრიზისის გადაჭრის ინტენსიური საერთაშორისო მცდელობების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ალიანსმა განახორციელა 78 დღიანი საჰაერო რეიდი 38,000 თვითმფრინავის მონაწილეობით, რათა საშუალება მიეცა მრავალეროვნული სამშვიდობო ძალებისთვის, რომ შესულიყვნენ კოსოვოში და ბოლო მოეღოთ რეგიონში მიმდინარე ეთნიკური წმენდისთვის. 1999 წელს კი 4 ივნისს ნატო-მ შეაჩერა საჰაერო კამპანია მას შემდეგ, რაც დადასტურდა სერბეთის ძალების გაყვანა კოსოვოდან, რასაც მალევე მოყვა ნატო-ს სარდლობის ქვეშ მყოფი კოსოვოს ძალების(KFOR) განლაგება. ეს ძალები დღემდე კოსოვოშია დისლოცირებული.[11]

მზადება ვაშინგტონის სამიტისთვის

1998 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მზადება ვაშინგტონის სამიტისათვის, რომელიც 1999 წლის აპრილში უნდა გამართულიყო. 1997 წლის მადრიდის სამიტზე და შემდგომში უკვე საგარეო მინისტრების იმავე წლის დეკემბრის შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ 1998 წლიდან ჩამოყალიბებულიყო ნატო-ს პოლიტიკის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც მომდევნო სამიტისათვის უნდა შეემუშავებინა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ამ დოკუმენტის მიღება მიმდინარეობდა საკმაოდ ცხარე დებატების ფონზე. თუმცა წევრებს შორის ეჭვი არ გამოუწვევია კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, რომელიც ვაშინგტონის ხელშეკრულების საკვანძო მე-5 მუხლში არის ასახული.

ყველა წევრი ქვეყანა ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ნატო-ს წესდების მე-10 მუხლიდან გამომდინარე ალიანსის კარი ღია უნდა ყოფილიყო მასში გაწევრიანების მსურველებისთვის, თუმცა ამავე დროს, მომავალი სამიტისთვის არ იყო გათვალისწინებული ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნის მიღება ნატო-ს რიგებში გარდა ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთისა.

აგრეთვე, არ სახელდებოდა გაფართოების „მეორე ტალღის“ ვადები და არც მათი ვინაობა ვინ შეიძლება გამხდარიყო ალიანსის წევრი 1999 წლის შემდეგ. მოსალოდნელი იყო, რომ სამიტზე მიღებულ დეკლარაციასა და სხვა დოკუმენტებში აისახებოდა ორგანიზაციის მზადყოფნა მომავალი გაფართოებისათვის რაც, თავის მხრივ, გამოიწვევდა გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მიერ ნატო-ს სტანდარტების შესრულებას და მასთან დაახლოებას.

წევრი ქვეყნები ასევე თანხმდებოდნენ, რომ აუცილებელი იყო მუშაობის გაგრძელება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების ადაპტაციის პროცესზე. რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.[12] [13]

დასკვნა

1990-იანი წლების მეორე ნახევარი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ალიანსის ისტორიაში. იქიდან გამომდინარე, რომ დაიშალა სსრკ, დასრულდა ცივი ომი, გაჩნდა ახალი სახელმწიფოები მყიფე დემოკრატიითა და გარდამავალი ეკონომიკით, ნატო დადგა მრავალი გამოწვევის წინაშე. იმ პრობლემებს შორის, რაც მაშინ არსებობდა, უმნიშვნელოვანესი იყო მიმდინარე კონფლიქტები რეგიონში. აუცილებელი გახდა ახალ გამოწვევებზე და ცვალებად გარემოზე რეაგირება. აგრეთვე, აუცილებლობა შეიქმნა ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შენების, რომელიც თავის თავზე უნდა აეღო ალიანსს. ნატო-ს ფარგლებში დაიწყეს ახალი მექანიზმების  ძიება, რისთვისაც გაიმართა არაერთი სამიტი და მიღებულ იქნა მრავალი გადაწყვეტილება, რეზოლუცია თუ პროგრამა. მათ შორის იყო ახალი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რაც საშუალებას მისცემდა აღმოსავლეთ ევროპის არაწევრ სახელმწიფოებს მჭიდროდ ეთანამშრომლათ ნატოსთან.

 

ავტორი: ლიკა ილურიძე


ბიბლიოგრაფია:

[1]


ნატო-ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR32B8JIIMwqBfyrzxlPz9jwMtZoYiENsG3TG5t-_FcHNirFKABKYl-Bf1A

[2]  ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[3] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[4] ნატო ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR32B8JIIMwqBfyrzxlPz9jwMtZoYiENsG3TG5t-_FcHNirFKABKYl-Bf1A

[5] David G. Haglund. North Atlantic Treaty Organization. https://www.britannica.com/topic/North-Atlantic-Treaty-Organization

[6] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[7] Partnership for Peace programme. https://www.nato.int/cps/en/natohq/topics_50349.htm

[8]  ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[9] NATO: Achievements Of The Madrid Summit. Radio Liberty. https://www.rferl.org/a/1085615.html

[10] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.

[11] ნატო ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. http://infocenter.gov.ge/uploads/files/2016-08/1472126950_nato-history-new.pdf?fbclid=IwAR32B8JIIMwqBfyrzxlPz9jwMtZoYiENsG3TG5t-_FcHNirFKABKYl-Bf1A

[12] ჩიტაძე ნიკა, ნატო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება,2005.