E ISSN 2587-5396

„თურქეთი და სირია – დასასრულს ბოლო არ უჩანს“

07/02/2019 By yatage

„თურქეთი და სირია – დასასრულს ბოლო არ უჩანს“

შესავალი

თურქეთ-სირიის მიმდინარე ურთიერთობების განხილვა ძირითადად გულისხმობს სირიის სამოქალაქო ომში თურქეთის ჩართულობისა და ქურთების ფაქტორის გათვალისწინებასა და ანალიზს.  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ანკარის მიერ სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის შემდეგ შეწყდა. შესაბამისად, აუცილებელია კონფლიქტის დაწყებისა და მასში ჩართული მხარეების პოზიციებისა თუ ინტერესების განხილვა.  სირიის კონფლიქტის ათვლის წერტილად 2011 წლის მარტი ითვლება, როდესაც საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.[1]

სირიის კონფლიქტი გასცდა შიდა პოლიტიკურ ჭრილს და მასში გარე აქტორებიც ჩაერთვნენ. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ თურქეთი მოგვევლინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიციებისა და მიზნების შესწავლა. თუ რატომ გადაწყვიტა სირიაში მიმდინარე მოვლენებში ჩართვა? რა კონკრეტული მიზნები ამოძრავებს? სწორედ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას ემსახურება სტატია. აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმის შესწავლა თუ როგორ აისახება  თურქეთის  ამჟამინდელი პოზიცია თურქეთ-სირიის სამომავლო ურთიერთობებზე. 2

თურქეთ-სირიის ურთიერთობებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ქურთი უმცირესობების  ფაქტორი. არსებობს მოსაზრება, რომ თურქეთის პოზიცია სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით უმთავრესად განაპირობა ქურთების პოზიციების შესაძლო გაძლიერებამ სირიის ტერიტორიაზე.3 შესაბამისად, სტატიის მიზანია გამოიკვეთოს კონკრეტულად რა როლი აქვს ქურთი უმცირესობების საკითხს თურქეთის ქმედებებში.

  1. სირიის კონფლიქტის წინაპირობები

2011 წლის საპროტესტო ტალღა, რომელიც „არაბული გაზაფხულის“ სახელით არის ცნობილი და რომლის შედეგადაც  თანამდებობა დატოვეს ეგვიპტისა და ტუნისის პრეზიდენტებმა, განიხილება სირიაში განვითარებული მოვლენების ერთგვარ სტიმულად, რადგან ამ „წარმატებულმა“ აჯანყებებმა იმედი და ბიძგი მისცა სირიის პრო-დემოკრატიულ აქტივისტებს. სირიაში ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წლის მარტში 15 ბიჭი დააკავეს და აწამეს სკოლის კედლებზე „არაბული გაზაფხულის“ მხარდამჭერი სლოგანებისა და ნახატების გამო. მათგან ერთ-ერთი, 13 წლის მოზარდი კი გარდაიცვალა სასტიკად წამების შედეგად. 4[2]

აღნიშნულ მოვლენებს მოჰყვა საპროტესტო ტალღა, რაზეც სირიის მთავრობამ, ბაშარ ალ-ასადის ხელმძღვანელობით,  ასობით დემონსტრანტის მკვლელობითა და დაკავებით უპასუხა. საპასუხოდ, 2011  წლის ივლისში სამხედრო მოსამსახურეებმა გამოაცხადეს „თავისუფალი სირიის არმიის“ ფორმირება, ამბოხებულები მიზნად ისახავდნენ სირიის მთავრობის დამარცხებას. სწორედ ამ მოვლენებმა მიიყვანა სირია იმ მდგომარეობამდე, რაშიც დღეს არის. 5

  1. გარე მხარების ჩართულობა კონფლიქტში

სირიის სამოქალაქო ომში მალევე ჩაერთვნენ გარე აქტორები, ასადის ძალებს მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ლიბანურმა დაჯგუფება-ჰეზბოლამ, ავღანურმა და ირანულმა სამხედროებმა. რაც შეეხება ოპოზიციურ ამბოხებულ ძალებს, მათ საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ. კერძოდ, მხარი დაუჭირა საუდის არაბეთმა, ყატარმა, ნატომ, მათ შორის, მთავარ აქტორებად მოგვევლინნენ აშშ და თურქეთი. ასე, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეები პირობითად შეგვიძლია დავყოთ 5 ჯგუფად: სამთავრობო ძალები, სირიის თავისუფალი არმია, ჯიჰადისტები, ისლამისტები და ქურთული ძალები.

რუსეთმა და ირანმა მხარი სამთავრობო ძალებს დაუჭირეს, შესაბამისად, განახორციელეს მთელი რიგი ერთობლივი ნაბიჯები სირიაში ასადის პოზიციების შესანარჩუნებლად. მოსკოვს რეგიონში მთელი რიგი სტრატეგიული ინტერესები აქვს-სამხედრო ბაზები, შეთანხმებები ნავთობის მწარმოებლებთან და რაც მთავარია, დასავლეთის დაშორება რეგიონთან, რაც ირანის ინტერესებსაც პასუხობს. თეირანი  სერიოზულ საფრთხედ განიხილავს სირიის შესაძლო „თალიბანიზაციას“ და ცდილობს ლიბანამდე შიიტური დერეფნის შექმნა-შენარჩუნებას. საუდის არაბეთი და კატარის გარკვეული წრეები ზურგს უმაგრებენ სირიის ისლამისტურ (არაჯიჰადისტურ) ოპოზიციას, რომელთა მიზანიცაა ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და დასჯა ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის. სპარსეთის ყურის სუნიტური სახელმწიფოების ინტერესები განპირობებულია პირველ რიგში, რეგიონში ირანის გავლენის ზრდის შემცირებით; მეორე მხრივ კი, მათში შიშებს აღძრავენ სუნიტი ჯიჰადისტებიც, რის გამოც შედიან ანტიტერორისტულ კოალიციაში. ეს ყველაფერი კი ძალიან აახლოებს მათ პოზიციას თურქეთის პოზიციასთან და ხშირად საუბარი მიდის კონფლიქტის მოგვარების თურქულ-არაბულ ვარიანტზე, რომლის არსიც შემდეგია-ტეროტორიის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლება და გარანტიების შექმნა, რომ „ჰიზბ-ალაჰმა“, ირანმა ან ალ-ასადმა მათი ადგილი ვერ დაიკავოს.6[3]

თურქეთს, ისევე როგორც სხვა ჩართულ აქტორებს, საკუთარი მიზნები აქვს კონფლიქტთან მიმართებაში. თურქეთ-სირიის პოლიტიკის მთავარი შემოქმედი თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავითოღლუ იყო, სწორედ მისი იდეა გახლდათ სირიაში ოპოზიციის მხარდაჭერა და ხელისუფლებიდან ასადის ჩამოშორება. თურქეთის მთავარ წუხილის წარმოადგენდნენ სირიის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთი უმცირესობები, რომლებიც კონფლიქტის შედეგად მოახერხებდნენ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და შესაძლოა  დამოუკიდებლობაც მოეპოვებინათ, რაც თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებისთვის ერთგვარი სტიმული იქნებოდა და საფრთხე დაემუქრებოდა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას. 7[4]

  1. სირიელი ლტოლვილები თურქეთში

სირიის კონფლიქტს მოჰყვა მილიონობით ლტოლვილი, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. მათ შორის, უდიდესი ნაწილი თურქეთში ეძებდა თავშესაფარს. 2011 წელს თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად იყო ლტოლვილების მისაღებად, ისინი არ აპირებდნენ „კარის ჩაკეტვას“ სირიელებისთვის. სწორედ თურქეთი იქცა ლტოლვილთა მიმღებ ნომერ პირველ ქვეყნად.

2018 წლის მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 3,5 მილიონი ლტოლვილი ჩავიდა სირიიდან, სირიელი ლტოლვილების 63,4 % სწორედ თურქეთს აფარებს თავს.  თურქეთში ლტოლვილების აღნიშნული რაოდენობა მნიშვნელოვნად განაპირობა  მასსა და ევროკავშირს შორის 2016 წელს დადებულმა გარიგებამ, რომლის მიხედვითაც, თურქეთი მისი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით უკანონო ლტოლვილთა შედინებას შეაჩერებდა. რა თქმა უნდა, ლტოლვილების ასეთი დიდი რაოდენობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის თურქეთს, ქვეყნის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია ეკონომიკასთან, პოლიტიკურ პლურალიზაციასთან, დემოგრაფიასთან, უსაფრთხოების საკითხებთან. შესაბამისად, გამკაცრდა თურქეთის პოლიტიკაც მიგრანტებთან მიმართებით. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები ლტოლვილების ქვეყანაში არ შეშვების. ამ ყველაფრის შედეგად იქმნება ერთგვარი კრიზისი. ერთი მხრივ, არის ლტოლვილების დიდი ნაკადი; მეორე მხრივ, თურქეთი, რომელსაც აღარ სურს მათი ქვეყანაში მიღება.8

  1. თურქეთის პოზიცია კონფლიქტში და ქურთების ფაქტორი

თურქეთი და სირია ურთიერთბრალდებებს გამოთქვამდნენ მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში თურქეთში 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დანაღმული ავტომანქანების აფეთქებას. აფეთქება ქალაქ რეიჰანლში მოხდა, იგი ჰატაის პროვინციაში მდებარეობს, სადაც სირიიდან გაქცეული ათასობით ლტოლვილი ცხოვრობს. სირიამ თურქეთს დააკისრა პასუხისმგებლობა და თქვა, რომ თურქეთმა საზღვრისპირა რეგიონები საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრად აქცია. თუმცა თურქეთის მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით სირიას დასდო ბრალი.9

თურქეთი ამერიკის მერ შექმნილ კოალიციას 2015 წლის ივლისში, თურქეთში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ შეუერთდა და მათ საკუთარ საჰაერო ბაზებზე წვდომის საშუალება მისცა. 2016 წლის აგვისტოში  კი, თურქეთმა ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და სპეციალური დანიშნულების ძალები ჩრდილოეთ სირიაში გააგზავნა, რათა თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები ტერორისტებისგან გაეთავისუფლებინა. 10

რაც შეეხება ქურთების ფაქტორს, ისინი მნიშვნელოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ თურქეთში, ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან სირიაში, ერაყსა და ირანშიც. ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა მემარცხენე სტუდენტების მიერ და რომელსაც სათავეში აბდულა ოჯალანი ჩაუდგა.  თურქეთში მათი პირველი მცდელობა სეპარატიზმისა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) აქტიურად ცდილობდა თურქეთისაგან გამოყოფას. რაც იყო ერთგვარი პასუხი იმ ჩაგვრაზე, რომელიც მათ მიმართ მიმდინარეობდა. ქურთული პრობლემის წარმოშობის მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ თურქეთი 1923 წლის, ლოზანას ხელშეკრულების საფუძველზე, არ აღიარებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების არსებობას. მასში ჩადებული ძირითადი დებულებების თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდნენ მხოლოდ რელიგიური და არა ეთნიკური უმცირესობები. 11 [5]

თურქეთი ბრალს სდებდა სირიას PKK-თვის მხარდაჭერაში. ამბობდა, რომ ისინი ამზადებდნენ ქურთ სამხედროებს თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თურქეთი აგრეთვე იმუქრებოდა სამხედრო მოქმედებების დაწყებით თუკი სირიაში გააგრძელებდნენ ოჯალანის მფარველობას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დათბა მას შემდეგ, რაც 1998 წელს დამასკოდან გააძევეს ოჯალანი და ოფიციალურმა სირიამ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა ქურთი მეამბოხეებისთვის თავშესაფრის მიცემას. 1999 წელს ხელი მოაწერეს „ადანას ხელშეკრულებას“, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას.12

სირიის კონფლიქტმა კი კვლავ წინა პლანზე წამოწია ქურთების საკითხი და კიდევ ერთხელ აქცია თურქეთისათვის „თავის ტკივილად“.

ქურთებს სურთ ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, ერაყის ქურთისტანის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სირიაში მოვლენების მსგავსი სცენარის გამეორების ალბათობამ ქურთული სეპარატიზმის საკითხს თურქეთისათვის  ეგზისტენციალური მნიშვნელობა  შესძინა. აღსანიშნავია, რომ სირიელი ქურთები თურქი ქურთების მოსაზღვრედ ცხოვრობენ და ერთ ქვეყანაში თუკი მოიპოვებენ დამოუკიდებლობას, დომინოს პრინციპით მეორეშიც გავრცელდება.13

სირიელმა ქურთებმა, რომლებიც სირიის ჩრდილოეთ მხარეს სახლობენ და საკუთარ თავს „როჟავას“ უწოდებენ, კონფლიქტის განმავლობაში ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მათი „უმაღლესი ქურთული საბჭოს“ დანაყოფები ერაყის ქურთისტანის თავდაცვის ძალების-ფეშმარგას დახმარებით ძირითადად ისლამურ სახელმწიფოს ებრძვიან. „როჟავას“ წამყვანი პოლიტიკური პარტია და სამხედრო ძალა „დემოკრატიული კავშირის პარტია“ კი მჭიდრო კავშირშია თურქეთის „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შესაბამისად, თურქეთი თვლის, რომ ერთი ტერორისტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება მეორესთან თანამშრომლობით. ქურთისტანის საკითხი გახდა დაპირისპირების საბაბი თურქეთ-აშშ-ს შორის და თურქეთს რუსეთთან თანამშრომლობსაკენ უბიძგა.14[6]

  1. თურქეთის ბოლოდროინდელი ქმედებები სირიაში

2018 წლის 20 იანვარს თურქეთმა მოკავშირე FSA-თან („თავისუფალი სირიის არმია“) ერთად აფრინის რეგიონში დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხლის რტო“, რითაც, თავის მხრივ, სირიაში მიმდინარე კონფლიქტი ახალ ფაზაში გადავიდა. კერძოდ, თუკი მანამდე გარე მხარეები ე.წ “proxy”-ების საშუალებით ბრძოლას ამჯობინებდნენ, აღნიშნული მოვლენის შემდეგ გაიზარდა დაინტერესებული ქვეყნების კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის ხარისხი. ანკარამ ოპერაციასთან დაკავშირებით ვერ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება. თურქეთმა ამ ოპერაციის განხორციელება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა: 15

  • თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფროდაუფრო კარგავდნენ პოზიციებს. რის საპირისპიროდაც, მდინარე ევფრატის დასავლეთით ძლიერდებოდა რუსეთისა და ირანის მოკავშირე ასადის რეჟიმი. მდინარის აღმოსავლეთით კი აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი პროქურთული ძალების პოზიციები. თურქეთისათვის ერთადერთი რეალური დასაყრდენი სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარის“ შედეგად დაკავებული დაახლოებით 2000 კვ. კმ ტერიტორია გახდა, რაც სირიის მხოლოდ 1,08 %-ს შეადგენს. შესაბამისად თურქეთს ჰქონდა განცდა, რომ „თამაშგარე მდგომარეობაში“ აღმოჩნდებოდა.
  • როგორც უკვე აღინიშნა, თურქეთი სირიაში მოქმედ ქურთებით დაკომპლექტებულ YPG-ს („სახალხო თავდაცვის ნაწილები“) განიხილავს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ PKK-ს გაგრძელებად. რაც თურქებში იწვევს შიშებს იმის შესახებ, რომ ქვეყნის გარშემო იქმნება ტერორისტული სარტყელი, რასაც მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.
  • თურქეთში ცხოვრობს 3,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი, რაც უამრავ პრობლემას ქმნის ქვეყანაში. აფრინის ოპერაციის შედეგად კი თურქეთი გამოთქვამს იმედს, რომ თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ე.წ „უსაფრთხოების ზონის“ ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი, სადაც ლტოლვილებს დაასახლებენ.

აფრინის ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული თურქული სამხედრო ავიაცია. აღსანიშნავია, რომ იქ საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებს, მას კი არაფერი მოუმოქმედებია თურქული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ. ასევე ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა თურქეთის გენშტაბის უფროსის, ჰულუსი აქარის, ვიზიტი მოსკოვში, ამ ყველაფრის შემდეგ კი ცხადი ხდება, რომ მხარეებს შორის შედგა კონკრეტული გარიგება.  გარკვეული ვარაუდები არსებობს, რომ აფრინის რეგიონის „გაცვლა“ მოხდა იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია HTS(„ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი) აკონტროლებენ. როგორც ვხედავთ, თურქეთი ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს ქურთების გაძლიერება სირიაში და არ აპირებს უკან დახევას. მანამ განაგრძობს ქმედებებს სირიაში, სანამ არ იქნება განეიტრალებული ქურთებისგან მომავალი საფრთხე. 16[7]

აგრეთვე, თურქეთი, როგორც სირიის მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულია სამეზობლოში სიტუაციის სტაბილიზაციით, რათა იყოს სიმშვიდე და რაც მთავარია, რეგიონი არ მოექცეს ტერორისტულ სარტყელში.

დასკვნა

თურქეთ-სირიას შორის ურთიერთობების განხილვა გულისხმობს თურქეთის პოზიციებისა და ქმედებების განხილვას სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში.

სირიის კონფლიქტი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამავდროულად საფრთხეა, თურქეთის უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხში.[8] წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, თურქეთის მთავარი შიშები უკავშირდება სირიის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთი უმცირესობების პოზიციების გაძლიერებას და მათ მიერ შესაძლო დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც ინერციით თურქეთში მცხოვრებ ქურთებშიც გავრცელდება და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაემუქრება საფრთხე. აგრეთვე, თურქეთს აშფოთებს სირიელი ლტოლვილების დიდი რაოდენობა ქვეყანაში და მათგან მომდინარე პოტენციური საფრთხე. 17

სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზები განაპირობებენ თურქეთის განსაკუთრებულ დაინტერესებას სირიაში მიმდინარე მოვლენებისადმი. სავარაუდოა, რომ მომავალშიც თურქეთი ყველანაირად ეცდება სირიაში ქურთების პოზიციების შესუსტებას და მზად იქნება ამას სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობებიც კი შეწიროს. იმ სიტუაციაში, რაც დღეს დღეისობით არსებობს სირიაში, რთულია საუბარი სირიასა და სხვა რომელიმე ქვეყანას, მათ შორის თურქეთს შორის  ურთიერთობების ნორმალიზაციაზე მანამ, სანამ თავად სირია არ „აღდგება მკვდრეთით“.

 

ავტორი: ლიკა ილურიძე

რედაქტორი: რატი ბახტაძე

 

[1] Aljazeera-Middle East. (14.04.2018). Syria’s civil war explained from the beginning. https://www.aljazeera.com/news/2016/05/syria-civil-war-explained-160505084119966.html

The National Interest. (01.04.2018). What’s Turkey Trying to Achieve in Syria?. https://nationalinterest.org/feature/whats-turkey-trying-achieve-syria-25162

3 Council on Foreign Relations. (21.12.2018). Syria’s Changing Power Grid: What Turkey Wants. https://www.cfr.org/article/syrias-changing-power-grid-what-turkey-wants

 4  Aljazeera-Middle East. (14.04.2018). Syria’s civil war explained from the beginning. https://www.aljazeera.com/news/2016/05/syria-civil-war-explained-160505084119966.html

5 BBC NEWS. (07.09.2018). Why is there a war in Syria? https://www.bbc.com/news/world-middle-east-35806229

6 გელოვანი, ა. (27.02.2017). სირიის კონფლიქტი. მხარეები და მათი ინტერესები. https://sputnik-georgia.com/reviews/20170227/235022359/siriis-konfliqtebi-mxareebi-da-mati-interesebi.html

7 The National Interest. (01.04.2018). What’s Turkey Trying to Achieve in Syria? https://nationalinterest.org/feature/whats-turkey-trying-achieve-syria-25162

8 Brookings. (19.06.2018). Syrian refugees in Turkey: Beyond the numbers. https://www.bbc.com/news/world-europe-20971100

9 რადიო თავისუფლება. (13.05.2013). სირია და თურქეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/syria-turkey/24985003.html

10 რადიო თავისუფლება. (13.05.2013). სირია და თურქეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/syria-turkey/24985003.html

11 BBC NEWS. (11.04.2016). Who are Kurdistan Workers’ Party (PKK) rebels? https://www.bbc.com/news/world-europe-20971100

12ამერიკის ხმა.(14.07.2016).თურქეთ-სირიის ურთიერთობები იცვლება. https://www.amerikiskhma.com/a/turkey-syria-relations/3417084.html

13 ქურთული სეპარატიზმი – როდემდე იქნება დამოკლეს მახვილი თურქეთის თავზე?   http://european.ge/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83  

14 The National Interest. (01.04.2018). What’s Turkey Trying to Achieve in Syria? https://nationalinterest.org/feature/whats-turkey-trying-achieve-syria-25162

15 ბატიაშვილი, ბ. (26.02.2018). თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში-ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში. https://www.gfsis.org/ge/blog/view/797

16 ბატიაშვილი, ბ. (26.02.2018). თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინში-ახალი ფაზა სირიის კონფლიქტში. https://www.gfsis.org/ge/blog/view/797

[8] The National Interest. (01.04.2018). What’s Turkey Trying to Achieve in Syria. https://nationalinterest.org/feature/whats-turkey-trying-achieve-syria-25162