E ISSN 2587-5396

თურქეთი და მისი სამეზობლო პოლიტიკა საბერძნეთსა და ბულგარეთში

05/02/2019 By yatage

თურქეთი და მისი სამეზობლო პოლიტიკა საბერძნეთსა და ბულგარეთში

შესავალი

თურქეთი  ტრანსკონტინენტალური ქვეყანაა ევრაზიაში, იგი ორ კონტინენტზე მდებარეობს და მისი უდიდესი ნაწილი აზიაშია განთავსებული. თურქეთს ევროპის აღმოსავლეთი და აზიის დასავლეთი ნაწილი უკავია, მისი ფართობი საკმაოდ დიდია ამიტომაც მას რამდენიმე მოსაზღვრე სახელმწიფო ჰყავს, ესენია: საბერძნეთი, ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, სირია. [1]

თურქეთი, მისი ხელსაყრელი მდებარეობის გამო მუდმივად ახერხებდა შავი ზღვის კონტროლს, იგი ერთ-ერთი ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოა თანამედროვე მსოფლიოში, არის ისეთი ორგანიზაციების წევრი როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, თურქეთს ასევე სურს ევროკავშირის წევრობაც.[2] ევროკავშირში შესვლა შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ისტორიულ მიზანსაც კი წარმოადგენს და შეადგენს მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას. თუმცა ამ პროცესს აფერხებს ისეთი საკითხები როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და უმცირესობების უფლებები.

ისტორიულად თურქეთს არაერთი დაპირისპირება ჰქონია მის მეზობელ სახელმწიფოებთან და  აღნიშნული დაპირისპირებები სხვადასხვა ფაქტორით (ტერიტრორიული, ეთნიკური…) იყო განპირობებული. მოცემულ სტატიაში დეტალურად განხილული იქნება თურქეთის სამეზობლო პოლიტიკა მის ორ მოსაზღვრე ქვეყანასთან:  საბერძნეთსა და  ბულგარეთში.

1. თურქეთისა და საბერძნეთის თანამედროვე ურთიერთობა

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში იცვლებოდა, ქვეყნებს შორის გაიმართა ოთხი ძირითადი ომი: 1. საბერძნეთ-თურქეთის პირველი ომი; 2. ბალკანეთის პირველი ომი; 3. პირველი მსოფლიო ომი  და 4. თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის.[3]

საბერძნეთი და თურქეთი ისტორიულად მეტოქეები იყვნენ, მათ შორის დაახლოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, რაც ძირითადად უსაფრთხოების საკითხით იყო განპირობებული, კერძოდ, თურქეთსა და საბერძნეთს არ სურდათ საბჭოთა კავშირის  ექსპანსიის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. 1952 წელს  ორივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდა. 1953 წელს თავად თურქეთმა, საბერძნეთმა და იუგოსლავიამ მეგობრობისა და თანამშრომლობის ე.წ. ბალკანეთის პაქტს მოაწერეს ხელი, რომლის მთავარ მიზანს საბჭოთა კავშირის შეკავება წარმოადგენდა. [4]

საბერძნეთსა და თურქეთს შორის დღემდე არსებობს ტერიტორიული დავები, ე.წ ეგეოსის დავა, 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების[5] მიხედვით ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს საბერძნეთის სუვერენიტეტის ქვეშ გადავიდა, ხოლო 1947 წლის პარიზის შეთანხმებით[6] დოდეკანესის არქიპელაგი დამარცხებულმა იტალიამ საბერძნეთს გადასცა. აღნიშნულ კუნძულებს შორის რამდენიმე დაუსახლებელი კუნძულია, თურქული მხარის განცხადებით მათზე არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ვრცელდება და მათ საკუთარ ტერიტორიებად, ე.წ ნაცრისფერ ზონად მოიხსენიებს. ერთ-ერთ კუნძულზე, რომელსაც თურქეთი ნაცრისფერ ზონაში თვლის ბერძნული გემის მიახლოვებამ მათ შორის ურთიერთობა დაძაბა,  თურქეთმა ბერძნები ტერიტორიული წყლების დარღვევაში დაადანაშაულა და საპასუხოდ ბერძნული კუნძულების საჰაერო სივრცის დარღვევა მოჰყვა.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის კიდევ ერთი ისტორიული პოლიტიკური დაპირისპირება კვიპროსის გაერთიანების საკითხია, 1974 წელს თურქეთმა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. მიუხედავად გაეროს მიერ არაერთი მოლაპარაკებისა აღნიშნული საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდა, და ამას გარდა თურქეთი ბერძნულ კვიპროსს საშუალებას არ აძლევს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სავარაუდო გაზის მოკვლევა აწარმოოს, თურქეთი თვლის რომ აღნიშნული წყლები ბერძნული კვიპროსის ნაწილს არ ეკუთვნის.

1952 წლის შემდეგ, 65 წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  მეზობელ სახელმწიფოს ეწვია.[7] როგორც ზემოთ უკვე ითქვა თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია და განპირობებულია არაერთი მიზეზით, რომელთაგან უმთავრესი მაინც 1974 წელს თურქული ჯარების მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირება, სადავო ეგეოსის ზღვაში დაუსახლებელი კუნძულები და ხმელთაშუა ზღვაში 2011 წელს ბერძენი კვიპროსელების მიერ აღმოჩენილი აფროდიტეს ბუნებრივი აირის რესურსია. გარდა ამ ისტორიული ფაქტებისა, 2016 წელს თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შედეგად საბერძნეთში გაქცეული სამხედრო პირების ექსტრადირებაზე ბერძნების უარი კიდევ უფრო ართულებს ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი  ურთიერთობის დამყარებას.

მეზობელი  ქვეყნების ლიდერების შეხვედრას რაიმე გადამწყვეტი როლი  არ ჰქონია, თუმცა გარკვეულ წილად გამოვლინდა ურთიერთობის დალაგების, „ყინულის გალღვობის“ სურვილი, დაიგეგმა საბორნე მიმოსვლა თესალონიკსა და იზმირის პროვინციას შორის, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა სტამბოლსა და თესალონიკს შორის და სასაზღვრო ხიდი თურქეთის იფსალასა და საბერძნეთის ქიფოის შორის.

თურქეთი მრავალი წელია ცდილობს ევროკავშირის წევრის სტატუსის მოპოვებას. ევროკავშირში თურქეთის შესვლას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, აქედან საბერძნეთი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კერძოდ კი კვიპროსი, რომელიც უკვე ევროპული გაერთიანების წევრია და „ჩრდილოეთ კვიპროსს“ მის ნაწილად მიიჩნევს, არ თანხმდება თურქეთის ევროკავშირში მიღებას.

ზემოხსენებული ისტორიული და თანამედროვე ფაქტები ცხადყოფს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაპირისპირება არსებობს. გარკვეული ნაბიჯები თურქი ლიდერების მხრიდან გადადგმულია და მათივე ინტერესებშია საბერძნეთთან ურთიერთობის დარეგულირება, თურქეთმა სამეზობლო პოლიტიკა შეარბილა მის მიმართ, თუმცაღა რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა სამართლებრივი ჩარჩოები ვერ მოხდებოდა ამ ქვეყნებს შორის რეგიონული ბალანსის დაცვა და მათ შორის არსებულ დაპირისპირებებს შესაძლოა უფრო სავალალო შედეგებიც გამოეწვია.

2. თურქეთისა და ბულგარეთის თანამედროვე პოლიტიკური ურთიერთობა

 თურქეთსა და ბულგარეთს მრავალწლიანი საერთო ისტორია აქვთ.  1908 წელს,[8] დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბულგარეთი უკვე თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აქტიურად უჭერდა მხარს, ცივი ომის პერიოდშიც ეს ორი ქვეყანა ერთ მხარეს იყო გაერთიანებული. მეოცე საუკუნის ბოლოს[9] მათ შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ქვეყნის ლიდერები ხშირად სტუმრობდნენ ოფიციალური ვიზიტებით ერთმანეთს, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ რაც ბულგარეთმა ტრადიციული თურქული სამოსით სიარული და საჯარო ადგილებში თურქულად საუბარი აკრძალა.[10]

თუმცა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მალევე გამოსწორდა. ბულგარეთი მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ამასთან, ორივე ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი წლების განმავლობაში იყვნენ. რეალურად ბულგარეთსა და თურქეთს ბევრი საერთო აქვთ როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრით. თურქეთისთვის ბულგარეთის მოკავშირედ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია იყო ვიდრე მასთან დაძაბული ურთიერთობა.

ბულგარეთისთვისაც მომგებიანი იყო თურქეთის მოკავშირეობა რადგან მას სურდა  ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება.  თურქეთს ჰყავს ძლიერი სამხედრო ძალა, შესაბამისად ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ მომგებიანი იყო მასთან მეგობრული ურთიერთობა და ასევე, მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა ბულგარეთს საშუალებას აძლევს განავითაროს ვაჭრობა.

დღესდღეობით, თურქეთსა და ბულგარეთს მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბულგარეთში გაიზარდა დემოკრატიულმა მაჩვენებელი, განვითარდა ეკონომიკა და ამ ყოველივემ მოცემულ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა  განავითარა.

თურქეთი მხარს უჭერდა ბულგარეთის ნატოში შესვლას, 2004 წლის  მარტში[11] ბულგარეთი გახდა აღნიშნული ორგანიზაციის წევრი, ხოლო 2007 წლის იანვარში[12] კი ევროკავშირის წევრის სტატუსიც მოიპოვა.

თურქეთ-ბულგარეთის სამეზობლო პოლიტიკაზე მსჯელობისას უნდა აღინიშნოს, რომ ბულგარეთში თურქი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 8.8%-ს,[13] რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზეც მიუთითებს. თურქეთს  დაახლოებით 2 ბილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს ბულგარეთში და ამ ქვეყანაში მისი 1500-მდე საშუალო და დიდი კომპანია ფუნქციონირებს.[14]

მოცემულ ქვეყანასთან თურქეთის დღევანდელი დამოკიდებულება ნათელია, მას არ აქვს ბულგარეთთან საბერძნეთისგან განსხვავებით სადავო საკითხები, მართალია წლების განმავლობაში იცვლებოდა მათ შორის ურთიერთობა თუმცა ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით აღნიშნული ორი ქვეყანა მოკავშირე სახელმწიფოებს წარმოადგენს და შესაბამისად თურქეთის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

დასკვნა

ზემოხსენებული ორი ქვეყნის მაგალითიც კი ნათლად წარმოაჩენს თუ როგორ იცვლებოდა თურქეთის დამოკიდებულება წლებთან ერთად მეზობელი ქვეყნების მიმართ.

თურქეთის ფართობი 783,562 კვადრატული კილომეტრია[15], მისი მოსახლეობის რაოდენობაც დაახლოებით 83 მილიონს[16] ითვლის, თვალშისაცემია მისი მაღალი განვითარების დონე როგორც კულტურული ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამასთან ერთად ევროკავშირისკენ მისწრაფების სურვილიც თურქი ლიდერებისთვის ნათელს ხდის რომ მეზობელ ქვეყნებთან მოკავშირეობა და მეგობრული ურთიერთობა უფრო პრიორიტეტულია.

ბოლო წლებში თურქეთის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ პრობლემას მისი მეზობელი ქვეყანა სირია წარმოადგენს, საკუთარი უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად სიირის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს წინ აღუდგეს მას. თურქეთი უსაფრთხოებისა თვალსაზრისით მრავალი პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგას, ქვეყანაში ლტოლვილების საკმაოდ დიდ რაოდენობაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ის თუ როგორ შეძლებს თურქეთი მათთან განმკლავებას დიდ გავლენას იქონიებს მეზობელი სახელმწიფოების უსაფრთხოებაზეც და ცხადია, საქართველოს ინტერესებშიცაა სტაბილური მეზობლის ყოლა.

საქართველოსთვის თურქეთი პარტნიორ და ნატოს წევრს სახელმწიფოს წარმოადგენს. თურქეთი ასევე მოსაზღვრე ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და ამდენად იგი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია საქართველოსა და ევროპას შორის.

ზემო თქმულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საქართველომ არა მარტო შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი თურქეთთან არამედ ყოველდღიურად აწარმოოს მოლაპარაკებები. ასევე აუცილებელია, რომ ქართველი პოლიტიკოსებს სიღრმისეულად უნდა ესმოდეთ თურქეთის როგორც გარე ისე შიდა პოლიტიკა.

 

ავტორი: მანო გიორგაძე

რედაქტორი: რატი ბახტაძე

 

 

[1] https://www.nationsonline.org/oneworld/map/turkey-map.htm ბოლო ნახვა: 13 იანვარი, 2019წ.

[2] https://www.bbc.com/news/world-europe-17988453 ბოლო ნახვა: 13 იანვარი, 2019წ.

[3] https://www.britannica.com/event/Greco-Turkish-wars ბოლო ნახვა: 18 იანვარი, 2019წ.

[4] http://opil.ouplaw.com/view/10.1093/law:epil/9780199231690/law-9780199231690-e588 ბოლო ნახვა: 18 იანვარი, 2019წ.

[5] https://www.britannica.com/event/Treaty-of-Lausanne-1923 ბოლო ნახვა: 18 იანვარი, 2019წ.

[6] https://www.britannica.com/topic/Treaty-of-Paris-1947 ბოლო ნახვა: 18 იანვარი, 2019წ.

[7] https://www.ctvnews.ca/world/leaders-of-turkey-greece-air-grievances-at-tense-conference-1.3710979 ბოლო ნახვა: 18 იანვარი, 2019წ.

[8] Demirtas-Coskun, B.,  Turkish-Bulgarian relations in the post-cold war era: the exemplary relationship in the Balkans, Bilnken University, 1999, 26

[9] Demirtas-Coskun, B.,  Turkish-Bulgarian relations in the post-cold war era: the exemplary relationship in the Balkans, Bilnken University, 1999, 26

[10] Demirtas-Coskun, B.,  Turkish-Bulgarian relations in the post-cold war era: the exemplary relationship in the Balkans, Bilnken University, 1999, 27

[11] http://www.mfa.gov.tr/relations-between-turkey-and-bulgaria.en.mfa ბოლო ნახვა: 19 იანვარი, 2019წ.

[12] http://www.mfa.gov.tr/relations-between-turkey-and-bulgaria.en.mfa ბოლო ნახვა: 19 იანვარი, 2019წ.

[13] http://www.mfa.gov.tr/relations-between-turkey-and-bulgaria.en.mfa ბოლო ნახვა: 19 იანვარი, 2019წ.

[14] http://www.mfa.gov.tr/relations-between-turkey-and-bulgaria.en.mfa ბოლო ნახვა: 01 თებერვალი, 2019წ.

[15] https://unstats.un.org/unsd/demographic/products/dyb/DYB2004/Table03 ბოლო ნახვა: 01 თებერვალი, 2019წ.

[16] http://www.worldometers.info/world-population/turkey-population/ ბოლო ნახვა: 01 თებერვალი, 2019წ.