E ISSN 2587-5396

04/01/2018 By yatage

ხალხთა თვითგამორკვევის უფლება და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სამართალში

ხალხთა თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც აღიარებულია გაეროს წესდებით. [1] თვითგამორკვევის უფლება არის იმ ძირითად პრინციპებს შორის ერთ-ერთი, რომელთა საფუძველზეც ფუნქციონირებს მთელისაერთაშორისო მართლწესრიგი. [2]

წესდებიდან გამომდინარე, ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისკენ. თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს ჯგუფურ უფლებას და მისი გამოყენებაც ხელმისავდომია არა კონკრეტული ინდივიდების, არამედ ხალხებისთვის.[3]

თვითგამორკვევის უფლების რეალური არსის განსაზღვრა წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას. პირველ რიგში, თავად უფლების განვითარების თანმხლები ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა მისი ინტერპრეტაციის ორიენტირები. მაგალითად, თუ 1960-იან წლებში თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენდა დეკოლონიზაციური პროცესების დამასაბუთებელ მთავარ არგუმენტს და განხორციელების მოქნილ ინსტრუმენტს, ამ გაგებით მან პოსტკოლონიური სამყაროსთვის მნიშვნელობა ფაქტობრივად დაკარგა, ვინაიდან დღეისთვის აღარ არსებობენ მეტროპოლიურ-კოლონიური რეჟიმები. ანუ, უფლების შინაარსი ისტორიულმა და სამართლებრივმა ტრანსფორმაციებმა “დააცარიელა” და საჭიროა მისი ხელახალი “შევსება” თანამედროვეობის შესაბამისად. ამ საჭიროებას განსაკუთრებულად მძაფრს ხდის დღეისთვის მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მაგალითად კატალონიის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ ესპანეთში, კოსოვოს სუვერენიტეტის საკითხი, რომლებიც პირდაპირ მოითხოვენ რეაგირებას თვითგამორკვევის უფლებიდან გამომდინარე.

სწორედ ამ დოქტრინალური და პრაქტიკული საჭიროების გამო, სამეცნიერო იურიდიულ წრეებში აღნიშნული თემა გახდა მეტად აქტუალური განხილვის საკითხი. წინამდებარე რეფერატიც ორიენტირებულია წვლილი შეიტანოს თვითგამორკვევის უფლების სწორად გააზრების პროცესში. ამ მიზნით, პირველ რიგში, მიმოხილულია უფლების განვითარების ისტორიული და პოლიტიკური ფონი XIX საუკუნიდან  მოყოლებული დეკოლონიზაციის ჩათვლით, ის ცვლილებები, რაც პოსტკოლონიურ და ცივი ომის შემდგომ პერიოდში ცნებამ განიცადა, მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები. ამ მსჯელობის ფარგლებში გამოკვეთილია ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტერმინ “ხალხის” ლეგალური განსაზღვრების არარსებობა, თვითგამორკვევის უფლების კონკურენცია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობა, გამოყოფის უფლებისადმი კავშირის განუსაზღვრელობა და სხვ. ნაშრომში მოცემულია მათი შეფასების ავტორისეული პოზიცია და დასახულია პრობლემის გადაჭრის გეგმა შიდა თვითგამორკვევის უფლებასა და მისი განხორციელების ლეგალური სტანდარტების განსაზღვრის გზით შესაბამისი პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.

  1. თვითგამორკვევის ცნების წარმოშობა. თვითგამორკვევის ცნების განვითარება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან პირველ მსოფლიო ომამდე

 

თვითგამორკვევის უფლება, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი, პირველად გარკვევით ნახსენები იქნა 1945 წელს – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მეორე მუხლის პირველ პარაგრაფსა და 55-ე მუხლში, თუმცა მხოლოდ ერთა შორის მეგობრული დამოკიდებულების კონტექსტში. [4]გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაციით “ კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ” გაფართოვდა თვითგამორკვევის სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსი, ხოლო 1966 წლიდან ხალხთა თვითგამორკვევის უფლება რეგლამენტირებულ იქნა, როგორც ადამიანთა კოლექტიური უფლება, რომელიც განურჩევლად ყველა ადამიანს გააჩნია ყველა დროსა და ადგილას.[5] თვითგამორკვევის ცნებას, სანამ ის შეიძენდა სამართლებრივ მნიშვნელობას და მოხდებოდა მისი გამოყენების გლობალიზაცია, გააჩნდა ძირითადად პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა. თვითგამორკვევა, როგორც ტერმინი, პირველად გამოყენებულ იქნა მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, თუმცა რთულია ერთი ფუნდამენტური წერტილის პოვნა, საიდანაც თვითგამორკვევის ცნების გამოყენების ზუსტ საწყისს განვსაზღვრავთ. ამასთან, არ არის  დადგენილი ის ენა ,რომელზეც პირველად მოხდა ამ ცნების ფორმულირება. აგრეთვე პრაქტიკულად  შეუძლებელია ტერმინის ჩამოყალიბების სწორი ქრონოლოგიის განსაზღვრა, რადგან თვითგამორკვევის ცნება შეიქმნა არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენის შედეგად, არამედ მრავალი სხვადასხვა ტენდენციის ზეგავლენით.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ბურჟუაზიული ნაციონალიზმის განვითარებასთან ერთად, ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ერების დამოუკიდებლობისა და მათთვის სუვერენული უფლებების მინიჭების საკითხი დადგა. საერთო პოლიტიკურმა  კლიმატმა შექმნა ნიადაგი ახალი კონცეფციების ჩამოყალიბებისთვის. ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, რუსეთისა და თურქეთის იმპერიების მიერ ასიმილაციური პოლიტიკის მზარდი განვითარების ფონზე იზრდებოდა ავტონომიისა და თვითმმართველობის მოთხოვნა.[6] სწორედ ამ პერიოდში უნგრელი ნაციონალისტი პოლიტიკური მოღვაწე ლაიოს კოსუტი აღნიშნავდა, რომ არსებობს “ერების თვითგანკარგვის სუვერენული უფლება” და რომ ეს უფლება არის “კაცობრიობის საერთო კანონი”.[7]  ის არ ახსენებდა ტერმინ “თვითგამორკვევას”, თუმცა, როგორც იმ პერიოდის სხვა ნაციონალისტი პოლიტიკოსების მოსაზრებებში, მის ნაშრომებშიც, იკვეთებოდა თვითგამორკვევის ცნების კონცეპტუალური საფუძვლის შექმნის მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ მზარდმა ნაციონალიზმმა უდიდესი როლი ითამაშა თვითგამორკვევის ცნების სუბსტანციის შექმნაში, თვითგამორკვევა ინტენსიური დებატებისა და აქტიური პოლიტიკის ნაწილი გახდა არა ნაციონალისტურ-კონსერვატული ჯგუფების , არამედ ინტერნაციონალისტური შრომის მოძრაობის ძალისხმევით. რუსეთისა და ჰაბსბურგის მულტინაციონალისტური იმპერიები ევროპის სხვა სახელმწიფოების მემარცხენე პარტიებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი დებატებში ერების თვითგამორკვევის უფლების ფორმირების და მისი მნიშვნელობის შესახებ. სოციალ-დემოკრატიული და მარქსისტული ძალების ინტენსიური მცდელობები განპირობებული იყო ამავე ძალების ინტერნაციონალისტური ინტერესებით და მიზნებით- თავიდან აეცილებინათ ერებს შორის დაპირისპირება, შეერიგებინათ  და შემოერთებინათ ისინი კლასობრივ ბრძოლაში.

რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთში ნაციონალისტური იდეების ინტენსიური გავრცელების პარალელურად დაიწყო სოციალ-დემოკრატიული ძალების მობილიზაცია. ორივე სახელმწიფოში სოციალ-დემოკრატების ძირითად მიზანს “ეროვნული შეკითხვის” გადაწყვეტა წარმოადგენდა. “ეროვნული შეკითხვის” იდეის პრაქტიკული განხორციელება ერთი ეროვნებისგან შემდგარი ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის წინაპირობა იყო.

ავსტრიულ სოციალ-დემოკრატიაში დომინანტი პოზიცია ეკავა ავსტრო-მარქსიზმს, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები ოტო ბაუერი და კარლ რენერი თვითგამორკვევის უფლებას მიიჩნევდნენ ადამიანის ინდივიდუალურ უფლებად, შეინარჩუნოს კულტურული იდენტობა. რუს ბოლშევიკებს  განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. ისინი თვლიდნენ, რომ თვითგამორკვევა არის არა ადამიანის ინდივიდუალური უფლება, არამედ ხალხის უმაღლესი კოლექტიური უფლება, იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული. ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორი ავსტრიულ და ბოლშევიკურ კონცეპტებს შორის ისიც იყო, რომ ბოლშევიკებს აინტერესებდათ უფლება ზოგადად და არა მისი პრაქტიკული რეალიზაცია, ესე იგი, ისინი ხალხს არ თვლიდნენ ვალდებულად განეხორციელებინათ ეს უფლება, განსხვავებით ავსტრიელი მარქსისტებისგან.

შეიძლება ითქვას, რომ თვითგამორკვევის ცნებას მისი წარმოშობიდან პირველ მსოფლიო ომამდე ჰქონდა ,ერთი მხრივ ნაციონალისტურ-დეცენტრალისტური, ხოლო მეორე მხრივ- კლასობრივი მნიშვნელობა.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ევროპელი ნაციონალისტები მწვავედ აყენებდნენ სახელმწიფოთა და ერთა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხს. რუსი და ავსტრიელი სოციალისტები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი “ეროვნული შეკითხვის” აქტუალიზაციისა და თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის საქმეში. მათ ამ დისკუსიებში განავითარეს თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული კონცეპტები და რაც მთავარია, შექმნეს წინაპირობები, რომლის საფუძველზეც თვითგამორკვევის უფლება გახდა მეოცე საუკუნის ცენტრალური პოლიტიკური და სამართლებრივი კონცეფცია.

  1. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებები განსაზღვრული იყო დამარცხებული ქვეყნების დასასჯელად და ევროპის ახალი რუქის შესადგენად, რათა მიღწეული ყოფილიყო მუდმივი და გრძელვადიანი მშვიდობა ამ ზონაში. საბოლოო ჯამში, „დამარცხებული” ქვეყნების ტერიტორიების ხარჯზე შეიქმნა ახალი და გაფართოვდა ძველი სახელმწიფოები, რაც უზრუნველყოფდა ძალთა გრძელვადიან ბალანსს რეგიონში. თვითგამორკვევის უფლება და მისი რეალიზაციის პერსპექტივები სწორედ ამ გლობალურ მოვლენათა ეპიცენტრში ისახებოდა. სწორედ ამ პერიოდში  რუსი ბოლშევიკების ლიდერმა, ვლადიმირ ლენინმა, და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, უიდრო უილსონმა უდიდესი წვლილი შეიტანეს თვითგამორკვევის უფლებაზე დისკურსის განვითარებაში.[8] 1903-1917 წლებში ლენინი “ერების თვითგამორკვევის უფლების” კონცეპტის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ აქტიურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს. იდეოლოგიური თვალსაზრისით, მისი დისკურსი მარქსისტული აზროვნების პროდუქტი იყო. მართალია, თვითგამორკვევის შესახებ ლენინის თავდაპირველი ნაშრომები ეხებოდა ძირითადად რუსეთის იმპერიის საზღვრებს შიგნით არსებული ერების მდგომარეობის პოლიტიკურ საკითხს, თუმცა უფრო გვიანდელ პერიოდში, მან გაზარდა თვითგამორკვევის ცნების არეალი და ის დააკავშირა პირველი მსოფლიო ომისა და იმპერიალიზმის პოლიტიკურ თეორიებთან. [9] კოლონიურ ერების მიმართ თვითგამორკვევის უფლების მოთხოვნის გავრცელებამ  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოლშევიკური პროპაგანგის გაძლიერებაში. ლენინი აღნიშნავდა: “ევროპელებს ხშირად ავიწყდებათ, რომ კოლონიური ხალხებიც ერები არიან”.[10]  სწორედ იმპერიალიზმთან, კოლონიალიზმთან და ბურჟუაზიულ კაპიტალიზმთან  ბრძოლის სახელით მოხდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია, რომლის შედეგადაც დაემხო რუსეთის იმპერია და ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები, რომელთაც მუშათა კლასის საერაშორისო სოლიდარობის მოპოვების მიზნით უარყვეს და შეწყვიტეს არა-რუსი ხალხის შევიწროების ცარისტული პოლიტიკა. 1917 წლის ნოემბერში მათ გამოსცეს “რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაცია”, რომელიც აღიარებდა ყველა ხალხის თანასწორობასა და სუვერენობას, ცნობდა რუსეთის ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის ჩათვლით. სეცესიისა და თვითგამორკვევის უფლების აღიარების საფუძველზე, საბჭოთა რუსეთმა ცნო რუსეთის იმპერიის ყოფილი “ოკრაინების” , ფინეთის, უკრაინის, ბელორუსიის,საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ხორეზმის, ბუხარის გამოყოფის უფლება. მაგრამ შემდგომ პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ უარყო მის მიერვე გამოცხადებული პრინციპები, რაც გამოიხატა დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიულ საგარეო პოლიტიკაში, რომელიც  საქართველოსა და კიდევ სხვა სუვერენული სახელმწიფოების ფაქტობრივი ანექსიით დამთავრდა. თვითგამორკვევის უფლებით ბოლშევიკური მანიპულაციები ეფუძნებოდა ლენინის მიერ განვითარებულ შეხედულებებს, რომლებსაც თავდაპირველად ანტი იმპერიალისტური, ემანსიპაციური ხასიათი ჰქონდა, თუმცა როგორც გამოჩნდა დროთა განმავლობაში, ბოლშევიკთა მიერ ხელისუფლების ხელში  ჩაგდების შემდეგ, ამ შეხედულებებმა რადიკალურად განსხვავებული პრაქტიკული განხორციელება ჰპოვა.

ძველი იმპერიების მსხვრევას მოჰყვა უფრო პატარა სახელმწიფოების შექმნა. მცირე ყურადღება ეთმობოდა ფიზიკურ საზღვრებს, რის შედეგადაც შეიქმნა მეტნაკლებად ხელოვნური რუქა, სადაც ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნდა დაცვისათვის მოსახერხებელი, ბუნებრივი საზღვრები.

ახალ ევროპაში საზღვრების დადგენისას ეროვნულობის პრინციპის გათვალისწინებას ზოგჯერ მიიჩნევენ თვითგამორკვევის თანამედროვე ცნების წინაპირობად.

1918 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, უიდრო უილსონმა, მოახდინა თვითგამორკვევის კონცეპტის ინტერნაციონალიზაცია. მან ყურადღება გაამახვილა თვითგამორკვევის მორალურ განზომილებაზე.  თვითგამორკვევის ცნების შესახებ უილსონის საერთაშორისო დისკურსის გარეშე ალბათ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა თვითგამორკვევის უფლების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია და კოდიფიკაცია საერთაშორისო სამართალში. [11]თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ცნობილი გეგმის – ე.წ. „თოთხმეტი პუნქტის” („Fourteen Points”) არც ერთ ეტაპზე თვითგამორკვევა ნახსენები არ ყოფილა.  საკამათოა აზრი იმის შესახებ, რომ უილსონის თეორია თვითგამორკვევასთან დაკავშირებით საფუძვლად უდევს თვითგამორკვევის თანამედროვე ცნებას და გაერო-ს მიერ გაკეთებულ განმარტებას ამ იდეასთან დაკავშირებით, მაგრამ, აშკარაა თვითგამორკვევის ცნების აქტუალიზაციის საკითხში უილსონის უდიდესი წვლილი.

საინტერესოა, ერთა ლიგის პოზიცია თვითგამორკვევის უფლებასა და მისი განხორციელების შესაძლებლობებზე.

ერთა ლიგამ 1919 წელს განიხილა თვითგამორკვევის ცნება, მაგრამ ეს არ არის ნახსენები პაქტში, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა.

მოგვიანებით, ალანდის კუნძულების საკითხის განხილვისას, ერთა ლიგისათვის გაკეთებულ სპეციალურ ანგარიშში, მომხსენებელთა კომიტეტმა განაცხადა: „გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, ეს პრინციპი არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმა … ეს არის სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპი … აღიარება ეროვნული უმცირესობებისა, მათი ენისა ან რელიგიისა, ანდა აღიარება მოსახლეობის რომელიმე პატარა ნაწილის უფლებისა, გამოეყოს საზოგადოებას, რომლის შემადგენლობაშიც ის შედის, რადგან მას ეს ასე სურს ან ასე სიამოვნებს, იქნებოდა წესრიგისა და სტაბილურობის დარღვევა სახელმწიფოებში და ანარქიის გამეფება საერთაშორისო ცხოვრებაში”.[12] 1919 წელს ერთა ლიგის სტატუტის ძალით, ყველა კოლონია, რომელიც ჩამოერთვა დამარცხებულ გერმანიას და რამდენიმე თურქული პროვინცია ( არაბულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობით) სპეციალური შეთანხმების საფუძველზე გადაეცემოდა ანტანტის მონაწილეებს მეურვეობისთის, “რადგანაც თვით კოლონიის ხალხებს არ შესწევდათ უნარი დამოუკიდებლად ეხელმძღვანელათ თავიანთი თავისათვის”.[13] ფაქტობრივად დაწესდა კოლონიური სისტემის ახალი სახეობა. პოლიტიკური მიზნები უზომოდ ბევრი იყო, „ხალხის” ნების გათვალისწინება კი თითქმის არ ხდებოდა. “გამარჯვებული” ქვეყნების უკანონო გადაწყვეტილებები ზიანს აყენებდა “დამარცხებული” და პატარა ერების ინტერესებს, თვითგამორკვევა კი წარმოადგენდა მხოლოდ პოლიტიკურ იარაღს ამგვარ გადაწყვეტილებათა გასამართლებლად.

როგორც ვხედავთ, თვითგამორკვევის ცნების განვითარებას ჰქონდა სხვადასხვა ისტორიული საფუძველი. პირველად ეს ცნება გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში , ნაციონალური სახელმწიფოების აღმოცენების კვალდაკვალ. შემდგომ მან განიცადა ტრანსფორმაცია და საერთაშორისო კლასობრივი ბრძოლის ინსტრუმენტი გახდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თვითგამორკვევის კონცეპტმა ინტერნაციონალური მნიშვნელობა მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ არსებული კოლონიალიზმის ფარგლებში ვერ მოხდა ამ ცნების სამართლებრივ დონეზე აყვანა და მისი გლობალიზაცია.

  1. დეკოლონიზაცია და თვითგამორკვევის უფლება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1945 წლის წესდების პირველი მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიზნად ისახავს “ განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერებს შორის ხალხების თანაბარუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, აგრეთვე მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად”.  აგრეთვე წესდების 55-ე და 56-ე მუხლებით დადგენილია ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგარმორკვევის პრინციპის პატივისცემაზე დამყარებულ ერებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობისათვის აუცილებელი სტაბილურობისა და კეთილდღეობის პირობების შექმნის მიზანი და ორგანიზაციის ყველა წევრის ვალდებულება, იმოქმედოს ორგანიზაციასთან თანამშრომლობით 55-ე მუხლში მითითებული მიზნების მისაღწევად.  ამით თვითგამორკვევის პრინციპი შევიდა საჯარო საერთაშორისო სამართლის სამყაროში და მისი გარანტირებული გამოყენება აუცილებელი ვალდებულება გახდა წევრი სახელმწიფოსათვის. [14] გაერო-ს ჩარჩოებში თვითგამორკვევის პრინციპის უფლების სახით ფორმულირების აუცილებლობა გამოწვეული იყო სურვილით, ბოლო მოღებოდა კოლონიალიზმს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითგამორკვევის უფლება არ იქნა შეტანილი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლონიალიზმთან ბრძოლა და მისი დამარცხება მთელი  საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენდა. გაეროს წესდებით თვითგამორკვევის უფლება გახდა საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი. გაეროს მომდევნო აქტებმა კი ხორცი შეასხეს ამ პრინციპს და დააკონკრეტეს მისი შინაარსი.[15]

ყოველი ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლების შინაარსი ჩამოყალიბებულია 1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაციაში “კოლონიური ხალხებისა და ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ” და გენერალური ასამბლეის 1962 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში (გენერალური ასამბლეის რეზოლ. 1514(XV)) რომლის მიხედვითაც “ ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისაკენ.” (დეკლარაცია 2). თუმცა აქვე ნახსენებია, რომ პირველხარისხოვანია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი (დეკლარაცია 7): გაერო იშვიათად აცალკევებს ამ ორ პრინციპს. ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პატივისცემის ვალდებულებას ხაზი გაესვა საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან დაკავშირებულ გენერალური ასამბლეის დეკლარაციაში „სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ”,  რომელიც შემუშავებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1970 წლის წესდების შესაბამისად (გენერალური ასამბლეის რეზოლ. 2625(XXV)) და რომელშიც გენერალურმა ასამბლეამ გააკეთა საზეიმო განცხადება „თანასწორ უფლებებთან და ხალხთა თვითგამორკვევასთან” დაკავშირებული პრინციპების თაობაზე, რომელთა განვითარება როგორც გაერთიანებული ძალებით, ისე ცალკე ქმედებებით ყველა სახელმწიფოს ვალია.

გაერო-ს 1970 წლის დეკლარაციამ საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, აგრეთვე ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტი განსაზღვრავენ ხალხთა და ერთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლებას, როგორც ყველა ხალხის უფლებას თავისუფლად, გარედან ჩაურევლად განსაზღვროს თავისი პოლიტური სტატუსი და ახორციელებდეს თავის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას და თითოეული სახელმწიფო მოვალეა პატივს სცემდეს ამ უფლებას წესდების დებულებათა შესაბამისად. [16]

კოლონიალიზმის პერიოდშ თვითგამორკვევის უფლებამ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი ერების გათავისუფლებაში, თუმცა საინტერესოა რა განვითარება ჰპოვა ამ უფლებამ პოსტკოლონიალურ პერიოდში, როცა მისი კლასიკური სუბიექტები, კოლონიების სახით, პრაქტიკულად აღარ არსებობდნენ.

3.1 ცნების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლემები პოსტკოლონიალიზმის ხანაში

კლასიკური გაგებით, ერთა თვითგამორკვევის უფლება ვრცელდებოდა გაეროს არათვითმმართველ, სამეურვეო და სამანდატო ტერიტორიებზე,[17] თუმცა მას შემდეგ, რაც დეკოლონიზაციის პროცესის შედეგად ამ ტერიტორიულ ერთეულებზე მცხოვრებმა ხალხებმა დამოუკიდებლობის მოპოვების გზით მოახერხეს თვითგამორკვევის უფლების განხორციელება, უფლებამ ფაქტობრივად შინაარსი დაკარგა, რადგან აღარ არსებობდა ამ უფლების რეალური სუბიექტი. სწორედ ამიტომ, პოსტკოლონიურ პერიოდში დაიწყო დებატები იმის შესახებ, უნდა მიგვეღო თვითგამორკვევის უფლება, ისეთი როგორიც იყო ის 1960 წლამდე პერიოდში, თუ უნდა მოგვეხდინა მისი ინტერპრეტაცია თანამედროვე ვითარების გათვალისწინებით. 1960 წლამდელი დეფინიციის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპი მოგვევლინებოდა, როგორც ე.წ. “მკვდარი ნორმა” და რუდიმენტი, რადგან აღარ არსებობდა კოლონიები, სამანდატო და არათვითმმართველი ტერიტორიები.[18] სამართლებრივი აზრი და მსოფლიოში არსებული სოციალური განწყობილება განვითარდა საპირისპიროდ და დაიწყო თვითგამორკვევის უფლების ფართო ინტერპრეტაცია, რასაც კომპლექსური ხასიათი მიანიჭა იმ ფაქტმაც, რომ არც ერთ დოკუმენტში ნათლად არ არის განსაზღვრული “ხალხის” ის კატეგორია, რომელსაც უფლებით სარგებლობა შეუძლია, ამიტომ უფლებით სარგებლობას მოითხოვენ როგორც გარკვეულ ტერიტორიებზე მცხოვრები მკვიდრი უმრავლესობა, ასევე ეთნიკური, რელიგიური და კულტურული უმცირესობების წარმომადგენლები.[19] ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კონფლიქტები გარდაუვალია, ვინაიდან ცოტაა ისეთი ხალხი, ვისაც უკავია მთლიანი ტერიტორია. ამ შემთხვევაში თვითგამორკვევის უფლება კოლიზიაში მოდის  საერთაშორისო სამართლის მეორე ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორიცაა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის პრინციპი. ამ პრინციპის გამოყენების მცდელობიდან მომდინარე სიძნელეები მომდინარეობს იმ პარადოქსიდან, რომ ის იცავს და ამავე დროს პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს და შეუძლებელს ხდის პატრიოტულ და სეპარატისტულ აზროვნებას შორის ზოგადი განსხვავების დადგენას.[20] ამასთანავე, უფლების სუბიექტია “ხალხი”, ანუ უფლებით სარგებლობა შეუძლია არა ინდივიდს ან რომელიმე სეპარატისტულ ჯგუფს, არამედ ისეთ ერთობას, რომელიც იდენტიფიცირდება “ხალხად”, ამ ტერმინის იდენტიფიცირების მცდელობის მიუხედავად, სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმება, ფაქტობრივად, არ არსებობს. დეკოლონიზაციის პერიოდში, როცა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდა კონკრეტული კოლონიის მთელ  ტერიტორიაზე მცხოვრები ინდივიდების ძირითადი ნაწილი, მათი “ხალხად” მიჩნევის პრობლემა დღის წესრიგში არ დგებოდა, თუმცა დღეს, როცა თვითგამორკვევის უფლების გამოყენებას მოითხოვენ  რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული უმცირესობათა ჯგუფები, თვითმოგაცხადებული სეპარატისტული რეჟიმები და სხვადასხვა ნიშნით გაერთიანებული კოლექტივები, დგება საკითხი, რამდენად წარმოადგენენ ისინი “ხალხს” და შესაბამისად, აქვთ თუ არა თვითგამორკვევის უფლება. [21]

  1. არაკოლონიური თვითგამორკვევის უფლების არაერთგვაროვანი გამოვლინებები

თვითგამორკვევის უფლების ერთგვაროვან ინტერპრეტაციას განსაკუთრებულად ართულებს თავად გაეროს არათანმიმდევრული დამოკიდებულება მისი შინაარსისადმი, რაც პირველ რიგში სრულყოფილი დოკუმენტისა და მარეგულირებელი ნორმების არარსებობაში გამოიხატება. ასევე, ხშირად გამოითქმის გაეროს მიმართ კრიტიკა, რომ მან თვითგამორკვევის დოქტრინის კომპრომატირება მოახდინა და ორმაგი სტანდარტების გამოყენებით განსაზღვრავს უფლების სუბიექტებს.[22] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრაქტიკა გვკარნახობს, რომ თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ „კლასიკურ” კოლონიებს – ევროპული ქვეყნების ბატონობის ქვეშ მყოფ „მესამე სამყაროს” ერებს, თუმცა მან თვითგამორკვევის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა პალესტინასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომლებიც არ წარმოადგენდნენ “კლასიკურ” კოლონიებს. ასევე, მათთვის უფლების მინიჭებისას, ზუსტად არ განსაზღვრულა რომელ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხებს მიემართებოდა ეს უფლება. პალესტინის შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგულისხმდებოდა, რომ ეს იყო ღაზას სექტორი, იერიქონის რაიონი და პალესტინის დასავლეთ სანაპირო, რომლებიც 1967 წლიდან მოყოლებული ისრაელის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა სამართლებრივად ისრაელის ნაწილს არ წამოადგენდა. [23]ამ საკითხთან დაკავშირებული 1970 წლის რეზოლუცია პალესტინისთვის იძლეოდა სხვაგვარი ინტერპრეტაციების შესაძლებლობასაც, ანუ გაეროს ქმედებები აქაც არ ყოფილა ნათელი და განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და პალესტინისთვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭებამ პრობლემას ძალზე მწვავე ხასიათი შესძინა, რადგან გაერომ სხვა არაკოლონიურ ხალხებს კანადაში, ავსტრალიასა და ბალკანეთში ეს უფლება არ მიანიჭა იმაზე მითითებით, რომ ისინი არ წარმოადგენენდნენ “კლასიკურ” კოლონიურ ერთეულებს. აღსანიშნავია, რომ გაერომ ჰონკ-კონგი და მაკაუ აღიარა ჩინეთის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენელ ნაწილებად, ხოლო შემდგომ ინგლისისა და პორტუგალიის საიჯარო ტერიტორიებად  ისე, რომ არცერთხელ არ მომხდარა აქ მცხოვრები ხალხების თვითგამორკვევის უფლების ხსენება, მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ კონგი ინგლისის, ხოლო მაკაუ პორტუგალიის კოლონიას წარმოადგენდა კოლონიალიზმისა და იმპერალიზმის ხანაში. [24]

თვითგამორკვევის უფლების არსს ეწინააღმედეგება გაეროს შემდეგი ნაბიჯიც: ჩრდილოეთ და სამხრეთ კამერუნის სამეურვეო ტერიტორიებს მიეცათ მხოლოდ ორი არჩევანის უფლება: დამოუკიდებლობა ნიგერიის ფარგლებში და დამოუკიდებლობა ყოფილი საფრანგეთის კამერუნის ფარგლებში. არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გახდომას. საბოლოო ჯამში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კამერუნელი ხალხი კიდევ ერთხელ მოხვდა „უცხო” ქვეყნის მმართველობის ქვეშ. შედეგად დეკოლონიზაციის ნაცვლად მივიღეთ ხელახალი კოლონიზაცია. გაეროს პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი მიზანია თვითგამორკვევის უფლების ფარგლები კოლონიებთან მიმართებაში განიხილოს და ამით უზრუნველყოს თანამედროვე სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოება სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურების წინასწარი პრევენციის გზით, თუმცა იგი ხშირად არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებს თვით ყოფილი კოლონიების მიმართაც კი, სავარაუდოდ,  პოლიტიკური და სოციალური ვითარებების შესაბამისად, რაც უფლების სამართლებრივი შეფასებისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის.

  1. თვითგამორკვევის უფლების მიმართება გამოყოფის უფლებასთან

თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისა და მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგი შეიძლება იყოს უფლების მატარებელი ხალხის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის ასიმილაცია სხვა სახელმწიფოში, ავტონომიის ან შეზღუდული დამოუკიდებლობის სხვა ფორმის მოპოვება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ანუ გამოყოფა (სეცესია).[25] გაეროს წესდება, 1960 წლის დეკლარაცია, 1984 წლის სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და უფლების განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტები არ ითვალისწინებენ თვითგამორკვევის უფლების განხორციელების შესაძლო და დასაშვებ სამართლებრივ შედეგებს,ისინი მხოლოდ უთითებენ უფლების არსებობის ფაქტს.  ლოგიკურია, რომ უფლების ქონას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი არსებობს მისი განხორციელების გზა მიმართული კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ. მოცემულ შემთხვევაში განხორციელების ერთ-ერთი გზა შეიძლება  იყოს სეცესია, ხოლო მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგი – ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს პერსპექტივა მეტად პრობლემურია, რადგან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა გაეროს წესდებაში საკმაოდ ნათლადაა დაფიქსირებული. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იმპლიციტურად ივარაუდება, რომ თვითგამორკვევის უფლება არ უნდა გულისხმობდეს სეცესიის უფლებას, რადგან ეს სახელმწიფოთა, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტთა სტაბილურობასა და ერთიანობას უდიდეს ზიანს მიაყენებს, არ არსებობს რაიმე ამკრძალავი ნორმა, რომელიც სეცესიის შედეგად წარმოშობილი სახელმწიფოს სამართლებრივ ბათილობას გამოიწვევს. 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საერთაშორისო მართლმსაჯულების სარეკომენდაციო დასკვნაში ეწერა, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები, რადგან არ არსებობს ნორმა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ ქმედებას. მიუხედავად ამისა, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართალი განსაკუთრებით განიცდის პოლიტიკურ ზეგავლენებს. გაეროსა და მისი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური ნება ცალსახად ზღუდავს და ეწინააღმდეგება სეცესიის უფლების ლეგალურად ცნობას. ამ ნების გამომხატველია გაეროს 1960 წლის #1514 დეკლარაცია, რომელიც ამბობს: “ნებისმიერი მცდელობა, რომლის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი ან სრული დარღვევა, ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა და პრინციპებს. “[26]

ვაკუუმი, რომელიც საერთაშორისო სამართალში ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო შეიქმნა, მეტ-ნაკლებად გაიხსნა კანადის შემადგენლობიდან კვებეკის გამოყოფის საქმის განხილვისას 1998 წელს. კანადის უზენაესმა სასამართლომ ფართოდ იმსჯელა თვითგამორკვევის უფლებაზე, მისი განხორციელების ლეგიტიმური და სამართლიანი მასშტაბიც განსაზღვრა და დღეისთვის ყველაზე მისაღები სტანდარტებიც ჩამოაყალიბა. კითხვაზე აღიარებული იყო თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობით თვითგამორკვევის უფლება ისე, რომ ეს მიანიჭებდა კვებეკს კანადის შემადგენლობიდან მისი გამოყოფის სამართლებრივ უფლებას, სასამართლომ გამოიტანა შემდეგი დასკვნა: „კანადა არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც თავად მოქმედებს ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპების შესაბამისად”, კვებეკის მოსახლეობა აღიარა “ხალხად”, რადგან მათ ჰქონდათ საერთო ენობრივი, კულტურული, ეთნიკური და სხვა იდენტობა და თქვა, რომ მათ აქვთ თვითგამორკვევის უფლება, თუმცა აქვე განსაზღვრა თვითგამორკვევის უფლების ორი სახე: შიდა და გარე.[27] შიდა თვითგამორკვევის უფლება არის სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური განვითარების აღიარებული საშუალება, რომელიც მის შემადგენლობაში არსებულ ხალხებს ანიჭებს საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის საჭირო თავისუფლებასა და ავტონომიას, ხოლო გარე თვითგამორკვევის უფლება გამოიყენება მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც ხდება ხალხის დისკრიმინაცია, მათი უფლებების შეზღუდვა და შევიწროვება. ამ თვალსაზრისით, კვებეკელებს მიენიჭათ შიდა თვითგამორკვევის უფლება. აღიარებულ იქნა კვებეკელთა ენობრივი უფლებები, დაცულია მათი კულტურა, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ჰყავთ სამართლიანი წარმომადგენლობა და სარგებლობენ ფართო ავტონომიით.

რაც შეეხება გარე თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც გამოყოფის ნებას რთავს ხალხებს, მისი არსის შესახებ იმსჯელა ადამიანის უფლებათა აფრიკულმა კომისიამ საქმეზე “კატანგის სახალხო კონგრესი ზაარის წინააღმდეგ”. აქ აღნიშნულ იქნა, რომ თუ სახელმწიფო ხალხს უზღუდავს მმართველობით პროცესებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, ან ახორციელებს მისდამი დისკრიმინაციულ პოლიტიკას, მაშინ ეს სახელმწიფო არ “იმსახურებს”, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი უფრო მაღლა იქნას დაყენებული, ვიდრე ხალხის ძირითადი უფლების რეალიზაციისკენ სამართლიანი სწრაფვა. [28]ამიტომაც ამ წინაპირობების შემთხვევაში სეცესიის აქტი შეფასდება არა როგორც სეპარატიზმის გამოვლინება, არამედ უფლების განხორციელების უკიდურესი კანონიერი საშუალება და ამ გაგებით ის დაიმსახურებს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებასა და მხარდაჭერას.

  1. თვითგამორკვევის უფლების განხორციელების შესაძლო პერსპექტივები

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს თვითგამორკვევის უფლების მომწესრიგებელი ნათელი და არაოზროვანი სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტი, ხოლო პრაქტიკა მეტად არაერთგვაროვანია, ცივი ომის შემდგომ პერიოდში იურიდიულ დოქტრინაში მეტ-ნაკლებად მიღწეულ იქნა კონსენსუსი თვითგამორკვევის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით და განისაზღვრა გარკვეული შესაძლო წინაპირობებიც. ეს წინაპირობები ჩამოყალიბდა პირველ რიგში, თავად პრინციპის მიზნის საფუძველზე, მიანიჭოს ხალხებს თავისუფალი და დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა, ასევე საერთაშორისო ჩვეულებით სამართალში თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების მიმართ არსებული დამოკიდებულებიდან, ზოგადად, საერთაშორისო სამართლის ბუნებიდან და რაც მთავარია, თანაზომიერებისა და პროპორციულობის სტანდარტიდან გამომდინარე, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი უფლების განხორციელებისას მან ზიანი არ უნდა მიაყენოს სხვა უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობას, ამ შემთხვევაში, რასაკვირველია იგულისხმება თვითგამორკვევის კოლექტიურ უფლებასა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს შორის არსებული “კონკურენცია”. ეს უკანასკნელი შესაძლებელია განვიხილოთ სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტის სუვერენულობის არსებით შემადგენელად. სწორედ ამ დეტალების მაქსიმალური გათვალისწინებით, მიღწეულ იქნა გარკვეული კონსენსუსი სამართლებრივ სივრცეში, რომელიც ასევე იმსახურებს საერთაშორისო პოლიტიკურ მხარდაჭერასაც.

თვითგამორკვევის უფლების ძირითად კომპონენტებად განისაზღვრა: 1. ხალხის დამოუკიდებლობისა და საკუთარი საერთაშორისო სტატუსის დადგენის უფლება. 2. სახელმწიფოს მოსახლეობის უფლება, განსაზღვროს მთავრობის ფორმა და მონაწილეობა მიიღოს ამგვარი მთავრობის მუშაობაში. 3. სახელმწიფოს უფლება ტერიტორიულ მთლიანობასთან და საკუთარი საზღვრების დაურღვევლობასთან, აგრეთვე საშინაო საქმეებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით. 4. სახელმწიფოში ან თუნდაც მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა უფლება, იქონიონ სპეციალური უფლებები, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული ავტონომიის უფლება. 5. სახელმწიფოს კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების უფლება.[29] ეს განმარტება გამომდინარეობს 1966 წლის პაქტიდან ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებათა შესახებ, ასევე ამავე წელს მიღებული პაქტიდან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.

პოლიტიკური თვითგამორკვევა გულისხმობს მმართველობის ფორმის, პოლიტიკური რეჟიმის, სახელისუფლებო ძალების არჩევის თავისუფალ შესაძლებლობას. მაგალითად კომუნისტური რეჟიმის ნგრევის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სათავეში მოსული მთავრობები პირველ რიგში ატარებდნენ რეფერენდუმებს, სადაც ხალხი აფიქსირებდა თავიანთ პოლიტიკურ ნებას. რეფერენდუმი ერთი მხრივ, მთავრობას ანიჭებდა ლეგიტიმაციას საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მომხდარიყო მისი de jure აღიარება, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენდა თვითგამორკვევის უფლების რეალიზების ეფექტურ საშუალებას.

ეკონომიკური თვითგამორკვევის უფლება აღიარებულია 1966 წლის ორივე აქტით და გულისხმობს ხალხის საბინადრო ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის თავისუფად განკარგვის შესაძლებლობას. დაუშვებელია, რომ ხალხს ჩამოერთვას საკუთარი საარსებო საშუალებები. აღნიშნული კომპონენტი არის არა მხოლოდ თვითგამორკვევის, არამედ სიცოცხლისა და განვითარების უფლების შემადგენელი ნაწილი, თუმცა მას აქვს პოლიტიკური ხასიათიც. ვინაიდან, ეკონომიკური თვითგამორკვევის უფლება გარკვეულწილად გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან რესურსების განკარგვაში ჩაურევლობას, განსაკუთრებით, როცა რეგიონი ეკონომიკურად მდიდარია, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აპროტესტებს ტერიტორიის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების განხორციელებულ პოლიტიკას. ამ დროს გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, ისე, რომ დაბალანსდეს ორივე მხარის ინტერესი.

საერთაშორისო სამართლებრივი აზრის ფარგლებში განისაზღვრა “ხალხის” მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი დეფინიცია, რომელიც შეიმუშავა იუნესკომ და გავრცელებულია საგანმანათლებლო წრეებში.

„ხალხს” აქვს შემდეგი მახასიათებლები: 1. ეს არის იმ ცალკეული ადამიანებისაგან ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შემდეგი საერთო ნიშნები: ა) საერთო ისტორიული ტრადიცია; ბ) რასობრივი ან ეთნიკური იდენტურობა; გ) კულტურული ერთგვაროვნება; დ) ლინგვისტური ერთიანობა; ე) რელიგიური ან იდეოლოგიური მსგავსება; ვ) ტერიტორიული კავშირი; ზ) ერთნაირი ეკონომიკური ცხოვრების დონე. 2. ჯგუფი უნდა შედგებოდეს ადამიანთა გარკვეული რაოდენობისაგან, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება არ იყოს დიდი (მაგალითად, ჯუჯა-სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანები), მაგრამ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფოში ადამიანთა მიერ შექმნილ ჩვეულებრივ გაერთიანებათა სიდიდეს. 3. ჯგუფს მთლიანობაში უნდა გააჩნდეს სურვილი, განისაზღვრებოდეს როგორც ხალხი, ან ჰქონდეს ცნობიერება, რომ ეს არის ხალხი – იმის გათვალიწინებით, რომ გარკვეულ ჯგუფებს, ან ამგვარ ჯგუფთა ზოგიერთ წევრებს, შესაძლოა, არ გააჩნდეთ ამგვარი სურვილი ან ცნობიერება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი საერთო მახასიათებლები. [30]

თუ ჯგუფი აკმაყოფილებს ამ წინაპირობებს, იგი შეიძლება ჩავთვალოთ უფლების სუბიექტად, ანუ “ხალხად” და ისარგებლოს თვითგამორკვევის უფლებით. უფლების არსის შემადგენელი კომპონენტები ზემოთ უკვე დახასიათებულ იქნა.

უფლების განხორციელების ყველაზე ნაკლებად პრობლემური საშუალებაა შიდა თვითგამორკვევის უფლება, რომელიც პრეცედენტული ხასიათის მატარებელი გახდა კანადაში  კვებეკის საქმის შემდეგ. შიდა თვითგამორკვევის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ფარგლებში ხალხისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას, რომლის ფარგლებშიც ისინი თავისუფლად და დამოუკიდებლად ისარგებლებენ ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლებით, ავტონომიის ფარგლებში განახორციელებენ თვითმმართველობით ღონისძიებებს, მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში და სხვ. დემოკრატიული სახელმწიფოების ისტორიაში ასეთი შეზღუდული ავტონომიის მრავალი მაგალითი არსებობს. მაგალითად, ალანდის კ-ები, რომელიც წარმოადგენს შვედურენოვან უმცირესობას ფინეთში, სარგებლობს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ავტონომიით, დაცულია მისი ლინგვისტური ავტონომია. მსგავსი ავტონომიით სარგებლობს ხალხები შვეიცარიაში, კანადასა და ავსტრალიაში.

რაც შეეხება გარე თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც გამოიხატება ტერიტორიის გამოყოფით და ახალი სახელმწიფოს შექმნით, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, საერთაშორისო სამართლის მიერ აქამდე ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებულა. ამასთან დაკავშირებით, პერსპექტივები შეიძლება განვითარდეს ორი მიმართულებით. ადამიანების ძირითადი უფლებების დაცვა წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრიმატულ ინტერესს, რომლის გამოც, შესაძლებელია, რომ მან გარკვეულწილად “დათმოს” ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. მეორე მხრივ, საერთაშორისო სამართალი ყალიბდება სახელმწიფოთა და სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მიერ და არცერთი სახელმწიფოს ლოგიკურ ნებას არ წარმოადგენს მისი სუვერენულობისა და ტერიტერიულობის საფრთის ქვეშ დაყენება გარე თვითგამორკვევის უფლების აღიარებით. ამ ეტაპზე, ამ ორ პერსპექტივას აქვს ურთიერთმშემზღუდავი ხასიათი და თანაბარი წარმატების შანსი, რაც გარკვეულ კონსენსუსს მაინც ქმნის. კერძოდ, გარე თვითგამორკვევის უფლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ექსტრემალურ სიტუაციაში, როგორც ეს კანადის უზენაესმა სასამართლომ განმარტა კვებეკის საქმეზე. კერძოდ, იმისთვის, რომ გამოყოფის აქტი კანონიერი იყოს უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სტანდარტები:

  1. მომთხოვნ მხარეს უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც შესაძლებელია გამოიყოს ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან
  2. ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს გარკვეული რაოდენობის მოსახლეობა და ამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მხარს უნდა უჭერდეს გამოყოფას იმ დროისთვის.
  3.  გამოყოფის მომთხოვ ჯგუფზე უნდა ხორციელდებოდეს სისტემატური პოლიტიკური ან ეკონომიკური დისკრიმინაცია.
  4. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა უარყოს ჯგუფის მოთხოვნა ავტონომიის მინიჭებასა და უმცირესობათა უფლებების დაცვაზე. [31]

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტა ეფექტურად აბალანსებს თვითგამორკვევის უფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის არსებულ წინააღმდეგობას, ფაქტობრივად, მისი განხორციელების დამადასტურებელი პრაქტიკა არ არსებობს თვითგამორკვევასთან დაკავშირებული პრეცედენტების ნაკლებობის გამო. ცივი ომის შემდგომ პერიოდში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაიშალა საბჭოთა კავშირი და თითოეულმა ერთეულმა თვითგამორკვევის უფლება გამოიყენა, ასევე 1993 წელს ამ უფლებით ისარგებლა ჩეხოსლოვაკიამ და გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ: ჩეხეთად და სლოვაკეთად. ამ შემთხვევაში სეცესია განხორციელდა შეთანხმების საფუძველზე, ყველა მხარის თანხმობით, ამიტომ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. სეცესიის უფლება გამოიყენეს იუგოსლავიის სახელმწიფოს შემადგენლობაში  მყოფმა ერთეულებმაც, რასაც თან მოჰყვა სისხლისმღვრელი ომები, თუმცა აქ ერთმნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა თვითგამორკვევის უფლება, ვინაიდან იუგოსლავიის სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 1918 წელს, თავიდანვე უგულვებელყოფდა ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას და დაფუძნებული იყო “დიდი სერბეთის” ნაციონალისტურ კონცეფციაზე, ამიტომ მის შემადგენლობაში იძულებით მოქცეული ერები თავიდანვე იმსახურებდნენ ამ უფლებას. დღეისთვის არსებული ყველაზე უფრო პრობლემური პრეცედენტია კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი. კოსოვო არის კონფლიქტური რეგიონი, რომელიც მდებარეობს სერბეთისა და ალბანეთის საზღვარზე. მისი მოსახლეობის უმეტესობას წარმოადგენენ ალბანული წარმოშობის მქონე მუსლიმური სარწმუნოების მიმდევარი კოსოვარები და არა სლავური წარმოშობის ქრისტიანი სერბები. მიუხედავად ამისა, სერბეთი კოსოვოს მიიჩნევდა ისტორიული სერბული სახელმწიფოს შემადგენელ ერთეულად. იოზიფ ტიტოს მმართველობის პერიოდში კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში სარგებლობდა ფართო ავტონომიით. ხოლო მაას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა სერბი ნაციონალისტი სლობოდან მილოშევიჩი, სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა. მან გააუქმა კოსოვოს ავტონომია. ამ ფაქტმა გამოიწვია ფართო პროტესტი და დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რასაც მილოშევიჩის რეჟიმმა უპასუხა კოსოვარების ეთნიკური წმენდის განხორციელებით, რამაც კონფლიქტს უკიდურესად დაძაბული ხასიათი შესძინა და 1999 წელს ნატომ განახორციელა ჰუმანიტარული ინტერვენცია სერბეთის წინაამდეგ.[32] მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნეშიც გაგრძელდა კონფლიქტი და საბოლოოდ, 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეისთვის კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა დაახლოებით 100-მდე სახელმწიფომ, თუმცა გაეროს განმარტებით, ადამიანის უფლებათა დარღვევის განსაკუთრებული ინტენსივობისა და ისტორიული წინაპირობების გათვალისწინებით, კოსოვოს შემთხვევა არის უნიკალური და არ შეიძლება მას პრეცედენტული ხასიათი მიენიჭოს.[33]

დღეისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და მასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მწვავე დებატები. კატალონია არის ესპანეთის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი რეგიონი. მე-12 საუკუნიდან მოყოლებული კატალონია არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მე-17 საუკუნეში იგი შეუერთდა თანამედროვე ესპანეთის წინაპრად მიჩნეულ ესპანეთის სამეფოს. აქედან მოყოლებული კატალონიამ რამდენჯერმე სცადა დამოუკიდებლობის აღდგენა, რის გამოც 1931 წელს მას მიენიჭა ფართო დამოუკიდებლობა. თუმცა, ესპანეთში ფრანკოს რეჟიმის დამყარების შემდეგ, მან შეიარაღებული დაპირისპირებისა და აგრესიული პოლიტიკის საშუალებით მოახდინა კატალონიის სრული ინტეგრირება ესპანეთის შემადგენლობაში. ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ  ესპანეთში დამყარდა დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო 1977 წელს კატალონიას მიენიჭა ავტონომია და “ერის” სტატუსი. 2010 წელს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2006 წლის ავტონომიის სტატუტის გარკვეული ნაწილები გააუქმა, იმ დასაბუთებით, რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც კატალონია უნდა იქნას მიჩნეული ცალკეულ ერად ესპანეთის შემადგენლობაში. ამასთან დაკავშირებული პროტესტი მალე გადაიზარდა დამოუკიდებლობის მოთხოვნაში. 2014 წელს დაინიშნა რეფერენდუმი, რომლის კონსტიტუციuრობა სასამართლომ კვლავ უარყო და აკრძალა ჩატარება. შემდგომ, კატალონიის მთავრობამ რეფერენდუმის მაგივრად გადაწყვიტა საკონსულტაციო გამოკითხვის ჩატარება, თუმცა სასამართლომ არც ამის ნება დართო.[34] უარის საფუძველი იმაში მდგომარეობდა, რომ ესპანეთის კონსტიტუცის მიხედვით, რეფერენდუმი ქვეყნის მთელი მასშტაბით უნდა გაიმართოს და არა კონკრეტულ რეგიონში.მიუხედავად ამისა, 2014 წლის 9 სექტემბერს კატალონიაში ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობის 81 %-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა ახალი რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლის 90 %-მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას, თუმცა აქტიურობა შეადგენდა 43 %-ს. ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა რეფერენდუმის მიმდინარეობის პროცესის შეფერხებას, 750 000-მა ამომრჩეველმა ვერ შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, რადგან 2300 საარჩევნო უბნიდან 319 ესპანეთის ხელისუფლების ჩარევით დაიხურა და დაფიქსირდა საარჩევნო ყუთების კონფისკაციის არაერთი ფაქტი. კატალონიის პარლამენტში ხმის მიცემას მხარი დაუჭირა 70 დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს კატალონიასა და ესპანეთს შორის მოლაპარაკებების დაწყება “თანასწორუფლებიანობის პრინციპზე”, რის საპასუხოდაც ცენტრალური ხელისუფლება გამოსავალს კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის აღდგენასა და ავტონომიურობის გაუქმებაში ხედავს.

თვითგამორკვევის უფლებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ეჭვს არ იწვევს კატალონიელთა “ხალხად” ცნობის საკითხი. ასეთად იგი ესპანეთის მიერაც იყო აღიარებული 2010 წლამდე. კატალონიელებს აქვთ საერთო, დანარჩენი ესპანეთისგან განსხვავებული, თვითმყოფადი ენა, კულტურა, ჩვეულებები, კანონმდებლობა. ტერიტორიულად წარმოადგენს ესპანეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს 7 მილიონი მოსახლეობით, ,მისი დედაქალაქი ბარსელონა არის ესპანეთის მეორე უდიდესი ქალაქი. მისი წილი ესპანეთის მშპ-ში განისაზღვრება 20 %-ით და აქვს უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი,  თუმცა, სახელმწიფოდ ცნობის შემთხვევაში, მისი ეკონომიკა აღმოჩნდება სერიოზული საფრთხის ქვეშ, რადგან 80 % დამოკიდებულია დანარჩენ ესპანეთზე. ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ყოველმა ახალმა სახელმწიფომ ხელახლა უნდა მოიპოვოს ევროკავშირის წევრობა, რისთვისაც საჭიროა წევრთა სრული მხარდაჭერა, ესპანეთი კი ყოველთვის დაბლოკავს ამ ინიციატივას. [35]

აღსანიშნავია განვიხილოთ ის დანარჩენი კრიტერიუმები, რომლებიც ანიჭებს ხალხს სეცესიის უფლებას. საამისოდ აუცილებელია, რომ ხორციელდებოდეს ხალხის მიმართ სისტემატური დისკრიმინაცია, ილახებოდეს მათი უფლებები, არ ჰქონდეთ სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის უფლება და უარი უნდა ეთქვათ ავტონომიაზე. კატალონია სარგებლობს ავტონომიით, თუმცა, ამავე დროს, ესპანეთი განიხილავს მისი ავტონომიურობის გაუქმების საკითხს, უფლებათა უხეში დარღვევის მასობრივი ფაქტები არ ფიქსირდება, თუმცა ესპანეთის ხელისუფლებამ უხეშად შეუშალა ხელი 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიმდინარეობას და ათასობით მოქალაქის პოლიტიკური თვითგამორკვევისა და ხმის მიცემის უფლება შეზღუდა. ამ ფაქტების ობიექტური შეფასება და მათ საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება იურიდიული თვალსაზრისით მეტად რთული საკითხია და მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებასა და სოციალურ მოვლენებზე.

წარმოდგენილი თანამედროვე მაგალითები ნათლად აჩვენებენ, რამდენად კომპლექსური, წინააღმდეგობრივი და ფართოდ ინტერპრეტირებადი შეიძლება იყოს ის ვითარება, რომელშიც თვითგამორკვევის უფლება უნდა განხორციელდეს. იურიდიულ დოქტრინაში არსებული მოსაზრებები, თეორიულად რამდენადაც ნათლად არ უნდა წყვეტდნენ პრობლემას, მათი პრაქტიკაში რეალიზება ძალზედ რთულია პირველ რიგში მათი არასავალდებულო ხასიათის გამო, სწორედ ამიტომ, საჭიროა სამეცნიერო რეკომენდაციები გაზიარებულ იქნას გაეროს მიერ და მიღებულ იქნას ნორმატიული, სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც კანონის ძალით მოაწესრიგებს მსგავს ვითარებებს, გამორიცხავს გაურკვევლობას, სიტუაციის დესტაბილიზაციას და წვლილს შეიტანს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

დასკვნა

რეფერატში მიმოხილულ იქნა თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული ყველა მნიშნველოვანი საკითხი და აქტუალური პრობლემა. კერძოდ, ცნების წარმოშობა, განვითარება, ტრანსფორმაცია ისტორიული და პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მარეგულირებელი ხელშეკრულებები და ნორმები, მათი ხარვეზები, უფლების შინაარსის გაგების არაერთგვაროვანი ხასიათი პოსტკოლონიურ ეპოქაში. ყურადღება იქნა გამახვილებული შიდა და გარე თვითგამორკვევის უფლების საკითხზე, სეცესიის კანონიერებაზე და მისი განხორციელების სტანდარტებზე, “ხალხის” განმარტებაზე. ამავდროულად, დოქტრინალურ დონეზე განვითარებული თეორიული მსჯელობები ნათლად იქნა განხილული ისეთი პრეცედენტების საფუძველზე, როგორიცაა კვებეკი, იუგოსლავია, კატალონია. დაფიქსიქრებულ იქნა პრობლემათა გადაჭრის ავტორისეული ხედვა, თუმცა აქვე ხაზგასმულ იქნა ამ პრობლემათა მწვავე ხასიათი და ნორმატიულ დონეზე ზუსტი რეგულირების საჭიროება.

მიუხედავად საკითხის კომპლექსურობისა და რთული ბუნებისა, როგორც პრაქტიკულად, ასევე მეცნიერულად, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა მცირედ წვლილს შეიტანს მსჯელობის განვითარებაში.

 

ავტორები: ზურაბ ქარჩავა, ლია ჩხეტიანი

ბიბლიოგრაფია:

  1.  აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, მალანჩუკი პ., მე-7 გამოცემა, “დიოგენე”, 2005
  2.  ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005
  3. საერთაშორისო საჯარო სამართალი, ალექსიძე ლ., :”დიოგენე”, 2015
  4. Diversity And Self-Determination in International Law, Karen K., Cambridge University Press, 2002
  5.  Natural Self-Determination and Justice in Multinational States, Maltchanova A., 5th edition, “Springer”, 2009
  6. Moments of Self-determination: The Concept of ‘Self- determination’ and the Idea of Freedom in 20th- and 21st- Century International Discourse, Knudsen R, The London School of Economics and Political Science
  7. A History of the Self-Determination of Peoples: The Domestication of an Illusion, Fisch J. Cambridge University Press, 2010
  8. Bolsheviks Come To Power, Rabinowitch A, Heymarket Books, 2009

ინტერნეტe-რესურსები:

  1.  Catalonia’s independence movement — a brief history: http://www.dw.com/en/catalonias-independence-movement-a-brief-history/g-40819449
  2. Why does Catalonia want independence from Spain? : http://www.telegraph.co.uk/news/0/does-catalonia-want-independence-spain/
  3. Legal Aspects of Self-Determination: https://pesd.princeton.edu/?q=node/254
  4. Kosovo Conflict: https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict

[1] აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, მალანჩუკი პ., მე-7 გამოცემა, “დიოგენე”, 2005, გვ. 357

[2] Natural Self-Determimantion and Justice in Multinational States, Maltchanova A., 5th edition, “Springer”, 2009. Pg. 4

[3] იქვე, გვ. 11

[4] ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005 http://www.nplg.gov.ge/

[5] A History of the Self-Determination of Peoples: The Domestication of an Illusion, Fisch G., Cambridge University Press, 2007

[6] ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005 http://www.nplg.gov.ge/

[7] A History of the Self-Determination of Peoples: The Domestication of an Illusion Fisch J. Cambridge University Press, 2007 pg.91

[8]ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005 http://www.nplg.gov.ge/

[9] Bolsheviks Come To Power- Rabinowitch. A, Haymarket Books,

[10] A History of the Self-Determination of Peoples: The Domestication of an Illusion. Cambridge University Press, 2007 Pg. 119

[11] Moments of Self-determination: The Concept of ‘Self determination’ and the Idea of Freedom in 20th- and 21st Century International Discourse, Knudsen R., The London School of Economics and Political Science, 2009 pg.91

[12] იქვე, გვ. 93

[13] Bolsheviks Come To Power, Rabinowitch A., Haymarket Books, 2009

[14] საერთაშორისო საჯარო სამართალი, ალექსიძე ლ., “დიოგენე”, 2015 გვ. 65

[15] ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005 http://www.nplg.gov.ge/

[16] საერთაშორისო საჯარო სამართალი, ალექსიძე ლ., “დიოგენე”, 2015 გვ. 69

[17]  აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, მალანჩუკი პ., მე-7 გამოცემა, “დიოგენე”, 2005, გვ. 59

[18] Diversity And Self-Determination in International Law, Karen K., Cambridge University Press, 2002, pg. 16

[19] ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005, http://www.nplg.gov.ge/

[20] იქვე

[21]  Diversity And Self-Determination in International Law, Karen K., Cambridge University Press, 2002,pg. 50

[22] აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, მალანჩუკი პ., მე-7 გამოცემა, “დიოგენე”, 2005, გვ. 363

[23] იქვე, გვ. 364

[24]  ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005, http://www.nplg.gov.ge/

[25]  Natural Self-Determimantion and Justice in Multinational States, Maltchanova A., 5th edition, “Springer”, 2009.pg.12

[26]  ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005, http://www.nplg.gov.ge/

[27] Natural Self-Determimantion and Justice in Multinational States, Maltchanova A., 5th edition, “Springer”, 2009.pg 15

[28] აკეჰარსტის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, მალანჩუკი პ., მე-7 გამოცემა, “დიოგენე”, 2005, გვ. 371

[29]  ადამიანის საერთაშორისო უფლებები, სმიტი რონა კ,მ., “გაეროს განვითარების პროგრამა”, 2005, http://www.nplg.gov.ge/

[30] Diversity And Self-Determination in International Law, Karen K., Cambridge University Press, 2002, pg. 62-63

[31] Diversity And Self-Determination in International Law, Karen K., Cambridge University Press, 2002, pg.37

[32]Kosovo Conflict: https://www.britannica.com/event/Kosovo-conflict

[33] Legal Aspects of Self-Determination: https://pesd.princeton.edu/?q=node/254

[34] Catalonia’s independence movement — a brief history: http://www.dw.com/en/catalonias-independence-movement-a-brief-history/g-40819449

[35] Why does Catalonia want independence from Spain? : http://www.telegraph.co.uk/news/0/does-catalonia-want-independence-spain/