E ISSN 2587-5396

23/02/2017 By yatage

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ნატო

რატომ არის შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ნატოსთვის და რა როლი ეკისრება საქართველოს ამ პროცესში?

შავი ზღვის რეგიონი დამაკავშირებელი რგოლია კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს შორის და წარმოადგენს ხელსაყრელ დერეფანს ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ძალების ინტერესის სფეროში ყოველთვის შედიოდა შავ ზღვაზე გამავალ მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე კონტროლის დამყარება. ცივი ომის დასრულების შემდეგ შავი ზღვის რეგიონი აშშ-ს ინტერესთა სფეროში სამი ძირითადი მიზეზით მოხვდა: დემოკრატიის გავრცელება, თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია.ყველა ზემოთ ხსენებულ კომპონენტში საქართველო აშშ-სთვის და ზოგადად დასავლეთისათვის უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს წარმოადგენ სრეგიონში. რუსეთის ინტერესებთან კონფლიქტში მოდის როგორც რეგიონის ქვეყნების დემოკრატიული განვითარება, ისე მათი მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა ნატო–ს წევრ სახელმწიფოებთან. რუსეთისთვის ასევე მიუღებელია რეგიონის გავლით, ევროპისაკენ ნავთობისა და გაზის ალტერნატიული პროექტების განვითარება. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნებზე გავლენის გაზრდისა და მათი დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების შესაფერხებლად რუსეთი ქმნის და ინარჩუნებს კონტროლს რეგიონის კონფლიქტურ კერებზე. ერთი შეხედვით, რეგიონში არსებული კონფლიქტების განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, სწორედ რუსეთის ინტერესები აერთიანებს ყარაბაღის, აფხაზეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთისა და დონბასის კონფლიქტურ რეგიონებს.

იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის სამი ზღვისპირა სახელმწიფო ნატო-ს წევრია, რუსეთის მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას და რეგიონში მის აგრესიულ პოლიტიკას ნატო აღიქვამს, როგორც შემაშფოთებელ საფრთხეს შავი ზღვის რეგიონისათვის და გამოწვევას მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონი წარმოადგენს ავანსცენას, სადაც ნატო-ს და რუსეთის სამხედრო ძალებს ყველაზე მჭიდროდ უწევთ ურთიერთქმედება, რაც მუდმივი დაძაბულობის წყაროს წარმოადგენს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რუსეთს შეღწევის საწინააღმდეგო და ტერიტორიული სისტემებით, ფაქტობრივად, სრულად აქვს დაფარული შავი ზღვის რეგიონი. ვითარების სიმწვავეს ადასტურებს უკანასკნელ პერიოდში აშშ-ის გამანადგურებელი ხომალდის და რუსული ბომბდამშენის ურთიერთქმედებით გამოწვეული ესკალაცია, რომლის დროსაც რუსეთის ავიაციამ ელექტრონული ომის საშუალებების გამოყენებით მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ამერიკულ ხომალდს.

თუმცა საგულისხმოა, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, ხშირად ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაშიც კი, არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და შემაკავებელი ტაქტიკის თაობაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული ხედვა აქვთ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც ნატო სათანადოდ არ არის წარმოდგენილი შავ ზღვაზე, თურქეთის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული პოლიტიკაა. რეგიონში ნატო-ს როლის შესამცირებლად, თურქეთის ინიციატივით, 2001 წელს შეიქმნა მრავალეროვნული სამხედრო-საზღვაო ოპერატიული ჯგუფი „ბლექსი ფორი“, რომელიც მოგვიანებით გაძლიერდა საზღვაო-სამეთვალყურეო ოპერაცია “შავი ზღვის ჰარმონიის” მეშვეობით. რამაც, გამოიწვია ის, რომ შავი ზღვა დღეისათვის არის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ყველაზე მოწყვლადი და ნაკლებად დაცული სეგმენტი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სირიის საზღვართან არსებული რთული ვითარების გამოთ თურქეთის უსაფრთხოება დიდწილად არის დამოკიდებული ნატო-ს მიერ განლაგებულ „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. შესაბამისად, თურქეთს უწევს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხში რუსეთთან და ნატო-სთან ბალანსის გამონახვა.

ბულგარეთი შედარებით თავშეკავებულ პოზიციებს ინარჩუნებს და შავ ზღვაზე უსაფრთხოების ახალი ფორმატისა და სანაპირო ზოლს მიღმა მყოფი მოკავშირეების აქტიური ჩართვით რუსეთის გაღიზიანებას ერიდება. რუმინეთი შავ ზღვაზე ნატოს გააქტიურების ერთ-ერთი უმთავრესი ლობისტია და  თანდათანობით ყალიბდება რეგიონში ალიანსის მნიშვნელოვან პლაცდარმად. ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესში რუმინეთი ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნის აუცილებლობის ინიციატივით გამოვიდა. ამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ნატოს შტაბ–ბინაში, ისე ვაშინგტონში, ბერლინსა და რომში.

უკანასკნელ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ხდება სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეების რუსეთის საფრთხესთან შერწყმა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონულ უსაფრთხოებას. ასევე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ ნიშნავს მხოლოდ ნატო-ს წევრი ზღვისპირა სახელმწიფოების უსაფრთხოების გაძლიერებას და მოითხოვს უფრო სტრატეგიულ და სისტემურ მიდგომას,  ევროპული უსაფრთხოებისთვის რეგიონის მეტად მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა უმოკლეს პერიოდში შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების როლის გასაზრდელად. ამ ეტაპზე საქართველო და უკრაინა ალიანსისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდებიან და გამოხატავენ მზადყოფნას მათ ხელთ არსებული საშუალებებით სრულად ჩაერთონ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ ნატო–ს ღონისძიებებში.

საგულისხმოა, რომ ვარშავის სამიტამდე ნატოს არ გააჩნდა პროაქტიური სტრატეგიული ხედვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში საკუთრი როლის შესახებ. ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს სამოქმედო გეგმები შავ ზღვაზე გამომდინარეობდეს მოკავშირეებისა და ალიანსისს ტრატეგიული პარტნიორების გრძელვადიანი ინტერესებიდან და არ ეფუძნებოდეს მხოლოდ რუსეთის მიერ ნაკარნახევ რეალობასთან მორგებასა და მათზე ერთჯერად საპასუხო  ქმედებებს. ნატო–ს ინტერესებში შედის, რომ სრულად იქნეს გამოყენებული არა მხოლოდ წევრი ქვეყნების, არამედ სტრატეგიული პარტნიორების თავდაცვითი პოტენციალი. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ნატო–ს პარტნიორი ქვეყნების, შვედეთისა და ფინეთის, ჩართულობის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია ბალტიის რეგიონის სრულფასოვანი დაცვა. ანალოგიურად მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

ვარშავის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ამაღლება  ნატო–ს ინტერესებში შედის და პირდაპირ ემსახურება ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარება განიხილება ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში, რათა საქართველოს, როგორც რეგიონის ყველაზე სანდო და გამოცდილ პარტნიორს, მიეცეს დამატებითი შესაძლებლობები ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში რეინვესტირებისთვის. ცხადია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში პარტნიორების სრული ჩართულობა ორმაგად პროდუქტიულია როგორც პარტნიორებისთვის, ისე ,საკუთრივ, ალიანსის უსაფრთხოებისთვის.

ამ ეტაპზე საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ალიანსთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების ყველა შესაძლო ფორმატში, ნატო–სთან აქტიურად მონაწილეობის კონკრეტული სამოქმედო გეგმები ჩამოყალიბდეს. რაც მოიცავს მოქმედებათა სრულ სპექტრს, როგორც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო, ისე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვითი საშუალებების განვითარების მიმართულებით. წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოსთან ითანამშრომლოს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სადაზვერვო და ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლის სფეროში. ასევე შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება ერთობლივი წვრთნების, ვარჯიშებისა და ოპერაციების უზრუნველყოფის მიმართულებით. შესაძლებელია სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ჰიბრიდულ და ასიმეტრიულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.

შავი ზღვის რეგიონში ნატოს შემდგომი გაფართოება არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების სრულფასოვნად შესაკავებლად. შესაბამისად, საქართველოსთვის აუცილებელია გაწევრიანების პროცესის დადებითი დინამიკის შენარჩუნება და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების  მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

გამოყენებული ლიტერატურა

  • Boosting NATO’s presence in the east and southeast,North Atlantic Treaty Organization, (2016, 27 ოქტომბერი).
  • Chivvis, C. S. (2016). Beyond NATO’s Eastern Border. German Marshal Fund of the United States, Foreign and Security Policy Paper.
  • Gvineria, S. (2016). Black Sea Security in NATO Spotlight. Georgian Foundation for Strategic and International Studies.
  • Horrell, S. (2016 ოქტომბერი). A NATO Strategy for Security in the Black Sea Region. Atlantic Council.
  • Vladimir Socor, E. D. (2016, 24 ივნისი). The Black Sea Region: NATO’s Exposed Sector on the Eastern Flank. Eurasia Daily Monitor.
  • www.nato.int. (თ.გ.). მოძიებულია  http://www.nato.int/cps/en/natohq/opinions_137402.htm
  • www.nato.int. (თ.გ.). მოძიებულია http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_136388.htm?selectedLocale=en

ავტორი: ნინო სამადაშვილი