E ISSN 2587-5396

23/02/2017 By yatage

,,ფატალური შეცდომა“ თუ ახალი მსოფლიო წესრიგი?! – დებატები ნატოს გაფართოების ირგვლივ

უსაფრთხო, დემოკრატიული და სტაბილური გარემოს შესაქმნელად 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს ევრო- ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს[1]. ამ მიმართულებით საქართვეოლომ მნიშვნელოვანი გზა განვლო და აშკარა წარმატებებსაც მიაღწია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის, რაც დღეისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა, სინამდვილეში საკმაოდ მწვავე დებატების შედეგია. ნატოს გაფართოების შესახებ არაერთი სკეპტიკური მოსაზრება გამოითქვა. ის ფაქტი, რომ ალიანსი ჯერაც არსებობს და 1949 წლიდან დღემდე ინარჩუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, საკმაოდ გასაკვირია.ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია კონკრეტული მიზნის მისაღწევად შეიქმნა. ცნობილია, რომ ეს მიზანი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამარცხება იყო. ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებულმა ქვეყნებმა შეძლეს ეფექტური თანამშრომლობა და ალიანსმა საკუთარ მიზანს მიაღწია. სწორედ აქ ჩნდება პირველად კითხვა: რამდენად ინარჩუნებს მნიშვნელობას ნატო და ხომ არ დაკარგა მან ფუნქცია?! ამდენად, როგორც ვხედავთ, შეკითხვის საგნად გვევლინება არა ალიანსის გაფართოების საკითხი, არამედ ნატოს არსებობის კვლავინდებური საჭიროება.

აერთშორისო ურთიერთობის თეორიები ა ნატოს გაფართოება

საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალური ხედვა. ინსტიტუციურ ლიბერალისტებს, რეალისტებისაგან განსხვავებით, სჯერათ, რომ ინსტიტუტები ემსახურებიან უფრო მაღალ ინტერესებს, ვიდრე ეს დიდ სახელმწიფოთა ვიწრო ინტერესებია. მათი ერთ-ერთი ძლიერიარგუმენტი ეკონომიკურ მასშტაბის ეკონომიას ეფუძნება (რაც უფრო მეტს აწარმოებს ფირმა, მისი საშუალო დანახარჯები მით უფრო მცირდება). რამდენადაც ჩამოყალიბების შემდეგ ინსტიტუტებს ახასიათებთ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება,  უფრო ადვილია მათი მოდიფიცირება, ვიდრე ახლის შექმნა.

ნატოს გადარჩენაზე საინტერესო მოსაზრება აქვს ასევე ინსტიტუციურ ლიბერალისტ ცელესტე ვოლანდერის. იგი ნატოს მიერ ცივი ომის პერიოდში შექმნილ ზოგად საშუალებებზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია:

  • გამჭვირვალობა წევრებს შორის;
  • სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი;
  • კონსულტაციების პროცედურები და პრაქტიკა;
  • ინტეგრირებული სარდლობის სტრუქტურა;
  • წევრ-სახელმწიფოთა შესაბამისობა;
  • საერთო ლოჯისტიკა;
  • საჰაერო თავდაცვა;
  • საერთო ეკონომიკური ინფრასტრუქტურა.[2]

ამდენად, ვოლანდერის აზრით, ამ ინსტიტუციების არსებობამ დიდწილად განსაზღვრა ნატოს შენარჩუნება, თუმცა მოხდა არაერთი მნიშვნელოვანი გარდაქმნა. შეიქმნა ისეთი ახალი ინსტრუმენტები, როგორებიცაა პარტნიორობა მშვიდობისათვის, პარტნიორობის კოორდინაციის განყოფილება და ჩრდილოატლანტიკური საბჭო (შემდგომში ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო).

როდესაც ნატოს გაფართოებას საერთაშორისო ურთიერთობის თეორიების ჭრილში განვიხილავთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რეალიზმის წარმომადგენელთა მოსაზრებები. სწორედ ისინი ამტკიცებდნენ, რომ ალიანსი დაიშლებოდა ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ხოლო ,,ფატალური შეცდომა“ სწორედ რეალისტმა ჯორჯ კენანმა უწოდა ნატოს გაფართოების  პროცესს.

საზოგადოდ ცნობილია, რომ რეალისტებს ნაკლებად სჯერათ ისეთი ურთიერთთანამშრომლობისა, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მერკანტილურ სურვილებს. ფაქტია, რომ რეალისტთა პროგნოზები არ გამართლდა, რის გამოც ისინი მწვავე კრიტიკის საგნად იქცნენ, თუმცა ამ მხარის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი კენეტ უოლცი მიიჩნევს, რომ გაუგებარია, თუ ვისგან იცავს თავს ნატო დღესდღეობით.[3]

აღნიშნული მოსაზება ძალთა ბალანსის არგუმენტს ეყრდნობა. უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ერთ–ერთი უძველესი და უმთავრესი კონცეფციაა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში (დადებითად აფასებს ძალთა ბალანსის პერიოდს ჰენრი კისინჯერი თავის წიგნში ,,დიპლომატია“).[4] უოლცის აზრით, ამერიკა ჰეგემონია და მსოფლიო უნიპოლარულად იქცა, იგი მიილტვის ძალების მაქსიმიზაციისაკენ. თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო, მსოფლიო არ ცდილობს დააბალანსოს ეს გავლენა. ამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად კენეტ უოლცი ასახელებს დანარჩენი მსოფლიოს მიერ აშშ-ს კეთილ ლიდერად აღქმას. პარალელი შეიძლება გაივლოს ჯოზეფ ნაისა და მის მიერ შექმნილ ტერმინ “soft power”-თან. ალბათ ამ შემთხვევაში უოლცი და ნაი ერთსა და იმავეს გულისხმობენ.

რთების პრესი

ნატოს გაფართოების პოლიტიკაზე მწვავე დებატები 1993 წლიდან იწყება. თუკი აქამდე დებატებით თეორიულად განიხილავდნენ ამ საკითხებს, დადგა დრო, როდესაც ალიანსი რეალურად აღმოჩნდა ამ პრობლემის პირისპირ. საკითხი წინ წამოწიეს ჩეხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის პრეზიდენტებმა – ვაცლავ ჰაველმა და არპად გენციმ. მათ 1993 წლის აპრილში ვაშინგტონში ვიზიტისას განუცხადეს აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონს, რომ სურდათ რაც შეიძლებოდა მალე გაწევრიანებულიყვნენ ნატოში. იგივე სურდათ სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნებსაც და აშკარა იყო, თუ რა იდგა ამ სურვილის უკან.

ესტონეთის პრეზიდენტ ლენარტ მერის განცხადებით, ,,ამერიკის ბირთვული ქოლგის ქვეშ ყოფნა“ იყო ის ერთადერთი გზა, რომელიც დაეხმარებოდა ესტონეთს რუსეთის აგრესიის თავიდან არიდებაში. რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ამ დროისათვის დაკავებული იყო რუსეთის პარლამენტში ოპოზიციასთან მწვავე დაპირისპირებით, ამდენად ისე ჩანდა, თითქოს ნატოს გაფართოებას მარტივად იღებდა. აგვისტოში პოლონეთში ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ გაგებით ეკიდებოდა ვარშავის ნატოში გაწევრიანების სურვილს და რომ იმავეს იტყოდა პრაღასა და ბრატისლავაში ვიზიტისასაც.

კრემლის პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოხდა უხეში დაპირისპირება ოპოზიციასთან 1993 წლის 21 სექტემბერს. რუსული სამხედრო ძალის წნეხის ქვეშ მყოფმა ელცინმა მისწერა რამდენიმე დასავლელ ლიდერს, მათ შორის კლინტონს, რომ მისი ადრე ნათქვამი ,,გაგებით მოკიდება“ იმ პირობით იქნებოდა კვლავ ძალაში, თუკი რუსეთს ექნებოდა ცენტრალური როლი ევროპის ახალ თავდაცვის სისტემაში.[5]

ელცინის წერილმა მნიშვნელოვანი დებატები გამოიწვია კლინტონის ადმინისტრაციაში და თეთრმა სახლმა მალევე გადადო წევრობის შეთავაზება რამდენიმე ქვეყანაზე. რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო დაძაბული და არსებობდა იმის შანსი, რომ ელცინს ალიანსში გაწევრიანება მოესურვებინა. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი არასოდეს ამბობდა უარს მის იმპერიალისტურ ზრახვებზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჯორჯ კენანის ,,გრძელი ტელეგრამა“, რომელიც გვიჩვენებს, რომ წყობილების ცვლილება რეალურად ქვეყნის მიზნებსა და სტრატეგიას არ ცვლის.[6]

ნას გაფართოება – ამერიკის გავლენის ზრდა?!

 ნატოს გაფართოების ახსნა რამდენიმე შიდა ფაქტორითაც შეიძლება. ამერიკის სუპერძალის სტატუსმა ქვეყანა მიიყვანა იმ კონსენსუსამდე, რომ იგი უნდა იყოს ლიდერი საერთაშორისო პოლიტიკაში. ამ მოსაზრებას იზიარებენ რესპუბლიკელები, დემოკრატები და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა.

საინტერესოა, თუ რას წერს ჟბიგნევ ბჟეჟინსკი რუსეთის დამოკიდებულებაზე ნატოს გაფართოების მიმართ: ,,რუსეთის საგარეო პოლიტიკის ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთა უმეტესობაც საბჭოთა კავშირის ოფიციალური პირები იყვნენ, კვლავაც ფიქრობს, რომ ამერიკას არ გააჩნია გეოსტრატეგიული ხედვა და მისი ადგილი არ არის ევრაზიის კონტინენტზე… მათი წინააღმდეგობა იმის იმედმაც განაპირობა, რომ ალიანსთან არშეერთებული ცენტრალური ევროპა ერთ დღეს კვლავ მოექცევა მოსკოვის გეოპოლიტიკური გავლენის ქვეშ, მას შემდეგ, რაც რუსეთი ძალას მოიკრეფს“.[7]

ამრიგად, ამერიკის, როგორც მსოფლიოს ერთადერთი სუპერძალის სტატუსი და მისი დომინანტური პოზიცია ნატოში, არის გადამწყვეტი ალიანსის გაფართოებისათვის.

[1] http://www.eu-nato.gov.ge/ge/nato – საქართველო და ნატო

[2] Celeste Wallander, “Institutional Assets and Adaptability: NATO after the cold war,” International Organization, Vol. 54, No 4 (Autumn 2000): 705-706

[3] Kenneth Waltz, “NATO Expansion: a Realist’s View,” in Explaining NATO enlargement, ed. Robert W. Rauchhaus, (London: Frank Cass Publishers, 2001), 22.

[4] Henry Kissinger, “Diplomacy”, A Touchstone Book, Published by Simon & Schuster

[5] http://www.e-ir.info/2015/04/13/between-east-west-nato-enlargement-the-geopolitics-of-the- ukraine-crisis/ – Between East & West: NATO Enlargement & the Geopolitics of the Ukraine Crisis

[6] http://nsarchive.gwu.edu/coldwar/documents/episode-1/kennan.htm – 861.00/2 – 2246: Telegram

[7] Zbigniew Brzezinski, “The Grand Chessboard”, American Primacy and Its Geostrategic Imperatives

ავტორი: ელენე ჯანაძე