22/02/2017 By yatage
ნატო მეკობრეთა კვალდაკვალ
მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საერთაშორისო ვაჭრობისათვის ზღვებსა და ოკეანეებს იყენებს. სწორედ ისინია საკვების, ნავთობის და ბუნებრივი აირის მიწოდების უმნიშვნელოვანესი წყარო. ნატო კი, როგორც მსოფლიო უსაფრთხოების დამცველი უდიდესი მექანიზმი, პასუხისმგებელია დაიცვას საერთაშორისო ვაჭრობა და საზღვაო რესურსები პოტენციური საფრთხისაგან[1].
დღესდღეობით მეკობრეობა სერიოზული გამოწვევაა უსაფრთხოებისათის. მეკობრეთა გახშირებულმა თავდასხმებმა აფრიკის რქის მახლობლად, ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში, ხელი შეუშალა ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აფრიკაში, ტანკერებისა და სავაჭრო ხომალდების გადაადგილებას[2] და ასევე საფრთხის ქვეშ დააყენა მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული და მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი – სუეცის არხის შესასვლელი და გასასვლელი[3].
თავდასხმებმა განსაკუთრებით 21-ე საუკუნის დასაწყისში იმატა და უდიდესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების შიშის მიზეზი გახდა. მომატებული საფრთხის ფონზ, მეკობრეთა წინააღმდეგ საბრძოლველად ისეთი ქვეყნები გაერთიანდნენ, რომლებიც აქამდე ერთმანეთისადმი, აშკარად თუ ლატენტურად, მტრულად იყვნენ განწყობილნი. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივმა წევრმა სახელმწიფომ თავისი ძალები ერთი მიზნით გააერთიანა.
2008 წელს ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ოპერაცია “მოკავშირეთა უზრუნველმყოფი[4]” განახორციელა, 2009 წელს ეს ოპერაცია “მოკავშირეთა დამცველმა[5]” ჩაანაცვლა, სულ ბოლოს კი ნატომ გრძელვადიანი მისიაოპერაცია “ოკეანის ფარი[6]” წამოიწყო.
ანტი-მეკობრული აქტივობების დროს ნატო მხედველობაში იღებდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და თანამშრომლობდა სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. სწორედ ამ თანამშრობლობის წყალობით, მეკობრეთა წარმატებით დასრულებულ თავდასხმათა რიცხვი წინა წლებთან შედარებით 2010-2011 წლებში განახევრდა, მომდევნო წლებში კი ფაქტობრივად ნულის ტოლი გახდა, რის გამოც ნატომ ოპერაციის მიზანი მიღწეულად ჩათვალა და რეგიონი დატოვა.
იმისათვის, რათა მკითხველს უკეთესი წარმოდგენა შეექმნას ოპერაცია “ოკეანის ფარზე”, ჯერ მისი წინამორბედი ოპერაციები უნდა განვიხილოთ.
ოპერაცია “მოკავშირეთა უზრუნველმყოფი”
ოპერაცია “მოკავშირეთა უზრუნველმყოფის” ფარგლებში ნატო აწესრიგებდა “მსოფლიო სასურსათო პროგრამის” გემების ესკორტირებას სომალის მახლობლად, სახიფათო წყლებში.[7]აღნიშნული ოპერაცია დროებით ხასიათს ატარებდა და მისი წამოწყება გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 2008 წლის 25 სექტემბერს მოითხოვა. ოპერაციის მსვლელობის დროს ნატო გაეროს უშიშროების საბჭოსა და ევროკავშირთან ერთად კოორდინირებულად მუშაობდა[8].
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები 2008 წლის 9 ოქტომბერს ბუდაპეშტში ჩატარებულ არაფორმალურ შეხვედრაზე ერთხმად შეთანხმდნენ, პან გი მუნის მოთხოვნისთვის დადებითი პასუხი გაეცათ. ოპერაციის ჩატარება ნატოს II რეგულარულ საზღვაო ჯგუფს დაევალა[9]“.
ოპერაციის მსვლელობისას SNMG2 შვიდი ხომალდისგან შედგებოდა, მათ შორის იყო გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდები. ამ ხომალდთაგან სამს ოპერაცია “მოკავშირეთა უზრუნველმყოფის” ჩატარება ევალდებოდა.
ნატოს ხომალდები არა მარტო “მსოფლიო სასურსათო პროგრამის” გემებს იცავდნენ, არამედ ასევე პატრულირებდნენ საზღვაო ზონას სომალის მახლობლად[10]. ნატოს ამ რეგიონში ყოფნა ამარტივებდა მეკობრეობის ფაქტების აღმოჩენას და პრევენციას. II რეგულარული საზღვაო ჯგუფი მეთვალყურეობდა სახიფათო წყლებს, რომლებშიც მეკობრეთა მიერ სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმა ყველაზე მეტად იყო სავარაუდო. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხომალდები აღჭურვილნი იყვნენ უფლებით, საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ ძალა საერთაშორისო და ეროვნული კანონების შესაბამისად.
არსებობდა სერიოზული საფრთხე, რომ მეკობრეებიხელს შეუშლიდნენ რეგიონისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისათვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მილიონობით ადამიანისათვის. ამ ადამიანთა რიცხვი 2007-2008 წლებში 3.2 მილიონს აღემატებოდა, რაც თავის მხრივ სომალის მოსახლეობის რაოდენობის 43%-ს წარმოადგენდა. სომალელთა გადარჩენის ერთადერთ იმედად “მსოფლიო სასურსათო პროგრამის” მიერ მიწოდებული საკვები რჩებოდა.
ნატოს ხომალდების თანხლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სომალისათვის საკვების მიწოდების ეფექტურობა. 2008 წლის დეკემბერში ოპერაცია “მოკავშირეთა უზრუნველმყოფი” წარმატებით დასრულდა.თუმცა ნატო შეჩერებას არ აპირებდა, აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ანტი-მეკობრული მისიებისა, რომლებიც ნატომ აფრიკის რქის რეგიონის მეკობრეთაგან დასახსნელად განახორციელა.
ნატოს რეგულარული საზღვაო დანაყოფები
ნატოს სწრაფი რეაგირების საზღვაო ძალებს მიეკუთვნებიან : ნატოს რეგულარული საზღვაო ჯგუფები, SNMG1- SNMG2 და რეგულარული გამნაღმველი ჯგუფები, SNMCMG1 და SNMCMG2.
რეგულარული საზღვაო ჯგუფები მრავალეროვან, ინტეგრირებულ საზღვაო ძალას წარმოადგენენ, რომელიც შედგება სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნის ხომალდებისაგან.
მათი შემადგენლობა განსხვავებულია და როგორც წესი ექვსიდან ათამდე ხომალდს მოიცავს. ხომალდები, ვერტმფრენების ჩათვლით, ნატოსთვის მუდმივადაა ხელმისაწვდომი. ზემო აღნიშნული საზღვაო ჯგუფების მოვალეობები არამარტო ოპერაციებშ, არამედ საზღვაო წვრთნებში აქტიური მონაწილეობაცაა.
სწორედ ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ ორგანიზაციის შესაძლებლობას ჩაატაროს ოპერაციები და სხვა აქტივობები მშვიდობიანობისა თუ კონფლიქტის დროს. მათი საშუალებით ალიანსი გამოხატავს სოლიდარობასა და დახმარებისათვის მზადყოფნას და ,რაც მთავარია, ასრულებს საზღვაო მისიებს, მათ შორის მეკობრეთა წინააღმდეგ.
ოპერაცია “მოკავშირეთა დამცველი”
სამხედრო-საზღვაო ოპერაცია “მოკავშირეთა დამცველი” ნატომ 2009 წლის მარტში დაიწყო.რომელიც ადენის ყურეში, ინდოეთის ოკეანეში და სომალის ნახევარკუნძულის გარშემო მიმდინარეობდა. ოპერაციის მიზანი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის საზღვაო მარშრუტების მეკობრეთაგან დაცვა იყო. “მოკავშირეთა დამცველი” ნატოს რიგით მეორე ანტი-მეკობრული ოპერაციაა ამ რეგიონში, მისი წინამორბედი იყო “მოკავშირეთა უზრუნველმყოფი”, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ნატომ ოპერაცია “ოკეანის ფარი” წამოიწყო.
“მოკავშირეთა დამცველის” ფარგლებში ხდებოდა მეკობრეთა გადაადგილებისა და თავდასხმების ჩაშლა.
2009 წლის პირველ მაისს, ფრეგატის[11] NRP Corte-Real-ის ჩარევის წყალობით ნორვეგიულ ნავთობის ტანკერზე მეკობრეთა თავდასხმის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. მეკობრეთა ნავმა მთავარი გემისკენ, დაუსკენ[12] დაიხია. მოგვიანებით დაუს გზა ნატოს ძალებმა გადაუღობეს, რის შემდეგაც გემზე გადასვლა რვა პორტუგალიელმა მეზღვაურმა შეძლო. მათ დააკავეს 19 ეჭვმიტანილი და ამოიღეს იარაღი, მათ შორის რამდენიმე მაღალი ფეთქებადობის მქონეც. Corte-Real- ის მეთაურის ცნობით ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეკობრეთა გემიდან მსგავსი სიმძლავრის იარაღის ამოღება მოხერხდა.
მაისის ბოლოს კანადური ფრეგატის მეზღვაურები სომალის სანაპიროს მახლობლად მცურავ მეკობრეთა ნავებზე გადავიდნენ. მათ იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა ამოიღეს.
24 მარტიდან 2009 წლის 29 ივნისამდე ოპერაციას ნატოს I რეგულარული საზღვაო ჯგუფის, SNMG1-ის ხომალდები ატარებდნენ. I რეგულარული საზღვაო ჯგუფი, როგორც წესი ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთით მოქმედებდა, თუმცა ნატოს მოთხოვნის შესაბამისად მისი განთავსება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი,.
ივნისის ბოლოს, საჭირო გახდა SNMG1-ის ევროპულ წყლებში დაბრუნება, ამიტომაც 2009 წლის 29 ივნისიდან პასუხისმგებლობა II რეგულარულმა საზღვაო ჯგუფმა გადაიბარა, რომელიც სომალის ნახევარკუნძულის მიმდებარე საზღვაო ზონას უკვე საკმაოდ კარგად იცნობდა.
ოპერაცია “ოკეანის ფარი”
აფრიკის რქის, ადენის ყურისა და ინდოეთის ოკეანის ეკონომიკური ინტერესები, უმნიშვნელოვანესი საზღვაო-საკომუნიკაციო ხაზები და სომალისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ბოლო წლებში მეკობრეობასა და შეიარაღებულ ყაჩაღობას არაერთხელ დაუყენებია საფრთხის ქვეშ.
პირველ ორ მისიაზე დაფუძნებული ოპერაცია “ოკეანის ფარი”,პირველ რიგში, მიზნად ისახავდა ზღვაში ისეთი ანტი-მეკობრული აქტივობების განხორციელებას, როგორებიცაა, ნატოს საზღვაო და საჰაერო ხომალდების მიერ გემების მეთვალყურეობა და იდენტიფიცირება, მსოფლიო სასურსათო პროგრამის კუთვნილი გემების დაცვა, რეგიონში მდებარე სახელმწიფოების საზღვაო და სანაპირო დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა. “ოკეანის ფარს” უნდა დაეცვა მიმდებარე ტერიტორია ძარცვისა და ყაჩაღობისაგან და შეექმნა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. ნატო თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას, რომ გაეროს მოთხოვნის საფუძველზე UNSOA-ს მომმარაგებელ გემებს სომალში, მოგადიშუს ნავსადგურამდე მიაცილებდა.
მისიის ფარგლებში ხდებოდა აფრიკის რქის რეგიონის ქვეყნებში პერსონალის გადამზადება, რათა ამ სახელმწიფოებს შესძლებოდათ საჭიროების შეთხვევაში მეკობრეებისაგან თავი თვითონვე დაეცვათ. ეს სიახლე იყო წინა ორ მისიასთან შედარებით. დროთა განმავლობაში ოპერაცია ისე დაიხვეწა, რომ მეკობრეთა ახალ ტაქტიკებზე წარმატებული რეაგირებაც გახდა შესაძლებელი. ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის მარტის სტრატეგიული შეფასება, რომელიც ხაზს უსვამდა მეკობრეთა ლოჯისტიკისა და მომარაგების დაზიანების, ასევე მეკობრეთა ხომალდებისა და ნავების მწყობრიდან გამოყვანის, ძირითად გემებზე სათვალთვალო მოწყობილობების მიმაგრების და საეჭვო ხომალდების განადგურების საჭიროებას.
“ოკეანის ფარის” ფარგლებში ალიანსმა მეკობრეებთან ბრძოლის არეალი გააფართოვა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნატომ რეგიონში მყოფ სახელმწიფოებს მეკობრეების წინააღმდეგ საბრძოლო მეთოდების შემუშავებაში დახმარება შესთავაზა.
ოპერაცია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით 2009 წლის 17 აგვისტოს დაიწყო და 2016 წლის 15 დეკემბერს დასრულდა[13].
საბრძოლო შემადგენლობა
“ოკეანის ფარი” ევროკავშირის ოპერაცია “ატალანტასთან” ერთად მიმდინარეობდა, მასში ჩართული იყო “გაერთიანებული ოპერატიული ძალები 151”, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდა, ასევე ოპერაციაში მონაწილეობდნენ ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.
2014 წლის უელსის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, 2015 წლის იანვრიდან ნატო-ს ხომალდები ანტი-მეკობრულ აქტივობებს ე.წ ფოკუსირებული დასწრების მეშვეობით ახორციელებდნენ.ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში აქტიური მოქმედებების განხორციელება ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდებოდა და ასევე ნებისმიერ სხვა დროს, როდესაც ეს საჭირო იყო. იმ დროის განმავლობაში, როდესაც ნატოს გემები ტერიტორიას ტოვებდნენ, საზღვაო საპატრულო ავიაცია მეთვალყურეობას კვლავ განაგრძობდა. ასევე ადგილზე რჩებოდა სიტუაციური ინფორმირების სისტემა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პარტიორები. ამ პროცესში მთავარ როლს ნატო-ს სახომალდო ცენტრი ასრულებდა.
ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვაო ფლოტის ჩართულობით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა, საპატიო მეორე ადგილს იკავებდა ინდური ფლოტი. როგორც წესი, ოპერაციის ხელმძღვანელობა წევრ სახელმწიფოებს მონაცვლეობით ეკისრებოდათ, 2015 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობა თავის თავზე თურქულმა ფრეგატმა TCG GEDIZ-მა აიღო.
ოკეანის “მეფარეებს” შორის იყვნენ ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებიც : გაერთიანებული სამეფო, დანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ბელგია, კანადა, იტალია, პორტუგალია, თურქეთი და ნორვეგია.
ოპერაციაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოები : ავსტრალია, კოლუმბია, ახალი ზელანდია და უკრაინა.
ნატოს არა-წევრი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ჩინეთი, კოლუმბია, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, მალაიზია, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სეიშელის კუნძულები, სომალი და რუსეთის ფედერაცია, რომელიც ოპერაციის ფარგლებში ნატოსთან აქტიურად თანამშრომლობდა. უსაფრთხოების გამოწვევებმა ისინი საერთო მტრის წინააღმდეგ გააერთიანა. ინდოეთის ოკეანეში ნატოსა და რუსეთის ხომალდები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ აფრიკის რქის მეკობრეთაგან გასათავისუფლებლად.
აფრიკის რქის მეკობრეები და ქართველი მეზღვაურები
ადენის ყურის მეკობრეებს გვერდი ვერც ქართველმა მეზღვაურებმა აუარეს, 2010 წლის 8 სექტემბერს მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს მალტის დროშის ქვეშ მცურავი ბერძნული ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა. ტანკერს კაპიტანი მემედ ზაქარიძე მართავდა[14].
კაპიტანი ზუსტად მიჰყვებოდა მისთვის განსაზღვრულ მარშრუტს და საფრთხეს არ მოელოდა, რადგან ამ მარშრუტზე საერთაშორისო ხომალდები პატრულირებდნენ. თუმცა ამჯერად მეკობრეები ერთდროულად სამ ხომალდს დაესხნენ თავს. საპატრულო გემები იამაიკის და გერმანიის ხომალდებისკენ დაიძრნენ, ამერიკულ ხომალდს “პრინსტონს” ქართველთა გემამდე მისვლა დააგვიანდა. მეკობრეებმა “ოლიბ ჯი” საერთაშორისო ძალების მიერ არა კონტროლირებად წყლებში გაიყვანეს.
მეკობრეებმა ბერძნული ტანკერი გამოსასყიდის სახით 3 მილიონი აშშ დოლარის მიღების შემდეგ 2012 წელს გაათავისუფლეს. საქმეში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ხელისუფლება[15].
სხვადასხვა დროს ადენის სრუტის მეკობრეებს 200-მდე ქართველი მეზღვაური ყავთ ტყვედ ჩაგდებული[16], ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2003 წელს მოხდა, მაშინ ქართულმა ეკიპაჟმა “ჯენლილის” დატოვება და ტყვეობიდან გაქცევა სასწაულებრივად მოახერხა.
ანტი-მეკობრული მოქმედებები
2010 წლის 10 იანვარს პორტუგალიის ფლოტის ადმირალი პერეირა დე კუნა პუნტლენდის სანაპირო დაცვას შეხვდა.შეხვედრა სომალში ქალაქ ბოსასოს მახლობლად ფრეგატ NRP Alvares Cabral-ზე გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ნატოსა და პუნტლენდის წარმომადგენლები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
25 მარტს მეკობრეები პანამურ სავაჭრო გემს MV Almezaan-ს დაესხნენ თავს.გემზე გადასვლის დროს Almezaan-ის ეკიპაჟის წევრმა ერთ-ერთი მეკობრე მოკლა. სულ მალე თავდასხმის ადგილზე სავაჭრო გემის საშველად ესპანური ფრეგატი “ნავარა” მივიდა, რომელმაც დასახმარებლად გემბანიდან ვერტმფრენი გაგზავნა. რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, მეკობრეები დანებდნენ. ნატოს ფლოტმა 6 მათგანი დააკავა, ხოლო მეკობრეთა მცურავი ბაზა ანუ ძირითადი ხომალდი არტილერიის მეშვეობით ჩაძირა.
5 დღის შემდეგ სეიშელის კუნძულების სანაპირო დაცვის პატარა ნავი “ტოპაზი” სომალის სანაპიროს პატრულირების დროს მეკობრეთა მიერ ხელში ჩაგდებულ დაუს წააწყდა.მეკობრეებმა უგულებელყვეს საპატრულო ნავის გამაფრთხილებელი გასროლა და ნავის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელეს შეტევა. სეიშელის სანაპირო დაცვა ბრძოლაში ჩაერთო, რის შედეგადაც დაუ ჩაიძირა, ასეთივე ბედი ეწია მეკობრეთა ნაღმმკრეფ გემს და ნავს, რომლებიც “ტოპაზს” შინ დაბრუნებისას შემოხვდნენ.
2011 წლის იანვარში კორეის ფლოტმა ომანისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ახალი ოპერაცია “ადენის ყურის განთიადი” წამოიწყო.ოპერაციის ფარგლებში მეკობრეთაგან გამოხსნილ იქნა ნორვეგიული ტანკერი, რომლის გათავისუფლებასაც 8 მეკობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასეთივე წარმატებით დასრულდა “ოკეანის ფარის” ფარგლებში განხორციელებული ქმედებების აბსოლუტური უმრავლესობა. ნატოს ხომალდებმა მეკობრეთა არაერთი თავდასხმა აიცილეს თავიდან და დატყვევებული გემებისა და ადამიანების გამოხსნაც შეძლეს.
საერთაშორისო ძალების რეგიონში ყოფნამ მნიშვნელოვნად შეამცირა მეკობრეთა თავდასხმები. მხოლოდ 2009 წელს მეკობრეთა 130-ზე მეტი შეტევა დაფიქსირდა, ამთგან 40-ჯერ მათ გემების ხელში ჩაგდებაც შეძლეს. 2012 წლიდან კი მათი ვერცერთი თავდასხმა ვერ დასრულდა შედეგიანად.სწორედ ამიტომ, ალიანსმა 2016 წლის 15 დეკემბერს ოპერაცია ოფიციალურად შეწყვიტა. ინდოეთის ოკეანეში ნატოს უკანასკნელი საპატრულო მისია დანიის სამეფო საჰაერო ძალებმა შეასრულა, ნატოს თვითმფრინავებმა სეიშელის კუნძულები დატოვეს. “ოკეანის ფარი” დასრულდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნატომ შეწყვიტა აფრიკის რქის რეგიონის მფარველობა და მეთვალყურეობა. იგი მზადყოფნას აცხადებს რეგულარულად დაზვეროს სიტუაცია წვიმიან სეზონებზე და უმალვე გამოგზავნოს ხომალდები თუკი ამას საჭიროება მოითხოვს.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოპერაცია “ოკეანის ფარი” ძალიან წარმატებული და კოორდინირებული საერთაშორისო რეაქციის გამოვლინება იყო. მეკობრეთა წინააღმდეგ ერთდროულად ნატო, ევროკავშირი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები იბრძოდნენ. ოკეანის “ფაროსნებმა” შეძლეს აღმოეფხვრათ ის პრობლემები, რასაც მეკობრეები ხომალდებსა და ადამიანთა სიცოცხლეს უქმნიდნენ, მათ შეძლეს გაეთავისუფლებინათ მსოფლიოში სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო დერეფანი.
ადგილობრივები ხშირად ამბობენ, რომ ზღვა ასეთი მშვიდი არასოდეს ყოფილა, სიმშვიდეს შეჩვეულებს კი მაინც არ ტოვებთ შიში, რა იქნება ხვალ, რა ბედი ელის აფრიკის რქას?
დარწმუნებით ვერავინ იტყვის მართლა დადგა თუ არა ადენის ყურის განთიადი, ერთი კი ცხადია, მეკობრეთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ზღვების მეთვალყურეობას არ ნიშნავს. არის შიდა საკითხები, რაც ამ რეგიონში მყოფმა სახელმწიფოებმა თავიანთი ძალისხმევითა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით უნდა მოაგვარონ. პირველ რიგში ესაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, უკიდურეს გაჭირვებასთან ბრძოლა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებამეკობრეობასთან დაკავშირებით.
გამოენებული ლიტერატურა
- ildb.blogspot.com. (2014, 05 24). მოძიებულია: http://ildb.blogspot.com/2010/05/blog-post_7648.html
- Rider, D. (2016, 12 15). www.marsecreview.com. მოძიებულია: http://www.marsecreview.com/tag/operation-ocean-shield/
- www.amerikiskhma.com. (2010, 09 15). მოძიებულია:http://www.amerikiskhma.com/a/somali-georgia-102973059/531369.html
- www.globalsecurity.org. (n.d.). მოძიებულია: http://www.globalsecurity.org/military/world/war/allied-provider.htm
- www.interpressnews.ge. (2010, 09 08). მოძიებულია: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/144019-mekobreebis-mier-gatacebul-gemze-saqarthvelos-15-moqalaqe-imyofeba.html?ar=A
- www.nato.int. (2012, 05 18). მოძიებულია: http://nato.int/cps/en/natohq/news_87427.htm?selectedLocale=en
- www.nato.int. (2016, 12 19). მოძიებულია: http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_48815.htm
- www.piracyreport.com. (2012, 08 01). მოძიებულია: http://piracyreport.com/index.php/post/2478/Pirates_Release_MV_OLIB_G_for_Reported_3m
- www.shape.nato.int. (2014, 09 30). მოძიებულია: https://www.shape.nato.int/page13984631
- გურული, თ. (2011, 10 01). მოძიებულია: www.presa.ge: http://presa.ge/new/print.php?m=society&AID=2696
[1] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_48815.htm
[2]http://ildb.blogspot.com/2010/05/blog-post_7648.html
[3] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_48815.htm
[4] Operation Allied Provider
[5] Operation Allied Protector
[6] Operation Ocean Shield
[7]http://ildb.blogspot.com/2010/05/blog-post_7648.html
[8] http://www.globalsecurity.org/military/world/war/allied-provider.htm
[9]https://www.shape.nato.int/page13984631
[10] http://nato.int/cps/en/natohq/news_87427.htm?selectedLocale=en
[11] საყარაულო და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მებრძოლი გემი
[12]დაუ – ტრადიციული იალქნიანი გემი, რომელსაც აქვს ერთი ან ორი ანძა. მისი გამოყენების არეალი ძირითადად წითელი ზღვა და ინდოეთის ოკეანეა.
[13] http://www.marsecreview.com/2016/12/nato-ends-ocean-shield/
[14] http://piracyreport.com/index.php/post/2478/Pirates_Release_MV_OLIB_G_for_Reported_3m
[15] http://www.interpressnews.ge/ge/samartali/144019-mekobreebis-mier-gatacebul-gemze-saqarthvelos-15-moqalaqe-imyofeba.html?ar=A
[16]http://www.amerikiskhma.com/a/somali-georgia-102973059/531369.html
ავტორი: სოფიკო მენაბედიშვილი