03/02/2017 By yatage
ნატო და დასავლეთ ევროპის უსაფრთხოება
ნატო 1949 წელს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 12 სახელმწიფოს აერთიანებდა, შემდეგ კი მათი რიცხვი გაიზარდა. მიღწეული შეთანხმების, უფრო კონკრეტულად კი, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მიმართ აგრესია განიხილება, როგორც ნატოში შემავალი ყველა ქვეყნის მიმართ აგრესია. ხელშეკრულების ხელმომწერმა ქვეყნებმა შეიმუშავეს გეგმა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და პრობლემური საკითხების დიპლომატიური გზებით მოსაწესრიგებლად. ცივი ომის პერიოდში ორგანიზაციის მთავარი მიზანი სსრკ–ს ექსპანსიის შეჩერება იყო.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, ამერიკისათვის, ისევე როგორც, მთელი დასავლური სამყაროსათვის ეს საფრთხე მოიხსნა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გახდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა[1].
ნატო არის აქტიური და ლიდერი მშვიდობის დაცვის საკითხებში მსოფლიოს მასშტაბით. ცდილობს მშვიდობიანი გზებით მოაგვაროს მსოფლიოში არსებული პრობლემური საკითხები, თუმცა დიპლომატიური ხერხების გარდა ძალისმიერ მეთოდებსაც იყენებს – სამხედრო შენაერთებს, ურომლისოდაც რეალური შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა[2].
ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, საინტერესოა, დაცვის რა ბერკეტები გააჩნია ნატო–ს დასავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის, რატომ არის ამ რეგიონისათვის კვლავ მნიშვნელოვანი და აქტუალური და როგორ აპირებს გაუმკლავდეს მოსალოდნელ საფრთხეებს. ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ესეში მიმოვიხილავთ დღეს არსებულ სამშვიდობო მისიებს და მათ როლს დასავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის.
ნატო–ს მისიები
დღესდღეობით ნატო ლიდერი ორგანიზაციაა მსოფლიო მასშტაბით კრიზისული სიტუაციების მოგვარების თვალსაზრისით, რომელიც დაახლოებით 18 000 სამხედროს იყენებს სხვადასხვა მისიებში სახმელეთო თუ საჰაერო ოპერაციების შესასრულებლად. ავღანეთში, კოსოვოსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ახორციელებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს, ეხმარება აფრიკის კავშირს და ცდილობს ლტოლვილებისა და მიგრანტების პრობლემის მოგვარებას. ასევე, აწარმოებს მისიებს მოსახლეობის ბუნებრივი, ტექნოლოგიური და ადამიანური კატასტროფებისაგან დასაცავად. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:
მისია კოსოვოში – მისიაში მონაწილეობს დაახლოებით 4.500 სამხედრო, წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან. ნატოს ჯარები კოსოვოში 1999 წელს შევიდნენ და მათი მიზანი რეგიონში არსებული ძალადობის აღკვეთა იყო. ნატო მხარს უჭერს და აღიარებს 2008 წლის თებერვლის კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ალიანსის მხარდაჭერით შეიქმნა მულტი-ეთნიკური და პროფესიონალური კოსოვოს დაცვის შეიარაღებული ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტერიტორიის დაცვას და მათ გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვთ ვიდრე ადგილობრივ პოლიციას. ნატო ცდილობდა მხარეებს შორის მშვიდობის დამყარებასა და მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. საბოლოოდ მიაღწია კიდეც მიზანს, ვინაიდან დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკებები სერბეთსა და კოსოვოს შორის[3].
მისია ავღანეთში – ნატო მშვიდობიანი ოპერაციების მომხრეა და ეხმარება ავღანეთის ჯარს განვითარებაში, ატარებს სამხედრო წვრთნებს, აწვდის კონსულტაციებს და. ა.შ. 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ნატოს ახალი რეზოლუცია სახელწოდებით „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც 13 000 სამხედროს აერთიანებს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან. თავდაპირველად ნატო მიზნად ისახავდა ქაბულის მიმდებარე ტერიტორიების დაკავება და ჰამიდ ქარზაის მთავრობის ხელშეწყობას, რაც ფართომასშტაბიან თანამშრომლობაში გადაიზარდა. ალიანსი ავღანურ მხარეს აწვდის სხვადასხვა გეგმებს, ადგენს ბიუჯეტს, ახორციელებს ბაზების პროგრამულ უზრუნველყოფას, ეხმარება სამართლებრივი გარემოს სრულყოფაში. [4]
ხმელთაშუაზღვის დაცვა – ნატოს ოპერაციები მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებით არ შემოიფარგლება, იგი ცდილობს ტერორიზმისგან დაიცვას ალიანსის წევრი ქვეყნები. ტერაქტების შემდეგ სამოქმედო არეალი გააფართოვა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის დაცვა დაიწყო. 2001 წლის ოქტომბერში განახორციელა სამეთვალყურეო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, რომლის მიზანი ტერორიზმის ყოველგვარი საფრთხეების აღმოფხვრა იყო. ეს ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა, თუმცა თავდაცვითი ღონისძიებები დღესაც გრძელდება, რომელთა მიზანიცაა საზღვაო სივრცის შესწავლა, ტერორიზმის პრევენცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.[5]
აფრიკის კავშირის მხარდაჭერა- ჩრდილოატლანტიკური რეგიონის გარდა ნატო განაგრძობს სამშვიდობო მისიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ალიანსი 2007 წლიდან აქტიურად ეხმარება აფრიკის კავშირს, შედეგად კი სომალიში მშვიდობის დამცველები გააგზავნა [6].
ამ მისიების გარდა ნატო სხვა უამრავ ოპერაციებს ახორციელებს მშვიდობიანი გარემოს შექმნისა და ტერორიზმის გაუნებელყოფის მიზნით. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ ნატომ გააქტიურა საჰაერო ძალები და ექსპანსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
დასავლეთ ევროპის უსაფრთხოება
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე აქტუალურია კითხვა, თუ რამდენად დაცულია დასავლეთ ევროპა და უზრუნველყოფს თუ არა ნატო ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხო გარემოს. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა მისი მემკვიდრე, რუსეთი, კვლავ განაგრძობს ექსპანსიას, რისი მაგალითიცაა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. ამ ფაქტის შემდეგ მედიაში სკეპტიკური მოსაზრებები გაჩნდა იმის შესახებ, თუ რამდენად შეუძლია ნატოს გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს. თუ რუსეთი გააგრძელებს ექსპანსიას, რამდენად შესწევს ალიანსს ძალა შეაჩეროს მისი დამპყრობლური პოლიტიკა და, ამასთან, ებრძოლოს ტერორიზმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. რა ხარისხითაა ნატო მშვიდობის გარანტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ?
ნატოს მთავარ იარაღად რჩება კოლექტიური თავდაცვის პრინციპი – წვერ სახელმწიფოზე თავდასხმა განიხილება, როგორც ალიანსში შემავალ ყველა სახელმწიფოზე თავდასხმა. შესაბამისად რუსეთის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას დაუყოვნებლივ მოჰყვება შესაბამისი რეაქცია წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზები, თუმცა თუ რუსეთი გააგრძელებს ტერიტორიების მითვისებას ნატო იძულებული იქნება ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გააჩნია ანგარიშგასაწევი ფინანსური და მატერიალური რესურსები. 28 წევრი ქვეყანა მზადაა დაიცვას ორგანიზაციის პრინციპები და იმოქმედოს შეთანხმების საფუძველზე. კოლექტიური თვითდაცვა აიძულებს სხვა ქვეყნებს თავი შეიკავონ ძალადობრივი მეთოდებისგან. რუსეთი ვერ გაბედავს შეუტიოს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რადგან ეს ავტომატურად გულისხმობს ისეთ ძალასთან დაპირისპირებას, რომელსაც უამრავი რესურსი ექნება რუსეთის დასამარცხებლად. დიდი ბრიტანეთისთვის რუსეთი არ არის იმდენად სახიფათო, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისათვის, თუმცა საფრთხის თავიდან ასაცილებლად მზად არის მანაც გაიღოს ხარჯები. ნატოს აქვს ერთიანი სტრუქტურა, სადაც თითოეული წევრი შეთანხმებულად მუშაობს და ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების აზრს. ყავს მუდმივი ჯარი, რომელიც შედგება წევრ სახელმწიფოების სამხედროებისაგან. ალიანსის ერთ-ერთი იარაღია ეკონომიკა, რომელიც სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ასევე, ორგანიზაციას კარგად გამოსდის ომის საფრთხეების შემცირება. ამისი ნათელი მაგალითი იყო ცივი ომის პერიოდი, როდესაც ნატომ შეძლო ძალადობრივი შეტევების პრევენცია[7].
ნატო ცდილობს იპოვოს კრიზისული სიტუაციის დაძლევის გზები, რაც, ხშირ შემთხვევაში, ამართლებს კიდეც. ამისი მაგალითი იყო 1995 წელს ბოსნიის ომი, რომელიც ნატოს ძალისხმევის შედეგად დასრულდა.
დღესდღეობით დასავლეთ ევროპას ტერორიზმისა და რუსეთის შესაძლო თავდასხმის ეშინია. ნატო აწარმოებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს სხვადასხვა რეგიონში, რაც ევროპასაც უქმნის უსაფრთხოების გარანტიებს. მართალია, ბოლო დროს გახშირდა ტერაქტები ევროპის ქვეყნებში, თუმცა, ვიმედოვნებთ, სიტუაცია დროთა განმავლობაში დასტაბილურდება და კრიზისულ მდგომარეობას მშვიდობიანი გარემო ჩაანაცვლებს, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს წარსული გამოცდილება და ორგანიზაციის რესურსები. რაც შეეხება, რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმას, ამ შემთხვევაში ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის სისტემა, ნატო გამოიყენებს ყველა რესურსს აგრესიის შესაჩერებლად და ამას უზრუნველყოფს ალიანსის სტუქტურული ერთიანობა. რუსეთი ვერც ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაბედავს ექსპანსიური პოლიტიკის გაგრძელებას. ნატო დიპლომატიური მისიით შეეცდება ომის თავიდან აცილებას, თუმცა თუ მშვიდობიანი მოლაპარაკება უშედეგოდ ჩაივლის ალიანსი ყველაფერს გააკეთებს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს დასაცავად.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებულია და ის ამოცანა, რომელიც ნატომ დაისახა წარმატებით სრულდება. სამშვიდობო მისიები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური და ტექნიკური დახმარებები უმთავრესი გარანტია ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნატოს შესწევს ძალა კვლავ დაიცვას საკუთარი წევრი სახელმწიფოები , რისთვისაც თავის მთელ რესურსებს იყენებს.
გამოყენებული ლიტერატურა
- DEMPSEY, J. (2016 წლის 23 03). www.carnegieeurope.eu. მოპოვებულია: http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=63093
- www.nato.int. (2016 წლის 12 16). მოპოვებულია: http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ნატო–ს მხარდამჭერთა ჯგიფის მიეს მომზადებული ყოველკვარტალური დაიჯესტი, ნატო და მსოფლიოს უსაფრთხოება–1.
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ნატო–ს მხარდამჭერთა ჯგიფის მიეს მომზადებული ყოველკვარტალური დაიჯესტი, ნატო და მსოფლიოს უსაფრთხოება–6.
[1] ნატო და მსოფლიო უსაფრთხოება-6.
[2] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm
[3]http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm
[4]http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm
[5]http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm
[6] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52060.htm
[7] http://carnegieeurope.eu/strategiceurope/?fa=63093
ავტორი: რაფიელ მესხიძე