E ISSN 2587-5396

23/01/2017 By yatage

აშშ-ს არჩევნები 2016 წელს – შედეგები და გამოწვევები

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ პირველი დასახლებები შექმნა, მასთან ერთად წარმოიშვა  სამხედრო დაპირისპირებებიც. ალბათ, ამიტომ უწოდებენ მსოფლიო ისტორიას ომების ისტორიასაც. თუმცა, ამავდროულად მშვიდობის დამყარებისა თუ ქვეყნების მიერ  ერთმანეთის დახმარების მცდელობის მიზნით, არაერთხელ შექმნილა სხვადასხვა ორგანიზაცია თუ სამხედრო ბლოკი. ზოგიერთმა გაამართლა და შედეგიც გამოიღო, ზოგიერთმა კი ხშირად სიტუაცია უფრო გაამწვავა კიდეც.დღესდღეობით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დგას მშვიდობის სადარაჯოზე და, მათ შორის, ყველაზე წარმატებულად შეიძლება ნატო დასახელდეს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების საჭიროებაზე ყველანი ვთანხმდებით, ხშირად ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით თავადვე ვუქმნით საფრთხეს ჩვენსავე უსაფრთხოებას. მსგავი გადაწყვეტილებების მიღებაში კი, როგორც წესი, არჩევნები ყველაზე უკეთ „გვეხმარება“.

ვაღიარებთ ამ ამას თუარა, მსოფლიო პოლიტიკა  დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 2016 წელი წელი ამ მხრივ ძალზედ დატვირთული აღმოჩნდა, მსოფლიოს მოსახლეობამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი არც 2017 იქნება და ეს წელიც მეტად დაძაბულ არჩევნებს გადაიტანს. საინტერესოა, რა შეცვალა თანამედროვე არჩევნებმა, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ნატოს სტაბილურობაზე და რა გავლენას მოახდენს კავკასიის რეგიონსა და მის უსაფრთხოებაზე.

თუ 2016 წელს გადავხედავთ, მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე გახმაურებულ ამბად უპირობოდ დავასახელებთ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელმაც  აზრთა სხვადასხვაობა და დავა გამოიწვია. რატომ გააკეთა ამერიკის მოსახლეობამ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე? ეს კითხვა არა მარტო შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს გარშემო ისმებოდა.

ტრამპის მთავარი ლოზუნგი ამერიკის სიძლიერის შესახებ მისაღები აღმოჩნდა ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. ის გამოირჩეოდა მემარჯვენე პოპულისტური გამონათქვამებითა და  იზოლაციონისტური განცხადებებით. თავის ყველაზე გახმაურებულ განცხადებაში ნატოს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას ნატოს წევრ მხოლოდ იმ ქვეყნებს უნდა უწევდეს, რომლებიც ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს. არსებობდა ვარაუდი, რომ მისი გაპრეზიდენტების  შემთხვევაში ამერიკა აღარ დაუჭერდა ნატოს მხარს, თუმცა ეს თავად ტრამპმა უარყო. რაც შეეხება მის განცხადებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ „პატიოსანი“ გადამხდელების სიაში მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი,საბერძნეთი და ესტონეთი შედიან, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია იმ პატარა ქვეყნებისათვის, რომლებსაც ეკონომიკურად ძლიერნი არ არიან და არც საჭირო სამხედრო ძალა გააჩნიათ. ძნელია იმის პროგნოზირება, რას გადაწყვეტს ისეთი გახმაურებული განცხადებების ავტორი,როგორიც დონალდ ტრამპია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში და ნატოსთან ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები სავარაუდო არაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრამპის საარჩვენო კამპანია ძირითადად მის პიროვნულ შეხედულებებზე იყო დაფუძნებული და მეტ-ნაკლებად რესპუბლიკური პარტიის ინტერესებსაც სცდებოდა ხოლმე.  აშშ-ს სახელმწიფო მოწყობიდან გამომდინარე კი,რომელიც მაქსიმალურადაა დაცული ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისაგან სავარაუდოა, რომ ნატოს სტაბილურობაზე მნიშვნელოვან გავლენას ეს არჩევნები ვერ მოახდენს[1].

2016 წელი გახმაურებული აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთისთვისაც. გაერთიანებულმა სამეოფომ, 51.9%-ით   48.1%-ის წინააღმდეგ, ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოვლენა უფრო მეტად  გასაკვირი აღმოჩნდა პოლიტიკოსებისათვის,ვიდრე აშშ-ს არჩევნები და  აქაც გადამწყვეტი როლი პოპულისტურმა განცხადებებმა ითამაშა. რეფერენდუმის შედეგების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება,რომ ბრიტანეთი ნატოსაც დატოვებდა, თუმცა ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა და სავარაუდოდ არც აპირებს ნატოდან გასვლას. „ბრექსითად“ ცნობილი ფაქტი, როგორც ჩანს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისევ ბრიტანეთისათვის აღმოჩნდა საზიანო,რადგან ფუნტისტრელინგი გაუფასურდა და შოტლანდიის ხელისუფლებაც უკვე დამოუკიდებლობაზე საუბრობს. უბიძგებს თუ არა „ბრექსითი“ სხვა ქვეყნებს ევროკავშირის დატოვებისაკენ ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ამ დროისათვის ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა. რაც შეეხება ნატოს მხრიდან შეფასებებს, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა,რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყნებში ტერორიზმის მომატებას შეუწყოს ხელი[2].

ცხადია, ცალ-ცალკე  ვერც ამერიკის ახალი პრეზიდენტი და ვერც „ბრექსითი“ ვერ გამოიწვევს რადიკალუ რცვლილებებს მსოფლიო პოლიტიკაში და საეჭვოა ნატოს სტაბილურობაზეც იქონიოს გავლენა , მაგრამ საყურადღებოა ამ მოვლენების გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში მიზეზები თითქმის ერთგვარია, ესენია: პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფზე გავლენის მოპოვება, ეკონომიკური პრობლემები, საზრღვრების ჩაკეტვის სურვილი და მზარდი ნაციონალიზმი.

აშშ-ს შემთხვევაში გამოკითხვებმა აჩვენა,რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ძირითადად ის თეთრკანიანი მამაკაცები იყვნენ, რომელთაც არ ჰქონდათ უმაღლესი განათლება, რაც ტრამპის ლოზუნგებიდან გამომდინარე გასაკვირი არც იყო. ბრიტანეთის შემთხვევაში კი ევროკავშირის დატოვების მომხრეებს უმეტესად 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა შეადგენდა[3]. ორივე შემთხვევაში, გამოკითხული მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ მათ არჩევანზე ეკონომიკურმა ფაქტორებმა იქონიეს გავლენა. ტერორიზმის ზრდასთან ერთად ევროპაში, ასევე აქტუალური გახდა საზღვრების ჩაკეტვის საკითხიც, სწორედ ამიტომ მოსახლეობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობდა ქვეყნის იზოლაციას დანარჩენი მსოფლიოსგან. მთავარი ფაქტორი კი არის მზარდი ნაციონალიზმი და ნაციონალისტური ჯგუფები მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ისტორიის მანძილზე ნაციონალიზმის ცნებამ გამოვლინება და მნიშვნელობა მკვეთრად შეიცვალადა,თუ მე-18-19 საუკუნეებში დადებითი როლი ითამაშა ქვეყნების გაერთიანებასა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში, თანამედროვე მსოფლიოში ის არც თუ ისე დადებითი სახით გვევლინება. მემარჯვენე პოლიტიკა უფრო და უფრო მისაღები ხდება ხალხისათვის და ეროვნული თვითმყოფადობის სამოსელში ფარავს გლობალიზაციის სიძულვილსა და იზოლაციონისტურ პოლიტიკას. მაგრამ, არის კი ეს ნამდვილი ნაციონალიზმი, თუ ბევრად რთულადაა საქმე, ვიდრე უბრალოდ საკუთარი ქვეყნის ზედმეტად სიყვარულია?

სავარაუდოდ, ნაციონალისტური პარტიებისთვის არც 2017 წელი იქნება წარუმატებელი. 2017-ში  გერამნიაში ბუნდესტაგის, ხოლო საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. გერმანიაში 2016 წელს საგრძნობლად გაიზარდა „ალტერნატივა გერმანიისათვის“ რეიტინგი,რომელიც რადიკალური მემარჯვენე ფრთაა ბუნდესტაგში და სავარაუდოა, რომ საკმაო რაოდენობის მანდატს მოიპოვებენ მომავალ არჩევნებში. ეს მაშინ, როდესაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი თანდათან კლებულობს და ამის ძირითად მიზეზად ანგელა მერკელის მიერ სირიელი ლტოლვილების გერმანიაში მიღება სახელდება.[4]

მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთშიც, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ ფრანციზ ფილონს, ნაციონალური ფრონტის კანდიდატი მარინ ლე პენი დაუპირისპირდება, რომელიც გამოირჩევა რადიკალური მემარჯვენე განცხადებებით და ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს.დიდი ალბათობით, არც ეს ორი არჩევნები დაარღვევს ნატოს სტაბილურობას, თუმცა სამომავლოდ  იზოლაციონისტური მოძრაობების ზრდა უკვე გავლენას მოახდენს მსოფლიო პოლიტიკასა და ქვეყნების უსაფრთხოებაზე,რადგან, როგორც ჩანს,  ეს მართლაც უფრო მეტია ვიდრე საკუთარი ქვეყნის სიყვარული.

სანამ გაერთიანებული ევროპა მსჯელობს დარჩეს თუ არა ერთიანი, ამერიკა კი ამ პროცესებისგან გამიჯვნის მომხრეა, ეს მხოლოდ ერთ ქვეყანას უხსნის გზას საკუთარი ინტერესების განხორციელებისთვის, ეს კი რუსეთია. სავარაუდოა, თუ არა უკვე ცნობილიც, რომ ეს ნაციონალისტური მოძრაობები რუსეთის დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ როგორც სიტყვიერად, ასევე ფინანსურადაც. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, ნატო და გაერთიანებული ევროპა კი ამაში ხელს უშლის. თუ მის მოქმედებებს არც ნატო გააკონტროლებს და აღარც ევროპა, შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებებისაგანაც გათავისუფლდება. რუსეთი შეძლებს იმოქმედებს საკუთარი გეგმით, ამ დროს კი ყველაზე დაუცველი კავკასიის რეგიონი რჩება, სადაც სიტუაცია ისევ დაძაბულია.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორი, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის მოკავშირეებად უკვე შეიძლება ჩაითვალონ, რადგან მათ აქტიური ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული ურთიერთობები აქვთ[5]. გარდა ამისა 2016 წელს მომხდარმა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებამ მთიანი ყარაბაღის გამო კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია რეგიონში[6] და ფაქტობრივად გამორიცხა საჭიროების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ალიანსი. ამ კონფლიქტშიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესები იმალებოდა. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო, რადგან თუ სომხეთი და აზერბაიჯანი დათანხმდნენ რუსეთთან ურთიერთობას, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები აღარ ჩაერევიან ასეთი მასშტაბის კონფლიქტში, რუსეთს საშუალება მიეცემა თავისუფლად იმოქმედოს საქართველოშიც. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნაციონალისტური ჯგუფების პროპაგანდა და ასეთი პარტიების რეიტინგი საქართველოშიც იზრდება, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც ცხადყო, შედეგად კი პროდასავლური პარტიების უმრავლესობა პარლამენტის გარეთ დარჩა

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს მომავალში ნატოს სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, 2016-2017 წლებში სხვადასხვა ქვეყნის არჩევნების მნიშვნელობა და თითოეულის გავლენა კავკასიის რეგიონზე. სწორედ ამიტომ, კარგად უნდა დავფიქრდეთ მანამ, სანამ  გადაწყვეტილებას მივიღებთ და სასურველ რიცხვს შემოვხაზავთ. ჩვენმა ქმედებამ შესაძლოა ქვეყნის ბედი შეცვალოს, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ ამას მომავალი გვიჩვენებს.

გამოყენებული ლიტერატურა

  • Paul Whitely, H. D. (2016, 06 26). www.independent.co.uk. Retrieved from http://www.independent.co.uk/news/uk/politics/brexit-why-did-old-people-vote-leave-young-voters-remain-eu-referendum-a7103996.html;
  • www.nytimes.com. (2016, 07 21). Retrieved from http://www.nytimes.com/2016/07/22/us/politics/donald-trump-foreign-policy-interview.html?mwrsm=Email&_r=0;
  • www.un.org. (2008, 03 14). Retrieved from http://www.un.org/press/en/2008/ga10693.doc.htm;
  • www.wikipedia.org. (n.d.). Retrieved from https://en.wikipedia.org/wiki/Brexit;
  • www.zeit.de. (2016, 11 19). Retrieved from http://www.zeit.de/politik/deutschland/2016-11/alternative-fuer-deutschland-spitzenteam-bundestagswahl;
  • Zemlianichenko, A. (2016, 11 14). www.themoscowtimes.com. Retrieved from https://themoscowtimes.com/news/russia-and-armenia-to-create-joint-military-forces-56121;

[1] http://www.nytimes.com/2016/07/22/us/politics/donald-trump-foreign-policy-interview.html?mwrsm=Email&_r=0

[2] https://en.wikipedia.org/wiki/Brexit

[3] http://www.independent.co.uk/news/uk/politics/brexit-why-did-old-people-vote-leave-young-voters-remain-eu-referendum-a7103996.html

[4] http://www.zeit.de/politik/deutschland/2016-11/alternative-fuer-deutschland-spitzenteam-bundestagswahl

[5] https://themoscowtimes.com/news/russia-and-armenia-to-create-joint-military-forces-56121

[6]http://www.un.org/press/en/2008/ga10693.doc.htm

ავტორი: თეონა გველესიანი