17/01/2017 By yatage
უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის (ახალი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი კოსოვოს ომის შემდეგ)
მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების გზაზე მე-20 საუკუნე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების მრავალფეროვნების მიხედვით. სწორედ ამ საუკუნეში მომხდარმა გლობალურმა პროცესებმა – ტექნიკურმა და ინდუსტრიულმა პროგრესმა, ბირთვული იარაღის შექმნამ და მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ბატალიებმა (ორი მსოფლიო ომი, ,,ცივი ომი”), განსაზღვრეს სამყაროს შემდგომი განვითარების, მისი არსებობის პირობები. საბჭოთა კავშირში დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესი, გერმანიის გაერთიანება, ვარშავის პაქტი და ცენტრალური ევროპიდან რუსული ჯარის გამოყვანა მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე მეტყველებდა.
XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა არსებითად შეცვალა ძალთა ბალანსი როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე ცალკეულ რეგიონებში. ამ უპრეცედენტო ცვლილებათა შედეგად ძველი ბიპოლარული სისტემა ფაქტობრივად აღარ არსებობს, ხოლო ძალთა ახალი თანაფარდობა ჩამოყალიბების პროცესშია, მაშასადამე, მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, რაც უშუალოდაა დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების შექმნის აუცილებლობასთან.[1]
თანამედროვე ეტაპზე ზოგადსაკაცობრიო ფასეულობად აღიარებული ადამიანის უფლებები საფუძვლად დაედო საერთაშორისო სამართალს. გერმანიის გაერთიანების, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეალური განთავისუფლებისა და განიარაღების სფეროში რადიკალური შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ,,ცივი ომის” ხანა ისტორიას ჩაბარდა; საერთაშორისო საზოგადოებრიობის უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს სწორედ იმ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა სისტემის ჩამოყალიბება, რომლებიც საკაცობრიო ფასეულობებად იქცნენ და განსაზღვრავენ კაცობრიობის არსებობის პირობებს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის ამ ნორმათა დამცავი მექანიზმების ჩამოყალიბება და მათი რეალურ ცხოვრებაში გატარება.
XX საუკუნის ბოლოს მომხდარი საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკური ცვლილებების შედეგად დაინგრა ბერლინის კედელი, საბჭოთა იმპერია ისტორიას ჩაბარდა, მის ადგილზე წარმოიქმნენ ახალი თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნები, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებმა საყოველთაო აღიარება ჰპოვეს საზოგადოებაში. თუმცა გვერდს ვერ ავუვლით ისეთ შემზარავ ფაქტებს, როგორიც არის: ეთნიკური წმენდა, მილიონობით ლტოლვილი, ტერორიზმი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული მოუგვარებელი ეთნიკური თუ სხვაგვარი კონფლიქტები, რომლებიც დღესაც უმძიმეს ტვირთად აწევს მშვიდობიან მოსახლეობას და მკვეთრად აფერხებს კაცობრიობის შემდგომ განვითარებას.
კოსოვოში მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ და განსაკუთრებული დრამატიზმით დაადასტურა ის, რაზეც კარგა ხანია მიგვითითებს სხვა მოუგვარებელი თუ ,,გაყინული” კონფლიქტები. საჭიროა დღეს არსებული უსაფრთხოების იმ მექანიზმების სერიოზული გადახედვა, რომლებიც სულ სხვა ეპოქაში და სულ სხვა მიზნების აღსასრულებლად ჩამოყალიბდა; საჭიროა არა თანამედროვე მსოფლიოს მორგება საკუთარ წესდებაზე, წარმოდგენებსა და ტრადიციებზე, არამედ დღევანდელ რეალობასთან ადაპტაცია, ახალი საფრთხეების წინააღმდეგ ადეკვატური მოქმედების უნარის გამომუშავება, რაც, უპირველესად, უნდა გამოიხატოს ახალი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და მექანიზმების ჩამოყალიბებაში, რომელთა მეშვეობითაც რეალურად გახდება შესაძლებელი ახალი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მართალია, ბიპოლარული დაპირისპირების გაქრობის შედეგად მსოფლიო უფრო თავისუფალი გახდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით მისი სტაბილურობის ხარისხი არ გაზრდილა. პირიქით, ჯერ კიდევ არ გამქრალა ძველი კონფლიქტები, ჩნდება კონფლიქტთა ახალი კერები.
გაეროს როლი მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვაში
ერთი შეხედვით, თითქოსდა მსოფლიოში დღეს არსებული უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭო, თავისი სტრუქტურითა და საწესდებო დებულებებით, საკმაოდ მძლავრ და იმედისმომცემ მექანიზმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი აუცილებელ რეფორმას საჭიროებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მართლაც უნიკალური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომ შეენარჩუნებინა მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება, დაემყარებინა მეგობრული ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის და დაემკვიდრებინა სოციალური პროგრესი, ცხოვრების უკეთესი სტანდარტები და დაეცვა ადამიანის უფლებები, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის განვითარების მიზნები. თავისი ნახევარსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში გაერომ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა მსოფლიო საზოგადოების გაჯანსაღებისა და განვითარების საქმეში.
,,ცივი ომის”, ბიპოლარული დაპირისპირების პირობებში გაერომ უდიდესი როლი ითამაშა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბირთვული ომის საშიშროებათა თავიდან აცილებაში; უკანასკნელი წლების განმავლობაში გაეროს მეშვეობით საერთაშორისო სამართალი განვითარდა იმაზე მეტად, ვიდრე მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე: გაეროს მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები საფუძვლად დაედო კაცობრიობის შემდგომ განვითარებას; მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაამკვიდრა ადამიანის საყოველთაო უფლებების პატივისცემა; მის მიერ შემუშავებულმა განვითარების პროგრამებმა მნიშვნელოვნად აამაღლა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დონე; მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისეთ გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში, როგორებიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა, გარემოს დაცვა, საერთაშორისო დანაშაულობები, ნარკოტიკები და ა.შ. ერთი სიტყვით, მართლაც რომ უდიდესია გაეროს ღვაწლი, დამსახურება მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.
გაეროს ქარტიის თანახმად, უშიშროების საბჭო წარმოადგენს გაეროს იმ ძირითად ბირთვს, ორგანოს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. უშიშროების საბჭო თითქმის მუდმივად მუშაობს მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებზე[2]. საბჭომ დიდი როლი შეასრულა მრავალი რეგიონალური კონფლიქტის მოგვარებაში. თავისი მოვალეობის შესასრულებლად იგი ბევრ სხვადასხვა საშუალებას იყენებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებულია სამშვიდობო ოპერაციების ჩატარება.
უკანასკნელ წლებში წარმატებით განხორციელებული სამშვიდობო მისიების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ: ირან-ერაყის ომის დასრულება (1988 წ.), ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა (1989 წ.), სამოქალაქო ომის დასრულება ელ-სალვადორში (1992 წ.), კამბოჯის (1993 წ.), მოზამბიკისა (1994 წ.) და ანგოლას (1995 წ.) სამშვიდობო მისიები. გაეროს სამშვიდობო ძალებს ყველაზე მეტად უჭირდათ მაშინ, როდესაც მათ კონფლიქტში ჩართვა უხდებოდათ საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, სადაც მშვიდობის დაცვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, სამშვიდობო ძალების მანდატი კი – გაურკვეველი. აღსანიშნავია, რომ გარდა მშვიდობის დაცვითი ოპერაციებისა, გაერო ეწევა ,,პრევენციულ დიპლომატიას” კონფლიქტების დაწყების აღსაკვეთად. როგორც ნეიტრალურ ძალას, მას ნაყოფიერად შეუძლია იმუშაოს პრობლემათა მოგვარებისათვის და ხელი შეუწყოს მხარეთა შორის მშვიდობიან დიალოგს. გაეროს სამშვიდობო მოღვაწეობა ემყარება მისი ქარტიის პრინციპებსა და არგუმენტების ძალას. უშიშროების საბჭოს შეუძლია პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე, გამოიყენოს სხვადასხვა სახის სანქციები (ემბარგო და სხვა), ან მიიღოს ამ კონფლიქტის მოგვარებისათვის აუცილებელი ზომები ფაქტების დამდგენი ან მედიატორთა მისიების სახით. ყველა ეს მექანიზმი კი დღეს არსებული პოტენციურად საშიში კონფლიქტების მოსაგვარებლად ხშირად არამყარი გარანტიაა. თუმცა, ქარტიიდან გამომდინარე, წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ, მიმართონ უფრო მკაცრ ღონისძიებებს. იყო შემთხვევები, როდესაც უშიშროების საბჭო უფლებას აძლევდა წევრ სახელმწიფოებს ,,მიეღოთ ყველა აუცილებელი ზომა” (ძალის გამოყენების ჩათვლით) შეიარაღებული კონფლიქტის შესაჩერებლად.
კოსოვოს კონფლიქტი
კოსოვოს მოვლენებმა მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის განსაკუთრებული პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძინა, რომელიც შესაძლებელია უახლოეს მომავალში ახალი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის, ანუ მსოფლიო უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას დაედოს საფუძვლად.
მაინც რა მოხდა კოსოვოში და რატომ? სწორედ ამ პრობლემის გაანალიზებისა და მისი დაკავშირების საფუძველზე შევეცდები მსოფლიო უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესის განხილვას. დღევანდელი კონფლიქტებისთვის თვალის ერთი გადავლებითაც კი სავსებით ცხადი ხდება, რომ ამ კონფლიქტებს, პრაქტიკულად, საფუძვლად უდევს ან აგრესიული სეპარატიზმი, ანდა ეროვნულ უმცირესობათა უფლებების არანაკლებ აგრესიული შელახვა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, – ერთიც და მეორეც. ასეთი დაპირისპირებისას მოსახლეობის რაღაც ნაწილი არასასურველი ხდება და მათ წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდასა და გენოციდსაც კი მიმართავენ. სწორედ ამგვარი პოლიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა კოსოვოს მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა – ალბანელები, რომლებიც მოსახლეობის 80%-ს შეადგენენ. მილოშევიჩის ხელისუფლების მიერ კოსოვოს ალბანელი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდით მსოფლიო საზოგადოებრიობა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულის მომსწრე გახდა.
ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ბალკანეთზე ეთნიკური დაპირისპირებები ყოველთვის არსებობდა და ამ რეგიონში უკვე დიდი ხანია მოსალოდნელი იყო კონფლიქტების დაწყება. ეს ვითარება კი მილოშევიჩმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა: ჯერ იყო, ხორვატიის ტერიტორიაზე მცხოვრები 300000 სერბი წააქეზა და მათაც, სერბებთან გაერთიანების მიზნით, აჯანყება მოაწყვეს. ამით იგი შეეცადა დაეჩრდილა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა. თავიდან სერბები წარმატებებს განიცდიდნენ და ხორვატები მნიშვნელოვან დათმობებზეც მიდიოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ხორვატებმა იმარჯვეს და სერბებმა შედეგად 300000 დევნილი და სერბებისაგან სრულიად გაწმენდილი ხორვატია მიიღეს. მცირე ხნის შემდეგ კი, შიდაპოლიტიკური სიტუაციის დაძაბვისას, მილოშევიჩმა კვლავ ნაცად ხერხს მიმართა და ამჯერად ომი ბოსნიაში დაიწყო, რომლის საბოლოო შედეგიც სერბ ლტოლვილთა რაოდენობის კიდევ რამდენიმე ასეულ ათასობით გაზრდა იყო.
შემდეგი შიდაპოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის დროს აშკარა გახდა, რომ ჯერი კოსოვოელ ალბანელებზე მიდგა. როდესაც მილოშევიჩმა კოსოვოში ალბანელი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა დაიწყო, ამან, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც რამბუეის მოლაპარაკებებზე მილოშევიჩმა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე აშკარა უარი განაცხადა, ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო მის წინააღმდეგ ისეთი ადეკვატური ძალისმიერი ზომების გამოყენება, რომელიც აიძულებდა მილოშევიჩს ხელი აეღო ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანთა უმოწყალო ჟლეტაზე და აღკვეთილიყო მისი მჩაგვრელობითი პოლიტიკა. უშიშროების საბჭო ვერ აღმოჩნდა მზად კონფლიქტის სწრაფად მოგვარებისათვის, თუნდაც შეიარაღებული ძალების გამოყენებით. მისგან კვლავ გაისმოდა მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ფრაზები, როდესაც, პარალელურად, ასიათასობით ალბანელს თავიანთი სახლებიდან ყრიდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
ბუნებრივია, ამგვარი სისასტიკის შეჩერება დროში გაწელილი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, რომლის არანაირ სურვილსაც მილოშევიჩის ხელისუფლება არ გამოთქვამდა, შეუძლებელი იქნებოდა. საჭირო იყო კონფლიქტის სწრაფი, ძალისმიერი მეთოდებით მოგვარება. ამ შემთხვევაში ნათელი იყო, რომ რაღაც ეტაპზე დადგებოდა შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხი. მაგრამ ამის გაკეთება საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რუსეთი, სერბების მიმართ თავისი ცნობილი სიმპატიების გამო, უთუოდ გამოიყენებდა ვეტოს უფლებას უშიშროების საბჭოში. ამ შემთხვევაში, აშკარა გახდა, რომ კონფლიქტის სწრაფი მოგვარების ფუნქცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ეკისრა. სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევით აღდგა მშვიდობა კოსოვოს რეგიონში, ათასობით ლტოლვილი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლს და ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები მათი უსაფრთხოებისა და სტაბილური სიტუაციის შესანარჩუნებლად.
ნატოს როლი კოსოვოს კონფლიქტში[3]
როგორც ომის პერიოდში, ასევე დღესაც, კოსოვოს ომთან დაკავშირებით, ნატოს ბევრი განიხილავს როგორც აგრესორს, საერთაშორისო სამართლის დამრღვევ სუბიექტსა და სერბი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლს, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა სამსახური გაუწია ამით ნატომ მსოფლიო საზოგადოებრიობას. ნატო დაუპირისპირდა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ „დაუსჯელობის სინდრომს“, უზრუნველყო დაეცვა ის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიო საზოგადოებრიობის მიერ და რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო სამართალს. ეს ფასეულობებია: დემოკრატია, ადამიანთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, სამართლის უზენაესობა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მილოშევიჩის მმართველობა კი ყველა ამ ფასეულობის უგულებელყოფას წარმოადგენდა.[4]
კოსოვოელი ალბანელებისა და სხვა ეროვნული უმცირესობების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, ეთნიკური წმენდა კიდევ უფრო მეტად ამწვავებდა და ზრდიდა ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროებას. ყოველივე ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მთლიანად რეგიონის სტაბილურობას, კერძოდ, შესაძლებელი იყო საფრთხე დამუქრებოდა უშუალოდ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც იუგოსლავიას ესაზღვრებიან. აქედან გამომდინარე, ნატო სამხედრო მოქმედებებში ჩაბმით იძენს კოლექტიური თავდაცვის ფუნქციასაც, რასაც შესაძლებელია სამართლებრივ საფუძვლად დაედოს გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი,[5] რომელიც აღიარებს სახელმწიფოთა კოლექტიური ან ინდივიდუალური თავდაცვის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს მიერ სათანადო ღონისძიებათა გამოყენებამდე, თუკი, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ თავდასხმას განვიხილავთ როგორც მშვიდობის დაცვას და არა – როგორც უშუალო აგრესიას.
მაგრამ ყველაზე სასიკეთო შედეგი მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისათვის არის ის, რომ საერთაშორისო სამართლის განვითარების გზაზე შეიქმნა ძალზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრეცედენტი, რაც, უპირველესად, გამოიხატება კონფლიქტების მოგვარებისადმი ახალ მიდგომაში. კოსოვოში ნატოს მოქმედებამ უდიდესი როლი შეასრულა თანამედროვე საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის ახლებურად გააზრების საქმეში, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა იმით, რომ შეიქმნა პრეცედენტი ალიანსს თავის ფარგლებს გარეთ განეხორციელებინა მასშტაბური სამხედრო ოპერაცია სამართლიანობის აღდგენისა და ზნეობრივი პრინციპების დაცვის მიზნით. ამ ნაბიჯით ნატომ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საერთაშორისო სამართალში. ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები პრაქტიკულ განაცხადს აკეთებდნენ იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად.
სწორედ ეს ახალი მიდგომა საერთაშორისო პრობლემებისა და საფრთხისადმი დაუპირისპირდა ძველ ქარტიისეულ წესრიგს, სადაც მთავარი განმსაზღვრელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და აბსოლუტური ხელშეუხებლობაა.
დასკვნა
ამჟამად ნატო განიხილება როგორც მსოფლიო უშიშროების დარგში თანამშრომლობის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ვაშინგტონის დეკლარაციაში, რომელიც ხელმოწერილ და მიღებულ იქნა 1999 წ. 23-24 აპრილს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მიერ, ალიანსმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ნატოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები და განსაკუთრებით გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა და თანამშრომლობა მშვიდობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარი გარანტიების შესაქმნელად. ნატოს ძირითადი მიზანია, რასაც ითვალისწინებს ვაშინგტონის ხელშეკრულება, დაიცვას თავისი წევრების მშვიდობა და უსაფრთხოება ორივე, პოლიტიკური და სამხედრო, საშუალებების გამოყენებით.
ვინაიდან ნატოს უსაფრთხოება განუყოფლადაა დაკავშირებული სხვა სახელმწიფოთა და რეგიონთა უსაფრთხოებასთან, იგი თავის ახალ სტრატეგიაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას მშვიდობისათვის, კერძოდ, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა. ეს პარტნიორობა დაარსდა როგორც გამოხატულება ერთიანი რწმენისა, რომ ევრო-ატლანტიკურ არეალში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა შეიძლება მხოლოდ ერთობლივი ურთიერთქმედებებითა და თანამშრომლობით, რომლებიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, სამართლის უზენაესობისა და მშვიდობის დაცვის ფასეულობებს დემოკრატიის პირობებში. ეს თანამშრომლობა ნატოსათვის უსაფრთხო და მეგობრული გარემოცვის გარანტიაა, პარტნიორობის განვითარება კი ნატოს შემდგომი გაფართოების ერთგვარი წინაპირობაა. მისი გაფართოების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის ის, რომ არც ერთი ევროპის სახელმწიფო არ იქნას მოწყვეტილი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სისტემასა და შესაძლებლობას გახდნენ მომავალში ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. ამიტომ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად XXI საუკუნის საერთაშორისო საზოგადოებისათვის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს კიდევ უფრო განავითაროს საერთაშორისო სამართალი და ჩამოაყალიბოს ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმათა სისტემა და მექანიზმები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ხალხთა საერთო კეთილდღეობას.
[1] http://ir.lawnet.fordham.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1813&context=ilj
[2] http://www.mpil.de/files/pdf2/mpunyb_francioni_4.pdf
[4] http://pubblicazioni.iai.it/pdf/articles/ronzitti.pdf
[5] http://www.icj-cij.org/documents/index.php?p1=4&p2=1&
ავტორი: მანო გიორგაძე
რედაქტორი: თამუნა ჯიბუტი